გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
330210018002765309
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/36228-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 მარტი, 2019წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ნინო მამულაშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ლაზარაშვილი

მოსარჩელე - ა------ ნ-----–--ი

წარმომადგენელი - ა----–----ე

მოპასუხე - სს ,,ს--------------------------–---"

წარმომადგენელი - ა-–-------------------ე

დავის საგანი - სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე სს ,,ს--------------------------–---"-ს მოსარჩელე ა------ ნ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევების დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 6603 ლარის ოდენობით;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2018 წლის სექტემბრის თვეში, მოსარჩელე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა საქართველოში. მოსარჩელე გახლავთ რუსეთის ფედერაციის მოქალაქე. იგი ოჯახთან ერთად შვებულების პერიოდში გახლდათ ჩამოსული თბილისში. 2018 წლის 8 სექტემბერს, მოსარჩელე კუთვნილი ავტომობილით მიემართებოდა ქობულეთისკენ. გადაადგილებისას, ზესტაფონში, დაახლოებით 16:00 - 16:02 საათზე, მოსარჩელეს წინ მიმავალმა T------ს მარკის ავტომობილმა შეანელა მოძრაობა, რათა გზა დაეთმო ქვეითად მოსიარულეთათვის. მოსარჩელემაც, მოძრაობის წესების დაცვით, შეანელა მოძრაობა. შეჩერებიდან რამდენიმე წამში მოსარჩელის ავტომობილს უკანა მხრიდან შეეჯახა მაღალი სიჩქარით მომავალი დ-–--------–-–იის ავტომობილი S----, სახ. ნომრით S------. მოსარჩელე თავის მხრივ, შეეჯახა მის წინ გაჩერებულ T------ს მარკის ავტომობილს. T------ს მძღოლი დაეხმარა მოსარჩელეს საპატრულო პოლიციის გამოძახებაში. S-----ს მძღოლმა აღიარა, რომ ავარია გამოიწვია მისმა ბრალეულმა ქმედებამ, ხოლო საპატრულო ეკიპაჟმა განუმარტა მოსარჩელეს, რომ დ-–--------–-–იის ავტომანქანა იყო დაზღვეული და მიყენებული ზიანისანაზღაურების საშიშროება არ არსებობდა.

მოსარჩელე მეორე დღესვე დაუკავშირდა ს---------------------------–---"-ს, სადაც მას განუმარტეს, რომ მოსარჩელეს შეეძლო მისულიყო ბათუმში, ავტოსერვისში, სადაც ექსპერტი მოახდენდა დაზიანებების შეფასებას. ბათუმში დაასურათეს მოსარჩელეს დაზიანებული ავტომობილი. რამდენიმე დღის შემდეგ, მოსარჩელე თბილისში შეხვდა სს ს---------------------------–---"-ს თანამშრომელს, რომელმაც მოსარჩელეს განუმარტა, რომ მას შეეძლო დაეტოვებინა საქართველო, სადაზღვევოს თანამშრომელი კი ინტერნეტის მეშვეობით მოახდენდა მასთან დაკავშირებას და ანგარიშსწორებას თანხის გადარიცხვის გზით. ვინაიდან მოსარჩელეს შვებულების ვადა ეწურებოდა, მან დატოვა ქვეყანა ოჯახთან ერთად. რამდენიმე კვირის შემდეგ, მას დაუკავშირდა სადაზღვევოს წარმომადგენელი და განუმარტა რომ სადაზღვევო კომპანია მოახდენდა მხოლოდ 530 აშშ დოლარის ოდენობით თანხის ანაზღაურებას. შეთავაზებულ თანხას მოსარჩელე არ დაეთანხმა ვინაიდან ავტომობილისათვის მიყენებული დაზიანებები ბევრად აღემატებოდა 530 აშშ დოლარს. მეორე დღეს, სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი დაუკავშირდა მოსარჩელეს და შესთავაზა 760 აშშ დოლარი. მოსარჩელემ მოსთხოვა სადაზღვევოს თანამშრომელს გადაეგზავნა მისთვის კალკულაცია, თუმცა აღნიშნულზე მიიღო უარი და განემარტა რომ თუ თანხა არ იყო მისაღები, უნდა ჩამოეყვანა ავტომანქანა თბილისში და ისინი თავად შეაკეთებდნენ მას შეთავაზებულ ფასში. მოსარჩელემ მიმართა დამოუკიდებელ ექსპერტს, მოახდინა დაზიანების შეფასება და ითხოვს სადაზღვევო კომპანიას დაეკისროს ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული თანხა, ასევე ექსპერტიზისა და ადვოკატის მომსახურებისა და მთარგმნელობითი საქმიანობისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ ავტომანქანა შესაფასებლად გადაყვანილი იქნა ქ. ბათუმში, ს------------------ში შპს "ე-–--------ი"–ში, სადაც განხორციელდა მისი დათვალიერება, მიყენებული დაზიანებების შესწავლა და აღდგენისთვის საჭირო ნაწილებისა და სერვისის ფასების კალკულაცია, რის შედეგადაც შედგა შეფასების აქტი 2860 ლარზე. სადაზღვევო კომპანიას ჰყავს რამდენიმე პროვაიდერი სერვის-ცენტრი, რომლებშიც ხორციელდება სერვისის შეფასება. როგორც წესი, ავტომანქანის ერთ სერვის-ცენტრში შეფასების შემდეგ შესაბამისი ფოტოსურათები და შეფასების აქტი ეგზავნება სხვა სერვის-ცენტრს, სადაც დგება ალტერნატიული ინვოისი. ამ შემთხვევაშიც, შპს "ე-–--------ი"-ს მიერ შედგენილი შეფასების აქტი გადაეგზავნა შპს "ა------------------ს“-ს, რომელმაც ასევე მოახდინა ავტომანქანაზე მიყენებული დაზიანებების აღდგენის ღირებულების კალკულაცია და შეადგინა 2000 ლარიანი ინვოისი. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ სადაზღვევო კომპანია დაინტერესებულია ზარალის მოცულობის მაქსიმალურად შემცირებით, ნაკლები ანაზღაურების გაცემით (ოღონდ არა არალოგიკურად დაბალი, არამედ შესაბამის დოკუმენტზე დაფუძნებული და სერვის-ცენტრის მიერ მოწოდებული ინვოისით განსაზღვრული) სადაზღვევო კომპანიის მიერ დაზარალებული მესამე პირისთვის (მოსარჩელე) შეთავაზებული იქნა 2000 ლარის გადახდა ან ავტომანქანის აღდგენა ამავე ფასში, რაც მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

 

მოპასუხის განმარტებით რუსეთის ფედერაციაში ბაზარზე არსებული ფასები გაცილებით მაღალია, ვიდრე საქართველოში. ამასთან რუსული კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც განხორციელდა შეფასება, არ ვრცელდება საქართველოში მომხდარ შემთხვევებზე. ამას გარდა, დაანგარიშებულია რუსეთის მაღაზიებში ახალ ავტონაწილებზე არსებული და სერვისზე არსებული ფასები, რაც გაცილებით მაღალია ანალოგიურ ქართულ მაჩვენებლებზე, მითუფრო რომ ავტომანქანა არის 2012 წელს გამოშვებული. მოსარჩელე არ ითვალისწინებს დასკვნაში მოცემულ ჩანაწერს, რომ ღირებულების გაანგარიშება მოხდა ორგვარად, კერძოდ, ცვეთის გარეშე და ცვეთის გათვალისწინებით. სხვაობა ამ შემთხვევისთვის არსებითია. მოსარჩელე არ ითვალისწინებს აღნიშნულს და ითხოვს თანხას ცვეთის გათვალისწინების გარეშე.

 

დაზარალებულ მესამე პირს (მოსარჩელეს) რომ არ დარჩეს უსამართლობის შეგრძნება, კომპანიის მიერ მიღებული იქნა მოსარჩელისათვის 2860 ლარის ანაზღაურების გადაწყვეტილება. ამავე გადაწყვეტილებით სადაზღვევო კომპანია უარს აცხადებს ნებისმიერი სხვა არამართლზომიერი და ზედმეტი ხარჯის ანაზღაურებაზე, მიიჩნევს რა, რომ საქართველოში რეგისტრირებული და მომუშავე ორი სერვის-ცენტრის მიერ ნაანგარიშები ფასი გაცილებით ობიექტურია და შეესაბამება ქართულ ბაზარზე არსებულ რეალურ ფასებს, ვიდრე რუსული ფასებით შედგენილი ექსპერტის დასკვნა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ორივე სერვის-ცენტრი ინვოისის შედგენით იღებს ვალდებულებას მოთხოვნის შემთხვევაში განახორციელოს შესაბამისი სერვისები ინვოისში მითითებულ ფასად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე რომელიც არის რუსეთის მოქალაქე, 2018 წლის 8 სექტემბერს გადადგილდებოდა საკუთარი ავტომანქანით: მარკა/მოდელი - K---------------, საიდენტიფიკაციო ნომერი - K----------------, სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის N--------, ქობულეთის მიმართულებით; ზესტაფონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მას დაუზიანდა ავტომანქანა.

 

დ-–--------–-–იის კუთვნილი ავტომანქანა S----, სახ.ნომრით S------, რომელიც დაეჯახა მოსარჩელის ავტომანქანას, დაზღვეული იყო მოპასუხე კომპანიაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.2. სს ,,ს--------------------------–---ს" მითითების საფუძველზე დაზიანებული ავტომანქანა შესაფასებლად გადაყვანილ იქნა ქ.ბათუმში ს--------------ში მდებარე შპს ,,ე-–--------ში“, სადაც განხორციელდა მისი დათვალიერება და სერვისის ფასების კალკულაცია, რის შედეგადაც შედგა შეფასების აქტი 2860 ლარზე; შპს ,,ა------------------სმა“, ასევე მოახდინა ავტომანქანაზე მიყენებული დაზიანების აღდგენის ღირებულების კალკულაცია, რამაც შეადგინა 2000 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- შეფასების აქტები (ს.ფ. 115-116);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.1.3. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების მიზნით, სს „ს--------------------------–---მ“, შესთავაზა მოსარჩელეს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 2000 ლარის, ოდენობით, თუმცა შეთავაზებული თანხა მიუღებელი აღმოჩნდა მოსარჩელისათვის;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

- მხარეთა ელექტრონული მიმოწერის ამსახველი დოკუმენტაცია (ს.ფ. 19-30);

 

3.1.4. ა------ ნ-----–--მა რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისას მიმართა დამოუკიდებელ აუდიტორს და მოახდინა დაზიანებული ავტომობილის შეფასება. შპს “დ--------------–--–-------------------------–----------------------------ს“, აღმდგენი რემონტის ღირებულების განსაზღვრის შესახებ 0------------ დაზიანებული ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო დასკვნის თანახმად, სატრანსპორტო საშუალებაზე მიყენებული დეფექტების აღმოფხვრის ღირებულება (ცვეთის ჩათვლით) განისაზღვრა 121 882.61 რუბლით, ხოლო ცვეთის გარეშე 164 496.67 რუბლით;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- საექსპერტო დასკვნა (ს.ფ. 58-75);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ნუსხა, თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა შეფასების სტანდარტზე და აღნიშნავს, რომ არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია რაიმე უპირატესობა სხვა მტკიცებულებასთან შედარებით. არცერთ მტკიცებულებას არა აქვს, აგრეთვე, წინასწარ დადგენილი ძალა სასამართლოსათვის. მტკიცებულებათა შეფასებისას მას ექმნება შინაგანი რწმენა, რომელსაც საფუძვლად უდებს გადაწყვეტილებას. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. ამდენად შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე. რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

3.2.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ დასკვნა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც მზღვეველს ეკისრება შეადგენს 4892.73 ლარს.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, დავის ფაქტობრივი გარემოებები, გარდა ზიანის ანაზღაურების ფარგლებისა.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის აღდგენისათვის საჭირო თანხის განსაზღვრისას სადაზღვევო კომპანია ეყრდნობა შპს ,,ე-–--------ის“ 18.09.18წ შეფასების აქტსა და შპს ,,ა------------------სის“ 19.09.18წ ინვოისს.

 

მოსარჩელის პოზიციის თანახმად, სადაზღვევო კომპანიამ მას შესთავაზა არასამართლიანი შესრულება, ანუ იმგვარი შესრულება, რაც მოსარჩელის უფლების აღდგენას არ იწვევს და სადავო გარემოების დასადასტურებლად წარმოადგინა მისი დაკვეთით, ქ.ასტრახანში ჩატარებული შპს “დ--------------–--–-------------------------–----------------------------ს“, აღმდგენი რემონტის ღირებულების განსაზღვრის შესახებ 0------------ დაზიანებული ავტომოტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო დასკვნა.

 

თავის მხრივ მოპასუხე მხარემ შესაგებლით და ასევე სასამართლო პროცესზეც ნაწილობრივ ცნო სარჩელი - 2860 ლარის ფარგლებში და ა------ ნ-----–--ის მიერ საექსპერტო დასკვნის შესაბამისად მოთხოვნილი თანხის სრულად ანაზღაურების ვალდებულებაზე უარის თქმის საფუძვლად მიუთითა შემდეგ გარემოებებზე: „საქართველოში მომხდარ სადაზღვევო შემთხვევებზე ვრცელდება საქართველოს კანონმდებლობა და არ უნდა იქნეს გაზიარებული, რუსეთში რუსული კანონმდებლობის საფუძველზე ჩატარებული ექსპერტიზა და რუსეთში არსებული საბაზრო ფასების შესაბამისად განსაზღვრული ავტონაწილებისა და სერვისის ფასები. ამასთან თანხა, რომელსაც მიუთითებს მოსარჩელე, თვით რუსული დასკვნის თანახმადაც კი, არ ითვალისწინებს ცვეთას და ცვეთის გათვალისწინებით გაცილებით ნაკლებია, თუმცა მაინც ბევრადაა აცდენილი ქართულ რეალობას.“

 

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივ ურთიერთობათა შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის მინსკის კონვენციაზე, რომლის ხელშემკვრელ მხარესაც წარმოადგენს როგორც საქართველო, ისე რუსეთის ფედერაცია. მითითებული კონვენციის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქენი, აგრეთვე მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირნი, სარგებლობენ ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თავის პირად და ქონებრივ უფლებებთან დაკავშირებით ისეთი სამართლებრივი დაცვით, როგორც ხელშემკვრელი მხარის საკუთარი მოქალაქენი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე იღებს თავის თავზე როგორც ფაქტების მითითების, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს და აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როცა მოსარჩელის მითითება მიყენებული ზიანის სავარაუდო ღირებულებაზე გამყარებულია სპეციალისტის დასკვნით, მოპასუხე მხარის მხოლოდ სიტყვიერი მითითება ამ ღირებულების არასწორად განსაზღვრასთან დაკავშირებით არასაკმარისია. სხვა მტკიცებულება, კი გარდა ზემოხსენებული შპს ,,ე-–--------ის“ 18.09.18წ შეფასების აქტისა და შპს ,,ა------------------სის“ მიერ 19.09.18წ ინვოისისა, სპეციალისტის დასკვნის საპირწონედ, მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლოს შეფასებით, სადაზღვევო კომპანიის განმარტება, რომ მოპასუხის მიერ შეთავაზებული ოდენობა საკმარისია საქართველოში მოსარჩელის დაზიანებული ავტომანქანის შესაკეთებლად და არ უნდა იქნეს გაზიარებული, რუსეთში რუსული კანონმდებლობის საფუძველზე მოსარჩელის დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, მოსარჩელის პოზიციის საწინააღმდეგო არგუმენტად ვერ გამოდგება, რამდენადაც დადგენილია რომ მოსარჩელე არის რუსეთის მოქალაქე და საქართველოში იმყოფებოდა დროებით (დასტურდება სავალდებულო დაზღვევის პოლისით, სადაც სადაზღვევო პერიოდის დაწყებისა და დასრულების თარიღიებია მითითებული _04.09.18წ -18.09.18წ), იგი რუსეთში გამგზავრებამდე და გამგზავრების შემდეგაც ელექტრონულ მიმოწერას ახორციელებდა სადაზღვევო კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენელთან, რომლისგანაც მისი მოთხოვნის მიუხედავად ვერ მიიღო დასაბუთებული პასუხი, თუ რას ეფუძნებოდა სადაზღვევო კომპანიის დასკვნა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალების დაზიანების შესაკეთებლად აუცილებელი ხარჯების ოდენობის განსაზღვრის თაობაზე, რამაც განაპირობა მოსარჩელის მიერ ექსპერტიზის რუსეთში ჩატარება და დამატებითი ხარჯის გაღება.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ ზიანის შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, დამოუკიდებელი შეფასების და სასამართლო ექსპერტიზების სააგენტოს მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მონაცემები და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დაზიანებული ავტომობილის გამოშვების წელია 2012, ნაწილების ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით, მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის (დეფექტების აღმოფხვრის ღირებულება) ოდენობა უნდა განისაზღვროს 121 882.61 რუბლის ექვივალენტი - 4892.73 ლარით.

 

საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები არ უთითებენ.

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 799-ე, 820-ე, 839-841-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულება მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგია, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე და მიზნად ისახავს კონკრეტული სამართლებრივი შედეგის მიღწევას.

სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი კი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი.

დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, რეალური ხელშეკრულებაა, რომლის მხარეებსაც წარმოადგენენ ერთის მხრივ დამზღვევი და მეორეს მხრივ მზღვეველი. ხელშეკრულების საგანია მზღვეველის მიერ დამზღვევისათვის სადაზღვევო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა. სადაზღვევო შემთხვევა კი წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს - იგი უკვე დამდგარი ვითარებაა, რომლის დადგომის ალბათობაც გათვალისწინებულია დაზღვევის ხელშეკრულებით.

 

დაზღვევის ხელშეკრულების ნაირსახეობას წარმოადგენს დამზღვევის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა მესამე პირის სასარგებლოდ.

 

სამოქალაქო კოდექსის 839-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით, მზღვეველი მოვალეა გაანთავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო. ამავე კოდექსის 840-ე მუხლის თანახმად კი მზღვეველი თავისი ვალდებულების ფარგლებში მოვალეა უშუალოდ აანაზღაუროს ზიანი, თუ პირი რომელსაც ზიანი მიადგა, მას წარუდგენს მოთხოვნას.

 

სამოქალაქო კოდექსის 841-ე მუხლის თანახმად დაზღვევა მოიცავს სასამართლო და არასასამართლო ხარჯებსაც, რომლებიც მესამე პირის მოთხოვნისგან დასაცავად იქნა გაწეული, თუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, აუცილებელია ასეთი ხარჯების გაწევა.

 

ხსენებულ ნორმათა დანაწესის საფუძველზე, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მიზანია ერთის მხრივ გაანთავისუფლოს დამზღვევი იმ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირისათვის ზიანის მიყენების გამო და მეორეს მხრივ, უზრუნველყოს მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ანუ მესამე პირის სასარგებლოდ დადებული დაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით დაცვის ობიექტად მესამე პირის ინტერესი განისაზღვრება და შესაბამისად, ანაზღაურებაც მის სასარგებლოდ ხდება.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს სადაზღვევო შემთხვევის დადგომის ფაქტი, რის შედეგადაც მოპასუხეს წარმოეშვა ვალდებულება აენაზღაურებინა დაზღვევის ხელშეკრულების შესაბამისად, დამზღვევის მიერ მესამე პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანი; სადავო გარემოებაა მხოლოდ მზღვევლის მიერ მოსარჩელისათვის ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა.

 

6.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. დასახელებული მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ საქმის განხილვაში მონაწილე პირებს - მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები და ამ უფლებათა დაცვის საშუალებები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე ნაწილობრივ ცნობს სარჩელს 2860 ლარის ნაწილში, რაც ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის უპირობოდ დაკმაყოფილების საფუძველია.

 

6.3.. სასამართლო მიუთითებს: იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არ არის დამზღვევსა და მზღვეველს შორის გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულება, რომლითაც განსაზღვრულია მხარეთა სამართლებრივი მოქმედების ფარგლები, სადაზღვევო კომპანიის მიერ მოსარჩელის (მესამე პირის) მიმართ დამდგარი ზიანის აღმოფხვრისათვის საჭირო სარემონტო და აღდგენის ხარჯები უნდა განისაზღვროს ზიანის მომენტისათვის არსებული საშუალო საბაზრო ფასებიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმადაც სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლში მითითებული ზიანის ანაზღაურების წესი ისე არ უნდა იქნეს ისე განმარტებული, თითქოს უნდა აღდეგს ზუსტად ის მდგომარეობა, რაც ზიანის დადგომამდე არსებობდა. სასამართლო განმარტავს რომ მოცემული შემთხვევისათვის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა გამოიხატება იმაში, რომ დაზიანებული ავტომანქანა შეკეთდეს ექსპლუატაციისათვის საჭირო მდგომარეობამდე.

 

სამოქალაქო კოდექსის 820-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესის თანახმად, ზიანის ფულადი ფორმით ანაზღაურება კანონის იმპერატიული მოთხოვნაა და დაუშვებელია სადაზღვევო კომპანიის მიერ მიყენებული ზიანის ნატურით ანაზღაურება.

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით და გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტში განვითარებული მსჯელობის საფუძველზე, მიიჩნია რომ მოსარჩელე მხარემ თავი გაართვა მისი მტკიცების ტვირთს და დაასაბუთა სასარჩელო მოთხოვნის წინაპირობის არსებობა _ დაზიანებული ავტომანქანის ექსპლუატაციისათვის საჭირო მდგომარეობამდე აღდგენისათვის მოპასუხის მიერ შეთავაზებული თანხა ვერ უზრუნველყოფს მოსარჩელის უფლების აღდგენას და ზიანის ოდენობის განსაზღვრა უნდა განხორციელდეს სარჩელზე თანდართული, მოსარჩელის დაკვეთით დაზიანებული ავტოსატრანსპორტო საშუალების N0------------ საექსპერტო დასკვნის შესაბამისად. ამასთანავე სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს დასკვნაში ასახული ცვეთის კოეფიციენტის გათვალისწინებით _ 121 882.61 რუბლის და არა ცვეთის გარეშე განსაზღვრული აღდგენითი ღირებულების _ 164 496.67 რუბლის ექვივალენტი ლარით.

 

შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სს ,,ს--------------------------–---ს" ა------ ნ-----–--ის სასარგებლოდ სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მიზნით, უნდა დაეკისროს 4892.73 ლარის ანაზღაურება.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან; მესამე ნაწილის თანახმად კი, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ 2860 ლარის ნაწილში, ხოლო სარჩელი დაკმაყოფილდა ასევე ნაწილობრივ - 4892.73 ლარის ფარგლებში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 200 ლარიდან 61.56 ლარის ანაზღაურება, ხოლო 86.62 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი თანხა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

 

მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა გადახდეს ექსპერტიზის ხარჯი 281 ლარის ოდენობით, ასევე სანოტარო და დოკუმენტაციის თარგმნასთან დაკაშირებული ხარჯი, ჯამში 389.36 თეთრი.

 

რაც შეეხება წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ანაზღაურებას, სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იგი ექვემდებარება ანაზღაურებას გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს რომ ასანაზღაურებელი იურიდიული მომსახურების ღირებულება უნდა განისაზღვროს 190 ლარის ოდენობით და გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა------ ნ-----–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. სს ,,ს--------------------------–---”-ს ა------ ნ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 4892.73 ლარის ოდენობით.

2. სს ,,ს--------------------------–---”-ს ა------ ნ-----–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 61.56 ლარის ანაზღაურება.

3. ა------ ნ-----–--ის დაუბრუნდეს ა----–----ის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (200 ლარი), რომელიც გადახდილ იქნა 2--------- წელს, შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი T-------; გადამხდელის ბანკი - სს ,,თ----------ი"- 86.62 ლარი.

 

4. სს ,,ს--------------------------–---”-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულის ხარჯის - 190 ლარის ანაზღაურება;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო მამულაშვილი ნინო მამულაშვილი