გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/35776-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
20 მარტი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართალოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ცისანა სირბილაძე
სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი
მოსარჩელე - შპს „გ-–---------ი“
წარმომადგენელი - ო--------------------------------------------------------------–-----–-- (დირექტორი)
მოპასუხე - ს----–--------–---------------ი
წარმომადგენელი - ნ----------–---–ი
დავის საგანი - ვალდებულების შესრულება, პირგასამტეხლოს დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს----–--------–---------------ს, შპს „გ-–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურება 21 776 ლარის ოდენობით;
1.2. ს----–--------–---------------ს, შპს „გ-–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2017 წლის 22 მარტის 1/1-- ხელშეკრულების პირობების დარღვევიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს გადახდა, საერთო ოდენობით 13 250 ლარი;
1.3. ს----–--------–---------------ს, შპს „გ-–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულებისა და დანართებით აღებული ვალდებულებების შესრულება;
1.4. ს----–--------–---------------ს, შპს „გ-–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს საბანკო პროცენტის ანაზღაურება 6 536 ლარის ოდენობით;
1.5. ს----–--------–---------------ს, შპს „გ-–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს წარმომადგენლობითი ხარჯის ანაზღაურება 3 000 ლარის ოდენობით.
სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 24 თებერვალს, ს----–--------–---------------ის მიერ გამოცხადებულ იქნა გამარტივებული ელექტრონული ტენდერი თვითმჭრელი ხრახნების და ჭანჭიკების შესყიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნულ ტენდერში მონაწილეობა მიიღო შპს „გ-–---------მა“. 2017 წლის 01 მარტს დაიწყო სატენდერო წინადადების მიღება, ხოლო 2017 წლის 06 მარტს დასრულდა წინადადების მიღება. შემსყიდველის (მოპასუხე ს----–--------–---------------ი) მიერ განხორციელებული შერჩევა/შეფასების შედეგად, მას შემდეგ რაც მომწოდებელმა კანონმდებლობისა და შემსყიდველის მოთხოვნის საფუძველზე წარადგინა ტექნიკური დოკუმენტაცია და შეთავაზებული საქონლის ნიმუშები, 2017 წლის 16 მარტს გამოვლინდა ტენდერში გამარჯვებული შპს „გ-–---------ი“ და 2017 წლის 22 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა 1/1-- ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.
აღნიშნული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსარჩელე კეთილსინდისიერად შეუდგა მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას და განახორციელა პროდუქციის ეტაპობრივად მიწოდება. 2017 წლის 27 მარტს მიწოდებულ იქნა 10 880 ლარის ღირებულების 680 კგ ჭანჭიკი და გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი, 2017 წლის 28 მარტს მიწოდებული იქნა 10 896 ლარის ღირებულების 681 კგ ჭანჭიკი და გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი. 2017 წლის 10 აპრილს მიწოდებულ იქნა 7 200 ლარის ღირებულების 450 კგ ჭანჭიკი. მოპასუხემ ჩაიბარა აღნიშნული პროდუქცია, მაგრამ მიღება - ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია, ხოლო გარკვეული პერიოდის გასვლის შემდგომ, ყოველგვარი ადეკვატური მიზეზის გარეშე, ხელშეკრულებისა და კანონმდებლობის დარღვევით უარი თქვა მიღება - ჩაბარების აქტის გაცემაზე და განაცხადა, რომ მოსარჩელეს საკუთარი ხარჯებით უკან უნდა წაეღო მიწოდებული საქონელი.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის მხრიდან უხეშად დაირღვა ხელშეკრულების პირობები რითაც მოსარჩელეს დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურმა როგორც შესაგებელში ისე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო.
შესაგებელში აღნიშნა, რომ ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად: „შესყიდვის ობიექტია ჭანჭიკები, შესყიდვის ობიექტი მისი რაოდენობის, ერთეულის ღირებულების, საერთო ფასის, ტექნიკური მახასიათებლის, წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი ფირმისა და მოდელის მითითებით თან ერთვის ხელშეკრულებას დანართის სახით და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს. ხოლო, ხელშეკრულების დანართი N 1 - ით განსაზღვრულია 20 მმ ჭანჭიკის მწარმოებელი კომპანია O--x.
ხელშეკრულების 3.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების საგანზე, რაც წარმოადგენს ხელშეკრულების არსებით პირობას.
ხელშეკრულების 5.2 პუნქტის საფუძველზე, თუ საქონლის მიწოდების პროცესში გამოვლინდება რომ საქონელი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ შეესაბამება მიმწოდებლის მიერ ტენდერში წარმოდგენილ ნიმუშებს, შემსყიდველს უფლება აქვს არ მიიღოს ნაკლოვანი საქონელი და დაუბრუნოს იგი მიმწოდებელს მიმწოდებლის ხარჯით.
მოპასუხის განმარტებით, მიმწოდებლის მიერ არ იქნა შესრულებული ვალდებულება და მიწოდებულ იქნა საქონელი, რომელიც არ აკმაყოფილებდა დანართ N 1 - ში მითითებულ მწარმოებლის დასახელებას, შესაბამისად ს----–--------–---------------მა არ მიიღო შესრულება, რომელიც არ იყო გათვალისწინებული შეთანხმებით.
სარჩელში აღნიშნულია, რომ ს----–--------–---------------მა მიიღო საქონელი და მასზე გააფორმა მიღება - ჩაბარების აქტი, შესაბამისი თანხა კი გადახდილი არ არის. ნივთის მიღების შემდეგ ტარდება მისი ინსპექტირება, იმის დასადგენად, თუ რამდენად შეესაბამება მიღებული საქონელი ხელშეკრულების საგანსა და შეთანხმებულ მახასიათებლებს.
შპს „გ-–---------ი“-ს მიერ მიწოდებულ საქონელს ჩაუტარდა შესაბამისი ინსპექტირება და დადგინდა, რომ ის არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების საგნის მახასიათებლებს, აღნიშნულ მოკვლევასთან დაკავშირებით კი შედგა N6-----------------7 ლოჯისტიკისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს სამსახურებრივი ბარათი და ეცნობა შესაბამისი დეპარტამენტის უფროსს შემდგომი რეაგირების მოსახდენად.
ს----–--------–---------------ის ფინანსური დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 30 მაისის N21-0------5 და 2017 წლის 27 ივნისის N21--------6 წერილებით მიმწოდებელს ეცნობა ნივთის ნაკლის შესახებ და ეთხოვა უზრუნველეყო 2017 წლის 22 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების (1/1--) მე-5 მუხლის 5.2 პუნქტის შესაბამისად, მიწოდებული ნაკლოვანი საქონლის დაბრუნება, რაც უნდა განეხორციელებინა საკუთარი სახსრებით. ამასთან, ამავე ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.1 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით დაევალა პირგასამტეხლოს თანხის 1 379.68 ლარის ოდენობით გადახდა, რაც დარჩა რეაგირების გარეშე.
ამდენად, მოპასუხის განმარტებით, სარჩელი დაუსაბუთებელია, რადგან შემსყიდველს არ დაურღვევია მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები და იგი ვერ მიიღებდა გაურკვეველი წარმომავლობის საქონელს იმ პირობებში, როდესაც საქონლის თითოეული დეტალი გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით, შესაბამისად, არ არსებობს როგორც თანხის, ასევე პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი.
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 24 თებერვალს, ს----–--------–---------------მა გამოაცხადა გამარტივებული ელექტრონული ტენდერში ხრახნების და ჭანჭიკების შესყიდვასთან დაკავშირებით აუქციონის გარეშე, გამარჯვებულად გამოცხადდა შპს "გ-–---------ი".
2017 წლის 22 მარტს ს----–--------–---------------ს და შპს „გ-–---------ს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1/1--.
ხელშეკრულების პირველი პუნქტის თანახმად, განისაზღვრა ხელშეკრულების ღირებულება, კერძოდ, შემსყიდველმა გამოაცხადა ჭანჭიკების (44-----0 - ჭანჭიკები) შესყიდვაზე გამარტივებული ელექტრონული ტენდერი (NA----------- და ტენდერის შედეგად მიმწოდებელმა აიღო ვალდებულება მიაწოდოს შემსყიდველს ზემოაღნიშნული საქონელი 42 745 ლარად.
ხელშეკრულების მეორე პუნქტის თანახმად, განისაზღვრა ხელშეკრულების შესრულების კონტროლი, კერძოდ, 2.2.2. შესაბამისი შემოწმების აქტის საფუძველზე მიწოდებული საქონლის ან/და მისი ნაწილის ხარისხის ხელშეკრულების მოთხოვნებთან - ხელშეკრულების დანართი N 1 (სატენდერო დოკუმენტაციის დანართი N 1 ტექნიკური პირობები) შესაბამისობის დადგენა ინსპექტირების დასკვნის გაფორმება.
ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის მახასიათებლებად მიეთითა შესყიდვის ობიექტი მისი რაოდენობის, ერთეულის ღირებულების, საერთო ფასის, ტექნიკური მახასიათებლის, წარმოშობის ქვეყნის, მწარმოებელი ფირმისა და მოდელის მითითებით.
ამავე ხელშეკრულების მეხუთე პუნქტით განისაზღვრა შესყიდვის ობიექტის მიღება - ჩაბარების წესი. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ, მიწოდებული საქონელი შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხელშეკრულებით განსაზღვრული პირი მიღება - ჩაბარების აქტის საფუძველზე ახორციელებს მიწოდებული საქონლის მიღებას, ხოლო თუ, საქონლის მიწოდების პროცესში გამოვლინდება, რომ საქონელი არ აკმაყოფილებს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ შეესაბამება მიმწოდებლის მიერ ტენდერში წარმოდგენილ ნიმუშებს შემსყიდველს უფლება აქვს არ მიიღოს ნაკლოვანი საქონელი და დაუბრუნოს იგი მიმწოდებელს მიმწოდებლის ხარჯით.
5.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში თუ ხელშეკრულების 5.2. პუნქტის საფუძველზე არ განხორციელდა საქონლის მიღება, მიმწოდებელი ვალდებულია 1 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს ნაკლოვანი საქონლის შეცვლა სათანადო ხარისხის საქონლით, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ხელშეკრულების 13.1. პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.
5.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა შემსყიდველს უნდა წარუდგინოს საქონლის მიწოდებისას მიღება - ჩაბარების აქტი, სასაქონლო ზედნადებები და საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა.
ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ინსპექტირების აქტის, მიღება - ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედდებულებისა და საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
13.3. პუნქტით, შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების 6.3. პუნქტით გათვალისწინებული ანაგრიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს მიმწოდებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება N1/1-- საქონლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 15 - 21)
3.1.2. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N1/1-- ხელშეკრულების დანართი N 1 -ის თანახმად, მისაწოდებელი საქონლის დასახელებაა ჭანჭიკი 20 მმ, მწარმოებელი ქვეყანა: თუ------ი, მწარმოებელი კომპანია: O--x, რაოდენობა 2 350 კგ, ერთეულის ფასი - 16, სულ ფასი - 37 600, მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღე. დასახელება - შურუპი 8 მმ, მწარმოებელი ქვეყანა - თუ------ი, მწარმოებელი კომპანია - St-----------a, რაოდენობა - 350 კგ, ერთეულის ფასი - 14.70, სულ ფასი - 5 145.00, მიწოდების ვადა - ხელშეკრულების გაფორმებიდან 15 სამუშაო დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დანართი N 1 (ს.ფ. 23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 27 მარტს მიწოდებულ იქნა 10 880 ლარის ღირებულების 680 კგ ჭანჭიკი და გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი, 2017 წლის 28 მარტს მიწოდებული იქნა 10 896 ლარის ღირებულების 681 კგ ჭანჭიკი და გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი. 2017 წლის 10 აპრილს მიწოდებულ იქნა 7 200 ლარის ღირებულების 450 კგ ჭანჭიკი. მოპასუხემ ჩაიბარა აღნიშნული პროდუქცია, მაგრამ მიღება - ჩაბარების აქტი არ გაუფორმებია. შემოსავლების სამსახურმა უარი განაცხადა მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებაზე, რის შემდეგაც მოსარჩელემ საქონელი უკან დაიბრუნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- მიღება - ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 24 - 26);
- მიღება - ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 27 – 29)
3.2.2. შპს "გ-–---------ის" მიერ შემოსავლების სამსახურისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულება შეადგენს 21 776 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა - განმარტება;
- ხელშეკრულება N1/1-- საქონლის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ (ს.ფ 15 - 21);
- მიღება - ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 24 - 26);
- მიღება - ჩაბარების აქტი, საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 27 – 29)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ნაწილში და ეს მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო სხვა მოთხოვნებზე სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 429-ე, 361-ე, მე-8, 412-ე, 417-ე, 420-ე, 319-ე, 327-ე, 483-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
დადგენილია, რომ 2017 წლის 22 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N1/1-- ხელშეკრულება. ხელშეკრულების საერთო ღირებულება განისაზღვრა 42 745 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ განხორციელა სამი მიწოდება. მიწოდების პირველ ორ ეტაპზე მოპასუხე მხარემ მოახდინა მიღება - ჩაბარების აქტების გაფორმება, თუმცა, ვინაიდან მეორე და მესამე ეტაპზე მიწოდებული პროდუქციის მწარმოებელი ქვეყანა განსხვავდებოდა ხელშეკრულებით დადგენილ პირობასთან, მესამე შემთხვევაში უარი განაცხადა მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმებაზე და მიუთითებს, ხელშეკრულების 6.3. პუნქტზე, რომლის თანახმადაც, ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ინსპექტირების აქტის, მიღება - ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედდებულებისა და საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის საფუძველზე, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სამოქალაქო კოდექსის 429-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, კრედიტორმა მოვალის მოთხოვნით შესრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მიღების შესახებ უნდა გასცეს ამის დამადასტურებელი დოკუმენტი.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესასრულებლად, 2017 წლის 27 მარტს მიაწოდა ჭანჭიკი 20 მმ - 680 კგ, ერთეულის ღირებულება 16 ლარი, საერთო ღირებულებით 10 880 ლარი, რაზეც 2017 წლის 27 მარტსვე გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი, 2017 წლის 27 მარტს გაფორმდა სასაქონლო ზედნადები, ხოლო 2017 წლის 11 აპრილს დადასტურდა საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
2017 წლის 28 მარტს მიაწოდა ჭანჭიკი 20 მმ - 681 კგ, ერთეულის ღირებულება - 16 ლარი, საერთო ღირებულებით - 10 896 ლარი, რაზეც 2017 წლის 28 მარტს გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტი, ამავე რიცხვში სასაქონლო ზედნადები და 2017 წლის 11 აპრილს დადასტურდა საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
მოპასუხემ წარმოადგინა 2017 წლის 18 მაისის შემოსავლების სამსახურის ლოჯისტიკისა და მატერიალურ - ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის მოხსენებითი ბარათი, სადაც მითითებულია, რომ მიწოდებული ჭანჭიკების 1 811 კგ-ის მწარმოებელი კომპანია არ ემთხვევა ხელშეკრულების დანართი N 1 - ით გათვალისწინებულ მწარმოებელ კომპანიას. მოპასუხე ამ დოკუმენტის საფუძველზე უარს აცხადებს საქონლის ღირებულების ანაზღაურებაზე.
ამასთან, სასამართლო სხდომაზე მოსამართლის შეკითხვაზე მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა ვერ დაადასტურა, თუ რა პერიოდი ესაჭიროებოდა ინსპექტირების ჩატარებას, ისევე როგორც როდისთვის ესაჭიროებოდა ნასყიდობის საგანი თავად შემოსავლების სამსახურს. წარმომადგენელმა როგორც განმარტა, მიწოდებული საქონელი არ არის გამოყენებული და ასევე, უცნობია უზრუნველყო თუ არა მიმწოდებელმა მისი უკან დაბრუნება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ განხორციელებული ქმედებები უდავოდ ადასტურებს მოსარჩელის მიერ მიწოდებული პროდუქტის, 21 776 ლარის ნაწილში შესრულების მიღების ფაქტს, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლით გათვალისწინებულია მყიდველის ვალდებულება მიიღოს ნასყიდობის საგანი, რაც მოცემულ შემთხვევაში ს----–--------–---------------მა განახორციელა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
მოპასუხე მიწოდებული საქონლის ღირებულების გადახდის ვალდებულების გამომრიცხველ არგუმენტს წარმოადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მწარმოებელი ქვეყნის ცვლილება. ის გარემოება, რომ მეორე და მესამე ეტაპზე მიწოდებული საქონლის მწარმოებელი ქვეყანა არ შეესაბამებოდა ხელშეკრულებაში მითითებულს (თუ------ი) დაადასტურა თვით მოსარჩელე მხარემაც. მაგრამ, სამოქალაქო კოდექსის 483-ე მუხლის შესაბამისად, მყიდველის მიერ მიღება-ჩაბარების აქტების გაფორმება, ზედნადების და საგადასახადო ანგარიშფაქტურების დადასტურება მიუთითებს საქონლის მიღების ფაქტზე. ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება მიღებული საქონლის გამოუსადეგობა ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
ამდენად, მოპასუხის მითითება ხელშეკრულების 6.3 პუნქტზე, რომლის თანახმადაც ანგარიშსწორება მიმწოდებელთან განხორციელდება ხელშეკრულების 5.4. პუნქტის შესაბამისად გაფორმებული ინსპექტირების აქტის, მიღება - ჩაბარების აქტის, სასაქონლო ზედდებულებისა და საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურის საფუძველზე არაუგვიანეს 10 სამუშაო დღის განმავლობაში, ხოლო მიღება - ჩაბარების აქტი წარმოადგენს სასაწყობე სამსახურის მიერ ტექნიკური მახასიათებლების შემოწმების შემდგომ გავლის დოკუმენტს, ხოლო შესაბამის დასკვნაზე დაყრდნობით მოხსენებითი ბარათით დადგინდა ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება სასამართლო არ თვლის მოპასუხის ვალდებულების გამომრიცხველ გარემოებად, ვინაიდან დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის 27 მარტს და 28 მარტს გაფორმდა მიღება - ჩაბარების აქტები, გამოიწერა ანგარიშფაქტურა და სასაქონლო ზედნადებები, რაც ადასტურებს მოსარჩელის მიერ საქონლის მიწოდების, ხოლო მოპასუხის მიერ მისი მირების ფაქტს.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო კოდექსის 8-ე მუხლით განმტკიცებულ კეთილსინდისიერების მომენტს და მოიშველიებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას; „კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კოდექსის ეს დანაწესი, რომელსაც ავსებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი, მოიცავს მთელ კერძო სამართალს. აღნიშნული მუხლების მოქმედება ცალსახა და იმპერატიულია, ამიტომაც მხარეებს არ აქვთ უფლება ხელშეკრულებით ან შეთანხმებით გამორიცხონ მათი მოქმედება.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და აუცილებელ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს, ზოგადად, სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას, თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება.
კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. კეთილსინდისიერება როგორც ნორმატიული, ისე სუბიექტური ნების განმარტების ინსტრუმენტია. მის საფუძველზე აღმოიფხვრება როგორც კანონის, ისე ხელშეკრულების ხარვეზი. კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი, უპირველეს ყოვლისა, იმით გამოიხატება, რომ მხარეს, გარდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულებისა, ევალება ვალდებულების კეთილსინდისიერად შესრულებაც, ანუ კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესების გათვალისწინება და დაცვა. ამ მოთხოვნის დარღვევა კი არა მხოლოდ სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების პროცესში, არამედ სახელშეკრულებო მოლაპარაკებათა და ძირითადი ვალდებულებების შესრულების შემდგომ ეტაპზეც შეიძლება პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი გახდეს. (ას-1338-1376-2014)
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სახეზეა მოპასუხის ვალდებულება გადაიხადოს მიღებული ნასყიდობის საგნის ღირებულება, ვინაიდან ანგარიშ-ფაქტურებით დასტურდება, რომ მოპასუხემ საქონელი მიიღო 2017 წლის 27 და 28 მარტს. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მას ანაზღაურების ვალდებულება ჰქონდა 10 დღის ვადაში, რაც სასამართლოს მოსაზრებით, მოიცავს ასევე ინსპექტირების ჩატარების ვადასაც. 2017 წლის 18 მაისის სამსახურებრივი ბარათი კი არ წარმოადგენს ინსპექტირების აქტს. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ს----–--------–---------------ს მართებს მიღებული პროდუქციის სანაცვლოდ 21 776 ლარის შპს „გ-–---------ი“-ს სასარგებლოდ გადახდის ვალდებულების შესრულება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 13.3. პუნქტით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველის მხრიდან ხელშეკრულების 6.3. პუნქტით გათვალისწინებული ანაგრიშსწორების ვადების დარღვევის შემთხვევაში შემსყიდველს მიმწოდებლის სასარგებლოდ დაეკისრება პირგასამტეხლო შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარემ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ნასყიდობის საფასური არ გადაიხადა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ დასახელებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და ს----–--------–---------------ს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს გონივრული ოდენობით 1 000 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394--ე მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
მოსარჩელე მოითხოვს საბანკო პროცენტის ანაზღაურებას 6 536 ლარის ოდენობით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში ზიანის ანაზღაურება ნიშნავს პირის მიმართ წარმოშობილი ზიანის კომპენსაციას სხვა პირის მიერ. ზიანის ანაზღაურების ვალდებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან ან სამართლებრივი მოწესრიგებით.
კანონით განსაზღვრული ყოველი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წინაპირობა არის, ის რომ იგი გამოწვეულია მავალდებულებელი გარემოების შედეგად. ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებასა და ზიანს შორის, ესე იგი, არსებულ მდგომარეობასა და იმ მდგომარეობას შორის, რომელიც იარსებებდა, რომ არ განხორციელებულიყო ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირობა მიზეზობრივ კავშირშია შედეგთან და ამ შედეგისათვის თანაბარმნიშვნელოვანს წარმოადგენს.
სახელშეკრულებო ვალდებულებების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წინაპირობებია: მხარეთა ნამდვილი შეთანხმება ხელშეკრულების არსებით პირობებზე, რა დროსაც დაცული უნდა იყოს გარიგების ნამდვილობის ზოგადი პირობები. ადგილი უნდა ჰქონდეს ერთ-ერთი მხარის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას ხელშეკრულების დებულებების დარღვევის გზით. სახეზე უნდა იყოს ფაქტობრივად დამდგარი ზიანი.
დამდგარი ზიანი მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასთან. ვალდებულების დარღვევა ბრალეული უნდა იყოს.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.
მოცემულ შემთხევვაში, მოსარჩელის მოთხოვნა ემყარება იმ ფაქტობრივ საფუძველს, რომ როგორც მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, მან ტენდერის მიზნებისთვის, საბანკო დაწესებულებიდან მიიღო კრედიტი, რომლის დასაფარად იხდის პროცენტებს. ზიანი განსაზღვრულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გადასახდელი საპროცენტო სარგებლის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მითითებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ მიაჩნია რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მოპასუხის მიერ მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ხოლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 623-625-ე მუხლებით დადგენილი რეგულაციის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული სესხის და საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება ეკისრება მსესხებელს. მოსარჩელის მოთხოვნა საპროცენტო სარგებლის მოპასუხეებისათვის დაკისრების თაობაზე კი უსაფუძვლოა.
6.4. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულებისა და დანართებით აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. კოდექსის 4-ე მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელში უნდა აღინიშნოს: ე) კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;ვ) მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებებს;ზ) მოსარჩელის მოთხოვნა; თ) სამართლებრივი საფუძვლები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს;
შპს "გ-–---------ის" სარჩელში არ არის მითითებული რომელი კონკრეტული ვალდებულების შესრულებას ითხოვს მოსარჩელე და რა წესით, არ არის მითითებული ამ მოთხოვნის განმსაზღვრელი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის ეს მოთხოვნა არ არის წარმოდგენილი მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო იხილავს სარჩელს და გამოაქვს გადაწყვეტილება სწორედ ამ სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში, რომელსაც ვერც შეცვლის და ვერც გააფართოვებს. სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს კონკრეტული, გარკვეული და წარმოდგენილი აღსრულებადი სახით, რაც მოცემულ შემთხვევაში დაცული არ არის.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 319-ე და 327-ე მუხლებით დადგენილია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი. მხარეები უფლებამოსილი არიან დადონ კანონით აუკრძალავი ნებისმიერი სახის ხელშეკრულება, რაც წარმოშობს მისი მონაწილეების ვალდებულებას შეასრულონ ხელშეკრულების პირობები. ვალდებულების დარღვევის დროს კი ხელშეკრულების მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება, რომელიც წარმოიშვა მოვალის ქმედების გამო, ხელშეკრულების შეწყვეტა, თუმცა განსახილველ სარჩელში გაცხადებული მოთხოვნა, რომ სასამართლომ მოპასუხეს დაავალოს შეისყიდოს უკან დაბრუნებული საქონელი (როგორც სასამართლოს სხდომაზე იქნა მითითებული) მოკლებულია მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს.
როგორც საქართველოს უზენაესი სასამართლო თავის გადაწყვეტილებაში განმარტავს "სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა (ან ნორმები) შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს, ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა, რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ., სუსგ №ას-973-1208-04; №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი, პ-17). მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა კანონისმიერი საფუძვლიდან. (საქმე №ას-1765-2018, 7 მარტი, 2019 წელი)
სარჩელის ფაქტობრივი გამართულობიდან და აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების შესრულების დავალდებულების თაობაზე უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1337 ლარის ოდენობით, სასამართლოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა 22 776 ლარის ნაწილში. (51.11 %)
ამდენად, ს----–--------–---------------ს შპს „გ-–---------ი“-ს სასარგებლოდ, უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად 684 ლარის გადახდა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ წარმოადგინა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება, საერთო ჯამში - 3 000 ლარის ოდენობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, ს----–--------–---------------ს უნდა დაეკისროს 891.24 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს „გ-–---------ი“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. ს----–--------–---------------ს, შპს „გ-–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს 21 776 ლარის გადახდა;
3. ს----–--------–---------------ს, შპს „გ-–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს პირგასამტეხლოს 1 000 ლარის გადახდა;
4. შპს „გ-–---------ს“ უარი ეთქვას საბანკო პროცენტის - 6 536 ლარის ანაზღაურებაზე;
5. შპს „გ-–---------ს“ უარი ეთქვას მოპასუხისათვის 2017 წლის 22 მარტის ხელშეკრულებისა და დანართებით აღებული ვალდებულებების შესრულების დაკისრების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე;
6. ს----–--------–---------------ს შპს „გ-–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის 891.24 ლარის გადახდა;
7. ს----–--------–---------------ს შპს „გ-–---------ი“-ს სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 684 ლარის ანაზღაურება;
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ცისანა სირბილაძე