გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2019
საქმის ნომერი
330210018002549926
კატეგორია
დავის ტიპი
დაკავშირებული უძრავ ქონებაზე საკუთრებასთან
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/21635-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10 აპრილი, 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი

სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი

მოსარჩელე - ნა---------------ე

მოპასუხე - ლი-------–-------------ე

წარმომადგენლები - 1 - მე--–-----------–---ი

2 - ხა-----------ა

3 - მე-------------ა

დავის საგანი - უძრავ ნივთის თანასაკუთრებად რეგისტრაცია, საზიარო უფლების გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ქ. თბილისში, გა-–-------------------------ში, მე-3 სართულზე მდებარე სამზარეულო - 15.96 კვ.მ.-ის, საპირფარეშო - 3.78 კვ.მ.-ის და შესასვლელი კორიდორი - 10.82 კვ.მ.-ის ფართების ოდენობით, რომელიც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 01 აპრილის დასკვნაზე თანდართული შპს „რ------“-ის მიერ შედგენილი ნახაზის მიხედვით შეფერილია ყვითელ, ცისფერ და რუხ ფერებად, აღირიცხოს ნა---------------ისა და ლი-------–-------------ის თანასაკუთრებად.

 

1.2. გაუქმდეს საზიარო უფლება ქ. თბილისში, გა-–-------------------------ში მე-3 სართულზე მდებარე უძრავ ნივთზე ნატურით გაყოფის გზით და ნა---------------ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცეს სამზარეულოს - 15.96 კვ.მ.-ის ნახევარი - 7.98 კვ.მ, საპირფარეშოს - 3.78 კვ.მ.-ის ნახევარი - 1.89 კვ.მ, რომელიც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 01 აპრილის დასკვნაზე თანდართული შპს „რ------“-ის მიერ შედგენილი ნახაზის მიხედვით შეფერილია ცისფრად, ხოლო ლი-------–-------------ეს ინდივიდუალურ საკუთრებაში გადაეცეს სამზარეულოს - 15.96 კვ.მ.-ის მეორე ნახევარი - 7.98 კვ.მ, საპირფარეშოს - 3.78 კვ.მ.-ის მეორე ნახევარი - 1.89 კვ.მ, რომელიც დასკვნაზე თანდართული შპს „რ-----ის“ მიერ შედგენილი ნახაზის მიხედვით შეფერილია რუხად. საერთო შესასვლელი კორიდორი 4.73 კვ.მ. და 6.09 კვ.მ. ფართების ოდენობით, რომელიც დასკვნაზე თანდართული შპს „რ------“-ის მიერ შედგენილი ნახაზის მიხედვით შეფერილია ყვითლად, დარჩეს ნა---------------ისა და ლი-------–-------------ის თანასაკუთრებად. მხარეთა ინდივიდუალურ საკუთრებად განსაზღვრულ სამზარეულოსა და საპირფარეშოს შუაში მოეწყოს გამყოფი კედელი და ორივე მხარეს ცალ-ცალკე მოეწყოს შესასვლელი კარი.

 

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2019 წლის 13 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი - 18:23:20 - 18:24:10 სთ).

 

სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელემ 2007 წლის 08 იანვარს და-----------–---–--აგან შეიძინა უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუ------–-------------------------------- ლიტერი „ა“, 14/1144 ნაწილი, საკადასტრო კოდით N0--15.0--0---0---0--5--- ასევე, მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუ------–-----------------------------------------------–---, ფართი: 10.90 კვ.მ. საკადასტრო კოდით N0--15.0--0---0---0--0---. ქონების გამსხვისებელს - დ------------–---–ს, თავის მხრივ, ქონება ჩუქებით მიღებული ჰქონდა თ----------–---–ისაგან, ხოლო თ----------–---–ს კი საკუთრება მოპოვებული ჰქონდა 1993 წლის 16 მარტის პრივატიზაციის ხელშეკრულებით. პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, თ----------–---–ს გადაეცა ქ. თბილისში, გა-–------------------ში მდებარე ერთი ოთახი საცხოვრებელი ფართი 14 კვ.მ.-ს ოდენობით, ხოლო დამხმარე სათავსოები - სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი და შესასვლელი კი გადაეცა საერთო სარგებლობაში. თ----------–---–მა თავისი კუთვნილი ქონება და საერთო სარგებლობაში არსებული ფართები, სრულად აჩუქა დ------------–---–ს, ხოლო დ------------–---–მა ფართზე არსებული საკუთრების უფლება და თანასარგებლობაში არსებული ფართები სრულად გაყიდა მოსარჩელეზე. ამდენად, მოსარჩელის საკუთრებას წარმოადგენს როგორც რეესტრში რეგისტრირებული ინდივიდუალური ფართი, ასევე გააჩნია თანასაკუთრების უფლება საერთო სარგებლობის ფართებზე.

 

მოპასუხე ლი-------–-------------ის საკუთრებაში ირიცხება უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუ------–-------------------------------, ფართი: 44.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0--15.0--0---0---0-----. მსგავსად მოსარჩელისა, მოპასუხე ლი-------–-------------ეს გააჩნია თანასაკუთრების უფლება სამზარეულოს, საპირფარეშოსა და შესასვლელ ჰოლზე, ვინაიდან მან ქონება მიიღო ჩუქებით ნა-------------საგან, რომელსაც ასევე ჩუქებით ჰქონდა საკუთრება მოპოვებული მისი ძმის - ბე-------------------ისაგან. თავად ბე-------------------ემ კი საკუთრება შეიძინა 1992 წლის 06 ნოემბერს დადებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით, რომლის მიხედვითაც, შეძენილ ქონებას წარმოადგენდა ქ. თბილისში, გა-–------------------ში მდებარე ოროთახიანი საცხოვრებელი ფართი 44 კვ.მ.-ს ოდენობით, სამზარეულო და საპირფარეშო კი საერთო სარგებლობის უფლებით.

 

ამდენად, დღეის მდგომარეობით, მხარეთა საერთო სარგებლობაშია ქ. თბილისში, გა-–------------------ში, მე-3 სართულზე მდებარე შესასვლელი კოლიდორი, სამზარეულო და საპირფარეშო.

 

მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე წინააღმდეგია საერთო სარგებლობის ფართების მხარეთა თანასაკუთრებად რეესტრში დარეგისტრირებაზე, რის გათვალისწინებითაც იძულებულია სასამართლოს გზით მოითხოვოს საერთო სარგებლობის ფართებზე თანასაკუთრების რეგისტრაცია. ამასთან, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადებული დასკვნით, შესაძლებელია საერთო სარგებლობის სამზარეულოსა და საპირფარეშოს თანაბარწილად გამიჯვნა, მათ შორის კედლის ამოშენებისა და გამიჯნული ფართებისათვის ცალ-ცალკე კარებების მოწყობით. ხოლო შესასვლელი კოლიდორი კი ვინაიდან არ იმიჯნება, კვლავაც დარჩება საერთო სარგებლობაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხის წარმომადგენლებმა სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლითა და სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.

 

მათი განმარტაებით, ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომლითაც მოსარჩელეს ინდივიუალურ ქონებაზე წარმოეშვა საკუთრების უფლება, არ დასტურდებოდა დამხმარე ფართების ნასყიდობაც. მოსარჩელეს არასდროს უსარგებლია სადავო ფართებით, ვინაიდან არ განუხორციელებია მფლობელობა. ქონების შეძენის შემდგომ მას არ უცხოვრია ბინაში და შესაბამისად, არ უსარგებლია საერთო სარგებლობის ფართებით. მოპასუხე მხარის ოჯახი 1960 წლიდან ფლობს სადავო საერთო სარგებლობის ფართებს. საქმეზე დართული ექსპერტიზის დასკვნა არ შეიძლება გაზიარებულ იქნეს სათანადო მტკიცებულებად, ვინაიდან კვლევა ჩატარებულია სხვა კომპანიის მიერ მომზადებული ნახაზით, მაშინ როდესაც, თავად სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს წარმომადგენლების მიერ უნდა მომხდარიყო ფართის ადგილზე შესწავლა-გამოკვლევა. ფართის გამიჯვნა ისე, რომ არ შემცირდეს მისი ღირებულება, ვინაიდან ფართების გამიჯვნა შეუძლებელია, სასამართლომ არ უნდა გაიზიაროს სარჩელის დასტურად წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 1993 წლის 16 მარტს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით, თ----------–---–ს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის პირველი თებერვლის N--- დადგენილების თანახმად, საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, გა-–---------------ში, ერთი ოთახი, საცხოვრებელი ფართით: 14 კვ.მ. ასევე საერთო სარგებლობაში გადაეცა დამხმარე სათავსოები: სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი და შესასვლელი.

 

(მტკიცებულება: 1993 წლის 16 მარტის ხელშეკრულება, ს.ფ. 54-55)

 

3.2.2. 1998 წლის 28 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, თ----------–---–მა საჩუქრად გადასცა დ------------–---–ს მის საკუთრებად რეგისტრირებული მთელი საცხოვრებელი ლიტ „ა“, სახლის 14/1144 წილი, მდებარე ქ. თბილისში, გა-–--------------ში, რომელიც თ----------–---–ს ეკუთვნოდა 1993 წლის 16 მარტს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით და ქ. თბილისის ტექ. ბიუროს მიერ 1998 წლის 14.04 N----- გაცემული ცნობა-დახასიათებით.

 

(მტკიცებულება: 1998 წლის 28 აპრილის ხელშეკრულება, ს.ფ. 27-28)

 

3.2.3. 2007 წლის 08 იანვარს გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, დ------------–---–მა გაყიდა, ხოლო ნა---------------ემ შეიძინა უძრავი ქონება, საცხოვრებელი ფართი, ლიტერი „ა“, წილი: 14.00/1144.00 მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, გა-–--------------------.

 

(მტკიცებულება: 2007 წლის 08 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 243-246)

 

3.2.4. საქმეში წარმოდგენილი 2019 წლის 11 იანვარს სანოტარო წესით დამოწმებული განცხადებით, ლი----------–---–მა, როგორც და-----------–---–-- მინდობილმა პირმა, დაადასტურა, რომ დ------------–---–მა 2007 წლის 08 იანვარს გაასხვისა უძრავი ქონება მდებარე ქ. თბილისში, გა-–-----------------, ნა---------------ეზე, რომელი ქონებაც დ------------–---–ს მიღებული ჰქონდა 1998 წლის 28 აპრილს შედგენილი ჩუქების ხელშეკრულებით, ხოლო ჩუქების ხელშეკრულება კი თავის მხრივ შედგენილი იყო პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის თანახმადაც, უძრავ ქონებას წარმოადგენდა ერთოთახიანი ბინა, საცხოვრებელი ფართით 14 კვ.მ, დამხმარე სათავსოები - სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი და შესასვლელი საერთო. ამავე განცხადების თანახმად, დ------------–---–მა რა ფორმითაც მიიღო უძრავი ქონება ჩუქებით, იგივე სახით გაასხვისა ნა---------------ეზე.

 

(მტკიცებულება: 2019 წლის 11 იანვრის განცხადება, ს.ფ 252)

 

3.2.5. საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2019 წლის 18 იანვარს გაცემული ინფორმაციით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ტექნიკური არქივის მონაცემებით, 1993 წლოს 16 მარტის N----- პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე, თი-------------------–-------–---–ს საკუთრებაში გადაეცა ქალაქ თბილისში, გა-–----------------------ში მდებარე ერთოთახიანი ბინა. 2007 წლის 3 იანვარს რეგისტრაციის შესახებ N0--1-------- გადაწყვეტილებით, ქალაქ თბილისში, გა-–----------------------ში მდებარე საცხოვრებელი ფართის - ლიტერი „ა“- 14.00/1144.00 წილზე დარეგისტრირდა და-----------–---–-- საკუთრების უფლება, მასსა და თ----------–---–ს შორის 1998 წლის 24 აპრილს გაფორმებული N------ ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, უძრავ ნივთზე - საცხოვრებელი სახლის ლიტერი „ა“-ს 14/1144 წილზე თ----------–---–ის საკუთრების უფლების დამადასტურებელს დოკუმენტს წარმოადგენდა ქ. თბილისის პირველი სახ. სან. ბიუროს ნოტარიუს ს--------- მიერ 1993 წლის 16 მარტს გაცემული პრივატიზაციის ხელშეკრულება. უძრავ ნივთს მიენიჭა საკადასტრო კოდი N0--15.0--0---0---0--5--- 2007 წლის 12 იანვარს რეგისტრაციის შესახებ N0--1-------- გადაწყვეტილებით, N0--15.0--0---0---0----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე დარეგისტრირდა ნა---------------ის საკუთრება 2007 წლის 8 იანვრის N---- ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემებით, ნა---------------ის საკუთრებაში N0--15.0--0---0---0----- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ნივთის პირველად მესაკუთრეს წარმოადგენს თ----------–---–ი N----- პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, რომლის მიხედვითაც, გასასხვისებელი ბინა წარმოადგენდა ერთოთახიან ბინას, საცხოვრებელი ფართი 14 კვ.მ, დამხმარე სათავსოები საერთო: სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი და შესასვლელი.

 

(მტკიცებულება: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული ინფორმაცია, ს.ფ. 258)

 

3.2.6. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა გა-–---------------------, საცხოვრებელი ფართი, ბ-------- ლიტერი „ა“, წილი: 14.00/1144.00, საკადასტრო კოდით N0--15.0--0---0---0----- - დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ნა---------------ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტად მითითებულია: გადაწყვეტილება N---------, დამოწმების თარიღი: 13/06/2014წ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო; განცხადება N---------, დამოწმების თარიღი: 11/01/2019წ, ნოტარიუსი ნ------------; ნასყიდობის ხელშეკრულება N----, დამოწმების თარიღი: 08/01/2007წ, ნოტარიუსი ნ------------.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 261-262)

 

3.2.7. 1992 წლის 06 ნოემბერს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით, ვე-------------------ეს საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1993 წლის პირველი თებერვლის N--- დადგენილების თანახმად, საკუთრებაში გადაეცა საცხოვრებელი ბინა, მდებარე ქ. თბილისი, გა-–---------------ში, ორი ოთახი, საცხოვრებელი ფართი: 44 კვ.მ, დამხმარე სათავსოები: სარდაფი 10 კვ.მ. სამზარეულო და საპირფარეშო საერთო სარგებლობის.

 

(მტკიცებულება: 1992 წლის 06 ნოემბრის ხელშეკრულება, ს.ფ. 57-58)

 

3.2.8. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუ------–-------------------------------, ფართი: 44.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0--15.0--0---0---0----- - დღეის მდგომარეობით რეგისტრირებულია ლი-------–-------------ის საკუთრებად. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად მითითებულია: უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 03/08/2017წ, სსიპ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

 

(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 149-150)

 

3.2.9. სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ 2014 წლის 01 აპრილს გაცემული დასკვნის თანახმად, ქ. თბილისში, გა-–----------------------------ში მდებარე ნა---------------ის მიერ მითითებული საერთო სარგებლობის დერეფნისა და სველი წერტილის გამიჯვნა ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით ორ ტოლ ნაწილად შესაძლებელია დასკვნის კვლევითი ნაწილისა და დანართ N1-ის შესაბამისად. დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ექსპერტის მიერ ადგილზე დათვალიერებულ იქნა ნა---------------ის მიერ მითითებული საერთო სარგებლობის დერეფანი, სველი წერტილი და შეწავლილ იქნა ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს „რ------“-ის მიერ 2007 წლის 27 დეკემბერს შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზი.

 

შპს „რ------“-ის მიერ 2007 წლის 27 დეკემბერს შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით, საერთო სარგებლობის დერეფნისა და სველი წერტილის საერთო ფართი შეადგენს 30.56 კვ.მ. ფართს, საიდანაც საერთო სარგებლობის ფართია 26.78 კვ.მ, ხოლო სველი წერტილის ფართია 3.78 კვ.მ. აღნიშნული სათავსოების გამიჯვნა ორ ტოლ იზოლირებულ ნაწილად ტექნიკურ მოთხოვნათა დაცვით ისე, რომ არ შემცირდეს გამოყოფილი ნაწილების ღირებულება (დანიშნულებრივი) შესაძლებელია ისე, როგორც დანართ N1-შია ნაჩვენები. ასეთი გაყოფის შემთხვევაში დერეფნის ფართიდან 26.78 კვ.მ.-დან საერთო სარგებლობაში დარჩება 10.82 კვ.მ დანართ N1-ში ყვითელი ფერით ნაჩვენები, ხოლო დარჩენილი 15.96 კვ.მ-დან პირველი 1/2 წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს 7.98 კვ.მ, რაც შეესაბამება 1/2 იდეალური წილის შესაბამის ფართს, დანართი N1-ში ლურჯი ფერით აღნიშნული. მეორე 1/2 წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს 7.98 კვ.მ, რაც შეესაბამება 1/2 იდეალური წილის შესაბამის ფართს, დანართი N1-ში რუხი ფერით აღნიშნული. სველი წერტილიდან პირველი 1/2 წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს 1.89 კვ.მ, რაც შეესაბამება 1/2 იდეალური წილის შესაბამის ფართს დანართი N1-ში ლურჯი ფერით აღნიშნული, მეორე 1/2 წილის მფლობელს შესაძლებელია გამოეყოს 1.89 კვ.მ, რაც შეესაბამება 1/2 იდეალური წილის შესაბამის ფართს, დანართი N1-ში რუხი ფერით აღნიშნული. დანართზე წითელი ფერით მონიშნულია მოსაწყობი და ამოსაშენებელი კარის ღიობები.

 

(მტკიცებულება: სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 01 აპრილის დასკვნა, ს.ფ. 303-308)

 

სასამართლოს მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, დადგენილად მიაჩნია, რომ ქ. თბილისში, გა-–-------------------------ში, მე-3 სართულზე მდებარე ფართები: შესასვლელი კოლიდორი (ფართით 10.82 კვ.მ.), სამზარეულო (ფართით: 15.96 კვ.მ.) და სველი წერტილი (ფართით - 3.78 კვ.მ.) წარმოადგენს ნა---------------ისა და ლი-------–-------------ის საერთო სარგებლობაში არსებულ ფართებს.

 

დადგენილია, რომ 1993 წლის 16 მარტს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით თ----------–---–ს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, გა-–------------------ში მდებარე ერთოთახიანი საცხოვრებელი ბინა 14 კვ.მ. ფართის ოდენობით, ხოლო საერთო სარგებლობის უფლებით კი გადაეცა სამზარეულო, აბაზანა, ტუალეტი და შესასვლელი. თ----------–---–ის მიერ 1998 წლის 28 აპრილს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით, მის მიერ პრივატიზაციის ხელშეკრულებით მიღებული მთლიანი ქონება საჩუქრად გადაეცა დ------------–---–ს. თავის მხრივ დ------------–---–მა, ჩუქებით მიღებული მთლიანი ქონება, 2007 წლის 08 იანვარს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გადასცა ნა---------------ეს, რაც ასევე დაადასტურა და-----------–---–-- მინდობილმა პირმა - ლი----------–---–მა 2019 წლის 11 იანვარს სანოტარო წესით შედგენილი განცხადებით.

 

ასევე დადგენილია, რომ 1992 წლის 06 ნოემბერს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით ვე-------------------ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. თბილისში, გა-–------------------ში მდებარე ოროთახიანი საცხოვრებელი ბინა 44 კვ.მ. ფართის ოდენობით, ასევე გადაეცა დამხმარე სათავსოები - სარდაფი 10 კვ.მ, ხოლო სამზარეულო და საპირფარეშო საერთო სარგებლობის უფლებით. მითითებული ქონება, დღეის მდგომარეობით წარმოადგენს ლი-------–-------------ის საკუთრებას.

 

საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით ნა---------------ის ინდივიდუალურ საკუთრებაშია უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩა გა-–---------------------, საცხოვრებელი ფართი, ბ-------- ლიტერი „ა“, წილი: 14.00/1144.00, საკადასტრო კოდით N0--15.0--0---0---0-----, ხოლო ლი-------–-------------ის ინდივიდუალურ საკუთრებაში კი დაფიქსირებულია უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუ------–-------------------------------, ფართი: 44.00 კვ.მ, საკადასტრო კოდი N0--15.0--0---0---0-----.

 

მხარეთა საერთო სარგებლობაში არსებული კოლიდორი, სამზარეულო და სველი წერტილი საჯარო რეესტრში არ არის რეგისტრირებული საკუთრებად. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე არ თანხმდება მითითებული ფართების თანასაკუთრებად რეესტრში ნებაყოფლობით რეგისტრაციაზე. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეებს დღეის მდგომარეობით ინდივიდუალურ საკუთრებად რეგისტრირებული ქონებების გარდა, მიღებული აქვთ სარეთო სარგებლობის ფართებზე საკუთრების უფლება ქონებათა წინამორბედი მესაკუთრეების მიერ იმგვარად, როგორადაც თავდაპირველად მოხდა პრივატიზაციის ხელშეკრულებით ქონებების გადაცემა, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისში, გა-–-------------------------ში, მე-3 სართულზე მდებარე ფართები: შესასვლელი კოლიდორი (ფართით 10.82 კვ.მ.), სამზარეულო (ფართით: 15.96 კვ.მ.) და სველი წერტილი (ფართით - 3.78 კვ.მ.) წარმოადგენს ნა---------------ისა და ლი-------–-------------ის თანასაკუთრებაში არსებულ ფართებს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საზიარო საგანზე მხარეთა თანამესაკუთრეებად აღრიცხვის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოთხოვნა საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნის თაობაზე დაუსაბუთებლად უნდა იქნეს ცნობილი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 173-ე, 183-ე, 953-ე, 961-ე, 963-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მიხედვით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ. თბილისში, გა-–-------------------------ში, მე-3 სართულზე მდებარე საერთო სარგებლობის ფართები წარმოადგენს მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ ფართებს, ვინაიდან მითითებული ქონება მხარეთა წინამორბედ მესაკუთრეებს საერთო სარგებლობის უფლებით საკუთრებაში გადაეცათ პრივატიზაციის ხელშეკრულებების საფუძველზე. ასევე დადგენილია, რომ მხარეთა საკუთრების უფლება რეესტრში რეგისტრირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სარგებლობაში არსებულ ფართებზე, საერთო სარგებლობის ფართებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია კი მოსარჩელის განმარტებით ვერ ხერხდება, ვინაიდან მოპასუხე არ ახდენს ნებაყოფლობით თანასაკუთრების რეესტრში დარეგისტრირებას და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში უფლებამოსილ თანამესაკუთრეთა ერთობლივი თანხმობის გარეშე, ვერ ხდება საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ქ. თბილისში, გა-–-------------------------ში, მე-3 სართულზე მდებარე სამზარეულოს - 15.96 კვ.მ.-ის, საპირფარეშოს - 3.78 კვ.მ.-ის და შესასვლელი კოლიდორის - 10.82 კვ.მ.-ის ფართობების ოდენობით, რომელიც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 01 აპრილის დასკვნაზე თანდართული შპს „რ------“-ის მიერ შედგენილი ნახაზის მიხედვით შეფერილია ყვითელ, ცისფერ და რუხ ფერებად, საჯარო რეესტრში მხარეთა თანასაკუთრებად აღრიცხვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 953-ე მუხლის მიხედვით, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის შესაბამისად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე Nას-1080-100-2017 განმარტებულია შემდეგი: „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. მნიშვნელოვანია განიმარტოს, რომ სამოქალაქო კოდექსი იცნობს საზიარო უფლების გაუქმების ორ შესაძლებლობას, საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით (963-ე მუხლი) და საზიარო უფლების გაუქმებას საზიარო საგნის გაყიდვის გზით (964-ე მუხლი). ეს უკანასკნელი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია. სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის თანახმად, საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულ მოწილეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. დასახელებული ნორმის დისპოზიციით განსაზღვრულია საზიარო უფლების მქონე პირის უფლებამოსილება, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება, რომელიც შეიძლება განხორციელდეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის გზით, ხოლო თუ ნატურით გაყოფა გამორიცხულია - საზიარო საგნის რეალიზაციით (სამოქალაქო კოდექსის 964-ე მუხლი). საზიარო უფლების გაუქმებისათვის ამ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილის მიერ ნების გამოვლენა საკმარისია. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დასახელებული ნორმა მიუთითებს ორ აუცილებელ პირობაზე, კერძოდ, საზიარო უფლება უქმდება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. როგორც პირველი, ასევე მეორე ელემენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად იმისათვის, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი, ამასთან, ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი მხოლოდ იმ შემთხვევაში ითვალისწინებს საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობას, თუ იგი არ დაკარგავს თავის ფუნქციონალურ დანიშნულებას. ღირებულებაში ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი) კი არ იგულისხმება, არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომლის შემცირება ნივთის გაყოფამ არ უნდა გამოიწვიოს. ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებს გაყოფამდე, ე.ი. არ უნდა წაერთვას ის ფუნქცია და მნიშვნელობა.“ „საზიარო უფლება, სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. კანონმდებლის ნება ნათელი და ცალსახაა. საზიარო უფლების მქონეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. ერთადერთი შეზღუდვა, რასაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს არის ის, რომ საზიარო უფლების მქონე პირის უფლებით, გააუქმოს საზიარო საკუთრება, არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლების ხელშეუვალობა. სწორედ ამიტომ, სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლი ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საზიარო საგანი შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად. მხოლოდ ერთი თანამესაკუთრის იდეალური წილის იმგვარი გამოყოფა, რომლითაც დაცულია ამ უკანასკნელის საზიარო საგნის გაყოფამდე არსებული მდგომარეობა (ღირებულება), საზიარო უფლების გაუქმებას ნატურით გაყოფის გზით სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის კონტექსტში ლეგიტიმურს არ ხდის, თუ დაცული და შენარჩუნებული არ არის სხვა თანამესაკუთრეთა იდეალური წილის მდგომარეობა (ღირებულება).“

 

„საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება.“ (იხ. სუსგ Nას-67-65-2014, 2014 წლის 31 ივლისი; Nას-1080-1000-2017, 2017 წლის 27 ოქტომბერი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნას, კერძოდ, მოითხოვს სამზარეულოსა და სველი წერტილის ორ თანაბარნაწილად გამიჯვნას, საქმეზე დართული საექსპერტო დასკვნის მიხედვით, ხოლო შესასვლელი კოლიდორზე კი ითხოვს საერთო სარგებლობის - თანასაკუთრების უფლების დატოვებას. ამასთან, სამზარეულოსა და სველი წერტილის გასამიჯნად მოითხოვს გამყოფი კედლისა და გამიჯნული ფართებისათვის ცალ-ცალკე შესასვლელი კარებების მოწყობის დადგენას. ამდენად, მხარე ითხოვს საზიარო უფლების ნატურით გაუქმებას საზიარო საგნის ნაწილზე, ხოლო ნაწილზე კი ითხოვს კვლავაც თანასაკუთრების უფლების (სარეთო სარგებლობაში) დატოვებას. ამასთან ითხოვს ნატურით გასამიჯნად ქონებაზე კონკრეტული სარეკონსტრუქციო სამუშაოების დადგენას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან სამოქალაქო კანონმდებლობით დასაშვებია მხოლოდ მთლიანი საზიარო საგნის ნატურით გამიჯვნა (ასეთის შესაძლებლობის შემთხვევაში), მოსარჩელის მოთხოვნა სამართლებრივად დაუსაბუთებელია. საზიარო საგნის ნაწილის გამიჯვნა და ნაწილზე კვლავაც თანასაკუთრების უფლების შენარჩუნება, არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 963-ე მუხლის მიზნებიდან და შესაბამისად, მხარის მოთხოვნა, თანასაკუთრებაში არსებული საგნის ნაწილზე საზიარო უფლების გაუქმების შესახებ, როგორც უსაფუძვლო, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს საერთო სარგებლობაში არსებულ ფართებზე მხარეთა თანასაკუთრების უფლების რეგისტრაცია და თანასაკუთრებად რეგისტრირებული ქონების ნატურით გამიჯვნა. მითითებულ მოთხოვნებზე სარჩელის დავის საგნის ღირებულება უნდა განისაზღვროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტით. შესაბამისად, წარმოდგენილი მოთხოვნების სარჩელის ფასი საერთო ჯამში შეადგენს 8 000 ლარს (პირველი მოთხოვნა - 4 000 ლარი, მეორე მოთხოვნა - 4 000 ლარი). 8 000 ლარის 3% კი შეადგენს 260 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი საერთო ჯამში 852 ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, პირველ მოთხოვნაზე გადახდილი სახ. ბაჟის ანაზღაურება 120 ლარის ოდენობით, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს. მეორე მოთხოვნაზე გადახდილი სახ. ბაჟი ასევე 120 ლარის ოდენობით, ვინაიდან მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. დარჩენილი სხვაობა - 612 ლარის ოდენობით კი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს უკან, როგორც ზედმეტად გადახდილი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით ნა---------------ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხე ლი-------–-------------ეს აეკრძალა თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გა-–---------------------------, საკადასტრო კოდი N0--15.0--0---0---0----- - ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აღარ არსებობს საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი და შესაბამისად, იგი უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნა---------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. ქ. თბილისში, გა-–-------------------------ში, მე-3 სართულზე მდებარე სამზარეულო - 15.96 კვ.მ.-ის, საპირფარეშო - 3.78 კვ.მ.-ის და შესასვლელი კორიდორი - 10.82 კვ.მ.-ის ფართების ოდენობით, რომელიც სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2014 წლის 01 აპრილის დასკვნაზე თანდართული შპს „რ------“-ის მიერ შედგენილი ნახაზის მიხედვით შეფერილია ყვითელ, ცისფერ და რუხ ფერებად, აღირიცხოს ნა---------------ისა და ლი-------–-------------ის თანასაკუთრებად.

1.2. ნა---------------ის სასარჩელო მოთხოვნა საზიარო უფლების ნატურით გაუქმების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ლი-------–-------------ეს აეკრძალა თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, გ--–---------------------------, საკადასტრო კოდი N0--15.0--0---0---0----- - ის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

3. მოპასუხე ლი-------–-------------ეს მოსარჩელე ნა---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის გადახდა.

 

4. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 120 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

5. მოსარჩელე ნა---------------ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 09 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 852 ლარიდან, ზედმეტად გადახდილი - 612 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი: T-------, სახაზინო კოდი: 3----------- საგადასახადო დავალება N--

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი