გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.03.2019
საქმის ნომერი
010210017001800641
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
20.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001800641

2-428/17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

სარეზოლუციო ნაწილი

20/03/2019 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - გოჩა ფუტკარაძე

სხდომის მდივანი - ნინო ცინცაძე

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - დ---------------ე

მოპასუხე - მ------ ს-----ე

წარმომადგენელი - დ-----–--------------------------ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

შეგებებული სარჩელი

მოსარჩელე მ------ ს-----ე

წარმომადგენელი - დ-----–--------------------------ი

მოპასუხე --სს ,,ს----------–--------ი“

წარმომადგენელი - დ---------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

სს ,,ს----------–--------ი“ სასარჩელო განცხადებით მოითხოვს მ------ ს-----ეს მის სასარგებლოდ დაეკისროს 2875,60 აშშ დოლარის გადახდა.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

2013 წლის 8 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და მ------ ს-----ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა სარგებელის სახით წლიური 15.0 %-ის დარიცხვის პირობით მ------ ს-----ეს 60 თვის ვადით ასესხა 17 440 აშშ დოლარი. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მხარეები ასევე შეთანხმდნენ მასზედ, რომ სესხის დაფარვის ვადაგადაცილებისათვის სესხს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება სესხის 0.5 %. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,KI---------E”“ სახ. ნომერი D------.

 

2013 წლის 8 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და მ------ ს-----ეს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული ხელშეკრულება, რომლითაც მ------ ს-----ეს უნდა გადაეხადა დაზღვევის თანხები. დაზღვევისათვის კრედიტის მაქსიმალური ოდენობაა 1468.95 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 18 %-ით.

 

მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა და სესხის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე, რის გამოც დღის წესრიგში დადგა გირავნობის საგნით სესხის დაფარვის აუცილებლობა. სს ,,ს----------–--------მა“ ავტომაქანა მიიღო საკუთრებაში და თავის ბალანსზე აიყვანა 10 000 აშშ დოლარად. აღნიშნული თანხით შემცირდა მ------ ს-----ის დავალიანება. საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დაიფარა ძირი თანხა - 6388.73 აშშ დოლარი, სარგებელი - 650.92 აშშ დოლარი, 1359.20 აშშ დოლარით დაიფარა პირგასამტეხლო. სულ დაიფარა 8398.85 აშშ დოლარის ვალი. დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაიფარა ძირი თანხა 1151.72 აშშ დოლარი, სარგებელი 92.39 აშშ დოლარი, ხოლო 357.04 აშშ დოლარით დაიფარა პირგასამტეხლო. განმარტავს, რომ გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების შემდეგ, მ------ ს-----ეს მოსარჩელისათვის გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 2561.87 აშშ დოლარი, სარგებელი 209.64 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 104.09 აშშ დოლარი.

 

1.1. მოპასუხის პოზიცია:

მ------ ს-----ე სარჩელს არ სცნობს. ის ადასტურებს მოსარჩელესთან დადებულ საკრედიტო და დაზღვევის ხელშეკრულებებს. ადასტურებს სესხის იმ პირობებს, რაც ხელშეკრულებაშია მითითებული. ასევე ადასტურებს, რომ სესხი ვერ დაფარა, მაგრამ არ ეთანხმება გირავნობის საგნის დასაკუთრების შემდეგ დავალიანების არსებობას. განმარტავს, რომ ბანკმა გამოიყენა თავისი დომინირებული მდგომარეობა და მას დაარიცხა შეუსაბამოდ მაღალი საპროცენტო სარგებელი, რითაც ხელოვნურად გაზარდა დავალიანება. გადა ამისა პირგასამტეხლო დაიანგარიშა მაღალი საპროცენტო მაჩვენებლიდან, რის უფლებაც მას არ ჰქონდა. გარდა ამისა გირავნობის საგანი მან 2013 წელში შეიძინა 24 000 აშშ დოლარად. სამი წლის შემდეგ ის ბანკმა საკუთრებაში აღრიცხა 10 000 აშშ დოლარად. ავტომანქანა არ იყო დაზიანებული და მისი ღირებულება ვერ შემცირებოდა 24 000 აშშ დოლარიდან 10 000 აშშ დოლარამდე. 2016 წელში მისი ღირებულება შეადგენდა 16 650 აშშ დოლარს. დასახელებული თანხა სავსებით საკმარისი იყო ვალის დასაფარად. მიუხედავად ამისა სს ,,ს----------–--------მა“ მას არ მისცა საშუალება ავტომანქანა გაეყიდა და დაეფარა სესხი. აღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით მიაჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

2. შეგებებული სარჩელი

მ------ ს-----ე შეგებებული სარჩელით მოითხოვს სს ,,ს----------–--------ს“ მის სასარგებლოდ დაეკისროს 6650 აშშ დოლარის გადახდა.

 

მ------ ს-----ის წარმომადგენლები შეგებებულ სარჩელს ასაბუთებენ შემდეგი არგუმენტებით:

მ------ ს-----ემ, საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე 2013 წლის 8 იანვარს სს ,,ს----------–--------ისაგან“ სესხად მიიღო 17 440 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, სარგებელის სახით წლიური 15.0 %-ის დარიცხვის პირობით. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მ------ ს-----ის ავტომანქანა ,,KI---------E”“ სახ. ნომერი D------. მაღალი სარგებელისა და პირგასამტეხლოების დარიცხვის გამო, მ------ ს-----ემ ვერ შეძლო სესხის დაფარვა, რის გამოც სს ,,ს----------–--------მა“ გადაწყვიტა სესხი დაეფარა გირავნობის საგნით. მ------ ს-----ემ ბანკში მიიყვანა ავტომანქანის რეალური მყიდველი, ვინც ავტომანქანაში გადაიხდიდა 17 000 აშშ დოლარს, მაგრამ ბანკმა მ------ ს-----ეს საშუალება არ მისცა ავტომანქანა თავად გაეყიდა. შედეგად 16650 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა დაისაკუთრა 10 000 აშშ დოლარად. ამ გზით მან მიითვისა მ------ ს-----ის კუთვნილი 6650 აშშ დოლარი.

 

2.1. შეგებებული სარჩელის მოპასუხის პოზიცია:

სს ,,ს----------–--------ი“ შეგებებულ სარჩელს არ სცნობს. მისი წარმომადგენელი განმარტავს, რომ სესხზე დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო შეესაბამება მხარეთა შეთანხმებას და არ ეწინააღმდეგება კანონს. ავტმანქანის ღირებულებასთან დაკავშირებით განმარტავს, რომ ავტომანქანა შეფასებული იქნა სპეციალისტის მიერ და მისი ღირებულება შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს. შესაბამისად ავტომანქანა საკუთრებაში იმ ფასად იქნა აყვანილი, რაც მისი ღირებულება იყო. შეგებებულ სარჩელს მიიჩნევს უსაფუძვლოდ და მოითხოვს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. 2013 წლის 8 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და მ------ ს-----ეს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც სს ,,ს----------–--------მა” სარგებელის სახით წლიური 15.0 %-ის დარიცხვის პირობით მ------ ს-----ეს 60 თვის ვადით ასესხა 17 440 აშშ დოლარი. სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო მხარეებს შორის შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 8 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 15-18

- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ს.ფ.

 

3.1.2 სს ,,ს----------–--------ი“ და მ------ ს-----ე ხელშეკრულებით შეთანხმდნენ მასზედ, რომ სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, დავალიანებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება სესხის 0.5 %.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 8 იანვრის საკრედიტო ხელშეკრულება. ს.ფ. 15-18

- საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ს.ფ.

 

3.1.3. ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა ,,KI---------E”“ სახ. ნომერი D------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 8 იანვრის გირავნობის ხელშეკრულება. ს.ფ. 15-18

 

3.1.4. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებით, 2013 წლის 8 იანვარს სს ,,ს----------–--------სა“ და მ------ ს-----ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც მ------ ს-----ეს უნდა გადაეხადა დაზღვევის თანხები. დაზღვევისათვის კრედიტის მაქსიმალური ოდენობაა 1468.95 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, სესხის სარგებელი განისაზღვრა წლიური 18 %-ით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013 წლის 8 იანვრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. ს.ფ. 15-18

 

3.1.5. მ------ ს-----ემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა და გრაფიკის მიხედვით თანხა ვერ გადაიხდა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები.

 

3.1.6. სს ,,ს----------–--------მა“ მ------ ს-----ეს 2016 წლის 26 მარტს მიმართვით აცნობა, რომ სესხი აღარ იფარებოდა გრაფიკის მიხედვით და მას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო. ბანკმა მას აცნობა, რომ საერთო ჯამში გადასახდელი აქვს 9 626.06 აშშ დოლარი. მის დასაფარად ბანკმა მ------ ს-----ეს დაუნიშნა დამატებითი ვადა 14 დღე და მოსთხოვა ამ ვადაში სრულად დაეფარა დავალიანება, ან გირავნობის საგანი გადასცეს ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. გაფრთხილების მიღებას მ------ ს-----ე არ უარყოფს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 26 მარტის მიმართვა.

 

3.1.7. უდაოა გარემოებაა, რომ მ------ ს-----ემ დამატებით ვადაში სესხი არ დაფარა. აღნიშნულის გამო ბანკმა გირავნობის საგანი გადაიყვანა ავტოსადგომზე და შეაფასა 10 000 აშშ დოლარად. 2016 წლის 22 ივნისის მ------ ს-----ეს მიმართვით აცნობა, რომ თუ 2016 წლის 27 ივნისამდე გადაიხდიდა 10 000 აშშ დოლარს, მაშინ ავტომანქანას გაათავისუფლებდა გირავნობისაგან და დაუბრუნებდა მას. წინააღმდეგ შემთხვევაში ავტომანქანას დაისაკუთრებდა ბანკი. მისი ღირებულებით კი შემცირდებოდა დავალიანება. მიმართვა მ------ ს-----ეს ჩაბარდა 2016 წლის 22 ივნისს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 22 ივნისის მიმართვა.

 

3.1.8. სადაო არაა ის ფაქტი, რომ სს ,,ს----------–--------მა“ გირავნობის საგანი 10 000 აშშ დოლარის ღირებულებით მიიღო საკუთრებაში. ამ თანხის მოცულობის ვალი ჩაუთვალა გადახდილად. ბანკმა თანხა გადაანაწილა შემდეგნაირად:

- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დაიფარა ძირი თანხა - 6388.73 აშშ დოლარი, სარგებელი - 650.92 აშშ დოლარი, 1359.20 აშშ დოლარით დაიფარა პირგასამტეხლო. სულ დაიფარა 8398.85 აშშ დოლარის ვალი. დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაიფარა ძირი თანხა 1151.72 აშშ დოლარი, სარგებელი 92.39 აშშ დოლარი, ხოლო 357.04 აშშ დოლარით დაიფარა პირგასამტეხლო.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს ,,ს----------–--------ის“ შეტყობინება.

 

3.1.9. მხარეები არ დაობენ მასზედ, რომ 2016 წლის 12 ოქტომბერს სს ,,ს----------–--------მა“ გირავნობის საგანი გაყიდა 10 500 აშშ დოლარად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მხარეთა შორის ძირითადი სადაო ფაქტობრივი გარემოებაა:

- გირავნობის საგნის რეალური ღირებულება;

- დავალიანების მოცულობა.

3.2.2. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადაო, მაგრამ დავის გადაწყვეტისათვის ამ გარემოების დადგენა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა.

3.2.3. მ------ ს-----ე ამტკიცებს, რომ ავტომანქანის ღირებულება შეადგენდა 16 650 აშშ დოლარს. სს ,,ს----------–--------ი“ ამტკიცებს, რომ ავტომანქანის ღირებულება რეალიზაციის მომენტისათვის შეადგენდა 10 000 აშშ დოლარს. ფაქტობრივად საქმეში მონაწილე მხარეები იძლევიან ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს. მათ მიერ დასახელებული ფაქტობრივი გარემოებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებებს, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

3.2.4. ფაქტობრივი გარემოების სადაოობისას სასამართლო ხელმძღვანელობს შეჯიბრებითობის, დისპოზიციურობისა და თანასწორობის პრინციპით, რაც გულისხმობს მას, რომ საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მხარეს, რომელსაც დაეკისრება რომელიმე ფაქტის დამტკიცება, მისთვის ასეთი გარემოების დამტკიცება ობიექტურად შესაძლებელი უნდა იყოს. მხარეებს არ უნდა დაეკისროთ იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მისთვის ობიექტურად შეუძლებელია. სასამართლო მიიჩნევს, რომ ავტომანქანის ღირებულების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა გადანაწილდეს თანაბრად. სს ,,ს----------–--------ს“ უნდა დაეკისროს დაამტკიცოს, რომ 2016 წლის 30 ივნისის მდგომარეობით ავტომანქანა ,,KI---------E”“ სახ. ნომერი D------, ღირდა 10 000 აშშ დოლარი. თავის მხრივ მ------ ს-----ემ უნდა დაამტკიცოს რომ ავტომანქანის ფასი შეადგენდა 16660 აშშ დოლარს.

3.2.5. სს ,,ს----------–--------მა“ უნდა დაამტიცოს, რომ სესხზე დაგროვილ ვალზე 10 000 აშშ დოლარის გაკლების შემდეგ, მ------ ს-----ეს გადასახდელი დარჩა ძირი თანხა 2561.87 აშშ დოლარი, სარგებელი 209.64 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 104.09 აშშ დოლარი.

3.2.6. მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება არ გამორიცხავს მხარეთა უფლებას, წარმოადგინონ ის მტკიცებულებები, რომელიც არაა დაკავშირებული დაკისრებული მტკიცების ტვირთთან, მაგრამ დაკავშირებულია საქმის სადაო ფაქტობრივ გარემოებებთან. ამ გზით ისინი შეძლებენ მოწინააღმდეგე მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გაბათილებას. სასამართლო მიიჩნევს, რომ მტკიცების ტვირთის ამდაგვარი გადანაწილება სრულებით შეესაბამება შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს და სამართლიანი განაწილებაა.

3.2.7. სს ,,ს----------–--------მა“ ავტომანქანის 10 000 აშშ დოლარად ღირებულების დადასტურების მიზნით, წარმოადგინა თავისი ზეპირი განმარტება.

3.2.8. გარდა ზეპირი განმარტებისა, სს ,,ს----------–--------მა“ ავტომანქანის 10 000 აშშ დოლარად ღირებულების დამტკიცების მიზნით წარმოადგინა სატრანსპორტო საშუალების შეფასების აქტი №7382. დასახელებული დოკუმენტი შედგენილია გირავნობით დატვირთული ავტომანქანის ღირებულების განსაზღვრისათვის. იგი შეადგინა შემფასებელმა - საკრედიტო ექსპერტმა. სს ,,ს----------–--------ის“ წარმომადგენელმა სხდომაზე განმარტა, რომ ის ბანკის მიერ დაქირავებული შემფასებელია. აქტში ავტომანქანის მახასიათებლად მითითებულია:

- გარბენი - 57 000 კვ.მ.

- საწვავი - ბენზინი;

- ტიპი - მაღალი გამავლობის;

- ტიპ-ტრონიკი;

- თვლები - 4X4;

- ავტომობილის მდგომარეობა - საშუალო;

- ასევე მითითებულია ტექნიკური მახასიათებლები (მაგ. სალონი, ჰიდრავლიკა, საკეტები და ა.შ.)

- დაზიანება - მცირე ჭყლეტვა და ნაკაწრები.

საერთო ჯამში აქტში აღწერილია ავტომანქანის მდგომარეობა და გამოყვანილია მისი ფასი. აქტის მიხედვით ავტომანქანის ღირებულება შეადგენს 10 000 აშშ დოლარს,იხ. ავტომობილის შეფასების აქტი. ს.ფ.115.

 

3.2.10. მ------ ს-----ემ შეფასების აქტში სადაო გახადა შემფასებლის კომპეტენცია. ამტკიცებს, რომ ბანკის შემფასებელი არაა ის პირი ვისაც ავტომანქანის საბაზრო ღირებულების შეფასების კომპეტენცია გააჩნია.

იხ. შესაგებელი და სხდომის ოქმში წარმომადგენლის განმარტებები.

3.2.11. სს ,,ს----------–--------მა“ შემფასებლის კომპეტენციის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოადგინა.

3.2.12. მ------ ს-----ემ სადაო გახადა ავტომანქანის მცირე ჭყლეტვა და ნაკაწრები.

3.2.13. სს ,,ს----------–--------მა“ ავტომანქანის მცირე ჭყლეტვისა და ნაკაწრების დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოადგინა.

3.2.14. მ------ ს-----ემ მოსარჩელის არგუმენტების გაბათილების მიზნით წარმოადგინა ავტო სატრანსპორტო საშუალება ,,KI---------E”“ სახ. ნომერი D------ შეფასების ანგარიში. ავტომანქანის ღირებულება შეაფასა მოძრავი ქონების შემფასებლის სერთიფიკატის მქონე პირმა, ემზარ ქათამაძემ. შეფასების აქტში მითითებულია, რომ სადაო ავტო სატრანსპორტო საშუალება ,,KI---------E”-ს საბაზრო ღირებულება შეადგენს 16650 აშშ დოლარს. შემფასებელისათვის ავტომანქანა არ წარუდგენიათ. მან ავტომანქანა შეაფასა მიდია ს-----ის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. ეს ინფორმაციაა:

- ავტომანქანის გამოშვების დრო - 2012 წელი;

- ფერი - შავი;

- ტიპი - მსუბუქი, მაღალი გამავლობის;

- გარბენი - 45 000 კმ;

- მდგომარეობა - დაზიანებათა გარეშე, ესთეტიკური და ტექნიკური ხარვეზის გარეშე;

- შეძენის ადგილი - ავტოსალონი.

მოცემულობები, ექსპერტმა შეადარა იმავე პერიოდში მსგავსი სატრანსპორტო საშუალების საბაზრო ღირებულებებს და ამ მეთოდით მის ფასად განსაზღვრა 16650 აშშ დოლარი.

იხ. შეფასების ანგარიში.ს.ფ. 82-92

 

3.2.15. სასამართლო განმარტავს, რომ ავტომანქანის ფასი, ფაქტობრივი გარემოებებაა. მისი ღირებულების დამტკიცებაში მხარეები ერთმანეთს ეჯიბრებიან მტკიცებულებებით. ამიტომ მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, უნდა ქმნიდეს დამაჯერებელ შინაგან რწმენას მისი ღირებულების შესახებ. თითოეული მტკიცებულება ფასდება სასამართლოს მიერ და ამიტომაც არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ფაქტობრივი გარემოების დადასტურებისათვის ყველა მტკიცებულება არ გამოდგება. მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ხშირად კონკრეტული ფაქტის დამადასტურებელია და ხშირად ასეთი ფაქტის დადასტურებისათვის არაა საკმარისი. სასამართლომ უნდა შეადაროს სს ,,ს----------–--------ის“ მიერ წარმოდგენილი შეფასების აქტი და მ------ ს-----ის მიერ წარმოდგენილი შეფასების ანგარიში. მასში მოცემული დებულებები კრიტიკულად შეაფასოს და გადაწყვიტოს რომელი უფრო მყარი და სარწმუნოა. შეფასებაში პრობლემას ქმნის ის, რომ ორივე დოკუმენტი ცალ-ცალკე კონკრეტულ ფასს ადატურებს. თუმცა ორივე ერთად ავტომანქანის ფასის განსაზღვრისათვის არ გამოდგება შეფასებაში ღირებულების სხვადასხვაგვარად გადაწყვეტის გამო. ასეთ სიტუაციაში სასამართლომ უნდა გაითვალისწინეოს მისი შედგენის თარიღი, შემფასებლის პროფესიონალიზმი, ავტომანქანის მდგომარეობა და სხვა აუცილებელი საკითხები. პირველ რიგში აუცილებლად გასათვალისწინებელია შემფასებლის კომპეტენციის მტკიცების პრობლემის საკითხი. როცა ერთერთი მხარე დაობს შემფასებლის უნარ-ჩვევებზე და შეფმასებლის კომპეტენტურობაზე, მეორე მხარემ აუცილებლად უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება მასზედ, რომ შემფასებელი, ვისაც დაუკვეთა ავტომანქანის შეფასება, შეფასებისათვის კომპეტენტური პირია. ზოგადად ნივთის შეფასებას ყველა ადამიანი ახდენს. ხშირია შემთხვევა, როცა მყიდველი ვიზუალური დაკვირვებით აფასებს მანქანას. ასეთ შემთხვევაში მყიდველიც შემფასებელია. შემფასებელს წარმოადგენს გამყიდველიც, მაგრამ მათი შეფასებები არარის დაფუძნებული ბაზრის კვლევებზე და მათი შეფასება სავსებით შესაძლებელია არ იყოს ობიექტური. თუმცა მათი შეფასებაც გარკვეულ წილად ღირებულებასთან დაკავშირებული შეფასებაა. როცა ავტომანქანა გირავნობის საგანია და მისი ღირებულებით უნდა მოხდეს ვალის გაქვითვა, აუცილებელია მისი ღირებულების ობიექტური შეფასება. კრედიტორი ხშირად ცდილობს იაფად შეაფასოს მისი ღირებულება და გაზარდოს მისი მოგება და პირიქით, მოვალე ცდილობს ძვირად შეაფასოს მისი ქონება და ამ გზით უფრო მეტი თანხა გაქვითოს ვალიდან. ამ ორი სხვადასვა ინტერესების მქონე სუბიექტისათვის ბალანსის დამდგენია ობიექტური, ნეიტრალური შემფასებელი, ვინც აღჭურვილი იქნება კონკრეტული ნივთის კვლევისათვის საჭირო ცოდნით და ასევე ექნება ბაზრის კვლევის უნარი და გამოცდილება. ეს შესაძლებელია იყოს ბანკის მიერ მოწვეული საკრედიტო ექსპერტი და ასევე შეიძლება იყოს მ------ ს-----ის მიერ მოწვეული შემფასებელი. აქ გადამწყვეტია კომპეტენცია და ობიექტურობა. სს ,,ს----------–--------მა“ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება მასზედ, რომ შემფასებელი კომპეტნტური პირია. მ------ ს-----ემ კი წარმოადგინა შემფასებლის სერთიფიკატი, სადაც მითითებულია, რომ შემფასებელი მოძრავი ნივთების შეფასებაში კომპეტენტური პირია. შესაძლებელია ბანკის შემფასებელიც კომპეტენტური პირია, მაგრამ საქმეში არ მოიპოვება მისი კომპეტენციის დამადასტურებელი მტკიცებულება, სწორედ ამიტომ ამ საკითხს უნდა მიენიჭოს გარკეული მნიშვნელობა. გარდა ამისა მხარეთა განმარტებებით სასამართლომ დაადგინა, რომ გირავნობის საგანი 2013 წელში მ------ ს-----ემ ავტო სალონში შეიძინა 24 000 აშშ დოლარად. 2016 წელში მისი ჩვეულებრივი ცვეთის გათვალისწინებით ავტომანქანის ფასის 10 000 აშშ დოლარამდე შემცირება არ შეესაბამება ლოგიკურ ახსნას. თუ მისი ფასის შემცირება დაკავშირებულია დაზიანებასთან, ვალუტის ცვლილებასთან, ახალ ტექნილოგიებთან ან სხვა ობიექტურ გარემოებასთან, მაშინ შემფასებელს ეს ახსნილი უნდა ჰქონდეს თავის აქტში. ან კიდე სს ,,ს----------–--------მა“ უნდა დაასაბუთოს საქმის განხილვისას. ასეთი დასაბუთება მას არ აქვს. მაშინ როცა:

- ავტომანქანის საწყისი ღირებულებაა - 24000 აშშ დოლარი;

- ავტომაქანას აქვს ნორმალური ცვეთა;

- მისი მდგომარეობა საშუალოა;

- რომელიმე ტექნიკური ნაწილი არ შეიცავს დეფექტს;

- არ არის გარედან ან შიგნიდან დაზიანებული;

ასეთ სიტუაციაში, 2016 წელში მისი ღირებულება ვერ იქნება 10 000 აშშ დოლარი. ლოგიკასთან უფრო მიახლოებულია მ------ ს-----ის მიერ წარმოდგენილი შეფასების დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც 24000 აშშ დოლარად შეძენილი ავტომანქანის ღირებულება ნორმალური ცვეთის პირობებში 2016 წელში იქნება 16 650 აშშ დოლარი. ამასთან მის მიერ წამოდგენილი შეფასების დოკუმენტი უფრო სრულყოფილია. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მის მიერ წარმოდგენილ შეფასების აქტს იზიარებს და მიიჩნევს, რომ 2016 წლის 30 ივნისს მისი ღირებულება შეადგნდა 16 650 აშშ დოლარს.

 

3.2.16. შემდეგი მნიშვნელოვანი ნაწილია მ------ ს-----ის ვალის საკითხი. უდაო გარემოებაა, რომ 2013 წლის 8 იანვარს სს ,,ს----------–--------მა” მ------ ს-----ეს სესხად გადასცა 17 440 აშშ დოლარი, 60 თვის ვადით, სარგებელის სახით წლიური 15.0 %-ის დარიცხვით. სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, დავალიანებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება სესხის 0.5 %. ასევე არაა სადაო ის გარემოება, რომ მ------ ს-----ე გარკვეული პერიოდის განმავლობაში იხდიდა შეთანხმებულ შენატანს, მაგრამ შემდეგში მან შეწყვიტა სესხის დაფარვა. საქმეში წარმოდგენილი სესხის გეგმიური გრაფიკის, სს ,,ს----------–--------ის“ ინფორმაციის“ და პირადი ანგარიშიდან ამონაწერის საერთო ანალიზით დგინდება, რომ №1375639 სესხზე 2016 წლის 26 მარტის მდგომარეობით გადასახდელი იყო შემდეგი თანხები:

- ძირი თანხა - 8950.60 აშშ დოლარი;

- პროცენტი - 348.95 აშშ დოლარი;

- პირგასამტეხლო - 326,51 აშშ დოლარი;

სულ - 9626.06 აშშ დოლარი.

№1375641 სესხზე (დაზღვევის) 2016 წლის 26 მარტის მდგომარეობით გადასახდელი იყო შემდეგი თანხები:

- ძირი თანხა - 1151,72 აშშ დოლარი;

- პროცენტი - 39 აშშ დოლარი;

- პირგასამტეხლო - 116,15 აშშ დოლარი;

სულ - 1306,87 აშშ დოლარი.

იხ. სესხის გეგმიური გრაფიკი ს.ფ. 17-18).

სს ,,ს----------–--------ის“ ინფორმაცია. ს.ფ. 19.

პირადი ანგარიშიდან ამონაწერი.20-39.

3.2.17. წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ს----------–--------ს“ გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობა დათვლილი აქვს სწორად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ როგორც ძირითადი, ისე შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ

 

-საქართველოს კონსტიტუცია.

-საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მ------ ს-----ემ მისგან მიიღო საბანკო კრედიტი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში კრედიტის გზით მიღებული სესხი არ დაუბრუნა უკან. გირავნობის საგნის ღირებულებით ვალის გაქვითვის შემდეგ, მას კიდევ დარჩა გადასახდელი თანხა, რასაც მოპასუხე არ იხდის. სასამართლომ საქმის განხილვით უნდა დაადგინოს გირავნობის საგნის დასაკუთრების შემდეგ მ------ ს-----ეს გადასახდელი დარჩა თუ არა სესხის ნაწილი. თუ მას თანხა სრულად გადახდილი არ აქვს, მაშინ მისი ქმედება უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს საბანკო კრედიტის სახით გაცემული თანხის დაკისრება. თუმცა ამისათვის აუცილებელია მხარეებს შორის არსებობდეს შესაბამისი ვალდებულება.

 

6.2. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი იმ ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით ,,საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით”.

 

სს ,,ს----------–--------სა“ და მ------ ს-----ეს შორის ვალდებულება წარმოიშვა 2013 წლის 8 იანვრის საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის საფუძველზეც ბანკმა მოპასუხეს ასესხა 17440 აშშ დოლარი. სესხზე გადასახდელი სარგებელი შეადგენს წლიურად სესხად გაცემული თანხის 15 %-ს. მ------ ს-----ე ვალდებული იყო გრაფიკის მიხედვით დაეფარა სესხის ძირიცა და სარგებელიც. სწორედ ასეთ ურთიერთობას არეგულირებს სამოქალაქო კოდექსის 867-873-ე მუხლით დადგენილი ქცევის წესები. შესაბამისად მხარეებს შორის წარმოშობილი ურთიერთობა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაა, ამიტომ მხარეებს შორის წარმოშობილი დავა უნდა გადაწყდეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მარეგულირებელი ნორმებით.

 

6.3. დადგენილი ფაქტია, რომ მ------ ს-----ემ კრედიტის დაფარვა შეწყვიტა ვადაზე ადრე. სესხის დაფარვის ვადის გადაცილების გამო მოსარჩელემ, მასთან დადებული ხელშეკრულება შეწყვიტა და სესხად გაცემული თანხის მთლიანად უკან დაბრუნება მოითხოვა. ხელშეკრულების შეწყვეტის წესი და პირობები მოცემულია საქართველოს სკ-ის 405-ე მუხლში. შესაბამისად გადაწყვეტილების მიღებისას შემოწმებული უნდა იქნას არსებობდა თუ არა ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საფუძველი.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

6.5. საქ. სკ-ის 873-ე მუხლით ,,კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქ. სკ-ის 873-ე მუხლი საგამონაკლისო ნორმაა. თუ საქ. სსკ-ის 405-ე მუხლი ხელშეკრულებაზე უარის თქმას უკავშირებს სხვადასხვა გარემოებებს, დასახელებულმა ნორმამ საკრედიტო ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტის გამცემს მიანიჭა იმ შემთხვევაშიც, თუ კრედიტის მიმღები სულ ცოტა ორი ვადით გადააცილებს შენატანის შეტანას. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ანუ ამ შემთხვევაშიც გარიგების შეწყვეტისათვისათვის აუცილებელია ორ კვირიანი დამატებითი ვადის დანიშნვაც. ფაქტობრივად ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების მართლზომიერების შემოწმებისათვის უნდა შეფასდეს გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების საკითხი და დამატებითი ვადის დანიშნვის აუცილებლობა. გარიგების დადების შემდეგ მნიშვნელოვანია დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვანი შესრულების საკითხები. თითოეულ მხარეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უფლება აქვს მეორე მხარისაგან მოითხოვოს ნაკისრი მოვალეობის შესრულება. თავის მხრივ ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი გარიგების მონაწილეებს ავალდებულებს ვალდებულება შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მხარეები ვალდებულნი არიან დასახელებული მოთხოვნები დაიცვან ზედმიწევნით. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ჩაეთვლებათ მათ ვალდებულება შესრულებულად. საკრედიტო ხელშეკრულების დადების და თანხის გადაცემის შემდეგ, მოსარჩელემ შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ მ------ ს-----ისაგან მოეთხოვა ვალდებულების შესრულება. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც კრედიტის გამცემს აქვს მოთხოვნის უფლება - კრედიტის მიმღებს მოსთხოვოს შეასრულოს თანხის დაბრუნების ვალდებულება. თავის მხრივ მ------ ს-----ე მოვალე იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში და პირობებით მოსარჩელისათვის დაებრუნებინა სესხად მიღებული თანხა. ასეთი მოვალეობა მას უჩნდება ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, მ------ ს-----ემ საბანკო პროდუქტით ისარგებლა და აითვისა კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხის დაფარვის მიზნით, ბანკში თანხა შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებები. დავალიანების დარჩენილი თანხა მ------ ს-----ემ არ გადაიხადა დამატებით ვადაშიც და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა ორ ვადაზე მეტჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებდა უფლებას ხელშეკრულებიდან გავიდეს და დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალი.

 

6.6. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელე თანხის გადახდას მოითხოვს მას შემდეგ, რაც დაისაკუთრა გირავნობის საგანი. სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით ,,გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში”.

 

სწორედ დასახელებულ ნორმას დაეყრდნო მოსარჩელე გირავნობის საგნის დასაკუთრებისას. მოპასუხემ ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც გირავნობის საგანი დაისაკუთრა ვალის დასაფარად.

შესაფასებელია გირავნობის საგნის დასაკუთრების შემდეგ, მოპასუხემ უნდა გადაიხადოს თუ არა ის თანხა, რაც გირავნობის საგნის დასაკუთრების შემდეგ დარჩა გადასახდელი. აღნიშნულ საკითხს არეგულირებს საქ. სკ-ის 256-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილითაც ,,გირავნობა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული“.

 

დასახელებული ნორმით გირავნობის საგნის რეალიზაცია წარმოადგენს მოპასუხის ვალდებულების შეწყვეტის საფუძველს, თუმცა კანონმა მხარეებს მიანიჭა ამ წესისაგან განსხვავებული შეთანხმების უფლებაც. თუ მხარეები არაფერზე არ შეთანხმდებიან, მაშინ გირავნობის საგნის რეალიზაციით მოპასუხის ვალდებულება წყდება. ამ დროს მხედველობაში არ მიიღება რეალიზაციით ან დასაკუთრებით მიღებული თანხა არის თუ არა ვალის დაფარვისათვის საკმარისი. თუ მხარეები ამ წესისაგან განსხვავებულ წესზე არიან შეთანხმებულნი, მაშინ გამოიყენება ის წესი, რაზეც მხარეები შეთანხმდენ. მხარეთა შორის დადებული გირავნობის ხელშეკრულების 8.4 პუნქტით ,,თუ გირავნობის საგნზე გადახდევინების მიქცევით მიღებულისარგებელი (ბანკის საკუთრებაში გადასული გირავნობის საგანი ან გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა) სრულად არ დაფარავს უზრუნველყოფილ მოთხოვნას, ბანკი უფლებამოსილია მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით გადახდევინება მიაქციოს მოვალის ნებისმიერ ქონებაზე“.

 

ხელშეკრულების 8.4 პუნქტზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ დამსესხებელმა ვალდებულებები შეასრულოს გირავნობის საგნის რეალიზაციის ან დასაკუთრების შემდეგაც. ანუ შეთანხმდენ მასზედ, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით ან დასაკუთრებით მიღებული თანხით ვერ დაიფარება დაგროვილი დავალიანება, მაშინ მ------ ს-----ე გადაიხდის დარჩენილ ნაშთს. აღნიშნული გულისმხობს, მას რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის ან დასაკუთრების შემდეგ მოსარჩელეს უფლება აქვს მოპასუხეს მოსთხოვოს დარჩენილი თანხის გადახდა. მოპასუხეს გადასახდელი აქვს ძირი თანხა 2561,87 აშშ დოლარი. სახელშეკრულებო პირობების შესრულების მიზნით მისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

6.7. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი".

 

დადგენილია და სადაო არარის ის გარემოება, რომ მხარეებს შორის 2013 წლის 8 იანვარს დადებული საბანკო მომსახურების ხელშეკრულება შეიცავს დათქმას სესხის ძირ თანხაზე სარგებელის დარიცხვის თაობაზე. მხარეები შეთანხმებულნი არიან, წლიურად 15 %-ის დარიცხვაზე. მოპასუხეს გრაფიკით ძირ თანხასთან ერთად უნდა გადაეხადა ყოველთვიური პროცენტის გადასახადიც. ეს ვალდებულება საქ. სსკ-ის 361-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით ჯეროვანი შესასრულებელი ვალდებულებაა და იგი მოპასუხეს ისე უნდა შეესრულებინა ისე, როგორც ამაზე ხელშეკრულებაში იყვენ შეთანხმებულნი. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და სარგებელი არ გადაიხადა. მას გადასახდელი აქვს 209.64 აშშ დოლარი. შსაბამისად ამ ნაწილში მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.8. პირგასამტეხლოს ნაწილში მოთხოვნა გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების საფუძვლებიდან. დასახელებულ ნორმებში განმარტებულია პირგასამტეხლოს შინაარსი, რომლის მიხედვითაც პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. სესხის დაფარვის ვადაგადაცილების შემთხვევაში, დავალიანებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება სესხის 0.5 %.

 

მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგენილია, რომ შპს ,,ჯ-ლაინმა“ ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა რის გამოც მას პირგასამტეხლოს სახით გადასახდელი აქვს 104.09 აშშ დოლარი. პირგასამტეხლოს ოდენობა გაანგარიშებულია გონივრულად ამ ნაწილში არარსებობს მისი შემცირების საფუძველი. შესაბამისად სარჩელის პირგასამტეხლოს ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მ------ ს-----ის შეგებებული სარჩელის ნაწილი

 

6.9. როგორც აღწერილობით ნაწილში აღინიშნა, მ------ ს-----ის მოთხოვნაა მოპასუხემ დაუბრუნოს ის თანხა, რაც ავტომანქანის რეალურ ღირებულებასა და ავტომანქანის დასაკუთრებისას სს ,,ს----------–--------ის“ მიერ განსაზღვრულ ფასებს შორის არსებობს. სს ,,ს----------–--------მა“ ავტომანქანის ფასად განსაზღვრა 10 000 აშშ დოლარი, სასამართლომ კი გაიზიარა მ------ ს-----ის არგუმენტები და მის ღირებულებად დაადგინა 16 650 აშშ დოლარი. საკითხის გადასაწყვეტად პირველ რიგში უნდა გავაანალიზოთ, როგორ ხდება გირავნობის საგნის რეალიზაცია ან დასაკუთრება.

6.10. სამოქალაქო კოდექსის 278-ე მუხლით განსაზღვრულია, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს ენიჭება მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში. ამავე კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სს ,,ს----------–--------მა“ ავტომანქანის დასაკუთრებისას ისარგებლა დასახელებული ნორმით და ვალდებულებს შეუსრულებლობის გამო გირავნობის საგანი მიიღო საკუთრებაში.

 

6.11. სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მოგირავნის დაკმაყოფილება განხორციელდეს გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონი ადგენს მოგირავნის მოთხოვნის დაკმაყოფილების ორ ფორმას - გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემასა და გირავნობის საგნის რეალიზაციას. გირავნობის საგნის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშეკრულებაში პირდაპირაა მითითებული გირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემის შესახებ. წინამდებარე შემთხვევაში სახეზეა რეგისტრირებული გირავნობა და მის საფუძველზე სს ,,ს----------–--------ს“ უფლება ჰქონდა გირავნობის საგანი აღერიცხა თავის საკუთრებაში. სწორედ ასე მოიქცა ბანკიც. გირავნობის საგნის საკუთრებაში აღრიცხვას აქვს გარკვეული ხარვეზები. მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში არაა მითითებული ის მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა. აღნიშნულისაგან განსხვავებული წესია გირავობის საგნის რეალიზაციისას. გირავნობის საგნის რეალიზაციისას მოგირავნე ვალდებულია ქონება აუქციონზე გაიტანოს ან სხვა წესით გაასხვისოს სამართლიან, გონივრულ ფასად. აღნიშნული გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი ნაწილის პირობიდან. დასახელებული ნორმით მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია, თუ არსებობს ამის შესახებ მოგირავნისა და დამგირავებელის შეთანხმება. უშუალოდ მოგირავნის მიერ გირავნობის საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი, დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეების ინტერესების გათვალისწინებით, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოგირავნე პასუხს აგებს დამგირავებლისა და სხვა მოგირავნეებისთვის მიყენებული ზიანისათვის. ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც თუ დაგირავებული მოთხოვნის რეალიზაცია ხორციელდება მოვალის მიერ მოგირავნის სასარგებლოდ შესრულებით, მოგირავნე ვალდებულია წარუდგინოს დამგირავებელს ანგარიში მოვალის მიერ თავის სასარგებლოდ განხორციელებული შესრულების შესახებ.

 

ამ წესების დაცვით გირავნობის საგნის რეალიზაცია დამგირავებელს აარიდებს გირავნობის საგნის იაფად გასხვისებას. ასევე მოგირავნეს აკისრებს პასუხისმგებლობას უსამართლო და არაგონივრულ ფასად ქონების რეალიზაციისას. კანონში ზუსტად არაა გაწერილი ანალოგიური წესის დაცვა გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღებსას, ამიტომ ვალდებულების შესრულების დასახელებული წესი ხარვეზიანია და ხშირად არღვევს უზრუნველყოფილი მოთხოვნისა და საგნის ღირებულების თანაფარდობას. კანონში არაა მითიტებული მასზედ, რომ ქონების საკუთრებაში მიღებისას შეფასდეს ქონება და დამგირავებელის ვალს დააკლდეს ის რეალური ღირებულება, რაც ქონება რეალურად ღირს. მიუხედავად ამისა სასამართლო მიიჩნევს, რომ ქონების საკუთრებაში მიღების დროსაც იგივე პრინციპი უნდა იქნას დაცული, რაც გირავნობის საგნის რეალიზაციისას. სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს გირავნობის საგანი საკუთრებაში მიღებული იქნეს გონივრულ და სამართლიან ფასად. აღნიშნული პრინციპი განმტკიცებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 283-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილის ანალოგიის საფუძელზე. შესაბამისად სს ,,ს----------–--------ი“ ვალდებული იყო გირავნობის საგანი საკუთრებაში მიეღო იმ ფასად, რა ფასიც მას გააჩნდა საკუთრებაში აყვანის დროს. აღნიშნულის შემდეგ მას უნდა ეხელმძღვანელა სამოქალაქო კოდქსის 280-ე მუხლის პირველი ნაწილის ანალოგიიდან, რომლის მიხედვითაც ,,გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხიდან პირველ რიგში დაიფარება რეალიზაციის ხარჯები და დაკმაყოფილდება რეალიზაციის განმახორციელებელი მოგირავნის მოთხოვნა“. ასევე ამავე მუხლის მესამე ნაწილით, რომლის მიხედვიტაც ,,გირავნობით უზრუნველყოფილი ყველა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების შემდეგ, აგრეთვე შემდგომი მოგირავნეების არარსებობისას ამონაგებიდან დარჩენილი თანხა დამგირავებელს უნდა გადაეცეს“.

 

6.12. ამდენად დასახლებეული ნრომების შინაარსიდან გამომდინარე სს ,,ს----------–--------ი“ ვალდებული იყო გირავნობის საგანი შეეფასებინა რეალურად და საკუთრებაში მიეღო იმ ფასად, რაც მისი საბაზრო ღრებულება იყო. თუ მას არ სურდა გირავნობის საგნის საბაზრო ღირებულებით საკუთრებაში მიღება, მაშინ მას ჰქონდა უფრო გამჭვირვალე და გონივრული ღონისძიების გამოყენების საშუალება. ეს იყო გირავნობის საგნის რეალიზაციის უფლება. გირავნობის საგნის საკუთრებაში აყვანა გარკვეულწილად გამჭვირვალობას მოკლებულია. შეუძლებელია იმის წინასწარ განჭვრეტა თუ რა ფასად გაიყიდება გირავნობის საგანი, ამიტომაც საკუთრებაში აყვანისას აუცილებელია მისი საბაზრო ღრებულების დადგენა. მხოლოდ ეს გზაა ყველაზე გამჭვირვალე და სრული. სხვა ნებისმიერ შემტხვევაში იარსებებს ისეთი კითხვები, როგორიც ამ შემთხვევაშიც მ------ ს-----ეს აქვს. საბოლოო ჯამში მისი ვარაუდები გამართლდა. სს ,,ს----------–--------მა“ 16 650 აშშ დოლარად ღირებული ავტომანქანა საკუთრებაში მიიღო 10 000 აშშ დოლარად. ამ გზით მან საკუთრებაში მიიღო 6650 აშშ დოლარით მეტი სარგებელი. სწორედ ამ თანხის დაბრუნებას მოითხოვს მ------ ს-----ე.

 

6.13. მ------ ს-----ის მოთხოვნა გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის საფუძვლიდან. დასახელებული ნორმით ,,პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში”.

ამავე კოდექსის 987-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,გამდიდრების არსებობა განისაზღვრება იმ მომენტით, როცა მოვალეს უბრუნდება თავისი ნივთი, ან იგი ღირებულების გაზრდის შედეგად სხვაგვარად იღებს სარგებელს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 976-ე და 987-ე მუხლები არეგულირებენ უსაფუძვლო გამდიდრებიდან წარმოშობილ სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობებს. უსაფუძვლო გამდიდრების გამო ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს იურიდიულ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობს ან შემდგომში მოიშლა. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე. უსაფუძვლო გამდიდრების სამართლებრივი ინსტიტუტის მიზანი არის უსაფუძვლოდ და გაუმართებლად შეძენილი ქონების ამოღება და ამგვარად ქონებრივი მიმოქცევის წონასწორობისა და სამართლიანობის აღდგენა. ამ მიზნით ქონებრივი შეღავათი იმ პირს უნდა დაუბრუნდეს, რომლის ხარჯზეც მოხდა სხვა პირის ქონების გაზრდა, ანუ მისი უსაფუძვლო გამდიდრება. ამ ინსტიტუტის უმთავრესი დანიშნულება არის ქონებრივი ნამატის ამოღება, პირის თავდაპირველ ქონებრივ-სამართლებრივ მდგომარეობაში აღდგენა ანუ გამდიდრების გათანაბრება. გამდიდრების უსაფუძვლობა კი შეიძლება ემყარებოდეს სხვადასხვა გარემოებებს, მათ შორის მართლზომიერ ქმედებებსაც. უსაფუძვლო გამდიდრების დროს კი მნიშვნელობა არა აქვს ბრალს, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ერთი პირის ქონების გადასვლის ფაქტი მეორე პირის საკუთრებაში სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, დაზარალებულს აუნაზღაურდება ზიანი იმ ოდენობით, რომლითაც მიმღები გამდიდრდა.

 

6.14. წინამდებარე შემთხვევაში დადგენილია ის გარემოება, რომ სს ,,ს----------–--------მა“ მ------ ს-----ისაგან ჩაიბარა 16 650 აშშ დოლარად ღირებული გირავნობის საგანი და საკუთრებაში აღრიცხა 10 000 აშშ დოლარად. შესაბამისად მ------ ს-----ის ვალს გააკლო 10 000 აშშ დოლარი. მისი ვალდებულება იყო ავტომანქანა შეეფასებინა რეალურ ღირებულებად, საკუთრებაში აღერიცხა რეალური ღირებულებით და ამ გზით ეწარმოებინა ანგარიშსწორება. ამ წესის დაუცველობით მან გირავნობის საგანი საკუთრებაში მიიღო არაგონივრულ და უსამართლო ფასით. ფაქტიურად ის გამდიდრდა მ------ ს-----ის კუთვნილი 6650 აშშ დოლარით.

 

6.15. სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლით ,,პირი, რომელიც სხვა პირის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა სხვა საშუალებითაც, გარდა იმისა, რაც გათვალისწინებულია ამ თავში, მოვალეა დაუბრუნოს მას მიღებული”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო (შეიძინა) შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, სამართლისათვის არ აქვს აბსოლიტურად არავითარი მნიშვნელობა, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო თუ დაზოგა ქონება. ფაქტი ერთია - ვითომ-კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.

 

დადგენილია, რომ სს ,,ს----------–--------მა“ საკუთრებაში მიღებული გირავნობის საგნის სანაცვლოდ, ღირებულებაზე ნაკლები თანხით გაქვითა მ------ ს-----ის ვალი და გამდიდრდა 6650 აშშ დოლარით. მის გამდიდრებას არ აქვს საფუძველი. შესაბამისად ის ვალდებულია მ------ ს-----ეს გადაუხადოს საფუძვლის გარეშე მიღებული 6650 აშშ დოლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით გაანგარიშებით სს ს----------–--------ის სარჩელზე შეადგენს 227,75 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟის თანხა წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამიტომ სახ. ბაჟის ანაზრაურება უნდა დაეკისროს მ------ ს-----ეს.

 

7.2. მ------ ს-----ის სარჩელზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით გაანგარიშებით სს ს----------–--------ის სარჩელზე შეადგენს 539 ლარს. მ------ ს-----ეს სახ. ბაჟის თანხა წინასწარ აქვს გადახდილი. სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამიტომ სახ. ბაჟის ანაზრაურება უნდა დაეკისროს სს ,,ს----------–--------ს“.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-e, 243-244-ე, 248-249-ე, 250-ე და 257-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სს ,,ს----------–--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

2. მ------ ს-----ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2875,60 აშშ დოლარის გადახდა.

3. მ------ ს-----ეს, სს ,,ს----------–--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 227,75 ლარის ანაზღაურება.

4. მ------ ს-----ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს სრულად.

5. სს ,,ს----------–--------ს“, მ------ ს-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 6650 აშშ დოლარის გადახდა.

6. სს ,,ს----------–--------ს“, მ------ ს-----ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ სახ. ბაჟის სახით გადახდილი 539 ლარის ანაზღაურება.

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30).

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

მოსამართლე: გოჩა ფუტკარაძე