გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.04.2019
საქმის ნომერი
411210018002684188
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
23.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №411210018002684188

საქმე №2/252-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23.04.2019 წელი, ქ. ლაგოდეხი

 

შესავალი ნაწილი

 

ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე იოსებ აბრამიძე

სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი

 

მოსარჩელე - ნი-----------ა

წარმომადგენელი - გუ-–--------–-–---–ი

 

მოპასუხე - ვლ------რ ბრ----ი

წარმომადგენელი - ნი---------რიძე

 

დავის საგანი - სარჩოს დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

სარჩოს დაკისრება ყოველთვიურად 350 ლარის ოდენობით.

 

სარჩელში აღნიშნულია, რომ ნი-----------ა და ვლ------რ ბრ----ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 12 ოქტომბრიდან 2018 წლის 12 იანვრამდე. 2015 წლის 04 ივნისს, მოსარჩელეს დაემართა ინსულტი, რის შედეგადაც, მომდევნო ორი წლის განმავლობაში განუვითარდა სხვადასხვა ქორნიკული დაავადებები. ამჟამად არის მე-2 ჯგუფის ინვალიდი, ესაჭიროება მუდმივად მედიკამენტები და სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები.

 

მოპასუხე დასაქმებულია, აქვს სოლიდური შემოსავალი და აქვს შესაძლებლობა სარჩოს სახით გადაუხადოს 350 ლარი მოპასუხეს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ნი-----------ას არ გააჩნდა მასთან თანაცხოვრების პერიოდში რაიმე სახის ჯანმრთელობის პრობლემა. იგი არ მუშაობს, არ აქვს რაიმე სახის დამატებითი შემოსავალი, ხოლო ნი-----------ას, განქორწინების შემდეგ დაუტოვა თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონება. შესაბამისად, მას აქვს მატერიალური შესაძლებლობა არჩინოს საკუთარი თავი და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. ნი-----------ა და ვლ------რ ბრ----ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2007 წლის 12 ოქტომბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 16).

 

3.1.2. 2017 წლის აპრილის თვიდან, მეუღლეები ფაქტობრივად დაშორდნენ ერთმანეთს და ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით, მათ შორის ქორწინება შეწყდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება (ს.ფ. 48-49).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. მოსარჩელეს ჯანმრთელობის პრობლემები დაეწყო 2015 წელს და 2017 წლის 16 ოქტომბერს, მიენიჭა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 20-31);

- დასკვნა შრომის უუნარობის შესახებ (ს.ფ. 16)

 

3.2.2. მხარეთა ახსნა განმარტებებით, მოწმე ეთ--- ტორ--–-–---–-ს ჩვენებით და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით დადგენილია, რომ ნი-----------ას, 2015 წლის ივნისის თვეში, დაემართა ინსულტი, რამაც გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოსარჩელის ახსნა განამრტებიდან და მოწმე ეთ--- ტორ--–-–---–-ს ჩვენებიდან დადგენილია, რომ ვლ------რ ბრ----მა იცოდა ნი-----------ას ავადმყოფობის შესახებ და თავადაც შეუძენია რამოდენიმეჯერ გარკვეული მედიკამენტები. შესაბამისად, სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხის მითითება იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომ თითქოსდა მასთან თანაცხოვრების პერიოდში ნი-----------ას არ გააჩნდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.

 

3.2.3. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ნი-----------ას აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი და საჭიროებს მუდმივად მედიკამენტურ მკურნალობას. საქმეზე წარმოდგენილი ქვითრებით (ს.ფ. 17) დასტურდება აღნიშნული წამლების საშუალო ღირებულება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ნი-----------ას დაუტოვა თანასაკუთრებაში არსებული ქონება და მას გააჩნია მატერიალური შესაძლებლობა. მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერებით დადასტურებულია, რომ ნი-----------ამ გაასხვისა მის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები, თუმცა, მხარის განმარტებით, აღნიშნული მიწები ფაქტობრივად მეუღლესთან თანაცხოვრების პერიოდში გადასცა მესამე პირებს და ფაქტობრივად გვიან მოხდა მათი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, ხოლო საერთო საკუთრებაში არსებულ ავტომობილზე, მოსარჩელემ განმარტა, რომ ის დაზიანებულია და ექსპლუატაციისთვის არ გამოდგება. აღნიშნული ფაქტების საწინააღმდეგო მტკიცებულება კი მოპასუხეს არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებულია დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა შესაგებელი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

3.2.4. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ვლ------რ ბრ----ი აღარ მუშაობს ლაგოდეხის მუნციპალიეტის მერიაში (ს.ფ. 60), თუმცა აღნიშნული გარემოება არ ათავისუფლებს მას კანონით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებისაგან.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1182-ე მუხლის თანახმად, მეუღლეები მოვალენი არიან მატერიალურად დაეხმარონ ერთმანეთს. ასეთ დახმარებაზე უარის თქმისას ან/და სარჩოს მიცემის შესახებ მეუღლეთა შორის შეთანხმების არარსებობისას სასამართლო წესით სარჩოს მიღების უფლება აქვთ: ა) შრომისუუნარო მეუღლეს, რომელიც მატერიალურ დახმარებას საჭიროებს.

 

სადავო ურთიერთობის აღნიშნული მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელია არსებობდეს ორი პირობა: 1. სარჩოს მიმღები უნდა იყოს შრომისუუნარო და 2. მას უნდა ესაჭიროებოდეს მატერიალური დახამრება.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1183-ე მუხლის თანახმად, შრომისუუნარო მეუღლე, რომელსაც დახმარება სჭირდება მეუღლისაგან, სარჩოს მიღების უფლებას ინარჩუნებს განქორწინების შემდეგაც, თუ იგი შრომისუუნარო გახდა განქორწინებამდე, ან ერთი წლის განმავლობაში განქორწინების დღიდან. ამავე კოდექსის 1185-ე მუხლის შესაბამისად, მეუღლის სასარგებლოდ გადასახდელი სარჩოს ოდენობა განისაზღვრება ყოველთვიურად გადასახდელი ფულადი თანხის სახით, მეუღლეთა მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.

 

საქმეში წარმოდგენილია დასკვნა (ს.ფ. 18), რომელშიც აღნიშნულია, რომ ნი-----------ას გააჩინა ქმედუნარიანობის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, ხოლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, იგი საჭიროებს მუდმივ მედიკამენტურ მკურნალობასა და სხვადასხვა სახის გამოკვლევებს, რის გამოც მას ნამდვილად ესაჭიროება მატერიალური დახმარება, ვინაიდან არ გააჩნია შემოსავლის წყარო. შესაბამისად, ნი-----------ა მიჩნეული უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1183-ე მუხლით გათვალიწინებულ სარჩოს მიმღებ პირად.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა და 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოპასუხის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა გამოანგარიშებული უნდა იქნას სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, რაც შეადგენს 3000 (250X12) ლარის 3%-ს ანუ 90 ლარს. ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს არანაკლებ 50 ლარს, მოპასუხეს უნდა გადახდეს აღნიშნული თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილით, 55-ე, 248-ე, 243-ე, 244-ე, 247-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ნი-----------ას სარჩელი მოპასუხე ვლ------რ ბრ----ის მიმართ, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხე ვლ------რ ბრ----ს (პ/ნ 2----------- მოსარჩელე ნი-----------ას (პ/ნ 2----------) სასარგებლოდ დაეკისროს სარჩოს გადახდა ყოველთვიურად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 18 ოქტომბრიდან.

 

2. მოპასუხე ვლ------რ ბრ----ს (პ/ნ 2----------- დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №21) მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე იოსებ აბრამიძე