გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 2/29695-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
10.04.2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე მაკა ჭედია
სხდომის მდივანი: კახა კომლაძე
მოსარჩელე დი----------–-–---–-
მოპასუხე ვი----–--------–---–- (არ გამოცხადდა)
დავის საგანი მოთხოვნათა გაქვითვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვი----–--------–---–-ს მოთხოვნა დი----------–-–---–-ს მიმართ, 6000 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 90 ლარის ოდენობით, გაიქვითოს ვი----–--------–---–-ს საალიმენტო დავალიანებიდან ნაწილობრივ, ამ თანხის ფარგლებში.
დი----------–-–---–- და ვი----–--------–---–- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2004 წლიდან 2013 წლამდე. თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს უძრავი ქონება, რომელიც განქორწინების შემდგომ მოსარჩელემ გაასხვისა ვი----–--------–---–-ს თანხმობის გარეშე 12 000 ლარად.
ვი----–--------–---–მა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოსარჩელე დი----------–-–---–-სათვის 17 500 ლარის დაკისრება. სასამართლომ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, კერძოდ 6000 ლარის ნაწილში.
განქორწინების შემდეგ ვი----–--------–---–ს დაეკისრა ალიმენტის გადახდის ვალდებულება არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, თუმცა ის აღნიშნულ ვალდებულებას არ ასრულებდა და საქმე გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. 2018 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით ვი----–--------–---–ს საალიმენტო ვალდებულება ერიცხება 17 655 ლარის ოდენობით, საიდანაც 16 500 არის ალიმენტის ოდენობა, ხოლო 1155 ლარი აღსრულების ხარჯი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დი----------–-–---–- და ვი----–--------–---–- იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2004 წლიდან 2013 წლამდე.
3.1.2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 30 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ვი----–--------–---–-ს სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. დ-----------–-–---–ს ვი----–--------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისრა 6000 ლარისა და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 90 ლარის გადახდა.
3.1.3. ვი----–--------–---–ს ეკისრება ალიმენტის გადახდის ვალდებულება არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წერილით 2018 წლის 21 სექტემბრის მდგომარეობით ვი----–--------–---–ს საალიმენტო ვალდებულება ერიცხება 17 655 ლარის ოდენობით, საიდანაც 16 500 არის ალიმენტის ოდენობა, ხოლო 1155 ლარი აღსრულების ხარჯი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მოპასუხე ვი----–--------–---–- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.2 მუხლის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
კონკრეტულ შემთხვევაში, დი----------–-–---–-ს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 447-ე მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2019 წლის 10 აპრილს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხეს მოსამზადებელი სხდომის შესახებ ეცნობა საჯარო შეტყობინების გზით და ჩაბარებულად ჩაითვალა, მაგრამ იგი სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებია სასამართლოსათვის.
სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.
ზემოთ აღინიშნა, რომ მოპასუხეს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, შესაბამისად, დ-----------–-–---–ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე:
6.1. სამოქალაქო კოდექსის 442-447-ე მუხლებით დადგენილია ვალდებულების შეწყვეტის შესაძლებლობა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვით. კერძოდ: 442-ე მუხლის თანახმად: ორ პირს შორის არსებული ურთიერთმოთხოვნა შეიძლება გაქვითვით შეწყდეს, თუ დამდგარია ამ მოთხოვნათა შესრულების ვადა. ვალდებულებათა გაქვითვა შესაძლებელია მაშინაც, როცა ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების ვადა ჯერ არ დამდგარა, მაგრამ ამ მოთხოვნის უფლების მქონე მხარს უჭერს გაქვითვას. ვალდებულებათა გაქვითვა ხორციელდება მეორე მხარისათვის შეტყობინებით.
გაქვითვის მატერიალურ სამართლებრივი მექანიზმი გულისხმობს ვალდებულების ურიერთმოთხოვნათა შეწყვეტას მხარის ცალმხრივი ნების გამოვლენით. იმ შემთხვევაში, თუ ნების მიმღები სადავოდ გახდის ვალდებულების არსებობას, სასამართლო ამოწმებს გამოვლენილი ნების ნამდვილობის წინაპირობებს: ვლინდება თუ არა გასაქვითი მოთხოვნები, დამდგარია თუ არა მათი შესრულების ვადა და ხომ არ არსებობს სსკ-ის 447-ე მუხლით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოებები. თუ შემოწმების შედეგად სასამართლო გამოიტანს დასკვნას, რომ შესრულებულია ყველა წინაპირობა, მაშინ მოთხოვნები გაქვითულად ჩაითვლება მხარის მიერ მეორე მხარისათვის შეტყობინების მომენტიდან.
ამავე კოდექსის 447-ე მუხლით, მოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია: ა. თუ მოთხოვნათა გაქვითვა შეთანხმებით წინასწარ იყო გამორიცხული; ბ. თუ ვალდებულების საგანზე არ შეიძლება გადახდევინების მიქცევა, ან ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო; გ. თუ ვალდებულება ითვალისწინებს იმ ზიანის ანაზღაურებას,რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენებით ან სიკვდილით; დ. კანონით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს დი----------–-–---–-სათვის სასამართლოს მიერ დაკისრებული 6000 ლარი და სახელმწიფო ბაჟი 90 ლარი გაქვითულ იქნას ვი----–--------–---–-ს საალიმენტო დავალიანებიდან, ანუ გასაქვითი მოთხოვნებიდან მოპასუხის ვალდებულების შესრულების საგანია სარჩო.
სახეზეა სამოქალაქო კოდექსის 447-ე მუხლით „ბ“ ქვეპუნტით გათვალისწინებული გაქვითვის გამომრიცხველი გარემოება - ვალდებულების საგანს შეადგენს სარჩო;
ამდენად, სარჩელში მითითებული სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გასაქვითი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი ვალდებულების საგანია ალიმენტის (სარჩოს) გადახდევინება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 447-ე მუხლის შესაბამისად, ამ შემთხვევაში, ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვა დაუშვებელია.
7. საპროცესო ხარჯები
სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 182.70 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
დი----------–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 180 ლარი უნდა ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 42-ე მუხლით, თუ სარჩელის აღძვრის მომენტში შეუძლებელია დავის საგნის ღირებულების ზუსტად განსაზღვრა, სახელმწიფო ბაჟის ოდენობას წინასწარ განსაზღვრავს მოსამართლე, შემდეგ კი ხდება დამატებით გადახდევინება ან ზედმეტად გადახდილის უკან დაბრუნება საქმის გადაწყვეტისას დადგენილი სარჩელის ფასის შესაბამისად.
მოსარჩელე დ-----------–-–---–ს უნდა დაუბრუნდეს ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2.70 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 233-237-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დი----------–-–---–-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 180 ლარი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
2.1. დაუბრუნდეს დ-----------–-–---–ს 11.10.2018 საგადახდო დავალება N18255899 -ით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 182.70 ლარიდან 2.70 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაკა ჭედია