გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2019
საქმის ნომერი
050210018002790670
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

050210018002790670

საქმე №2/1392-18წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11.04.2019 წელი ქ.ოზურგეთი

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნანა ჯოხაძე

სხდომის მდივანი ლია დარჩია

მოსარჩელე: სსიპ ეროვნული სა----ო სააგენტო

წარმომადგენელი: ან----–---------ა და მი----–-----–---–---–ი

მოპასუხე: შპს ,,მ-“

წარმომადგენელი: გი------------------ია

დავის საგანი: თანხის დაკისრება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. სსიპ ეროვნულ სა----ო სააგენტოსა და შპს ,,მ-’’ შორის 2017 წლის 19 მაისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №35(ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცილების გამო მოპასუხისთვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველ გადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 7524 (შვიდი ათას ხუთას ოცდაოთხი) ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს გაანგარიშება უნდა განხორციელებულიყო 105 დღეზე და 231 დღეზე. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად ითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სსიპ ეროვნული სააგენტოს და შპს ,,მ-“ შორის 2017 წლის 19 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №35(ბ) ხელშეკრულება.

 

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ოზ--------ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდში სავარაუდოდ 22 227 ჰექტარი ტყის ინვენტარიზაციის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების პირობების, დანართი №1, №2-ის და თანდართული excel ცხრილების შესაბამისად.

 

ხელშეკრულების მე-3 პუნქტის თანახმად, მთლიანი სახელშეკრულებო თანხა მიმწოდებლისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა გადასახადის გათვალისწინებით შეადგენდა 12063,0425 ლარს, დღგ-ს ჩათვლით.

 

ხელშეკრულების მე-5 პუნქტის თანახმად, მომსახურება უნდა შესრულებულიყო ეტაპობრივად. ხელშეკრულების მე-16 მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერის დღიდან (19.05.2017წ.) არანაკლებ 2018 წლის 01 მარტამდე ან/და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულ და ჯეროვან შესრულებამდე.

 

ხელშეკრულება იყო სამ ეტაპიანი. პირველი ეტაპი მოსამზადებელი სამუშაოები, კერძოდ, საკვარტალე ქსელის პროექტი და ორთო-ფოტო გეგმების დეშიფრირების კონტურების ,,შეიპ’’ ფაილები. მეორე ეტაპს წარმოადგენდა სავალე სამუშაოები და სახელმწიფო ტყის ფონდის საზღვრების დაზუსტების სამუშაოები. მესამე ეტაპი - კამერალური სამუშაოების შედეგად მიღებული საბოლოო მასალები შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით.

 

ხელშეკრულების მე-11 პუნქტი ითვალისწინებდა მხარეთა პასუხისმგებლობას. კერძოდ, 11.1. ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 19 მაისის ხელშეკრულება (იხ. ს/ფ 18-21);

- ტექნიკური დავალება (იხ. ს/ფ 22-29);

 

3.2.2. შპს ,,მ-“ მიერ პირველი ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა სრულად და ჯეროვნად და ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად გაფორმდა მიღება- ჩაბარების აქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 30 ივნისის №35 (ბ)-1-1 მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს/ფ 29);

 

3.2.3. შპს ,,მ-“ მიერ მეორე ეტაპით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულდა სრულად და ჯეროვნად და ხელშეკრულების მე-4 მუხლის შესაბამისად გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2017 წლის 06 ნოემბრის №35-(ბ)/1-2 მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს/ფ 30);

 

3.2.4. 2018 წლის 26 ივნისის №12434/06 მოხსენებითი ბარათში მითითებულია, რომ სსიპ ეროვნული სააგენტოს და შპს ,,მ-“ შორის 2017 წლის 19 მაისის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №35(ბ) ხელშეკრულების მე-3 ეტაპით განსაზღვრულია, სსიპ ეროვნული სა----ო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ, გურიის სა----ო სამსახურის ოზ--------ის მუნიციპალიტეტის საფუძველზე შექმნილი ტყის მართვის გეგმის წარმოდგენა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 180 დღის ვადაში. მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაო არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში და არც შემდგომ პერიოდში არ განხორციელებულა.

 

სსიპ ეროვნული სა----ო სააგენტოს 2018 წლის 08 ივნისის №06/11172 წერილით თანახმად, შპს ,,მ-“ მიეცა ვადა 2018 წლის 15 ივნისამდე წარედგინა დოკუმენტაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო ცალმხრივად შეწყვეტდა ხელშეკრულებას.

 

2018 წლის 22 მარტის ინსპექტირების ჯგუფის დასკვნაში მითითებულია, რომ შპს ,,მ-“ მიერ მესამე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები სააგენტოში წარდგენილი არ არის.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 26 ივნისის №12434/06 მოხსენებითი ბარათი (იხ. ს/ფ 31);

- 2018 წლის 08 ივნისის №06/11172 წერილი (იხ. ს/ფ 33);

- 2018 წლის 22 მარტის ინსპექტირების ჯგუფის აქტი (იხ. ს/ფ 32);

 

3.2.5. 2018 წლის 04 ივლისის №02/13039 წერილით შპს ,,მ-“ ეცნობა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული №35(ბ) ხელშეკრულების მე-11 მუხლის 11.3 პუნქტის და მე-12 მუხლის, 12.3 პუნქტის, 12.3.3 ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2018 წლის 4 ივლისიდან ცალმხრივად შეწყდა ხელშეკრულება. შპს ,,მ-“ დაერიცხა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით, რამაც შეადგინა (2017 წლის 16 ნოემბრიდან 2018 წლის 04 ივლისის ჩათვლით პერიოდში ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობამ შეადგინა 231 დღე, ხოლო შეუსრულებელი ვალდებულება - 32571,4458 ლარი) 7524 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 04 ივლისის №02/13039 წერილი (იხ. ს/ფ 35-36);

 

3.2.16. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. ფაქტობრივად, სადაო გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. შესაბამისად, პროცესუალურად, ზოგადი წესის მიხედვით, მტკიცების ტვირთი მხარეებს ერთნაირად ეკისრებათ.

 

ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც მითითებული მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალში მოქმედებს პრინციპი რომლის მიხედვით ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს”.

 

სამოქალაქო პროცესში მონაწილეობს ორი ერთმანეთისადმი დაპირისპირებული მხარე - მოსარჩელე და მოპასუხე. შესაბამისად, ერთი ნაწილი მტკიცების საგანში შემავალი ფაქტებისა ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მოპასუხის სასარგებლოდ. ის, რაც მოსარჩელის სასარგებლოდ ივარაუდება უნდა გააქარწყლოს მოპასუხემ, ხოლო ის, რაც მოპასუხის სასარგებლოდ ივარაუდება პირიქით, უნდა გააქარწყლოს მოსარჩელემ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, სუსგ, საქმე №ას-570-541-2015, 11.11.2015 წელი).

 

როგორც წესი, ფაქტის მითითებისა და მისი დამტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს, ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგოს დამტკიცების ტვირთი (შდრ. სუსგ №ას-1485-1401-2012, 11.11.2013).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

- სასამართლომ გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები;

- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-3, 316-ე, 319-ე, 629-ე, 361-ე, მე-400, 416-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები;

- „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. იმავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

მოცემულ შემთხვევაში, სსიპ ეროვნულ სა----ო სააგენტოსა და შპს ,,მ-’’ შორის 2017 წლის 19 მაისს დაიდო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №35(ბ) ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ოზ--------ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ტყის ფონდში სავარაუდოდ 22 227 ჰექტარი ტყის ინვენტარიზაციის მომსახურების შესყიდვა ხელშეკრულების პირობების, დანართი №1, №2-ის და თანდართული excel ცხრილების შესაბამისად (იხ. 3.2.1. პუნქტი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის მიხედვით, პირველი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. მხარეთა შორის თავის არსით არის ნარდობის ხელშეკრულება, რადგან ხელშეკრულების საგანია მომსახურების გაწევა - სამუშაოების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს ,,მ-’’ ვალდებულება იყო ოზ--------ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებული ტყის ფონდში სავარაუდოდ 22227 (ოცდაორი ათას ორას ოცდაშვიდი) ჰექტარი ტყის ინვენტარიზაციის მომსახურების გაწევა (იხ. 3.2.1. პუნქტი).

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი. ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში წარმოიშობა ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, ასევე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

 

6.5. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის შესაბამისად ამ კანონის მიზანია ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვის უზრუნველყოფა; ბ) სახელმწიფო საჭიროებისათვის აუცილებელი საქონლის წარმოების, სამუშაოების შესრულების და მომსახურების გაწევის სფეროში ჯანსაღი კონკურენციის განვითარება; გ) სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა. ამავე კანონის მე-2 ნაწილის ა) პუნქტის შესაბამისად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს სახელმწიფო შესყიდვები მისთვის გამოყოფილი ასიგნებათა ფარგლებში. ამ კანონიდან გამომდინარე, შემსყიდველის განსაკუთრებული ინტერესია, რომ არ მოხდეს სახელმწიფო სახსრებით დაფინანსებული პროექტების შესრულების გაჭიანურება და ამ მიზნის უზრუნველყოფისათვის დგინდება შესაბამისი პირგასამტეხლოს პროცენტიც.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებები: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, ხელშეკრულების 11.1. ქვეპუნქტის თანახმად, შემსყიდველი უფლებამოსილია ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ვადის გადაცილების შემთხვევაში დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1 პროცენტის ოდენობით.

6.7. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე „ზეწოლის“ განხორციელების ერთგვარი ბერკეტია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ასევე განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას-1053-993-2015). პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის ხელშკრულების დარღვევის ფაქტის მითითება საკმარისია (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 08.04.2016წ. განჩინება საქმეზე №ას- 1053-993-2015).

 

შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის დადგომის შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით მისი მინიმალური ოდენობა გარანტირებულად, ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცების გარეშე, მარტივად და სწრაფად აუნაზღაურდება კრედიტორს. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი (იხ.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 19.11.2015წ. განჩინება საქმეზე №ას- 816-767-2015).

 

6.8. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა პირგასამტეხლო, კერძოდ ხელშეკრულებაში არსებობს წერილობითი ჩანაწერი ამის თაობაზე, რის გამოც პირგასამტეხლოს დაკისრება ვალდებულების დამრღვევი მხარისათვის მართლზომიერად უნდა შეფასდეს.

 

6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების უფლება ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგნია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება.

 

შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გადაწყდეს საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად. უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნეს თანაზომიერების პრინციპი. სასამართლო პირგასამტეხლოს შემცირებისას მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ხოლო კონტიტენტური ევროპის სამართლის ქვეყნების სასამართლოები (მათ შორის, გერმანია), ასევე, უაღრესად დიდ ყურადღებას აქცევენ კრედიტორის ეკონომიურ ინტერესს, კერძოდ, თუ რა ინტერესი და მნიშვნელობა გააჩნია კრედიტორს ვალდებულების დროულად შესრულების მიმართ, რაც განაპირობებს პირგასამტეხლოს, როგორც პრევენციულ ფუნქციას, ზოგჯერ საკმაოდ მაღალსაც კი.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს შეამციროს პირგასამტეხლო და თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის დაცვის მიზნით მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით უნდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით, საერთო ჯამში 3762 (სამი ათას შვიდას სამოცდაორი) ლარის გადახდა;

7. საპროცესო ხარჯები:

7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ გადახდილია სარჩელზე - 225.72 ლარი. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. შესაბამისად, სსიპ ეროვნული სა----ო სააგენტოს უკან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 102,53 ლარი. სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი 112.86 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ხოლო შპს ,,მ-“ სსიპ ეროვნული სა----ო სააგენტოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 10.33 ლარის ანაზღაურება.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:

მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ იყო გამოყენებული.

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სსიპ ეროვნული სა----ო სააგენტოს სარჩელი შპს ,,მ-“ მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. შპს ,,მ-“ მოსარჩელე სსიპ ეროვნული სა----ო სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს, სსიპ ეროვნული სა----ო სააგენტოსა და შპს ,,მ-“ შორის 2017 წლის 19 მაისს დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N35(ბ) ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ვადის გადაცილების გამო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.05%-ის ოდენობით, საერთო ჯამში 3762 (სამი ათას შვიდას სამოცდაორი) ლარის გადახდა;

3. მოსარჩელე სსიპ ეროვნული სა----ო სააგენტოს უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი 102,53 ლარის ოდენობით.

3.1. შპს ,,მ-“ სსიპ ეროვნული სა----ო სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის 10.33 ლარის ანაზღაურება.

3.2. სსიპ ეროვნული სა----ო სააგენტოს მიერ გადახდილი ბაჟის თანხის ნაწილი 112.86 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;

 

მოსამართლე: ნანა ჯოხაძე