გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/33353-18
გადაწყვეტილება -
დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
08 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - რკ ,,პი-----–-------------------–---ი’’
წარმომადგენელი - თა-----------ა
მოპასუხე - ქე-------–------ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ქე-------–------ს რკ ,,პი-----–-------------------–---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 08.06.2015 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 16 542.15 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 7 641.49 ლარი, პროცენტი - 2 431.41 ლარი, ჯარიმა - 6 469.25 ლარი.
1.2. ქე-------–------ს რკ ,,პი-----–-------------------–---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 09 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხის ძირითად თანხაზე 7 641.49 ლარზე, წლიური 24% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 150.74 ლარს.
1.3. ქე-------–------ს რკ ,,პი-----–-------------------–---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ძირითად თანხასა და პროცენტზე - 10 072.90 ლარზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს სახით - 0.35%-ის ოდენობით გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 35.25 ლარს.
სარჩელის საფუძვლები
საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 21 მაისის N2-- განკარგულების საფუძველზე დაიწყო რკ ,,პი-----–-------------------–---ის’’ ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორად დაინიშნა არ---–---–----ე. ლიკვიდაციის პროცესს წინ უძღოდა საქართველოს ეროვნული ბანკის 2017 წლის 30 ნოემბრის განკარგულების საფუძველზე დაწყებული შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევები, მათ შორის კავშირის ხელმძღვანელი პირების მიერ კანონით დადგენილი დანაწესებისა და აკრძალვების საწინააღმდეგოდ, ამორალური მიზნით დადებული გარიგებები, რასაც საბოლოოდ შედეგად მოჰყვა კავშირის გაკოტრებამდე მიყვანა. განკარგულება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.
2015 წლის 08 ივნისს რკ ,,პი-----–------------------–---სა’’ და ქე-------–------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ქე-------–------ს გადაეცა სესხი 9 040 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 24% დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო შეთანხმებული გადახდის გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.35%-ის ოდენობით.
მსესხებლის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის 16 თებერვალს და მისი დავალიანება 2018 წლის 09 ნოემბრის (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) მდგომარეობით შეადგენს 16 542.15 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 7 641.49 ლარი, დარიცხული პროცენტი - 2 431.41 ლარი, დარიცხული ჯარიმა - 6 469.25 ლარი. მსესხებელს ლიკვიდატორის მიერ გაეგზავნა გაფრთხილება დავალიანების დაფარვის თაობაზე, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 21 მაისის N2-- განკარგულების საფუძველზე დაიწყო რკ ,,პი-----–-------------------–---ის’’ ლიკვიდაციის პროცესი და ლიკვიდატორად დაინიშნა არ---–---–----ე.
3.1.2. 2015 წლის 08 ივნისს რკ ,,პი-----–------------------–---სა’’ და ქე-------–------ს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ქე-------–------ს გადაეცა სესხი 9 040 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 24% დარიცხვით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო შეთანხმებული გადახდის გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების მე-4 მუხლის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0,35%-ის ოდენობით.
3.1.3. ქე-------–------ის მიერ ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის 16 თებერვალს და მისი დავალიანება 09.11.2018 წლის მდგომარეობით შეადგენს 16 542.15 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 7 641.49 ლარი, დარიცხული პროცენტი - 2 431.41 ლარი, დარიცხული ჯარიმა - 6 469.25 ლარი. მსესხებელს ლიკვიდატორის მიერ გაეგზავნა გაფრთხილება დავალიანების დაფარვის თაობაზე, რასაც რეაგირება არ მოჰყოლია.
სამოტივაციო ნაწილი:
მოცემულ საქმეზე, მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 08 აპრილს, 13:00 საათზე.
სასამართლოს სხდომის შესახებ მოპასუხე გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების მეშვეობით.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო იშუამდგომლა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
ქე-------–------ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. ვინაიდან, სარჩელში მითითებული გარემოებები მხოლოდ ნაწილობრივ ამართლებს იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 403-ე მუხლები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი მოპასუხე ქე-------–------ისთვის მხარეთა შორის 2015 წლის 08 ივნისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 7 641.49 ლარის, პროცენტის - 2 431.41 ლარისა და ვადაგადაცილების სარგებლის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
ამდენად, მოპასუხის საწინააღმდეგოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოწმდება სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სარჩელის მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის სესხის ძირი თანხის - 7 641.49 ლარის, პროცენტის - 2 431.41 ლარისა და ვადაგადაცილების სარგებლის დაკისრების ნაწილში იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, სესხისათვის მხარეებმა შეიძლება გაითვალისწინონ პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ:ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშკრულება და მოეთხოვა დავალიანების დაფარვა.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან დარღვეული იქნა, ხოლო ბოლო გადახდა განხორციელდა 2018 წლის 16 თებერვალს. მოსარჩელემ მსესხებელს გაფრთხილების წერილებით აცნობა, არსებული დავალიანების თაობაზე და განუსაზღვრა ვადა იმ პერიოდისათვის არსებული დავალიანების დასაფარად. იქვე განემარტა, რომ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, მოსარჩელე მიმართავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. აღნიშნულის მიუხედავად, მოვალის მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის სრულად, რის გამოც მოსარჩელემ შეწყვიტა ხელშეკრულება 2018 წლის 09 ნოემბერს. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის (7 641.49 ლარი) ანაზღაურებისა და ხელშეკრულების შეწყვეტამდე (2018 წლის 09 ნოემბერი) დარიცხული სესხის პროცენტის (2431.41 ლარის) დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-403 მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისას პროცენტიდან პროცენტის გადახდევინება დასაშვებია მხოლოდ ხელშეკრულებით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
სესხის ხელშეკრულების 2.3. პუნქტის თანახმად, პროცენტის დარიცხვა გრძელდება და იგი გადახდას ექვემდებარება არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით იძულებითი, ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობითი აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით იმ შემთხვევაშიც, თუ გამსესხებელი ცალმხრივად ვადამდე შეწყვეტს ამ ხელშეკრულებას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სესხის ძირი თანხის - 7641.49 ლარის, პროცენტის - 2 431.41 ლარისა და 2018 წლის 09 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხის ძირითად თანხაზე 7 641.49 ლარზე, წლიური 24% სარგებლის გადახდის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სამართლებრივი შეფასება სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში:
6.2. როგორც აღინიშნა იმისათვის, რომ სარჩელი დაკმაყოფილდეს და სხდომაზე გამოუცხადებელი პირის მიმართ მიღებული იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეეტილება, აუცილებელია სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.
სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა, თავის მხრივ, მოიაზრებს მოსარჩელის მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის სწორად განსაზღვრასა და იმის უტყუარად შემოწმებას, სარჩელში მითითებული და კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული გარემოებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება იძლევა თუ არა მოთხოვნის მარეგულირებელი მატერიალური ნორმის შემადგენლობას. მითითებულ წინაპირობათაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა, იწვევს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნაზე ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ოდენობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის ძირითად თანხასა და პროცენტზე - 10 072.8 ლარზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ გადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს - 0.35% ოდენობით დაკისრებას და ასევე პირგასამტეხლოს სახით ერთდროულად 6 469.25 ლარის დაკისრებას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები სამართლებრივი თვალსაზრისით არ ამართლებს სარჩელის მოთხოვნას მოპასუხისათვის ძირითად თანხასა და პროცენტზე - 10 072.8 ლარზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს სახით - 0.35% ოდენობით დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. ასევე პირგასამტეხლოს სახით, ერთდროულად 6 469.25 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნების ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მოსაზრებებს:
სასამართლო განმარტავს შემდეგს: მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს შესაბამისი ოდენობის დაკისრების მიზანშეწონილობა.
ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული, მით უფრო თუ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოთხოვნა დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილებულია ვადაგადაცილებული სარგებლის დაკისრების ნაწილში .
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ქე-------–------ს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 1 000 ლარის გადახდა და ძირითად თანხასა და პროცენტზე - 10 072.8 ლარზე, 2018 წლის 9 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს - 0.05%-ით.
საპროცესო ხარჯები უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ყ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: ლიკვიდაციაში მყოფი კომერციული ბანკები, მზღვეველი და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები – საკრედიტო კავშირები – კომერციული ბანკების, მზღვეველისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებისათვის – საკრედიტო კავშირებისათვის დაუფარავი სესხების, სესხების პროცენტებისა და სხვა დებიტორული დავალიანებების დაბრუნებაზე აღძრულ ყველა სარჩელზე;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე“. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ , „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა....“.
ამდენად, ვინაიდან ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე მოსარჩელე გათავისუფლებულია სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის - 662.47 ლარის გადახდა, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 230-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რკ ,,პი-----–-------------------–---ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ქე-------–------ს რკ ,,პი-----–-------------------–---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 08.06.2015 წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალინების - 11 072.90 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 7 641.49 ლარი, პროცენტი - 2 431.41 ლარი, ჯარიმა - 1 000 ლარი.
1.2. მოპასუხე ქე-------–------ს რკ ,,პი-----–-------------------–---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 09 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, სესხის ძირითად თანხაზე - 7 641.49 ლარზე, წლიური 24% სარგებლის გადახდა.
1.3. მოპასუხე ქე-------–------ს რკ ,,პი-----–-------------------–---ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირითად თანხასა და პროცენტზე - 10 072.90 ლარზე, 2018 წლის 09 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, პირგასამტეხლოს სახით - 0.05% ოდენობით გადახდა.
2. მოპასუხე ქე-------–------ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 662.47 ლარის გადახდა.
3. მოპასუხეს გაეგზავნოს გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ნაწილში მისი გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდება გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.
4. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი ჯარიმის დაკისრების ნაწილში და 1.3. პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე