გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210019002822418
საქმე №2/49-19წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.04.2019 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: - დო--------------–--ე; ლე-–---------–---–ი;
წარმომადგენელი: - გო--------------–---–ი;
მოპასუხე: - ქე-----ნ ყა---–---–ი;
წარმომადგენელი: - ეკ---–-------ა;
დავის საგანი: ნივთების დაბრუნება ან/და თანხის დაკისრება;
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოს ქე-----ნ ყა---–---–ს დაუბრუნოს დო--------------–--ეს ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით, სინჯი 585, ოქროს წონა 3.00გრ. სრული წონა 3.50 გრ. შეფასებული 2500 ლარად; ოქროს ჯაჭვი (ცეპი), სინჯი 585, ოქროს წონა -14.20 გრ. შეფასებული 1500 ლარად; ოქროს ჯვარი, სინჯი 585, ოქროს წონა 5.00 გრ. შეფასებული 300 ლარად.
1.2. დაევალოს ქე-----ნ ყა---–---–ს დაუბრუნოს ლე-–---------–---–ს ბაჯაღლოს ოქროს ბეჭედი 12 გრ. შეფასებული 1200 ლარად;
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე - ზაზა ოსეფაიშვილის პოზიცია
წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ი/მ ,,ნე--------------ის’’ ლომბარდში მუშაობდა მოლარე ოპერატორად. მას არანაირი თანხა და ნივთები არ მიუსაკუთრებია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 09 ივლისს დო--------------–--ესა და ი/მ ,,ნე--------------ეს’’ შორის გაფორმდა №1840 სალომბარდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე დამგირავებელს სესხად გადაეცა 45.05 აშშ დოლარი, თვეში 5% სარგებლის დარიცხვით, ამავე ხელშეკრულებით სესხი უზრუნველყოფილ იქნა მფლობელობითი გირავნობით, კერძოდ ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხეს გადაეცა ოქროს ბეჭედი თვლით, სინჯი 585, სრული წონა 3.50 გრ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს/ფ 2-17);
- სალომბარდო ხელშეკრულება №1840 (იხ. ს/ფ 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.2. 2015 წლის 09 ივლისს დო--------------–--ესა და ი/მ ,,ნე--------------ეს’’ შორის დადებული №1840 სალომბარდო ხელშეკრულება, დო--------------–--ის მიერ სრულად არის შესრულებული, სესხი დაფარულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს/ფ 2-17);
- სალომბარდო ხელშეკრულება №1840 (იხ. ს/ფ 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით დო--------------–--ის სარჩელი ი/მ ,,ნე--------------ის’’ მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ი/მ ,,ნე--------------ეს’’ დო--------------–--ის სასარგებლოდ დაეკისრა, №1840 სალომბარდო ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 500 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინებით დარჩა უცვლელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს/ფ 26-38);
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 26 სექტემბრის განჩინება (იხ. ს/ფ 100-110);
3.2.4. ი/მ ,,ნე--------------ის’’ ლომბარდში, მოლარე ოპერატორად მუშაობდა ქე-----ნ ყა---–---–ი, რომელიც პერიოდულად ურიცხავდა ი/მ ,,ნე--------------ეს’’ თანხას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს/ფ 2-17);
- შესაგებელი (იხ. ს/ფ 51-58);
- გადახდის ქვითრები (იხ. ს/ფ 112-116);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2.5. ლე-–---------–---–მა თავისი კუთვნილი 12 გრამიანი ბაჯაღლოს ოქროს ბეჭედი, შეფასებული 1200 ლარად გადასცა ქე-----ნ ყა---–---–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს/ფ 2-17);
- მხარის ახსნა-განმარტება;
3.2.6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ქე-----ნ ყა---–---–ი ამბობს: ,,ლე-–---------–---–მა გადმომცა 12 გრამიანი ბაჯაღლოს ოქროს ბეჭედი. ეს ბეჭედი მემ მაქვს თვითონ ქალბატონი ლელასთვის დასაბრუნებელი. მე მაქვს კონკრეტულად, ამას ვაღიარებს რაც სიმართლე, სიმართლეა’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი (იხ. ს/ფ 2-17);
- მხარის ახსნა-განმარტება;
- ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის სასამართლო სხდომის ოქმის დისკი (იხ. ს/ფ 39);
3.2.7. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის (დო--------------–--ის) წარმომადგენლის მოსაზრებას, ,,რომ სასამართლომ ნე--------------ეს დააკისრა მხოლოდ 500 ლარი, დანარჩენი თანხა გადასახდელი აქვს ქე-----ნ ყა---–---–ს, რადგანაც ნივთების გადაცემა და შემდგომში ამ ნივთებში თანხის გადახდის ფაქტები დაადასტურა თვით მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე’’ (იხ. სარჩელი).
საქართველოს სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, იმგვარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც სარწმუნოდ დაადასტურებს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის საჭირო გარემოებების არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე სასურველი ფაქტი ვერ დადგინდება და მოსარჩელისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ სათანადო მტკიცებულების წარდგენის გზით ვერ დაამტკიცა ის გარემოება, რომ ქე-----ნ ყა---–---–ის საკუთრებაშია დო--------------–--ის მიერ ი/მ ,,ნესტან ზაქარაძის’’ ლომბარდში დაგირავებული ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით, ოქროს ჯაჭვი და ოქროს ჯვარი.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპზე, გამოკვლეული იქნა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისს სასამართლო სხდომის დისკი (როგორც ნივთიერი მტკიცებულება), სადაც სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული იქნა ქე-----ნ ყა---–---–ი, რომელმაც აღიარა მხოლოდ ლე-–---------–---–ის კუთვნილი 12 გრამიანი ბაჯაღლოს ოქროს ბეჭედის დაბრუნება. ქე-----ნ ყა---–---–მა აღნიშნა, რომ ლომბარდში მიტანილი ნივთები ინახებოდა სპეციალურ საცავში, რომლის დაბრუნების ვალდებულებაც ჰქონდა ლომბარდის მეპატრონეს. დო--------------–--ის მიერ გადახდილი თანხები მას არ მიუსაკუთრებია, არამედ მის მიერ ხდებოდა თანხების გადარიცხვა ნე--------------ისთვის.
სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. მოცემულ შემთხვევაში, დო--------------–--ის ოქროს ნივთების ქე-----ნ ყა---–---–ის მიერ მისაკუთრების ფაქტის მტკიცება ეკისრება მოსარჩელეს. მოსარჩელემ თავისი არგუმენტების დასადასტურებლად წარმოადგინა სარჩელი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის სხდომის ოქმის დისკი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაის განჩინება. თავის მხრივ ქე-----ნ ყა---–---–ს ეკისრება ამტკიცოს, რომ მას არ მიუსაკუთრებია დო--------------–--ის ოქროს ნივთები, რომელიც ი/მ ,,ნე--------------ის’’ ლომბარდში იქნა დაგირავებული. სასამართლო თვლის ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც მითითებული მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვით ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.
სასამართლო მიუთითებს, რომ ერთ-ერთი მხარის მიერ მხოლოდ ზოგადი ხასიათის მითითება, არ ქმნის ამ გარემოების დადასტურებულად მიჩნევის წინაპირობას, მით უფრო იმ შემთხვევაში, თუ ამ გარემოებას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე. იმ გარემოების დასადასტურებლად, რომელზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას, აუცილებელია წარმოდგენილი იყოს სათანადო მტკიცებულებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა, ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, რომლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა.
სასამართომ დამატებით განმარტავს, რომ ზეპირი განმარტება ფაქტის სადაოობისას არ წარმოადგენს ფაქტის დადგენილად მიჩნევისათვის საკმარის მტკიცებულებას. სასამართლო პატივს სცემს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში სადაო ფაქტის მტკიცება მოითხოვს უფრო მაღალი სტანდარტის მტკიცებულებებს. ნებისმიერ მხარეს ზეპირად ნებისმიერი განმარტების მოცემა შეუძლია, მაგრამ როცა ეს განმარტება სადაო ხდება, სასამართლო ვალდებულია მისი ნამდვილობა შეამოწმოს.
სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე №ას-570-541-2015, 11.11.2015 წელი).
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ქე-----ნ ყა---–---–ის მიერ დო--------------–--ის ოქროს ნივთების მისაკუთრება. სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას, რომ ი/მ ,,ნე--------------ის’’ ლომბარდში მუშაობდა მოლარე ოპერატორად (რაც დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა და მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადაოდ აღნიშნულს). ქე-----ნ ყა---–---–ი, როგორც მოლარე ოპერატორი ახორციელებდა ლომბარდში დაგირავებული ნივთების გადაცემას და თანხების გადარიცხვას ნე--------------ისთვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლი.
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 155-ე, მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. მოცემულ შემთხვევაში დავის საგანი ეხება მოძრავი ნივთების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვას.
საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და მნიშვნელოვანი უფლებაა. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება ფართოდაა განმარტებული და იგი მოიცავს მთელ რიგ ქონებრივ/ფულად უფლებებს, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში RYSOVSKYY v. UKRAINE განმარტა, რომ როდესაც სასწორზე დევს საზოგადოებრივი ინტერესი, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ადამიანის ფუნდამენტალურ უფლებებს, როგორიცაა მაგალითად საკუთრების უფლება, საჯარო ხელისუფლება უნდა მოქმედებდეს კეთილსინდისიერების ფარგლებში, სათანადოდ და, რაც მთავრია, შესაბამისად. (RYSOVSKYY v. UKRAINE, 2012).
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – მარქსი ბელგიის წინააღმდეგ განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება“. (მარქსი ბელგიის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება განაცხ. №6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. 56. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. (სუს №ას1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-1375-1295-2017 2017 წლის 22 დეკემბრის განჩინება).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საკუთრების უფლება მოიცავს სამ ელემენტს - მფლობელობას, სარგებლობას და განკარგვას.
მფლობელობა ეს არის ნივთზე ფაქტობრივი ბატონობა, რომელიც მოიპოვება მფლობელის ნებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. სარგებლობა ნიშნავს მესაკუთრის უფლებას ისარგებლოს ქონებით. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით მესაკუთრე თვითონ წყვეტს ისარგებლოს თუ არ თავისი საკუთრებით, ანუ სარგებლობის უფლება ამ მხრივ თავისუფალია. რაც შეეხება განკარგვას იგი გულისხმობს, როგორც ქონების გასხვისებას ასევე მის უფლებრივ დატვირთვასაც.
დო--------------–--ის და ლე-–---------–---–ის მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძვლიდან კერძოდ, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელშემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
ამ ნორმის გამოყენებისათვის საჭიროა დადგენილი იქნას საკუთრების უფლების განხორციელების ხელშეშლის ფაქტი. მესაკუთრეს სხვა პირთა გამო არ უნდა შეეძლოს საკუთრებაში არსებული ნივთის თითოეული ნაწილის თავისუფალი სარგებლობა, ფლობა და განკარგვა. თუ ასეთ ფაქტს ექნება ადგილი, მიჩნეული იქნება, რომ მას ხელს უშლიან საკუთრების უფლების რეალიზებაში. დო--------------–--ე და ლე-–---------–---–ი ამტკიცებს, რომ მათ ნივთებს, მათი ნების საწინააღმდეგოდ ფლობს ქე-----ნ ყა---–---–ი და არ აძლევს მათ საშუალებას ამ ქონებით ისარგებლონ.
სასამართლო განმარტავს, რომ ქონებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის უფლება გააჩნია მხოლოდ მესაკუთრეს. დო--------------–--ე და ლელა ბუხრაშვილი სარჩელში მითითებული ნივთების მესაკუთრეები არიან და მათ აქვთ ასეთი მოთხოვნის უფლება. დადგენილია, რომ ქე-----ნ ყა---–---–ი არ არის მესაკუთრე და ის ფლობს მხოლოდ ლე-–---------–---–ის სადავო ნივთს (იხ. პუნქტი 3.2.5. 3.2.6.), რისი წინააღმდეგია მოსარჩელე. ლე-–---------–---–ს მოპასუხის გამო ხელი ეშლება ქონებით სარგებლობაში. თავის მხრივ ქე-----ნ ყა---–---–ს არ აქვს სადავო ნივთის ფლობის უფლება. ის არაა ნივთის მართლზომიერი მფლობელი, შესაბამისად, ქე-----ნ ყა---–---–ს უნდა დაევალოს ლე-–---------–---–ის დაუბრუნოს თავისი კუთვნილი მოძრავი ნივთი - 12 გრამიანი ბაჯაღლოს ოქროს ბეჭედი, შეფასებული 1200 ლარად.
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო–სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა. ვინდიკაციის შემთხვევაში მესაკუთრეს შერჩენილი აქვს მხოლოდ ნივთზე საკუთრების უფლება, რომელიც თავისთავად არამატერიალური უფლებაა და ვის ხელშიც არ უნდა იყოს საკუთრების ობიექტი, მესაკუთრეს ეს უფლება არ წაერთმევა. ვინდიცირების წესი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გზითაა მესაკუთრის ხელიდან საკუთრების ობიექტი გამოსული. როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია.
6.6. სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელემ - დო--------------–--ემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება. კერძოდ, ვერ დაამტკიცა და საქმეშიც არ მოიპოვება მტკიცებულებები, რომ დო--------------–--ის ნივთები (ოქროს ბეჭედი ბრილიანტის თვლით, ოქროს ჯაჭვი (ცეპი),ოქროს ჯვარი) არის ქე-----ნ ყა---–---–ის საკუთრებაში. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს დო--------------–--ის სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი საფუძვლები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის - ლე-–---------–---–ის კუთვნილი მოძრავი ნივთი - 12 გრამიანი ბაჯაღლოს ოქროს ბეჭედი, მოპასუხე მხარესთან იმყოფება, შესაბამისად, მოპასუხე მხარეს ეკისრება ლე-–---------–---–ის მიერ კუთვნილი ნივთის წაღების მტკიცების ტვირთი, რისი დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოში არ წარმოუდგენია და არც საქმეში მოიპოვება.
6.7. სასამართლო განმარტავს, რომ ნივთების დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების დროს შესაძლებელია მოპასუხესთან არ აღმოჩნდეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ნივთი. ასეთ შემთხვევაში, მოქმედი საპროცესო სამართლის 253-ე მუხლით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 253-ე მუხლის თანახმად, ქონების ნატურით მიკუთვნების დროს სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს ამ ქონების ღირებულებაზე, რომელიც უნდა გადახდეს მოპასუხეს, თუ გადაწყვეტილების აღსრულებისას აღნიშნული ქონება მას არ აღმოაჩნდება. აღნიშნული მუხლი წარმოადგენს გადაწყვეტილების რეალურად აღსრულების ერთ-ერთ გარანტიას და იგი ათავისუფლებს მოსარჩელეს კვლავ აღძრას სარჩელი ქონების (ნივთის) ღირებულების ანაზღაურების შესახებ ისეთ შემთხვევაში, როდესაც გადაწყვეტილებით მიკუთვნებული ქონება გადაწყვეტილების აღსრულებისას არ აღმოჩნდება მოპასუხესთან.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია მოძრავი ნივთის - 12 გრამიანი ბაჯაღლოს ოქროს ბეჭედის ლე-–---------–---–ისადმი კუთვნილების ფაქტი და აღნიშნული ნივთის ღირებულება 1200 ლარი. იმ შემთხვევაში, თუ აღსრულების მომენტისთვის ეს ნივთი არ აღმოჩნდება მოპასუხესთან, ან იქნება დაზიანებული, მოპასუხეს უნდა დაეკისროს შესაბამისი ნივთის ღირებულების გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 165 ლარის ოდენობით. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა ლე-–---------–---–ის მოთხოვნა, შესაბამისად, ქე-----ნ ყა---–---–ს უნდა დაეკისროს ლე-–---------–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 36 (ოცდათექვსმეტი) ლარის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 165 ლარის ოდენობით. დო--------------–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 129 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დო--------------–--ის და ლე-–---------–---–ის სარჩელი ქე-----ნ ყა---–---–ის მიმართ ნივთების უკან დაბრუნების ან/და თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. დაევალოს მოპასუხე ქე-----ნ ყა---–---–ს დაუბრუნოს მოსარჩელე ლე-–---------–---–ს, 12 გრამიანი ბაჯაღლოს ოქროს ბეჭედი, შეფასებული 1200 ლარად;
3. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ქე-----ნ ყა---–---–ს არ აღმოაჩნდება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში მითითებული ნივთი, მოპასუხე ქე-----ნ ყა---–---–ს, მოსარჩელე ლე-–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს შესაბამისი ნივთის ღირებულების 1200 ლარის გადახდა;
4. დო--------------–--ის სასარჩელო მოთხოვნა ქე-----ნ ყა---–---–ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
5. ქე-----ნ ყა---–---–ს მოსარჩელე ლე-–---------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელე მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილის 36 (ოცდათექვსმეტი) ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე