გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე N2/24603-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 მარტი,2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე ი/მ ლ--–----------–-–---–-------
წარმომადგენელი მ-------- კ----------ე, გ-----------------ე, მ-----------–---–ი
მოპასუხე შპს ,,ა---–-----–----------–------ი’’
წარმომადგენელი ვ----– კ-------–---–ი
დავის საგანი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს ,,ა---–----–----------–-------’’ მოსარჩელე ლ--–----------–-–---–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული პროდუქციის საფასურის 8500 ლარის ოდენობით გადახდა;
1.2. მოპასუხე შპს ,,ა---–----–----------–-------’’ მოსარჩელე ლ--–----------–-–---–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის თანხა 5219,65 ლარის ოდენობით გადახდა.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, ლ--–----------–-–---–------- წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ ინდივიადუალურ მეწარმეს, რომლის ძირითადი საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, სამედიცინო ინვენტარის შეძენა-რეალიზაცია. მოსარჩელე აღნიშნულ საქმიანობას ანხორციელებს მხარეთა შორის დადებული წერილობით ან ზეპირი ხელშეკრულებიოს საფუძველზე, ხოლო ანგარიშსწორების დოკუმენტად, როგორც საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული პირი, რეალიზებას აფიქსირებს შესაბამისი სასაქონლო ზედნადებით.
მოსარჩელემ მოპასუხეს 2010 წლის იანვრიდან 2016 წლის 24 მარტის ჩათვლით მიაწოდა სამედიცინო ინვენტარი, ხოლო შპს ,,ა---–-----–----------–------ი’’ ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიღებული საქონლის ღირებულება საქონლის მიღების დღესვე. 2010 წლის 5 იანვრიდან 2016 წლის 24 აპილის ჩათვლით მოსარჩელემ მოპასუხეს მიაწოდა 21505.65 ლარის ღირებულების პროდუქცია. მოხდა საქონლის უკან დაბრუნება 2353,07 ლარის ოდენობით, შესაბამისად, მოპასუხის დავალიანებამ მოსარჩელის წინაშე შეადგინა 19152,58 ლარი. ფინანსურად მოპასუხემ აანაზღაურა 10652,58 ლარი და შესაბამისად ძირი თანხის ოდენობამ შეადგინა 8500 ლარი. ანაზღაურებას ასევე ექვემდებარება ზიანი მიუღებელი შემოსავლისთვის რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოიცავს 5219.655 ლარს. აღნიშნული თანხა მოიცავს ი/მ ლ--–----------–-–---–-------ს მიერ კონკრეტული დავალიანების თანხის ნებისმიერი ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსების შემთხვევაში, თითოეულ დღეზე მოსარჩელისათვის სარგებლად მიღებული თანხის ჯამს, ხოლო სარგებლის ოდენობის პროცენტული მაჩვენებელი აღებულია ამ პერიოდისათვის ეროვნული ბანკის მიერ დაწესებული რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთის მინიმალური ოდენობით, რაც მერყეობდა 5,5 %-დან 7,5 %-მდე. (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი, განცხადება ს.ფ. 122-127).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „ა---–----–----------–------მა“ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობა, რადგან მოთხოვნა ხანდაზმულია, მხოლოდ 373.6 ლარის ნაწილში მოთხოვნა არაა ხანდაზმული და მხარე მას აღიარებს, ხოლო რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს იგი სრულიად დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოცემულ შემთხვევაში, თვით მოსარჩელის განმარტებითაც მოპასუხეს უნდა გადაეხადა პროდუქციის ღირებულება სრულად პროდუქციის მიწოდების დღესვე. სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 21 აგვისტოს. აქედან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობის სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით 2015 წლის 21 აგვისტომდე არსებული ვალდებულებები ხანდაზმულია და იგი იძულებით გადახდევინებას არ ექვემდებარება. აღნიშნული თარიღის შემდეგ მოსარჩელეს სულ სამი მიწოდება აქვს განხორციელებული, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 373.6 ლარს, რასაც მოპასუხე აღიარებს. დანარჩენი მოთხოვნა კი ხანდაზმულია სრულად.
რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხარესაა მტკიცების ტვირთი დაადასტუროს, რომ მან ვერ მიიღო ის შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა, რომ არ ყოფილიყო ვალდებულების დარღვევის არსებობის ფაქტი. მოსარჩელე ვერ ადასტურებს თუ ზუსტად რომელი საქმიანობით მიიღებდა შემოსავალს, თანხა დროულად რომ დაბრუნებულიყო. როგორც მოსარჩელე თავის სარჩელში განმარტავს, მისი ძირითადი საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, სამედიცინო ინვენტარის შეძენა-რეალიზაცია. მის საქმიანობას არ წარმოადგენს თანხის გასესხება ან მისი ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსება. შესაბამისად, მხოლოდ თეორიული მსჯელობა, რომ საბანკო ანგარიშებზე თანხის განთავსების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული სარგებლის მიღება, მაშინ როდესაც მოსარჩელის მიერ სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არაა, იგი ვერ გახდება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის ვარგისი საფუძველი.
მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, ვინაიდან უსაფუძვლო იყო პირველი სასარჩელო მოთხოვნა, შესაბამისად, საპროცესო ხარჯებიც არ უნდა დაკისრებოდა მოპასუხეს. ამასთან ნებისმიერ შემთხვევაში საადვოკატო მომსახურების თანხა 2 500 ლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე შეუსაბამოა მთლიან სარჩელის ფასთან (13 719.66 ლარი) შედარებით, რაც ასევე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ დადგენილა.
4. დადგენილი სადავო გარემოებები:
4.1. ლ--–----------–-–---–------- წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ ინდივიადუალურ მეწარმეს, რომლის ძირითადი საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, სამედიცინო ინვენტარის შეძენა-რეალიზაცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (ს.ფ. 63-64)
4.2. დადგენილ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ, რომ ი/მ ლ--–----------–-–---–-------სა და მოპასუხე შპს ,,ა---–-----–----------–------ი’’-ს შორის არსებული შეთანხების საფუძველზე მხარეებმა იკისრეს გარკვეული სახის ვალდებულებები, კერძოდ: მოსარჩელეს უნდა მიეწოდებინა საქონელი შპს ,,ა---–-----–----------–------ი’’-სთვის, ხოლო მოპასუხე ვალდებული იყო აენაზღაურებინა მიღებული საქონლის ღირებულება საქონლის მიღების დღესვე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 17-57)
- 2015 წლის 19 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ. 94-96)
- 2012 წლის 05 იანვრის ხელშეკრულება (ს.ფ. 97-98)
4.3. დადგენილ გარემოებად უნდა მივიჩნიოთ, რომ მოსარჩელემ მოპასუხეს 2010-2016 წ. პერიოდში მიაწოდა 21505.65 ლარის პროდუქცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადებები (ს.ფ. 17-57)
4.4. ურთიერთშედარების აქტით ირკვევა, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის საქონლის მიწოდება მოხდა 2010 წლის 16 დეკემბრიდან 2015 წლის 16 დეკემბრის პერიოდის განმავლობაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შედარების აქტი (ს.ფ. 92-93)
4.5. საქმეზე წარმოდგენილი დისკით, ასევე მასში არსებული ინფორმაციით არ ხდება რომელიმე სადავო გარემოების დადასტურება. აღნიშნული ინფორმაცია არის ზოგადი ხასიათის და სასამართლოსთვის გაურკვეველია მისი წარმომავლობა. ამასთან, თუკი აღნიშნული თავად წარმომდგენილი მხარის მიერ არის შედგენილი, დისკზე არსებული ინფორმაციას იმავე მხარის პოზიციად უნდა იქნეს დაფიქსირებული და არა იმ სახის მტკიცებულებად, რითაც სადავო გარემოებები დასტურდება.
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა - ი/ნ ლ--–----------–-–---–-------ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, 361-ე, 400-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 327-ე, 341-ე, 394-ე, 411-ე, 412-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობდა ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს მოპასუხისთვის შესაბამისი ოდენობის თანხის გადახდის სანაცვლოდ, საკუთრებაში უნდა გადაეცა უძრავი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მხარეების მიერ ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად. კერძოდ, მოპასუხის მიერ ნასყიდობის საფასური, არ იქნა გადახდილი სრულად და ჯეროვნად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე შპს ,,ა---–-----–----------–------ი’’-ს წარმომადგენელი სარჩლს ცნობს ნაწილობრივ, კერძოდ 373.60 ლარის ფარგლებში.
ამდენად, სასამართლოს მიერ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მითითებულ ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნების - ექვს წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
მითითებული ნორმების შესაბამისად, კანონით დადგენილია ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებებიც დაირღვა, შეუძლია მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
მითითებული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, კანონი უფლებას აძლევს მოვალეს ხანდაზმულობის შემდგომ უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე და შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის გაშვება უფლებამოსილ პირს ართმევს თავისი უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობას.
სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაშიც პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, 2007, გვ.63.).
ნიშანდობლივია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლით ისპობა სასამართლოს ან სხვა ორგანოს მეშვეობით პირის მოთხოვნის იძულებით განხორციელების შესაძლებლობა, მაგრამ არასასამართლოსათვის ან სხვა ორგანოსათვის მიმართვის უფლება.
ხანდაზმულობის ვადა სპობს უფლების იძულებით განხორციელების შესაძლებლობას მატერიალური და არა პროცესუალური თვალსაზრისით. ხანდაზმულობის ვადის საფუძველია უფლების დარღვევა, რომელიც შესაძლოა კანონიდან გამომდინარეობდეს ან ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვას. ხანდაზმულობის ვადების გათვალისწინება სასამართლოს მიერ ხორციელდება არა საკუთარი ინიციატივით, არამედ მხოლოდ საქმის განხილვაში მონაწილე მხარეების (მხარის) მიერ აღნიშნულზე მითითების შემთხვევაში.
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარ უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. „მხარეთა სასარჩელო შესაძლებლობები ხშირად არის ვადით შეზღუდული. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2003 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება #1/3/161 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - ო-–-------------–---–ი და ი-------------ი ს----------–---------–------ის წინააღმდეგ“).
სასარჩელო ხანდაზმულობის ვადები ასევე მიიჩნევა საქმის სწორად გადაწყვეტის ერთ–ერთ ეფექტურ გარანტიად. კერძოდ: გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, შესაბამისად, მტკიცებულებათა უტყუარობა, მათი ვარგისიანობის, ნამდვილობის უტყუარად დადგენის შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია სწორი და ობიექტური გადაწყვეტილების მისაღებად. სამართალწარმოებაში შეცდომის თავიდან აცილება უპირველესი მიზანია. ამასთან, ხანგრძლივი დროის გასვლამ შეიძლება გამოიწვიოს მტკიცებულებების შეცვლა ან მათი მოპოვების უკიდურესად გართულება, ზოგჯერ კი – განადგურება, რაც, საბოლოო ჯამში, გაართულებს სადავოდ გამხდარი მტკიცებულებების საიმედოობის დადგენას. როდესაც ხანგრძლივი დროა გასული იმ მოვლენიდან, რომელმაც სადავო გარემოებები წარმოშვა, მაღალია ალბათობა, რომ მტკიცებულებები, რომლებიც ადრე არსებობდა, შეიძლება დაკარგული ან სახეშეცვლილიყოს, ასევე გაფერმკრთალდება მოწმეთა მეხსიერება, რომელთა ჩვენებებს სასამართლო დავის გადაწყვეტისას უნდა დაეყრდნოს, გაიზრდება სავარაუდო, არასანდო მტკიცებულებათა რიცხვი. შედეგად, მეტი ალბათობის შეიქმნება ნიადაგი საქმის ფაქტობრივი გარემოებების არაობიექტური შეფასებისათვის. ხანდაზმულობის ვადა წარმოადგენს მცდელობას, დაიცვას მხარეები ასეთი საფრთხეებისაგან.
ზემოთ ჩამოთვლილი ლეგიტიმური მიზნების არსებობას იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოც. 1996 წლის 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ს-------ი და სხვები გ--------------–----------ს წინააღმდეგ, სასამართლო განმარტავს: „...ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციურიმოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისგან, რომლებისგან თავის დაცვაც შეიძლება რთული აღმოჩნდესდა უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას, თუ სასამართლოები იძულებულიგახდებიან გადაწყვიტომ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზედაყრდნობით, რომლებიც შესაძლოა, დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს“ (პარ.51).
ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ, ამასთან ივარაუდება, რომ მან დარღვევის განხორციელებისთანავე შეიტყო აღნიშნულის შესახებ. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს(იხ. სუსგ Noას-988-1021-2011, 15.11.2011).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო განმარტავს, რომ ადგილი აქვს არა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, არამედ ყოველი ახალი პროდუქციის მიწოდება არის ახალი შესრულება, საქონლის მიწოდება იმავე დღესვე წარმოშობს მოთხოვნის უფლებას, თვით მოსარჩელის განმარტებითაც, მოპასუხეს უნდა გადაეხადა პროდუქციის ღირებულება სრულად პროდუქციის მიწოდების დღესვე. სარჩელი სასამართლოში შემოტანილია 2018 წლის 21 აგვისტოს. აქედან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობის სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით 2015 წლის 21 აგვისტომდე არსებული ვალდებულებები ხანდაზმულია და იგი იძულებით გადახდევინებას არ ექვემდებარება.
რაც შეეხება მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ განცხადებას იმის თაობაზე თუ კონკრეტული მიწოდებიდან რა ნაწილის გადახდა ხდებოდა და როდის (ს.ფ. 122-127), სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით განცხადებაში მითითებული არცერთი ფაქტობრივი გარემოება არ დგინდება, შესაბამისად, მხოლოდ დაინტერესებული მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება მივიჩნიოთ იმ სახის მტკიცებულებად, რითაც სადავო გარემოება დადასტურდება, შესაბამისად, ზემოაღნიშნულ განცხადებაში მითითებული გარემოებებს სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს.
შესაბამისად, 2015 წლის 21 აგვისტოს შემდეგ მოსარჩელეს სულ სამი მიწოდება აქვს განხორციელებული, კერძოდ, 2015 წლის 01 სექტემბერს - 198 ლარის პროდუქციის, 2015 წლის 29 დეკემბერს - 112 ლარის ღირებულების პროდუქციისა და 2016 წლის 24 მარტს - 63,60 ლარის პროდუქციის, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 373.6 ლარს.
ამდენად, მხოლოდ მითითებული სამი მიწოდების ნაწილში არ არის სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმული, შესაბამისად, სასამართლო მხოლოდ ამ ნაწილში დააკმაყოფილებს მოსარჩელის მოთხოვნას, რაც მოპასუხე მხარემ ასევე სრულად სცნო. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ დანარჩენი მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.3. სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ შედარების აქტზე (ს.ფ. 92-93). მოცემულ შემთხვევაში მართალია შედარების აქტს ხელს აწერს ორივე მხარე, თუმცა სასამართლოსთვის უცნობია, თუ როდის შედგა აღნიშნული შედარების აქტი, ამასთან მიაჩნია, რომ აღნიშნული შედარების აქტი არ არის ვალის აღიარების ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს პირებისთვის, შედეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.
განსახილველი სარჩელით მოსარჩელე ასევე უთითებს შედარების აქტზე, რაც გამორიცხავდა მისი მოთხოვნის ხანდაზმულობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი შედარების აქტით არ დასტურდება, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის ვალის აღიარების ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის ვალდებულების არსებობა.
სასამართლო მიუთითებს 341-ე მუხლის სამართლებრივი წანამძღვრებისა და ნორმატიული შინაარსის განმარტებაზე, მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე (იხ. სუსგ Nას-839-890-2011, 08/11/2011წ.; Nას-839-890-2011, 08.11.2011წ.; სუსგ№ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015წ) და განმარტავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება.
სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ვალის აღიარების ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ და აბსტრაქტულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, ერთი მხარე მეორე მხარის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისგან და მისი მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა. ვალის აღიარებასთან არ გვაქვს საქმე, როდესაც სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ხდება ნების გამოვლენა, ან თუ მხარეები არსებული ვალდებულების შინაარსიდან გამოდიან ან მის ფარგლებში მოქმედებენ.
ვინაიდან ვალის აღიარების ხელშეკრულება დამოუკიდებელი გარიგებაა, კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, იგი უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილ პირობებს. ამასთან, აუცილებელია მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე... არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. პალატის მოსაზრებით, არსებითად უნდა ჩაითვალოს ისეთი პირობები, როგორიცაა: მხარეთა შეთანხმება ხელშეკრულების საგანზე, ძირითადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, ფასი, შესრულების ვადა და ა.შ. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე“ (იხ. სუს 2013 წლის 11 ნოემბრის #ას-1485-1401-2012 განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მითითება საქმეში არსებულ შედარების აქტზე, რომელმაც შეწყვიტა ხანდაზმულობის ვადის დენა, ვერ შეფასდება არგუმენტირებულად, ვინაიდან მასში ასახული ჩანაწერი არ შეიცავს ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ზემოაღნიშნულ კომპონენტებს, ვინაიდან მასში არ იკვეთება მხარეთა შორის არსებით პირობებზე შეთანხმება.
7.3 რაც შეეხება მიუღებელ შემოსავალს, მოთხოვნა ამ ნაწილში დაუსაბუთებელია, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ის 108-ე მუხლი). ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არა არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ეს ისეთი ზიანია, რომელიც გონივრული ვარაუდის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისათვის. როგორც ზიანის მიყენების ფაქტი, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს დაზარალებულ მხარეს ანუ კრედიტორს, რომელიც სასამართლო პროცესში წარმოადგენს მოსარჩელეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ,,ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების არარსებობის შემთხვევაში ნავარაუდები სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენის ორიენტირი განმტკიცებულია სსკ-ის 408-ე მუხლში, რომლის ნორმატიული მიზნიდან გამომდინარეობს, რომ განხორციელდეს იმ ვითარების აღდგენა, რომელიც იარსებებდა ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომამდე, ე.ი.ვალდებულების დარღვევამდე. ნორმიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ ზიანი არის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც არ იარსებებდა ვალდებულების დარღვევის არარსებობის შემთხვევაში, ე.ი. ვალდებულების ჯეროვანი შესრულების პირობებში. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნასთან მიმართებით, სასამართლომ უპირველესად, უნდა შეაფასოს ზიანის, როგორც მეორადი მოთხოვნის, წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების არსებობა (შდრ. სუსგიას-167-163-2016, 01.07.2016).
„სსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. სუსგ Nას-459-438-2015, 07.10.15 წ.).
მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის სამართლებრივი საკითხებისათვის შდრ. სუსგ Noას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი, სუსგ ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მხარესაა მტკიცების ტვირთი დაადასტუროს, რომ მან ვერ მიიღო ის შემოსავალი, რომელსაც მიიღებდა, რომ არ ყოფილიყო ვალდებულების დარღვევის არსებობის ფაქტი. მოსარჩელე ვერ ადასტურებს, თუ ზუსტად რომელი საქმიანობით მიიღებდა შემოსავალს, თანხა დროულად რომ დაბრუნებულიყო. როგორც მოსარჩელე თავის სარჩელში განმარტავს, მისი ძირითადი საქმიანობაა საბითუმო ვაჭრობა ფარმაცევტული საქონლით, სამედიცინო ინვენტარის შეძენა-რეალიზაცია. მის საქმიანობას არ წარმოადგენს თანხის გასესხება ან მისი ბანკის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსება.
შესაბამისად, მხოლოდ თეორიული მსჯელობა, რომ საბანკო ანგარიშებზე თანხის განთავსების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა გარკვეული სარგებლის მიღება, მაშინ როდესაც მოსარჩელის მიერ სხვა მტკიცებულება წარმოდგენილი არაა, იგი ვერ გახდება მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვსი ვარგისი საფუძველი.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სარჩელზე შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხემ დაკმაყოფილებულ ნაწილში სარჩელი სცნო, მოსარჩელე ლ--–----------–-–---–-------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 412 ლარიდან 11,20 ლარი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო 400.08 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
რაც შეეხება წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, უნდა აღინიშნოს, რომ იურიდიული მომსახურების ხელშეკრულება, მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით სამოქალაქო კოდექსის 907-ე მუხლით გათვალისწინებული გარიგებაა, რომელიც ფორმათავისუფალია და შეიძლება დაიდოს, როგორც წერილობით, ისე _ ზეპირი ფორმით. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად კი, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. გასამრჯელო ჩაითვლება უსიტყვოდ შეთანხმებულად, თუ გარემოებათა მიხედვით მოქმედების შესრულება მხოლოდ გასამრჯელოთი არის მოსალოდნელი. თუ გასამრჯელოს ოდენობა არ არის განსაზღვრული, მაშინ რაიმე ნიხრის არსებობისას შეთანხმებულად მიიჩნევა სანიხრო გასამრჯელო, ისევე, როგორც ნიხრის არარსებობისას – ჩვეულებრივი გასამრჯელო.
სასამართლომ მხარეს ხარჯების ანაზღაურება უნდა დააკისროს მხოლოდ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ისინი რეალურად და საჭიროებისამებრ იქნა გაღებული იმ მიზნით, რომ აღკვეთილიყო სამოქალაქო უფლების დარღვევა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება „ასანიძე საქართველოს წინააღმდეგ“).
ამდენად, სასამართლომ ხარჯების განსაზღვრისას უნდა მოახდინოს მხარის სამართლიანი დაკმაყოფილება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სასამართლოს შეხედულებით ხარჯების ოდენობის განსაზღვრისას, დავის საგნის ღირებულებიდან გამომდინარე, პროცენტული ცენზის დადგენა გამორიცხავს ხარჯების ხელოვნურად გაზრდას და უზრუნველყოფს იმ მხარის ინტერესების დაცვას, რომელსაც ხარჯების გადახდა უნდა დაეკისროს (იხ. სუსგ №ას-792-1114-07, 11 თებერვალი, 2008 წელი).
აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 14 ლარის ანაზღაურება, წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ი/მ ლ--–----------–-–---–-------ს სარჩელი შპს ,,ა---–-----–----------–------ი’’-ს მიმართ - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს ,,ა---–----–----------–-------’’ მოსარჩელე ლ--–----------–-–---–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ნაწილის 373,60 ლარის ოდენობით გადახდა.
2. მოსარჩელის მოთხოვნა დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
3. მოსარჩელე ლ--–----------–-–---–-------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 412 ლარიდან 11,20 ლარი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად, ხოლო 400.08 ლარი კი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
4. მოპასუხე შპს ,,ა---–----–----------–-------’’ მოსარჩელე ლ--–----------–-–---–-------ს სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ნაწილის 14 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე