გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210114525471
საქმე №2/239-14
გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. გურჯაანი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჩალათაშვილი
სხდომის მდივანი ალიკა ლეგაშვილი
მოსარჩელე - საქართველოს თ-----–-ის სამინისტრო
წარმომადგენელი - გ--------–-----
მოპასუხე - შპს ''ვ-----''
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება, ნივთების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1. შპს ''ვ-----ს'' თ-----–-ის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, 36 206,72 ლარის ოდენობით.
1.2. შპს ''ვ-----ს'' დავალდებულდეს (დაეკისროს) თ-----–-ის სამინისტროს მიაწოდოს 12.04.2013 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 39 280.90 ლარის ღირებულების 564 ერთეული მატრასი ;
საქმის მასალების მიხედვით:
2014 წლის 17 ივნისს საქართველოს თ-----–-ის სამინისტრომ სარჩელი აღძრა გურჯაანის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე შპს ''ვ-----ს' მიმართ და მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა- 36206,72 ლარის ოდენობით (ს.ფ. 1-12)
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო (ს.ფ 35)
2014 წლის 26 ნოემბერს სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დაკმაყოფილდა მოპასუხე შპს ,,ვ-----"ს წარმომადგენლის შუამდგომლობა და #2/239-14 სამოქალაქო საქმეზე საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს სარჩელით, მოპასუხე შპს ,,ვ-----"ს მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, შეჩერდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს წარმოებაში არსებულ შპს ”ვ-----”-ს სარჩელზე, მოპასუხე საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარების შესახებ, # 2/18639- 14 სამოქალაქო საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. (ს.ფ 99)
2018 წლის 13 ნოემბერს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საქართველოს თ-----–-ის სამინისტრომ წარმოადგინა შუამდგომლობა საქმის წარმოების განახლების შესახებ. განცხადებას ერთვის როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება, რითაც დასტურდება, რომ საქმე, რომლის განხილვამდეც შეჩერებული იყო წინამდებარე საქმე, დასრულებულია და გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
2018 წლის 14 ნოემბერს საქართველოს თ-----–-ის სამინისტრომ დაზუსტებული (გაზრდილი) სასარჩელო მოთხოვნა წარმოადგინა სასამართლოში, მოპასუხე შპს ვ-----ს მიმართ , რითაც 36 206,72 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს გადახდასთან ერთად , 39280.90 ლარის ღირებულების 564 ერთეული მატრასის დაბრუნებაც მოითხოვა .
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 19.11.2018 წლის განჩინებით საქმის წარმოება განახლდა .
მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2013 წლის 12 აპრილს საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს ( შემდგომში მოსარჩელე, სამინისტრო) და მოპასუხე შპს ''ვ-----ს'' შორის დაიდო №155 ხელშეკრულება (შემდგომში #155 ხელშეკრულება) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს ''ვ-----მ'' იკისრა ვალდებულება თ-----–-ის სამინისტროსათვის 60 დღის ვადაში მიეწოდებინა 592 000 ლარის საქონელი, კერძოდ, 8500 ცალი მატრასი.
მხარეებს შორის დადებული №155 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8500 მისაწოდებელი მატრასიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა 59 548,24 ლარის ღირებულების 855 ერთეული მატრასი, რაზეც მხარეებმა გააფორმეს შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო მიწოდებულ 904 ერთეულ მატრასზე სამინისტრომ არ გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი იმ საფუძვლით, რომ მიწოდება განხორციელდა ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ და აღნიშნული 904 ერთეული მატრასი უკან დაუბრუნა მოპასუხეს .
სამინისტრომ 25.10.2013 წელს შედგენილი #155-1 აქტით მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდა, 36 206,72 ლარის ოდენობით, რომელიც მოპასუხეს არ გადაუხდია, რის გამოც 2013 წლის ივნისში პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნით სარჩელით მომართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს
შპს ”ვ-----”მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს მიმართ, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულებულად აღიარების შესახებ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 19.12.2014 წლის გადაწყვეტილებით შპს ,,ვ-----"ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შპს ვ-----ს მიერ 12.04.2013 წლის #155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი, გარდა 855 ერთეული მატრასისა, რომელიც მხარეებს შორის სადავოს არ წარმოადგენდა, ასევე აღიარა 564 ერთეული მატრასის მიწოდების ნაწილში, ღირებულებით 39 280,90 ლარი. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 22.02.2014 წლის , 20.01.2014 წლის და 01.02.2014 წლის აქტებით თ-----–-ის სამინისტროს მიერ შპს ,,ვ-----"სთვის უკან გატანებული 904 ერთეული მატრასიდან 564 ერთეული მატრასის ნაწილში მიწოდება განხორციელდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და სწორედ ამ საფუძვლით შპს ვ-----ს სარჩელი სასამართლოს 19.12.2014 წლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში .
სამინისტრომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე არაერთხელ მოსთხოვა მოპასუხეს, მის მფლობელობაში არსებული 564 ერთეული მატრასის უკან, სამინისტროსთვის დაბრუნება, 12.04.2013 წლის #155 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური პირობებით, თუმცა მოპასუხემ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ 14.11.2018 წელს წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით საბოლოოდ მოითხოვა შპს ''ვ-----ს'' თ-----–-ის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა, 36206,72 ლარის ოდენობით, ასევე მოითხოვა შპს ''ვ-----'' დავალდებულდეს (დაეკისროს) თ-----–-ის სამინისტროს მიაწოდოს 12.04.2013 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 564 ერთეული მატრასი, 39280.90 ლარის ღირებულების. (იხ. სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი )
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს ვ-----“ს თავდაპირველი სარჩელი ჩაბარდა 18.08.2014 წელს, რაზეც 02.09.2014 წელს წარმოადგინა შესაგებელი, რითაც სარჩელს არ დაეთანხმა, ხოლო დაზუსტებული სარჩელი მოპასუხე შპს ვ-----ს დირექტორს ირ---–- უგ------–--ეს ჩაბარდა 18.02.2019 წელს, რაზეც შესაგებელი არ წარმოუდგენია.
სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2019 წლის 21 თებერვალს, მოპასუხე შპს ,,ვ-----"ს სასამართლო უწყება რამდენჯერმე გაეგზავნა მის მისამართზე- ქ. თბილისი, შა-----–--ის ქუჩა # 7, ბ. 65, მაგრამ ვერ ჩაბარდა. როგორც საქართველოს ფოსტას უკუგზავნილებით ირკვევა, კურიერს არავინ ხვდება მისამართზე, დაკეტილია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხისთვის 2019 წლის 21 თებერვალს დანიშნული სხდომის დღის თაობაზე უწყების ჩაბარება შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა.
2019 წლის 22 თებერვალს შს სამინისტროს თბილისის მთავარმა სამმართველომ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში წარმოადგინა გზავნილის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, რითაც ირკვევა, რომ მოპასუხე შპს ვ-----ს დირექტორს ირ---–- უგ------–--ეს უწყება პირადად ჩაბარდა 18.02.2019 წელს, მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადებულა, თუმცა ვინაიდან სხდომის დროს (2019 წლის 21 თებერვალს) უწყების ჩაბარების შესახებ ინფორმაცია სასამართლოში წარმოდგენილი ჯერ არ იყო, საქმის მოსმენა გადაიდო 2019 წლის 04 აპრილს, 15 საათზე;
გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 20 მარტის განჩინებით 2019 წლის 04 აპრილს, 15 სთ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დანიშნული სხდომის დღის თაობაზე შპს ,,ვ-----ს“თვის უწყების ჩაბარება შს სამინისტროს თბილისის მთავარ სამმართველოს დაევალა.
2019 წლის 03 აპრილს გურჯაანის რაიონულ სასამართლოს მომართა შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარმა სამმართველომ, წარმოადგინა ოქმი ადგილზე გამოცხადების შესახებ და აცნობა, რომ სასამართლო დავალების შესაბამისად, უწყების ჩაბარების მიზნით 2019 წლის 28 მარტს გამოცხადდა მისამართზე - ქ. თბილისი, შა-----–--ის ქუჩა # 7, ბ. 65, რა დროსაც კარები დაკეტილი დახვდა. როგორც ოქმში აღნიშნულია, პოლიციის თანამშრომელი ტელეფონით დაუკავშირდა შპს ,,ვ-----"ს დირექტორს ირ---–- უგ------–--ეს, რომელმაც სატელეფონო გასაუბრებისას განმარტა, რომ მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს, ამჟამად არ იმყოფება თბილისში, უწყებას ვერ ჩაიბარებს. პოლიციის თანამშრომელმა ოქმში მიუთითა, რომ მან შპს ვ-----ს დირექტორს ტელეფონით აცნობა უწყების შინაარსი -სასამართლო პროცესის გამართვის ადგილი, რიცხვი და დრო .
სასამართლომ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების მონაცემების გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ შპს ვ-----ს იურიდიული მისამართია - ქ. თბილისი, შა-----–--ის ქუჩა # 7, ბ. 65, იგივე მისამართია მითითებული, მოპასუხის შესაგებელში, მოპასუხეს ამ მისამართზე ბარდებოდა ყველა გზავნილი. როგორც პოლიციის მიერ ადგილზე გამოცხადების ოქმშია მითითებული, მოპასუხის განმარტებით, იგი ამ მისამართზე არ ცხოვრობს, ხოლო სხვა მისამართი სასამართლოსთვის უცნობია, ამიტომ 2019 წლის 25 მარტს მიღებული იქნა განჩინება 2019 წლის 04 აპრილს, 15 საათზე დანიშნული სხდომის დღის თაობაზე მოპასუხე შპს ვ-----სთვის სასამართლოს უწყების საჯარო შეტყობინების გზით ჩაბარების თაობაზე. სასამართლოს განჩინება, 2019 წლის 26 მარტს გურჯაანის რაიონული სასამართლოს საინფორმაციო დაფაზე და გურჯაანის რაიონული სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge განთავსდა. განჩინებით მოპასუხეს ეცნობა, რომ ,, სამოქალაქო საქმეზე №2/239-14, სადაც მოსარჩელეა საქართველოს თ-----–-ის სამინისტრო, მოპასუხე შპს ,,ვ-----“, დავის საგანი: პირგასამტეხლოს დაკისრება, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში 2019 წლის 04 აპრილს, 15:00 საათზე დანიშნულია მოსამზადებელი სასამართლო სხდომა (მის: ქ. გურჯაანი სანაპიროს ქ #24) №1 სხდომათა დარბაზში".
ვინაიდან განჩინება საჯარო შეტყობინების შესახებ სასამართლოს შენობაში საინფორმაციო დაფაზე და სასამართლოს ვებ/გვერდზე განთავსდა 2019 წლის 26 მარტს, შესაბამისად, სასამართლო უწყება მოპასუხისათვის ჩაბარებულად 2019 წლის 02 აპრილიდან ითვლება.
ამიტომ სასამართლოს სხდომის შესახებ მოპასუხე შპს ,,ვ-----" გაფრთხილებული იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადებულა, და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი უცნობებია სასამართლოსთვის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის 1 ნაწილით, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის, სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. ამავე მუხლის მე-3. ნაწილით, თუ მოსარჩელის მიერ მითითებული მოპასუხის მისამართი სწორია და მას უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო ხელმძღვანელობს ამ კოდექსის 78-ე მუხლის დებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 26. მუხლის 1 ნაწილით, იურიდიული
პირის ადგილსამყოფლად ითვლება მისი ადმინისტრაციის მდებარეობის ადგილი. იურიდიულ პირს შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ერთი ადგილსამყოფელი (იურიდიული მისამართი). მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე- 4. მუხლით, 1. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაცია სავალდებულოა. ამავე მუხლის 3. ნაწილით, მეწარმე სუბიექტის არსებობა დგინდება ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, ხოლო მე-4. ნაწილით, მეწარმე სუბიექტი რეგისტრირდება მის მიერ განცხადებული მისამართის მიხედვით. დაინტერესებულმა პირმა იურიდიულ მისამართად უნდა მიუთითოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული მისამართი, რომელზედაც შესაძლებელი იქნება წერილობითი შეტყობინების (კორესპონდენციის) გაგზავნა. რეგისტრირებულ მისამართზე გაგზავნის შემდეგ წერილობითი შეტყობინება (კორესპონდენცია) ითვლება ოფიციალურად გაგზავნილ შეტყობინებად (კორესპონდენციად).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეს გზავნილი გაეგზავნა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ იურიდიულ მისამართზე, მაგრამ ვერ ჩაბარდა იმ მიზეზით, რომ იგი ამ მისამართზე არ იმყოფება, სხვა მისამართი სასამართლოსთვის უცნობია, ამიტომ სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ მოპასუხეს ეცნობა საჯარო შეტყობინების მეშვეობით.
2019 წლის 04 აპრილს , 15 საათზე დანიშნულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე შპს ვ-----ს წარმომადგენელი არ გამოცხადებულა, მას არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსთვის.
მოსარჩელე თ-----–-ის სამინისტროს წარმომადგენელმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ იშუამდგომლა
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს სარჩელი, შპს „ვ-----“ს მიმართ, 12.04.2013 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 39 280.90 ლარის ღირებულების 564 ერთეული მატრასის თ-----–-ის სამინისტროსთვის მიწოდების (დაბრუნების) დავალდებულების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანით, ხოლო შპს ''ვ-----ს''თვის თ-----–-ის სამინისტროს სასარგებლოდ 36206,72 ლარის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კი თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
დადგენილია, რომ მოპასუხე შპს ,,ვ-----"ს სასამართლოს სხდომის თარიღის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლით დადგენილი წესით, მოპასუხე სხდომაზე არ გამოცხადდა, ხოლო მოსარჩელემ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა იშუამდგომლა, ამიტომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია სარჩელში მითითებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
-2013 წლის 12 აპრილს საქართველოს თ-----–-ის სამინისტროსა და შპს ''ვ-----ს'' შორის დაიდო №155 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს ''ვ-----მ'' იკისრა ვალდებულება თ-----–-ის სამინისტროსათვის 60 დღის ვადაში მიეწოდებინა 592 000 ლარის საქონელი, კერძოდ, 8 500 ცალი მატრასი.
-12.04.2013 წლის #155 ხელშეკრულების 16.1.1 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიუწოდებლობისთვის, (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში უხარისხო არასრული მოცულობით საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) იმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების ღირებულების 0,2 % ოდენობით , ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
-2013 წლის 12 აპრილს საქართველოს თ-----–-ის სამინისტროსა და შპს ''ვ-----ს'' შორის დადებული №155 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 8500 მისაწოდებელი მატრასიდან მიწოდებულ 855 ერთეულ მატრასზე თ-----–-ის სამინისტრომ შპს ვ-----ს გაუფორმა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, ხოლო მიწოდებულ 904 ერთეულ მატრასზე სამინისტრომ არ გააფორმა მიღება-ჩაბარების აქტი , რადგან ჩათვალა , რომ შპს ვ-----ს საქონელი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიწოდების ვადის გასვლის შემდეგ ჰქონდა მიწოდებული, ამიტომ აღნიშნული 904 მატრასი თ-----–-ის სამინისტრომ შპს „ვ-----ს“ უკან დაუბრუნა .
-მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროდუქციის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სრულად მიწოდება, კერძოდ, 2013 წლის 12 აპრილის №155 ხელშეკრულების #1 დანართით განსაზღვრული 592 000 ლარის ღირებულების 8500 ცალი მატრასის ნაცვლად
14.06.2013 წელს მიაწოდა მხოლოდ 59 548,24 ლარის ღირებულების 855 ერთეული მატრასი , ამიტომ 2013 წლის 14 აგვისტოს #9/3698 წერილით საქართველოს თ-----–-ის სამინისტრომ შპს ''ვ-----ს'' აცნობა, რომ მის მიერ 2013 წლის 12 აპრილს დადებული №155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა არაჯეროვნად, (ნაწილობრივ) , კერძოდ, შესრულებულია მხოლოდ 59 548,24 ლარის ვალდებულება
-დადგენილია, რომ 2013 წლის 25 ოქტომბერს ,,მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ #155-1 აქტის საფუძველზე, მოპასუხეს დაეკისრა 34 ვადაგადაცილების დღის პირგასამტეხლოს გადახდა (534451,76 ლარი X0,2 % X 34 დღე) 36 206,72 ლარის ოდენობით (ს.ფ. 23)
-დადგენილია, რომ შპს ვ-----მ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე თ-----–-ის სამინისტროს მიმართ და მოითხოვა (1) აღიარებულ იქნეს შპს „ვ-----ს“ მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №155 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ფაქტი 904 ერთეული მატრასის ოდენობით - ღირებულებით 62 960.89 ლარი; და (2). დაევალოს საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №155 ხელშეკრულების ფარგლებში მისაწოდებელი მატრასების 7 596 ერთეულის მიღება. (საქმე # 2/18639)
-დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 19.12.2014 წლის გადაწყვეტილებით შპს ,,ვ-----"ს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე N2ბ/18639-14, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, სასამართლომ დაადგინა, რომ 12.04.2013 წლის #155 ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ვ-----მ“ საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს მიმართ ვალდებულება, გარდა აღიარებული 855 ერთეული მატრასისა, დამატებით 39280,90 ლარის ღირებულების 564 ერთეული მატრასის მიწოდების ნაწილშიც შეასრულა , სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული 564 ერთეული მატრასი შპს ვ-----ს უკან დაუბრუნდა და ამჟამად მის მფლობელობაშია .
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე და 266-ე მუხლების თანახმად,წინასწარ დადგენილი ძალის მქონე ფაქტებად კანონმდებელი განიხილავს
კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტებს
და მხარეს მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარდგენის
ვალდებულებისაგან ათავისუფლებს იმ შემთხვევაში, თუ სამოქალაქო საქმის
განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ, ანუ პრეიუდიციული ძალის
მქონედ ფაქტობრივი გარემოების მიჩნევისათვის, სავალდებულოა,არსებობდეს სამოქალაქო საქმეზე მიღებული, კანონიერ ძალაში შესული
სასამართლო გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილების სუბიექტები სხვა
სამოქალაქო საქმის მხარეებად უნდა გვევლინებოდნენ.
მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო
საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქმეზე
N2ბ/18639-14, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული, სასამართლომ დაადგინა,რომ შპს „ვ-----ს“ საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს მიმართ
ვალდებულება, გარდა აღიარებული 855 ერთეული მატრასისა, დამატებით 564
ერთეული მატრასის მიწოდების ნაწილშიც შეასრულა, რომლის ღირებულებაც
39 280,90 ლარს შეადგენს. სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული
564 ერთეული მატრასი შპს ვ-----ს უკან დაუბრუნდა და ამჟამად მის მფლობელობაშია.
ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით პრეიუდიციულად დადგენილია, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე სულ მიაწოდა (855+ 564) 1419 ერთეული მატრასი, საიდანაც 564 ერთეული მატრასი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 6 თვის შემდეგ მოპასუხეს უკან დაუბრუნდა და ეს მატრასები ამჟამად მოპასუხის მფლობელობაშია, რაც დადასტურებულად უნდა იქნეს მიჩნეული.
დადგენილია, რომ მოსარჩელემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე არაერთხელ მოსთხოვა მოპასუხეს მის მფლობელობაში არსებული 564 ერთეული მატრასის უკან დაბრუნება, 12.04.2013 წლის #155 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური პირობებით, თუმცა მოპასუხეს აღნიშნული ვალდებულება არ შეუსრულებია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის საწინააღმდეგოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლომ უნდა შეამოწმოს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სარჩელის მოთხოვნას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ 12.04.2013 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 39280.90 ლარის ღირებულების 564 ერთეული მატრასის თ-----–-ის სამინისტროსთვის მიწოდების დავალდებულების ნაწილში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 148-ე, 186, 477, 170-ე, 172-ე მუხლების შესაბამისად, იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ:
საქართველოს სამოქალქო კოდექსის 148 მუხლით, ნივთი შეიძლება იყოს მოძრავი ან უძრავი. ამავე კოდექსის 149-ე მუხლით, უძრავ ნივთებს მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე. ამავე კოდექსის 186. მუხლით, 1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე კოდექსის 477. მუხლით, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 170. მუხლით, 1. მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. ხოლო ამავე კოდექსის 172 მუხლით, 1. მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი აღძრულია მოძრავი ნივთების დაბრუნების მოთხოვნით. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2013 წლის 12 აპრილს საქართველოს თ-----–-ის სამინისტროსა და შპს ''ვ-----ს'' შორის დაიდო №155 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს ''ვ-----მ'' იკისრა ვალდებულება თ-----–-ის სამინისტროსათვის 60 დღის ვადაში მიეწოდებინა 592 000 ლარის საქონელი, კერძოდ, 8 500 ცალი მატრასი, ანუ ხელშეკრულების საგანი მოძრავი ნივთია. (სს კოდექსის 147-ე, 148-ე მუხლები).
მოძრავ ნივთზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია ორი წინაპირობის არსებობა: საკუთრების უფლება და მისი გადაცემის შესახებ მესაკუთრის ნამდვილი ნება (სსკ-ის 186 -ე მუხლი). სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მიმწოდებელმა ხელშეკრულების საფუძველზე, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს ჯამში მიაწოდა 1419 მატრასი, ამიტომ შემსყიდველს მიწოდებულ ქონებაზე წარმოეშვა საკუთრების უფლება (სს კოდექსის 477-ე მუხლი).
დადგენილია, რომ საქართველოს თ-----–-ის სამინისტროსთვის საკუთრებაში გადაცემული 564 მატრასი მოპასუხემ უკან წაიღო, და ამჟამად მოპასუხის მფლობელობაშია, რაც ამ ქონების გამოთხოვის საფუძველია, ამიტომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოსარჩელის ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. (სს კოდექსის 170-172 მუხლები)
სამართლებრივი შეფასება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში:
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელში მითითებული გარემოებები , მოპასუხე შპს ,,ვ-----"სთვის პირგასამტეხლოს 36 206,72 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სამართლებრივი თვალსაზრისით არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მოსაზრებებს:
სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. დასახელებული მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით კი, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 12 აპრილს საქართველოს თ-----–-ის სამინისტროსა და შპს ''ვ-----ს'' შორის დაიდო №155 ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც შპს ''ვ-----მ'' იკისრა ვალდებულება თ-----–-ის სამინისტროსათვის 60 დღის ვადაში მიეწოდებინა 592 000 ლარის საქონელი, კერძოდ, 8 500 ცალი მატრასი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
დადგენილია, რომ მოპასუხემ არაჯეროვნად შეასრულა ვალდებულება, კერძოდ, მოსარჩელეს მიაწოდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ რაოდენობაზე ნაკლები მატრასი, რაც მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების დანაწესის შესაბამისად პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი წინაპირობაა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
დადგენილია, რომ მხარეების მიერ 12.04.2013 წლის #155 ხელშეკრულებით შეთანხმებულია ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლოს გადახდა. კერძოდ, 16.1.1 მუხლით, ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის მიუწოდებლობისთვის, (მათ შორის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში უხარისხო, არასრული მოცულობით ან საჭირო დოკუმენტაციის გარეშე) მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლო შესასრულებელი ვალდებულების 0,2 % ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე
მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების პირობა და არასრული რაოდენობით მიაწოდა საქონელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ 1) მოსარჩელემ სარჩელში (დაზუსტებული) არასწორედ მიუთითა შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა და შესაბამისად, არასწორედ იანგარიშა პირგასამტეხლოს ოდენობა, ასევე 2) სასამართლოს მოსაზრებით, მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, შემდეგი გარემოებების გამო:
მოსარჩელემ წარმოდგენილი სარჩელით შესასრულებელ ვალდებულებად არასწორედ მიიჩნია 532 451,76 (592 000 – 59 548,24 ) ლარი და პირგასამტეხლოს სახით მოითხოვა 34 დღის (11.06.2013 წლიდან 15.07.2013წ) პირგასამტეხლო, 36206,72 ( 532451,76X0,2% X34) ლარი, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ასევე დამატებით
შესრულებულად ჩაითვალა 39280,90 ლარის ღირებულების 564 ერთეული მატრასის მიწოდების ვალდებულება, ამიტომ პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტია, რომ მიმწოდებელს შემსყიდველის წინაშე ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ჯამში შესრულებული აქვს 98 829,14 (59 548.24 +39 280, 90) ლარის ღირებულების 1419 (855+564) ერთეული მატრასის მიწოდების ვალდებულება, ამიტომ შესასრულებელი ვალდებულება , რისთვისაც მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლო, უნდა განისაზღვროს არა 532 451,76 ლარით, როგორც ეს სარჩელშია მითითებული, არამედ 493 170, 86 (592 000 – 98829,14 ) ლარი, შესაბამისად, ამ გაანგარიშებით მოსარჩელეს პირგასამტეხლოს სახით შეუძლია მოითხოვოს 33 535, 56 ლარი (493 170, 86 X0,2% =986, 34 X34) , ხოლო მოსარჩელე მოითხოვს 36 206,72 ლარის დაკისრებას , რაც უსაფუძვლოა .
ზემოაღნიშნულის გარდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება, შემდეგი გარემოებების გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ხოლო ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს უპირველესი ამოცანა სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების ხარისხი და სხვა. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია მოპასუხის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის ხარისხის და აღნიშნული დარღვევით გამოწვეული ზიანის თანაფარდობის გათვალისწინებით, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს 0.2 %-ის 0.05 %-მდე, ანუ 4-ჯერ შემცირება და შესაბამისად მოპასუხისათვის დასაკისრებელი პირგასამტეხლო განისაზღვროს (493 170, 86 X0,05% =246, 58 X 34=) 8383,90 ლარით.
საპროცესო ხარჯები უნდა განაწილდეს შემდეგნაირად:
სსაქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მოპასუხეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროს (39280,90+8383,90 =47664,83 X3%) 1429, 94 ლარი
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 230-ე, 234-237-ე, 243-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს წარმომადგენლის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და გამოტანილი იქნეს ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
1.1. შპს ვ-----ს დაევალოს (დაეკისროს) საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს მიაწოდოს 12.04.2013 წლის #155 ხელშეკრულებით გათვალისწინებული 564 ერთეული მატრასი, 39280,90 ლარის ღირებულების .
1.2. საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს მოთხოვნა შპს „ვ-----ს“ მიმართ, პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.3. მოპასუხე შპს „ვ-----ს“ საქართველოს თ-----–-ის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა 8383,90 ლარის ოდენობით
3. მოპასუხე შპს ვ-----ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 1429, 94 ლარის გადახდა.
5. დაუსწრებელი გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.1. პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრით გურჯაანის რაიონულ სასამართლოში მხარეთათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში.
6. გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების 1.2. 1.3 პუნქტი) შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონულ სასამართლო მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნანა ჩალათაშვილი