გადაწყვეტილება

სამოქალაქო 13.03.2019
საქმის ნომერი
330210018002519107
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
13.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/19595-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

13.03.2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს „უ-–--------“

წარმომადგენელი ნა------–---------–---–-

მოპასუხე აა-------------–--------–---“

წარმომადგენელი ბა---------–---

დავის საგანი იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ქირის გადახდევინება,ნასყიდობის საფასურის გადახდევინება,პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე ააიპ „ფ-------–--------–--“-ისათვის მოსარჩელე შპს „უ-–--------ის“ სასარგებლოდ საიჯარო ქირის სახით 24 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის გადახდის დაკისრება.

 

1.2.1.მოპასუხე ააიპ „ფ-------–--------–--“-ისათვის მოსარჩელე შპს „უ-–--------ის“ სასარგებლოდ ნასყიდობის საფასურის ასანაზღაურებლად 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრება.

 

1.2.2. მოპასუხე ააიპ „ფ-------–--------–--“-ისათვის მოსარჩელე შპს „უ-–--------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 17 760 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2017 წლის 07 ივლისს შპს „უ-–--------სა“ და ააიპ „ფ-------–--------–--“-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარე შპს „უ-–--------მა“ მოიჯარეს იჯარით გადასცა 2 ცალი HOWO მარკის თეთრი ფერის თვითმცლელი, სარეგისტრაციო NS--------- და NS------- საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

 

თავდაპირველად იჯარის ხელშეკრულება დაიდო ერთი თვის ვადით, ერთი თვის შემდეგ, მოხდა ხელშეკრულების გაგრძელება. 2017 წლის 07 ივლისიდან 2017 წლის 25 დეკემბრამდე, 6 თვის ვადაში, მოპასუხეს არ გადაუხდია ქირა, რამაც ჯამში შეადგინა 24 000 აშშ დოლარი.

 

2017 წლის 04 ოქტომბერს შპს „უ-–--------სა“ და ააიპ „ფ-------–--------–--“-ს შორის გაფორმდა სატრანსპორტო საშუალებების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაეცა იჯარით გადაცემული თვითმცლელები, მოპასუხის მიერ ნასყიდობის თანხის - 40 000 აშშ დოლარის სრულად გადახდისთანავე. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო 2017 წლის 25 დეკემბრამდე სრულად დაეფარა ნასყიდობის თანხა შემდეგი გრაფიკით: ღირებულების 30% უნდა გადაეხადა 2017 წლის 1 ნოემბრამდე, მომდევნო გადახდა უნდა განეხორციელებინა 30%-ის ოდენობით 2017 წლის 01 დეკემბრამდე, ხოლო დარჩენილი 40% უნდა გადაეხადა 2017 წლის 25 დეკემბრამდე.

 

მოპასუხემ დაარღვია 2017 წლის 04 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა ნასყიდობის თანხა 40 000 აშშ დოლარი.

 

შპს „უ-–--------სა“ და ააიპ „ფ-------–--------–--“-ს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის თანხის გადახდის ვადების დარღვევისათვის, მოსარჩელე უფლებამოსილია დააკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ნასყიდობის საფასურის ბოლო გადახდის დღიდან 2017 წლის 25 დეკემბრიდან სარჩელის შეტანის დღემდე, 2018 წლის 29 ივნისამდე პერიოდში, გადაცილებულ 185 დღეზე, დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 7400 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში, რაც შეადგენს 17 760 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. 2.1. მოპასუხე სადავოდ ხდის იჯარის ხელშეკრულების გაგრძელების გარემოებას. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ამ ხელშეკრულების ფარგლებში, მეიჯარემ იკისრა ავტომანქანების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯების 50%-ის ანაზღაურების ვალდებულება. მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელეს უნდა უზრუნველეყო დამატებით 18 თვითმცლელის ჩამოყვანა, რომელზეც გაფორმდებოდა იჯარის ხელშეკრულება. იჯარის საგანი ამორტიზებული იყო. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მოპასუხისათვის მიყენებული ზიანი გაცილებით აღემატება იჯარის ქირის დავალიანებას. 2.2. მოპასუხე მიუთითებს, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება არ წარმოადგენს ნამდვილ გარიგებას, რადგან მასზე ხელმოწერები დაფიქსირებულია მხოლოდ ბოლო გვერდზე, მისი მთლიანი შინაარსი არ შეესაბამება მოპასუხის ნებას, რადგან მოსარჩელემ თვითნებურად შეცვალა მისი ტექსტი. მოპასუხის წარმომადგენელი, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, სრულყოფილად არ ფლობს რუსულ ენას, რა ენაზეც ხელშეკრულებაა შედგენილი. ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო დამატებით 18 თვითმცლელის ჩამოყვანის პირობით.

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 07 ივლისს შპს „უ-–--------სა“ და ააიპ „ფ-------–--------–--“-ს შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მეიჯარე შპს „უ-–--------მა“ მოიჯარეს იჯარით გადასცა 2 ცალი HOWO მარკის თეთრი ფერის თვითმცლელი, სარეგისტრაციო NS--------- და NS-------

 

საიჯარო ქირა თვეში შეადგენდა 4000 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში.

 

იჯარის ხელშეკრულების მე-3 მუხლის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალებების სარემონტო სამუშაოების ხარჯები დაეკისრება ორივე მხარეს თანაბრად.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

სატვირთო თვითმცლელების იჯარის ხელშეკრულება (ს.ფ. 38-40).

 

3.1.2. იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ქირა მოიჯარე ააიპ „ფ-------–--------–--“-ს არ გადაუხდია.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2017 წლის 04 ოქტომბერს შპს „უ-–--------სა“ და ააიპ „ფ-------–--------–-“-ს შორის გაფორმდა სატრანსპორტო საშუალებების ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაეცა იჯარით გადაცემული თვითმცლელები, მოპასუხის მიერ ნასყიდობის თანხის - 40 000 აშშ დოლარის სრულად გადახდისთანავე. ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტის თანახმად, მოპასუხე ვალდებული იყო 2017 წლის 25 დეკემბრამდე სრულად დაეფარა ნასყიდობის თანხა შემდეგი გრაფიკით: ღირებულების 30% უნდა გადაეხადა 2017 წლის 1 ნოემბრამდე, მომდევნო გადახდა უნდა განეხორციელებინა 30%-ის ოდენობით 2017 წლის 01 დეკემბრამდე, ხოლო დარჩენილი 40% უნდა გადაეხადა 2017 წლის 25 დეკემბრამდე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (ს.ფ. 46-50).

 

3.2.2. მოპასუხემ დაარღვია 2017 წლის 04 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.1. პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება, კერძოდ, არ გადაიხადა ნასყიდობის თანხა 40 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2.3. შპს „უ-–--------სა“ და ააიპ „ფ-------–--------–--“-ს შორის გაფორმებული ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3. პუნქტის თანახმად, ნასყიდობის თანხის გადახდის ვადების დარღვევისათვის, მოსარჩელე უფლებამოსილია დააკისროს მოპასუხეს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება (ს.ფ. 48).

 

3.2.4. შპს „უ-–-----------“ და ააიპ „ფ-------–--------–--“-ს შორის იჯარის სახელშეკრულებო ურთიერთობა 2017 წლის 07 აგვისტოდან გაგრძელდა 2017 წლის 25 დეკემბრამდე, იჯარის საგნებზე, მოიჯარის ააიპ „ფ-------–--------–--“-ის საკუთრების წარმოშობის დრომდე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქირავნობის ურთიერთობის გაგრძელება შესაძლებელია, შეთანხმების გარეშე დამქირავებლის მიერ ქირავნობის საგნით ნებაყოფლობით სარგებლობის გაგრძელებით იმ პირობით, რომ ამ ფაქტს გამქირავებელი არ ეწინააღმდეგება; ამ შემთხვევაში ქირავნობის ხელშეკრულება განახლდება განუსაზღვრელი ვადით (559 II).

 

აღნიშნული ნორმის დისპოზიციის მოქმედების წინაპირობაა დამქირავებლის მიერ ქირავნობის საგნით რეალური სარგებლობის გაგრძელება და არა უბრალოდ თავისთან დაკავება. ქირავნობის საგნით სარგებლობის გაგრძელებისას ადგილი არა აქვს თანხმობასავალდებულო გარიგებას (99), ვინაიდან ნორმის არსით, მისი დისპოზიციის ამოქმედებისათვის აუცილებელია გამქირავებლის მხრიდან პირდაპირ გამოთქმული პროტესტის არარსებობა. ამავე დროს, გამქირავებლის მიერ საწინააღმდეგო ნების გამოვლენა მიიჩნევა ცალმხრივ მიღებასავალდებულო გარიგებად, თუმცა, იგი არ წარმოადგენს ხელშეკრულების შეწყვეტის განცხადებას. თავისი სამართლებრივი ბუნებით მუხლის 559 II ნორმა დისპოზიციურია და ის შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით.

 

იჯარის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2. პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტა იწარმოებს მხარეთა შეთანხმებით მისი შესრულების ან ვადის გასვლის შემდეგ, ასევე თუ გადახდა არ იქნება გადახდილი მ. 3.1. შესაბამისად და ასევე სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე. ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1. პუნქტის მიხედვით, წინამდებარე ხელშეკრულება მოქმედებს ერთი კალენდარული თვის განმავლობაში, მისი ანალოგიური ვადით გაგრძელების უფლებით მხარეების წინააღმდეგობის არარსებობის შემთხვევაში.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იჯარის ხელშეკრულებით მხარეები, ქირავნობის ურთიერთობის ვადის გასვლის შემდეგ, სამოქალაქო კოდექსის 559-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ურთიერთობის გაგრძელების განსხვავებულ პირობაზე არ შეთანხმებულან, უფრო მეტიც, მათ მე-7 მუხლის 7.1. პუნქტით, წინააღმდეგობის არარსებობის შემთხვევაში, სახელშეკრულებო ვადის გაგრძელების პირობა გაითვალისწინეს.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოიჯარე ააიპ „ფ-------–--------–--“ 2017 წლის 07 ივლისიდან ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე პერიოდში, ფლობდა იჯარით გადაცემულ 2 თვითმცლელ სატრანსპორტო საშუალებას. სასამართლოს მიაჩნია, რომ იჯარის საგნებზე 2017 წლის ოქტომბერში ნასყიდობის ხელშეკრულების დადებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხე ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, რეალურად სარგებლობდა იჯარის საგნით. აქვე საყურადღებოა, მოპასუხის წარმომადგენლის შესაგებელში მითითებული განმარტა შპს „უ-–--------ის“ მხრიდან ავტომანქანების მიმდინარე და კაპიტალური რემონტის ხარჯების ნაწილის ანაზღაურების ვალდებულების არსებობასა და მის შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მხრიდან ამ სახის პრეტენზია მეიჯარის მიმართ, ასევე მოპასუხის განმარტება მის მიერ იჯარის საგნების შეკეთებაზე ხარჯების გაღებასთან დაკავშირებით, ადასტურებს საიჯარო საგნით, მოიჯარის მიერ რეალურად სარგებლობის ფაქტს, ხელშეკრულების ერთთვიანი ვადის გასვლიდან - 2017 წლის 07 აგვისტოდან - 2017 წლის 25 დეკემბრამდე პერიოდში.

 

რაც შეეხება აღნიშნული ნორმის დისპოზიციის ამოქმედებისათვის აუცილებელ ერთ-ერთ წინაპირობას, გამქირავებლის მხრიდან პირდაპირ გამოთქმული პროტესტის არარსებობას, ამ შემთხვევაში, ცალსახად დგინდება, რომ გამქირავებელს არ მოუთხოვია იჯარის საგნის დაბრუნება, 2017 წლის 07 აგვისტოს შემდეგ.

 

3.2.5. საქმის მასალებით არ დგინდება, 2 თვითმცლელი სატრანსპორტო საშუალების შეკეთებაზე ხარჯების გაღების ან ასეთი ხარჯების გაწევის საჭიროების თაობაზე გარემოებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

მოპასუხის განმარტების გარდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, რემონტის ჩატარების ფაქტი ან შეკეთებაზე ხარჯების გაღების საჭიროება. აქედან გამომდინარე, მხოლოდ მხარის განმარტებით, ამ გარემოებას სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს.

 

3.2.6. საქმის მასალებით, არ დგინდება, რომ იჯარისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების საგანი - თვითმცლელი სატრანსპორტო საშუალებები უვარგისი იყო ექსპლუატაციისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

აღნიშნული კვლევისას სასამართლო უმთავრესად ხელმძღვანელობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მხოლოდ მოპასუხის განმარტებას, სატრანსპორტო საშუალებების უხარისხობასთან დაკავშირებით, სასამართლო არ იზიარებს, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით, ამ გარემოების არსებობა არ დგინდება.

 

3.2.7. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, მხარეებს შორის შეთანხმება, 18 თვითმცლელ სატრანსპორტო საშუალებაზე ქირავნობის ხელშეკრულების მომავალში დადების შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. (სსსკ-ის 102-ე მუხლი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ მხარეთა შეთანხმებით, მოსარჩელე შპს „უ-–-----------“ მიერ 20 ერთეული სატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოყვანის შემდეგ, მათ შორის უნდა გაფორმებულიყო ქირავნობის ხელშეკრულება. ამ დაპირების შესრულებამდე, გააფორმეს ხელშეკრულება, ერთი თვის ვადით 2 თვითმცლელი სატრანსპორტო საშუალების ქირავნობის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომელიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოპასუხის განმარტების გარდა, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, რომ მხარეებს შორის არსებობდა შეთანხმება, 2 თვითმცლელი სატრანსპორტო საშუალების გარდა, დამატებით 18 სატრანსპორტო საშუალებაზე სამომავლოდ ქირავნობის ხელშეკრულების დადების თაობაზე. შესაბამისად, მხოლოდ მხარის განმარტებას, ასეთი შეთანხმების არსებობის თაობაზე, სასამართლო არ იზიარებს.

 

3.2.8. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის აპელირებას ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არარსებობაზე, მისი მოტყუებისა და ხელშეკრულების ტექსტის შინაარსის შეცვლის გამო.

 

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. სასამართლო განმარტავს, რომ მარტოოდენ ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. აღსანიშნავია, რომ ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არამხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს, მაგალითად, პირის იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას მართოს ნების გამოხატვის ფორმები. ეს ის შემთხვევებია, როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ). ასეთ შემთხვევებში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანმდევი შედეგებისაგან. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ნების არანამდვილობაზე იმის გამო აპელირებს, რომ მას, ნების ფორმირების დროს, გამოვლენილი ნების შინაარსის გაცნობიერების შესაძლებლობა არ ჰქონდა და არც მისი თანმდევი სამართლებრივი შედეგები ესმოდა, ვინაიდან, მოპასუხის წარმომადგენელი, რომელმაც ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, სრულყოფილად არ ფლობს რუსულ ენას, რა ენაზეც შედგენილია ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო სამართალურთიერთობა ეფუძნება სამართლიანობის, კეთილსინდისიერებისა და ზნეობის მოთხოვნებს, შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. უფლების კეთილსინდისიერად განხორციელება თავის თავში მოიცავს სამართალსუბიექტის მიერ ნების გამოვლენისას წინდახედულობის ელემენტარული სტანდარტის გათვალისწინებას, რათა მის მიერ წინდაუხედავად გამოვლენილი ნებით დაუშვებლად არ იქნეს ხელყოფილი სხვათა უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ კიდეც რომ გაითვალისწინოს მოპასუხის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მან გარიგებას შინაარსის გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს საკუთარი უფლების იმგვარად გამოყენებას, რომლითაც დაუშვებლად იზღუდება იმ პირის უფლება, რომელიც წინდაუხედავად გამოვლენილ ნებას დაეყრდნო.

 

მოცემულ შემთხვევაში, ააიპ „ფ-------–--------–--“-ის წარმომადგენლის მიერ იმ დოკუმენტის ხელმოწერა, რომელშიც აღწერილი იყო მის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი, რის შესახებაც იგი, მისივე განმარტებით, ინფორმირებული არ იყო, გამოვლენილი ნების ბათილობის წინაპირობად ვერ განიხილება, ვინაიდან მას ჰქონდა დოკუმენტის შინაარსის გაცნობის შესაძლებლობა და დიდი ალბათობით, გაეცნო კიდეც, ხოლო თუ დავუშვებთ, რომ ის მართლაც არ გასცნობია ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსს და ისე მოაწერა ხელი, აღნიშნული წარმოადგენს ნდობით განპირობებულ უხეშ გაუფრთხილებლობას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი კი ითვალისწინებს გარიგების ბათილობას იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება იძულების, მოტყუების ან შეცდომის საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო, რაც გამოიხატება ნების გამომვლენის მიერ დოკუმენტის ხელმოწერაში, მისი შინაარსის გაცნობის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის დაცვის მიზნებისათვის იმგვარი პრეცედენტის დაშვება, რომლითაც შინაარსის გაცნობის გარეშე ხელმოწერილი დოკუმენტები ბათილად იქნება ცნობილი, იმ მესამე პირთა უფლებების დაუშვებელ ხელყოფას გამოიწვევს, რომლებიც გამოვლენილი ნების ნამდვილობას ენდნენ.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ წერილობითი დოკუმენტის ხელმოწერა, მისი შინაარსის გაცნობისა და ნების გამომვლენზე ზემოქმედების გარეშე, გარიგების ბათილობის საფუძველს არ წარმოადგენს. რაც შეეხება მოპასუხის აპელირებას მხოლოდ ხელშეკრულების ბოლო გვერდზე, ნების გამომვლენი პირების ხელმოწერების თაობაზე, სასამართლოს მოსაზრებით, ეს გარემოება, არ ადასტურებს მოპასუხის პოზიციას, ამ დოკუმენტის მთლიანობის დარღვევაზე, რითაც მისი შინაარსი შეიცვალა. მხოლოდ მხარის განმარტებით, სასამართლო ამ გარემოებას დადასტურებულად ვერ მიიჩნევს. აქედან გამომდინარე, აპელირება, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება დაიდო დამატებით 18 თვითმცლელის ჩამოყვანისა და მათი იჯარით გადაცემის პირობით, უსაფუძვლოა.

შესაგებლის მე-4 და მე-5 გვერდებზე მოპასუხე აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დარღვევისა და სხვა იურიდიული პირისაგან მიღებული არაპარტნიორული დამოკიდებულების გამო, გადაწყვიტა ქირავნობის ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ 2 ერთეულ თვითმცლელზე და მოსარჩელე სიტყვიერად პირდებოდა დამატებით ჩამოეყვანა 18 თვითმცლელი. მას ინტერესი მხოლოდ 2 თვითმცლელის მიმართ არ გააჩნდა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ზემოთმითითებული განმარტება წინააღმდეგობრივია, მის პოზიციასთან, როდესაც ის მიუთითებს ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების არარსებობაზე, მისი პირობის შეუსრულებლობის გამო, რადგან შესაგებელში მითითებული განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ მოპასუხემ დადო ხელშეკრულება საქმეში არსებული მხარეთა მიერ ხელმოწერილ ხელშეკრულებაში მითითებული შინაარსით, რაც შეესაბამება მის ნებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე, 533-ე,536-ე, 477-ე, 316-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზეც.

 

იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-ე-606 მუხლებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამავე კოდექსის 533-ე მუხლის მიხედვით, გამქირავებელმა უნდა გადასცეს დამქირავებელს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი. ამავე კოდექსის 536-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გაქირავებულ ნივთს აღმოაჩნდა ნაკლი, მაშინ დამქირავებელს ქირა შეუმცირდება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც შემცირდა ნივთის ვარგისიანობა ნაკლის გამო.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეებს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, მეიჯარემ შპს „უ-–--------მა“ მოიჯარე ააიპ „ფ-------–--------–--“-ს სარგებლობაში გადასცა 2 ერთეული სატრანსპორტო საშუალება. საქმის მასალებით, არ დგინდება, გამქირავებლის მიერ ნაკლიანი ნივთის გაქირავების ფაქტი, რის გამოც მოპასუხის აპელირება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 536-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული უფლებამოსილების გამოყენებაზე უსაფუძვლოა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობაში ამომწურავადაა ჩამოთვლილი ვალდებულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები. კერძოდ, ესენია: ვალდებულების შეწყვეტა შესრულებით, დეპონირებით, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით, ვალის პატიებით, ცალკეულ შემთხვევებში კრედიტორის გარდაცვალებით და იურიდიული პირის ლიკვიდაციით. სამოქალაქო კოდექსის 442-ე მუხლის შესაბამისად, ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. მოთხოვნათა სადავოობის შემთხვევაში გაქვითვა შესაძლებელია დავის გადაწყვეტის შემდგომ ანუ, სასამართლოს მიერ ვალდებულების არსებობის ფაქტისა და დადასტურების შემდგომ. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დგინდება, შპს „უ-–--------ის“ ვალდებულება ააიპ „ფ-------–--------–--“-ის მიმართ. აქედან გამომდინარე, აპელირება ურთიერთმოთხოვნების გაქვითვის გამო, ვალდებულების შეწყვეტის თაობაზე, უსაფუძვლოა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს ააიპ „ფ-------–--------–--“-ს იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არა აქვს შესრულებული, კერძოდ მას გადასახდელი აქვს საიჯარო ქირის სახით 24 000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში და მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის გადახდა კრედიტორის სასარგებლოდ.

 

6.2.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება განიხილება ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ”ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, შპს „უ-–--------სა“ და ააიპ „ფ-------–--------–--“-ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა წერილობით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, გამყიდველმა შპს „უ-–--------მა“ იკისრა ვალდებულება სატრანსპორტო საშუალებაზე საკუთრების უფლება გადაეცა მყიდველისათვის სახელშეკრულებო ღირებულების 40 000 აშშ დოლარის სრულად გადახდის შემდეგ. მყიდველს იკისრებოდა ნასყიდობის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება, დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულების მე-2 მუხლის 2.2. პუნქტით შეთანხმებულ ვადებში, არ გადაუხდია ნასყიდობის საფასური.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელე შპს „უ-–--------ის“ წინაშე ვალდებულება არა აქვს შესრულებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით და კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ხოლო მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს.

 

6.2.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო _ მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა _ მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

 

აღნიშნული ნორმის მიხედვით, პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, ააიპ „ფ-------–--------–--“-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი _ ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულებების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს განაკვეთი 0.1%-დან შემცირდეს ათჯერ და შესაბამისად შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს 1776 ლარით. შესაბამისად, მოვალე ააიპ „ფ-------–--------–--“-ს კრედიტორის წინაშე პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს ამ თანხის ანაზღაურების ვალდებულება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 91.09%, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 4554.5 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 1821.8 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. შპს „უ-–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე ააიპ „ფ-------–--------–--“-ს მოსარჩელე შპს „უ-–--------ის“ სასარგებლოდ 24 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.

 

1.2.1.დაეკისროს მოპასუხე ააიპ „ფ-------–--------–--“-ს მოსარჩელე შპს „უ-–--------ის“ სასარგებლოდ 40 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში გადახდა.

1.2.2. დაეკისროს მოპასუხე ააიპ „ფ-------–--------–--“-ს მოსარჩელე შპს „უ-–--------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს 1776 ლარის გადახდა.

2. დაეკისროს მოპასუხე ააიპ „ფ-------–--------–--“-ს მოსარჩელე შპს „უ-–--------ის“ სასარგებლოდ 4554.5 ლარის გადახდა სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ასანაზღაურებლად და 1821.8 ლარის გადახდა იურიდიული მომსახურების ხარჯის ნაწილის ასანაზღაურებლად.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია