გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/102-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
04.04.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი -გიორგი ესაძე
მოსარჩელე- მ-----–ა შე----–-ა
წარმომადგენელი - ჟანა ჩი------ი
მოპასუხე - შპს ლე----------–----------–--------–----ა
წარმომადგენელი - დ----- შვ--–--ე
დავის საგანი - მ------–----ი ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.2. მოპასუხეზე - შპს ,,ლე----------–----------–--------–----ა“, მოსარჩელის სასარგებლოდ მ------–----ი ზიანის სახით - 10 000 (ათი ათასი) ლარის გადასახდელად დაკისრება.
დავის არსი:
მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, მ-----–ა შე----–-ამ 2016 წლის 14 ოქტომბერს კლინიკაში ი/მ „გიორგი ქვარცხავა“ ჩაიტარა გინეკოლოგიური ექოსკოპიური გამოკვლევა, რომლის საფუძველზე დადგინდა ექტოპიური ორსულობა და ექიმის რეკომენდაციით გაიგზავნა გინეკოლოგიურ სტაციონარში, ლაპარასკოპიაზე.
მეორე დღეს (15 ოქტომბერს), მ-----–ა შე----–-ამ მიმართა შპს „ლე----------–----------–--------–----ა“-ს ექტოპიური (გარე) ორსულობის დადგენის მიზნით. პაციენტის მცირე მენჯის ულტრასონოგრაფიული კვლევის და გინეკოლოგ ირმა ფორჩხიძის კონსულტაციის საფუძველზე განუმარტეს, რომ არ დგინდებოდა არც ორსულობა და არც საშვილოსნოს გარე ორსულობა. 2016 წლის 24 ოქტომბერს, 3 დღიანი პერმანენტული ტკივილით მიმართა კვლავ ზუგდიდის კლინიკას იმ „გიორგი ქვარცხავა“-ს, სადაც ჩაუტარდა გინეკოლოგიური ექოსკოპიური კვლევა, რომლის დროსაც დაფიქსირდა კვერცხსავალი მილის აბორტის (გახეთქვის) საფუძველზე შინაგანი სისხლდენა. ამავე დღეს პაციენტს ევექსის ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში სასწრაფო წესით ჩაუტარდა ლაპარატომია, მარჯვენამხრივი ტოტალური ტუბექტომია, მუცლის ღრუს სანაცია და დრენირება.
ამგვარად, არასწორი დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ტაქტიკის გამო, მ-----–ა შე----–-ას გაუსკდა საშვილოსნოს კვერცხსავალი მილი, რამაც უფრო მეტად დაამძიმა პაციენტის მდგომარეობა. ექიმ ი. ფორჩხიძის ბრალეულობას ადასტურებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 15.11.2017 წლის წერილი (№02/71354). სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „საშვილოსნოსგარე ორსულობის“ გაიდლაინისა და პროტოკოლის მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, შპს „ლე----------–----------–--------–----ის“ მეან-გინეკოლოგმა ი. ფორჩხიძემ, სავარაუდო საშვილოსნოსგარე ორსულობის გამორიცხვის მიზნით, პაციენტს არ დაუნიშნა სისხლში პლაზმური ქორიოგონინის ტიტრის განსაზღვრა, რაც აუცილებელი იყო ულტრასონოგრაფიული კვლევასთან კოლერაციაში, შემდგომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრისთვის.
დღეის მდგომარეობით შედეგებზე საუბარი რთულია, მაგრამ შესაძლებელია სწორი და დროული მკურნალობის შემთხვევაში მ-----–ა შე----–-ას არ დაეკარგა მილი. ფაქტია, რომ დროული და ზუსტი მკურნალობის შემთხვევაში პაციენტს ჩაუტარდებოდა ლაპარასკოპია და არა ლაპარატომია, რომელიც ბევრად ტრავმულია ორგანიზმისთვის. სწორი მკურნალობის შემთხვევაში, არ ექნებოდა შინაგანი სისხლდენა, არ დაჭირდებოდა მარჯვენა მხრივი ტოტალური ტუბექტომია, მუცლის ღრუს სანაცია და დრენირება. იმის პროგნოზირება განვითარდება თუ არა კვლავ გარე ორსულობა შეუძლებელია, თუმცა სტატისტიკურად გარე ორსულობის ხელმეორედ დადგომის შესაძლებლობა 10%-ით გაზრდილია. იმ ფონზე, რომ პაციენტმა დაკარგა უკვე ერთი საშვილოსნოს მილი, შესაბამისად კიდევ ერთი წარუმატებელი ორსულობის შემთხვევაში კარგავს ბუნებრივი გზით დაორსულების შანსს. ექიმის არასწორი ქმედება, რომელსაც მოყვა უფრო რთული სახის ოპერაცია - ლაპარატომია, შემდგომ კი მარჯვენამხრივი ოტალური ტუბექტომია, მუცლის ღრუს სანაცია და დრენირება მძიმედ აისახა პაციენტის ჯანმრთელობაზე. ჯანმრთელობის დაზიანებით მიღებულმა არასასურველმა შედეგმა ასევე ნეგატიურად იმოქმედა პაციენტის სულიერ მდგომარეობაზე, მიაყენა მას სულიერი ტანჯვა და ტკივილი. პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა მას შემდეგ, რაც მოხდა არასწორი დიაგნოსტირება გარეორსულობის გამორიცხვის სახით. პაციენტს მილი გაუსკდა და განუვითარდა სისხლდენა, ანემია, რაც არ მოხდებოდა, თუ სწორი დიაგნოსტიკის შედეგად ჩატარდებოდა ლაპარასკოპია.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, მოპასუხის მიერ ულტრასონოგრაფიულ კვლევაში აღნიშნულია, რომ კვერცხსავალი მილების ვიზუალიზაცია ვერ ხერხდება, ხოლო წინა დღეს ჩატარებული დასკვნის შემდეგ გაკეთებულ დასკვნაში, მითითებულია სავარაუდო ექტოპიური ორსულობის არსებობა.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, კომისიური წესით შეისწავლა საკითხი და დაასკვნა, რომ „შესწავლისას გამოიკვეთა ხარვეზები და პროფესიული დარღვევები, რომელთაც არ შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა დამდგარ შედეგზე“. ამ დასკვნით დადგენილია, რომ სამედიცინო დახმარებისას გამოვლენილ ხარვეზებსა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს, ისევე, როგორც არ არსებობს ზიანის მიმყენებლის ბრალი, რაც გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილია, რომ მ-----–ა შე----–-ამ 2016 წლის 14 ოქტომბერს ქ, ზუგდიდში კლინიკაში ი/მ „გიორგი ქვარცხავა“ ჩაიტარა გინეკოლოგიური ექოსკოპიური გამოკვლევა, რომლის საფუძველზე ექტოპიური ორსულობა დადგინდა და ექიმის რეკომენდაციით გაიგზავნა გინეკოლოგიურ სტაციონარში, ლაპარასკოპიაზე.
მტკიცებულება: სასარჩელო განცხადება. კვლევის მასალები (ტ.1. ს/ფ.16-19).
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 15 ოქტომბერს, მ-----–ა შე----–-ამ მიმართა შპს „ლე----------–----------–--------–----ა“-ს ექტოპიური (გარე) ორსულობის დადგენის მიზნით. პაციენტის მცირე მენჯის ულტრასონოგრაფიული კვლევის და გინეკოლოგ ირმა ფორჩხიძის კონსულტაციის საფუძველზე განუმარტეს, რომ არ დგინდებოდა არც ორსულობა და არც საშვილოსნოს გარე ორსულობა.
მტკიცებულება: სარჩელი. ექოსკოპიური კვლევის მასალები (ტ.1. ს/ფ.20-21).
3.2.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ოქტომბერს, მ-----–ა შე----–-ას ევექსის ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში სასწრაფო წესით ჩაუტარდა ლაპარატომია, მარჯვენამხრივი ტოტალური ტუბექტომია, მუცლის ღრუს სანაცია და დრენირება.
მტკიცებულება: ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. (ტ.1. ს/ფ.23).
3.2.3.დადგენილია, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ კომისიური წესით შეისწავლა მოქალაქე მ-----–ა შე----–-ას წარმომადგენლის ჟ. ჩი------ის წერილებში (№129791, 21.12.16 წ; №5325, 17.01.17 წ.) მოყვანილი ფაქტები, კერძოდ, შპს ,,ლე----------–----------–--------–----ა’’-ში (ქ. ქუთაისი, ლორთქიფანიძის ქუჩა №11) პაციენტ მ-----–ა შე----–-ასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხი.
სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების გამო, სააგნეტოს მიერ ,,საექიმო საქმიანობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 74-ე მუხლის შესაბამისად, პროფესიული განვითარების საბჭოს წინაშე დაისვა საკითხი შპს ,,ლე----------–----------–--------–----ის“ ექიმის, ირმა ფორჩხიძის (სახ. სერტ. ,,მეანობა-გინეკოლოგია’’) პროფესიული პასუხისმგებლობის თაობაზე.
მტკიცებულება: ცნობა (ტ.1. ს/ფ.24).
3.2.4.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს 15.11.2017 წლის წერილით დადგენილია, რომ (№02/71354). სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „საშვილოსნოსგარე ორსულობის“ გაიდლაინისა და პროტოკოლის მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, შპს „ლე----------–----------–--------–----ის“ მეან-გინეკოლოგმა ი. ფორჩხიძემ, სავარაუდო საშვილოსნოსგარე ორსულობის გამორიცხვის მიზნით, პაციენტს არ დაუნიშნა სისხლში პლაზმური ქორიოგონინის ტიტრის განსაზღვრა, რაც აუცილებელი იყო ულტრასონოგრაფიული კვლევასთან კოლერაციაში, შემდგომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრისთვის.
მტკიცებულება: ნინო ხუციშვილის წერილი (ტ.1. ს/ფ. 28).
3.2.5.საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დასკვნით დადგენილია, რომ პაციენტ მ-----–ა შე----–-ასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ,,შესწავლისას გამოიკვეთა ხარვეზები და პროფესიული დარღვევები, რომელთაც არ შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა დამდგარ შედეგზე“...
მტკიცებულება: ინფორმაცია (ტ.1. ს/ფ.25-27).
3.2.6. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მიერ სარჩელში და საქმის განხილვისას მითითებულ გარემოებებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ქმედებით მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება და განიცადა სულიერი ტკივილი, რაც მ------–----ი ზიანის სახით, მოპასუხეზე მის სასარგებლოდ 10,000.00 (ათი ათასი) ლარის დაკისრების საფუძველია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ნებისმიერი სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველია იურიდიული ფაქტი, ხოლო სასამართლოში დავის შემთხვევაში დადგენილია მტკიცების ტვირთის სტანდარტი. სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
დასახელებული ნორმების თანახმად, სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან, სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა. კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, რომელიც ადგენს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურ წესს, მოსარჩელეს ევალება სასარჩელო განცხადებაში ასახული ფაქტების მტკიცება, ხოლო მოპასუხე მოვალეა, სარჩელისაგან თავდაცვის მიზნით, ქმედითად უარყოს მოსარჩელის არგუმენტები, წარადგინოს იმგვარი მტკიცებულებები, რომლებიც გააქარწყლებს მოსარჩელის მიერ დასახელებულ ფაქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მხოლოდ მოპასუხის ზეპირი განმარტება მოსარჩელის პოზიციას ვერ გადაწონის და მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს.
სსსკ-ის 105-ე მუხლი ადგენს სასამართლოს მხრიდან მხარეთა მიერ მითითებული გარემოებების შეფასების პირობებს, კერძოდ, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
3.2.7. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ მოპასუხე, სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული არასრულყოფილი (არაკვალიფიციური) სამედიცინო მომსახურების შედეგად გამოწვეული შედეგების გამო მიიღო მ------–----ი ზიანი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სათანადო მტკიცებულებებით ვერ ადასტურებს მოპასუხის ქმედების შედეგად მ------–----ი ზიანის მიყენების ფაქტს. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მტკიცებულებებს (პოზიციას) არ გააჩნია სარჩელის დაკმაყოფილებისათვის ვარგისი საპროცესო საფუძველი ვინაიდან, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს რა მ------–----ი ზიანის ანაზღაურებას მოპასუხისაგან, უნდა დაამტკიცოს არა მარტო სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლიდან გამომდინარე მიზეზობრივი კავშირი ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, არამედ სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის არსებობის ფაქტი.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის ნინო ხუციშვილის 15.11.2017 წლის წერილზე, რომლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „საშვილოსნოსგარე ორსულობის“ გაიდლაინისა და პროტოკოლის მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, შპს „ლე----------–----------–--------–----ის“ მეან-გინეკოლოგმა ი. ფორჩხიძემ, სავარაუდო საშვილოსნოს გარე ორსულობის გამორიცხვის მიზნით, პაციენტს არ დაუნიშნა სისხლში პლაზმური ქორიოგონინის ტიტრის განსაზღვრა, რაც აუცილებელი იყო ულტრასონოგრაფიული კვლევასთან კოლერაციაში, შემდგომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრისთვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სარჩელს ასევე ერთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაცია, მ-----–ა შე----–-ასათვის გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ პაციენტ მ-----–ა შე----–-ასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ,,შესწავლისას გამოიკვეთა ხარვეზები და პროფესიული დარღვევები, რომელთაც არ შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა დამდგარ შედეგზე“. სწორედ დამდგარი შედეგის, 2016 წლის 24 ოქტომბერს, ევექსის ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში, მ-----–ა შე----–-ას მიმართ ჩატარებული ოპერაციის გამო, ითხოვს მოსარჩელე მ------–----ი ზიანის ანაზღაურებას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლის მიზნებისათვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის. ასევე ეს კავშირი უნდა იყოს არა სავარაუდო, არამედ დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, მოპასუხის ქმედებით მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ, ვინაიდან იგი ემყარება მხოლოდ ვარაუდს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის ნინო ხუციშვილის 15.11.2017 წლის წერილი, პირდაპირ არ ადასტურებს მეან-გინეკოლოგი ი. ფორჩხიძის მიერ, გაწეული კონსულტაციის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტს, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, რომელიც ვრცლად აღწერს მკურნალობის პროცესის მიმდინარეობას, დადგენილია, რომ პაციენტ მ-----–ა შე----–-ასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ,,შესწავლისას გამოიკვეთა ხარვეზები და პროფესიული დარღვევები, თუმცა მათ არ შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა დამდგარ შედეგზე“...
სასამართლომ განმარტავს, რომ მ------–----ი ზიანის დადასტურებისთვის სასამართლო, პირველ რიგში, მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის ბრალს. ბრალი სამოქალაქო სამართალში არის პასუხისმგებლობის პირობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებით.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 413-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვს აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
6.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში განხილვის საგანს წარმოადგენს არა პირველადი ზიანი, არამედ - ნაწარმოები, უფრო ზუსტად, თუ რამდენად შეიძლება მივიჩნიოთ სადავოდ გამხდარი შედეგი, მოსარჩელის მიმართ ჩატარებული ოპერაცია, ნაწარმოებ ზიანად. ამისთვის უნდა განისაზღვროს მოსარჩელის მოთხოვნები და მოთხოვნის საფუძვლები, რაც სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველი დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის ნორმით გათვალისწინებული მიზნის სწორად დადგენა.
-სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად, შეიძლება ადგილი ჰქონდეს მ------–----, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნეს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მ------–----ი) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი; ამდენად, არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება გათვალისწინებულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად გამოწვეული სულიერი, ფსიქიკური ტანჯვის გამო, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი მტკიცებულებით. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამედიცინო მომსახურების (თუნდაც ხარვეზიანი) გაწევა ყოველთვის ვერ გახდება მ------–----ი ზიანის ანაზაღაურების საფუძველი. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია უტყუარი მიზეზობრივი კავშირის დადგენა ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო დამდგარი მავნე შედეგის არსებობა დადასტურებული უნდა იყოს პროცესუალურად ვარგისი მტკიცებულებებით, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
6.4. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, მოსარჩელე მოთხოვნას აფუძნებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის ნინო ხუციშვილის 15.11.2017 წლის წერილზე, რომლის თანახმად, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ საკითხის შესწავლისას გამოვლინდა „საშვილოსნოსგარე ორსულობის“ გაიდლაინისა და პროტოკოლის მოთხოვნების დარღვევა. კერძოდ, შპს „ლე----------–----------–--------–----ის“ მეან-გინეკოლოგმა ი. ფორჩხიძემ, სავარაუდო საშვილოსნოს გარე ორსულობის გამორიცხვის მიზნით, პაციენტს არ დაუნიშნა სისხლში პლაზმური ქორიოგონინის ტიტრის განსაზღვრა, რაც აუცილებელი იყო ულტრასონოგრაფიული კვლევასთან კოლერაციაში, შემდგომი დიაგნოსტიკური და სამკურნალო ტაქტიკის განსაზღვრისთვის.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან სარჩელს ასევე ერთვის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ინფორმაცია, მ-----–ა შე----–-ასათვის გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ, რომლითაც დადგენილია, რომ პაციენტ მ-----–ა შე----–-ასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ,,შესწავლისას გამოიკვეთა ხარვეზები და პროფესიული დარღვევები, რომელთაც არ შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა დამდგარ შედეგზე“. სწორედ დამდგარი შედეგის, 2016 წლის 24 ოქტომბერს, ევექსის ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში, მ-----–ა შე----–-ას მიმართ ჩატარებული ოპერაციის გამო, ითხოვს მოსარჩელე მ------–----ი ზიანის ანაზღაურებას.
ამდენად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ არის კვალიფიციური ექსპერტის დასკვნა, რაც სასამართლოს შეუქმნის საფუძვლიან რწმენას, მოპასუხის ქმედების გამო, მოსარჩელეზე ზიანის მიყენების შესახებ, ხოლო, როგორც აღინიშნა, მხოლოდ ვარაუდი არ შეიძლება გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.5. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მ------–----ი ზიანი ცხადია შეიცავს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ელემენტებს, პირი მძიმედ განიცდის მის მიმართ განხორციელებულ ქმედებას (უმოქმედობას), დათრგუნულია და ფაქტის მიმართ უჩნდება მომავლის შიში, თუმცა მ------–----ი ზიანის მტკიცება რთულია და მისი დადასტურებულად მიჩნევისათვის აუცილებელია მყარი მტკიცებულებები; როგორიცაა ექსპერტის დასკვნა, სამედიცინო დიაგნოზი, წერილობითი სახის მტკიცებულება და ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, მოწმეთა ჩვენებები და ა.შ. გარდა ამისა, სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 408-ე და 409-ე მუხლის მიზნებისათვის აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის. ასევე ეს კავშირი უნდა იყოს არა სავარაუდო არამედ, დადასტურებული სათანადო მტკიცებულებებით. სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით „იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება“. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის განმარტებას, მოპასუხის ქმედებით მისთვის მიყენებული ჯანმრთელობის დაზიანების შესახებ, ვინაიდან იგი ემყარება მხოლოდ ვარაუდს, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის ნინო ხუციშვილის 15.11.2017 წლის წერილი, პირდაპირ არ ადასტურებს მეან-გინეკოლოგი ი. ფორჩხიძის მიერ, გაწეული კონსულტაციის შედეგად ზიანის მიყენების ფაქტს, ხოლო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, რომელიც ვრცლად აღწერს მკურნალობის პროცესის მიმდინარეობას, დადგენილია, რომ პაციენტ მ-----–ა შე----–-ასთვის გაწეული სამედიცინო დახმარების ,,შესწავლისას გამოიკვეთა ხარვეზები და პროფესიული დარღვევები, თუმცა მათ არ შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა დამდგარ შედეგზე“...
როგორც აღინიშნა, მ------–----ი ზიანის დადასტურებისთვის სასამართლო, პირველ რიგში, მხედველობაში იღებს ზიანის მიმყენებლის ბრალს. ბრალი სამოქალაქო სამართალში არის პასუხისმგებლობის პირობა, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება უტყუარი მტკიცებულებით.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება მ------–----ი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, რადგან მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი ყველა ის აუცილებელი მტკიცებულება, რომლებიც ქმნიან მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს. სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტული ურთიერთობის თავისებურების გათვალისწინებით არ არსებობს მ------–----ი ზაინის ანაზღაურების ნორმატიული საფუძველი, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
6...საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოსარჩელემ ვერ შეძლო სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასაბუთება, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველია.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა.
მოსარჩელემ სახ. ბაჟის სახით გადაიხადა 300 (სამასი) ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი უნდა ჩაირიცხოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1.სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. არ დაკმაყოფილდეს მ-----–ა შე----–-ას სარჩელი შპს ,,ლე----------–----------–--------–----ის“ მიმართ - მ------–----ი ზიანის ანაზღაურების შესახებ დაუსაბუთებლობის გამო.
2.მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი ჩაირიცხოს სახ. ბიუჯეტში.
3.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) მეშვეობით.
4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მალხაზ ჩუბინიძე