გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2019
საქმის ნომერი
330210118002715492
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/32747-18

გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

10.04.2019 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი: კახა კომლაძე

მოსარჩელე ზვ--------------

წარმომადგენელი მა-–------------

მოპასუხე ბე-------------–---–- (არ გამოცხადდა)

ან------------–-–---–- (არ გამოცხადდა)

დავის საგანი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის

შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ან------------–-–---–-სა და ბე-------------–---–-სათვის მოსარჩელე ზვ--------------ს სასარგებლოდ სოლიდარულად ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად - 1 491 ლარის გადახდის დაკისრება.

 

2018 წლის 15 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ჭ-----------------------–--–ზე ზვ--------------ს, რომელიც მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - I----- IA, უკანა მხრიდან შეეჯახა ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4“, სახელმწიფო ნომრით - A--------, რომელსაც მართავდა ბე-------------–---–-.

 

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ გამოწერილი იქნა ელექტრონული საჯარიმო ქვითარი Nემ763200 და ბე-------------–---–- დაჯარიმდა 250 ლარით.

 

ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბე-------------–---–-ს მიერ შეცვლილი იქნებოდა დაზიანებული დეტალები ახალი დეტალებით და აღდგენილი იქნებოდა პირვანდელი მდგომარეობა, რის გამოც არ მოხდა ავტომანქანის საჯარიმოზე გადაყვანა. მიუხედავად შეთანხმებისა, ბე-------------–---–-ს მიერ არ მომხდარა დაზიანებული ნაწილების შეცვლა და მანქანის შეკეთება.

 

2018 წლის 01 ნოემბერს, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნის თანახმად, ზვ--------------ს კუთვნილ ავტომანქანაზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს 1 491 ლარს. მათ შორის შესაცვლელი კვანძებისა და დეტალების ღირებულება შეადგენს: უკანა ბამპერი საბუქსირე ხუფით - 850 ლარი, პარკინგ სენსორი - 50 ლარი, უკანა მარჯვენა მაშუქი - 270 ლარი; ხოლო ჩასატარებელი სამუშაოს ღირებულება ყველა ხარჯის ჩათვლით შეადგენს: სათუნუქე სამუშოები - 50 ლარი, სამღებრო სამუშაოები - 150 ლარი; დაშლა-აწყობა - 50 ლარი. ამასთან, ექსპერტის განმარტებით თანხის ოდენობა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის იზრდება 5%-ით და მთლიანობაში შეადგენს - 1 491 ლარს.

 

შსს მომსახურების სააგენტოს 2018 წლის 01 ნოემბერს გაცემული ცნობის თანახმად, ავტომანქანა, რომელსაც მართავდა ბე-------------–---–-, რეგისტრირებულია ან------------–-–---–-ს სახელზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებს სარჩელთან დაკავშირებით წერილობითი შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 15 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ჭ-----------------------–--–ზე ზვ--------------ს, რომელიც მართავდა „მერსედესის“ მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით - I----- IA, უკანა მხრიდან შეეჯახა ან------------–-–---–-ს კუთვნილი ავტომანქანა „ტოიოტა რავ 4“, სახელმწიფო ნომრით - A--------.

 

3.1.2. 2018 წლის 15 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ან------------–-–---–-სის კუთვნილ ავტომანქანას მართავდა ბე-------------–---–-.

 

ავტოსაგზაო შემთხვევისას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბე-------------–---–-ს მიმართ შეადგინეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, დამრღვევი დაჯარიმდა 250 ლარით.

ბე-------------–---–ს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი არ გაუსაჩივრებია.

3.1.3. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნის თანახმად, ზვ--------------ს კუთვნილ ავტომანქანაზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა საორიენტაციოდ შეადგენს 1 491 ლარს. მათ შორის შესაცვლელი კვანძებისა და დეტალების ღირებულება შეადგენს: უკანა ბამპერი საბუქსირე ხუფით - 850 ლარი, პარკინგ სენსორი - 50 ლარი, უკანა მარჯვენა მაშუქი - 270 ლარი; ხოლო ჩასატარებელი სამუშაოს ღირებულება ყველა ხარჯის ჩათვლით შეადგენს: სათუნუქე სამუშოები - 50 ლარი, სამღებრო სამუშაოები - 150 ლარი; დაშლა-აწყობა - 50 ლარი. ამასთან, ექსპერტის განმარტებით თანხის ოდენობა გაუთვალისწინებელი ხარჯებისათვის იზრდება 5%-ით და მთლიანობაში შეადგენს - 1 491 ლარს.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოპასუხეები ბე-------------–---–- და ან------------–-–---–- სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულან. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230.2 მუხლის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული გარემოებები ბე-------------–---–-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო ან------------–-–---–-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 326-ე, 992-ე, 999-ე, 998-ე, 408-ე, 409-ე, 412-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2019 წლის 10 აპრილს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხეებს მოსამზადებელი სხდომის შესახებ ეცნობათ სატელეფონო შეტყობინების გზით და სასამართლო უწყება ჩაბარებულად ჩაითვალა, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის.

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის 1-ლი-მე-2 ნაწილებით, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყება უნდა ჩაჰბარდეთ იმ ვარაუდით, რომ მათ ჰქონდეთ სასამართლოში დროულად გამოცხადებისა და საქმის მომზადებისათვის გონივრული ვადა.

 

ზემოთ აღინიშნა, რომ მოპასუხეებს სასამართლოს მოსამზადებელი სხდომის დღის შესახებ ეცნობათ კანონით დადგენილი წესით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება, ხოლო მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები ბე-------------–---–-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო ან------------–-–---–-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6.1. მოსარჩელის მოთხოვნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე ბე-------------–---–-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამავე კოდექსის 326-ე მუხლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.

 

ვინაიდან დელიქტური პასუხისმგებლობის მომწესრიგებელი ნორმები ზიანის გაანგარიშების სპეციალურ წესებს არ ადგენს, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელი ზოგადი ნორმებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო 409-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს 1491 ლარს (იხ. 3.1.3 პუნქტი). მოპასუხე ბე-------------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ზემოაღნიშნული თანხის გადახდა, რადგან მის მიერ საგზაო წესების დარღვევის შედეგად, დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალება.

 

6.2. სარჩელი ან------------–-–---–-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

დადგენილია, რომ ავტომანქანა, რომელსაც საგზაო შემთხვევის დროს ბე-------------–---–- მართავდა წარმოადგენს ან------------–-–---–-ს საკუთრებას. მოსარჩელე ითხოვს როგორც ზიანის მიმყენებელს, ისე ავტომანქანის მესაკუთრეს სოლიდარულად დაეკისროს ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი. თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილი სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებლობა პირს ეკისრება მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენის შემთხვევაში, სსკ-ის 395.1-ე და 992-ე მუხლები) განსხვავებულ წესს ადგენს. როგორც წესი, სატრანსპორტო საშუალების იურიდიული მფლობელი, მიუხედავად იმისა, მართავს თუ არა ის ამ საშუალებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე, თუ ზიანი მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგია. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი გამოყენება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია.

 

სამოქალაქო კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

აღნიშნული მუხლი არის დელიქტური ვალდებულებებისათვის სპეციალური ნორმა, რომელიც ადგენს, რა შემთხვევაშია დასაშვები მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა.

 

მსგავსი კატეგორიის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნა პირველი მოპასუხის (ზიანის მიმყენებლის) მიმართ შესაძლებელია დაეფუძნოს სსკ-ის 992-ე მუხლს, ხოლო მეორე მოპასუხის (მესაკუთრის) მიმართ - სსკ-ის 999-ე მუხლის პირველ ნაწილსა და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის მესამე წინადადებას. ამასთან, მოპასუხეთა სოლიდარული პასუხისმგებლობა გამორიცხულია, ვინაიდან სსკ-ის 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლი კი - ბრალის გარეშე, შესაბამისად, ამ ნორმების შეერთება სსკ-ის 998-ე მუხლთან შეუძლებელია (იხ. სუსგ ას-1085-1022-2015). „სსკ-ის 992-ე და 999-ე მუხლების ერთობლივად გამოყენება სამართლებრივად არათავსებადია, რადგან 992-ე მუხლი აწესებს პასუხისმგებლობას ბრალეული მოქმედებისათვის, ხოლო 999-ე მუხლით კი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება დგება, ბრალის მიუხედავად“ (იხ. სუსგ ას-143-139-2016).

 

ვინაიდან მოთხოვნის სოლიდარულად წარდგენა გამორიცხულია, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელია ის პირი, ვისი მოქმედების უშუალო შედეგსაც მიყენებული ზიანი წარმოადგენს, ანუ, განსახილველ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევია ბე-------------–---–-, ხოლო ან------------–-–---–-ს მიმართ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოპასუხე ბე-------------–---–ს ზვ--------------ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ბე-------------–---–ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის ანაზღაურება 59.64 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

ბე-------------–---–ს უნდა დაეკისროს ასევე მოსარჩელე ზვ--------------ს სასარგებლოდ საექსპერტო მომსახურების საფასურის 241 ლარის და ინფორმაციის მოპოვების საფასურის - 37 ლარის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.11.2018 განჩინებით ზვ--------------ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე ან------------–-–---–ს (პ/ნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალების გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელი ან------------–-–---–-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 12.11.2018 განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 233-237-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ზვ--------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.2. დაეკისროს მოპასუხე ბე-------------–---–ს მოსარჩელე ზვ--------------ს სასარგებლოდ 1 491 ლარის ანაზღაურება;

 

1.3. სარჩელი ან------------–-–---–-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;

 

2. დაეკისროს მოპასუხე ბე-------------–---–ს მოსარჩელე ზვ--------------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.

 

2.1. დაეკისროს მოპასუხე ბე-------------–---–ს მოსარჩელე ზვ--------------ს სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის 59.64 ლარის, საექსპერტო მომსახურების საფასურის 241 ლარისა და ინფორმაციის მოპოვების საფასურის - 37 ლარის ანაზღაურება.

 

3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 12 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. განემარტოს მოპასუხეს, რომ მის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საჩივრის შეტანის გზით მოპასუხისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და აღარ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია