გადაწყვეტილება

სამოქალაქო 10.04.2019
საქმის ნომერი
330210018002748249
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
10.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/35049 - 18

ნ ა წ ი ლ ო ბ რ ი ვ ი გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე (მოპასუხე შეგებებული სარჩელით) - მ---------------–--ე

წარმომადგენლები - ს--–----------–----ე, მ-------------ე

მოპასუხე (მოსარჩელე შეგებებული სარჩელით) - ბ-------------ე

წარმომადგენელი - თ---------------–---–ი

მესამე პირი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრი

წარმომადგენელი - მ--------–---------–---ი

დავის საგანი ძირითადი სარჩელით - ალიმენტის დაკისრება

დავის საგანი შეგებებული სარჩელით - განქორწინება, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით)

 

1.1. ბ-------------ეს და მ--------------–--ესა შორის 2016 წლის 14 თებერვალს რეგისტრირებული ქორწინების (აქტის ჩანაწერი N-----------) შეწყვეტა;

 

1.2. მოსარჩელე ბ-------------ისათვის არასრულწლოვან ა-----------------ესთან (დაბადებული 2-----–-–------------------- ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა შემდეგი წესით: ყოველი კვირის ოთხშაბათს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე და კვირას 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, წაყვანის და უკან, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;

1.3. მოსარჩელე ბ-------------ისათვის არასრულწლოვან ა-----------------ესთან (დაბადებული 2-----–-–------------------- ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა ხუთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, ზაფხულის არდადეგების დროს, ორი კვირა - 10 ივლისიდან 25 ივლისამდე, ხოლო არასრულწლოვანის ექვსი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ - ზაფხულის პერიოდში - 10 ივლისიდან 11 აგვისტომდე პერიოდით, ბავშვის წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

მოსარჩელე ბ-------------ე და მოპასუხე მ--------------–--ე 2016 წლის 14 თებერვლიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------------ შეეძინათ შვილი ა-----------------ე. მხარეები კონფლიქტური ურთიერთობის გამო აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის საქორწინო ურთიერთობა ფაქტობრივად შეწყვეტილია. ბ-------------ე 2018 წლის ნოემბრის თვიდან ცხოვრობს თავის ახალ მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან, ლ--–---------ესთან ერთად. შესაბამისად, მხარეების, ბ-------------ისა და მ--------------–--ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. მოპასუხე მ--------------–--ე არ აძლევს საშუალებას ბ-------------ეს, დაუბრკოლებლად ნახოს არასრუწლოვანი შვილი და იქონიოს მასთან სტაბილური, ნორმალური ურთიერთობა. ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით და მისი სწორი აღზრდა-განვითარებისათვის აუცილებელია, არასრულწლოვან ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან, შესაბამისად, მიზანშეწონილია, სასამართლომ განსაზღვროს მამასა და შვილს შორის ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი.

მოსარჩელე მხარემ სასარჩელო მოთხოვნა დააზუსტა სასამართლოს სხდომაზე.

(შეგებებული სარჩელი, 2019 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას მოსარჩელე ბ-------------ესთან განქორწინების თაობაზე.

2.2. მოპასუხემ შეგებებული სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, იგი თანახმაა, არასრულწლოვან შვილთან, 2----–-–------------------ დაბადებულ ა-----------------ესთან ურთიერთობის წესი დადგინდეს შემდეგი წესით: ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე 18:00 საათიდან 21:00 საათამდე და კვირა დღე 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. მოპასუხე, ამ ეტაპზე, ბავშვის მცირეწლოვნებიდან გამომდინარე, არ არის თანახმა, ურთიერთობის წესი განისაზღვროს ზაფხულის პერიოდში ერთი თვის ვადით, ვინაიდან, არაა მიზანშეწონილი ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, ამ ხანგრძლივობით ბავშვის დედასთან მოშორება. მოპასუხე თანახმაა, ასაკის ზრდასთან ერთად, 6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, დადგინდეს ურთიერთობის წესი ზაფხულის არდადეგების პერიოდში - ერთი თვის ვადით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით;

(შესაგებელი, 2019 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი);

 

3. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მესამე პირის - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის წარმომადგენელი ეთანხმება წარმოდგენილ დასკვნებს. ორივე მხარის ოჯახის შეფასების საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ორივე მათგანს აქვს შესაძლებლობა, არასრულწლოვან ბავშვს შეუქმნას ჯანსაღი და კეთილსაიმედო გარემო. მხარეები შეთანხმდნენ მიმდინარე პერიოდისათვის მამის არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესზე, ხოლო რაც შეეხება ზაფხულის პერიოდში არდადეგების გარკვეული პერიოდის გატარებას, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ასაკის მატებასთან ერთად დადგინდეს ზემოაღნიშნული ურთიერთობის წესი, კერძოდ, ხუთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ - ორი კვირის, ხოლო ექვსი წლის ასაკიდან - ერთი თვის ვადით.

არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელია, ბავშვს ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ და ფიზიკურ განვითარებაზე.

 

4. ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1.1. მოსარჩელე ბ-------------ე და მოპასუხე მ---------------–--ე დაქორწინდნენ 2016 წლის 14 თებერვალს. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------------ შეეძინათ შვილი, ა-----------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 66);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N------------ (ს.ფ. 67).

 

4.1.2. მხარეები 2018 წლის სექტემბრის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ა-----------------ე ცხოვრობს დედასთან, მ--------------–--ესთან ერთად;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი).

 

4.1.3. ბ-------------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია თ----------–--ესთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------- შეეძინათ შვილი ლ--–---------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (2019 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი);

- მოპასუხის ახსნა-განმარტება (2019 წლის 10 აპრილის სხდომის ოქმი).

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 68).

 

4.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.2.1. ბ-------------ის და მ--------------–--ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;

 

მხარეები რამდენიმე თვეა ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხემ მიუთითა ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზე, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე. ამასთან, მოსარჩელე ბ-------------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან, რაც მოპასუხე მ--------------–--ესთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

4.2.2. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის შეფასებით, მოპასუხე მ--------------–--ე ცხოვრობს საკუთარ სახლში მამასთან, დასთან და მცირეწლოვან შვილთან, ა-----------------ესთან ერთად, მისამართზე: თბილისი, ნ----–---------. საცხოვრებელ სახლში დაკმაყოფილებულია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სახლი არის კეთილმოწყობილი და არის ბავშვის აღზრდისათვის შესაბამისი გარემო. არასრულწლოვანს აქვს სათამაშოები და განვითარებისათვის საჭირო ნივთები. ა-----------------ე დადის კერძო საბავშვო ბაღში. მ--------------–--ის გადმოცემით, ისინი დაშორდნენ 2018 წლის სექტემბრის თვეში. შემდგომში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბ-------------ე სხვა პირთან იმყოფებდა ფაქტობრივ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. მოპასუხის განმარტებით, იგი ა-----------------ეს ყოველთვის უშვებს ბ-------------ის მშობლებთან, ნ------------ესთან და ნ----------------ესთან და რამდენიმე დღით ტოვებს მათთან. მოპასუხეს სურს, რომ მამას, ბ-------------ეს ჰქონდეს ბავშვთან ურთიერთობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გლდანი-ნაძალადევის სერვის ცენტრის 2019 წლის 11 მარტის დასკვნა N4--- (ს.ფ. 128);

 

4.2.3. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალური მუშაკის შეფასებით, მოსარჩელე ბ-------------ე ბოლო ექვსი თვეა მეუღლესთან თ----------–--ესთან და არასრულწლოვან შვილთან, ლ--–---------ესთან ერთად ცხოვრობს ქირით ორ ოთახიან ბინაში მისამართზე ქ. თბილისი, ვ--------------–---–--------------------. საცხოვრებელი ბინა გაწყობილია თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით. ბინაში ყველა პირობაა შექმნილი ბავშვის ჯანსაღი აღზრდისათვის. ოჯახი იხდის ქირას 600 ლარს ყოველთვიურად. მიღებული ინფორმაციით, ბ-------------ე ამ ეტაპზე არ მუშაობს. თ----------–--ე დასაქმებულია, რომელიც ხელმძღვანელობს უძრავი ქონების სააგენტოს, თუმცა მისი შემოსავალი არასტაბილურია. ბ-------------ის განმარტებით, იგი ქორწინებაში იმყოფებდა მ--------------–--ესთან, თუმცა დაძაბული ურთიერთობის შემდგომ, მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა.

ბ-------------ე სიყვარულით საუბრობს შვილზე, ა-----------------ეზე. იგი ბავშვს ნახულობდა მშობლების სახლში, ნ----–---------------–-. მოსარჩელე ბავშვის მიმართ ავლენს სითბოს, სიყვარულს და გამოთქვამს სურვილს, არასრულწლოვანი შვილი კვირის განმავლობაში ინახულოს ხშირად. ბ-------------ის მოსაზრებით, ბავშვის ჯანსაღი აღზრდისათვის, მნიშვნელოვანია ორივე მშობლის მზრუნველობა. მოსარჩელე მხარემ განაცხადა, რომ იგი ა-----------------ეს მიიყვანს, როგორც მშობლების სახლში, სადაც ბავშვისთვის არის ნაცნობი გარემო, ასევე, მიიყვანს მის ამჟამინდელ საცხოვრებელ სახლში. ანასტასიას ჰყავს დედმამიშვილი და ისინი ერთმანეთს უნდა იცნობდნენ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ისანი-სამგორის სერვის ცენტრის 2019 წლის 10 აპრილის დასკვნა N---- (ს.ფ. 140);

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

5.1. მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც განქორწინების შესახებ ბ-------------ის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია.

 

5.2. სასამართლომ განიხილა ბ-------------ის სასარჩელო მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, რაც გამომდინარეობს არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესებიდან.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, 1197-ე, 1198-ე, 1199-ე, 1200-ე, 1202-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 245-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ერთ სარჩელში გაერთიანებული რამდენიმე მოთხოვნიდან, აგრეთვე რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნებიდან ერთ-ერთი გარკვეულია და მომზადებულია გადაწყვეტილების გამოსატანად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით გამოიტანოს ნაწილობრივი გადაწყვეტილება ამ მოთხოვნის მიმართ. მოცემული საქმის განხილვის ფარგლებში, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია, ბ-------------ის შეგებებულ სარჩელის მოთხოვნასთან (ქორწინების შეწყვეტა, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა ) მიმართებით მიღებულ იქნეს ნაწილობრივი გადაწყვეტილება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით.

 

ბ-------------ე და მ---------------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2016 წლის 14 თებერვლიდან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------------ შეეძინათ შვილი - ა-----------------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის თანახმად, 1. განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია საქართველოს სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. 2. სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად; მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს. 3. განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

 

მხარეთა მითითებით, 2018 წლის სექტემბრის თვიდან ისინი აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად და მათ შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია. არასრულწლოვანი ა-----------------ე ცხოვრობს დედასთან, მ--------------–--ესთან ერთად. ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელე ბ-------------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია თ----------–--ესთან. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------- შეეძინათ შვილი ლ--–---------ე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ოჯახის საფუძველია. მასში, პირველ ყოვლისა, ასახვას პოულობს სულიერი, ზნეობრივი, ასევე პირადი და ქონებრივი ურთიერთობების გაერთიანება. ქორწინებისათვის დამახასიათებელი იურიდიული ნიშნების გათვალისწინებით, კანონმდებელს საშუალება მიეცა შემოეთავაზებინა ქორწინების შემდეგნაირი განსაზღვრება: ქორწინება მამაკაცისა და ქალის თავისუფალი, ნებაყოფლობითი და თანასწორუფლებიანი კავშირია, ოჯახის შექმნის მიზნით, რომელიც მყარდება კანონით დადგენილი წესისა და პირობების დაცვით, წარმოშობს მეუღლეთა შორის პირად და ქონებრივ უფლებებს და მოვალეობებს. როგორც კანონმდებელი განმარტავს, ქორწინების ერთ-ერთი საფუძველია ,,ოჯახის შექმნის მიზანი”. აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება მხოლოდ ნებაყოფლობას უნდა ეფუძნებოდეს. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხის განმარტებას მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობის თაობაზე დაადასტურებდა. მხარეთა შორის შეწყვეტილია საქორწინო ურთიერთობა და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. მართალია, მოპასუხე მიუთითებს მოსარჩელესთან საქორწინო ურთიერთობის შენარჩუნების შესაძლებლობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მოსარჩელის ნება, სურვილი მოპასუხე მ--------------–--ესთან ოჯახის შენარჩუნებისა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ მოპასუხე მხარის ნება არ წარმოადგენს საკმარის საფუძველს იმისა, რომ მოსარჩელე ბ-------------ე და მოპასუხე მ--------------–--ე ერთ ოჯახად განიხილებოდნენ. ამასთან, მოცემულ საქმეზე სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1123-ე მუხლით დადგენილი დანაწესი განქორწინების დაუშვებლობის შესახებ, რა დროსაც, სავალდებულოა ცოლის თანხმობა განქორწინებაზე.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბ-------------ის და მ--------------–--ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია. ყურადსაღებია ის გარემოება, რომ მხარეები რამდენიმე თვეა ცხოვრობენ ცალ-ცალკე და მათ შორის დაძაბული ურთიერთობაა. სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობისას მხარეთა შერიგების ვარაუდი არ გამოიკვეთა. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოპასუხემ მიუთითა ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენის შესაძლებლობაზე, მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე ისევ დაუჭირა მხარი სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხესთან ქორწინების შეწყვეტის შესახებ და უარი განაცხადა ოჯახის შენარჩუნებასა და მოპასუხესთან ერთ ოჯახად ცხოვრებაზე. ამასთან, მოსარჩელე ბ-------------ე ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაშია სხვა პირთან, რაც მოპასუხე მ--------------–--ესთან ოჯახის აღდგენის შესაძლებლობას გამორიცხავს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. ქორწინება დაფუძნებულია ნებაყოფლობითობის პრინციპზე და ამასთან საოჯახო სამართალი განამტკიცებს განქორწინების თავისუფლების პრინციპს.

 

1966 წლის 16 დეკემბრის ,,საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ” (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის თანახმად, 1. ოჯახი საზოგადოების ბუნებრივი და ძირითადი უჯრედია და აქვს უფლება, რომ იგი დაიცვან საზოგადოებამ და სახელმწიფომ. 2. მამაკაცებსა და ქალებს, რომლებმაც მიაღწიეს ქორწინების ასაკს, აქვთ უფლება შექმნან ოჯახი. 3. არც ერთი ქორწინება არ შეიძლება მოხდეს მექორწინეთა თავისუფალი და სრული თანხმობის გარეშე. 4. ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან ბ-------------ის და მ--------------–--ის ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, სარჩელი განქორწინების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7.2. ბ-------------ემ შეგებებული სარჩელით მოითხოვა არასრულწლოვან ა-----------------ესთან (დაბადებული 2-----–-–------------------- ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ა-----------------ე (დაბადებული 2----–-–------------------) არის ბ-------------ის და მ--------------–--ის შვილი. მხარეები დღეის მდგომარეობით ერთ ოჯახად არ ცხოვრობენ. სოციალური სამსახურის შეფასებით, მოპასუხე მ--------------–--ე ცხოვრობს საკუთარ სახლში მამასთან, დასთან და მცირეწლოვან შვილთან, ა-----------------ესთან ერთად, მისამართზე: თბილისი, ნ----–---------. საცხოვრებელ სახლში დაკმაყოფილებულია სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. სახლი არის კეთილმოწყობილი და არის ბავშვის აღზრდისათვის შესაბამისი გარემო. არასრულწლოვანს აქვს სათამაშოები და განვითარებისათვის საჭირო ნივთები. ა-----------------ე დადის კერძო საბავშვო ბაღში. მ--------------–--ის გადმოცემით, ისინი დაშორდნენ 2018 წლის სექტემბრის თვეში. შემდგომში, მისთვის ცნობილი გახდა, რომ ბ-------------ე სხვა პირთან იმყოფებოდა ფაქტობრივ ქორწინებაში და ჰყავს არასრულწლოვანი შვილი. მოპასუხის განმარტებით, იგი ა-----------------ეს ყოველთვის უშვებს ბ-------------ის მშობლებთან, ნ------------ესთან და ნ----------------ესთან და რამდენიმე დღით ტოვებს მათთან. მოპასუხეს სურს, რომ მამას, ბ-------------ეს ჰქონდეს ბავშვთან ურთიერთობა.

 

სოციალური სამსახურის მიერ ასევე შემოწმდა მოსარჩელე ბ-------------ის საცხოვრებელი პირობები. მოსარჩელე ბ-------------ე მეუღლესთან თ----------–--ესთან და არასრულწლოვან შვილთან, ლ--–---------ესთან ერთად ცხოვრობს ქირით ორ ოთახიან ბინაში მისამართზე ქ. თბილისი, ვ--------------–---–--------------------. საცხოვრებელი ბინა გაწყობილია თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით. ბინაში ყველა პირობაა შექმნილი ბავშვის ჯანსაღი აღზრდისათვის. ოჯახი იხდის ქირას 600 ლარს ყოველთვიურად. მიღებული ინფორმაციით, ბ-------------ე ამ ეტაპზე არ მუშაობს. თ----------–--ე დასაქმებულია, რომელიც ხელმძღვანელობს უძრავი ქონების სააგენტოს, თუმცა მისი შემოსავალი არასტაბილურია. ბ-------------ის განმარტებით, იგი ქორწინებაში იმყოფებდა მ--------------–--ესთან, თუმცა დაძაბული ურთიერთობის შემდგომ, მათ შორის ოჯახური თანაცხოვრება შეწყდა. მოსარჩელე სიყვარულით და სითბოთი საუბრობს შვილზე ა-----------------ეზე და გამოთქვამს სურვილს, მასთან ჰქონდეს სტაბილური, ნორმალური და ჯანსაღი ურთიერთობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

მოცემული ნორმის განმარტებით, მშობელს უფლება აქვს, ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა და მათთან სტაბილური კონტაქტი მნიშვნელოვანია არასრულწლოვანის სწორი აღზრდისა და მისი განვითარებისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მ--------------–--ე ნაწილობრივ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, იგი თანახმაა მოსარჩელის არასრულწლოვან შვილთან, 2----–-–------------------ დაბადებულ ა-----------------ესთან ურთიერთობის წესი დადგინდეს შემდეგი წესით: ყოველი კვირის ოთხშაბათი დღე 18:00 საათიდან 21:00 საათამდე და კვირა დღე 10:00 საათიდან 19:00 საათამდე. მოპასუხე, ამ ეტაპზე, ბავშვის მცირეწლოვნებიდან გამომდინარე, არ არის თანახმა, ურთიერთობის წესი განისაზღვროს ზაფხულის პერიოდში ერთი თვის ვადით, ვინაიდან არაა მიზანშეწონილი ბავშვის ასაკის და დედასთან არსებული მიჯაჭვულობის გათვალისწინებით, ამ ხანგრძლივობით ბავშვის დედასთან მოშორება. მოპასუხე თანახმაა, ასაკის ზრდასთან ერთად, 6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, დადგინდეს ურთიერთობის წესი ზაფხულის არდადეგების პერიოდში - ერთი თვის ვადით, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამდენად, ვინაიდან მოპასუხე მხარემ ზემოაღნიშნულ ნაწილში სარჩელის მოთხოვნა ცნო, ბ-------------ის შეგებებული სარჩელი არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეკომენდაციით, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ ორივე მშობელი ჩართული იყოს შვილის აღზრდა-განვითარების პროცესში და ინაწილებდნენ პასუხისმგებლობას. მამის შვილთან ურთიერთობის წესი უნდა დადგინდეს იმგვარად, რომ არ იქნეს დარღვეული ბავშვის ბიოლოგიური გარემო და განათლების უწყვეტობა.

 

მოსარჩელე მხარემ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და ზაფხულის პერიოდში ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრა მოითხოვა შემდეგი წესით: ა-----------------ის ხუთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, ივლისის თვეში ორი კვირით, ხოლო ექვსი წლის ასაკის შემდეგ - ერთი თვის ვადით, რასაც დაეთანხმა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს ისინი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა ჰქონდეს. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციას და არასრულწლოვანი ა-----------------ის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ ბ-------------ის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის “თ” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს 100 ლარს. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს მოცემული მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე ბ-------------ის სასარჩელო მოთხოვნა განქორწინების თაობაზე დაკმაყოფილდა, მოპასუხე მ--------------–--ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 50 ლარის გადახდა, სარჩელზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად. ხოლო არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის შესახებ მოთხოვნის ნაწილში, მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 245-ე, 249-ე, 257-ე, 2591- ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ბ-------------ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. შეწყდეს ქორწინება მ---------------–--ესა (დაბადებული 2-.0-.1---წ., პირადი N-----------) და ბ-------------ეს (დაბადებული 1-.0-.1---წ., პირადი N-----------) შორის, რეგისტრირებული 2016 წლის 14 თებერვალს, აქტის ჩანაწერი N-----------.

 

1.2. ბ-------------ეს (პირადი N-----------) თავის არასრულწლოვან შვილთან - ა-----------------ესთან (დაბადებული 0--0-.2---–., პირადი N-----------) ურთიერთობისთვის განესაზღვროს შემდეგი წესი:

 

1.2.1. ყოველი კვირის ოთხშაბათს 18:00 საათიდან 21:00 საათამდე და კვირას 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, ბავშვის ყოველდღიური რეჟიმის დაურღვევლად, მის უსაფრთხო გარემოში წაყვანის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

1.2.2. არასრულწლოვანი ა-----------------ის (დაბადებული 0--0-.2---–., პირადი N-----------) ხუთი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, გადაწყვეტილების 1.2.1. პუნქტით დადგენილი ურთიერთობის წესთან ერთად, განესაზღვროს ურთიერთობა ზაფხულის არდადეგების პერიოდში - 10 ივლისიდან 25 ივლისამდე, ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოში წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

1.2.3. არასრულწლოვანი ა-----------------ის (დაბადებული 0--0-.2---–., პირადი N-----------) ექვსი წლის ასაკის მიღწევის შემდეგ, გადაწყვეტილების 1.2.1. პუნქტით დადგენილი ურთიერთობის წესთან ერთად, განესაზღვროს ურთიერთობა ზაფხულის არდადეგების პერიოდში - 10 ივლისიდან 11 აგვისტომდე, ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოში წაყვანის, ღამით დარჩენის უფლებითა და დედასთან დაბრუნების ვალდებულებით.

 

2. მ---------------–--ეს ბ-------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა, სარჩელზე მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა