გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.03.2019
საქმის ნომერი
330210018002684923
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
26.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/30488-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

26 მარტი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - შ-------------ე

მოპასუხე - შპს ,,მ-----------------------------–----------------------–---–---------------------’’

წარმომადგენელი - ლ--------–--ე

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ბ------–-----–--ს მიერ 2018 წლის 05 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცელი №1--------, კერძოდ, პირგასამტეხლოს ნაწილში და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს 50 ლარით.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ტომი 2, ს.ფ. 2-20):

1.1.1. მხარეებს შორის 2017 წლის 16 ივნისს დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მისაღები სესხის თანხად განისაზღვრა 11 000 ლარი;

1.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად მოპასუხის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, კ---------------------–ის ქუჩა №--, 32 კვ.მ. ფართობის კომერციული ფართი;

1.1.3. ორი წლის განმავლობაში მის მიერ სრულდებოდა ვალდებულება. ვადაგადაცილების შემთხვევაში ხდებოდა დაბალი ჯარიმების გადახდა, აღნიშნულიდან გამომდინარე მან გადაწყვიტა სესხის ოდენობის გაზრდა;

1.1.4. სესხის ხელშეკრულებაში ცვლილებები განხორციელდა 2018 წლის 12 მარტს (სანოტარო რეგისტრაციის №1-------). აღნიშნული ცვლილებების შედეგად გადასახდელ სესხის თანხას დაემატა 17 400 ლარი. შესაბამისად, სესხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 25 000 ლარი;

1.1.5. მომდევნო პირველი თვის გადასახადი - 443.84 ლარი გადაიხადა დროულად. მომდევნო თვეს კი გადააცილა გადახდის თარიღს რამდენიმე დღე. კომპანიამ დაიწყო იმდენად მაღალი ჯარიმების დარიცხვა, რომ მისთვის შეუძლებელი იყო ამ თანხების გადახდა;

1.1.6. რამდენჯერმე მიმართა მოპასუხეს თანხის კორექტირების მიზნით, მაგრამ უშედეგოდ;

1.1.7. მოპასუხის მიმართვის საფუძველზე 2018 წლის 05 ივლისს ნოტარიუსმა ბ------–-----–--მ გასცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, რომლის თანახმადაც სესხის ძირითადი თანხა განსაზღვრულია 25 000 ლარით, სარგებელი - 2 390.76 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 4 950 ლარით, რომელის დარიცხვაც გაგრძელდება ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე. სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი კი -129.08 ლარი;

1.1.8. გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე უნდა მოხდეს მის საკუთრებაში არსებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია;

1.1.9. მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვია გართულებულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ;

1.1.10. სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია. სააღსრულებო ფურცელში უნდა განხორციელდეს ცვლილებები და მას პირგასამტეხლოს სახით გადასახდელად უნდა დაეკისროს 50 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ სასამართლოში დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ტომი 2, ს.ფ. 120-130)

2.1.1. მხარეთა შორის 2017 წლის 16 ივნისს მართლაც დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, მოგვიანებით 2018 წლის 12 მარტს კი სესხის ოდენობის გაზრდის მიზნით, მათ შორის ასევე გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შესახებ შეთანხმება;

2.1.2. მოსარჩელის მიერ დაირღვა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც იგი უფლებამოსილი იყო მიემართა ნოტარიუსისთვის სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ მოთხოვნით;

2.1.3. სესხის ხელშეკრულების 5.7 მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენს სესხის ძირითადი თანხის 0.3%-ს და არა 3%-ს, როგორც მოსარჩელე უთითებს;

2.1.4. მოსარჩელისთვის წინასწარ იყო ცნობილი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებისა და მისი ოდენობის შესახებ;

2.1.5. სააღსრულებო ფურცლის თანახმად დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრული და სამართლიანია, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2017 წლის 16 ივნისს მხარეებს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება სანოტარო რეგისტრაციის №1--------, რომლის თანახმადაც მოსარჩელეზე გაიცა სესხი 11 000 ლარის ოდენობით 6 თვის ვადით. სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 3%-ით.

ხელშეკრულების 5.6 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დაარღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადას და ვადაგადადილებული დღეების საერთო რაოდენობა 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები იქნება, მას გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელად ავტომატურად დაეკისრება პირგასამტეხლო ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველთვიური სარგებლის თანხის 2%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე.

ამავე ხელშეკრულების 5.7 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი დაარღვევს ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის დაბრუნების ან/და სარგებლის გადახდის ვადას და ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა საერთო ჯამში იქნება 30 კალენდარულ დღეზე მეტი, მას გამსესხებლის სასარგებლოდ გადასახდელად ავტომატურად დაეკისრება პირგასამტეხლო სესხის ძირი თანხის 0.3%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე, თუმც არაუმეტეს სესხის ძირი თანხის 20%-ისა.

ხელშეკრულების 11.3 პუნქტის თანახმად, მსესხებლის მხრიდან რომელიმე ვალდებულების (მათ შორის სარგებლის გადახდის ვალდებულების) შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში იპოთეკარი უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მოითხოვოს სააღსრულებო ფურცლის გაცემა მსესხებლის წინააღმდეგ ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლის მიმართ არსებული ყველა ვალდებულების მიმართ (როგორც ვადამოსული, ასევე ვადამოუსვლელი).

სესხის უზრუნველსაყოფად კრედიტორის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, კ---------------------–ის ქუჩა №--, 32 კვ.მ ფართობის კომერციული ფართი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სანოტარო აქტი (ტომი 2, ს.ფ. 22-42)

 

3.1.2. 2018 წლის 12 მარტს მხარეთა შორის გაფორმდა სანოტარო აქტი №1-------- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების და/ან დამატების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც სესხის თანხა გაიზარდა 17 400 ლარის ოდენობით. სესხის მთლიანი თანხა ცვლილების შემდეგ განისაზღვრა 25 000 ლარით, ვადაგადაცილების ჯარიმა კი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირის (მთლიანი თანხის) 0.3%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სანოტარო აქტი (ტომი 2, ს.ფ. 43-53)

 

3.1.3. მოსარჩელის მიერ დაირღვა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხისთვის თანხის ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი, ცნობა (ტომი 2, ს.ფ. 96-97)

 

3.1.4. 2018 წლის 05 ივლისს ნოტარიუს ბ------–-----–--ს მიერ მოპასუხის სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, სადაც მოვალედ მითითებულია მოსარჩელე შ-------------ე.

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა - 25 000 ლარი, სესხით სარგებლობის სარგებელი - 2 390.76 ლარი, პირგასამტეხლო - სესხის თანხის 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც 2018 წლის 05 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 4 950 ლარს, რომლის დარიცხვაც გაგრძელდება ვადაგადაცილების ნებაყოფლობით ან იძულებითი აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 124.36 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სააღსრულებო ფურცელი (ტომი 2, ს.ფ. 54-57) 3.1.5. 2018 წლის 05 ივლისს გაცემული სააღსრულებო ფურცლის №1-------- საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2018 წლის 17 ივლისს კერძო აღმასრულებელ ერეკლე ღვინიანიძის მიერ მოსარჩელეს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ტომი 2, ს.ფ. 58-60) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. მოპასუხის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სესხის ძირითადი თანხის 0.3%-ის, 4 950 ლარის ოდენობით 05.07.2018 წლის მდგომარეობით, რომლის დარიცხვაც გრძელდება ვალდებულების შესრულებამდე შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. მოვალეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს შემცირებული ოდენობით - ძირითადი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მხარეებს შორის სადავო არ არის მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მოსარჩელის მიერ დარღვევის ფაქტი. მათ შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოსარჩელე ითხოვს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 50 ლარამდე, რადგან მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობასთან მიმართებით და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხისადმი მოსარჩელის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო მაღალია და უნდა შემცირდეს. სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე...ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ№ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი). პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’, თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიმართ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.3% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მართალია, მოსარჩელის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მოსარჩელის მიერ მისი გადახდა მოპასუხის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, თუმცა მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლო 50 ლარი ასევე არ წარმოადგენს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერ პირგასამტეხლოს. გამომდინარე აღნიშნულიდან, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია, მოსარჩელის მიერ მოპასუხისთვის გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა შემცირდეს და სააღსრულებო ფურცლით აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც 2018 წლის 05 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 165 ლარს და რომლის დარიცხვაც გრძელდება ვალდებულების შესრულებამდე. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლი, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 115-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2017 წლის 16 ივნისის სანოტარო წესით დადასტურებული საკრედიტო ხელშეკრულების და მასში 2018 წლის 12 მარტს ასევე სანოტარო წესით დადასტურებული ცვლილებების საფუძველზე. თავის მხრივ, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ 2018 წლის 05 ივლისს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულება.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოპასუხისადმი გადასახდელი პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და უნდა მომხდარიყო მისი შემცირება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემო აღნიშნული სამართლებრივი ნორმების და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოსარჩელეს პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 75 ლარი (ტომი 2, ს.ფ. 70-71), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია 50 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 54-57). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11, მე-14 და 39-ე მუხლების საფუძველზე, დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 25 ლარი. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხიდან 15.15 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება (ტომი 1, ს.ფ. 54-57).

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე,1991-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შ-------------ის სარჩელი მოპასუხე შპს ,,მ-----------------------------–----------------------–---–---------------------ს’’ მიმართ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს ნოტარიუს ბ------–-----–--ს მიერ 2018 წლის 05 ივლისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცელი, კერძოდ, პირგასამტეხლოს ნაწილში და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს სესხის ძირითადი თანხის 0.01%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რომელიც 2018 წლის 05 ივლისის მდგომარეობით შეადგენს 165 ლარს, რომლის დარიცხვაც გაგრძელდება ვალდებულების ნებაყოფლობით ან იძულებით აღსრულების ღონისძიების გზით შესრულების დღემდე;

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ბ------–-----–--ს მიერ 2018 წლის 05 ივლისს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება №A--------;

4. მოსარჩელე შ-------------ეს დაუბრუნდეს მის მიერ 03/10/2018 წელს სარჩელზე №0 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 25 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150.

5. მოპასუხე შპს ,,მ-----------------------------–----------------------–---–---------------------ს'' მოსარჩელე შ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 15.15 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი