გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2019
საქმის ნომერი
330210018002662063
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/28864-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - შპს ,,ს-------–----’’/შპს ,,ე-–----------–----ის’’ უფლებამონაცვლე

წარმომადგენელი - მ-----–--–----, დ--------------ე

მოპასუხე - ბ-------------–--

წარმომადგენელი - მ-------------

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 4 984.51 აშშ დოლარის და ჯარიმის - 2 096.8 ლარის გადახდა.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-15)

1.1.1. მოპასუხე შპს ,,ე-–----------–----ის’’ დირექტორის 2010 წლის 27 იანვრის №-- ბრძანებით დაინიშნა შპს ,,ე-–----------–----ის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლად 2010 წლის თებერვლის თვიდან;

1.1.2. 2010 წლის 01 თებერვლის №-- ბრძანებით მოპასუხის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 3 000 ლარით;

1.1.3. 2010 წლის 20 მაისს მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №7, რომლის თანახმადაც მოპასუხეზე გასაცემი სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 7 000 აშშ დოლარით, ხოლო წლიური სარგებელი 23%-ით;

1.1.4. სესხის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, სესხის ძირითადი თანხა და დარიცხული პროცენტი უნდა დაფარულიყო გასაცემი ხელფასიდან ეროვნული ბანკის კურსით თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. დარჩენილი თანხა მსესხებელს უნდა დაეფარა 2010 წლის 30 სექტემბერს;

1.1.5. ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, სესხის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს დაეკისრებოდა ჯარიმა მისაღები ხელფასის ოდენობით;

1.1.6. მის მიერ შესრულდა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება მოპასუხისთვის სესხის სახით 7 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში გადაცემის თაობაზე;

1.1.7. შპს ,,ე-–----------–----ის’’ დირექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №-- ბრძანებით მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან;

1.1.8. შპს ,,ე-–----------–----ის’’ დირექტორის 2011 წლის 01 აპრილის №-- ბრძანებით მოპასუხე მიღებულ იქნა შპს ,,ე-–----------–----ის’’ საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლად ექვსი თვის გამოსაცდელი ვადით - 2011 წლის 01 ოქტომბრამდე და მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 3 000 ლარით;

1.1.9. შპს ,,ე-–----------–----ის’’ დირექტორის 2011 წლის 01 ოქტომბრის №--6 ბრძანებით მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო;

1.1.10. მოპასუხემ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა არაჯეროვნად. სესხის დაფარვის ბოლო ვადისთვის - 2010 წლის 30 სექტემბრისთვის მოპასუხემ ძირითადი თანხიდან დაფარა 1 636.63 აშშ დოლარი და დასაფარი დარჩა 5 363.37 აშშ დოლარი. სარგებლის სახით დარიცხული 464.76 აშშ დოლარიდან დაფარა - 363. 37 აშშ დოლარი და დასაფარი დარჩა 101.39 აშშ დოლარი;

1.1.11. სესხის ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, მოპასუხეს სესხი სრულად უნდა დაეფარა 2010 წლის 30 სექტემბერს, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, მოპასუხეს დაეკისრა ხელშეკრულების 2.3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, რამაც შეადგინა 2 096.8 ლარი;

1.1.12. ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული ჯარიმის ოდენობა დაანგარიშდა შემდეგნაირად: მისაღებ ხელფასს (3 000 ლარს) მინუს ხელშეკრულების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული თანხა - 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

1.1.13. 2011 წლის 30 სექტემბერს მოპასუხის ხელფასიდან გადაიფარა სარგებლის დაჩენილი დავალიანება 101.39 აშშ დოლარი და ასევე სესხის ძირი დავალიანებიდან დაიფარა 378.86 აშშ დოლარი;

1.1.14. მოპასუხეს დასაფარი დარჩა დავალიანება და ეკისრება სესხის ძირითადი თანხის - 4 984.51 აშშ დოლარის და ჯარიმის - 2 096.8 ლარის გადახდა.

1.1.15. შპს ,,ე-–----------–----მა’’ შეიცვალა სახელწოდება და მის უფლებამონაცვლეს წარმოადგენს შპს ,,ს-------–----’’.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 39-50).

შესაგებლის საფუძვლები:

2.1.1. მართალია 2010 წლის 20 მაისს მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის დაფარვაც უნდა მომხდარიყო გასაცემი ხელფასიდან ხელშეკრულების 4.1 პუნქტის მიხედვით, მაგრამ დარჩენილი თანხის დაფარვის კონკრეტული თარიღი განსაზღვრული არ ყოფილა;

2.1.2. ხელშეკრულების 3.1 და 4.1 პუნქტების მიხედვით, სესხის ვადა მოიცავდა ხელშეკრულების დადებიდან 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდს, კონკრეტული წლის მითითების გარეშე;

2.1.3. სამსახურიდან მისი წამოსვლის საფუძველი იყო დამსაქმებლის მხრიდან ვალდებულების სისტემატიური დარღვევა და მისი მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქმედებები, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ მას არ ერიცხებოდა კუთვნილი ხელფასი;

2.1.4. გათავისუფლების ბრძანების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ სარჩელიდან;

2.1.5. წარმოდგენილი ბრძანების კანონთან შეუსაბამობისთვის საკმარისია ის ფაქტიც, რომ თანამშრომელი, რომელიც თითქოსდა 2010 წელს სამსახურიდან გათავისუფლდა სისტემატიური უმიზეზო გაცდენების გამო, 2011 წლის 01 აპრილს კვლავ აჰყავს დამსაქმებელს სამსახურში ხელფასის სახით 3 000 ლარის ანაზღაურების პირობით;

2.1.6. მის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება სრულად იქნა დაფარული იმ პირობებით და ვადით, რაც სესხის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული;

2.1.7. მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობს 2010 წლის 20 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან. მხარეთა შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება ფაქტობრივად შეწყდა 2010 წლის 13 სექტემბერს. შესაბამისად, ამ დროიდან მოსარჩელისთვის ცნობილია თავისი დარღვეული ვალდებულების შესახებ.

ასეთის არსებობის პირობებში კი სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გათვალისწინებით, წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. შპს ,,ე-–----------–----ის’’ გენერალური დირექტორის 2010 წლის 27 იანვრის №-- ბრძანებით მოპასუხე მიღებულ იქნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში თანამშრომლად 2010 წლის თებერვლიდან.

შპს ,,ე-–----------–----ის’’ გენერალური დირექტორის 2010 წლის 01 თებერვლის №-- ბრძანებით მოპასუხის ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 3 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანებები (ს.ფ. 16-17)

 

3.1.2. 2010 წლის 20 მაისს მხარეებს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება №7, რომლის თანახმადაც გამსესხებელმა წლიური 23%-იანი განაკვეთით მოპასუხის სახელზე გასცა სესხი 7 000 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში).

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, სესხზე დარიცხული ძირის და პროცენტის დაფარვა უნდა მოხდეს გასაცემი ხელფასიდან ეროვნული ბანკის კურსით თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. დარჩენილი დასაფარი თანხის დაფარვა მოხდებოდა მსესხებლის მიერ 30 სექტემბერს.

ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, სესხის პირობების დარღვევის შემთხვევაში მსესხებელს დაეკისრება ჯარიმა მისაღები ხელფასის ოდენობით (4.1 პუნქტით გათვალისწინებული თანხა).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 18-19)

 

3.1.3. 2010 წლის 20 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით შპს ,,ე-–----------–----ის’’ მიერ მოპასუხეს გადაეცა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 7 000 აშშ დოლარი (შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 20-25)

 

3.1.4. შპს ,,ე-–----------–----ის’’ გენერალური დირექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №--- ბრძანებით მოპასუხე გათავისუფლდა სამსახურიდან სისტემატიური გაცდენების გამო 2010 წლის 13 სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ. 28)

 

3.1.5. შპს ,,ე-–----------–----ის’’ გენერალური დირექტორის 2011 წლის 01 აპრილის №-- ბრძანების თანახმად მოპასუხე მიღებულ იქნა საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომლად ექვსი თვის გამოსაცდელი ვადით 2011 წლის 01 აპრილიდან 01 ოქტომბრამდე. აღნიშნული ბრძანების თანახმად, მოპასუხის ხელფასი განისაზღვრა 3 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ. 29)

 

3.1.6. შპს ,,ე-–----------–----ის’’ გენერალური დირექტორის 2011 წლის 01 ოქტომბრის №--6 ბრძანებით მოპასუხე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2011 წლის 01 ოქტომბრიდან გამოსაცდელი ვადის გასვლის გამო.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბრძანება (ს.ფ. 30)

 

3.1.7. შპს ,,ე-–----------–----მა’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------) 2019 წლის 01 მარტიდან შეიცვალა საფირმო სახელწოდება და ამის შემდეგ ფუნქციონირებს საფირმო სახელწოდებით შპს ,,ს-------–----’’ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 2--------).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 88-89)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოპასუხეს მოსარჩელისგან ხელფასის სახით 2010 წლის 04 მარტს მიღებული აქვს 2 500 ლარი, 2010 წლის 07 აპრილს - 2 400 ლარი, 2010 წლის 05 მაისს - 2 400 ლარი, 2010 წლის 05 ივნისს - 1 507.65 ლარი, 2010 წლის 06 ივლისს - 1 477.90 ლარი, 2010 წლის 05 აგვისტოს - 1 480.45 ლარი, 2010 წლის 06 სექტემბერს - 1 483.50 ლარი.

მოპასუხეს მოსარჩელისგან წინასწარ (საავანსოდ) ხელფასის სახით 2011 წლის 14 აპრილს მიღებული აქვს 1 000 ლარი, 2011 წლის 28 აპრილს - 3 000 ლარი, ხოლო 2011 წლის 06 ივნისს - 4 750 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ. 76-87)

 

3.2.2. მხარეთა შორის 2010 წლის 20 მაისს დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად მოპასუხის მიერ სესხის დაფარვის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2010 წლის 30 სექტემბერი.

სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები (იხ. სუსგ, საქმე №ას-1206-1166-2016).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ მისი მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან თუ სხვა ვალდებულებითი ურთიერთობებიდან. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ, საქმე №ას-533-509-2016).

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სადავო გარემოებას არ წარმოადგენს მათ შორის 2010 წლის 20 მაისს სესხის ხელშეკრულების დადების ფაქტი. მოპასუხის მიერ არსებითად სადავოდაა გამხდარი მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხი. შესაბამისად, მოთხოვნის ხანდაზმულობის დადგენამდე აუცილებელია განისაზღვროს სესხის ხელშეკრულების თანახმად სესხის დაბრუნების ბოლო თარიღი. მოსარჩელის განმარტებით სესხის ხელშეკრულება წარმოადგენდა განუსაზღვრელი ვადით დადებულ ხელშეკრულებას.

სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისკენ. როგორც უკვე აღინიშნა ნების არსებობა არ იწვევს გარიგების დადებას, აუცილებელია, რომ ნება გამოვლენილ იქნას, გარდა ამისა, ნება მიმართული უნდა იყოს სამართლებრივი შედეგის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ნება შინაგანი სუბიექტური კატეგორიაა და იგი სამართლებრივ შედეგებს იწვევს მხოლოდ მისი გარეგანი გამოხატვის შედეგად, რაც იმას ნიშნავს, რომ სამართლებრივი შედეგისადმი მიმართული ნება იურიდიულად ქმედითი ხდება მისი გამოვლენის შემდეგ. ამასთან აღსანიშნავია, რომ ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზეც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად ჩაითვლება კანონის მიერ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესრულების ვადა წარმოადგენს სწორედ ხელშეკრულების არსებით პირობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ ვადის განსაზღვრა, როგორც წესი, მხარეთა პრეროგატივაა, ისევე, როგორც ხელშეკრულების სხვა ძირითად პირობებზე შეთანხმება. სახელშეკრულებო სამართალში ერთმანეთისაგან განასხვავებენ დადგენილ (განსაზღვრულ) და დაუდგენელ (განუსაზღვრელ) ვადებს. განსაზღვრულია ვადა, როდესაც ცნობილია მოვლენის დადგომის თარიღი. განუსაზღვრელია ვადა, როდესაც მოვლენის დადგომა სარწმუნოა, მაგრამ უცნობია მისი დადგომის ზუსტი თარიღი. როდესაც მხარეთა შეთანხმებით მოვლენის დადგომის კონკრეტული თარიღი მკაფიოდაა განსაზღვრული, ასეთ შემთხვევაში არსებობს განსაზღვრული ვადით დადებული ხელშეკრულება, ხოლო, როდესაც ასეთი თარიღი არ არის განსაზღვრული და იგი არც ხელშეკრულების შინაარსიდან გამომდინარეობს – იგულისხმება განუსაზღვრელი ვადით დადებული ხელშეკრულება (იხ. სუსგ №ას-804-769-2014, 08.04.15).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტვითი აზრიდან. შესაბამისად, აღნიშნული ნორმა ადგენს სადავოობისას დავის გადასაწყვეტად ნების გამოვლენის გონივრული განსჯის სტანდარტს. ამასთან, განმარტების მიზანი არ არის არა ნების გამოვლენისათვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, არამედ გარიგების მონაწილეთა ნების დადგენა.

დადგენილია, რომ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად მხარეებმა განსაზღვრეს, რომ სესხზე დარიცხული ძირის და პროცენტის დაფარვა უნდა მომხდარიყო გასაცემი ხელფასიდან ეროვნული ბანკის კურსით თვეში 500 აშშ დოლარის ოდენობით. დარჩენილი დასაფარი თანხის დაფარვა კი მოხდებოდა მსესხებლის მიერ 30 სექტემბერს.

სასამართლო ხელშეკრულების აღნიშნული ჩანაწერის ლოგიკური, შინაარსობრივი განმარტებით იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიიჩნევს, რომ მხარეთა შეთანხმება გულისხმობდა სესხის დაბრუნების ვადად 2010 წლის 30 სექტემბერს. აღნიშნულს განაპირობებს არა დასაბრუნებელი ვადის თაობაზე დათქმის ცალკეული, არამედ მისი ხელშეკრულების შინაარსთან ერთობლიობაში განმარტება. ფაქტია, რომ სესხის ხელშეკრულება დაიდო 2010 წლის 20 მაისს და მხარეები შეთანხმდნენ ყოველთვიურად სესხის ძირის და პროცენტის დაფარვაზე, თუმცა საბოლოოდ განისაზღვრა სესხის დაფარვის ვადად 30 სექტემბერი არა ზოგადად, არამედ ამავე წლის 30 სექტემბერი.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის პოზიციის გაზიარების და ხელშეკრულების განუსაზღვრელად დადებულად მიჩნევის შემთხვევაში, გაურკვეველი, არალოგიკური და უმიზნო ხდება მხარეთა მითითება სესხის დაფარვის თაობაზე 30 სექტემბრამდე.

თუ მხარეები მოიაზრებდნენ ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით მოქმედებას, მაშინ აღარც იარსებებდა ხელშეკრულებაში ვადის დაბრუნების თარიღად 30 სექტემბრის განსაზღვრის აუცილებლობა, ისევე როგორც ყოველთვიურად გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე შეთანხმების აუცილებლობა.

შესაბამისად, გონივრული განმარტების შედეგად უდავოა, რომ მხარეებმა აღნიშნული დათქმით სესხის დაბრუნების ვადად განსაზღვრეს არა ზოგადად 30 სექტემბერი, არამედ იმავე წლის - 2010 წლის 30 სექტემბერი.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 20 მაისს დადებული სესხის ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ სესხის დაფარვის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2010 წლის 30 სექტემბერი.

 

3.2.3. მოპასუხეს 2010 წლის 20 მაისის სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში მოსარჩელისათვის სრულად არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობები (ს.ფ. 26-27; 31)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.4. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია.

როგორც აღინიშნა განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მოთხოვნების ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელშიც და სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციაშიც მიუთითა, რომ სასარჩელო მოთხოვნა ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს მის დაკმაყოფილებას.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ადენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.

სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. გარდა ამისა: ა) ხანდაზმულობის ვადა სასამართლოს უმსუბუქებს ფაქტების დადგენისა და შესწავლის პროცესს და ამ გზით ხელს უწყობს დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანას; ბ) ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილიზაციას; გ) აძლიერებს სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტების ურთიერთკონტროლსა და იძლევა დარღვეული უფლების დაუყონებლივ აღდგენის სტიმულიზაციას. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ყურადღება უნდა მიექცეს ორ ელემენტს, რომლებსაც უკავშირდება მოთხოვნის წარმოშობის დრო: პირმა შეიწყო უფლების დარღვევის შესახებ და/ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. პირველ შემთხვევაში, არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე, ხოლო, მეორე შემთხვევაში, არ არსებობს ის ფაქტები, რომლებიც პირდაპირ უთითებს მისი უფლების დარღვევის შესახებ ცოდნაზე, მაგრამ არსებობს გარემოებები, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ, მაგრამ, თავისი დაუდევრობის გამო ვერ შეიტყო.

ამასთან, საკასაციო სასამართლოს განმარტებით (იხ. სუსგ, ას-344-329-2016), პირველი ელემენტის არსებობა (როდესაც არსებობს ფაქტები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებს მისი უფლების დარღვევის ცოდნაზე) გამორიცხავს მეორე ელემენტზე აპელირების საშუალებას (უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ).

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სესხის ხელშეკრულება დადებულია 2010 წლის 20 მაისს. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მითითება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 626-ე მუხლსა და ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით მოქმედებასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ მხარეთა შორის 2010 წლის 20 მაისს დადებული სესხის ხელშეკრულებით მოპასუხის მიერ სესხის დაფარვის ბოლო ვადას წარმოადგენდა 2010 წლის 30 სექტემბერი. შესაბამისად, საფუძვლიანია მოპასუხის მითითება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელისთვის 2010 წლის 30 სექტემბრიდან უკვე ცნობილი იყო უფლების დარღვევისა და ამ დროიდან ხანდაზმულობის სამ წლიანი ვადის დაწყების შესახებ.

თუმცა სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმის მასალებში მოსარჩელისვე წარმოდგენილ ცნობებზე (ს.ფ. 26-27; 31), რომელთა თანახმადაც დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ 2011 წლის 30 სექტემბერს გადახდილია სესხის ძირი თანხა - 378.86 აშშ დოლარი და სესხის პროცენტი - 101.39 აშშ დოლარი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას.

ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან. შესაბამისად, მართალია მოპასუხის მიერ 2011 წელს განხორციელებული გადახდით შეწყდა ხანდაზმულობის ვადა, მაგრამ მის მიერ ბოლო გადახდის განხორციელებიდან 2011 წლის 30 სექტემბრიდან კვლავ დაიწყო ხელახალი - ხანდაზმულობის ხელახალი სამ წლიანი ვადის ათვლა. სარჩელი სესხის ძირითადი თანხის და ვალდებულების არაჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე ჯარიმის დაკისრების თაობაზე წარმოდგენილია 2018 წლის 05 ოქტომბერს - ხანდაზმულობის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო, საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების მიუხედავად, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია. აღნიშნულის გათვალისწინებით, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, 400-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 137-ე, 141-ე, 144-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად კი მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნას პროცენტი.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოშობილია სწორედ სესხის ხელშეკრულების საფუძველზე.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად. შესაბამისად, ვალდებულების შესრულებულად მიჩნევის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია იმ პირობების დაცვა, რაც ვალდებულების შესრულებას უზრუნველყოფს და შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობას გამორიცხავს. სწორედ ეს ნორმა განსაზღვრავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ვალდებულება, ისე, რომ არ მოხდეს ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის რღვევა და აწესებს ვალდებულების შესრულების ისეთ სტანდარტს, რომლითაც დაცულია არა მხოლოდ ვალდებულების შესრულება, არამედ მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებული გულისხმიერი მოპყრობა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის „ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები და ნაკისრი ვალდებულება მოსარჩელის წინაშე არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ ვადაში და წესით.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

მოცემულ შემთხვევაში, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა 2010 წლის 20 მაისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ვალდებულება შესრულებული არ არის მოპასუხის მხრიდან ჯეროვნად, ვინაიდან მსესხებელი სადავოდ ხდის ხანდაზმულობის საკითხს, სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 455 ლარი (ს.ფ. 35). სარჩელი არ დაკმაყოფილდა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

მოპასუხემ მოითხოვა მოსარჩელისგან წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის დაკისრება წარმოდგენილი საადვოკატო მომსახურების ხელშეკრულების (ს.ფ. 58-60) და საგადახდო დავალებების (ს.ფ. 73-74) საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის ანაზღაურება გონივრული, 600 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შპს ,,ს-------–----ს'' სარჩელი ბ-------------–--ს მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. მოსარჩელე შპს ,,ს-------–----ს'' მოპასუხე ბ-------------–--ს სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო მომსახურების საფასურის ანაზღაურება 600 ლარის ოდენობით.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი