გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/2241-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
18 მარტი, 2019 წელი თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - ანი ჯაჭვაძე
მოსარჩელე - ლ--------------–---–ი
წარმომადგენლები - ნ------------–---–ი, ვ---------–----ე, ე------------------–---–ი
მოპასუხე - მ------------–---–ი
წარმომადგენლები - თ--------------ე, მ--------------–---ა
დავის საგანი - ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი ლ--------------–---–სა და მ------------–---–ს შორის 2013 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულება, კერძოდ, მესამე პუნქტის მინაწერი ,,40 000 ლარი“ და 2013 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულების დანართი სრულად (იხ. განცხადება სასარჩელო მოთხოვნის და მოპასუხის დაზუსტების თაობაზე, ს.ფ. 296);
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2012 წლის 25 ივლისს საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში ბრალდების გამო მოხდა მოსარჩელის დაპატიმრება. 2013 წლის 15 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და იმავე დღეს გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან. 2013 წლის 2 ოქტომბრის თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის განაჩენი; ვინაიდან ლ--------------–---–ი 2012 წლის 25 ივლისიდან 2013 წლის 15 აპრილამდე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში, რითაც მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი, მან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით 2013 წლის 1 ნოემბერს მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისთვის მორალური ზიანის სახით 5 000 000 ლარის, ხოლო მატერიალური ზიანის სახით 228 300 ლარის დაკისრება. 2014 წლის 4 თებერვლის თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ლ--------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ს----------–------------------------------ას დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 6000 ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა; თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინებით უცვლელად დარჩა 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება. გადაწყვეტილება გაასაჩივრა ორივე მხარემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ--------------–---–ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განჩინება მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ--------------–---–ის სარჩელი მთავარი პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა და მას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანი 228 300 ლარის ოდენობით, რაც გაასაჩივრა მოპასუხე მხარემ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, მთავარ პროკურატურას ლ--------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანი 33 700 ლარის ანაზღაურება.
ლ--------------–---–ს იურიდიულ დახმარებას 2013 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულების საფუძველზე უწევდა ადვოკატი - მ-------------–---–ი. იმის გამო, რომ მოსარჩელის ოჯახი იყო სოციალურად დაუცველი, ამასთან შეზღუდული შესაძლებლობის პირი და არანაირი მატერიალური საშუალება აღარ გააჩნდა ადვოკატის მომსახურებისთვის, მ------------–---–მა შესთავაზა ხელშეკრულების გაფორმება შემდეგი პირობებით: ადვოკატი მოუმზადებდა სარჩელს, ყველა ინსტანციაში გაუწევდა მას იურიდიულ დახმარებას, ხოლო საქმეზე დადებითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში გადაუხდიდა მას ზიანის ანაზღაურებიდან მიღებული თანხის 10 პროცენტს საადვოკატო მომსახურებისათვის. ამასთან, მოსარჩელემ ადვოკატს გადაუხადა ერთჯერადად 200 ლარი.
ლ--------------–---–ის მიერ ხელმოწერილ სამართლებრივი დახმარების შესახებ 2013 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულებაში არ ყოფილა შეთანხმება, რომ ის ადვოკატს გადაუხდიდა ჰონორარს 40 000 ლარის ოდენობით, ამიტომ, ხელშეკრულების 3.1. პუნქტში ,,ჰონორარის“ გრაფაში არის გასმული ტირე, ხოლო თანხა ჩაწერილია მოგვიანებით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე მ-------------–---–მა სარჩელზე წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავო პუნქტისა და დანართის სიყალბის თაობაზე არ შეესაბამება სინამდვილეს და არ დასტურდება სასარჩელო განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით. გარდა ამისა, ხელშეკრულების შესაბამისი მინაწერისა და დანართის არსებობა განაპირობა მხარეების მიერ გამოვლენილმა ორმხრივმა გაცნობიერებულმა ნებამ, რაც დადასტურებულია მხარეთა ხელმოწერით; შესაბამისად სადავო პუნქტი და დანართი აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და არ არსებობს მათი ბათილობის საფუძველი.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის დეტალურ ინფორმირებას სადავო პუნქტისა და დანართის შინაარსზე, რაც გამორიცხავს ამ უკანასკნელის მოტყუების ფაქტს, ასევე ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, სადაც აღნიშნულია იურიდიული მომსახურების გასამრჯელოს ოდენობა, თავად ლ--------------–---–მა დაურთო მის მიერ წარდგენილ ადმინისტრაციულ სარჩელს და თავადვე იშუამდგომლა ამ თანხის მოპასუხისთვის დაკისრება; ხოლო რაც შეეხება დანართს, იმ პირობებში როდესაც მას გააჩნდა მოსარჩელის მიერ გაცემული მინდობილობა, რაც უფლებას აძლევდა მარწმუნებლის სახელით განეხორციელებინა ნებისმიერი ქმედება და მათ შორის ინფორმაციის გამოთხოვა, დაუსაბუთებელია ლ--------------–---–ის მითითება, თითქოსდა მოპასუხემ გამოიყენა ამ უკანასკნელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი და შექმნა ყალბი დანართი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2013 წლის 15 აპრილის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის განაჩენით ლ--------------–---–ი ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში. მოსარჩელე განთავისუფლდა სხდომის დარბაზიდან;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენით უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2013 წლის 15 აპრილის განაჩენი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განაჩენი (ს.ფ. 178-192);
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი (ს.ფ. 193-200);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
3.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ--------------–---–ის სარჩელი მოპასუხე - ს----------–-------------------------------ის წინააღმდეგ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ს----------–------------------------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება 6000 ლარის ოდენობით, ხოლო მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ივნისის განჩინებით ს----------–-------------------------------ისა და ლ--------------–---–ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება; საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კასატორ ლ--------------–---–ის საკასაციო საჩივარი, გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განჩინება მატერიალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ლ--------------–---–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ--------------–---–ის სარჩელი მთავარი პროკურატურისთვის მატერიალური ზიანის მოთხოვნის ნაწილში დაკმაყოფილდა: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა მატერიალური ზიანის ანაზღაურება 228 300 ლარის ოდენობით. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, კასატორის _ ს----------–------------------------------ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ლ--------------–---–ის სასარგებლოდ მოპასუხეს დაეკისრა 33 700 ლარის ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-35);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განჩინება (ს.ფ. 201-212);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინება (ს.ფ. 163-177);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 138-150);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 151-162);
3.1.3. ზემოხსენებულ, გადაწყვეტილების 3.1.1. და 3.1.2. პუნქტებში მითითებულ სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული დავების განხილვის პროცესში მოპასუხე მ------------–---–ი, როგორც ადვოკატი იცავდა და წარმოადგენდა ლ--------------–---–ის (კლიენტის) ინტერესებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 აპრილის განაჩენი (ს.ფ. 178-192);
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 2 ოქტომბრის განაჩენი (ს.ფ. 193-200);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-35);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განჩინება (ს.ფ. 201-212);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 4 ივნისის განჩინება (ს.ფ. 163-177);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 ოქტომბრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 138-150);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
3.1.4. ლ--------------–---–სა (კლიენტს) და მ------------–---–ს (ადვოკატს) შორის 2013 წლის 6 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ;
ხელშეკრულების საფუძველზე, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ს----------–-------------------------------ის წინააღმდეგ ლ--------------–---–ის მიერ ინიცირებული ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, მოსარჩელე მოპასუხე - ს----------–-------------------------------ისაგან ითხოვდა მის მიერ კანონიერი წარმომადგენლების მიმართ გაწეული ხარჯების _ 60 000 ლარის ანაზღაურებას, რაც პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა, იმ არგუმენტაციით რომ საქმის მასალებში არ მოიპოვებოდა მოსარჩელის მიერ მითითებული ოდენობით გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ (ს.ფ. 135-136);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-35);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განჩინება (ს.ფ. 201-212);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
ამდენად, სადავო გარემოებების დადგენისას სასამართლო მსჯელობს საქმეში წარმოდგენილ მხარეთა განმარტებებზე, წერილობითი დოკუმენტებსა და სხვა მტკიცებულებებზე ერთობლიობაში, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ერთობლიობაში გაანალიზების შედეგად წყვეტს, სარწმუნოდ მიიჩნიოს თუ არა ამა თუ იმ ფაქტის არსებობა.
3.2.1. სასამართლომ მიიჩნია, რომ 2013 წლის 6 აგვისტოს სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების 3.1. პუნქტის სადავო მინაწერის და 28 ოქტომბერს ამავე ხელშეკრულების დანართის შედგენისას მოპასუხის (ადვოკატის) მხრიდან მოსარჩელის (კლიენტის) მოტყუებისა და მისი ნდობის ბოროტად გამოყენების ფაქტს ადგილი არ ქონია.
მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სსკ-ის 81-ე მუხლი (ნორმის დეფინიცია იხილეთ წინამდებარე განჩინების 6.3. პუნქტში). კანონის მითითებული დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება.
მოტყუებასა და გარიგების დადებას შორის მიზეზობრივი კავშირის, განზრახვის, ისევე, როგორც მართლწინააღმდეგობის ცალკეული წინაპირობების მტკიცების ტვირთი მოტყუებულს, ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს აწევს. საწინააღმდეგოს დადასტურებამდე კი ივარაუდება, რომ გარიგება (სადავო პუნქტი და დანართი) დადებულია მხარეთა ურთიერთშესატყვისი და თავისუფალი ნების გამოვლენით.
სასამართლოს შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში, გარდა მოსარჩელის განმარტებისა, საქმეში არ მოიპოვება რაიმე სახის პირდაპირი მტკიცებულება, რაც ხელშეკრულების სადავო პუნქტის მინაწერისა და დანართის შედგენისას მოპასუხის მხრიდან მოსარჩელისათვის არასწორი ან არასრული ინფორმაციის მიწოდების ფაქტს დაადასტურებდა. მხოლოდ მოსარჩელის განმარტება კი, სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისთვის, სასამართლოს არასაკმარისად მიაჩნია, ვინაიდან მხარეთა ახსნა-განმარტება თანაბარი იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებებია და მათ შორის წინააღმდეგობის არსებობისას დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები მხოლოდ სხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით შეიძლება დადგინდეს.
სადავო გარემოების დადგენის თვალსაზრისით, უპირველეს ყოვლისა, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მხარის პოზიიციის მართებულობა, თითქოსდა ლ--------------–---–ისათვის 2017 წლის სექტემბრამდე უცნობი იყო, მ------------–---–ის მიერ სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულებაზე განხორციელებული მინაწერისა და სადავო დანართის თაობაზე (იხ. სარჩელის მე-12 ფაქტობრივი გარემოება) არ დასტურდება და წინააღმდეგობაში მოდის თავად მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელზე თანდართულ მტკიცებულებებთან. კერძოდ, საქმის მასალებით _ ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოში, ზიანის ანაზღაურების თაობაზე ლ--------------–---–ის მიერ ინიცირებული ადმინისრაციული დავის ფარგლებში წარდგენილი სარჩელის დანართით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებითა და სხდომის ოქმებით, ცალსახად დასტურდება როგორც მხარის ინფორმირებულობა ასევე მისი ნების შესაბამისობა, ხელშეკრულების 3.1. პუნქტით განსაზღვრულ ადვოკატის გასამრჯელოსთან მიმართებით განხორციელებულ მინაწერთან დაკავშირებით, რამდენადაც სწორედ აღნიშნულ პუნქტზე აპელირებით ითხოვდა მოსარჩელე ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, პროცესუალური მოწინააღმდეგისაგან - ს----------–-------------------------------ისაგან, კანონიერი წარმომადგენლების მიმართ, მათ შორის მ------------–---–ის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის _ 40 000 ლარის ანაზღაურებას.
მოსარჩელე მხარის განმარტება, რომ სადავო მინაწერი ხელშეკრულების 3.1 პუნქტში მოპასუხის მიერ განხორციელდა თვითნებურად, მოწინააღმდეგე მხარისაგან თანხის ამოღების მიზნით, სასამართლოს მოსაზრებით ასევე ვერ ჩაითვლება, მისი პოზიციის სასარგებლო და გარიგების მოტყუებით დადებულად მიჩნევის საკმარის საფუძვლად, ვინაიდან ერთი რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისი დანაწესი არ ეხება მხარეთა შორის არსებულ სახელშეკრულებო ურთიერთობას იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე და იგი მხოლოდ განსაზღვრავს მაქსიმალურ ოდენობას, რომლის ფარგლებშიც შეიძლება სასამართლომ დააკისროს წაგებულ მხარეს მეორე მხარის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება; და მეორეც, სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესის თანახმად, ნდობასა და მოტყუებაზე მითითების უფლება არა აქვს მხარეს, რომელიც თავადაც იტყუება.
