გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/27431-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
19 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - ს------------------–ი
წარმომადგენელი - ბ-----------–---–ი
მოპასუხე - ამხანაგობა ,,ბ---------------’’-ის დამფუძნებელი წევრები - ნ----------------, გე-–----–----–---–ი, ა-–---------–---–ი, ზ-------------–--ე
წარმომადგენელი - ნ--------------–---–ი/ზ-------------–--ის
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 57 600 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-16)
1.1.1. 2007 წლის 19 ივნისის №------ სანოტარო აქტით გე-–----–----–---–მა, ნ----------------მ, ა-–---------–---–მა და ზ-------------–--ემ დააფუძნეს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა სახელწოდებით - ,,ბ---------------’’;
1.1.2. ამხანაგობის მიზანს წარმოადგენდა ქ. თბილისში, ბ------------------------ში საცხოვრებელი სახლის აშენება;
1.1.3. ამხანაგობის წევრებმა - გე-–----–----–---–მა, ა-–---------–---–მა და ზ-------------–--ემ ამხანაგობაში შეიტანეს ქ. თბილისში, ბ------------------------ში (ს/კ 0---------------) მათ საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები, ხოლო ნ----------------მ ამხანაგობაში შენატანი განახორციელა არაფულადი სახით;
1.1.4. მასსა და ამხანაგობა ,,ბ---------------’’-ს შორის 2013 წლის 31 ივლისს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ამხანაგობას მისთვის 42 500 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ საკუთრებაში უნდა გადაეცა 50 კვ.მ კომერციული ფართი, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ბ-----------------------, პირველი სართული (ს/კ 0---------------);
1.1.5. ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მის მიერ სრულადაა გადახდილი ნასყიდობის საგნის საფასური;
1.1.6. მიუხედავად მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულებისა, მოპასუხეები, როგორც ამხანაგობა ,,ბ---------------’’-ის დამფუძნებელი წევრები, დღემდე ცდილობენ ხელი შეუშალონ უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციას;
1.1.7. აღნიშნულის გათვალისწინებით, მან მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საგანზე მესაკუთრედ ცნობის თაობაზე;
1.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით საქმეზე №--------- დაკმაყოფილდა მისი სარჩელი და იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ბ------------------------ში, მდებარე 50 კვ.მ კომერციული ფართის (ს/კ 0---------------) მესაკუთრედ;
1.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება მესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ არის შესული კანონიერ ძალაში, ვინაიდან მოპასუხემ ისარგებლა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებით, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სარჩელი რამდენიმე მოპასუხემ ცნო;
1.1.10. ამხანაგობა ,,ბ---------------’’-ს დასრულებული აქვს შენობა-ნაგებობის მშენებლობა, თუმცა იგი დღემდე მოკლებულია შესაძლებლობას კუთვნილ უძრავ ნივთზე დაირეგისტრიროს საკუთრების უფლება;
1.1.11. ვინაიდან მოპასუხეები წლების განმავლობაში არ აძლევდნენ მას უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საშუალებას, იგი მოკლებული იყო კუთვნილი უძრავი ქონებიდან - კომერციული ფართიდან მიეღო ეკონომიკური სარგებელი ყოველთვიური საიჯარო ქირის სახით;
1.1.12. მასსა და ამხანაგობას შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მას უძრავი ნივთი უნდა გადასცემოდა 2014 წელს. შესაბამისად, 2015 წლის 01 იანვრისთვის იგი უკვე რეგისტრირებული უნდა ყოფილიყო უძრავი ნივთის მესაკუთრედ და ამ დროიდან მას საშუალება ექნებოდა გაექირავებინა ფართი და ამ გზით მიეღო შემოსავალი;
1.1.13. 2018 წლის 6 სექტემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მის საკუთრებად განსაზღვრულ უძრავ ქონებაზე საიჯარო ქირა ყოველთვიურად შეფასდა 1 600 აშშ დოლარით. შესაბამისად, ბოლო სამი წლის განმავლობაში მისაღები ყოველთვიური საიჯარო ქირის დაჯამებით, ამ პერიოდის განმავლობაში მის მიერ უძრავი ქონების გაუქირავებლობიდან გამომდინარე მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 57 600 ლარს;
1.1.14. მოპასუხეებს, როგორც ამხანაგობა ,,ბ---------------’’-ის დამფუძნებელ წევრებს ეკისრებათ მისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 57 600 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ----------------მ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (ს.ფ. 102-109; 173-181).
შესაგებლის საფუძვლები:
2.1.1. 2007 წლის 19 ივნისს დაფუძნდა ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ბ---------------’’;
2.1.2. იმავე წლის ზაფხულის ბოლოს ქ. თ---–-----------მ, კერძოდ კი ძ---–-------–------------–----–----–------მა ჩამოართვა ამხანაგობა და მასთან დაკავშირებული მთელი დოკუმენტაცია;
2.1.3. 2007 წლის ოქტომბერში ქ. თბილისში, ბ-----------------------ში მდებარე შენობაში (ფართით 681 კვ.მ) მოხდა აფეთქება ბუნებრივი აირის გაჟონვის გამო, რის შედეგადაც შენობის ნაწილი დაინგრა, ნაწილი გახდა ავარიული მდგომარეობის. საჭირო გახდა შენობის სასწრაფო დემონტაჟი და იქ მცხოვრები მესაკუთრეების - 22 ოჯახის სხვა მისამართებზე ქირით გაყვანა. აღნიშნული კი თბილისის მერიის დაჟინებული მოთხოვნით დაევალა ამხანაგობა ,,ბ---------------’’-ს, მიუხედავად იმისა, რომ მათ იმ დროისთვის არ ჰქონდათ ასაშენებელი შენობის პროექტი და მშენებლობის ნებართვა;
2.1.4. მათ მიერ მისამართზე - ქ. თბილისში, ბ-----------------------ში მცხოვრები 22 ოჯახი გაყვანილი იქნა ქირით და წლების განმავლობაში მათ მიერ ხდებოდა ქირის თანხის გადახდა;
2.1.5. მშენებლობის პროექტი დამტკიცდა მოგვიანებით - 2012 წლის 31 ივლისს;
2.1.6. მშენებლობის დაგვიანების გამო, ასევე იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ამხანაგობა უზრუნველყოფდა ამ მისამართზე ადრე მაცხოვრებელი ოჯახების ყოველთვიური ქირის გადახდას წლების განმავლობაში, შემოსული თანხები არ იყო საკმარისი საცხოვრებელი კორპუსის დასასრულებლად და მშენებლობა მიმდინარეობდა ნელი ტემპით;
2.1.7. ნაცვლად პროექტით გათვალისწინებული 14 სართულისა, დღეისთვის აშენებულია საცხოვრებელი კორპუსის 12 სართული. საცხოვრებელი კორპუსის დასრულება იგეგმება 2019 წლის ბოლოს - 350-400 ათასი აშშ დოლარის წაგებით;
2.1.8. მიუხედავად საცხოვრებელ კორპუსში ამხანაგობა ,,ბ---------------’’-ისთვის შეხვედრილი სირთულეებისა, მათ მიერ მოსარჩელისთვის რამდენიმე წლის წინ იქნა გადაცემული 50 კვ.მ კომერციული ფართი და აღნიშნულ ფართზე მოსარჩელის საკუთრების უფლება მათი მხრიდან სადავო არ გამხდარა;
2.1.9. თბილისის სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივნისის გადაწყვეტილება არა მოსარჩელის უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ცნობის ნაწილში, არამედ მოპასუხეთათვის სასამართლოს ხარჯის დაკისრების ნაწილში;
2.1.10. მოსარჩელეს ნებისმიერ დროს შეუძლია წარადგინოს გადაწყვეტილება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლების რეგისტრაციისათვის. შესაბამისად, დაუსაბუთებელია წარმოდგენილი სარჩელი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, მით უფრო, რომ მოსარჩელის მიერ ზიანის ოდენობა ხელოვნურადაა გაზრდილი;
2.1.11. წარმოდგენილი სარჩელი უსაფუძვლოა იმის გათვალისწინებითაც, რომ ,,ბ---------------’’-სა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში ფულადი სახით მიღებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
2.2. მოპასუხე ზ-------------–--ემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (ს.ფ. 118-126).
შესაგებლის საფუძვლები:
2.2.1. მცდარია მოსარჩელის მითითება საცხოვრებელი კორპუსის დასრულების ფაქტის თაობაზე. საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა შეჩერებულია ფინანსური რესურსის არ არსებობის გამო და აღნიშნული ფაქტი ცნობილია მოსარჩელისთვისაც;
2.2.2. მოსარჩელე ფლობს და სარგებლობს იმ უძრავი ქონებით, რომელზე საკუთრების უფლების რეგისტრაციასაც ითხოვდა იგი სარჩელით;
2.2.3. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნით ვერ დგინდება საიჯარო ქირის ღირებულება იმ სადავო პერიოდზე, რომელსაც მოსარჩელე უთითებს მიუღებელი შემოსავლის პერიოდად, ვინაიდან საიჯარო ქირის ღირებულება ცვალებადია;
2.2.4. ხელშეკრულების თანახმად ამხანაგობას მოსარჩელისთვის უნდა გადაეცა უძრავი ქონება შავი კარკასის მდგომარეობაში, რაც განხორციელდა კიდეც. მოსარჩელის მიერ შავ კარკასულ მდგომარეობაში კომერციული ფართის გაქირავების ალბათობა კი ფაქტობრივად ნულის ტოლია;
2.2.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება იმის თაობაზე, თუ რა მდგომარეობა იყო ფართი სადავო პერიოდის თითოეულ ეტაპზე, როდის იქნა მიყვანილი არსებულ კონდიციამდე და რომელი წლის რომელ პერიოდში რა იქნებოდა მისი საიჯარო ღირებულება იმდროინდელი მდგომარეობის მიხედვით.
2.3. მოპასუხე ა-–---------–---–მა დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (ს.ფ.163-171).
შესაგებლის საფუძვლები:
2.3.1. უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან ამხანაგობა ,,ბ---------------’’-სა და მოსარჩელეს შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა საჯარო რეესტრში მესაკუთრედ რეგისტრაციის დაგვიანების შემთხვევაში ფულადი სახით მიღებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას;
2.3.2. ამხანაგობა ,,ბ---------------’’-ის სახელით მოქმედების ყველა უფლება და ვალდებულება დაკირებული ჰქონდა თავმჯდომარეს - ნ---------------ს. სხვა დამფუძნებლებს მესამე პირებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესში მონაწილეობა არ მიუღიათ.
2.4. მოპასუხე ს------------------–ს შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2007 წლის 19 ივნისს სანოტარო წესით გაფორმდა ხელშეკრულება (სანოტარო აქტი №------) ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ბ---------------’’-ის დაფუძნების შესახებ, რომლის თანახმადაც, ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,ბ---------------’’-ის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენენ: გე-–----–----–---–ი, ა-–---------–---–ი, ზ-------------–--ე და ნ----------------.
ხელშეკრულების 5.1. პუნქტის თანახმად განისაზღვრა, რომ ამხანაგობის მმართველობის ორგანოა დამფუძნებელთა კრება და ამხანაგობის თავმჯდომარე. დამფუძნებლები შეთანხმდნენ რომ ამხანაგობას გაუძღვება ამხანაგობის თავმჯდომარე. ამხანაგობის თავმჯდომარედ დამფუძნებლებმა აირჩიეს ნ---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 17-25)
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილებით საქმეზე №--------- ს------------------–ის სარჩელი დაკმაყოფილდა. იგი ცნობილ იქნა უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, ვ. ბ------------------------ში, საკადასტრო კოდით №0--------------- მდებარე საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე განთავსებული 50 კვ.მ კომერციული ფართის (აზომვით ნახაზზე ლურჯი ფერით შეფერილი ფართი) მესაკუთრედ.
აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
,,3.1.1. 2013 წლის 31 ივლისს, ს------------------–სა და ამხანაგობა ,,ბ---------------’’-ს შორის დაიდო გარიგება, რომლის შესაბამისადაც ს------------------–მა აიღო ვალდებულება გადაეხადა 42 500 აშშ დოლარი. ამხანაგობამ იკისრა ვალდებულება აეშენებინა და საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, ბ------------------------ში (საკადასტრო კოდით №0---------------) არსებული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე 50 კვ.მ კომერციული ფართი.
3.1.2. ს------------------–ს 2013 წლის 31 ივლისის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვს, გადახდილია ნასყიდობის საფასური 42 500 აშშ დოლარის ოდენობით, ამასთან, ფლობს და სარგებლობს სადავო ფართით’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადაწყვეტილება, სანოტარო აქტი (ს.ფ. 31-37; 26-30)
3.1.3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 14 დეკემბრის განჩინებით №----------, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 04 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №--------- უძრავ ქონებაზე მესაკუთრედ ს------------------–ის ცნობის ნაწილში დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განჩინება (ს.ფ. 234-238)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრებათ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 57 600 ლარის ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრება. მოპასუხეებმა მიუთითეს წარმოდგენილი სარჩელის უსაფუძვლობაზე. შესაბამისად მთავარ სადავო გარემოებას, წარმოადგენს იმის დადგენა სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე ეკისრებათ თუ არა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება. ამასთან, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო უპირველესად მსჯელობს მითითებული ზიანის ოდენობის საფუძვლიანობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
..დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მოსარჩელის მიერ მიუღებელი შემოსავლის ოდენობის დასადგენად წარმოდგენილია 2018 წლის 06 სექტემბრის უძრავ/მოძრავი ქონების შემფასებლის - გ----------------ის დასკვნა (ს.ფ. 39-49), რომლის თანახმადაც, შემფასებელმა მიიჩნია, რომ შეფასების ობიექტის ერთი თვის საბაზრო იჯარის ღირებულება 2018 წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით შეიძლება განისაზღვროს 1 კვ.მ 32 ლარად, ჯამში კი 1 600 ლარად.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ არც ერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არც ერთ მტკიცებულებას არა აქვს, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის, რაც იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ მტკიცებულების მნიშვნელობა წინასწარ არ არის განსაზღვრული და მისი ძალა და მნიშვნელობა სასამართლოს შეფასებაზეა დამოკიდებული.
მტკიცებულებათა შეფასების დროს მხარეებს უფლება აქვთ, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მტკიცებულებების სარწმუნოობა, თუმცა საბოლოოდ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს სასამართლო.
სასამართლოს მიერ ექსპერტიზის დასკვნის შეფასება გულისხმობს თავდაპირველად ექსპერტიზის დასკვნის შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ, საქმე №ას-535-501-2017). ამასთან, ექსპერტიზის დასკვნის შეფასებისას (იმდენად, რამდენადაც იგი სპეციალური ცოდნით აღჭურვილი პირის კომპეტენციას ეფუძნება), ყურადღება უნდა მიექცეს რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: გამოსაკვლევად მიწოდებულ მასალას, მის კვლევით ნაწილს, რადგან სწორედ კვლევითი ნაწილია ასახული საბოლოო დასკვნაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-406-383-2014). ამასთანავე, ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში (იხ. სუსგ, საქმე №ას-633-966-07).
სასამართლო მიუთითებს, რომ შეფასების აღნიშნული სტანდარტი ვრცელდება ასევე აუდიტის დასკვნის, როგორც მტკიცებულების შეფასებისასაც.
აღნიშნული დასკვნის შეფასებისას სასამართლო უპირველესად ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მიუთითებს გასული სამი წლის განმავლობაში საიჯარო ქონების გაქირავების შესაძლებლობაზე. წარმოდგენილი დასკვნა კი ერთმნიშვნელოვნად აფასებს უძრავი ქონების საბაზრო საიჯარო ღირებულებას 2018 წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით. ამასთან, წარმოდგენილი დასკვნით დასტურდება, რომ შეფასების დროს საიჯარო ფართში ჩატარებულია რემონტი. სასამართლოსთვის კი უცნობია და მოსარჩელე არ უთითებს ფაქტობრივ გარემოებებში იმ დროიდან არის თუ არა ფართში რემონტი ჩატარებული რა დროიდანაც იგი მოიაზრებს უძრავი ქონებიდან მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის დაკისრებას მოპასუხეთათვის.
ამასთანავე, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმის თაობაზე, რომ საიჯარო ქირა სხვადასხვა პერიოდში განისაზღვრება სხვადასხვა ფასით რაც არ არის ასახული წარმოდგენილ დასკვნაში. აღნიშნული კი მიუთითებს წარმოდგენილი შეფასების საკვლევი ნაწილის ნაკლოვანებაზე, ვინაიდან, იგი შეიცავს მითითებას მხოლოდ შეფასების დროს არსებულ საბაზრო ფასზე და არა იმ დროზე და პერიოდებზე, რომლებსაც უკავშირდება მოსარჩელის ინტერესი.
შესაბამისად, წარმოდგენილი შეფასების თანახმად, სასამართლო ვერ მიიჩნევს დადასტურებულად, რომ მოსარჩელის პოზიციის გაზიარების და მოპასუხეთათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე მოთხოვნის საფუძვლიანობის დადასტურების შემთხვევაშიც კი ზიანი განისაზღვრება მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით.
გარდა იმისა, რომ მოსარჩელემ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა მითითებული ოდენობით ზიანის არსებობის ფაქტი, არსებითია სწორედ ის გარემოება, რომ მოცემული ფაქტობრივი გარემოებები არ განაპირობებენ მოპასუხეთათვის ზოგადად მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრების ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალიც, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. ამასთან, მიუღებელი შემოსავლის გამოვლენისათვის მნიშვნელოვანია კუმულატიური ხასიათის ელემენტებით შემდგარი ზიანის გამოვლენა და დადგენა. კერძოდ, ეს ელემენტებია: 1) ქმედება 2) მართლწინააღმდეგობა, 3) დამდგარი ზიანი, 4) მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის და 5) ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა).
მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა (იხ. სუსგ საქმე Nას-191-183-2016). შესაბამისად, მიუღებელი შემოსავლის დაკისრებისთვის აუცილებელ კუმულატიურ კრიტერიუმთა მოცემულობაში, მოსარჩელეს ევალება ზიანის არსებობის ფაქტის დადასტურების მტკიცების ტვირთი.
განსახილველ შემთხვევაში, გარდა იმისა რომ მოსარჩელეზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში არ დადასტურდა ზიანის, როგორც ზოგადად, ასევე უშუალოდ მითითებული ოდენობით არსებობის ფაქტი, ასევე არ დასტურდება მიზეზობრივი კავშირის არსებობა.
მოსარჩელემ ფაქტობრივ გარემოებებში მიუთითა, რომ ხელშეკრულების დადების შემდგომ უძრავ ქონებაზე მისი საკუთრების უფლების აღრიცხვას საჯარო რეესტრში ხელს უშლიდნენ მოპასუხეები, თუმცა წარმოდგენილი არ არის აღნიშნულის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების საპირისპიროდ კი წარმოდგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 4 ივლისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 31-37) მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, რომლის შესაბამისადაც დასტურდება, რომ მესაკუთრედ ცნობის თაობაზე წარდგენილი სარჩელი მოპასუხეებმა დისპოზიციურობის პრინციპის გათვალისწინებით ცნეს, რაც გახდა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი. ამასთანავე, აღნიშნული გადაწყვეტილებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ფლობდა და სარგებლობდა სადავო ფართით. აღნიშნული გადაწყვეტილება მესაკუთრედ ცნობის ნაწილში არც გასაჩივრებულა სააპელაციო წესით მოპასუხეთა მიერ, რაც ფაქტობრივად უსაფუძვლოს ხდის მოსარჩელის მითითებას იმის თაობაზე, რომ იგი ამჟამადაც ვერ ახერხებს უძრავი ქონების დარეგისტრირებას. ამასთანავე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ წარმოდგენილი ხელშეკრულების (ს.ფ. 26-30) 2.1 პუნქტის თანახმად, ამხანაგობას უძრავი ქონება მოსარჩელისთვის უნდა გადაეცა არაუგვიანეს 2014 წლისა. შესაბამისად, საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელშეშლის თაობაზე მოსარჩელის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი ცხადი ხდება, რომ ხელშეკრულების საფუძველზე მესაკუთრედ ცნობის უფლება მას წარმოეშვა აღნიშნული დავის საგნით სარჩელის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენამდე გაცილებით ადრეც და მას აღნიშნული არ განუხორციელებია და იგი მხოლოდ მიმდინარე სარჩელით ითხოვს 2015 წლის 01 იანვრიდან მიუღებელი შემოსავლის სახით საიჯარო ქირის ღირებულების დაკისრებას მოპასუხეთათვის.
ამასთანავე, საყურადღებოა, რომ აღნიშნული გარემოებების არ არსებობის პირობებშიც კი არ დასტურდება მიუღებელი შემოსავლის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა.
ცხადია, სამოქალაქო კანონმდებლობით განმტკიცებული ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპის ფარგლებში არ არის გამორიცხული, რომ მოსარჩელეს მართლაც მთელი მითითებული პერიოდის გაექირავებინა საიჯარო ფართი სხვა მესამე პირზე, თუმცა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობაზე მსჯელობისას უმთავრესია ის, რომ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელია ზიანი მოვალისთვის იყოს წინასწარ სავარაუდო. განსახილველ შემთხვევაში კი საქმის მასალებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხისთვის შეიძლებოდა სავარაუდო ყოფილიყო მოსარჩელისთვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მიყენების ფაქტი. მხოლოდ ის გარემოება, რომ მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს კომერციული ფართი, არ განსაზღვრავს მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის მოპასუხეთათვის სავარუდოობას. საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება, ის გარემოება, რომ მითითებულ პერიოდში მოსარჩელე უცილობლად და უწვეტად შეძლებდა ამ ფართის გაქირავებას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრებათ მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის - 57 600 ლარის ანაზღაურება.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 477-ე, 394-ე, 408-ე, 409-ე, 411-ე, 412-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია 2013 წლის 31 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.
6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).
წარმოდგენილი სარჩელი ემყარება მოპასუხეთათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას, კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად კი ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. ამდენად, მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის არის გათვალიწინებული. ზემოთ მოყვანილი ნორმა, სწორედ ამ მოსაზრებას განამტკიცებს. ამიტომ მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე, მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ,,წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს.
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ, საქმე №ას-307-291-2011).
სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი გარემოებებით არ დგინდებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობა, რის გამოც არ იქნა გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია იმასთან მიმართებით, რომ მას მიადგა ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1 728 ლარი (ს.ფ. 60) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სსკოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების (ს.ფ. 77-80) უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს------------------–ის სარჩელი ამხანაგობა "ბ----------------ის" დამფუძნებელი წევრების - ნ----------------ს, გე-–----–----–---–ის, ა-–---------–---–ის და ზ-------------–--ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 27 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო ქ. თ---–--–--------------------------, საკადასტრო კოდი №0----------------ში თანასაკუთრებაში არსებულ ამხანაგობა ,--------------------ის კუთვნილ წილს;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი