გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210018002750170
საქმე № 2/2311-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
15 აპრილი 2019 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მაია კუთხაშვილი
სხდომის მდივანი თემურ საათაშვილი
მოსარჩელე - ს----–-------------ი“
წარმომადგენელი - ლ--–----------
მოპასუხე - თ-------–-----ე (მონაწილეობის გარეშე)
წარმომადგენელი - ც-–-----------ე
დავის საგანი- თანხის დაკისრება, გირავნობის რეალიზაცია
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე თ-------–-----ეს ს----–-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 7492.41 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 5000 ლარი, პროცენტი - 866.37 ლარი, პირგასამტეხლო 1606.04 ლარი.
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს ს----–-------------ის“ სასარგებლოდ გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება Suzuki-SWIFT, გამოშვების წელი - 2007, სახელმწიფო ნომერი: AA130AN, შასის ნომერი: ZC71S404490, სარეგისტრაციო მოწმობა № OVO881916.
1.3. გირავნობის საგნების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხის არასაკმარისობის შემთხვევაში აღსრულება მოხდეს მოპასუხე თ-------–-----ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
1.4. იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგანი ვერ იქნა მოძიებული რეალიზაციის მიზნით, კრედიტორს მიეცეს უფლება აღსრულება გააგრძელოს მოვალის სხვა ქონებაზე.
2. მოსარჩელის პოზიცია
2017 წლის 04 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 5000 ლარი, წლიური 54% სარგებლით, პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.41%. მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 4 ივლისის ჩათვლით. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არესებული სატრანსპორტო საშუალება Suzuki-SWIFT, გამოშვების წელი - 2007, სახელმწიფო ნომერი: AA130AN, შასის ნომერი: ZC71S404490. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მიუხედავად გაფრთხილებისა, დამატებითი ვადის მიცემისა იგი ნაკისრ ვალდებულებას არ ასრულებს.
3. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრი დამიუთითა, რომ თანახმა არის გადაიხადოს ძირი თანხა 5000 ლარი, რაც შეეხება პირგასამტეხლოს და პროცენტს თვლის, რომ შეუსაბამოდ მაღალია. სარჩელით გათვალისწინებულ მეორწ და მესამე მოთხოვნაზე მოპასუხე აღნიშნავს, რომ არ არსებობს მათი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
4.ფაქტობრივი გარემოებები
4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1.1. 2017 წლის 04 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება 6 თვის ვადით, რომლითაც მსესხებელზე გაიცა 5000 ლარი და რომელზეც მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდა ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2018 წლის 4 ივლისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 4 ივლისის ხელშეკრულება საბანკო კრედიტის შესახებ;
- 2018 წლის 4 იანვრის შეთანხმება გარიგებაში ცვლილებების შეტანოს შესახებ.
4.1.2. ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალება Suzuki-SWIFT, გამოშვების წელი - 2007, სახელმწიფო ნომერი: AA130AN, შასის ნომერი: ZC71S404490.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 04.07.2018 წ. გირავნობის ხელშეკრულება;
- 16.10.2018წ. ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.
4.1.3. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- გაფრთხილების წერილი
4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.2.1. 2017 წლის 04 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით სესხი იყო სარგებლიანი - წლიური 54%-ის ოდენობით, რაც მსესხებლისათვის ცნობილი იყო როგორც სესხის დადების და ასევე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა - განმარტება
4.2.2. 2017 წლის 04 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით, რაც მსესხებლისათვის ცნობილი იყო როგორც სესხის დადების და ასევე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- მხარეთა ახსნა - განმარტება
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სს ''ლიბერთი ბანკის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 263-ე, 316-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 417-418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ.
ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ 2017 წლის 04 ივლისს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, და მოპასუხემ ვერ შეძლო ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება.
7.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
7.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
მოცემულ შემთხვევაში სს ლიბერთი ბანკსა და თ-------–-----ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე.
7.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
7.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის შესაბამისად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მხრიდან სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება - შეთანხმებული საკრედიტო თანხის გაცემის თაობაზე, ხოლო მოპასუხის მხრიდან ვალდებულება არ შესრულდა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას, კერძოდ, თ-------–-----ემ საკრედიტო ხელშეკრულებაის საფუძველზე მიიღო სესხის თანხა, რომელიც მოსარჩელეს არ აუნაზღაურა.
აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ''ლიბერთი ბანკის'' მოხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, გადასახდელად დარჩენილი კრედიტის ძირითადი თანხის - 5000 ლარის ანაზღაურების შესახებ საფუძვლიანია.
7.7. რაც შეეხება სარგებელს, სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა გაფრთხილების მიუხედავად. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ასევე საფუძვვლიანია საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხზე დარიცხული პროცენტის - 866.37 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე აღნიშნული ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. აგრეთვე არსანიშნავია რომ მან იცოდა სარგებლის ოდენობის შესახებ ხელშეკრულების დადების და ასევე ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელების მომენტისათვის და მარ არათუ საკუთარი ნება გამოხატა გარიგების დადებისას, არამედ იხდიდა კიდეც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სარგებელს.
7.8. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418-ე მუხლის მეორე ნაწილი კი ადგენს, რომ შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
7.9. ამავე კოდექსის სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
მოცემულ შემთხვევაში მხარეები საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმდნენ, რომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლო ძირი თანხის 0.41%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან კი დასტურდება, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულება, შესაბამისად, სარჩელი პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილშიც საფუძვლიანია.
რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების გარკვეულწილად კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, რის გამოც არსებობს მისი შემცირების საფუძველი, ვინაიდან სასამართლოს მოსაზრებით პირგასამტეხლოს მოცულობა სცილდება გონივრული საზომის ფარგლებს და იგი უნდა შემცირდეს 16 ლარამდე.
7.10. საქართველოს სამოქალქო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე კოდექსის 278-ე შესაბამისად გირავნობის საგნის რეალიზაციის ან მის საკუთრებაში გადაცემის მოთხოვნის უფლება მოგირავნეს აქვს მოვალის მიერ გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა გირავნობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გირავნობის უფლებით დაიტვირთა სატრანსპორტო საშუალება suzuki-SWIFT, გამოშვების წელი - 2007, სახელმწიფო ნომერი: AA130AN, შასის ნომერი: ZC71S404490
საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 3.3. პუნქტის და გირავნობის ხელშეკრულების შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუ გირავნობის საგნის რეალიზებით მიღებული თანხა სრულად ვერ ფარავს მოგირავნის მოთხოვნას, იგი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხის მხრიდან დაირღვა ვალდებულება, რომლის უზრუნველყოფის მატერიალურ საშუალებას წარმოადგენს გირავნობა, რაც შესაბამისად კრედიტორს ანიჭებს უფლებამოსილებას მოთხოვნა დაიკმაყოფილოს გირავნობის უფლებით დატვირთული მოძრავი ქონებების იძულებითი რეალიზაციის გზით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებული დავალიანების გადახდევინების მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს გირავნობით დატვირთული მოძრავი ქონება. ასევე დასაბუთებულია ს----–-------------ის“ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხის საკუთრებაში რიცხული სხვა ქონების რეალიზაციის ნაწილში, რადგან მხარეთა მიერ გირავნობის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია მოვალეთა სხვა ქონების რეალიზაციის შესაძლებლობაც.
7.11. რაც შეეხება მოსარჩელის მეოთხე მოთხოვნას, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერი ინტერესების ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არაუმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილების აღსრულების წესი და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც სასამართლოს შეფასებით, საფუძვლად დაედება აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოთხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას. მითითებული ღონისძიებები ხელს უწყობს, როგორც მხარის მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ნებაყოფლობით აღსრულებას, ისე გადაწყვეტილების საბოლოოდ აღსრულებას და სასამართლო დააკმაყოფილებს მხარის თხოვნას, თუ ის დაასაბუთებს, რომ აღსრულების გადადება, განაწილვადება, მისი საშუალებისა და წესის შეცვლა გადაწყვეტილების აღსრულებას რეალურად დაეხმარება ან აუცილებელია მის აღსასრულებლად. ამგვარი საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. ამასთან, გადაწყვეტილების აღსრულების საშუალებისა და წესის შეცვლამ არსებითი გავლენა არ უნდა მოახდინოს გადაწყვეტილებით დადგენილ სამართლებრივ შედეგზე.
გარდა ამისა, გადაწყვეტილება, რომლის აღსრულების მიზნითაც ითხოვს განმცხადებელი აღსრულების წესის დადგენას, არ არის კანონიერ ძალაში შესული, ამასთანავე, მოსარჩელე მხარეს არ აქვს დასაბუთებული თუ რატომ უნდა დადგინდეს აღსრულების სხვაგვარი წესი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღსრულების წესის დადგენის პროცესუალური საფუძველი არ არსებობს, რის გამოც მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. სამოქალქო საპროცესო მოდექსის 49-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
8.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, აქედან გამომდინარე მოსარჩელეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 224.77 ლარიდან უნდა დაუბრუნდეს 150 ლარი, ხოლო 74.77 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 26.50 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
9.1. საქმესთან დაკავშირებით სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ს----–-------------ის“ სარჩელი თ-------–-----ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე, დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე თ-------–-----ეს მოსარჩელე ს----–-------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 5882.37 ლარის გადახდა (საიდანაც ძირი თანხა არის 5000 ლარი, პროცენტი - 866.37 ლარი, პირგასამტეხლო - 16 ლარი).
3. მოსარჩელე ს----–-------------ის მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს 2017 წლის 4 ივლისის ხელშეკრულებით გირავნობით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება Suzuki-SWIFT, გამოშვების წელი - 2007, სახელმწიფო ნომერი: AA130AN, შასის ნომერი: ZC71S404490, სარეგისტრაციო მოწმობა №OVO881916, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ვალდებულების დასაფარად, აღსრულება მიექცეს თ-------–-----ის სხვა ქონებიდან.
4. მეოთხე სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
5. მოსარჩელე ს----–-------------ს“ (ს/კ: 203828304) მის მიერ 04/12/2018 წელს (საგადახდო დავალება №5150072758) სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 224.77 ლარიდან დაუბრუნდეს 150 ლარი, ხოლო 74.77 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. მოპასუხე თ-------–-----ეს მოსარჩელე ს----–-------------ის“ სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ დაეკისროს 26.50 ლარის გადახდა და ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება 20 ლარის ოდენობით.
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატაში (მის: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის ქ. № 7ა) გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მის: ქ. გორი ჯორბენაძის ქ. № 30) მისი დასაბუთებული ასლის მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით დადგენილი წესით.
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია კუთხაშვილი