მოსარჩელე მხარე საკუთარი პოზიციის გასამყარებლად ასევე უთითებს, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის თანახმადაც:
1. გადაწყვეტა საკითხისა, გამოსაკვლევად წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე სამართლებრივი დახმარების შესახებ (დათარიღებული 06.08.2013 წლით) რა იყო შესრულებული თავდაპირველად, ჯერ ჩანაწერი ,,40 000 ლარი“ და შემდგომში იქნა დაბეჭდილი ტექსტი თუ პირიქით და ხელშეკრულების დანართზე (დათარიღებული 28.10.2013 წლით), ჯერ შესრულდა ხელმოწერა და შემდგომში შესრულდა დანარჩენი ხელნაწერი ტექსტი თუ პირიქით, შეუძლებელია, ვინაიდან არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა შტრიხების დატანის თანმიმდევრობის დადგენის შესახებ, რომელიც არ კვეთს ერთმანეთს. ასევე არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული მეთოდიკა პრინტერზე ნაბეჭდი ტექსტის და საწერი საშუალებით შესრულებული ხელნაწერი ტექსტის ხანდაზმულობის დადგენის შესახებ.
2. დადგენა იმისა გამოსაკვლევად წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე სამართლებრივი დახმარების შესახებ (დათარიღებული 06.08.13წლით) უკანა მხარის ქვედა ნაწილში რა იყო შესრულებული თავდაპირველად, გამოსაკვლევი "ლ----------–---–ის" გვარით ხელმოწერა და შემდგომ ჩანაწერი "ლ----------–" თუ პირიქით შეუძლებელია, ვინაიდან გადაკვეთის ადგილების დასკანერებისას დანადგარი გადაკვეთის ადგილებზე არ იძლევა რაიმე ერთმნიშვნელოვან სურათს.
3.გამოსაკვლევად წარმოდგენილი ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ (დათარიღებული 06.08.13წლით) გადაღებულია გასამრავლებელ აპარატზე სხვა რომელიმე ანალოგიური სახის ხელშეკრულებიდან. იმ ხელშეკრულებაზე რომლიდანაც გადაღებულია გამოსაკვლევი ხელშეკრულება, სახით მხარეზე მარჯვენა და მარცხენა ზედა ნაწილებში გამოსაკვლევ ხელშეკრულებაზე ამჟამად არსებული ჩანაწერების: "ქ------–-----------------", ასევე გრაფის "მეორეს მხრივ მოქალაქე" გასწვრივ არსებული ჩანაწერის: "2.ლ--------------–---–ი" ადგილებზე, გრაფა "2.1"-ის მეორე სტრიქონზე და გრაფაში "3.1" ამჟამად არსებული ნიშანი "_" განთავსების ადგილებზე აღინიშნებოდა ხელნაწერი ტექსტი, რომელიც წარმოდგენილი ხელშეკრულების ასლის გადაღებამდე წაშლილი იყო და შემდგომში მოხდა გამოსაკვლევი ხელშეკრულების ასლის გადაღება.
4. გამოსაკვლევად წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე სამართლებრივი დახმარების შესახებ (დათარიღებული 06.08.13წლით) უკანა მხარის ქვედა ნაწილში და ასევე ხელშეკრულების დანართზე (დათარიღებული 28.10.2013 წლით) განთავსებული "ლ----------–---–ის" გვარით შესრულებული ხელმოწერები არ არის შესრულებული იმ საწერი საშუალებით, რომლითაც შესრულებულია ამავე საბუთზე არსებული დანარჩენი ხელნაწერი ტექსტი და ხელმოწერები.
5.გამოსაკვლევად წარმოდგენილ ხელშეკრულების დანართზე (დათარიღებული 28.10.2013 წლით) მე-11 სტრიქონზე არსებული ციფრობრივი ჩანაწერი "40000" და ასევე მე-13 სტრიქონზე ჩანაწერი "10%-ს" მიწერილია შემდგომში, თავდაპირველად მითითებულ ადგილზე იყო მრავალწერტილები (...), ხოლო ჩანაწერის "10%-ს" წინ მდგარ სიტყვაში "თანხიდან" თავდაპირველად იყო სიტყვა "თანხის" რომელზეც შემდგომში მოხდა ცვლილება, კერძოდ ასოები "დან" მიწერილია შემდგომში.
6.გამოსაკვლევად წარმოდგენილ ხელშეკრულების დანართზე (დათარიღებული 28.10.2013 წლით) მე-17 სტრიქონზე, ბოლო სიტყვები "და სხვა" მიწერილია შემდგომში. აღნისნულ სტრიქონზე თავდაპირველად იყო ჩანაწერები "...და სარჩელის მომზადების დროს".
ამდენად, მოსარჩელე მხარის არგუმენტაციას, მოპასუხის მიერ დანართისა და ხელშეკრულებაში მინაწერის გაყალბების თაობაზე, ასევე ვერ ამყარებს, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე საგამოძიებო ორგანოდან გამოთხოვილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- ტექნიკური ექსპერტიზის ზემოხსენებული დასკვნაც, ვინაიდან ის გარემოებები რომლებზეც მითითებულია დასკვნის მე-5 პუნქტში, სასამართლოს შეფასებით, არასაკმარისი მტკიცებულებაა დოკუმენტის გაყალბების ფაქტის დასადასტურებლად.
სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოპასუხის მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული მისი ნდობა, ასევე მოკლებულია როგორც ფაქტობრივ ისე სამართლებრივ დასაბუთებას, ვინაიდან სწორედ მოსარჩელეს მართებდა 55-ე მუხლით (ნორმის დეფინიცია იხილეთ წინამდებარე განჩინების 6.4. პუნქტში) გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც მან განსახილველი დავის ფარგლებში ვერ უზრუნველყო. ის გარემოება რომ მხარეთა შორის ხელშეკრულებისა და მისი დანართის გაფორმებამდე და შემდგომშიც არსებობდა განსაკუთრებულ ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობა სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, თუმცა მოპასუხემ რომ ისარგებლა მოსარჩელის განსაკუთრებული ნდობით და ბოროტად გამოიყენა საკუთარი გავლენა, არ დასტურდება და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებათა ანალიზიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის მქონე მოსარჩელე მხარემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა სსკ-ის 81-ე და 55-ე მუხლებით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის წანამძღვრების არსებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 6 აგვისტოს ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ (ს.ფ. 135-136);
- ხელშეკრულების დანართი (ს.ფ. 137);
- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 335-352);
- სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე (ს.ფ.36-52);
- სასამართლო სხდომის ოქმები (ს.ფ. 53-139, 380, 384, 385);
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-35);
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 20 ივნისის განჩინება (ს.ფ. 201-212);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს სხდომის ოქმები);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ--------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 55-ე, 81-82-ე, 317-ე, 327-ე, 342-ე, 346-ე, 709-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებელი განამტკიცებს რა ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.
სსკ-ის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული/მინდობილი ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთია მოსალოდნელი, ხოლო მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას ჩვეულებრივი გასამრჯელო.
მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია დავალების ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. კერძოდ, დადგენილია რომ მხარეებს შორის 2013 წლის 6 აგვისტოს დაიდო ხელშეკრულება სამართლებრივი დახმარების შესახებ, რომლის თანახმადაც: ადვოკატს (მოპასუხეს) უნდა გაეწია იურიდიული მომსახურება მოსარჩელისთვის (კლიენტისათვის) სამოქალაქო საქმეზე ყველა ინსტანციის სასამარათლოში.
ასევე დადგენილი უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხე როგორც ადვოკატი, კლიენტის ინტერესებს იცავდა და უწევდა მას იურიდიულ მომსახურებას როგორც სისხლის ასევე ადმინისტრაციულ დავებში და გაწეული იურიდიული მომსახურებისათვის ანაზღაურება, გარდა 250 ლარისა მოპასუხეს მოსარჩელისაგან არ მიუღია. სადავო არც ის გარემოება გამხდარა რომ მხარეთა შორის არ არსებობდა შეთანხმება იურიდიული მომსახურების გაწევაზე, გასამრჯელოს გადახდის გარეშე.
განსახილველი სარჩელით მოსარჩელე სადავოდ ხდის მხარეთა შორის გაფორმებული სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების 3.1. პუნქტში განხორციელებულ მინაწერსა და 2013 წლის 28 ოქტომბრით დათარიღებული ხელშეკრულების დანართს და ითხოვს მათ ბათილობას, შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების 5.1. პუნქტით (ხელშეკრულების დამატებითი პირობები) გათვალისწინებულ იქნა ადვოკატ-კლიენტს შორის შეთანხმება ჰონორარზე (წარმატების ჰონორარზე); კერძოდ, საქმეზე დადებითი შედეგის მიღწევის შემთხვევაში კლიენტი ადვოკატს გადაუხდიდა მოგებული (მიღებული) თანხის 10%-ს; რაც შეეხება სადავო პუნქტის მინაწერსა და დანართს, მხარის განმარტებით: ხელშეკრულების 3.1. პუნქტში, სადაც საუბარია კლიენტის ვალდებულებაზე, ხელშეკრულების გაფორმებისთანავე ადვოკატს გადაუხადოს ჰონორარი, კალმით მინაწერი „40000 ლარი“ განხორციელებულია მ------------–---–ის მიერ თვითნებურად და მიზანმიმართულად, მოსარჩელისაგან თანხის ამოღების მიზნით; ასევე თვითნებურად, მოსარჩელის მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით, იქნა შედგენილი მოპასუხის მიერ, ხელშეკრულების დანართის ტექსტი ლ--------------–---–ის მიერ ხელმოწერილი ფურცლის გამოყენებით.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვს 2013 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულების სადავო პუნქტის მინაწერის ,,40 000 ლარი“-სა და ხელშეკრულების დანართის ბათილად ცნობას და სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად უთითებს მოპასუხის მხრიდან მოტყუებასა და ნდობის ბოროტად გამოყენებაზე. შესაბამისად, სადავო პუნქტისა და დანართის კანონიერების შემოწმება უნდა განხორციელდეს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე და 55-ე მუხლების საფუძველზე.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის შესაბამისად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნების გამოვლენა გარიგების დეფინიციის აუცილებელი ელემენტია. ამასთან, ყოველგვარი ნების გამოვლენა არ წარმოადგენს გარიგებას. სამართლებრივ შედეგს იწვევს მხოლოდ ნამდვილი ნების გამოვლენა;
სასამართლო განმარტავს, რომ „ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შედეგად. ამასთან, ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას, აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნებას არ შეესაბამება ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან.
6.3. სასამართლო მიუთითებს, რომ მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობის საკითხს არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 81-82-ე მუხლები, რომელთა თანახმად თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად. მოტყუებით დადებული გარიგების ბათილად ცნობისათვის მნიშვნელობა არა აქვს, არასწორი ცნობების შეტყობინებით მხარე მიზნად ისახავდა რაიმე სარგებლის მიღებას, თუ – მეორე მხარისათვის ზიანის მიყენებას.
აღნიშნულ ნორმათა დანაწესის შესაბამისად, მოტყუების საფუძვლით გარიგების ბათილობისათვის აუცილებელია, რომ მოტყუებას ნების გამომვლენში ისეთი შეცდომის გამოწვევა შეეძლოს, რომელიც ნების გამოვლენის საფუძველი ხდება. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა, შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი (იხ. სუსგ.16.06.2014 წელი, საქმე №ას-182-171-2014; 20.01.2016წ. საქმე №ას-1117-1051-2015).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა ზემოთ დასახელებული ნორმით გათვალისწინებული გარიგების ბათილად ცნობის წანამძღვრების არსებობა, მათ შორის სარჩელის საფუძვლად მითითებული იმ გარემოებების არსებობა, რომ მ------------–---–ის მხრიდან ადგილი ქონდა ხელშეკრულების სადავო პუნქტის გაყალბებას/ყალბი დოკუმენტის შედგენას და რომ საადვოკატო მომსახურების ანაზღაურების თაობაზე სარჩელის შეტანამდე, მოსარჩელისათვის უცნობი იყო 2013 წლის 6 აგვისტოს სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების სადავო პუნქტის შინაარსი. რაც შეეხება სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულების დანართს, სასამართლო მიუთითებს, რომ ხელშეკრულების 3.1 და 5.1 პუნქტები, ადვოკატის მომსახურების ანაზღაურების განსაზღვრის თვალსაზრისით ერთმანეთის შესატყვისი შინაარსისაა და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სასამართლო ყოველგვარი შეფასების გარეშე გაიზიარებდა მოსარჩელე მხარის პოზიციას, მის მიერ ხელმოწერილი ცარიელი თაბახის ფურცლის მოპასუხე მხარის მიერ თვითნებურად გამოყენებისა და გაყალბების თაობაზე, ცხადია რომ ის სამართლებრივი შედეგი, რომლის მიღწევაც მოსარჩელე მხარეს სურს, სადავო პუნქტის მინაწერის ბათილობის გარეშე ასევე განუხორციელებადია.
მოსარჩელის მიერ შესაგებელსა და საქმის არსებითი განხილვისას წარმოდგენილი არათანმიმდევრული არგუმენტაციის გარდა, საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხის გასაკიცხი მოქმედების არსებობა, რაც გამოხატებოდა მცდარი შეხედულების ჩამოყალიბების მიზნით მოსარჩელისათვის განზრახ არასწორი ინფორმაციის მიწოდებაში და განაპირობებდა მოსარჩელის ნების გამოვლენის ნაკლს. სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ „ყვავს კაკალი გააგდებინეს“ პრინციპით, ადვოკატის მოქმედების (რაც მოსარჩელის განმარტებით გულისხმებოდა ზიანის ანაზღაურების თაობაზე ადმინისტრაციული დავის ფარგლებში პროცესუალური მოწინააღმდეგისაგან იურიდიული მომსახურების თანხების ამოღებას) გასაკიცხობასთან დაკავშირებით მოსარჩელე მხარის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, ამავე მოტივით, ასევე გასაკიცხად უნდა იქნეს მიჩნეული მოსარჩელის მოქმედებაც, რაც სამოქალაქო კოდექსის 83-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამორიცხავს ხელშემკვრელ მხარეთა უფლებას _ მოტყუებაზე მითითებით მოითხოვონ გარიგების/მისი ნაწილის ბათილობა.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება რომელიც დადებულია ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენის ბოროტად გამოყენებით, როცა მათი ურთიერთობა დაფუძნებულია განსაკუთრებულ ნდობაზე.
აღნიშნული ნორმის დანაწესის თანახმად, 55-ე მუხლის გამოყენების ერთ-ერთი წინაპირობაა გარიგების მხარეთა შორის განსაკუთრებული ნდობის არსებობა, ხოლო თუ რაში გამოიხატება განსაკუთრებული ნდობა, კონკრეტული ფაქტის შეფასების საკითხია.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით, უდავოა რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს, როგორც კლიენტსა და ადვოკატს შორის, სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამდე, არსებობდა განსაკუთრებული ნდობა და ახლო მეგობრული ურთიერთობა, თუმცა 55-ე მუხლის საფუძველზე, გარიგების ბათილად ცნობისათვის, გარდა განსაკუთრებული ნდობის არსებობისა, სახეზე უნდა იყოს ერთი მხარის მიერ მეორეზე გავლენისა და ნდობის ბოროტად გამოყენება.
სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელის მოსაზრება, რომ მოპასუხის მიერ ბოროტად იქნა გამოყენებული მისი ნდობა, მოკლებულია როგორც ფაქტობრივ ასევე სამართლებრივ დასაბუთებას, ვინაიდან სწორედ მოსარჩელეს მართებდა 55-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებათა წარმოდგენა, რაც მან განსახილველი დავის ფარგლებში ვერ უზრუნველყო. ის გარემოება რომ მოპასუხემ ისარგებლა მოსარჩელის განსაკუთრებული ნდობით და ბოროტად გამოიყენა საკუთარი გავლენა, არ დასტურდება და არ გამომდინარეობს საქმეში არსებული მტკიცებულებათა ანალიზიდან. მეტიც, სასამართლოს შეფასებით, მოსარჩელემ ვერ შესთავაზა სასამართლოს არგუმენტირებული დასაბუთება მის მიერ ხელმოწერილი ცარიელი თაბახის ფურცლის გამოყენებით, მოპასუხის მიერ ყალბი დანართის შექმნის თაობაზე; მოსარჩელემ ასევე ვერ დაასაბუთა მისთვის, როგორც ყოფილი ადვოკატისათვის, რატომ იყო გაუცნობიერებელი ის მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები, რაც უკავშირდებოდა სამართლებრივი დახმარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე მის წილ ვალდებულებებს, როდესაც მის მიერვე ინიცირებული ადმინისტრაციული დავის ფარგლებში, სწორედ სადავო პუნქტზე დაყრდნობით ითხოვდა მოწინააღმდეგისათვის 60000 (20 000 + 40 000) ლარის ოდენობით იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრებას და ამტკიცებდა, რომ ადვოკატი „გაცილებით მეტსაც იმსახურებდა“(იხ. 22.01.14წ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომის ოქმი 17:20:41; 28.03.14წ სააპელაციო სასამართლ9ოს სხდომის ოქმი 14:45:49). საგულისხმოა, რომ ხელშეკრულების სადავო პუნქტი და დანართი, მხარემ მხოლოდ მას შემდეგ გახადა სადავო, რაც მ------------–---–ის მიერ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში აღძრულ იქნა სარჩელი ლ--------------–---–ის მიმართ გაწეული იურიდიული მომსახურების ანაზღაურების თაობაზე.
6.5. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის მითითებას გარიგების კონკრეტული პუნქტის ჩანაწერისა და დანართის, როგორც სტანდარტული პირობის ბათილობიდან გამომდინარე შედეგებზე (სსკ-ის 342-ე და 446-ე მუხლები), სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 342-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისთვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავეზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა (პირველი ნაწილი). თუ ხელშეკრულების პირობები მხარეების მიერ დეტალურად არის განსაზღვრული, მაშინ ეს არ მიიჩნევა ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებად (მე-2-ე ნაწილი). უშუალოდ მხარეთა მიერ შეთანხმებულ პირობებს უპირატესობა ენიჭება სტანდარტილ პირობებთან შედარებით (მე-3-ე ნაწილი) და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების სადავო პირობა, რომლითაც მხარეებს შორის განსაზღვრულია იურიდიული მომსახურების საფასური, სსკ-ის 342-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, ვერ იქნება შეფასებული ხელშეკრულების სტანდარტულ პირობად, ვინაიდან 3.1 პუნქტი, რომელზედაც აპელირებს მოსარჩელე სასამართლოს შეფასებით წარმოადგენს, მისი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტის ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგს, რომლის წინაპირობებიც მოლაპარაკების შედეგად იქნა განსაზღვრული მხარეთა მიერ, მათ შორის ასახულია ხელშეკრულების დანართშიც; ეს პირობა თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, სახელშეკრულებო სამართლის პრინციპებს და არც უსაფუძვლოდ ზღუდავს მოსარჩელე მხარის კანონით დაცულ უფლებებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ სადავო პუნქტსა და დანართს მივიჩნევთ სტანდარტულ პირობებად, მაინც არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ხელშეკრულების შინაარსობრივი კონტროლის ზოგადი, სამოქალაქო კოდექსის 346-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის (ბათილია ხელშეკრულებათა სტანდარტული პირობა, მიუხედავად მისი ხელშეკრულებაში ჩართვისა, თუ იგი ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების საწინააღმდეგოდ საზიანოა ხელშეკრულების მეორე მხარისათვის) საფუძველზე, ვინაიდან ნორმის თანახმად შემოწმებას არ ექვემდებარება ის სტანდარტული პირობა, როდესაც არ არსებობს სამართლებრივი ნორმა, რომელიც სტანდარტული პირობის ბათილობის შემთხვევაში მის ადგილს დაიკავებდა; ანუ 346-ე მუხლის შესაბამისად ბათილობაზე შემოწმებას არ ექვემდებარება ის სტანდარტული პირობა, რომლის მიხედვითაც მხარეები ფასზე თანხმდებიან, რადგანაც ფასის და ვალდებულების პროპორციულობის განსაზღვრა არ ხდება სამართლებრივი ნორმებით, არამედ მხარეთა კერძოავტონომიური ნების საფუძველზე ხორციელდება;
სასამართლო ასევე მიუთითებს: მართალია კერძო საადვოკატო პრაქტიკის მქონე ადვოკატის პროფესიული დამოუკიდებლობა და თავისუფლება შემოფარგლულია კანონით და პროფესიული ეთიკის ნორმებით, თუმცა საადვოკატო მომსახურების ჰონორარის (გასამრჯელოს) ოდენობის შესახებ რაიმე მოწესრიგებას არც “ადვოკატთა შესახებ” საქართველოს კანონი და არც ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსი არ შეიცავს. ადვოკატთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მე-8.8 მუხლი ავალდებულებს ადვოკატს, რომ მისი საქმიანობის ანაზღაურების გამოთვლის წესი და შესაბამისი განაკვეთი წინასწარ იყოს ცნობილი და მისაღები კლიენტისათვის, რაც სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული, კერძოსამართლებრივი ურთიერთობისას მონაწილე მხარეთა მიერ საკუთარი უფლებებისა და ვალდებულებების კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპის გამოხატულებაა პროფესიული ეთიკურივალდებულების ჭრილში;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან სასამართლოს შეფასებით, საქმეში არ დასტურდებოდა ისეთი გარემოებების არსებობა, რომელიც სასამართლო შეუქმნიდა შინაგან რწმენას სამართლებრივი დახმარების შესახებ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების სადავო პუნქტის კალმით მინაწერისა და ხელშეკრულების დანართის მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით დადგენასთან დაკავშირებით, სასამართლო მიიჩნევს რომ ლ--------------–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1 ნაწილის ,,მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ--------------–---–ის სარჩელი მ------------–---–ის წინააღმდეგ, 2013 წლის 6 აგვისტოს გაფორმებული სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების მესამე პუნქტის მინაწერის ,,40 000 ლარი“-სა და 2013 წლის 28 ოქტომბრის ხელშეკრულების დანართის ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ №6) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი