გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/4134-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - დ--–---- კ------ი
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო
წარმომადგენელი - ს-------- ლ-------ე
მესამე პირი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, აღმასრულებლის ქმედების უკანონოდ ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 07 ივნისის N---- ბრძანება;
1.2. უკანონოდ იქნას ცნობილი აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ--------------- მიერ განხორციელებული ქმედება (N-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარის გადარიცხვა).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე - სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ უსაფუძვლობის გამო სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირის - საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც შესაგებელი წარმოუდგენია.
4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. 2017 წლის 12 ივნისს დ--–---- კ------მა მიმართა ს---------------–---------- და სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს სახით, ფიზიკური პირის - უ------ კ------ის სახელით, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე ჩასარიცხად, ნაღდი ანგარიშსწორებით გადაიხადა 5000 ლარი.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სალაროს შემოსავლის ორდერი N-------- (ს.ფ. 67);
-ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებული თანხის გადახდის დასტური N-------- (ს.ფ. 68);
4.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის განაჩენით (საქმე N--------), უ------ კ------ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 თვის ვადით. მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. ამავე განაჩენით გაუქმდა უ------ კ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და განისაზღვრა გირაოს თანხის დაბრუნება მისი შემტანი პირისათვის კანონით დადგენილი წესით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის განაჩენის (საქმე N--------) საფუძველზე, ამავე სასამართლოს მიერ 2018 წლის 15 იანვარს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი და უ------ კ------ზე დამატებითი სასჯელის სახით დაკისრებული ჯარიმის აღსრულების მიზნით, 2018 წლის 16 იანვარს გადაეგზავნა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის განაჩენი საქმეზე N-------- (ს.ფ. 73-79);
-2018 წლის 15 იანვრის N-------- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 71-72);
-2018 წლის 16 იანვრის მიმართვა საქმეზე N-------- (ს.ფ. 70);
4.3. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 08 იანვრის განაჩენისა და (საქმე N--------) 2018 წლის 15 იანვრის N-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება N-----------
აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა 2017 წლის 12 ივნისს უ------ კ------ის სახელით დ--–---- კ------ის მიერ გადახდილი გირაოს თანხა 5000 ლარის ოდენობით, 2018 წლის 29 იანვარს გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 15.01.2018 წელს გაცემული N-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა ამოღებული თანხის განკარგვის შესახებ (ს.ფ. 81);
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 აპრილის N----- წერილი (ს.ფ. 83-84);
4.4. 2018 წლის 23 აპრილს დ--–---- კ------მა განცხადებით მიმართა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა უ------ კ------ის სისხლის სამართლის საქმეზე მის მიერ შეტანილი გირაოს თანხის დაბრუნება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს უფროსის 2018 წლის 27 აპრილის N----- წერილით დ--–---- კ------ს ეცნობა, რომ 2018 წლის 15 იანვარს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს გადაეგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული N-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისად უ------ კ------ს დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 5000 ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. ამასთან, განემარტა, რომ ვინაიდან რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში არ გადაგზავნილა დამატებითი დოკუმენტაცია, სადაც განსაზღვრული იქნებოდა დასაბრუნებელი გირაოს თანხის ოდენობა, ბიურო მოკლებული იყო შესაძლებლობას დაეკმაყოფილებინა განცხადებაში მითითებული მოთხოვნა. დ--–---- კ------ის მიერ გადახდილ გირაოს თანხასთან დაკავშირებით კი, განმცხადებელს ეცნობა, რომ აღნიშნული თანხა 29.01.2018 წელს გადარიცხული იქნა სახელმწიფო ბიუჯეტში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 15.01.2018 წელს გაცემული N-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-მიღების ბარათი (ს.ფ. 87);
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 27 აპრილის N----- წერილი (ს.ფ. 83-84);
4.5. 2018 წლის 08 მაისს, დ--–---- კ------მა საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ--------------- მიერ განხორციელებული ქმედების (-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარის გადარიცხვა) ბათილად ცნობა და მის მიერ 2017 წლის 12 ივნისს უ------ კ------ის სახელით შეტანილი გირაოს თანხის 5000 ლარის უკან დაბრუნება.
სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 07 ივნისის N---- ბრძანებით, დ--–---- კ------ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
ბრძანებაში მიეთითა, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ--------------- მიერ განხორციელებული ქმედება, N-------- სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად, დ--–---- კ------ის მიერ, უ------ კ------ის სახელით 2017 წლის 12 ივნისს გადახდილი გირაოს თანხის - 5000 ლარის ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხვის შესახებ, სრულად შეესაბამება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-დ--–---- კ------ის 2018 წლის 08 მაისის საჩივარი (ს.ფ. 85-86);
-სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 07 ივნისის N---- ბრძანება დ--–---- კ------ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 99-101).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დ--–---- კ------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, საქართველოს კანონი ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულება“.
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2014 წლის 6 მაისის N24 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოს სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აღსრულების ეროვნული ბიუროს დებულებაზე“, რომლის მე-5 მუხლის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული გადაწყვეტილება - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 07 ივნისის N---- ბრძანება აკმაყოფილებს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და იგი წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების დებულებებთან.
ამავე დროს, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს. კერძოდ, პირს უფლება აქვს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი ასევე აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ--------------- მიერ განხორციელებული ქმედების (-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარის გადარიცხვა) უკანონოდ ცნობა.
7.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
მითითებული კანონის მე-2 მუხლი განსაზღვრავს აღსრულების ქვემდებარე აქტებს, რომლის ,,ა“ პუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეებზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, განჩინება და დადგენილება, გარდა ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან ოჯახის სხვა წევრის ურთიერთობის უფლების განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებისა, ხოლო მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების იძულებით აღსრულებას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აღსრულების ეროვნული ბიურო.
,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 16 იანვარს რუსთავის საქალაქო სასამართლომ მიმართა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს და ჯარიმის ნაწილში აღსასრულებლად გადაუგზავნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენის ასლი საქმეზე N-------- და 2018 წლის 15 იანვრის N-------- სააღსრულებო ფურცელი.
დადგენილია, რომ აღნიშნული დოკუმენტების საფუძველზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სააღსრულებო წარმოება N---------- და დ--–---- კ------ის მიერ 2017 წლის 12 ივნისს უ------ კ------ის სახელით გადახდილი გირაოს თანხა 5000 ლარის ოდენობით, 2018 წლის 29 იანვარს გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის N-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
7.3. სასამართლო მიუთითებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის მე-183 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, სააღსრულებო წარმოების მხარესა და დაინტერესებულ პირს, რომელთა კანონიერ ინტერესზედაც პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს აღმასრულებლის ქმედება, უფლება აქვთ, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარესთან ერთჯერადად გაასაჩივრონ აღმასრულებლის ქმედება ასეთი ქმედების განხორციელებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში. ასეთი გასაჩივრება ავტომატურად ვერ შეაჩერებს გასაჩივრებულ სააღსრულებო ქმედებას. აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან სააღსრულებო წარმოების მხარის/დაინტერესებული პირის შუამდგომლობით შეაჩეროს გასაჩივრებული სააღსრულებო ქმედება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 08 მაისს დ--–---- კ------მა საჩივრით მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს და მოითხოვა თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ--------------- მიერ განხორციელებული ქმედების (-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 5 000 ლარის გადარიცხვა) ბათილად ცნობა და მის მიერ 2017 წლის 12 ივნისს უ------ კ------ის სახელით შეტანილი გირაოს თანხის 5000 ლარის უკან დაბრუნება. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის 2018 წლის 07 ივნისის N---- ბრძანებით, დ--–---- კ------ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე თავის სასარჩელო მოთხოვნის არგუმენტაციას არსებითად ამყარებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი არ იყო უფლებამოსილი მისი წერილობითი თანხმობის გარეშე მის მიერ შეტანილი გირაოს თანხა გადაერიცხა უ------ კ------ისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 8 იანვრის განაჩენით დაკისრებული ჯარიმის აღსასრულებლად და აპელირებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 281-ე მუხლზე, რომლის თანახმად, აღსრულების ეროვნული ბიურო ვალდებულია სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მსჯავრდებულისა და გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის საფუძველზე (ხოლო თუ გირაოს შემტანი თავად მსჯავრდებულია ან გირაო შეტანილია მსჯავრდებულის სახელით – მისი თანხმობის გარეშე) მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას და ყურადღებას მიაქცევს საქმის მასალებში წარმოდგენილ ზარალის ანაზღაურების, გირაოს, სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმის ან განრიდების შეთავაზების ოქმით გათვალისწინებულ თანხის გადახდის დასტურზე N--------, რომლის თანახმად, ს---------------–----------- ცენტრალური ფილიალის 2-- ს/ც ადასტურებს, რომ 2017 წლის 12 ივნისს დ--–---- კ------მა, გირაოს სახით, ფიზიკური პირის კ------ი უ------ის სახელით სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე გადაიხადა 5000 ლარი. ამდენად, მოსარჩელემ გადახდა განახორციელა არა საკუთარი, არამედ უ------ კ------ის სახელით, შესაბამისად, ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 281-ე მუხლი მსჯავრდებულის სახელით გირაოს გადახდის შემთხვევაში არ ითვალისწინებს გირაოს შემტანის წერილობითი თანხმობის წარდგენის აუცილებლობას და ადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს ვალდებულებას სააღსრულებო ფურცლის სააღსრულებო ბიუროში წარდგენიდან 10 დღის ვადაში, მოახდინოს აღსრულება გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე ამ კანონით დადგენილი წესით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელი ნ-------------- არათუ უფლებამოსილი, არამედ ვალდებული იყო დ--–---- კ------ის მიერ 2017 წლის 12 ივნისს, უ------ კ------ის სახელით გადახდილი გირაოს თანხა 2018 წლის 29 იანვარს გადაერიცხა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 15.01.2018 წელს გაცემული N-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით.
7.4. სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, აღკვეთის ღონისძიება გამოიყენება იმ მიზნით, რომ ბრალდებულმა თავი არ აარიდოს სასამართლოში გამოცხადებას, აღიკვეთოს მისი შემდგომი დანაშაულებრივი საქმიანობა, უზრუნველყოფილ იქნეს განაჩენის აღსრულება. ამავე კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ გირაო არის ფულადი თანხა ან უძრავი ქონება. ფულადი თანხა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეაქვს ბრალდებულს ან მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს სასამართლოსათვის მიცემული წერილობითი ვალდებულებით ბრალდებულის სათანადო ქცევისა და გამომძიებელთან, პროკურორთან, სასამართლოში დროულად გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე, ხოლო მითითებული მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულს ან მის სასარგებლოდ გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან 1 თვის ვადაში სრულად დაუბრუნდება გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა (გირაოს შეტანის დროს არსებული კურსის გათვალისწინებით) და უძრავი ქონება, თუ ბრალდებული ზუსტად და კეთილსინდისიერად ასრულებდა ნაკისრ ვალდებულებას და მის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება არ შეცვლილა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით.
მითითებული ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების ერთერთ მიზანს სწორედ განაჩენის აღსრულება წარმოადგენს, ხოლო გირაოს შემტანი პირისთვის გირაოს თანხის დაბრუნებას კანონმდებელი მხოლოდ განაჩენის აღსრულების შემდგომ, მისი აღსრულებიდან 1 თვის ვადაში ითვალისწინებს. ამდენად, გირაოს შემტანი პირისთვის გირაოს თანხის დაბრუნება განაჩენის აღსრულების გარეშე შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ დ--–---- კ------ის მიერ გირაოს თანხის საკუთარი სახელით გადახდის შემთხვევაშიც კი აღსრულების ეროვნული ბიურო არ იყო უფლებამოსილი დაებრუნებინა მისთვის გირაოს სახით გადახდილი თანხა, ვიდრე არ მოხდებოდა უ------ კ------ის მიმართ დამდგარი განაჩენის აღსრულება (5000 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა), თუმცა როგორც ზემოთ აღინიშნა მოცემულ შემთხვევაში, დ--–---- კ------ის მიერ გირაოს თანხა გადახდილი იქნა არა საკუთარი, არამედ უ------ კ------ის სახელით, რაც აღსრულების ეროვნული ბიუროს აღმასრულებელს ავალდებულებდა მოეხდინა მის წარმოებაში არსებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 15 იანვრის N-------- სააღსრულებო ფურცლის აღსრულება, გირაოს სახით აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე შეტანილ ფულად თანხაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ნ--------------- მიერ განხორციელებული ქმედება, N-------- სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად, დ--–---- კ------ის მიერ, უ------ კ------ის სახელით 2017 წლის 12 ივნისს გადახდილი გირაოს თანხის - 5000 ლარის ჯარიმის სახით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადარიცხვის შესახებ სრულად შეესაბამება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს მისი უკანონოდ ცნობის საფუძველი. შესაბამისად, არ არსებობს აღმასრულებლის ქმედებაზე დ--–---- კ------ის მიერ 2018 წლის 08 მაისს წარდგენილ საჩივარზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის მიერ 2018 წლის 07 ივნისს მიღებული N---- ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველიც.
7.5. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დ--–---- კ------ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები გათავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, საქმეზე გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, 22-ე, 24-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დ--–---- კ------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე