გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210018002307306
№2-610/2018
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 თებერვალი, 2019 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე: ირ-- ხე-–---
წარმომადგენელი: ბა-----------ძე
მოპასუხეები: ავ--------– ურ--–---, ნა----–- ფო–--–---–-, ი- ურ--–---, ხა------ ურ--–---
წარმომადგენელი: კო---------ა
დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
(დაზუსტებულ სარჩელზე)
1.1. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს ირ-- ხე-–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმი, თენგიზ მაქაცარიას ქ. N1----, მე-2 სართული, ს/კ #05.29.07.047.02.5-- და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მოსარჩელე ირ-- ხე-–---ს.
1.2. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ, 2017 წლის დეკემბრის თვიდან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის
1.3. გამონთავისუფლებამდე (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ყოველთვიურად 300 ლარის გადახდა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:
- მოსარჩელე ირ-- ხე-–---ს საკუთრებაში გააჩნია უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, თენგიზ მაქაცარიას ქ. N1----, მე-2 სართული, ს/კ #05.29.07.047.02.5--, სადაც დღეის მდგომარეობით განთავსებულია ძველი მესაკუთრის ავ--------– ურ--–--ის და მისი ოჯახის წევრების მოძრავი ნივთები, ასევე ფართში შესასვლელი კარების გასაღებიც მოპასუხეებს აქვთ და უარს აცხადებენ მის გადაცემაზე, ფართიდან მათი კუთვნილი მოძრავი ნივთების გატანასა და ფართის გამოთავისუფლებაზე.
- მოპასუხეების უკანონო ქმედებებით მოსარჩელეს ხელი ეშლება თავისი საკუთრების ფლობასა და სარგებლობაში. მოსარჩელემ აღნიშნული ბინის შესაძენად სესხი აიღო ბანკიდან, დატვირთული აქვს იპოთეკით და ვარაუდობდა მის გაქირავებას თვეში 300 ლარად, რათა გადაეხადა სესხი. შესაბამისად, მოპასუხეთა ქმედებებით მას ადგება ზიანი, ვერ ღებულობს შემოსავალს.
(იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეები სარჩელს არ ცნობენ.
მოპასუხეების პოზიცია ემყარება შემდეგ გარემოებებს:
- მოპასუხეები განმარტავენ, რომ მოსარჩელესთან რეალურად ჰქონდათ სასესხო ურთიერობები და ნასყიდობის ხელშეკრულება ეს იყო თვალთმაქცური გარიგება.
- მოძრავი ნივთები განთავსებულია მათ საკუთრებაში და საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი კარების გასაღებიც მათ ამიტომ აქვთ. ისინი არ ეთანხმებიან მოსარჩელის მითითებას, რომ თითქოსდა ბანკიდან გამოიტანა სესხი და დატვირთა იპოთეკით საცხოვრებელი ბინა. აღნისნულთან დაკავშირებით მოსარჩელეს რაიმე შეთანხმება მათთან არ ჰქონია.
- მოსარჩელეს არ დაუკარგავს შემოსავალი, არ განუცდია რაიმე ზიანი და მათ არ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალი. მოპასუხეები მართლზომიერად ფლობენ სადავო ქონებას. ამდენად, ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრებაზე მოთხოვნა, როგორც მიუღებელი შემოსავალი, არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.
(იხ. შესაგებლები, მოპასუხეების წარმომადგენლის ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოპასუხე მხარე შესაგებლებით არ ეთანხმება სარჩელს და სადავოდ ხდის უძრავი ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლებას, მიუთითებენ, რომ მოსარჩელესთან რეალურად ჰქონდათ სასესხო ურთიერობები და ნასყიდობის ხელშეკრულება იყო თვალთმაქცური გარიგება. მოძრავი ნივთები განთავსებულია მათ საკუთრებაში და საცხოვრებელ ბინაში შესასვლელი კარების გასაღებიც მათ ამიტომ აქვთ. ისინი არ ეთანხმებიან მოსარჩელის მითითებას, რომ თითქოსდა ბანკიდან გამოიტანა სესხი და დაიტვირთა იპოთეკით საცხოვრებელი ბინა. აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელეს რაიმე შეთანხმება მათთან არ ჰქონია. მოსარჩელეს არ დაუკარგავს შემოსავალი, არ განუცდია რაიმე ზიანი და მათ არ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის სასარგებლოდ მიუღებელი შემოსავალი. მოპასუხეები მართლზომიერად ფლობენ სადავო ქონებას. ამდენად, ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრებაზე მოთხოვნა, როგორც მიუღებელი შემოსავალი, არის დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო.
თავის მხრივ მოსარჩელე მხარე არ ეთანხმება მოპასუხეებს, მიუთითებს, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, თენგიზ მაქაცარიას ქ. N1----, მე-2 სართული, ს/კ #05.29.07.047.02.5--, სადაც დღეის მდგომარეობით განთავსებულია ძველი მესაკუთრის ავ--------– ურ--–--ის და მისი ოჯახის წევრების მოძრავი ნივთები, ასევე ფართში შესასვლელი კარების გასაღებიც მოპასუხეებს აქვთ და უარს აცხადებენ მის გადაცემაზე, ფართიდან მათი კუთვნილი მოძრავი ნივთების გატანასა და ფართის გამოთავისუფლებაზე. მოპასუხეების უკანონო ქმედებებით მას ხელი ეშლება თავისი საკუთრების ფლობასა და სარგებლობაში. მოსარჩელემ აღნიშნული ბინის შესაძენად სესხი აიღო ბანკიდან, დატვირთული აქვს იპოთეკით და ვარაუდობდა მის გაქირავებას თვეში 300 ლარად, რათა გადაეხადა სესხი. შესაბამისად, მოპასუხეთა ქმედებებით მას ადგება ზიანი, ვერ ღებულობს შემოსავალს.იგი არის ამ ქონების კეთილსინდისიერი შემძენი და მესაკუთრე.
სადავო გარემოებებთან დაკავშირებით საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვები დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.2. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მართლმსაჯულების განხორციელების უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მოპასუხე არამართლზომიერად ფლობს ქონებას, ხოლო მოპასუხემ კი უნდა დაამტკიცოს, რომ ის უძრავი ქონების მართლზომიერი მფლობელია.
3.2.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.4. დადგენილ, რომ უძრავი ნივთი, მდებარე უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, თენგიზ მაქაცარიას ქ. N1----, მე-2 სართული, ს/კ #05.29.07.047.02.5--, - საჯარო რეესტრის მონაცემებით ირიცხება ირ-- ხე-–--ის საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- 2018 წლის 05 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.5. საცხოვრებელი ბინა, მდებარე: ქ. ბათუმი, თენგიზ მაქაცარიას ქ. N1----, მე-2 სართული, ს/კ #05.29.07.047.02.5--, - აღიცხულია რა მოსარჩელის საკუთრებაში, მასზე საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, დამოწმებული - 27/12/2017წ., საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
- 2018 წლის 05 იანვრის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
3.2.6. დღეის მდგომარეობით, სადავო ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება შეცილებული არ არის, არ აღძრულა სარჩელი (შეგებებული სარჩელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.7. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ/აღნიშნული უძრავი ქონება ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაკავებული აქვთ მოპასუხეებს და მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა, ნებაყოფლობით არ ათავისუფლებენ მას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.8. მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის დეკემბრის თვიდან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამონთავისუფლებამდე (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრებას. ფაქტიურად, საკუთრების ხელყოფიდან გამომდინარე, მოსარჩელე ცდილობს დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან უკვე განიცადა ზიანი იმ მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელსაც მიიღებდა, რომ არა მოპასუხეების მხრიდან საკუთრების ხელყოფა. თუმცა მას არ წარმოუდგენია სხვა ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა დადებული რაიმე წინასწარი შეთანხმება ან გარიგება მესამე პირებთან ფართის გაქირავებასთან დაკავშირებით და ამის შესახებ აცნობა მოპასუხეებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკითხი გარკვეულწილად წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების კატეგორიას და მასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელე ირ-- ხე-–--ის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:
4.1.1. მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით, გამოთხოვილ უნდა იქნეს ირ-- ხე-–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე: ქ. ბათუმი, თენგიზ მაქაცარიას ქ. N1----, მე-2 სართული, ს/კ #05.29.07.047.02.5--, და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს ირ-- ხე-–---ს.
4.1.2. მოსარჩელეს სარჩელზე, 2017 წლის დეკემბრის თვიდან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამონთავისუფლებამდე (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში უარი უნდა ეთქვას.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 17-ე მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად. არავის არ უნდა ჩამოერთვას მისი ქონება თვითნებურად.
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის №1 დამატებითი ოქმის პირველი მუხლით ,,ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში”.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ აუცილებელ საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ-სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება".
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, რაც გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა.
კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
6.2. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, თენგიზ მაქაცარი-ს ქ. N1----, მე-2 სართული, ს/კ #05.29.07.047.02.5--, - მისი საკუთრებაა. ფართს, მისი ნების საწინააღმდეგოდ ფლობენ მოპასუხეები და არ აძლევენ მისი სარგებლობის საშუალებას, ანუ ხელყოფენ მისი საკუთრების უფლებას, რის გამოც მოითხოვს აღიკვეთოს მისი ქონების უკანონო ხელყოფა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მართლმსაჯულების განხორციელება და თავისი დარღვეული უფლების აღდგენა, ანუ მომართოს სასამართლოს და მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება. საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის შესახებ სარჩელის წარდგენა ხდება, როცა შელახულია ნივთზე მესაკუთრის მფლობელობა, როცა მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის ხელთაა. ამასთან, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს აუცილებელი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე; ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი; გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელი გახდება მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა. ანუ, ვინდიკაციური სარჩელის საფუძვლიანობა მოწმდება იმ გარემოებათა შეფასებით, არსებობს თუ არა მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და იმყოფება თუ არა ეს ნივთი სხვა პირთა არამართლზომიერ მფლობელობაში, ხორციელდება თუ არა მფლობელობა საამისო უფლების გარეშე.
6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილ ნივთს ამჟამად უკვე ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობენ მოპასუხეები. ნივთზე მოსარჩელეს გააჩნია საკუთრების უფლება და იგი არ არის შეზღუდული მოპასუხის მხრიდან ამ ნივთის ფლობით, რადგან მოპასუხე არ წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 160-ე-162-ე მუხლებით დაცული უფლების მქონე პირს - მართლზომიერ მფლობელს. მოპასუხეებმა ვერ წარმოადგინეს სადავო ქონების მართზომიერად ფლობის დამადასტურებელი მტკიცებულება, არც კი მიუთითებიათ მასზე.
სასამართლო განმარტავს: წაუყენა რა პრეტენზი მოსარჩელემ მოპასუხეებს, მოითხოვა მათგან ქონების გამოთხოვა, სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, მოპასუხეების მართლზომიერი მფლობელობა (ასეთის არსებობის შემთხვევაშიც) წყდება და თუ არ მოხდება ქონების გამონთავისუფლება და მესაკუთრეზე გადაცემა, უკვე მოპასუხე (ფაქტობრივი მფლობელი) მისი არამართლზომიერი მფლობელი ხდება.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლება წარმოიშობა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ. უძრავი ქონების მესაკუთრე არის ის, ვინც ამ ქონების მესაკუთრედაა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა”. ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, უძრავი ქონება, მდებარე: ქ. ბათუმი, თენგიზ მაქაცარიას ქ. N1----, მე-2 სართული, ს/კ #05.29.07.047.02.5--, რეგისტრირებულია მოსარჩელის საკუთრების უფლება და ეს ჩანაწერი გაუქმებული არ არის. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე, რომელიც ითხოვს მოპასუხეების გამოსახლებას და ნივთის გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემას. ამ შემთხვევაში, მოთხოვნა ვინდიკაციური ხასიათისაა და არსებობს სავინდიკაციო სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო ფაქტობრივი გარემოებები, რის გამოც მას აქვს სრული უფლება მოსთხოვოს კუთვნილ ნივთზე მოპასუხეებს ფაქტობრივი მფლობელობის შეწყვეტა და თავად განკარგოს საკუთარი ნივთი.
6.6. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული უფლებაა. მის ხელშეუხებლობას აღიიარებს საქართველოს კონსტიტუცი და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მესაკუთრეს უფლება აქვს თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს საკუთრებაში არსებული ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. არავის არ აქვს უფლება კანონიერი საფუძველის გარეშე ფლობდეს ან სარგებლობდეს სხვისი საკუთრებით. დადგენილია, რომ მოპასუხეები არ არიან ქ. ბათუმში, თენგიზ მაქაცარიას ქ. N1----, მე-2 სართული, ს/კ #05.29.07.047.02.5--, - მდებარე უძრავი ქონების მესაკუთრეები. მოსარჩელე წინააღმდეგია მოპასუხეები ფლობდნენ ამ ქონებას და ხელს უშლიდნენ ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ მოპასუხეებს არ აქვთ ამ ქონების ფლობის უფლება. ისინი არ არიან ქონების მართლზომიერი მფლობელები, ამიტომაც ისინი გამოსახლებული უნდა იქნენ მოსარჩელის კუთვნილი ქონებიდან. მათი გამოსახლებითა და ქონების თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემით აღსდგება მოსარჩელის საკუთრების უფლება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა ფორმით ფლობენ მოპასუხეები მოსარჩელის საკუთრებას, ცხოვრობენ საცხოვრებელ ბინაში უშუალოდ, თუ არა. მთავარია, რომ მათი მხრიდან ადგილი აქვს ხელშეშლას, განთავსებული აქვთ ფართში მათი მოძრავი ნივთები, თავად ფლობენ ბინაში შესასვლელი კარების გასაღებს და მესაკუთრეს არ აძლევენ საშუალებას, რათა ფლობდეს და სარგებლობდეს კუთვნილი საკუთრებით.
სასამართლო პატივს სცემს მოპასუხეების ინტერესსაც, მაგრამ კანონი უპირატესობას ანიჭებს მესაკუთრეს. არამესაკუთრესთან შედარებით, მესაკუთრეს უძრავი ქონების მართვის უპირატესი უფლება აქვს. პირველ რიგში ყურადღება უნდა მიექცეს მესაკუთრეს და მისი საკუთრების უფლება უნდა იქნას დაცული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ან ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. მოსარჩელე ითხოვს 2017 წლის დეკემბრის თვიდან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამონთავისუფლებამდე (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრებას. ფაქტიურად, საკუთრების ხელყოფიდან გამომდინარე, მოსარჩელე ცდილობს დაამტკიცოს ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მან უკვე განიცადა ზიანი იმ მიუღებელი შემოსავლის სახით, რომელსაც მიიღებდა, რომ არა მოპასუხეების მხრიდან საკუთრების ხელყოფა. თუმცა მას არ წარმოუდგენია სხვა ისეთი სახის მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ მოსარჩელეს ჰქონდა დადებული რაიმე წინასწარი შეთანხმება ან გარიგება მესამე პირებთან ფართის გაქირავებასთან დაკავშირებით და ამის შესახებ აცნობა მოპასუხეებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო”.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად (ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის), ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით კი (ზიანი, რომელზედაც ვრცელდება ანაზღაურების მოვალეობა), ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოპასუხეებისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის განმარტებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე ფართს აუცილებლად გააქირავებდა, რომ არა მოპასუხეებისგან ხელშეშლა. ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია. გარდა აღნიშნულისა, არაა წამოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მოსარჩელეს ჰქონდა დადებული რაიმე წინასწარი შეთანხმება ან გარიგება მესამე პირებთან ფართის გაქირავებასთან დაკავშირებით და ამის შესახებ აცნობა მოპასუხეებს.
სასამართლო განმარტავს, რომ სხვისი საკუთრების ხელყოფა, რათქმაუნდა, ზოგადად გულისხმობს მესაკუთრისათვის ზიანის მიყენებას, მაგრამ ზიანისათვის, როგორც მიუღებელი შემოსავლისათვის თანხის დაკისრებისათვის არაა საკმარისი საკუთრების უფლების ხელყოფა, ამისათვის აუცილებელია იმ ფაქტობრივი გარემოების დადასტურება, რომ მიუღებელ შემოსავალს, რომელიც არ მიუღია პირს, იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო, ან, მოცემულ შემთხვევაში ხელშეშლის ფაქტს ადგილი რომ არ ჰქონოდა, ასევე ეს ზიანი მოპასუხეებისათვის წინასწარ უნდა იყოს სავარაუდო და წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. ამის დასადასტურებლად კი უფრო მყარი, პირდაპირი მტკიცებულების არსებობაა საჭირო, ვიდრე ზეპირი ფორმით მასზე მითითება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მოთხოვნათა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.
ამავე კოდექსის 41-ე მუხლის ,,კ” პუნქტით თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა მაშინ დავის საგნის ღირებულებაა 4000 ლარი.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხის უძრავი ქონებიდან გამოსახლებასა და ფართის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემას. დასახელებულ მოთხოვნაზე სახ. ბაჟი გადახდილი უნდა იქნას სსკ-ის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ” პუნქტის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით გადასახდელი სახ. ბაჟი არის 120 ლარი.
რაც შეხება მოთხოვნებს, 2017 წლის დეკემბრის თვიდან უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამონთავისუფლებამდე (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე) ყოველთვიურად 300 ლარის დაკისრების ნაწილში, ამ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის შესაბამისად (1 წლის ვადით), სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს (300X12=3600X3%=108) 108 ლარს, საიდანაც მოპასუხეებს გადახდილი აქვთ 100 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს უტყუარ მტკიცებულებებს წარუდგენს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად კი დადგენილია, რომ თუ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ საქმეზე მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის გადახდა საქმის განხილვის დასრულებამდე გადაუვადდება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ ზ/აღნიშული ნორმის თანახმად გადაუვადა ირ-- ხე-–---ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა და შესაბამისად მას დასახელებული თანხა წინასწარ არ აქვს გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმოადგენს რა მოცემული სარჩელი მაგისტრი მოსამართლის განსახილველ საქმეს, ბაჯის ოდენობა უნდა განახევრდეს.
ამდენად, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია,მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 60 ლარის ოდენობით. ხოლო მოსარჩელეს დაზუსტებულ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან (100 ლარი) უნდა დაუბრუნდეს 46 ლარი, ხოლო 54 ლარი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
7.2. მოსარჩელის წარმომადგენელი მოითხოვს მოპასუხემ აუნაზღაუროს საადვოკატო ხარჯები 1000 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის დასახელებული მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის I ნაწილის საფუძვლიდან, დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის I ნაწილით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოსარჩელეს არ წარმოუდგენია საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ქვითარი, მას წარმოდგენილი აქვს მხოლოდ ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ, ასევე მიღება-ჩაბარების აქტი ნაღდი ანგარიშსწორების სესახებ, რომლის მიხედვითაც ირ-- ხე-–---მ ადვოკატ ბა----- ბერიძეს იურიდიული მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე ხელზე გადაუხადა 1000 ლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრებისას, მხარე ვალდებულია წარმოუდგინოს მყარი მტკიცებულება იმისა, რომ მას გაწეული აქვს შესაბამისი ხარჯი. აღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტი შეიძლება მივიჩნიოთ მყარ მტკიცებულებად, როდესაც დავაა ამ აქტის ხელმომწერ მხარეებს შორის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მაგრამ როცა ამ მტკიცებულებით მესამე პირზე დაკისრებაა მოთხოვნილი, ვერ ჩაითვლება უტყუარ მტკიცებულებად, რის გამოც მისი ანაზღაურების შესახებ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯების დაკისრებაზე მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. საქმეზე, უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ირ-- ხე-–--ის სარჩელი მოპასუხეების - ავ--------– ურ--–--ის, ნა----–- ფო–--–---–-ს, ი- ურ--–--ის, ხა------ ურ--–--ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეების - ავ--------– ურ--–--ის, ნა----–- ფო–--–---–-ს, ი- ურ--–--ის, ხა------ ურ--–--ის უკანონო მფლობელობიდან, მათი გამოსახლების გზით, გამოთხოვილ იქნეს ირ-- ხე-–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთი, მდებარე ქ. ბათუმი, ქ. ბათუმში, თენგიზ მაქაცარი-ს ქ. N1----, მე-2 სართული, ს/კ #05.29.07.047.02.5--, - და გამონთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაეცეს მესაკუთრეს - მოსარჩელეს ირ-- ხე-–---ს.
3. ირ-- ხე-–--ის სარჩელი, 2017 წლის დეკემბრის თვიდან, უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამონთავისუფლებამდე (სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე), ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის სახით 300 ლარის დაკისრების შესახებ ნაწილში, არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეებს - ავ--------– ურ--–---ს, ნა----–- ფოცხიშვილს, ი- ურ--–---ს, ხა------ ურ--–---ს სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით. ხოლო მოსარჩელეს ირ-- ხე-–---ს დაზუსტებულ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან -100 ლარიდან, (საგადახდო დავალება #16629997, 4.05.2018წ., გადამხდელი ბა-----------ძე, პ/ნ 61003006807, გადამხდელის ბანკი სს ,,ლიბერთი ბანკი", მიმღების სახაზინო კოდი 300693150, ბანკის კოდი TRESGE22) დაუბრუნდეს 46 ლარი, ხოლო 54 ლარი ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. ირ-- ხე-–--ის განცხადება მოპასუხეებისათვის საადვოკატო მომსახურების ხარჯის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
6. გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32) 12 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს, ასევე იმ პირებს, რომლებიც იმყოფებიან პატიმრობაში და არ ჰყავთ წარმომადგენელი, სასამართლო გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო.
მოსამართლე სალიხ შაინიძე