გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.03.2019
საქმის ნომერი
330210118002674698
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
19.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/29849-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - დ-----------------ე

წარმომადგენელი - ქ--------------–---–ი

მოპასუხე - შპს ,,ს--------’’

წარმომადგენელი - დ----------–-----, ს-------------–--------, გ--------------

დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შეწყდეს მხარეებს შორის 2----–-–-------------ოს დადებული წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხეს მოსარჩელეს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 312 000 აშშ დოლარი.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-18):

1.1.1. 2006 წლის 09 აგვისტოს შპს ,,ს--------ს’’, გ--------–------–--ეს და გ---------------–---–ს შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მონაწილეების მიერ დაფუძნდა ამხანაგობა ,,გ------–---–ი’’. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, გ------–---–ის №4---ში მდებარე 227 კვ.მ მიწის ნაკვეთზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა;

1.1.2. ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხის შენატანი ამხანაგობაში განისაზღვრა მიწის ნაკვეთით;

1.1.3. 2----–-–-------------ოს მასსა და მოპასუხეს შორის დაიდო წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მას მიჰყიდა ქ. თბილისში, გ------–---–ის ქუჩა №4---ში მშენებარე სახლის მე-3 სართულზე 144 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი ბინა, ასევე ამავე მისამართზე მე-4 სართულზე მდებარე 144 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი ბინა და ორი ავტოფარეხი;

1.1.4. წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ნასყიდობის თანხად განისაზღვრა 312 000 აშშ დოლარი. ნასყიდობის ხელშეკრულების თანხა მის მიერ გადახდილ იქნა წინარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის დღესვე;

1.1.5.ხელშეკრულების თანახმად, საკუთრებაში გადასაცემი უძრავი ქონება ექსპლუატაციაში უნდა ყოფილიყო მიღებული არაუგვიანეს 2007 წლის იანვრისა;

1.1.6. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება დათქმულ ვადაში არ შესრულდა;

1.1.7. 2008 წლის 19 თებერვალს მან მიმართა სასამართლოს ნასყიდობის საგნის საკუთრებაში გადაცემის, მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მიუღებელი შემოსავლის სახით თვეში 2 336 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნით;

1.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 01 აგვისტოს განჩინებით მასსა და მოპასუხეს შორის დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას 2008 წლის 01 დეკემბრამდე მისთვის საკუთრებაში გადაეცა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონებები. უძრავი ქონებების საკუთრებაში გადაცემის დროისათვის გადასაცემი ბინები უნდა ყოფილიყო ექსპლუატაციაში მიღებული და რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. მოპასუხის მიერ უძრავი ქონებების გადაცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში მას ეკისრებოდა პირგასამტეხლო 100 000 აშშ დოლარის ოდენობით 2008 წლის 11დეკემბერს და 10 000 აშშ დოლარის ოდენობით 2008 წლის 11 დეკემბრიდან ყოველი მომდევნო თვის 11 რიცხვში, მორიგების აქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე. შეთანხმებით პირგასამტეხლოს ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნა ამხანაგობა ,,გ------–---–ში’’ შპს ,,ს--------ს’’ წილის გირავნობით. მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, იგი უფლებამოსილი იყო გაეყიდა გირავნობის საგანი ან მიეღო იგი საკუთრებაში;

1.1.9. განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შესაბამისად, მისი გირავნობის უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში;

1.1.10. მოპასუხემ არ შეასრულა მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც მან მიმართა სასამართლოს სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით;

1.1.11. სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოპასუხეს კერძო აღმასრულებლისგან გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ;

1.1.12. კერძო აღმასრულებლის 2011 წლის 08 თებერვლის ცნობის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული აღსრულების ფარგლებში სასამართლოს განჩინება და მის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა ნაწილობრივ - მან 2010 წლის 18 ივნისის სააღსრულებო ფურცლის 1.5 პუნქტის საფუძველზე მოვალე შპს ,,ს--------ს’’ მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო გირავნობის საგანი - შპს ,,ს--------ს’’ წილი ამხანაგობა ,,გ------–---–ში’’. კერძოდ, ქ. თბილისში, გ------–---–ის ქუჩა, მე-3 შესახვევში მდებარე №4-- სახლზე, მე-2 სადარბაზოს მე-7 სართულზე მდებარე №43 მშენებარე ბინაზე (ფართით 149.62 კვ.მ, ს/კ 0-------------------------) და ქ.თბილისში, გ------–---–ის ქუჩა, მე-3 შესახვევში მდებარე №4---ში სახლზე, მე-2 სადარბაზოს მე-7 სართულზე მდებარე №44 მშენებარე ბინაზე (ფართით 162.23 კვ.მ, ს/კ 0-------------------------) აღირიცხა მისი სამომავლო საკუთრების უფლება. ამავე ცნობის თანახმად, სააღსრულებო ფურცლის 1.1. მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის იძულებითი აღსრულება შეუძლებელი გახდა იმის გამო, რომ 2----–-–-------------ოს წინარე ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონებები არ წარმოადგენდა მოვალე შპს ,,ს--------ს’’’ საკუთრებას;

1.1.13. აღმასრულებლის მიერ გაცემული ცნობით დასტურდება, რომ სასამართლოს განჩინება მორიგების დამტკიცების თაობაზე და მასზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი აღსრულდა მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდევინების ნაწილში, ხოლო ძირითადი ვალდებულების - კერძოდ, ქ. თბილისში, გ------–---–ის ქუჩა №4---ში მშენებარ საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე 144 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი ბინის, ამავე მისამართზე მე-4 სართულზე მდებარე 144 კვ.მ ფართის მქონე საცხოვრებელი ბინის და ორი ავტოფარეხის 2008 წლის 01 დეკემბრამდე საკუთრებაში გადაცემის ნაწილში ვერ აღსრულდა;

1.1.14. მან მიმართა სასამართლოს მოპასუხისთვის ზიანის - 312 000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნით, მაგრამ ვინაიდან აღნიშნული თანხა არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ზიანად, სასამართლოს 2011 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით მას უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

1.1.15. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, ხოლო უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 02 მარტის განჩინებით მისი საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი;

1.1.16. ვინაიდან მოპასუხის მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულება დღემდე არ არის შესრულებული და მით უფრო, სააღსრულებო ფურცლის სრულად შესრულება შეუძლებელია მოპასუხის სახელზე წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ქონებების არ არსებობის გამო, მან დაკარგა ინტერესი მასსა და მოპასუხეს შორის 2----–-–-------------ოს გაფორმებული ხელშეკრულების მიმართ. შესაბამისად, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტა და ამ ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისთვის მიღებული თანხის - 312 000 აშშ დოლარის დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 141-153):

2.1.1. 2008 წლის 01 აგვისტოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შესაბამისად, მის სახელზე აღრიცხული წილის გირავნობა უზრუნველყოფდა არამარტო პირგასამტეხლოს, არამედ მის მიერ ამავე მორიგების აქტით ნაკისრ ვალდებულებას;

2.1.2. საგულისხმოა, რომ განჩინებაში მითითებულია ტერმინი ,,ვალდებულებები’’, ნაცვლად ,,ვალდებულებისა’’, რაც გულისხმობს მხოლოდ ერთი პირობის შეუსრულებლობას. მორიგების პირობებში ტერმინი ,,შეუსრულებელი ვალდებულებები’’ არ იყო გამოყენებული შემთხვევით და გამოხატავდა მხარეთა ნებას;

2.1.3. მის მიერ მორიგების აქტით ნაკისრი იქნა შემდეგი ვალდებულებები: 1. უძრავი ქონებების მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემა, 2. უძრავი ქონების ექსპლოატაციაში მიღება და წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მდგომარეობაში მოყვანა და 3. წინა ორი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდა. განჩინების თანახმად, მის მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ზემოაღნიშნული ვალდებულებებიდან რომელიმეს დარღვევა აძლევდა მოსარჩელეს შესაძლებლობას აღსრულების გზით მოეხდინა დაგირავებული ქონების რეალიზაცია ან საკუთრებაში მიღება;

2.1.4. პირგასამტეხლოს გადახდა თავისი სამართლებრივი ბუნებით არ წარმოადგენს მხარის ძირითად ვალდებულებას, არამედ განიხილება როგორც უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც მიბმულია ძირითად ვალდებულებასთან. ამასთან, პირგასამტეხლოს მის ვალდებულებად განხილვის შემთხვევაშიც კი, განჩინების 1.5 პუნქტის შინაარსი გამორიცხავს მხოლოდ უზრუნველყოფის ნაწილში წილის დაგირავებას;

2.1.5. ამხანაგობაში არსებული მისი წილის დაგირავება განხორციელდა მის მიერ მორიგების აქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისად, ამ წილის მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემით შესრულდა მორიგების აქტით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები;

2.1.6. ის გარემოება, რომ გირავნობით უზრუნველყოფილ იქნა მის მიერ შესასრულებელი ყველა ვალდებულება, გამომდინარეობს ნების ლოგიკურ-შინაარსობრივი განმარტებითაც;

2.1.7. გასათვალისწინებელია, რომ ამხანაგობა ,,გ------–---–ი’’ მხოლოდ ერთი - მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენების მიზნით დაფუძნდა და ამ მიზნის მიღწევის შემდეგ მას არანაირი სამეწარმეო საქმიანობა არ უწარმოებია. შესაბამისად, მასში წილის ფლობის რეალური აქტივი სწორედ წილის საფუძველზე, მის მიერ მისაღები საცხოვრებელი ბინა იყო. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების ლოგიკურ-შინაარსობრივი განმარტების თანახმადაც გაუგებარია რატომ უნდა დაეტვირთა მას მხოლოდ პირგასამტეხლოს (100 000 აშშ დოლარის) უზრუნველსაყოფად 500 000 აშშ დოლარზე მეტი ღირებულების უძრავი ქონება;

2.1.8. მოსარჩელემ დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში საკუთრებაში მიიღო გირავნობის საგნად გამოყენებული იმავე მისამართზე არსებული ორი საცხოვრებელი ბინა, რომელთა კვადრატულობაც საერთო ჯამში აღემატება მის მიერ წინარე ხელშეკრულების საფუძველზე მისაღები ბინების კვადრატულობას. წარმოდგენილი სარჩელით კი მოსარჩელე ცდილობს არაკეთილსინდისიერი ქმედებებით უსაფუძვლო გამდიდრებას;

2.1.9. წარმოდგენილი სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში გარდა უსაფუძვლობისა, ხანდაზმულია. მოთხოვნაზე როგორც სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის, ისე ექვს წლიანი ხანდაზმულობის ვადის გავრცელების შემთხვევაშიც კი წარმოდგენილი სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში ხანდაზმულია, ხანდაზმულობის ვადის ათვლის თარიღად თუნდაც განისაზღვროს 2011 წლის 08 თებერვალი - კერძო აღმასრულებლის მიერ გაცემული ცნობის თარიღი, როდესაც მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონებები ვერ გადაეცა საკუთრებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 03 მაისის გადაწყვეტილებით დ-----------------ის სარჩელი შპს ,,ს--------ს’’ მიმართ ზიანის - 312 000 აშშ დოლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (საქმე 2/7151-10).

აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

,,3.1.1. 2006 წლის 09 აგვისტოს შპს ,,სი-------ს’’, გ--------–------–--ეს და გ---------------–---–ს შორის დაიდო ერთობლივი საქმიანობის შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მონაწილეების მიერ დაფუძნებულ იქნა ამხანაგობა ,,გ------–---–ი’’, ხოლო ერთობლივი საქმიანობის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, გ------–---–ის ქუჩა №4---ში მდებარე 227 კვ.მ მიწის ნაკვეთზე არსებული შენობების დანგრევა და მათ ნაცვლად ახალი მრავალსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა და მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ შენობის, როგორც ამხანაგობის წევრთა წილობრივი თანასაკუთრების მფლობელობა, სარგებლობა და განკარგვა. შპს ,,ს--------ს’’ შენატანს ამხანაგობაში წარმოადგენდა მიწის ნაკვეთი, რომელზეც უნდა განხორცილებულიყო მშენებლობა’’;

,,3.1.2. 2----–-–-------------ოს დ-----------------ეს და შპს ,,ს--------ს’’ შორის გაფორმდა უძრავი ქონებს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადებაზე, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს--------’’ დ-----------------ეს მიჰყიდიდა ქ. თბილისში გ------–---–ის ქუჩა №46-ში მშენებარე სახლის მესამე სართულზე 144 კვ.მ საცხოვრებელ ბინას, მეორე სართულზე 144 კვ.მ საცხოვრებელ ბინას და ორ ავტოფარეხს. ნასყიდობის საგნების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 312 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით, რომლის გადახდაც დ-----------------ეს უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების დადების დღეს. უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგანი ექპლოატაციაში მიღებული უნდა ყოფილიყო და ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დადებულიყო არაუგვიანეს 2007 წლის იანვრისა. დ-----------------ის მიერ შპს ,,ს-------ისთვის’’ სრულად იქნა გადახდილი უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული 312 000 აშშ დოლარი’’;

,,3.1.3. მოპასუხე შპს ,,ს--------ს’’ მიერ უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ამავე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში შესრულებულ ვერ იქნა. 2008 წლის 19 თებერვალს დ-----------------ემ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, რომლითაც მოითხოვა ნასყიდობის საგნის გადაცემა და მოპასუხე შპს ,,ს--------სთვის’’ პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 312 აშშ დოლარის დაკისრება. დ-----------------ის სარჩელი 2008 წლის 25 თებერვლის განჩინებით მიღებულ იქნა სასამართლო წარმოებაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 01 აგვისტოს განჩინებით დ-----------------ის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო. სასამართლოს მიერ დამტკიცდა მორიგება შემდეგი პირობებით: შპს ,,ს--------’’ კისრულობდა ვალდებულებას, რომ დ-----------------ეს 2008 წლის 1 დეკემბრამდე საკუთრებაში გადასცემდა 2----–-–-------------ოს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ უძრავ ქონებას (ქ. თბილისში, გ------–---–ის ქუჩა №4---ში მშენებარე სახლის მესამე სართულზე 144 კვ.მ საცხოვრებელ ბინას, მეოთხე სართულზე 144 კვ.მ საცხოვრებელ ბინას და ორ ავტოფარეხს). ქონების დ-----------------ისთვის გადაცემის მომენტში სახლი, სადაც გადასაცემი ბინები მდებარეობდა, უნდა ყოფილიყო ექპლოატაციაში მიღებული და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული (განისაზღვრა ასევე გადასაცემი უძრავი ქონების მდგომარეობა) (იხ. მორიგების 1.1., 1.2 პუნქტები). დ-----------------ისთვის ბინების გადაცემის ვადის გადაცილების შემთხვევაში შპს ,,ს--------ს’’ ეკისრებოდა პირგასამტეხლო 100 000 აშშ დოლარის ოდენობით 2008 წლის 11 დეკემბერს და 10 000 აშშ დოლარის ოდენობით 2008 წლის 11 დეკემბრიდან ყოველი მომდევნო თვის 11 რიცხვში მორიგების აქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების შესრულებამდე. მხარეთა შეთანხმებით პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება უზრუნველყოფილი იქნა ამხანაგობა ,,გ------–---–ში’’ შპს ,,ს--------ს’’ წილის გირავნობით. შპს ,,ს--------ს’’ მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ, დ-----------------ე უფლებამოსილი იყო გაეყიდა გირავნობის საგანი ან მიეღო იგი საკუთრებაში (იხ. მორიგების 1.4., 1.5 პუნქტები). სასამართლოს 2008 წლის 01 აგვისტოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების საფუძველზე გირავნობის უფლება რეგისტრირებული იქნა საჯარო რეესტრში’’;

,,3.1.4. შპს ,,ს--------ს’’ მიერ მორიგებით ნაკისრი ვალდებულება უძრავი ქონების გადაცემის თაობაზე ვერ იქნა შესრულებული. დ-----------------ის განცხადების საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 01 აგვისტოს განჩინებაზე გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომელიც კრედიტორის მიერ აღსასრულებლად წარდგენილი იქნა კერძო აღმასრულებელ ნ------–--–---–თან. 2010 წლის 18 მარტს შპს ,,ს--------ს’’ წარმომადგენელს ჩაბარდა წინადადება სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შესახებ’’;

,,3.1.5. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა ,,გ------–---–ის’’ გამგეობის 2010 წლის 08 ივნისის №-- კრების ოქმით, შპს ,,ს--------ს’’ წილი ამხანაგობაში განისაზღვრა შემდეგ უძრავ ქონებაზე სამომავლო საკუთრების უფლებით: ბინა №43 საცხოვრებელი ფართით 140.210 კვ.მ, აივანი 9.41 კვ.მ და ბინა №44 საცხოვრებელი ფართით 140.420 კვ.მ, აივანი 11.81 კვ.მ, დამხმარე ფართი 10 კვ.მ თანახმად ბინების განაწილების სქემისა, დამოწმებული ნოტარიუს ს-----------–--ის მიერ რეგისტრაციის №1--------.

კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მიერ 2010 წლის 15 ივნისს გაცემული №--------- ცნობის და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 01 განჩინების საფუძველზე შპს ,,ს--------ს’’ წილზე (უფლებაზე) ამხანაგობა ,,გ------–---–ში’’, კერძოდ, ქ. თბილისში, გ------–---–ის ქუჩა მე-3 შესახვევში მდებარე №4-- სახლში, მე-2 სადარბაზოს მე-7 სართულზე მდებარე №43 მშენებარე ბინაზე, ფართით 149.62 კვ.მ (საკადასტრო კოდი №0-------------------------) აღირიცხა დ-----------------ის სამომავლო საკუთრების უფლება. დ-----------------ის სამომავლო საკუთრების უფლება აღირიცხა ასევე მე-2 სადარბაზოს მე-7 სართულზე მდებარე №44 მშენებარე ბინაზე, ფარით 162.23 კვ.მ (საკადასტრო კოდი №0-------------------------). მოგვიანებით ბინა №44-ზე სამომავლო საკუთრების უფლება 2010 წლის 14 დეკემბრის მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულებით დ-----------------ემ გადასცა ნ-----–-------ეს’’.

,,3.1.6. კერძო აღმასრულებლის დ-------------–---–ის მიერ 2011 წლის 08 თებერვალს გაცემული ცნობის თანახმად, განხორციელებული სააღსრულებო მოქმედებების შედეგად კრედიტორმა დ-----------------ემ 2010 წლის 18 ივნისის სააღსრულებო ფურცლის 1.5. პუნქტის შესაბამისად მოვალე შპს ,,ს--------ს’’ მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლოს სანაცვლოდ საკუთრებაში მიიღო გირავნობის საგანი შპს ,,ს--------ს’’ წილი ამხანაგობაში ,,გ------–---–ი’’, ხოლო სააღსრულებო ფურცლის 1.1 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის იძულებითი აღსრულება შეუძლებელი გახდა იმის გამო, რომ 2----–-–-------------ოს მხარეებს შორის გაფორმებული ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონებები არ წარმოდგენდა და არც ამჟამად წარმოადგენს მოვალის შპს ,,ს--------ს’’ საკუთრებას. ამდენად, კერძო აღმასრულებლის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 01 აგვისტოს განჩინება აღსრულებული იქნა გირავნობით უზრუნველყოფილი პირგასამტეხლოს გადახდევინების ნაწილში, ხოლო ძირითადი ვალდებულების - სააღსრულებო ფურცლის 1.1. მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის იძულებითი აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონება არ წარმოადგენდა და არც ამჟამად წარმოადგენს მოვალის საკუთრებას’’.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გადაწყვეტილება, ხელშეკრულებები, განჩინება, სააღსრულებო ფურცელი, ცნობა (ს.ფ. 56-61; 28-44; 45-51; 52-54; 55)

 

3.1.2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით №2--------- დ-----------------ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება №2--------- შესულია კანონიერ ძალაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განჩინებები (ს.ფ. 62-63; 64-66; )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 312 000 აშშ დოლარის გადახდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს, რომ ვინაიდან მოპასუხის მიერ შესრულებული არ არის 2----–-–-------------ოს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის - 312 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისთვის.

ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლო იზიარებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 28 სექტემბრის განჩინებაში (ს.ფ. 101-108) განვითარებულ მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სასარჩელო მოთხოვნა 2----–-–-------------ოს ნარდობის ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე არ წარმოადგენს ძირითად, პირველად მოთხოვნას, იმდენად რამდენადაც, სარჩელის მიზნის მიღწევა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადაცემული თანხის უკან დაბრუნება, არ არის დამოკიდებული აღნიშნული ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებაზე. ამასთან, სასამართლომ ის გარემოება, აქვს თუ არა მოსარჩელეს ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების ინტერესი, უნდა შეაფასოს როგორც მორიგების აქტის პირობების, ისე 2011 წლის 03 მაისის კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია იმის შესახებ, რომ მხარეთა შორის მორიგების დამტკიცებით შეწყდა მხარეთა შორის 2----–-–-------------ოს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებითი სამართლებრივი ურთიერთობა და მისი ადგილი დაიკავა მორიგების აქტიდან გამომდინარე მხარეთა უფლება-მოვალეობებმა (მოთხოვნებმა).

სასამართლო მიუთითებს, რომ იურიდიული ინტერესი არის ის ფაქტობრივი და სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევასაც ცდილობს მხარე აღიარებითი სარჩელის დაკმაყოფილებით. სხვა საკითხია იურიდიული შედეგის არსებობის ან არარსებობის დადგენის სურვილი. იურიდიული ინტერესის არსებობის დადგენისათვის უპირატესად უნდა გაირკვეს, გაუმჯობესდება თუ არა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა მისი აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში.

შესაბამისად, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნებიდან გამომდინარე, მოსარჩელის ნამდვილ იურიდიულ ინტერესს წარმოადგენს მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის - 312 000 აშშ დოლარი დაკისრება.

უდავოა, რომ 2----–-–-------------ოს მხარეებს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადებაზე, რომლის საფუძველზეც მოპასუხე მოსარჩელეს მიჰყიდიდა ქ. თბილისში გ------–---–ის ქუჩა 4---ში მშენებარე სახლის მესამე სართულზე 144 კვ.მ საცხოვრებელ ბინას, მეოთხე სართულზე 144 კვ.მ საცხოვრებელ ბინას და ორ ავტოფარეხს. ნასყიდობის საგნების მთლიანი ღირებულება განისაზღვრა 312 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარით, რომლის გადახდაც მოსარჩელეს უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების დადების დღეს. უძრავი ქონების ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მიხედვით ნასყიდობის საგანი ექსპლოატაციაში მიღებული უნდა ყოფილიყო და ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულება უნდა დადებულიყო არაუგვიანეს 2007 წლის იანვრისა. ასევე უდავოა მოპასუხის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობისა და აღნიშნული საფუძვლით მოსარჩელის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოსთვის მიმართვის ფაქტი.

ამასთანავე დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო წარმოებული დავის ფარგლებში, მხარეთა შორის 2008 წლის 01 აგვისტოს განჩინებით დამტკიცდა მორიგება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა გარკვეული პირობების შესრულება, თუმცა მოპასუხის მიერ ასევე არ იქნა შესრულებული მორიგებით ნაკისრი ვალდებულებები, რის გამოც მოსარჩელის მიმართვის საფუძველზე დაიწყო იძულებითი აღსრულება და ამ იძულებითი აღსრულების ფარგლებში მოსარჩელემ საკუთრებაში მიიღო გირავნობით უზრუნველყოფილი საგანი (იხ. წინამდებარე გადაწყვეტილების 3.1.1 პუნქტი).

გარდა აღნიშნულისა, დადგენილია, რომ მოსარჩელემ ასევე მიმართა სასამართლოს მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის - 312 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების თაობაზე მოთხოვნით. შესაბამისად, უდავოა მხარეთა შორის მიმდინარე დავის განხილვამდე ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების საფუძვლით დავის არსებობის ფაქტი.

დავის სამართლებრივი შეფასების მიზნებისთვის, სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმ გარემოებისა რომ მოსარჩელის მიერ ნაცვლად ზიანისა ანაზღაურებისა, მიმდინარე სარჩელით მოთხოვნილია მოპასუხისთვის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის - 312 000 აშშ დოლარის დაკისრება, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საკითხის გადასაწყვეტად არსებითია სწორედ ის გარემოება, მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე დ-----------------ის სასარგებლოდ ამხანაგობა ,,გ------–---–ში’’ შპს ,,ს----თიას’’ წილის გირავნობით უზრუნველყოფილი იქნა მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, თუ ასევე უზრუნველყოფილი იქნა ძირითადი ვალდებულებაც - ორი ბინის საკუთრებაში გადაცემაც. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნულის დადგენა მნიშვნელოვანია მიმდინარე დავის განხილვისთვის, ვინაიდან თუ დადგინდება, რომ მოსარჩელის მიერ მიღებული გირავნობის საგნით უზრუნველყოფილი იყო მორიგების აქტით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულებაც, აღნიშნული განაპირობებს მხარეთა მორიგების დამტკიცებამდე არსებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისთვის გადახდილი თანხის დაკისრების სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობას, ვინაიდან მხარეებმა მორიგების აქტის დამტკიცებით განსაზღვრეს შესასრულებელი ახალი უფლება-მოვალეობები და 2----–-–-------------ოს ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ვერ იქნება განხილული განყენებულად მხოლოდ ამ ხელშეკრულების ფარგლებში.

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ აღნიშნულ გარემოებებზე უკვე ნამსჯელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოდგენილი 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებაში და აღნიშნული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში. მოპასუხე მიუთითებს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე, როგორც მიმდინარე დავის განხილვისას პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე გადაწყვეტილებაზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.

ამავე კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად განსაზღვრულია, რომ მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობდნენ.

სასამართლო მიუთითებს, რომ წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ. თავად პრეიუდიციულ ფაქტებში იგულისხმება ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რომლებითაც განსაზღვრულია მხარეთა მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობით გათვალისწინებული უფლებები და ვალდებულებები, რაც საფუძვლად დაედო გადაწყვეტილების გამოტანას. პრეიუდიციულობის შემოწმების დროს მნიშვნელობა ენიჭება როგორც იმ პროცესუალურსამართლებრივ კრიტერიუმებს, რომლითაც განისაზღვრება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების ფორმალური მოთხოვნები, ასევე, ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივი გარემოების შინაარსს. მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სასამართლო გადაწყვეტილების მატერიალური კანონიერი ძალა, რომელიც უზრუნველყოფს გადაწყვეტილების საბოლოო ხასიათსა და სავალდებულობას არა მარტო კონკრეტული პროცესისათვის, არამედ მის ფარგლებს გარეთაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლიდან გამომდინარე (იხ. სუსგ №ას-824-790-2016, 23.12.2016წ).

წარმოდგენილია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2011 წლის 03 მაისის გადაწყვეტილება. აღნიშნული განჩინების 4.7. პუნქტში მითითებულია შემდეგი: ,,...ამდენად მართალია 1.5 პუნქტით განისაზღვრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების უზრუნველყოფა გირავნობის საგნით, თუმცა აქვე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დ-----------------ე შპს ,,ს--------ს’’ მიერ ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ნებისმიერ დროს, საკუთარი შეხედულებისამებრ უფლებამოსილი იყო გაეყიდა გირავნობის საგანი ან მიეღო იგი საკუთრებაში. ,,ვალდებულებებში’’ ცხადია მოიაზრება, როგორც ძირითადი ვალდებულება- ბინების გადაცემა, ასევე მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება - პიგასამტეხლო. შესაბამისად, გონივრული განსჯის მიღმაა მოსარჩელის მსჯელობა, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების გირავნობის საგნით უზრუნველყოფის პირობებში, ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის გარეშე დატოვების თაობაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატას დადგენილად მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 01 აგვისტოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობების შესაბამისად, დ-----------------ის სასარგებლოდ ამხანაგობა ,,გ------–---–ში’’ შპს ,,ს----თიას’’ წილის გირავნობით უზრუნველყოფილი იქნა არა მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, არამედ ასევე უზრუნველყოფილი იქნა ძირითადი ვალდებულებაც - ორი ბინის საკუთრებაში გადაცემა’’.

ამავე გადაწყვეტილების 4.9 პუნქტით სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიაჩნია, რომ მოგირავნე დ-----------------ის მოთხოვნა გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემით დაკმაყოფილებულ იქნა.

შესაბამისად, წარმოდგენილი სააპელაციო გადაწყვეტილებით, როგორც განსახილველი დავისთვის პრეიუდიციული ძალის მქონე გადაწყვეტილებით, დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები იმის თაობაზე, რომ გირავნობის საგნის გადაცემით მოსარჩელის მოთხოვნა - რომელიც გამომდინარეობდა მორიგების აქტიდან, დაკმაყოფილებულია. თავის მხრივ აღნიშნული მორიგების აქტი და 2008 წლის 01 აგვისტოს განჩინება წარმოადგენს მხარეთა შორის 2----–-–-------------ოს დადებული წინარე ხელშეკრულების ტრანსფორმაციულ სამართლებრივ აქტს. სწორედ ამ მორიგების პირობებით განსაზღვრეს მხარეებმა 2----–-–-------------ოს წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები ახლებურად. სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით და განჩინებით კი დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ ეკისრება 312 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 312 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

3.2.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მოთხოვნის ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელშიც და სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციაშიც მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს. სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ადენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს 2----–-–-------------ოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებიდან. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის უფლებების გათვალისწინებით, ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყების თარიღად რომც მივიჩნიოთ კერძო აღმასრულებლის მიერ ცნობის გაცემის თარიღი - 2011 წლის 08 თებერვალი, სასარჩელო მოთხოვნა მაინც ხანდაზმულია როგორც სამ წლიანი, ასევე ექვს წლიანი ვადის გათვალისწინებით.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიწყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეწყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტებო, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო.

ამასთან საკასაციო სასამართლოს განმარტებით (იხ. სუსგ, ას-344-329-2016), პირველი ელემენტის არსებობა (როდესაც არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე) გამორიცხავს მეორე ელემენტზე აპელირების საშუალებას (უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ).

სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 11 იანვარს. 2006 წლის 15 აგვისტოს წინარე ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ მოპასუხეს ვალდებულება ხელშეკრულების დადებისა და უძრავი ქონების გადაცემის შესახებ უნდა შეესრულებინა არაუგვიანეს 2007 წლის იანვრისა. დადგენილია მოპასუხის მიერ აღნიშნულ ვადაში ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი, რასაც მოჰყვა მოსარჩელის მიერ სარჩელის წარდგენა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2008 წლის 19 თებერვალს და აღნიშნული საქმის წარმოების მორიგებით დასრულება 2008 წლის 01 აგვისტოს განჩინებით. ამასთან, უდავოა, რომ მორიგების განჩინებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით, 2010 წლის 11 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი. 2011 წლის 08 თებერვალს კი კერძო აღმასრულებლის მიერ გაიცა ცნობა, რომლითაც მან მიუთითა სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ აღსრულების შესახებ.

ხანდაზმულობის ინსტიტუტის არსის და მნიშვნელობის გათვალისწინებით, სასამართლო მიუთითებს, რომ იდენტური ფაქტობრივი გარემოებების მითითების და მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად განსაზღვრული ნორმის ცვლილება ვერ განაპირობებს თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის არახანდაზმულად მიჩნევას. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ ისევ და ისევ მოსარჩელის ინტერესებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეუსრულებლობის საფუძვლით წარმოდგენილი ხანდაზმულობის ათვლის საწყის ვადად რომც განვსაზღვროთ კერძო აღმასრულებლის მიერ გაცემული ცნობის თარიღი - 2011 წლის 08 თებერვალი, წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა მასზე ხანდაზმულობის სამ წლიანი, ან თუნდაც ექვს წლიანი ვადის გავრცელების შემთხვევაშიც კი ხანდაზმულია. ამასთან, დავის სპეციფიკიდან გამომდინარე, სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს ხელშეკრულების დარღვევის საფუძვლით წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნაზე ხანდაზმულობის საერთო - ათ წლიანი, ან თუნდაც სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებისათვის დადგენილი საერთო ვადის გავრცელებას.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულიცაა, გარდა იმისა, რომ ის ასევე უსაფუძვლოა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 629-ე, 352-ე, 405-ე, 399-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ხელშეკრულები შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

ამავე კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

6.2. საქმის მასალების თანახმად, მოპასუხის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ფულადი ვალდებულების შესრულების შესახებ მოთხოვნით ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას, კერძოდ, მოსარჩელე მოითხოვს 2----–-–-------------ოს წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების შეწყვეტას და მოპაუხისთვის ამ ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი ნასყიდობის საგნის ღირებულების 312 000 აშშ დოლარის დაკისრებას.

სასამართლო მიუთითებს, რომ იმ საკითხის დადებითად გადაწყვეტა, საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას). სასამართლო მიუთითებს, რომ მიუხედავად იმისა, სახეზეა ხელშეკრულების შეუსრულებლობა, თუ არაჯეროვანი შესრულება, კანონმდებლობა მხარეს გარდა პირველადი მოთხოვნისა (ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება), ანიჭებს ასევე ხელშეკრულებიდან გასვლის (გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში - ხელშეკრულების შეწყვეტის) და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის უფლებას, თუმცა, ვინაიდან pacta sunt servanta-ს პრინციპი პრიორიტეტულია სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ამიტომ კანონი ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისთვის გარკვეულ წინაპირობებს აწესებს, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა იყოს ნამდვილი, მეორე მხარე უნდა არღვევდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებას და მოთხოვნის კრედიტორი კონტრაგენტს დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის გზით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობად უნდა აძლევდეს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმით დაცულია ხელშეკრულების შესრულების მიმართ მხარეთა ინტერესი. ხელშეკრულების შეუსრულებლობით დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმი შეიძლება, გათვალისწინებულ იქნას როგორც კანონით, ასევე მხარეთა შეთანხმებით, რა დროსაც, როგორც წესი, ადგილი აქვს დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახით წარმოშობილი დამატებითი ვალდებულებების არსებობას (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება ან სხვა). ვალდებულების არსებითი დარღვევისას ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობა და მხარეთათვის შესრულების დაბრუნება უნდა იქნეს განხილული, როგორც კანონით უპირობოდ დაცული უფლება, რომლის რეალიზაცია არ შეიძლება, იყოს დამოკიდებული დარღვევის მიმართ ამა თუ იმ სუბიექტურ თუ ობიექტურ ფაქტორზე. თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ შესრულების ვადის დადგომის შემდეგ მოვალის გაფრთხილება ან დამატებითი ვადის მიცემა ვალდებულების შესრულების თაობაზე, წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიზნებისათვის. ამდენად, ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა, თუმცა, ვადადარღვევა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა მას შემდეგ, რაც მოვალე ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის შემდეგ ვალდებულებას კვლავ არ შეასრულებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს დამატებითი ვადის მიცემისა ან გაფრთხილების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ნებისმიერ მხარეს შეუძლია, პატივსადები საფუძვლიდან გამომდინარე, უარი თქვას გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის დაუცველად. პატივსადებია საფუძველი, როცა ხელშეკრულების მომშლელ მხარეს კონკრეტული ვითარების მათ შორის, დაუძლეველი ძალისა და ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება შეთანხმებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისათვის დაწესებული ვადის გასვლამდე. თუ საფუძველი სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევაცაა, ხელშეკრულების მოშლა დასაშვებია მხოლოდ ნაკლოვანებათა აღმოფხვრისათვის დაწესებული ვადის უშედეგოდ გასვლის ან უშედეგო გაფრთხილების შემდეგ. შესაბამისად, გამოიყენება 405-ე მუხლის მე-2 ნაწილი.

ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ:

ა) აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;

ბ) ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას;

გ) განსაკუთრებული საფუძვლიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

ხელშეკრულების მოშლისათვის დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება არ არის აუცილებელი იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულების დარღვევა გამოიხატება განსაზღვრულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობით, კრედიტორი კი ურთიერთობის გაგრძელებას უკავშირებს ვალდებულების დროულ შესრულებას.

ხელშეკრულების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის შეწყვეტის თაობაზე წარმოდგენილი სარჩელი ემყარება სწორედ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ინტერესის არ არსებობას. თუმცა როგორც აღინიშნა, მოსარჩელის რეალური იურიდიული ინტერესი მდგომარეობს თანხის დაკისრებაში და, ამასთან, აღნიშნული მოთხოვნა არაა თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელის წინაპირობა, ვინაიდან მიმდინარე დავის სამართლებრივი შეფასება არ გამომდინარეობს მხოლოდ სადავოდ გამხდარი ხელშეკრულებიდან.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიერ თანხის დაკისრების საფუძვლიანობაზე მსჯელობისას მითითებულია სამოქალაქო სამართალში განმტკიცებული პრეიუდიციული ფაქტების მნიშვნელობაზე. წარმოდგენილი კანონიერი ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 30 ნოემბრის განჩინებით დადგენილი იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ მოგირავნის (მოსარჩელის) მიერ გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემით მიღებულია ის შესრულება სრულად, რაც განსაზღვრეს მხარეებმა მორიგების აქტით, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ სწორედ აღნიშნული მოთხოვნა განაპირობებდა მოსარჩელის რეალურ იურიდიულ ინტერესს.

დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება 312 000 აშშ დოლარის გადახდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

ამასთან, სასამართლო კვლავ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მხარებმა 2----–-–-------------ოს წინარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და ვალდებულებები ამ ხელშეკრულების დარღვევის და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შეუსრულებლობის შემდეგ, ხელახალი წესით განსაზღვრეს 2008 წლის 01 აგვისტოს განჩინებაში. აღნიშნული ფაქტი კი თავისთავად გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მხოლოდ მოსარჩელის მიერ მითითებული წინარე ხელშეკრულების ფარგლებში მსჯელობას.

სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ სამართლებრივი წესრიგის მიზანი იმის უზრუნველყოფაში მდგომარეობს, რომ გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად არ შეილახოს ვინმეს უფლება და პირიქით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე არ მოიპოვოს ვინმემ მატერიალური სიკეთე ან რაიმე უფლება.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან მოპასუხე სადავოდ ხდის ხანდაზმულობის საკითხს, არ არსებობს თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამოც.

 

7. საპროცესო ხარჯები

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 3 000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 79). სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში, თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლისა.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები უნდა გაუქმდეს (ს.ფ.128-132; 186-190).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. დ-----------------ის სარჩელი შპს ,,ს--------ს’’ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 24 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,ს--------ს" (ს/ნ 2--------) აეკრძალა:

3.1. უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქ. თბილისი, მ–----------------/მ----------------ის ქ. 8, ს/კ №0-------------------------, მისი კუთვნილი 615. კვ.მ. ფართის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

3.2. უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ა------------------, საოფისე ფართი №6, სართული 2, ფართი - 139.44 კვ.მ., ს/კ №0----------------------, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც მოპასუხე შპს ,,ს--------ს" (ს/ნ 2--------) აეკრძალა უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, მ–----------------/მ----------------ის ქ. №-, საკადასტრო კოდი №0-------------------------, სართული - 4, ბინა 30, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი