გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 150310018002699902
3/58-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 აპრილი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე არარატ ესოიან
სხდომის მდივანი ეთერ მაღრაძე
მოსარჩელე - ი/მ "ხ-----–--–---–--ე" (პ/ნ 0----------) ,მოსარჩელის წარმომადგენელი ა-–-------------, ს------–--–---–--ე;
მოპასუხე - სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო",მოსარჩელის წარმომადგენელი - მაგდა ბერიძე;
დავის საგანი - ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1.სარჩელის მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N1/1----- ბრძანება.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ი/მ ხ-----–--–---–--ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის N---- განკარგულებით ი/მ ხ-----–--–---–--ეს სახელმწიფო ქოონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოთელიაში მდებარე 1762.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (ფერმა) - განაშენიანების ფართით 1762 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 63.06.32.0--) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4000 (ოთხი ათასი) ლარად გადაეცა საკუთრებაში.
სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ხ-----–--–---–--ეს შორის 2015 წლის 07 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება.
ი/მ ხ-----–--–---–--ემ ძირითადად შეასრულა მითითებული მთავრობის განკარგულებით და ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებები: გადაიხადა საპრივატიზებო თანხა 4000 (ოთხი ათასი) ლარის ოდენობით, საგარანტიო თანხა 30000 ლარის ოდენობით, განახორციელა 254174,35 ლარის სამშენებლო სამუშაოები, შეიძინა ფერმისათვის პირუტყვი, რაშიც გადაიხადა 300 000 ლარი.
მოპასუხემ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 18.09.2018 წლის N1/1----- ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა ი/მ ხ-----–--–---–--ესთან 2015 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება შესაბამისი საფუძვლების არსებობის გარეშე.
2.Mმოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქოქნების ი/მ ხ-----–--–---–--ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის N---- განკარგულების საფუძველზე, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი/მ ხ-----–--–---–--ეს შორის 2015 წლის 07 დეკემბერს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მყიდველს პირობადებულ საკუთრებაში გადაეცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოთელიაში მდებარე 1762.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (ფერმა) - განაშენიანების ფართით 1762 კვ.მ, ს/კ 63.06.32.0--.
აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, სხვა ვალდებულებებთან ერთად, მყიდველის ვალდებულებას წარმოადგენდა:
3.1.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი: უზრუნველეყო მეცხოველეობის ფერმის შექმნის მიზნით, გადაცემულ ქონებაზე არანაკლებ 200 სულ პირუტყვზე გათვლილი ფერმის მშენებლობის დასრულება, აღჭურვა და ფუნქციონირების დაწყება ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში;
3.1.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი: უზრუნველეყო არანაკლებ 200 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეძენა ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადაში.
ხოლო 5.2 მუხლის თანახმად, მყიდველი ვალდებული იყო საბანკო გარანტიის თანხის ოდენობის შემცირების შემთხვევაში 1 (ერთი) თვის ვადაში შეევსო იგი მის სრულ ოდენობამდე.
ხელშეკრულებით ნაკისრი თითოეული ვალდებულების მყიდველის მიერ შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვნად შესრულებისათვის გათვალისწინებულ იქნა პასუხისმგებლობა. ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო ქონების შემძენი იღებდა გაფრთხილებას წერილობითი სახით, სადაც მიეთითებოდა დარღვევის გამოსწორების ვადა, გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა და საბანკო რეკვიზიტები, რომელზეც პირგასამტეხლოს თანხა უნდა ყოფილიყო გადახდილი.
მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ მათ მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 5.2 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულება არც ხელშეკრულებით განსაზღვრულ და არც სააგენტოს მიერ მხარისათვის არაერთხელ მიცემულ დამატებით ვადაში, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N1/1----- ბრძანების საფუძველზე ცალმხრივად შეწყდა მოპასუხესთან 2015 წლის 07 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს არაერთი წერილით მოპასუხეს ეცნობა, რომ ეკისრებოდა ხელშეკრულების 3.1.1 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, ასევე 5.2 მუხლით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობებისათვის, ამავე ხელშეკრულების 6.3, 6.4 და 6.9 მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, რაც ჯამში შეადგენს 632 750 ლარს.
მოპასუხე მხარეს მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N1/1----- ბრძანება სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი/მ ხ-----–--–---–--ეს შორის 2015 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ გამოცემულია სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 16 სექტემბრის N1-1/1537 ბრძანებით დამტკიცებული დებულების, სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მხარეთა შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების სრული დაცვით და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქოქნების ი/მ ხ-----–--–---–--ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის N---- განკარგულებით ი/მ ხ-----–--–---–--ეს სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფელ კოთელიაში მდებარე 1762.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა N1 (ფერმა) - განაშენიანების ფართით 1762 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: 63.06.32.44) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 4000 (ოთხი ათასი) ლარად გადაეცა საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის N---- განკარგულება (ს.ფ. 17-19).
3.1.2. 2015 წლის 07 დეკემბერს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ხ-----–--–---–--ეს შორის დაიდო ნასყიდობის (პრივატიზების) ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 93-103).
3.1.3. სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტომ 18.09.2018 წლის N1/1----- ბრძანებით ცალმხრივად შეწყვიტა ი/მ ხ-----–--–---–--ესთან 2015 წლის 7 დეკემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 18.09.2018 წლის N1/1----- ბრძანება (ს.ფ. 12)
3.1.4. საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულებით შეტანილ იქნა ცვლილება საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის N---- განკარგულებაში, კერძოდ,საქართველოს მთავრობის 07.09.2015 წლის N---- განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბებულია ახალი რედაქციით, სადაც „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“-„ბ.გ“ ქვეპუნქტების შესრულება გათვალისწინებულია - „შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან არა უგვიანეს 2019 წლის 29 სექტემბრისა“.
აღნიშნული N--- განკარგულების მე-2 პუნქტით განსაზღვრულია ინვესტიციის არანაკლებ 10 %-ის საბანკო გარანტია, რომელიც მოქმედი იქნება არანაკლებ 2020 წლის 1 თებერვლამდე. ამავე N--- განკარგულების მე-3 პუნქტით მოსაჩელე გათავისუფლდა დაკისრებული პირგასამტეხლოსგან იმ პირობით, რომ მოსარჩელე შეასრულებს განკარგულების მე-2 პუნქტით დადგენილ საპრივატიზებო პირობებს. ამავე N--- განკარგულების მე-4 პუნქტით დაევალა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულება (ს.ფ. 160-162);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელემ უარყო, რომ მას ჩაბარდა საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულება და შეტყობინებული არ იყო ახალი ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე.
მოპასუხემ განმარტა, რომ მოსარჩელე შეტყობინებულია, რომ აღნიშნული N--- განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს განკარგულებიდან 3 თვის ვადაში, ხოლო განკარგულება ძალას კარგავს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში.
წარმოდგენილი ფოსტის ჩაბარების შეტყობინების ბარათით და სასამართლო სხდომაზე ფოსტის კურიერის მიერ მიცემული ჩვენებით დასტურდება, რომ 2018 წლის 02 აპრილს მოსარჩელეს ჩაბარდა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 28 მარტის 4/17923 წერილი. აღნიშნული წერილით მოსარჩელეს ჩაბარდა სწორედ საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულება, ამასთან აღნიშნული წერილის ბოლო აბზაცში აღნიშნულია სახელმწიფო ქონების შესახებ კანონის 31-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესახებ, შემდეგი განმარტებით - „შესაბამისი ხელშეკრულება უნდა გაფორმდეს განკარგულების 3 თვის ვადაში, ამრიგად განკარგულება ძალას კარგავს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში ხელშეკრულების გაუფორმებლობის შემთხვევაში.
საქმეში არსებული 2018 წლის 07 ივნისის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამართლებრივი სამსახურის უფროსის სამსახურებრივი ბარათშიც ასევე არის აღნიშნული, რომ N--- განკარგულების შესრულების მიზნით შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო განკარგულებიდან 3 თვის ვადაში, თუმცა მხარის გამოუცხადებლობის გამო ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
საინტერესოა, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით 2018 წლის 12 ივნისს შეიტანა განცხადება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების მოთხოვნით. აღნიშნული განცხადების პასუხად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 10 სექტემბერს გასცა N4/50289 წერილი უარის თქმის შესახებ, ამავე წერილში აღნიშნულია, რომ აღნიშნული N--- განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გასაფორმებლად მყიდველის (ანუ მოსარჩელის) გამოუცხადებლობის გამო N--- განკარგულებამ ძალა დაკარგა; ასევე აღნიშნულია „ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 5.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადასახდელად სააგენტოს 2017 წლის რიგ წერილებით მოსარჩელეს არაერთგზის განესაზღვრა დამატებითი ვადა, რის გამოც სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ“.
სასამართლო აღნიშნავს რომ: განცხადება შეტანილია 2018 წლის 12 ივნისს, ხოლო პასუხი გაცემულია 2018 წლის 10 სექტემბერს, სამი თვის შემდეგ, ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ სააგენტოს გადაწყვეტილების შემდეგ; სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის N4/50289 წერილში მითითებულია რიგი წერილები - დათარიღებული 2017 წლით, რა დროსაც ხელშეკრულების თაობაზე 2018 წლის 6 მარტის მთავრობის N--- განკარგულებით განსაზვრულია ახალი ვადები, ამასთან მოსარჩელე დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლდა. შესაბამისად დაუდგენლად დარჩა მოსარჩელის აღნიშნული 2018 წლის 12 ივნისის განცხადება იყო თუ არა გამოკვლეული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული აქტის გამოტანისას; ასევე დაუდგენელად დარჩა ის გარემოება, დარღვეულია თუ არა N--- განკარგულებით განსაზვრული ახალი პირობები, არ იკვეთება, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული აქტის გამოტანისას გამოკვლეული იყო ეს გარემოებაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის 2018 წლის 12 ივნისის განცხადება (ს.ფ.57-58)
- საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულება(ს.ფ. 160-162);
- აღნიშნული სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ.222);
- აღნიშნული 4/17923 წერილი (ს.ფ.257);
- აღნიშნული N4/50289 წერილი (ს.ფ.158);
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ. 93-103).
- ფოსტის კურიერის ჩვენება (15.04.2019 წ. სხდომის ოქმი ს.ფ. 270);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 18.09.2018 წლის N1/1----- ბრძანება და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N1/1----- ბრძანება ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, კერძოდ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი/მ ხ-----–--–---–--ეს შორის 2015 წლის 07 დეკემბერს დადებული ნასყიდობის (პრივატიზების შესახებ) ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
2015 წლის 07 დეკემბრის აღნიშნული ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოცემული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ხოლო შეწყვეტის შესახებაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გასაჩივრებულია მოსარჩელის მიერ.
შესაბამისად მოცემულ შემთხვევაში დავა დაკავშირებულია ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტასთან. შესაბამისად მოცემული დავა განიხილება არა მხოლოდ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბატილად ცნობის კუთხით, არამედ კომპლექსურად, როგორც დავა დაკავშირებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტასთან (არა მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით, არამედ ასევე ამავე კოდექსის 251-ე მუხლით).
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
ამავე კოდექსის 251-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.
2015 წლის 07 დეკემბრის ადმინისტრაციული ხელშეკრულების 9.2 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში დავას წყვეტს სასამართლომ.
გასაჩივრებული ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით - 2018 წლის 18 სექტემბრის N1/1----- ბრძანებით გასაჩივრება გათვალისწინებულია სასამართლოს მეშვეობით.
6.2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულების ბათილად გამოცხადებას აწესრიგებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ხელშეკრულება ასევე ბათილია იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების შემთხვევაში, რომლის საფუძველზედაც დაიდო ხელშეკრულება.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 1. გარემოებათა არსებითად შეცვლისას, რაც ზიანს აყენებს მხარეს ან საზოგადოებრივ ინტერესს, მხარე უფლებამოსილია მეორე მხარეს მოსთხოვოს თანხმობა ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაცვლელად. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ცვლილება ხელშეკრულებაში არსებითად ეწინააღმდეგება ხელშეკრულების შინაარსს, მხარე უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულების გაუქმება.
შესაბამისად დასადგენია რამდენად კანონიერია ადმინისტრაციული ხელშეკრულების ცალმხრივი შეწყვეტა და ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული აქტი.
6.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩააბას დაინტერესებული მხარე მისი მოთხოვნის საფუძველზე, ხოლო კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში ვალდებულია უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობა უნდა შეიცავდეს: ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებასა და მისამართს, რომელშიც მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება; ბ) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღს; გ) ადმინისტრაციული წარმოების საგნის მოკლე აღწერას; დ) წარმოებაში მონაწილე დაინტერესებულ მხარეთა ვინაობას; ე) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
მოცემულ შემთხვევაში გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ) აშკარად გაუარესდა მოსარჩელის სამართლებრივი მდგომარეობა, ამასთან საქმის მასალებით არ ირკვევა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს აცნობეს ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, მათ შორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის შესახებ.
მოპასუხე მხარის განმარტებით, მოსარჩელე შეტყობინებული იყო ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე და რომ გამოუცხადებლობის (შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გაუფორმებლობის) შემთხვევაში მთავრობის განკარგულება ძალას კარგავდა და შეიძლება ხელშეკრულება შეწყვეტილიყო. თუმცა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თარიღის და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის შესახებ მოსარჩელე არ იყო შეტყობინებული, ასევე მოსარჩელე როგორც დაინტერესებული პირი არ იყო მიწვეული. ამასთან დადგენილია, რომ 2018 წლის 12 ივნისს მოსარჩელემ შეიტანა განცხადება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში, და ვერ დადგინდა აღნიშნული განცხადება იყო თუ არა გამოკვლეული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული აქტის გამოტანისას, ასევე ვერ დადგინდა, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული აქტის გამოტანისას გამოკვლეული იყო თუ არა საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულებით განსაზვრული ახალი პირობების შესაძლო დარღვევის შესახებ (იხ. 3.2.1.).
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე და 96-ე მუხლების მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით.
6.4. გასაჩივრებულ აქტში, აქტის გომოცემის საფუძვლად მითითებულია: 2015 წლის 7 დეკემბრის ნასყიდობის ხელშეკრულება; სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის N4/50289 წერილი; საქ. მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბერის N391 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი; საქ. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი. საიდანაც N391 დადგენილება და საქ. სამოქალაქო კოდექსი არიან ნორმატიული აქტები, ერთი ადმინისტრაციული ხელშეკრულებაა, ხოლო N4/50289 წერილი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თანაბარი დოკუმენტია, ამასთან არ მოხდა აღნიშნილი ნორმების და დოკუმენტების ინტერპრეტაცია, გამოყენების განმარტება და დასაბუთება.
6.4.1. საქ. მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბერის დადგენილებით დამტკიცებული სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს, რომ სააგენტოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულსამართლებრივ აქტებს. ანუ N391 დადგენილება არუგულირებს სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტების გამოცემაზე და გასაჩივრებული აქტის მიმართ ატარებს საპროცესო/ფორმალური და არა მატერიალური ხასიათს.
6.4.2. ხოლო გასაჩივრებული აქტით შეწყვეტილია სწორედ 2015 წლის 7 დეკემბრის ნასყიდობის ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომელიც შესაბამისად წარმოადგენს შეწყვეტის საგანს.
6.4.3. საქ. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ითვალისწინებს ვალდებულების დარღვევისას დამატებითი ვადის დაწესებას. ამასთან გაუგებარია ამ ნორმის გამოყენება, ვინაიდან არ არის აღნიშნული გარემოებები, რომლის თაობაზეც გამოყენებულია ეს მუხლი. მითუმეტეს 2018 წლის 6 მარტის მთავრობის N--- განკარგულებით განსაზვრულია ახალი ვადები და ახალი ვადების გათვალისწინებით საქ. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი ვადის დაწესება არ იკვეთება.
6.4.4. სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენლის განმარტების გათვალისწინებით, ადმინისტრაციული ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული აქტის ერთადერთი არსებითად მატერიალური დასაბუთება გაცემულია სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის N4/50289 წერილით, რომლითაც დგინდება რომ: საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულების შესრულების მიზნით, შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულების გასაფორმებლად მყიდველის (ანუ მოსარჩელის) გამოუცხადებლობის გამო აღნიშნულმა N--- განკარგულებამ ძალა დაკარგა; ასევე აღნიშნულია - „ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და 5.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად და მათი შეუსრულებლობისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს გადასახდელად სააგენტოს 2017 წლის რიგი წერილებით მოსარჩელეს არაერთგზის განესაზღვრა დამატებითი ვადა. ფაქტობრივად აღნიშნულის გამოც სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.
თუმცა დაუდგენლად დარჩა, მთავრობის აღნიშნული N--- განკარგულებით შექმნილ გარემოებებში და ახალი ვადების გათვალისწინებით ხელშეკრულების 3.1.1 და 5.2 მუხლების პირობები დარღვეულია თუ არა. ასევე ახალი ვადების გათვალისწინებით საქ. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის შესაბამისად დამატებითი ვადის დაწესება არ იკვეთება.
შესაბამისად სათანადოდ არ იყო გამოკვლეული და შეფასებული საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულებით შექმნილ ახალ გარემოებებში და ახალი ვადების გათვალისწინებით ვალდებულების დარღვევის და თუ ვალდებულება დარღვეულია - დამატებითი ვადის დაწესების თაობაზე გარემოებები.
6.5. რაც შეეხება საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის და სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის გამოყენების საკითხს:
6.5.1. საქმეში არსებული 2018 წლის 07 ივნისის სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სამართლებრივი სამსახურის უფროსის სამსახურებრივ ბარათში არის მსჯელობა, რომ საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულების მიხედვით, შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო განკარგულებიდან 3 თვის ვადაში, თუმცა მხარის გამოუცხადებლობის გამო ხელშეკრულება არ გაფორმებულა. იგივე აზრს შეიცავს სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს 2018 წლის 10 სექტემბრის N4/50289 წერილი.
შესაბამისად ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გასაჩივრებული ბრძანების მთავარი სამართლებრივი დასაბუთება არის, რომ შესაბამისი ცვლილების ხელშეკრულება უნდა გაფორმებულიყო საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულებიდან 3 თვის ვადაში, თუმცა მხარის გამოუცხადებლობის გამო ხელშეკრულება არ გაფორმებულა, და ცვლილების ხელშეკრულების გასაფორმებლად მყიდველის (ანუ მოსარჩელის) გამოუცხადებლობის გამო N--- განკარგულებამ ძალა დაკარგა. ამასთან მოპასუხე ემყარება სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლს.
6.5.2. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების უფლება აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოს.
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულია ნორმატიული აქტის მოქმედება დროში.
ამავე კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი ძალას კარგავს, თუ: ა) გავიდა ვადა, რომლითაც იგი იყო მიღებული (გამოცემული); ბ) მიღებულია (გამოცემულია) ნორმატიული აქტი, რომელიც მას ძალადაკარგულად აცხადებს; გ) უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციისა და სხვა საკანონმდებლო აქტის მიხედვით იწვევს მისი იურიდიული ძალის დაკარგვას. ამავე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, არ შეიძლება რომელიმე ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება. ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია გააუქმოს საქართველოს მინისტრის ნორმატიული აქტი მისი კანონიერების ან მიზანშეუწონლობის მოტივით. ამავე მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნულ საკითხებს განიხილავენ და წყვეტენ ნორმატიული აქტის მიმღები (გამომცემი) ორგანოს (თანამდებობის პირის) ზემდგომი ორგანო (თანამდებობის პირი), საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით − შესაბამისი სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანო, აგრეთვე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საერთო სასამართლოები თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში.
6.5.3. მოცემულ შემთხვევაში მთავრობის 2018 წლის 6 მარტის N--- განკარგულებაში არ არის მითითებული ნორმა, რითაც რაღაცა პირობების გამო, განკარგულება ან მისი ნაწილი ძალას კარგავს.
ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლისა და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოთა იერარქიის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის განკარგულებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსის ადმინისტრაციული-ნორმატიული აქტების მიმართ.
არ შეიძლება რომელიმე ადმინისტრაციული-ნორმატიული აქტით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე ნორმატიული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება, თუ კონსტიტუცია და სხვა საკანონმდებლო აქტი არ იწვევს ამ აქტის იურიდიული ძალის დაკარგვას და თვით გადაწყვეტილების მიმღებმა ორგანომ ძალადაკარგულად არ გამოაცხადა ეს აქტი ან მისი ნაწილი.
6.5.4. მოცემულ შემთხვევაში კონსტიტუცია და სხვა საკანონმდებლო აქტი არ იწვევს საქართველოს მთავრობის 06.03.2018 წლის N--- განკარგულების იურიდიული ძალის დაკარგვას.
მოპასუხე მხარე აპელირებდა სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლზე, კერძოდ, რომ აღნიშნული მუხლის მე-31-ე პუნქტის შესაბამისად, აუქციონის ფორმით პრივატიზებისას შესაბამისი ხელშეკრულება იდება აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას – შესაბამისი აქტის მიღებიდან 3 თვის ვადაში.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის ამ მოსაზრებას, ვინაიდან სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის 31-ე მუხლი ითვალისწინებს გარიგების გაფორმების წესს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პრივატიზებისას. აღნიშნული მუხლის საფუძველზე ხელშეკრულება არ დგება თუ პრივატიზებისას 3 თვის ვადაში არ იყო შესრულებული პრივატიზების პირობები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში პრივატიზების ეტაპი არ არის, არამედ პოსტპრივატიზაციის სტადიაა, მხარეთა შორის უკვე არსებობს პრივატიზების შესახებ ხელშეკრულება, უფრო მეტიც ეს მუხლი პირდაპირ არ ითვალისწინებს პრივატიზების შესახებ უკვე არსებული ხელშეკრულების შეწყვეტის ან ცვლილების ვადებს.
სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონი (მათ შორის მე-3 პრიმა მუხლი) არ შეიცავს პირდაპირ ნორმას - პრივატიზების შესახებ უკვე არსებული ხელშეკრულების ცვლილების თაობაზე მთავრობის აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების (იურიდიული ძალის დაკარგვის) თაობაზე.
მთავრობის N--- განკარგულების საფუძველზე ცვლილება უნდა შევიდეს არსებული ხელშეკრულებაში, ამასთან ადრე დაკისრებული სანქციები (პირგასამტეხლო და ა.შ) გაუქმებულია. შესაბამისად ამ ეტაპზე არ არსებობს სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 პრიმა მუხლის გამოყენების წინაპირობები.
შესაბამისად მთავრობის 2018 წლის 6 მარტის N--- განკარგულების ძალადაკარგულად ცნობის საკითხი არასწორად იყო გამოკვლეული. მოპასუხის, როგორც ქვემდებარე დაწესებულების, მიერ ზემდგომი ორგანოს - მთავრობის აქტი/განკარგულება რატომ გამოცხედდა ძალადაკარგულად, თუ თვით მიმღებმა ორგანომ არ გამოაცხადა თავისი აქტი ძალადაკარგულად და კანონი არ იწვევს ამ აქტის იურიდიული ძალის დაკარგვას.
6.6. აღნიშნულ დაუდგენელ გარემოებებს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს, შესაბამისად საჭიროა ამ გარემოებების გამოკვლევა და შეფასება, რის შემდეგაც ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა სასკ-ის 32.4 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების და შეფასების გარეშე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევა, რის გამოც არსებობს ხ-----–--–---–--ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N1/1----- ბრძანება და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს საქმის გარემოებების გამოკვლევის საფუძველზე ახალი აქტის გამოცემა. სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას წარმოდგენილი მტკიცებულებათა შესაბამისად უნდა დაადგინოს საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება.
7. საპროცესო ხარჯები:
რაც შეეხება სახელმწიფო ბაჟის საკითხს, მოსარჩელე მხარის მიერ სარჩელის წარდგენის მომენტისათვის სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 (ასი) ლარი, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
საქართვეოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქ. კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის „ს1“-ე ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო – სახელმწიფო ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე;
მოცემულ შემთხვევაში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ სადაო საკითხის გადაუწყვეტლად, შესაბამისად სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2-ე, მე-12, 22-ე 32.4-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244, 248-ე, 249-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ხ------–--–---–--ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის N1/1----- ბრძანება და დაევალოს მოპასუხეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადაო საკითხთან დაკავშირებით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შემოტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. ახალქალაქი მ.მაშტოცის ქ. N110) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის დღიდან;
მოსამართლე არარატ ესოიან