გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/34881-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი
სხდომის მდივანი მარიამ ჩიტოშვილი
მოსარჩელე - ლი--–----–-–---–ი
წარმომადგენელი - ნა-----------–---–ი
მოპასუხეები - 1 - იო------------–---–ი
2 - ქე---------------–---–ი
წარმომადგენლები - 1 - თე-----------------ე
2 - ბე-----------
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები - 1 - იო------------–---–ი
2 - ქე---------------–---–ი
წარმომადგენლები - 1 - თე-----------------ე
2 - ბე-----------
შეგებებული სარჩელით მოპასუხე - ლი--–----–-–---–ი
წარმომადგენელი - ნა-----------–---–ი
დავის საგანი - საცხოვრებელ ბინაში თანამესაკუთრედ დარეგისტრირება და თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
ძირითადი სარჩელის მოთხოვნა
1.1. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხეების უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინა, მდებარე: თბილისი, სა------------------------------------–-------- საკადასტრო კოდი N01.1--0--0---0--.---01.0-- და მოპასუხეებმა გამოანთავისუფლონ უკანონოდ დაკავებული აღნიშნული საცხოვრებელი ფართი.
1.2. დაეკისროთ მოპასუხეებს - იო------------–---–ს და ქე---------------–---–ს მოსარჩელეზე მიყენებული ზარალის ანაზღაურება 7 200 ლარის ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: მოსარჩელე ლი--–----–-–---–ი 2010 წლის 03 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოადგენს უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუ-------------------------------–------------------–-------- ფართი: 55.70 კვ.მ, საკადასტრო კოდი N01.1--0--0----------01.0---ის მესაკუთრეს. მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში, მოსარჩელისავე თანხმობით დროებით საცხოვრებლად შევიდნენ იო------------–---–ი და ქე---------------–---–ი. მოპასუხე იო------------–---–ი წარმოადგენს მოსარჩელის არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს, რომელთანაც თანაცხოვრების დროს შეეძინა ორი შვილი. მართალია, თავდაპირველად ბინაში მოპასუხეთა შეშვება მოხდა მოსარჩელის თანხმობით, თუმცა დღეის მდგომარეობით მიუხედავად მრავალჯერადი მოთხოვნისა და გაფრთხილებისა, მოპასუხეები არ ათავისუფლებენ მხარის კუთვნილ ბინას და არ ცლიან მას. მოპასუხეთა მიერ ბინის გამოთავისუფლების თაობაზე პირობის მიღების შემდგომ, მოსარჩელემ 2017 წლის ივლისში გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულება ერთი წლის ვადით, ყოველთვიურად 600 ლარის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების ფარგლებში მოსარჩელემ წინასწარ მიიღო ორი თვის ქირა 1 200 ლარი, თუმცა ვინაიდან მოპასუხეებმა არ გაანთავისუფლეს საცხოვრებელი ფართი, მოსარჩელე იძულებული გახდა შეეწვიტა ქირავნობის ხელშეკრულება და უკან დააბრუნა ქირის სახით მიღებული 1200 ლარი. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოპასუხეთა უკანონო მფლობელობიდან უნდა მოხდეს სადავო უძრავი ქონების გამოთხოვა და მათვე უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 7 200 ლარის ოდენობით.
შეგებებული სარჩელის მოთხოვნა
1.3. ცნობილ იქნეს იო------------–---–ი ლი--–----–-–---–თან ერთად მისი პირადი თანხებითა და საჯარო რეესტრში ლი--–----–-–---–ის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინის, მდებარე ქ. თბილისი, სა------------------------- 01.1--0--0----------01.0-- თანამესაკუთრედ წილის 50%-ში, მასვე დაეკისროს იო------------–---–ის სასარგებლოდ ლი--–----–-–---–ის სახელზე დარჩენილი წილის 50%-ის ღირებულება 11 800 აშშ დოლარი და ქე---------------–---–ის სასარგებლოდ რემონტის თანხა 10 000 ლარი.
შეგებებული სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 28 დეკემბერს გაფორმებული წინასწარი სამმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე იო------------–---–მა სს „თიბ--------თან“ და შპს „დ პ-–---სთან“ გააფორმა ხელშეკრულება სადავო უძრავი ქონების, მდებარე ქ. თბილისში, სა-------------------ში, 56.21 კვ.მ. ფართის ასაშენებელი ბინის შეძენის თაობაზე. ნასყიდობის საფასური განისაზღფრა 28 600 აშშ დოლარის ოდენობით. იო------------–---–მა ნასყიდობის საფასურის 20 პროცენტი ხელშეკრულების გაფორმებისთანავე გადაიხადა, დანარჩენი თანხის გადახდაც განხორციელდა შეთანხმებული ვადებისა და გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხე მხარე არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ლი--–----–-–---–თან, რომელთან თანაცხოვრების პერიოდშიც შეეძინა ორი შვილი და ბინის ნასყიდობაც განხორციელდა სწორედ იმ მიზნით, რომ ოჯახთან ერთად უნდა გადასულიყვნენ საცხოვრებლად. ლი--–----–-–---–ის დაჟინებული მოთხოვნით, ძირითადი ხელშეკრულება გაფორმდა მასთან, რის გათვალისწინებითაც ქონება 2010 წლის 03 ივნისის ხელშეკრულების ფარგლებში დარეგისტრირდა ლი--–----–-–---–ის სახელზე. მართალია, ქონება მოსარჩელის სახელზეა გაფორმებული, თუმცა რეალურად ქონება შეძენილია იო------------–---–ის სახსრებით, მთლიანი თანხების გადახდა მოხდა მის მიერ და ქონებაც მისივე თანხმობით აღირიცხა ლი--–----–-–---–ის საკუთრებად. აღნიშნულის გათვალისწინებით, იო------------–---–ი ცნობილ უნდა იქნეს სადავო ქონების თანამესაკუთრედ 50%-იანი წილობრივი მოცულობით, ხოლო ქონების ღირებულების დარჩენილი 50%-ის გადახდა - 11 800 აშშ დოლარის ოდენობით უნდა დაეკისროს ლი--–----–-–---–ს იო------------–---–ის სასარგებლოდ. ამასთან, ვინაიდან ქონების გარემონტებაზე იო------------–---–ის დამ - ქე---------------–---–მა გასწია ხარჯი, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს რემონტისათვის დახარჯული თანხის - 10 000 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. ძირითადი სარჩელით მოპასუხეების წარმომადგენლები არ დაეთანხმნენ სარჩელის მოთხოვნას.
მათი განმარტებით, სადავო უძრავი ქონება მოსარჩელე ლი--–----–-–---–ს არ შეუძენია. იგი შეძენილია სრულად იო------------–---–ის სახსრებით, მის მიერ გადახდილია ნასყიდობის თანხა და მხოლოდ მისი თანხმობით, ქონების აშენების შემდგომ დადებული ძირითადი ხელშეკრულების საფუძველზე დარეგისტრირდა ქონება ლი--–----–-–---–ის სახელზე. იმის გათვალისწინებით, რომ ქონება რეალურად მოპასუხე იო------------–---–ის სახსრებითაა შეძენილი, მისივე თანხმობით ცხოვრობს სადავო ქონებაში მისი და - ქე---------------–---–ი. მოპასუხის განმარტებით, არანაირი პირობა 2017 წლისათვის ბინის დაცლისა და მოსარჩელისათვის გადაცემის თაობაზე არ შემდგარა და არც მოსარჩელე არ აპირებდა ვითომდა ბინის გაქირავებას.
2.2. შეგებებული სარჩელით მოპასუხე ლი--–----–-–---–მა და მისმა წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის განმარტებით, არ არსებობს სადავო ქონების იო------------–---–ის თანასაკუთრებად აღრიცხვის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები. ნასყიდობის ხელშეკრულებით დადასტურებულია, რომ ქონება შეძენილია ლი--–----–-–---–ის მიერ და ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საფასური სრულად დაფარულია. არანაირი თანხმობა, თითქოს ქონება ფორმალურად უნდა აღრიცხულიყო მოპასუხის სახელზე, არ ყოფილა. პირიქით, მართალია, იო------------–---–ი იხდიდა ნასყიდობის საფასურს, თუმცა ბინის მშენებლობის დასრულების შემდგომ ლი--–----–-–---–მა სრულად გადაუხადა მოსარჩელეს ნასყიდობის თანხა და სწორედ ამის გამო აღირიცხა ქონება მის სახელზე, როგორც ბინის რეალურ შემძენზე. სწორედ ამიტომ დაადასტურა იო------------–---–მა წერილობით, რომ თანახმა იყო ქონება ლი--–----–-–---–ის სახელზე აღრიცხულიყო. მოპასუხემ მიუთითა, რომ არანაირი ხარჯის გაწევის ფაქტი ბინის გარემონტების თაობაზე საქმის მასალებით დადასტურებული არ იყო და შესაბამისად, არ არსებობდა არც ქონების თანამესაკუთრედ დარეგისტრირების და არც მოსარჩელეთა სასარგებლოდ თანხების დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საჯარო რეესტრის ამონაწერით, უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუ-------------------------------–------------------–-------- 55.70 კვ.მ. ფართი, საკადასტრო კოდი N01.1--0--0----------01.0-- - რეგისტრირებულია ლი--–----–-–---–ის საკუთრებად.
(მტკიცებულება: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, ს.ფ. 19-20)
3.2.2. მხარეთა მიერ საქმეში წარმოდგენილ იქნა 2010 წლის 03 ივნისის თანხმობა, გაცემული იო------------–---–ის მიერ შპს „დ პ-–---ის“ მიმართ, სადაც ითხოვს, რომ აღნიშნული ბინის ხელშეკრულებაში მის ნაცვლად ჩანაცვლდეს მეუღლე ლი--–----–-–---–ი და ხელშეკრულების მიხედვით, ქონების მთლიანი ღირებულება, რომელიც დაფარულია მის მიერ, ჩაეთვალოს ლი--–----–-–---–ს.
(მტკიცებულება: თანხმობა, ს.ფ. 197)
3.2.3 უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებით, 2010 წლის 03 ივნისს გამყიდველმა შპს „დ პ-–---მა“ გაყიდა და მყიდველმა ლი--–----–-–---–მა იყიდა უძრავი ქონება თბილისში, სა-------------------ში მშენებარე მრავალსართლიან სახლში ბინა 14 - 55.70 კვ.მ, საკადასტრო კოდით N01.1--0--0----------01.0--. ხელშეკრულების თანხა შეადგენდა 29 992 ლარს, რომელიც მყიდველის მიერ მთლიანად გადახდილია.
(მტკიცებულება: ნასყიდობის ხელშეკრულება, ს.ფ. 86-89)
3.2.4. საქმეზე წარმოდგენილია 2006 წლის 28 დეკემბრის წინასწარი სამმხრივი ხელშეკრულება საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის შესახებ N--, სადაც მყიდველია იო------------–---–ი, ასევე წარმოდგენილია თანხის გადახდის გრაფიკი და ქვითრები.
(მტკიცებულება: ხელშეკრულება, გრაფიკი, გადახდის ქვითრები, ს.ფ. 68-85)
3.2.5. დადგენილია, რომ ლი--–----–-–---–ი და იო------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ. დაშორების შემდგომ, ლი--–----–-–---–მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ორი არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, რაც სასამართლოს 2015 წლის 01 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და იო------------–---–ს დაეკისრა თითოეულისათვის 200 ლარის გადახდა.
(მტკიცებულება: სარჩელი, გადაწყვეტილება, ს.ფ. 92-109)
3.2.6. დადგენილია, რომ მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობა არსებობდა, რაც გახდა საფუძველი იმ გარემოების, რომ იო------------–---–ის მიმართ სხვადასხვა დროს გამოცემულ იქნა დამცავი და შემაკავებელი ორდერები.
(მტკიცებულება: დამცავი ორდერი, ს.ფ. 168-170, 190-195, 204-207)
3.2.7. მოსარჩელე ლი--–----–-–---–ი განმარტავს, რომ იო------------–---–ის დაპირების შესაბამისად, რომ დატოვებდა საცხოვრებელ ბინას, 2017 წლის 29 ივლისს ქირავნობის ხელშეკრულება გააფორმა ბე--------–-–---–თან და წინასწარ გამოართვა 1 200 ლარი, ხოლო 2017 წლის 02 ნოემბერს გააუქმა ქირავნობის ხელშეკრულება და დააბრუნა 2 თვის ქირის საფასური, რადგან ვალდებულება ვერ შეასრულა, იო------------–---–მა ბინა არ გაათავისუფლა.
(მტკიცებულება: ქირავნობის ხელშეკრულება, ხელწერილი, ს.ფ. 208-2011)
3.2.8. ლი--–----–-–---–ის საცხოვრებელ ბინაზე ქე---------------–---–ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე წარმოდგენილია აუდიტორის დასკვნა, რომლის მიხედვითაც სადავო ბინის 55.70 კვ.მ. ფართის რემონტის საბაზრო ღირებულების ოდენობა კეთილმოწყობისა და ხარისხის გათვალისწინებით დადგენილ იქნა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით.
(მტკიცებულება: აუდიტის დასკვნა, ს.ფ. 255-266)
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოუსმინა მხარეთა მოსაზრებებს და მიაჩნია, რომ ძირითადი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთაგან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილში დაუსაბუთებლად უნდა იქნეს ცნობილი და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს შეგებებული სარჩელი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 163-ე, 170-ე, 172-ე, 183-ე, 323-ე, 411-ე, 412-ე, 987-ე, 1151-ე, 1158-ე, მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქალაქი თბილისი, ქუჩ------------------------------–-------------- (ბლო----) ფართი: 55.70 კვ.მ, საკადასტრო კოდით N01.1--0--0----------01.0-- - რეგისტრირებულია ლი--–----–-–---–ის საკუთრებად. შეგებებული სარჩელით მოსარჩელე იო------------–---–ი მოითხოვს სადავო უძრავი ქონების 50%-იან წილზე თანამესაკუთრედ ცნობას და დარჩენილი 50%-ის 11 800 აშშ დოლარის დაკისრებას. შეგებებული სარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს, რომ ბინა რეალურად მისი სახსრებითაა შეძენილი და შესაბამისად, ქონება თანასაკუთრებად უნდა დარეგისტრირდეს მის სახელზე. ასევე მიუთითებს, რომ ქონების შეძენის მიზანს წარმოადგენდა არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლესთან და მასთან შეძენილ შვილებთან ერთად ცხოვრება, რაც მხარის განმარტებით წარმოადგენს ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის, ხოლო დარჩენილი თანხის კი მასზე დაკისრების საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 323-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულება, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, მოითხოვს წერილობით ფორმას.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, საერთო საკუთრება წარმოიშვება გარიგების ან კანონით გათვალისწინებული საფუძვლების შესაბამისად. იო------------–---–ი მოითხოვს ქონების თანასაკუთრებაში აღრიცხვას, თანამესაკუთრედ ცნობას, რისთვისაც უნდა დადგინდეს კანონით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით შეიძლება დაკმაყოფილდეს მისი მოთხოვნა, რომლითაც შესაძლებელი გახდება მისი უძრავ ნივთზე თანასაკუთრების რეჟიმის გავრცელება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე, 323-ე მუხლების შესაბამისად, გარიგების საფუძველზე უძრავი ქონების შესაძენად, კანონმდებლობით დადგენილია სავალდებულო წერილობითი ფორმა, რომლის გარეშეც შეუძლებელია უძრავ ქონებაზე საკუთრების (თანასაკუთრების) უფლების წარმოშობა. ამდენად, იმისათვის რომ უძრავ ქონებაზე პირს წარმოეშვას გარიგების საფუძველზე საკუთრება, აუცილებელია დაცული იყო კანონით გათვალისწინებული წერილობითი ფორმა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის მიხედვით, როგორც ფორმადაუცველი გარიგება, ბათილად ითვლება და ვერ წარმოშობს შესაბამის იურიდიულ შედეგებს.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქონება 2010 წლის 03 ივნისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, რეესტრში რეგისტრირებულია ლი--–----–-–---–ის საკუთრებად. ხელშეკრულებაში გამყიდველს წარმოადგენს სამშენებლო კომპანია შპს „დ პ-–---სი“, ხოლო შემძენს ლი--–----–-–---–ი. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ნასყიდობის საფასური სრულად გადახდილია. ამდენად, შეთანხმებული და გათვალისწინებულია უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებისათვის საჭირო ყველა აუცილებელი პირობა - ნასყიდობის საგანი, ფასი, მხარეები. ხელშეკრულება წერილობითი ფორმითაა დადებული და სათანადო წესით რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. აღნიშნული კი ქმნის ნებისა და გარიგების ნამდვილობის პრეზუმფციას. არც ნასყიდობის ხელშეკრულება, არც საჯარო რეესტრის ჩანაწერი და არც წერილობითი ფორმით გაცემული თანხმობა ბინის ლი--–----–-–---–ზე აღრიცხვის შესახებ შეგებებული სარჩელით მოსარჩელე იო------------–---–ის მიერ სადავოდ არ გამხდარა და ითვლება ნამდვილად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. იმავდროულად, კეთილსინდისიერებისა და ნდობის პრინციპის დარღვევა ყოველთვის კანონის შესაბამისობაში უნდა იყოს განხილული და სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, კანონის არ ცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება, ვერ გახდება კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.
ხელშეკრულების დადების ნდობის ფაქტორი კანონშესაბამისი უნდა იყოს და იგი დაცვადია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირს ჰქონდა კანონიერი საფუძველი ხელშეკრულების დადების რწმენა შექმნოდა. რომც ჩაითვალოს ნასყიდობის ხელშეკრულების საფასურის გადახდა სრულად იო------------–---–ის მიერ, აღნიშნული მაინც ვერ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს, ვინაიდან დაცული არ არის კანონით გათვალისწინებული სავალდებულო წერილობითი ფორმა უძრავი ნივთის შეძენისათვის, რაც გამორიცხავს ვალდებულების შესრულების მოთხოვნას და ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობის სამართლებრივ საფუძველს. დაუშვებელია უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების წარმოშობის იმპერატიული ნორმებით დადგენილი სავალდებულო პირობის - გარიგების წერილობითი ფორმით დადების უგულვებელყოფა. ყოველივე აღნიშნული კი გამორიცხავს იო------------–---–ის თანასაკუთრების უფლების წარმოშობას სადავო უძრავი ქონების თუნდაც 50%-იან ნაწილზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქირწონო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
როგორც აღინიშნა, თანაზიარი საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე შეიძლება წარმოიშვას როგორც გარიგებით, ისე კანონის ძალით. კანონის ძალით თანასაკუთრების უფლების წარმოშობა გათვალისწინებულია მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებაზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 1151-ე, 1158-ე მუხლების თანახმად, იმისათვის რომ მეუღლეთა მიერ შეძენილ ქონებაზე წარმოიშვას კანონით გათვალისწინებული თანასაკუთრების უფლება, აუცილებელია რეგისტრირებული ქორწინების ფაქტი.
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსი მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას უკავშირებს მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს. საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1158-ე მუხლის სამართლებრივი დანაწესის გამოყენების ანუ უძრავ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების წარმოშობის საფუძველია მეუღლეთა მიერ ამ ქონების შეძენა ქორწინების განმავლობაში. ქორწინების განმავლობაში მეუღლეთა შორის შეძენილ ქონებაზე თანასაკუთრების რეჟიმის დაწესებით, კანონმდებელი ხელმძღვანელობს იმ ვარაუდით, რომ როგორც წესი, ასეთი ქონება იქმნება მეუღლეთა ერთობლივი სახსრებით, საოჯახო მეურნეობის ერთობლივი გაძღოლითა და ერთობლივი შრომით. მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას (მეუღლეების საერთო ქონებას) მიეკუთვნება, როგორც შრომის საქმიანობით მიღებული ორივე მეუღლის შემოსავალი, ასევე სამეწარმეო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები და სხვა სახის შემოსავალი, რომლებსაც სპეციალური მიზნობრივი დანიშნულება არ აქვთ, აგრეთვე ნებისმიერი სხვა ქონება, რომელიც შეძენილია მეუღლეების მიერ ქორწინების განმავლობაში მიუხედავად იმისა, რომელი მეუღლის სახელზეა იგი შეძენილი ან რომელი მეუღლის მიერ არის გადახდილი თანხა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-1242-2018, 16.01.2019წ).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლი--–----–-–---–ი და იო------------–---–ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში, შესაბამისად, იო------------–---–ს არ წარმოეშვება კანონით გათვალისწინებული უფლება მოითხოვოს თანაცხოვრების პერიოდში შეძნილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა. ამდენად, მიუხედავად მოთხოვნისა, არ დგინდება უძრავ ქონებაზე არც გარიგებით და არც კანონისმიერი საფუძვლით საკუთრების (თანასაკუთრების) წარმოშობის სამართლებრივი საფუძველი, რის შესაბამისადაც, იო------------–---–ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად უნდა იქნეს ცნობილი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმის პირველი მუხლის პირველი აბზაცის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრების შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილით, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის პირველი დამატებითი ოქმით, საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კანონმდებლობით აღიარებული და დაცულია საკუთრების უფლება. საკუთრება წარმოადგენს პირის უფლებას თავისუფლად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს მას, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება კანონსა და ზნეობის ნორმებს. დაუშვებელია პირს ფორმალურად ჰქონდეს საკუთრების უფლება და ფაქტობრივად ვერ სარგებლობდეს მისით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მოთხოვნით აღძრული სარჩელი წარმოადგენს ვინდიკაციურ სარჩელს, რომლის საფუძველზეც მესაკუთრე უფლებამოსილია სხვისი უკანონო მფლობელობიდან გამოითხოვოს საკუთრება. ვინდიკაციური სარჩელის აღძვრა დასაშვებია იმ მოცემულობაში, როდესაც ილახება მესაკუთრის ნივთზე მფლობელობითი უფლება, როდესაც მესაკუთრის ქონება უკანონო მფლობელის სარგებლობაშია. მითითებული მოთხოვნით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი წინაპირობების არსებობა: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მას არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება. მითითებულ პირობათაგან რომელიმეს არარსებობა (დაუდასტურებლობა), გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. მხოლოდ მას შემდეგ, რაც დადგინდება სამივე წინაპირობის არსებობა, შესაძლებელია მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ სადავო უძრავი ქონება რეგისტრირებულია მოსარჩელე ლი--–----–-–---–ის საკუთრებად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლის შესაბამისად, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება, მიიჩნევა ნამდვილად. ამასთან დადგენილია, რომ ქონება იმყოფება მოპასუხის მფლობელობაში და მოთხოვნა მოპასუხეთა მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე მსჯელობისას, აუცილებელია ამ მოთხოვნის მქონე მხარემ მიუთითოს და უტყუარ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაამტკიცოს მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. მიუღებელი შემოსავალი თავისი სამართლებრივი ბუნებით ზიანის ერთ-ერთ სახეს წარმოადგეს და მისთვის დამახასიათებელია ყველა ის ელემენტი, რომელიც ზიანის წარმომშობი ვალდებულებისათვის არის გათვალისწინებული. ამდენად, მიუღებელი შემოსავალი, ისევე როგორც ზიანი, ზუსტად უნდა იყოს განსაზღვრული და დადასტურებული უტყუარი მტკიცებულებებით.
„მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას- 459-438-2015, 07.10.2015წ.).
„მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Nას-307-291-2011, 24.10.2011წ.).
კონკრეტულ შემთხვევაში, პირვანდელი სარჩელით მოსარჩელის მიერ მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ მოპასუხეთა მიერ უძრავი ნივთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობის შედეგად მას ადგება ზიანი და ვერ მიიღო სარგებელი მისი გაქირავების შეუძლებლობის გამო, სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის მტკიცებულებად ზიანის ფაქტის უტყუარად დადასტურებისათვის. მოპასუხე მხარე სადავოდ ხდის გარემოებას და მიუთითებს, რომ არანაირი წინასწარი თანმობა ბინის გამოთავისუფლების თაობაზე არ ყოფილა და შესაბამისად დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ქირავნობის ხელშეკრულების გაუქმების გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, ზოგადად ზიანის მომტანია პირისათვის, რადგან მესაკუთრეს ყოველთვის აქვს ქონებით სარგებლის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას მოდავე მხარემ კონკრეტული მტკიცებულებებით უნდა შეძლოს და დაადასტუროს მისთვის ზიანის მიყენების ფაქტი. იმავდროულად, მიუღებელ შემოსავალზე მსჯელობისას, ზიანის სხვა კომპონენტებთან ერთად, აუცილებელია მოსარჩელის მიერ დადასტურდეს მოვალის წინასწარი მოლოდინი მისი მოქმედების შედეგად ზიანის მიყენების თაობაზე, მისი მოქმედების უშუალო კავშირი ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილ მიუღებელ სარგებელთან. ყოველივე აღნიშნული კი მოსარჩელის მიერ ვერ განხორციელდა. ამდენად, მხარის მოთხოვნა მოპასუხისათვის მიუღებელი სარგებლის სახით 7 200 ლარის დაკისრების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 163-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კეთილსინდისიერ მფლობელს შეუძლია უფლებამოსილ პირს მოსთხოვოს იმ გაუმჯობესებისა და ხარჯების ანაზღაურება, რაც მან გაიღო ნივთზე კეთილსინდისიერი მფლობელობის დროს და რაც არ არის კომპენსირებული ამ ნივთით სარგებლობითა და მისგან მიღებული ნაყოფით. მფლობელის ბრალით მიუღებელი ნაყოფის ღირებულება უნდა გამოიქვითოს. იგივე წესი ვრცელდება ისეთ გაუმჯობესებებზე, რომელთა შედეგადაც გაიზარდა ნივთის ღირებულება, თუკი გაზრდილი ღირებულება ნივთის დაბრუნების მომენტისათვის ჯერ კიდევ არსებობდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 987-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად, პირს, რომელმაც შეგნებულად ან შეცდომით ხარჯები გასწია მეორე პირის ქონებაზე, შეუძლია მისგან მოითხოვოს თავისი დანახარჯების ანაზღაურება, თუ მეორე პირი ამით გამდიდრდა. გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს.
ხსენებული ნორმის თანახმად, სხვის ქონებაზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების განსაზღვრისათვის აუცილებელია, რომ უტყუარად დგინდებოდეს მიმღების გამდიდრების ფაქტი. იმავდროულად, გამდიდრების ოდენობა უნდა განისაზღვროს იმ მომენტისათვის, როცა უფლებამოსილ პირს უბრუნდება ნივთი. ამდენად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა დადგინდეს და შემოწმდეს, მოთხოვნის მქონე პირის მიერ კონკრეტულად რა სახის ხარჯები იქნა გაწეული, რამდენად აუცილებელი იყო ამ ხარჯის გაწევა და ემსახურებოდა თუ არა ეს ხარჯები სადავო ნივთის გაუმჯობესებას, თუ იგი მხოლოდ მოდავე პირის (ნივთის მოსარგებლის) ინტერესებიდან გამომდინარეა გაწეული.
მოცემულ შემთხვევაში, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ქე---------------–---–ი ითხოვს მოპასუხისათვის უძრავი ნივთის გაუმჯობესებისათვის გაწეული ხარჯის სახით რემონტის თანხის - 10 000 ლარის დაკისრებას. სასამართლო მიუთითებს, რომ მოთხოვნის დასტურად წარმოდგენილი აუდიტის დასკვნით არ დგინდება კონკრეტულად თუ რა ფორმით იყო ნივთი გადაცემული და რა ფორმით, რა ოდენობით გაუმჯობესდა მისი ღირებულება. მხოლოდ ზოგადად მითითება რემონტის ხარჯებზე და რემონტის ღირებულებაზე ვერ გახდება საკმარისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისა. ამდენად, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ქე---------------–---–ის მიერ ვერ დადასტურდა მოპასუხის გამდიდრების ფაქტი, მის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რომლის მტკიცების ვალდებულებაც მასზეა და აღნიშნული სადავო შემთხვევაში ვერ განხორციელდა. საქართველოს სს კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის ნაწილდება, მესამე ნაწილის მიხედვით კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ლი--–----–-–---–ს სახელმწიფო ბაჟის გადახდა უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვაზე გადაუვადდა საქმის განხილვის დასრულებამდე. ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილია 216 ლარი (ს.ფ. 214). ასევე წარმოდგენილია იურიდიული მომსახურების გაწევის დამადასტურებელი ქვითრები 2 000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 274-277). შეგებებულ სარჩელზე კი მოსარჩელეთა მიერ გადახდილია სახ. ბაჟი საერთო ჯამში 1 166.90 ლარი (ს.ფ. 114, 267, 314-315)
ვინაიდან ძირითადი სარჩელის პირველი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 60 ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქვეპუნქტისა. ხოლო ზიანის ანაზღაურების ნაწილიში გადახდილი ბაჟი, უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ასევე, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა შეგებებული სარჩელი, შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად. ამასთან,ძირითადი სარჩელით მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, დაკმაყოფილებული სარჩელის დავის საგნის ღირებულების 4%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 160 ლარს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ლი--–----–-–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. გამოთხოვილ იქნეს მოპასუხეების იო------------–---–ის და ქე---------------–---–ის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებული ბინა, მდებარე: თბილისი, სა----------------------------------–-------- საკადასტრო კოდი N01.1--0--0----------01.0-- და მოპასუხეებმა გამოანთავისუფლონ უკანონოდ დაკავებული აღნიშნული საცხოვრებელი ფართი.
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე ლი--–----–-–---–ის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხეებისათვის მიყენებული ზარალის 7 200 ლარის ანაზღაურების დაკისრების შესახებ.
2. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების იო------------–---–ის და ქე---------------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
3. დაეკისროთ მოპასუხეებს იო------------–---–ს და ქე---------------–---–ს სოლიდარულად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სა.ხ ბაჟის 60 (სამოცი) ლარის გადახდა.
4. ლი--–----–-–---–ის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 216 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. შეგებებული სარჩელით მოსარჩელეების მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 1 166.90 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
6. დაეკისროთ მოპასუხეებს იო------------–---–სა და ქე---------------–---–ს მოსარჩელე ლი--–----–-–---–ის სასარგებლოდ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯი 160 ლარი.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ჭუნიაშვილი