გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 210210018002746782
საქმე N 2/833-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
25 აპრილი, 2019 წელი ქ. სიღნაღი
შესავალი ნაწილი
სიღნაღის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი
სხდომის მდივანი ნანა გოშნიაშვილი
მოსარჩელე: შპს ,,მექანიზატორი 2005’’
მოსარჩელის წარმომადგენელი: შოთა იმნაძე
მოპასუხე: სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონი’’
მოპასუხის წარმომადგენელი: ლელა ქველაძე
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოთხოვნა სარჩელში
1.1. სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონს’’ შპს ,,მექანიზატორი 2005’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 35 600 ლარის გადახდა.
1.2. სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონს’’ შპს ,,მექანიზატორი 2005’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ საადვოკატო მომსახურებისთვის გადახდილი 1 424 ლარისა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1 068 ლარის გადახდა.
მოსარჩელე თავის მოთხოვნას ამყარებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2017 წლის 18 აგვისტოს შპს ,,მექანიზატორი 2005’’-სა და სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების შესახებ, რომლის მიხედვითაც მზღვეველმა იკისრა ვალდებულება დაეზღვია დამზღვევის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება ,,მერსედეს ბენცი’’, სახელმწიფო ნომერი: SS855SS. 2018 წლის 02 იანვარს კონსტანტინე ლოლაშვილის მართვის ქვეშ მყოფი ზემოთ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება, ასფალტის სისველის გამო მოცურდა, გადავიდა სავალი ნაწილის მოპირდაპირე მხარეს და დაეჯახა ორ გაჩერებულ ავტომანქანას. აღნიშნულის შემდეგ დაზღვეული ავტომანქანა იმდაგვარდ დაზიანდა რომ დაკარდა მისი დანიშნულებისამებრ გამოყენების ფუნქცია. დაზიანებული ავტომანქანის ღირებულებამ შეადგინა 4 400 ლარი. მოპასუხემ უარი განაცხადა ზიანის ანაზრაურებაზე ხელშეკრულების 7.7 პუნქტით, ხოლო 2018 წლის 10 მაისის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სატრანპორტო საშუალების მძღოლის მიერ არ იქნა უგულებელყოფილი სსკ-ის 829-ე და ხელშეკრულების 7.7 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონის’’ წარმოდგენილმა შეასაგებელით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 18 აგვისტოს შპს ,,მექანიზატორი 2005’’-სა და სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების შესახებ. 2018 წლის 02 იანვარს 15:57 საათზე კოტე ლოლაშვილმა სატელეფონო შეტყობინებით მომართა მზღველის ცხელ ხაზს და მიუთითა, რომ ავარია მოუვიდა და საჭეს მართავდა მამამისი - ვანო ლოლაშვილი. საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის ცნობით კი დგინდება, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 14:58 საათზე. მზღვეველმა შეტყობინება მიიღო 1 საათის დაგვიანებითდა. ავტომანქანების საჯარიმო სადგომზე გადაყვანა მოხდა ისე, რომ ზარალის ოფიცრის მიერ ვერ იქნა ნანახი და აღწერილი შემთხვევის ადგილი, ხოლო სურათები გადმოგზავნილი იქნა თავად დამზღვევის მიერ. ყველა დოკუმენტი გაფორმებულია კონსტანტინე ლოლაშვილზე თუმცა ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ვანო ლოლაშვილის ბრალეუობით და რადგან ვ.ლოლაშვილი იყმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში 1 საათიანი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტეს დაეფიქსირებინათ კონსტანტინე ლოლაშვილი. დადგენილია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია არა ასფალტის სისველის გამო, არამედ მძღოლის უყურადღებობის, მეტისმეტი დაუდევრობისა და სიჩქარის გამო. ხელშეკრულების თანახმად მოსარჩელის მიერ მოსათხოვ თანხას წარმოადგენს 35000-10965-1750 და საბოლოო თანხას შეადგენს 22 285 ლარს. წარმოდგენილი MYATO.GE-დან 2018 წლის 05 იანვარის მონაცემების მიხედვით ანალოგიური მარკის, მოდელის, წლოვანებისა და მახასიათებლის მქონე ავტომანქანის საბაზრო ღირებულების თაობაზე, რომელიც ზარალის დადგომის დროისათვის შეადგენდა 29 729 ლარს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 18 აგვისტოს შპს ,,მექანიზატორი 2005’’-სა და სს ,,სადაზღვევო კომპანია უნისონს’’ შორის დაიდო ხელშეკრულება ავტოტრანსპორტის დაზღვევის პირობების შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულების 7.7. პუნქტის მიხედვით სადაზღვეო ანაზრაურება არ გაიცემა, თუ ავტოსატრანსპორტო შემთხვევით მიყენებული ზიანი გამოწვეულია: ა) ავტოტრანსპორტის მართვისას ალკოჰოლური საშუალებების ზემოქმედების მდგომარეობაში ყოფნისას ან იმ სამკურნალო პრეპარატების მიღებისას, რომლებიც უკუჩვენებაშია ავტოტრანსპორტის მართვასთან, მიუხედავად ბრლეული მხარისა. ასევე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საგზაო მოძრაობის შესახებ კანონის) თანახმად მზღვეველს უფლებამოსილებას ანიჭებს უარი თქვას სადაზღვეო ანაზრაურებაზე. ბ) შესაბამისი რისკი პოლისით დაზღვეული არ არის. გ) სიჩქარის გადაჭარბება 30 კმ.ს.თ და მეტით; უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთა: წითელზე გავლა, გარდა იმ შემთხვევისა თუ აღნიშნული აუცილებელია მესამე მხარის სიცოცხლის ან და ქონების გადარჩენისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. მოსარჩელე მხარეს ყოელთვიურად შექონდა სადაზღვეო შენატანი და მას დავალიანება არ ქონია სადაზღვო კომპანიის მიმართ;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის განყოფილების პროკურორ ხათუნა მოდებაძის მიერ 2018 წლის 30 მარტს გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კონსტანტინე ლოლაშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ის რომ კ.ლოლაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას არ გამოუწვევია მაღალი საზოგადოებრივი საშისროება, მიზანშეწონილია სასჯელის მიზნების ალტერნატიული გზებით მიღწევა. მან განრიდების ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შეიტანა 2000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 30 მარტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ;
{სასამართლო განმარტავს, რომ ხსენებული ფაქტობრივი გარემოების დადგენის მნიშვნელობა არ უნდა იქნეს იმგვარად გაგებული, რომ იგი თავის თავში მოიაზრებს მოსარჩელე მხარის ბრალეულ ქმედებას, რამაც შესაძლოა გამორიცხოს სარჩელის საფუძვლიანობა.
უნდა აღინიშნოს, რომ სადავო საქმეზე საქმის წარმოება მიმდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესითა და საფუძვლით. მართალია, 2018 წლის 30 მარტის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილების შინაარსში ვკითხულობთ - „გამოძიებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ კონსტანტინე ლოლაშვილმა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალიწინებული დანაშაულებრივი ქმედება, ხოლო შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ის რომ კ.ლოლაშვილის დანაშაულებრივ ქმედებას არ გამოუწვევია მაღალი საზოგადოებრივი საშისროება......“, თუმცა მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ ხსენებული დოკუმენტი შედგენილია სისხლის სამართლის სამართალწარმოების ფარგლებში, რომლის მიზანიც განსხვავებულია.
სისხლის სამართლის კოდექსის მიზნები განმარტებულია 1-ლი მუხლის დეფინიციაში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლისსამართლებრივ ღონისძიებას. ეს კოდექსი შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. ამ კოდექსის მიზანია დანაშაულებრივი ხელყოფის თავიდან აცილება და მართლწესრიგის დაცვა.
ვინაიდან სისხლის სამართლის რეგულირების სფერო უკავშირდება ადამიანთა, საზოგადოებისა და სახელმწიფო (და არამხოლოდ) უშიშროებას, წესრიგს და მნიშვნელოვანი უფლებების დაცვას იგი მეტად შემზღუდველი და იმპერატიული ხასიათის საკანონმდებლო აქტია. ამავე კოდექსის 276-ე მუხლი აწესებს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას. ანუ პირის ბრალდებულად ცნობა ამ დანაშაულში არ შეიცავს განზრახვის სუბიექტურ ელემენტს. დანაშაული, რომ შერაცხოდა ბრალდებულს შესაძლებელია დღის წესრიგში სარჩელის უსაფუძვლობა დამდგარიყო, თუმცა სამოქალაქო სამართალწარმოების მიზნებიდან გამომდინარე, რომელიც იშვიათ შემთხვევაში თუ ადგენს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობას, ხსენებული აქტი ვერ გამოდგება მოსარჩელე მხარი განზრახვის ფარგლების გარეშე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო ანაზღაურების გამორიცხვის კონსტანტირებისათვის (დადასტურებისათვის).
ამდენად მოპასუხის მითითება მასზედ, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილება მოიაზრებს ისეთი ქმედების ჩადენას, რაც სადაზღვევო კომპანიისაგან გამორიცხავს შემთხვევის ანაზღაურებას, სამოქალაქო სამართალწაროების მიზნებიდან გამომდინარე სამართლებრივად უვარგისია.}
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2018 წლის 13 მარტის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტომობილ ,,მერსედეს ბენცის’’ მძროლ კონსტანტინე ლოლაშვილის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 13 მარტის ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის დასკვნა;
[სასამართლო დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადასტურებისათვის იკვლევს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას. წარმოდგენილი დაკვნის კვლევით ნაწილში ვკითხულობთ შემდეგს - „დადგენილებიდან ექსპერტიზის დანიშვნის შესახე და საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 02 იანვარს, დაახლოებით 14:50 საათზე, აკაკი წერეთლის გამზირზე N49 ელ. განათებისბოძის მიმდებარედ ჰორიზონტალური პროფილის მქონე ნაწილობრივ სველ, ასფალტირებულ, უდეფექტო, ორმხრივი მოძრაობისათვის განკუთვნილ საავტომობილო გზაზე, სადაც სანაპიროს სავალი ნაწილები ერთმანეთისგან გაყოფილია მონიშვნის ორმაგი უწყვეტი ღერძულა ხაზით, დინამოს არენასმხრიდან, M „დიდუბის: მიმართულებით სავალი ნაწილი მეორე სამოძრაო ზოლში, დაახლოებით 60 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ავტომობილი „მერსედეს ბენცი“ სახ. ნომრით SS 855-SS, რომლსაც მძღოლი კონსტანტინე ლოლაშვილი მართავდა. მოულოდნელობისას, როდესაც იგი მიუახლოვდა ა.წერეთლის გამზირისა და კერესელიძის ქუჩის კვეთას, მან ყურადღება გადაიტანა სავალი გზის მარჯვენა მხარეს და როდესაც წინ გაიხედა მიახლოებული იყო მის წინ მოძრავი ავტომობილის უკანა ნაწილთან, რის გამოც საჭე მიმართა მარჯვენა მხარეს, რა დროსაც დაკარგა მართვა სამოძრაო ზოლში, რის შემდეგაც ავტომობილი მოცურდა და აღმოჩნდა გზის მარცხენა მხარეს.“...... ექსპერტი განმარტავს, რომ „კონკრეტული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა განაპირობა ავტომობილ „მერსედეს ბენცის“ მძღოლის მოქმედებამ, რომელმაც მსვლელობისას ყურადღება გადაიტანა სავალი გზის მარჯვენა მხარეს და როდესაც წინ გაიხედა მიახლოებული იყო მის წინ თანხვედრი მიმართულებით მოძრავი ავტომობილებით მოძრავი ავტომობილის უკანა ნაწილთან, რის გამოც საჭე მიმართა მარცხნივ, რა დროსაც მან დაკარგა მართვა თავის სამოძრაო ზოლში, რა დროსაც ავტომობილი მოცურდა (მოცურებულ მდგომარეობაში მყოფი ავტომობილი გადაადგილდება მძღოლისგან დამოუკიდებლად) და აღმოჩნდა სანაპიროს სავალი ნაწილის მარცხენა მხარეს.“
სასამართლო აფასებს მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნას, არ იზიარებს მის შინაარსს და განმარტავს მიუხედავად დასკვნის შინაარსისა (ავტომობილ ,,მერსედეს ბენცის’’ მძროლ კონსტანტინე ლოლაშვილის მოქმედება არ შეესაბამება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რამაც განაპირობა კონკრეტული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა) საქმის განხილვისა და ექსპერტიზის დასკვნის კვლევის დროს არ დადგინდა, რომ მოსარჩელე მოძრაობდა მოძრაობისა და ექსპლუატაციის წესების უგულებელყოფით. ექსპერტის მითითება მასზედ, რომ მძღოლის მიერ ყურადღების მარჯვენა მხარეს გადატანით რაიმე სამართლებრივი წესრიგი დაირღვა, რისთვისაც დასკვნაში მიუთითა სპეციალური კანონის 33-ე მუხლზე ქმედების შინაარსიდან არ გამომდინარეობს. სასამართლოს მიაჩნია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის დროს მძღოლს, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს მართვით დაკავებულ პირს დიახაც, რომ უნდა ეკონტროლებინა, როგორც გზის მარჯვენა, ისე მარცხენა მხარე. მერსედესის მარკის მძღოლის მიერ მარჯვენა მხარეს მიმავალი საშუალებების მიმართ დაშორებისა და მართვის კონტროლის მიზნით გახედვა, ყურადღების მიქცევა ჩვეულებრივი შემთხვევისთვისაც კი არ წარმოადგენს რაიმე სახის კანონმდებლობის დარღვევას, და მასზე ექსპერტის მიერ ბრალად კანონმდებლობის მოთხოვნათა უგულებელყოფის შერაცხვა დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.
ექსპერტის მიერ კვლევით ნაწილში არ არას მითითებული რომ მძღოლმა უგულებელყო ან გადაამატეა დაშვებულ სიჩქრეს, არ არის მითითება მასზედ თუ რაგვარად, რა საშუალებით უნდა დაეცვა თავი წინ მოძრავი ავტომობილთან შეჯახების ასარიდებლად. მეტიც, სასამართლოს მოსაზრებით, მძღოლი მიერ ძლიერად დამუხრუჭებას, რასაც შესაძლოა კიდეც გამოეწვია მის მიერ ყოველგვარი ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება, შესაძლოა დაეზიანებინა 60 კ/ს სიჩქარით მოძრავ ზოლში განთავსებული ბევრად მეტი რაოდენობის ავტომობილი. იმგვარ ვითარებაში, როდესაც მძღოლი მოქმედებდა ზიანის თავიდან აცილების ალტერნატიული გზით, მარცხენა ზოლში გადასვლით უნდა დავასკვნათ, რომ ასფალტის სისველის გამო მოცურებული ავტომობილის მძღოლის მიერ შეუძლებელი იქნებოდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლით დადგენილი სიჩქარისა და დისტანციის დადგენილი სტანდარტის შენარჩუნებაც.
ექსპერტის შინაგანი რწმენა, რომ მძღოლის ქმედებაში, რომელიც დადგენილებაშია აღწერილი, იმსახურებს ბრალად ექსპერტის მიერ ციტირებული კანონის 33-ე მუხლს, იმის გათვალისწინებითაც, რომ მძღოლის ამგვარ ქმედებას არ გამოუწვევია მის მიმართ სისხლისამართლის ან ადმინისტრაციული სამართლის წესით გასაკიცხი ქმედება არ დასტურდება საქმის მასალებით. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მოსარჩელის მიმართ მოპასუხის მიერ ასანაზღაურებელი ზიანის გაცემაზე უარს არ მიიჩნევს კანონშესაბამისად და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.
სასამართლოს შინაგანი რწმენის შექმისათვისაც უნდა აღინიშნოს, რომ მარტივი წარმოსადგენია სიჩქარით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალების სველ სავალ ნაწილზე მოცურება მძღოლს უმწეო მდგომარეობაში აგდებს, მართვას შეუძლებელს ხდის და მის მიერ როგორც დაუძლეველი ძალის ზემოქმედების ქვეშ მყოფ სუბიექტს შეუძლებელია მოეთხოვოს კანონით დადგენილი წესით განსაზღვრული დისტანციისა და სიჩქარის შენარჩუნება.
სასამართლოს მოსაზრებით მთავარი ფაქტორი, რაც მოსარჩელის მოთხოვნას ამყარებს არის ის, რომ მის ქმედებაში ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომამდე, მოცურების მომენტამდე პერიოდში არ შეინიშნებოდა ისეთი ბრალეული ქმედების ჩადენის ფაქტი, რომელიც სამოქალაქოსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამაკისრებელი აღმოჩნდებოდა მოსარჩელე მხარისათვის და სადაზღვევო კომპანიისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივად ვარგისი საფუძველი გახდებოდა.
სასამართლო მოპასუხის სამართლებრივი პოზიციის გასაქარწყლებლად, მიუთითებს მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილ ექსპერტიზის დასკვნაზე, რომლის კომპეტენტურმა შემდგენელმა ექსპერტმა, ერთმნიშვნელოვნად გასცა დასკვნა (იხ. ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N005756918 დასკვნა სრულად), რომ „მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის მასალებიდან გამომდინარე ავტომობილ „მერსედესის“ მძღოლ კონსტანტინე ლოლაშვილის ქმედებაში არ აღინიშნება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის უგულებელყოფა და შესაბამისად მის მიერ უგულებელყოფილი არ არის მასა და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შპს „მექანიზატორი 2005“-ს შორის დადებული ავტოსატრანსპორტის დაზღვევის პირობები“, რაც გამორიცხავს მოპასუხის მხრიდან შემთხვევის ანაზღაურებაზე უარის თქმის სამართლებრივი თუ ფაქტობრივი წინაპირობების კანონიერებას. მოპასუხის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი საწინააღმდეგოს დამადასტურებელი არც ფაქტობრივი გარემოება და არც მისი დამადასტურებელი მტკიცებულება.]
3.2.2. 2018 წლის 17 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ავტომობილ ,,მერსდესის’’ SS-855-SS, მძროლ კონსტანტინე ლოლაშვილის მოქმედებაში არ აღინიშნებოდა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 829-ე მუხლის უგულებელყოფა და შესაბამისად მის მიერ უგულებელყოფილი არ არის სადაზღვეო კომპანია „უნისონის“ და შპს ,,მექანიზატორი 2005’’-ს შორის დადებული ავტოსატრანსპორტო დაზღვევის ხელშეკრულების 7.7. პუნქტში გათვალისწინებული პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 17 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა;
3.2.3. 2018 წლის 09 ოქტომბრის შპს,,უქეს’’ ავტომანქანის შეფასების დასკვნით, რომელიც შესრულებულია 2019 წლის 09 ოქტომბრის მდგომარეობით დგინდება, რომ ავტომობილის ,,მერსდესი,’’ სახ.ნომერი: SS-855-SS. საბაზრო ღირებულება შეადგენს 4 400 ლარს, ხოლო ავარიამდე მსგავსი ტიპის ავტომობილები, 2018 წლის 01 იანვრის მდგომარეობით ღირდა 40 000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 09 ოქტომბრის შპს,,უქეს’’ ავტომანქანის შეფასების დასკვნა;
3.2.4. 2018 წლის 22 იანვრის შპს ,,პრემიუმ მოტორსის’’ დეფექტური აქტის მიხედვით, ავტომობილის ,,მერსდეს ბენცის,’’ სახ.ნომერი: SS-855-SS-ის ჩასაბარებელი (სალიკვიდაციო) ღირებულებას შეადგენს 10 965 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2018 წლის 22 იანვრის შპს ,,პრემიუმ მოტორსის’’ დეფექტური აქტი;
[რაც შეეხება ასანაზღაურებელი თანხის ოდენობას, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია გამოიყენოს მოპასუხე ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დასკვნის შინაარსი. ამასთან მნიშვნელოვანია, გარემოება, რომ იგი მოსარჩელის ამგვარი მტკიცებულებიდან განსხვავებით შედგენილია ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომიდან გაცილებით გვიან, რასაც შესაძლოა კიდევ უფრო დაემძიმებინა ავტომობილზე ზემოქმედების შედეგად მიყენებული ზიანი, რაც ავტომატურად შეამცირებდა მის სალიკვიდაციო ღირებულებას.]
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო სადაზღვევო შემთხვევა-ავტომობილის დაზიანება, რაც გამოწვეული იყო გარემო პირობებით (ასფვალტის სისველე) რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად წარმოადგენს სადაზღვევო რისკს/დაზღვევის ობიექტს. ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის განმარტებას და წარმოდგენილ დეფექტურ აქტს რადგან იგი შემთხვევიდან 20 დღის დაგვიანებით არის შესრულებული. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2018 წლის 17 აგვისტოს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნაზე სადაც მიუთითებ, რომ არ არის დარღვევული ხელშეკრულების 7.7-ე პუნქტი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 799-ე, 839-ე, 842-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
სამოქალაქო კოდექსის 839-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა გაათავისუფლოს დამზღვევი იმ ვალდებულებისაგან, რომელიც მას ეკისრება მესამე პირის წინაშე დაზღვევის პერიოდში წარმოშობილი პასუხისმგებლობის გამო.
სამოქალაქო კოდექსის 842-ე მუხლის თანახმად, მზღვეველი თავისუფლდება პასუხისმგებლობისაგან, თუ დამზღვევმა შეგნებულად გამოიწვია იმ გარემოებების წარმოშობა, რისთვისაც მას ეკისრება პასუხისმგებლობა მესამე პირის წინაშე.
საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა სასამართლოს კვლევის საგანი გახლდათ, რაც შეფასებულ იქნა კიდეც (იხ. 3.2.1. ფაქტობრივი გარემოება). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებათა გამოკვლევა მიმდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 225-ე მუხლის თანახმად, რომლის მიხედვითაც - მხარეთა და მესამე პირთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია, მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიატივით განიხილოს და შეამოწმოს სადავო მტკიცებულებები. წერილობითი მტკიცებულების განხილვა და შემოწმება არ გულისხმობს მისი შინაარსის სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებასა და წაკითხვას. მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების პროცესში სასამართლო მიმართავს მხარეებს, წარმოადგინონ საკუთარი მოსაზრებები სადავო მტკიცებულების ან მასში მითითებული ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომ-ლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმისათვის. სასამართლო, ამ კოდექსის 104-ე მუხლის შესაბამისად, საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს და საქმეში წარმოდგენილ იმ დოკუმენტებს, რომლებსაც საქმისათვის არა აქვს მნიშვნელობა. მტკიცებულებები, რომელთა განხილვა და შემოწმება მხარეებმა არ მოითხოვეს და მოსამართლემ თავისი ინიციატივით არ განახორციელა, გამოკვლეულად ითვლება.
„სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა, არამედ, სასამართლო დასაშვებად ცნობილ მტკიცებულებებს აფასებს ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად, რა დროსაც ხდება მათი როგორც ინდივიდუალურად, ისე ერთობლიობაში შესწავლა, სწორედ ამ გზით არკვევს სასამართლო კონკრეტული მტკიცებულების დამაჯერებლობას, მის იურიდიულ სარწმუნოობას. რაიმე გამონაკლისი ამა თუ იმ მტკიცებულების, მათ შორის ექსპერტის დასკვნის მიმართ, დადგენილი არ არის. საპროცესო კოდექსის 172-ე მუხლის თანხმად, ექსპერტის დასკვნა სასამართლოსათვის სავალდებულო არ არის და მისი შეფასება ხდება 105-ე მუხლით დადგენილი წესით, მაგრამ სასამართლოს უარი დასკვნის მიღებაზე დასაბუთებულ უნდა იქნეს საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებაში ან განჩინებაში“ (იხ. სუსგ Nას-824-790-2016, 23.12.2016წ);
საქმე განიხილება და გადაწყვეტილება მიიღება მტკიცების საშუალებით. ლიტერატურაში არსებული მოსაზრებით, მტკიცება მხარეთა შორის წამოჭრილი დავის არსებითად გადაწყვეტის მიზნით მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დადგენაა. მტკიცების საგანი კი, ერთი მხრივ (ფართო გაგებით), განისაზღვრება, როგორც სამოქალაქო პროცესში სარჩელის საფუძვლისა და შესაგებლის იურიდიული ფაქტების ერთობლიობა, რომელზედაც მიუთითებს მატერიალური სამართლის ნორმა, ხოლო, მეორე მხრივ (ვიწრო გაგებით), მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონეა სარჩელში და შესაგებელში მითითებული სადავო, იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები. სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანს წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტები, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის.
სამოქალაქო საპროცესო სამართალში მტკიცების საგანს შეადგენს ის გარემოებები, რომლებსაც პროცესუალურ სამართალურთიერთობებში წარმოადგენს სამართლებრივი ფაქტები. მხარეთა მიერ მტკიცების ტვირთის რეალიზებასა და მტკიცების საგნის განსაზღვრას ახასიათებს მჭიდრო ურთიერთკავშირი, რადგანაც სასამართლოში ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა დაკავშირებულია განსაზღვრული ფაქტების დადგენასთან. სწორედ ამიტომ, მტკიცების საგანს პროცესუალურ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ასეთივე პრინციპული მნიშვნელობის მქონეა პროცესუალური საკითხი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების შესახებ.
მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით (თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგიამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს) დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის (ზოგჯერ კი სსკის) ნორმებით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევაში განსაკუთრებული წესით. მატერიალური სამართლის ნორმები (ზოგჯერ კი სსკ-ის) ითვალისწინებს გამონაკლისს ზოგადი წესიდან იმ მხრივ, რომ ამ ნორმებით ფაქტის დამტკიცების ან ფაქტის უარყოფის ვალდებულება არა იმ მხარეს დაეკისრება, რომელიც ამ ფაქტს ადასტურებს (ამტკიცებს), არამედ მოწინააღმდეგე მხარეს (პრეზუმფცია). მტკიცების ზოგადი წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როცა მატერიალური სამართლის (ან სსკ-ის) ნორმებში არ არის სპეციალური მითითება მტკიცების ვალდებულების ანუ ტვირთის განაწილების შესახებ.
სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა, მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. მხარეს დარღვეული უფლების დაცვა კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური სამართლით გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესოსამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურსამართლებრივი მნიშვნელობაც აქვს, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტის მიხედვით, მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას.
სამოქალაქო სამართალწარმოებაში დამკვიდრებული შეჯიბრებითობის პრინციპი, პირველ რიგში, გულისხმობს მხარეთა მიერ ფაქტების მითითების სრულ ავტონომიას, რაც შეეხება მათ დამტკიცებას, ეს ის ეტაპია, როდესაც მხარემ მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად არსებული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის ყველა ელემენტის შესახებ და საკითხი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების არსებობა-არარსებობის დადგენას ეხება, რასთანაც ორგანულადაა დაკავშირებული მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილების ურთულესი ამოცანის გადაწყვეტა. ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო პროცესის შეჯიბრებითობის პრინციპი, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომლის შეუსრულებლობას უკავშირდება ამავე მხარისათვის არახელსაყრელი შედეგი. ეს დანაწესი განმტკიცებულია სსკ-ის მე-4 მუხლით, ასევე, ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განხორციელდეს. ამავდროულად, სამოქალაქო საპროცესო სამართალში არსებული მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი უნდა განაწილდეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ვალდებულება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მოცემულ შემთხვევაში, ვალდებულების წარმოშობის საფუძველია მხარეთა შორის დადებული დაზღვევის ხელშეკრულება. შესაბამისად, სადაო ურთიერთობის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევის მომწესრიგებელი ნორმები და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სახეზე იყო სადაზღვევო შემთხვევა-ავტომობილის დაზიანება, რაც გამოწვეული იყო გარემო პირობებით (ასფვალტის სისველე) რაც მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად წარმოადგენს სადაზღვევო რისკს/დაზღვევის ობიექტს.
ასევე დადგენილად მიიჩნია სასამართლომ, რომ სადაზღვევო შემთხვევამ გამოიწვია ხარჯი 22 285 ოდენობით. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შესაბამისი შემთხვევა ექვემდებარებოდა ანაზღაურებას და რომ მოპასუხემ ვერ მიუთითა და ვერ დაუდასტურა სასამართლოს მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 22 285 ლარის ანაზრაურება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81; Hirvisaari v. Finland, §32)
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ მოპასუხე სს სადაზღვეო კომპანია ,,უნისონს’’ მოსარჩელე შპს ,,მექანიზატორი 2005’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 668.55 ლარისა და ადვოკატის მომსახურების 891.40 ლარის გადახდა.
ხოლო მოსარჩელე შპს ,,მექანიზატორი 2005’’-ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 399.45 ლარის უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონიძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. შპს ,,მექანიზატორი 2005’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე სს სადაზღვეო კომპანია ,,უნისონს’’ შპს ,,მექანიზატორი 2005’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს 22 285 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე სს სადაზღვეო კომპანია ,,უნისონს’’ მოსარჩელე შპს ,,მექანიზატორი 2005’’-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 668.55 ლარისა და ადვოკატის მომსახურების 891.40 ლარის გადახდა.
4. მოსარჩელე შპს ,,მექანიზატორი 2005’’-ის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 399.45 ლარის დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქ. თბილისი 0159, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, №7ა) სიღნაღის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე ქ. სიღნაღი, ცოტნე დადიანის ქ. №15) სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტის წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სიღნაღის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მერაბ ღვინიაშვილი