გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.03.2019
საქმის ნომერი
351210017002032548
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/162-2017

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27.03.2019 წ ქ. რუსთავი

გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს

მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მ------ი თამარ კობაიძე

მოსარჩელე შპს “ე---------------+”

წარმომადგენელი გიორგი თათარაშვილი

მოპასუხეები დ----- მ------ი

დავის საგანი: სესხის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. დ----- მ------ისათვის შპს “ე---------------+”სათვის 803.88 ლარის დაკისრება;

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:

 

2016 წლის 9 დეკემბერს შპს “ევრო კრედი+ს» და დ----- მ------ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო თანხა 1000 ლარი. სესხი გაიცა 24 თვის ვადით. სესხის სარგებელია თვეში 6%-ის დარიცხვა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეში დავალიანების 0.1%-ს. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მსესხებლის კუთვნილი ავტომობილი VOLKSWAGEN VENTO სარეგისტრაციო ნომერი S--------.

 

მსესხებელმა სესხი არ დააბრუნა, რის გამო მან გამსესხებლის მოთხოვნით დააბრუნა დაგირავებული ავტომობილი, რომელიც სარჩელის აღძვრის შემდეგ, 2017 წლის 18 ნოემბერს გასხვისდა 856 ლარად. მისი რეალიზაციის დროს დავალიანება იყო 1659.88 ლარი, საიდან ძირითადი თანხა იყო 980.44 ლარი, პროცენტი 452.96 ლარი, პირგასამტეხლო 226.48 ლარი. მიღებული თანხა ვალის დასაფარად შემდეგნაირად განაწილდა: გაიქვითა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო და სარგებელი სრულად, ხოლო ძირითადი თანხიდან 176.56 ლარი.

 

დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 74. ტომი 1), მოსარჩელის განმარტება (26.03.2019წ სხდომის ოქმი CD დიკსი)

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ გადასახდელი აქვს მხოლოდ 150 ლარი, რადგან ავტომობილის რეალიზაციის შემდეგ გადასახდელი ეს თანხა დარჩა ძირითადი თანხიდან. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის მოთხოვნით მან გადასცა ავტომობილი რომელიც კრედიტორმა თავად გაასხვისა. გაუგებარია ამის მიუხედავად კვლავ ამდენი თანხა რატომ აქვს დასაბრუნებელი, რა მიზანი ჰქონდა მანქანის გასხვისებას, თუ კიდევ ამდენი თანხა ექნებოდა დასაბრუნებელი.

(26.03.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 09 დეკემბერს შპს ე---------------+“-სსა და დ----- მ------ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება №TLE16006969, რომლის საფუძველზეც მოპასუხე გაიცა სესხი 1000 ლარის ოდენობით, ყოველთვიურად 6%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხი გაიცა 24 თვის ვადით. სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა 80 ლარი. სესხის უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა დ----- მ------ის კუთვნილი ავტომობილი WOLKSWAGEN VENTO სახ ნომერი S--------. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის და შეადგენს 1-დან 10 კალენდარულ დღემდე გადაცილებისათვის ჯარიმას 20 ლარს; 11-დამ 20 კალენდარული დრით გადაცილებისათვის ჯარიმას 40 ლარს; 21-დან 30 კალენდარული დღით გადაცილებისთვის ერთჯერადი ჯარიმა 60 ლარი, 30 დღეზე მეტი გადაცილებისათვის გათვალისწინებულია ერთჯერად ჯარიმასთან ერთად ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დრეზე გადაცილებული სესხის 0,5%. პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება გამსესხებლის მოთხოვნის სრულ დაკმაყოფილებამდე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18-25. ტომი 1)

 

3.2.1. მსესხებელმა არ შეასრულა სესხის დაბრუნების ვალდებულება. მას სესხის თანხა და სარგებელი საერთოდ არ გადაუხდია. შპს „ევროკრედიტ+ის მოთხოვნით მსესხებელმა ნებაყოფლობით გადასცა მოსარჩელეს დაგირავებული ავტომობილი, რომელიც 2018 წლის 27 აპრილს მოსარჩელემ გაასხვისა 856 ლარად. მის რეალიზაციის დროისათვის დავალიანება შეადგენდა 1659,88 ლარს. ავტომობილის რეალიზაციით მიღებული თანხით შემცირდა სესხის დავალიანება შემდეგი გაანგარიშებით – სრულად დაიფარა დარიცხული პირგასამტეხლო 226,48 ლარი, სარგებლის დავალიანება 452,96 ლარი. ძირითადი თანხა სრულად ვერ დაიფარა და იგი შემცირდა 176,56 ლარით და გადასახდელი დარჩა 803,88 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- დაზუსტებული მოთხოვნა (ს.ფ. 74. ტომი 1)

- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება (26.03.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი )

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

კრედიტორმა გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხით არასწორად შეამცირა სესხის დავალიანება, ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს დარიცხვის საფუძველი არ არსებობდა, ამასთან არ დაიცვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების თანმიმდევრობა, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე, 625-ე, 276-ე მუხლი,2811-ე, 388-ე, 448-ე, 450-ე, 256-ე, 463–ე, 464–ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 316-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სადაო ვალდებულების წარმოშობის საფუძველია სესხის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით (2017 წლის 15 იანვრამდე არსებული რედაქცია), მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.

 

მხარეებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულებით სესხი სარგებლიანია და შეადგენს თვეში 6%-ს. სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო. ამდენად, მსესხებელს ხელშეკრულების საფუძველზე წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდის ვალდებულება. ეს ვალდებულება მსესხებელმა არ შეასრულა. მსესხებელმა სესხის დაბრუნების ვალდებულება არ შეასრულა, მან გამსესხებელს ნებაყოფლობით გადასცა დაგირავებული ავტომობილი, რომელიც გაასხვისა მოსარჩელემ და სესხის დავალიანების ნაწილი ამ გზით დაიფარა. გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად დავალიანების დაფარვისთვის საკმარისი არ იყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით, 1. მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 2. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 2811-ე მუხლის მიხედვით, 1. მოგირავნეს უფლება აქვს, სასამართლოს გარეშე, სააღსრულებო დაწესებულებაში გირავნობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მოითხოვოს დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით მის მფლობელობაში გადაცემა; 2. სააღსრულებო დაწესებულების მიერ მოგირავნისათვის დაგირავებული „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების გადაცემა ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; 3. სააღსრულებო დაწესებულებაში ერთი და იმავე „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების მფლობელობაში გადაცემისათვის სხვადასხვა მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის წარდგენის შემთხვევაში გირავნობის საგანი გადაეცემა იმ მოგირავნეს, რომელსაც აქვს გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლება; 4. გირავნობის მოწმობის გასაჩივრება არ იწვევს მისი აღსრულების შეჩერებას; 5. მოგირავნე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მფლობელობაში გადაეცა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალება ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალება, ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს მისი რეალიზაცია ან საკუთრებად დარეგისტრირება; 6. მოგირავნისათვის „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 53-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების ან/და სასოფლო-სამეურნეო მანქანის დამხმარე ტექნიკური საშუალების იძულების წესით გადაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაეკისრება მოვალეს; 7. მოგირავნის მიერ გირავნობის მოწმობის სააღსრულებო დაწესებულებაში წარდგენის მართლზომიერებისთვის პასუხისმგებელია მოგირავნე.

 

კრედიტორმა მოპასუხის სასესხო ვალდებულების შესრულების მიზნით პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისა დაგირავებული ავტომობილი, რომლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ასეთ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილის და სესხის ხელშეკრულების 6,4 პუნქტის საფუძველზე ვალდებულება სრულად დაკმაყოფილებულად არ ითვლება და დარჩენილი დავალიანების გადახდის შესახებ მსესხებლის პასუხისმგებლობა ძალაშია.

 

განსახილველ შემთხვევაში სადაოა ის თუ კრედიტორმა როგორ მიმართა დაგირავებული ნივთის რეალიზაციით მიღებული თანხა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. კერძოდ, მიღებული თანხით კრედიტორმა შეამცირა მოპასუხის ვალდებულება შემდეგი რიგითობით: სრულად გადახდილად ჩათვალა დარიცხული პირგასამტეხლო და სარგებელი, შემცირდა სესხის ძირითადი თანხის დავალიანება.

 

სესხის ხელშეკრულების 6,4 მუხლის მიხედვით, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, მაშინ მსესხებელი მთელი თავისი ქონებით აგებს პასუხს ნებისმიერ ასეთ ნაშთზე, იგივე წესი ვრცელდება იმ ხარჯებსა და დანახარჯებზეც, რაც წარმოშვება გირავნობის საგნის რეალიზაციის პროცესში. ხელშეკრულების 6,12 პუნქტის მიხედვით, მოგირავნის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული რომელიმე უფლების გამოყენების შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე მეტი, მოგირავნე ვალდებულია, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ზემოთ არსებული თანხა გადასცეს მესაკუთრეს გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მე-13 პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე მეტი, გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება აღნიშნული ნამეტი თანხით უზრუნველყოს მსესხებლის ან/და მასთან დაკავშირებული პირების გამსესხებლის წინაშე არსებული სხვა სასესხო ვალდებულების შემცირება-გადახდა, რაზეც მსესხებელი/მესაკუთრე ხელშეკრულებაში ხელმოწერით აცხადებს თანხმობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე მუხლის თანახმად, მოვალის იმ გადასახდელიდან, რომელიც არ არის საკმარისი მთელი ვადამოსული ვალის დასაფარავად, თავდაპირველად იფარება სასამართლოს ხარჯები, შემდეგ – ძირითადი შესრულება (ვალი) და ბოლოს – პროცენტები.

 

ამ ნორმით გათვალისწინებული წესი დისპოზიციურია, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეთა შეთანხმებით, შესაძლებელია, ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების შესრულების რიგითობისათვის კანონით გათვალისწინებული მოწესრიგებისაგან განსხვავებული წესის დადგენა. მხარეთა უფლება, შეთანხმდნენ ვალდებულებათა შესრულების რიგითობაზე, ვრცელდება მხოლოდ სააღსრულებო წარმოების დაწყებამდე. აღნიშნული წარმოების დაწყების შემდეგ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, შესასრულებელ ვალდებულებათა რიგითობის შეცვლა დაუშვებელია.

 

ხელშეკრულების 8,8 პუნქტის მიხედვით, მსესხებელი ცალსახად და გამოუთხოვადად აცხადებს თანხმობას სესხის, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოს, პირგასამტეხლოს, ჯარიმის და სხვა გადასახდელების გადახდის შემდეგ თანმიმდევრობაზე: პირველ რიგში იფარება საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), გამსესხებლის იურიდიული მომსახურების, სანოტარო ხარჯები და სასამართლო ბაჟი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), პირგასამტეხლო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ დარიცხული საპროცენტო სარგებელი, შემდეგ სესხი და სხვა გადასახდელები. აღნიშნული რიგითობა შეიძლება შეიცვალოს გამსესხებლის შეხედულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 388-ე აწესრიგებს კრედიტორის მიერ მოთხოვნის იძულებითი დაკმაყოფილების მიზნით მოქმედებების დაწყების შემდეგ გადახდილი თანხის დავალიანების გადასახდევინებლად მიმართვის პრინციპს, რა დროსაც უპირატესობა ენიჭება სასამართლო ხარჯების დაფარვას, ხოლო შემდეგ გადახდევინება წარმოებს შემდეგი თანმიმდევრობით - ძირითადი თანხა და ბოლოს პროცენტები. ამ ნორმით გათვალისწინებულ სასამართლო ხარჯებში იგულისხმება როგორც საპროცესო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და სხვა საპროცესო ხარჯები), ასევე აღსრულების ხარჯები. სასამართლო ხარჯები და სააღსრულებო ხარჯი კრედიტორის საჯარო-სამართლებრივი ვალდებულების შედეგად გაღებული ხარჯია, რომელიც წარმოშობილია მოვალის მიერ კერძო-სამართლებრივი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო და ამდენად, ამ ვალდებულების შესრულების მიზნებს ემსახურება. მისი უპირატესად დაფარვის არსებითი საფუძველია ის ფაქტი, რომ მოთხოვნის იძულებით დაკმაყოფილებისათვის ამ ხარჯების გაღება კრედიტორის კანონით დაკისრებული ვალდებულებაა და ამ ვალდებულების შესრულების გარეშე იგი მოთხოვნას იძულებით ვერ დაიკმაყოფილებს (გამონაკლისია სახელმწიფო ბაჟის და აღსრულების საფასურისგან გათავისუფლების შემთხვევები). სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების ხარჯს წარმოადგენს დაგირავებული ავტომობილის შეფასებისათვის გაწეული ხარჯიც, რადგან მისი მიზანია კრედიტორმა მოახდინოს დაგირავებული ნივთის რეალიზაცია, მიუხედავად იმისა თუ ხელშეკრულების 6,2 პუნქტის „ა“-„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნის დაკმაყოფილების რომელ წესს აირჩევს კრედიტორი. დაგირავებული ნივთის ამა თუ იმ წესით რეალიზაცია ნიშნავს იმას, რომ მოვალე ნებაყოფლობით არ ასრულებს ვალდებულებას და კრედიტორმა უნდა გასწიოს ხარჯები და ძალისხმევა მოთხოვნის იძულებით დასაკმაყოფილებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 256-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სესხის ხელშეკრულების 8,8 პუნქტით გათვალისწინებული ვალის დაფარვის წესი ეწინააღმდეგება 388-ე მუხლს, რომლის მიხედვით იძულებითი აღსრულების შემდეგ ვადის დაფარვის რიგითობა არ შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შეთანხმებით. ამდენად, 388-ე მუხლით დადგენილი წესი გამოიყენება მოთხოვნის იძულებით შესრულების შედეგად გადახდევინებული თანხებიდან ვალის დაფარვის შემთხვევაში. 388-ე მუხლით დადგენილი წესი არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როცა მოვალე ნებაყოფლობით ასრულებს ვალდებულებას, თუმცა არაჯეროვნად, სრულად არ იხდის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხას - სესხის ძირითად თანხას, სარგებელს და ვადის გადაცილების გამო დარიცხულ სარგებელს. 388-ე მუხლი აწესრიგებს ისეთ შემთხვევას, როცა კრედიტორი მიმართავს იძულებით ღონისძიებებს, რომლის ფარგლებში იგი გასწევს დაგირავებული ნივთის იძულებით ჩამორთმევის ხარჯებს, იხდის სააღსრულებო საფასურს, სახელმწიფო ბაჟს, ქონების შეფასების ხარჯებს, გირავნობის მოწმობის საფასურს.

 

ამ შემთხვევაში მოვალემ 856 ლარი არანებაყოფლობით გადაიხადა, კრედიტორმა ეს თანხა მიიღო დაგირავებული ავტომობილის რეალიზაციის შედეგად, რის გამოც ფულადი ვალდებულების დაფარვის რიგითობის საკითხი უნდა მოწესრიგდეს 388-ე მუხლით.

 

მოსარჩელემ ამ წესის დარღვევით გადახდილად ჩათვალა თავდაპირველად პირგასამტეხლო, შემდეგ პროცენტი და ბოლოს ძირითადი თანხა. ამასთან, არ დაიცვა ხელშეკრულების 6,6 პუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, დაგირავებული ავტომობილის ნებაყოფლობით გადაცემის შემთხვევაში სესხს არ ერიცხება პირგასამტეხლო.

 

ხელშეკრულების 6.6 პუნქტის განმარტებისათვის მნიშვნელოვანია ხელშეკრულების სხვა პირობებით როგორაა გათვალისწინებული პირგასამტეხლოს და სარგებლის დარიცხვის წესი. კერძოდ, ხელშეკრულების 3.5 პუნქტის მიხედვით, სესხის 14 დღით გადაცილების შემთხვევაში, მსესხებელს უპირობოდ ეკისრება სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული ნაწილის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება. აგრეთვე გამსესხებლის სასარგებლოდ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად დარიცხული ჯარიმის და პირგასამტეხლოს გადახდა. ასევე სესხის თითოეული ნაწილის (სესხის თითოეული დარჩენილი ნაწილის) ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდა.

 

ხელშეკრულების 6.6 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ ავტომობილის ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში მსესხებელს აღარ ეკისრება ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული პირგასამტეხლო. ხელშეკრულების 3..3 და 3.4 პუნქტებით დადგენილია პირგასამტეხლოს ოდენობა ვადის გადაცილების სხვადასხვა პერიოდისათვის, ხელშეკრულების 3.5 პუნქტით გათვალისწინებულია ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის წესი. ხელშეკრულების 6.6 პუნქტში მთლიანად ამავე ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოზეა მითითებული, რის გამოც ამ ნორმით (ხელშეკრულების მე-3 მუხლი) ყველა დებულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდისგან ათავისუფლებს მოვალეს, თუ იგი დაგირავებულ ავტომობილს ნებაყოფლობით გადასცემს გამსესხებელს.

 

ამდენად, ხელშეკრულების 6.6 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ ვალის ნაწილობრივ პატიების პირობაზე. კერძოდ, სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს პატიებაზე იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ავტომობილს ნებაყოფლობით გადასცემს კრედიტორს მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით.

 

ხელშეკრულების ამ პირობის განმარტებისათვის სასამართლო მოიხმობს ??????????? ?????????? ???????? 345-? ?????, ?????? ???????? თუ ხელშეკრულების სტანდარტული პირობების ტექსტი ბუნდოვანია, მაშინ იგი განიმარტება მეორე მხარის სასარგებლოდ. 345-? ?????? ?????????? ??????????? ?????????????? ??????? ?????????? ???????? ????, ?????? ???????? ????????? ??????????? ?????? ??????????? ????????????? ????? ?????? ?? ??? ?? ??????? ????????? ?????? ???????????.

 

ხელშეკრულების 6.6 პუნქტი არის შპს ე---------------ი+“-ის მიერ შემუშავებული სტანდარტული სახელშეკრულებო პირობა. ზემოთაღნიშნული ნორმის საფუძველზე კი ხელშეკრულების სტანდარტული პირობებს შორის წინააღმდეგობის შემთხვევაშიც კი იგი განიმარტება ხელშეკრულების მეორე მხარის სასარგებლოდ. ამდენად, ამ ნორმის საფუძველზე ხელშეკრულების 6.6 პუნქტი უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ დაგირავებული ნივთის ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში მსესხებელს აღარ ეკისრება ვადის გადაცილების გამო დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდა, რადგან ამ პირობით გათვალისწინებულია, რომ მსესხებელს ხელშეკრულების მე-3 მუხლით განსაზღვრული პირგასმატეხლო აღარ ეკისრება და მე-3 მუხლით პირგასამტეხლოს დარიცხვის რომელიმე კონკრეტული წესი გამოყოფილი არ არის. ამდენად, სადაო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი არ არსებობს, რადგან დაგირავებული ავტომობილი ნებაყოფლობით გადაეცა გამსესხებელს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების 6.6 პუნქტით გათვალისწინებულია ვალის ნაწილობრივ პატიება, კერძოდ, პირგასამტეხლოს პატიება იმ პირობით, თუ მოვალე ნებაყოფლობით გადასცემს გასესხებელს დაგირავებულ ავტომობილს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 448-ე მუხლის მიხედვით, ვალის პატიება მხარეთა შორის შეთანხმებით იწვევს ვალდებულების შეწყვეტას. ამავე კოდექსის 450-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ვალის პატიება ძირითადი მოვალისათვის ათავისუფლებს თავდებ პირებსაც. ვალის პატიება ვალდებულების შეწყვეტის ერთერთი საფუძველია, ხოლო ვალის პატიება შეიძლება ვალდებულებას სრულად შეეხებოდეს ან ნაწილობრივ. ამ შემთხვევაში მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულია ვალდებულების დარღვევის გამო წარმოშობილი პირგასამტეხლოს პატიება, თუკი დაგირავებული ნივთი იძულებით აღსრულების ღონისძიებების გარეშე გადაეცემა კრედიტორს. ამდენად, ამ შემთხვევაში მოვალის მიმართ ვრცელდება პირგასამტეხლოს პატიების შესახებ შეთანხმება.

 

ხელშეკრულების 6,6 პუნქტის მოსარჩელის სასარგებლოდ განმარტების შემთხვევაში, მსესხებელს აღარ ეკისრება ავტომობილის დაბრუნების შემდეგ პერიოდში პირგასამტეხლო, სადაო სესხის შემთხვევაში ეს წესიც არ არის დაცული. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, ავტომობილის რეალიზაციამდე დარიცხული იყო პირგასამტეხლო 226.48 ლარი. მოსარჩელის განმარტებით დარიცხულია პირგასამტეხლო ყოველდღიურად სესხის დავალიანების 0.1%, რაც არის დღეში 1 ლარი. მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ ავტომობილი მოვალემ გადასცა 2017 წლის 22 ივნისს, ხოლო სესხის დაბრუნების ვალდებულება დარღვეულია 2017 წლის 10 თებერვლიდან, როცა პირველივე შენატანის გადახდის ვალდებულება არ შესრულდა. 2017 წლის 22 ივნისამდე არის 131 დღე, რა დროშიც ყოველდღიურად დარიცხული პირგასამტეხლო ჯამურად 131 ლარი უნდა ყოფილიყო. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ასევე ერთჯერადი ჯარიმა 60 ლარი, რის გამოც ავტომობილის დაბრუნებამდე უნდა დარიცხულიყო 191 ლარი. ხელშეკრულების 6.6 პუნქტის მიხედვით, გათვალისწინებულია, რომ ავტომობილის ნებაყოფლობით დაბრუნების შემთხვევაში მსესხებელს აღარ დაეკისრება პირგასამტეხლო, რის გამოც 2017 წლის 22 ივნისის შემდეგ პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულების 6.6 პუნქტს ეწინააღმდეგება.

 

ამდენად, ხელშეკრულების 6,6 პუნქტის საფუძველზე, მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება აღარ გააჩნდა, რის გამოც ავტომობილის რეალიზაციის დროს დავალიანება იყო ძირითადი თანხა 980.44 ლარი და სარგებელი 452.96 ლარი. ავტომობილის რეალიზაციით მიღებული თანხა (856 ლარი) 388-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განაწილდეს შემდეგნაირად: სრულად დაიფარა სარგებელი 452.96 ლარი, ხოლო შემცირდა ძირითადი დავალიანება 980.44 ლარი 403.04 ლარით და გადასახდელი დარჩა 577.4 ლარი.

 

ამდენად, შესასრულებელი სასესხო ვალდებულებაა ძირითადი თანხა 577,4 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოპასუხეს სესხის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებია, რის გამოც მასუნდა დაეკისროს სესხის გადაუხდელი ნაწილის დაბრუნება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. სარჩელის დაკმაყოფილების გამო მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისთვის სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის მოთხოვნაა 803.88 ლარის დაკისრება, ხოლო მოპასუხეს დაეკისრა 577.4 ლარი, რაც არის მოთხოვნის 72%. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟია 100 ლარი, საიდანაც ზედმეტად გადახდილია 50 ლარი, რადგან თავდაპირველი სარჩელის ფასის მიხედვითაც სარჩელი მაგისტრატი მოსამართლის განსჯადია, რადგამ სსსკ 14-ე მუხლსი „ა პუნქტის მიხედვით, 2017 წლის 1 აგვისტოს არსებული რედაქციით მაგისტრატი მოსამართლის განსჯადი იყო დავა, თუ სარჩელი ფასი იყო 2000 ლარამდე, თავდაპირველი მოთხოვნა კი იყო 1659,88 ლარის დაკისრება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება, რის გამოც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო მხარეებს შორის სსსკ 53-ე მუხლით დადგენილი წესით უნდა განაწილდეს 50 ლარი. 50 ლარის 72% არის 36 ლარი, რაც უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელეს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება. ამ მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად. მოპასუხემ ცნო სასარჩელო მოთხოვნა 150 ლარის დაკისრების ნაწილში, რაც არის დაკისრებული თანხის 26%. 36 ლარის 26% არის 9.36 ლარი, რომლის ნახევარი 4,68 ლარი. მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელისათვის 31.32 ლარის გადახდა. საერთო ჯამში მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 54,68 ლარი.

 

8. სარჩელის უზრუნველყოფის საკითხი

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 8-ე, 49-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით

 

გადაწყვიტა:

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს "ე--------------- +"-ის სარჩელი;

 

1.1. დ----- მ------ს დაეკისროს შპს "ე--------------- +"-ისათვის 577.4 ლარის გადახდა;

 

2. დ----- მ------ს დაეკისროს შპს „ე--------------- +“-ისათვის სახელმწიფო ბაჟის 31,32 ლარის გადახდა;

 

3. შპს „ე--------------- +“-ს დაუბრუნდეს 2017 წლის 26 ივლისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 54,68 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ ანგარიშზე - ხაზინის ერთიანი ანგარიში, თვითმმართველი თემი გარდაბანი, სახაზინო კოდი 300113150 (საგადასახადო დავალება N1501054323).

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი