გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/17297-16
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
(შესავალი ნაწილი)
25.04.2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი
სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი
მოსარჩელე რ-------- შ----–----
უფლებამონაცვლეები ნ---- შ----–---,რ----- შ----–---,ე-- შ----–---,გ------- შ----–---,წარმომადგენელი გ------ ნ-–------,მოპასუხე სს ს----------–--- რ--------,წარმომადგენელი მ--- მ---------–-, ნ----- მ-–-------–---–-,დავის საგანი: საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის გადაანგარიშება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს ს----------–--- რ--------- დაეკისროს მოსარჩელის რ-------- შ----–---- უფლებამონაცვლეთა ნ---- შ----–----, რ----- შ----–----, ე-- შ----–---- და გ------- შ----–---- სასარგებლოდ 22322.06 ლარის გადახდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო. მან განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა საფუძველს მოკლებულია, რადგან ვერ ამტკიცებს, იმ გარემოებებს, რომელსაც თავისი მოთხოვნის საფუძვლად უთითებს. ამასთან, ის ნორმები, რომელთა მეშვეობითაც მოსარჩელე საკუთარ პოზიციას ამყარებს, არ აწესრიგებს სარჩოს გაანგარიშების წესს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რ-------- შ----–--- დასაქმებული იყო მოპასუხე საწარმოში მეოთხე თანრიგის მატარებლის შემადგენლის თანამდებობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.2. 1989 წლის 13 მარტს რ-------- შ----–---- საწარმოო მოვალეობის შესრულების დროს მიიღო საწარმოო ტრავმა მოპასუხესთან დასაქმების პერიოდში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
საწარმოში უბედური შემთხვევის შესახებ აქტი N1 ს.ფ. 16-18.
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.3. რ-------- შ----–---- საწარმოო ტრავმის დროს დაკარგა პროფესიული შრომისუნარიანობა 80%-ით 1993 წლის 15 ივნისიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამედიცინო კომისიის დასკვნა ს.ფ. 19.
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.4. რ-------- შ----–--- მრავალი წელია მოპასუხე საწარმოსგან იღებდა ყოველთვიურ დანიშნულ სარჩოს 198.43 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.5. მოპასუხე საწარმოში გაიზარდა მოსარჩელის თანამდებობაზე მომუშავე მოქმედი მუშაკის ხელფასი და შეადგინა 750 ლარი. კერძოდ, მეხუთე თანრიგის მატარებლის შემადგენლის ყოველთვიური ხელფასი 2013 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 12 თებერვლამდე (რ-------- შ----–---- გარდაცვალებამდე) შეადგენდა 750 ლარს, ხოლო დროის ამ მონაკვეთში რ-------- შ----–--- სარჩოს სახით იღებდა 198.43 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ რ-------- შ----–---- პროფესიული შრომის უნარი დაკარგული ჰქონდა 80%-ით, დროის ამ მონაკვეთში მას სარჩოს სახით უნდა მიეღო ნაცვლად 198.43 ლარისა - 750 ლარის 80% 600 ლარი და მან 2013 წლის 01 ივლისიდან 2018 წლის 12 თებერვლამდე 55 თვისა და 11 დღის განმავლობაში ვერ მიიღო სარჩოს სხვაობა 401.57 ლარის ოდენობით. შესაბამისად 401.57 ლარი გამრავლებული 55 თვეზე უდრის 22 086.35 ლარს, რასაც უნდა დაემატოს ასევე 2018 წლის 11 დღის მიუღებელი სარჩო 235.71 ლარი. მთლიანობაში რ-------- შ----–---- მიერ სიცოცხლეში მიუღებელი კუთვნილი სარჩო შეადგენს 22322.06 ლარს საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
10.04.2019 წლის სს ს----------–--- რ--------- წერილის ასლი ს.ფ. 100.
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.6. რ-------- შ----–--- დაიბადა 26.12.1959 წელს, ხოლო გარდაიცვალა 12.02.2018 წელს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
გარდაცვალების მოწმობის ასლი ს.ფ. 58.
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.1.7. რ-------- შ----–---- მოთხოვნა შევიდა სამკვიდრო მასაში. რ-------- შ----–---- მემკვიდრეები და უფლებამონაცვლეები არიან მოსარჩელეები ნ---- შ----–---, რ----- შ----–---, ე-- შ----–--- და გ------- შ----–---.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამკვიდრო მოწმობის ასლი ს.ფ. 71-73.
მხარეთა ახსნა-განმარტება სასამართლო სხდომის ოქმში.
მხარეები სადავოდ არ ხდიან.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, ასევე მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის უფლებამონაცვლეების მოთხოვნა სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლი.
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-9 მუხლი.
საქართველოს კონსტიტუციის 5-ე მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 411-ე, 992-ე, 1319-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1424-ე, 1433-ე მუხლები.
საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლი.
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1952 წლის N102 კონვენცია „სოციალური უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტების შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია, ასევე საერთაშორისო პაქტი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ არეგულირებენ ყოველი ადამიანის სოციალური უზრუნველყოფის პოზიტიურ უფლებას (მუხლები 22, და 9).
სასამართლო მოიშველიებს „სოციალური უზრუნველყოფის მინიმალური სტანდარტების შესახებ“ (Social security (minimum standarts) convention) შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1952 წლის N102 კონვენციის იმ რეგულაციებს, რომლებიც აწესრიგებენ შრომითი ტრავმის საკითხებს (Empoyment injury benefit). სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის (და შესაბამისად მისი გამოყენება სამართლის პირდაპირ წყაროდ ეროვნული სასამართლოს მიერ ვერ მოხდება), საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს. აღნიშნული დოკუმენტის მე-6 თავის (Empoyment injury benefit) 31-ე, 36-ე, 38-ე და ასევე მე-11 თავის 66-ე მუხლების რეგულაციები, ქმნიან საკითხის მოწესრიგებას, რომლის თანახმადაც პირები უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ შესაბამისი ანაზღაურებით საწარმოო ტრავმის შემთხვევაში; შრომისუნარიანობის ნაწილობრივი დაკარგვის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფილ იქნეს პერიოდული გასაცემლის მიღება შრომისუნარიანობის დაკარგვის პროპორციულად (suitable proportion); უზრუნველყოფა უნდა ფარავდეს შრომისუუნარობის მთელ პერიოდს; პერიოდული გასაცემლების ოდენობა უნდა გადაიხედოს სახელფასო დონის არსებითი ცვლილების პარალელურად (66-ე მუხლის მე-10 პუნქტი).
მოცემული სამართალურთიერთობის შედასამართლებრივი რეგულაციები ასევე შესაბამისობაშია საერთაშორისო სამართლის წყაროებთან.
საქართველოს კონსტიტუცია სოციალური სახელმწიფოს იდეას ამკვიდრებს. კონსტიტუციის მე-5-ე მუხლით გაცხადებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპი გამომდინარეობს პრეამბულის ფუნდამენტური იდეებიდან დემოკრატიული წესწყობილებისა და ეკონომიკური თავისუფლების დამკვიდრების და სოციალური, სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუცის 5-ე მუხლი სოციალური სახელმწიფოს პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულებაა (2008 წლის 31 მარტის N2/1-392 გადაწყვეტილება)). სოციალური სახელმწიფოს მიზანია სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დამკვიდრება ქვეყანაში. სოციალურია ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსახელობის სოციალური დონე ამაღლდეს.
ეჭვგარეშეა, რომ სოციალური სახელმწიფოს ზემოაღნიშნული პრინციპი, რომელიც თავისთავად სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთი გამოვლინებაა, ცალსახად მოიაზრებს შრომით ურთიერთობაში შესული პირის - დასაქმებულის უფლებების სათანადო რეალიზაციას. ასეთი უფლებები კი, საწარმოო ტრავმის შემთხვევაში დასაქმებულის სათანადო დაცვის უზრუნველყოფის გარეშე ვერ ჩაითვლება სრულყოფილად დაცულად.
სასამართლოს მაიჩნია, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის წინაშე ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს წარმოადგენდა სს ს----------–--- რ--------.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები, დაზარებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. ამავე კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სწორედ დასახელებული ნორმების შინაარსი აძლევს მოსარჩელეს სამართლებრივ საფუძველს, რომ მოითხოვოს სარჩოს გადახდევინება გაზრდილი ხელფასის შესაბამისად, რამდენადაც ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების – საწარმოო ტრავმის არარსებობის და შრომის უნარის შენარჩუნების პირობებში, მოსარჩელე მიიღებდა გაზრდილ ხელფასს. მოცემული დავის სწორად გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობისაა თავად ის გარემოება, რომ მუშაკმა მიიღო სხეულის დაზიანება საწარმოო ტრავმის შედეგად და მას წაერთვა პროფესიული შრომის უნარი 80%-ით, სამუდამო.
სარჩოს ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოების დადგომა, პირს ართმევს შესაძლებლობას, ჰქონდეს სამუშაო და იღებდეს შესაბამის ანაზღაურებას. ამასთან, სარჩოს მიღების უფლება წარმოადგენს პირის შესაძლებლობას, აუნაზღაურდეს ზიანი, რაც მიიღო საწარმოო ტრავმის სახით. სარჩოს მიღებით ხდება პირისათვის შემოსავლის მიღების უზრუნველყოფა საწარმოო ტრავმის არარსებობის პირობებში შესაძლო შრომის ანაზღაურების შესაბამისად. თავად ის გარემოება, რომ საწარმოო ტრავმის მიღების გამო მოსარჩელემ დაკარგა სამუშაო და შესაბამისი ანაზღაურების მიღების შესაძლებლობა, თავის მხრივ, წარმოშობს საფუძვლიან და კანონიერ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო ტრავმის მიუღებლობის შემთხვევაში, მუშაკი განაგრძობდა მუშაობას და იგი მიიღებდა გაზრდილ ხელფასს.
ამდენად, ზემოთ მოხმობილი ნორმებით, ასევე, საქართველოს შრომის კოდექსის 44-ე მუხლით გათვალისწინებული რეგულაციის შესაბამისად, სამართალურთიერთობის სწორ შეფასებას წარმოადგენს ის, რომ მოპასუხე სს ს----------–--- რ-------- არამართლზომიერად არ ახდენდა მოსარჩელის სარჩოს ოდენობის გადაანგარიშებას მოქმედი მატარებლის შემადგენლის გაზრდილი ხელფასის ოდენობის გათვალისწინებით და მოპასუხე სს ს----------–--- რ--------- მიერ, მოსარჩელისათვის მისაცემი სარჩოს ოდენობაში, მატარებლის შემდგენელის ხელფასის გაზრდილი ოდენობის გაუთვალისწინებლობით, მოსარჩელე არასრულად იღებდა სარჩოს, რითაც მას ადგებოდა ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელე რ-------- შ----–--- სასამართლოში საქმის წარმოების დროს გარდაიცვალა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსით, რომლის 1319-ე მუხლის თანახმად, სამკვიდრო იხსნება პირის გარდაცვალების ან სასამართლოს მიერ გარდაცვლილად მისი გამოცხადების შედეგად. ამავე კოდექსის 1320-ე მუხლის შესაბამისად, სამკვიდროს გახსნის დროდ ითვლება მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე ან პირის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლის დღე.
მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდრო გაიხსნის მომენტად მიჩნეული იქნა მამკვიდრებლის გარდაცვალების დღე - 12.02.2018 წელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები).
სსკ-ის 1421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამკვიდროს იღებს მემკვიდრე, იქნება იგი კანონით თუ ანდერძით მემკვიდრე. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სამკვიდროს გახსნის ადგილის სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.
სსკ-ის 1424-ე მუხლით, სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან. ამავე კოდექსის 1433-ე მუხლით, მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან.
სსკ-ის 1328-ე მუხლის პირველი ნაწილით, სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი),ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
სასამართლოს მიიჩნია, რომ მიუღებელი სარჩოს მოთხოვნის უფლება, რომელიც მამკვიდრებელს სიცოცხლეშივე ჰქონდა რეალიზებული სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის გზით, წარმოადგენს სსკ-ის 1328-ე მუხლით გათვალისწინებულ ქონებრივ უფლებას (აქტივს), რომელიც, როგორც სამკვიდრო ქონება, მემკვიდრეობით გადაეცემა. ამდენად, მოსარჩელეებს, როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეებს, გააჩნიათ მიუღებელი სარჩოს მოთხოვნის უფლება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მამკვიდრებელი უფლებამოსილი იყო სარჩოს სახით მიეღო ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით, რა ოდენობითაც მიიღებდა ხელფასს, ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება რომ არ დამდგარიყო, ამასთნ გასათვალისიწნებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე გარდაცვალების დროისათვის ვერ საპენსიო ასაკს 65 სელს არ იყო მიღწეული და საპენსიო ასაკის მიღწევამდე მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის ეხადა სარჩო.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გარდაცვლილს გააჩნდა გადასაანგარიშებელი სარჩოს სახით 22322.06 ლარის მოთხოვნის უფლება, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ, როგორც აქტივი, შევიდა სამკვიდრო მასაში. ამდენად, მისი პირველი რიგის მემკვიდრეების სარჩელი 22322.06 ლარის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანად იქნა მიჩნეული.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე სს ს----------–--- რ--------- სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, დავის საგნის ღირებულების (სსსკ-ის 41.1“დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად) 3%-ის, 669.66 ლარის ოდენობით.
ამასთან საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეს წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი აქვს 200 ლარი. ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა სს ს----------–--- რ--------- მოსარჩელეთა სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საპროცესო ხარჯის 200 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 55-ე, 244-245-ე, 248-249-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელის უფლებამონაცვლეთა სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს მოპასუხე სს ს----------–--- რ--------- დაეკისროს მოსარჩელის უფლებამონაცვლეთა ნ---- შ----–----, რ----- შ----–----, ე-- შ----–---- და გ------- შ----–---- სასარგებლოდ 22322.06 ლარის გადახდა ს----------–--- საგადასახადო კოდექსით დადგენილი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის გათვალისწინებით.
2. მოპასუხე სს ს----------–--- რ--------- დაეკისროს მოსარჩელის უფლებამონაცვლეების ნ---- შ----–----, რ----- შ----–----, ე-- შ----–---- და გ------- შ----–---- სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის 200 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე სს ს----------–--- რ--------- დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 669.66 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი