გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.03.2019
საქმის ნომერი
330210017001883387
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
21.03.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/9902-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მარტი 2019 წ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე : ქეთევან კუჭავა

სხდომის მდივანი: თამარ პოღოსოვი

მოსარჩელე: ზუ---------------ე

მოპასუხე: სსიპ ,,ა–-------------------–--ში“

წარმომადგენელი: ან--------–--ა

დავის საგანი: სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს - სსიპ ,,ა–-------------------–--ში“ მოსარჩელე - ზუ---------------ეს სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანება 1000 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2003 წლის 21 მაისამდე, მოსარჩელე მუშაობდა სსიპ სა---------–-------------ლ ს---------–--- ს-------ოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

2003 წლის ნოემბრის თვეში ზუ---------------ეს არ მიუღია კუთვნილი ხელფასი, რის შედეგადაც სსიპ სა---------–-------------ლ ს---------–--- ს-------ოს წარმოეშვა სახელფასო დავალიანება 1000 ლარი. აღნიშნული დადასტურებული იქნა სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოს 02.03.2017 წლის N-------- წერილით.

მოპასუხეს 2003 წლის ნოემბრის თვის ხელფასი - 1000 ლარი ზუ---------------ესთვის არ აუნაზღაურებია.

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელს არ ცნობს უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.

 

შესაგებლის საფუძვლები:

 

2.1. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე მოითხოვს 2003 წლის ნოემბერში წარმოშობილი სახელფასო დავალინების ანაზღაურებას, შესაბამისად გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადა, რაც გამორიცხვას სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.

 

მოპასუხე ასევე მიუთითებს სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოს 2017 წლის 02 მარტის წერილზე, რომლითაც მოსარჩელეს ეცნობა 2003 წლის ნოემბერში დარიცხულ ხელფასთან დაკავშირებით. აღნიშნული ინფორმაციული ხასიათის წერილის გაცემით არ მომხდარა მოსარჩელის მიმართ ვალდებულების იმგვარი აღიარება, რაც გავლენას მოახდენდა ხანდაზმულობის ვადაზე.

 

მოპასუხის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული წერილით მოპასუხეს სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად მოთხოვნა სხვაგვარად არ უღიარებია. ამასთან, წერილი წარდგენილია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ, რაც გამორიცხვას სსკ-ის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ აღიარებას.

 

მითითებული წერილი ასევე არ წარმოადგენს სსკ-ის 144-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ აღიარებას, ვინაიდან, აღნიშნული დანაწესი განიმარტება ამავე მუხლის მე-2 ნაწილთან მიმართებაში და მისი აღიარებად მიჩნევისათვის აუცილებელია წერილი შეიცავდეს მოვალის ნებას - შეასრულოს ვალდებულება, რასაც აღნიშნულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.

 

წერილი ასევე არ წარმოადგენს სსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ აბსტრაქტულ ვალის აღიარებას, ვინაიდან, მოპასუხის მიერ მოხდა უკვე არსებული სამართალურთიერთობის დადასტურება და არა ვალის არსებობის აბსტრაქტულ აღიარებას.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კი მოსარჩელის მოთხოვნა მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

1. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 აპრილის განჩინებით მოცემულ №2/9902-17 სამოქალაქო საქმეში მოპასუხე სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოს უფლებამონაცვლედ ჩაბმული იქნეს სსიპ ა–-------------------–--ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 25 აპრილის განჩინება (ს.ფ.71-73).

 

3.1.2. ზუ---------------ე 2003 წლის ნოემბრის თვეში მუშაობდა სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოში სსიპ სა---------–-------------ლ ს---------–--- ს-------ოს დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე. 2003 წლის ნოემბრის თვეში დარიცხული ჰქონდა ხელფასი 1000 ლარი. მოსარჩელეს 2003 წლის ნოემბრის თვის ხელფასი მიღებული არ აქვს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოს 02.03.2017 წლის N-------- წერილი და 27.11.2009 წლისN0-------- წერილი(ს.ფ. 10; 85;);

 

3.1.3. სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოს 27.11.2009 წლის N0-------- წერილით ზუ---------------ეს, მისი 2009 წლის 20 ნოემბრის განცხადების და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს 2009 წლის 25 ნოემბრის N----------- წერილის შესაბამისად ეცნობა, რომ მას არ გააჩნია რესურსი მოსარჩელის 2003 წლის დავალიანების დასაფარად. ს-------ო აღნიშნული დავალიანების დაფარვას შეძლებს მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიზნობრივად გამოყოფს თანხებს გასული წლების დავალიანების დასაფარად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოს 27.11.2009 წლისN0-------- წერილი(ს.ფ. 85).

 

3.1.4. სს--------------–--ს ე---------–------------–------------ომ 02.03.2017 წლის N-------- წერილით, ზუ---------------ის წერილის პასუხად აცნობა, რომ 2003 წლის ნოემბრის თვეში იგი მუშაობდა სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოში და 2003 წლის ნოემბრის თვეში დარიცხული ჰქონდა ხელფასი 1000 ლარი, გადასახადების ჩათვლით.

 

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში არ ფიქსირდებოდა აღნიშნული ხელფასის გაცემის ფაქტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოს 02.03.2017 წლის N-------- წერილი (ს.ფ.10;).

3.1.5. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 25.06.2018წ. #----------- წერილით დგინდება, რომ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მონაცემებით, სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოს მიერ 2004 წელს წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში დაფარული იქნა სახელფასო დავალიანება 29 313 ლარის ოდენობით, ხოლო 2010 წელს 1300 ლარის ოდენობით (ვალდებულებების კლების მუხლიდან).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ფინანსთა სამინისტროს 25.06.2018 წლის წერილი (ს.ფ. 93).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მითითებას, სახელფასო დავალიანების მოთხოვნით აღძრული სარჩელის ხანდაზმულად მიჩნევის თაობაზე.

 

უდავოა, რომ მოსარჩელეს მიღებული არ აქვს 2003 წლის ნოემბრის თვის ხელფასი 1000 ლარი.

 

მოსარჩელემ დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით სასამართლოს წინამდებარე სარჩელით მომართა 2017 წლის 6 მარტს.

 

საქმეში არ მოიპოვება სასრჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის შეჩერების ან შეწყვეტის რაიმე გარემოების არსებობის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია;

საქართველოს შრომის კოდექსი;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 26.1-ე მუხლის შესაბამისად, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.

 

საქართველოს შრომის კოდექსის 1-ლი მუხლით ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტით შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლზე, რომლის მიხედვითაც შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ. ამავე კოდექსის 31 მუხლის თანახმად,1. შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის დავის საგანია 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და მიუთითებს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.

 

ამდენად, წინამდებარე საქმეზე ვრცელდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი, სახელშეკრულებო მოთხოვნებისათვის გათვალისწინებული ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტის შინაარსი და მისი გამოყენების წინაპირობები მოწესრიგებულია სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლით, რაც არაერთხელ გამხდარა საერთო სასამართლოებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტების საგანი. თუმცა, მისი ზოგადი სამართლებრივი არსი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მნიშვნელობით შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ სტანდარტს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2013 წლის 5 ნოემბრის გადაწყვეტილებაში საქმე №3/1/531 (ჯანაშვილი პარლამენტის წინააღმდეგ) აღნიშნულია „....სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის გარკვეულ მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, შესაძლებლობა აქვს, მოითხოვოს საკუთარი უფლებების სამართლებრივი გზით (იძულებით) განხორციელება ან დაცვა. ამ ვადის გაცდენა კი გულისხმობს ამ პირთა მიერ ასეთი შესაძლებლობის გამოყენების უფლების მოსპობას, გაქარწყლებას. სამოქალაქო სამართალში სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ პირი კარგავს უფლების სასამართლო გზით დაცვის შესაძლებლობას......".

 

ხანდაზმულობის ინსტიტუტი კონსტიტუციური მართლწესრიგის შემადგენელი ნაწილია და მიმართულია ეკონომიკური ურთიერთობების მონაწილეთა სამართლებრივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების თანახმად: „....ხანდაზმულობის ვადები ემსახურება რამდენიმე მნიშვნელოვან მიზანს, კერძოდ, სამართლებრივ განსაზღვრულობას და საბოლოობას, პოტენციური მოპასუხეების დაცვას ძველი სარჩელებისაგან, რომლებისგანაც თავის დაცვა შეიძლება რთული აღმოჩნდეს და უსამართლობის თავიდან აცილებას, რომელიც შეიძლება, წარმოშვას, თუ სასამართლოები იძულებული გახდებიან, გადაწყვიტონ საქმეები, რომლებიც შორეულ წარსულში მოხდა, იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რომელიც შესაძლოა დროის გასვლის გამო არასაიმედო ან არასრული იყოს..." (იხ. CASE OF STUBBINGS AND OTHERSS VS THE UNITED KINGDOM 1996 წლის 22 ოქტომბერი).

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნონ ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა სხვადასხვა ტიპის ვადებს იცნობს. მათ შორისაა, სამოქალაქო უფლების განხორციელების ვადები, რომელიც სხვა ვადებთან ერთად გულისხმობს უფლების დაცვის - ხანდაზმულობის ვადებს. სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვნის იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. თუკი დარღვეული უფლების იძულებით დაცვის შესაძლებლობა კანონით განსაზღვრული ვადით არ იქნებოდა შეზღუდული, ეს გამოიწვევდა სამოქალაქო საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის გაძნელებას, ვინაიდან დიდია ალბათობა საქმესთან დაკავშირებული უტყუარი მტკიცებულებების დაკარგვისა, საქმეში მონაწილე პირების მიერ საქმის გარემოებების არაადეკვატურად აღქმისა და სხვა. ამრიგად, სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში.

 

სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. სასარჩელო ხანდაზმულობა გულისხმობს დროს, რომლის განმავლობაში პირს შეუძლია მოითხოვოს თავისი დარღვეული უფლების აღდგენა. მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის სწორად შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის განსაზღვრას.

 

მითითებული ნორმის დეფინიციის თანახმად, შრომის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს 3 წელს იმ მომენტიდან, როდესაც დამსაქმებელს წარმოეშვა დასაქმებულის მიმართ ვალდებულება, აენაზღაურებინა, ხოლო მოსარჩელე - უფლება მიეღო შესაბამისი თვის ხელფასი, 2003 წლის ნოემბრის მომდევნო თვიდან.

 

მოსარჩელემ წინამდებარე სარჩელი სასამართლოში აღძრა 2017 წლის 6 მარტს, ზემოაღნიშნული სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

სსკ-ის 138-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება. შესაბამისად გამოიყენება 139-ე და 140-ე მუხლები.

 

ამავე კოდექსის 137-ე მუხლით ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული მოთხოვნის “სხვაგვარ აღიარებად” მხოლოდ მოვალის ერთმნიშვნელოვანი და ნათლად გამოვლენილი ნება ჩაითვლება, რომლის საფუძველზეც იგი პირდაპირ აღიარებს დავალიანების არსებობას. ნებისმიერი ეჭვი ან უზუსტობა მოვალის სასარგებლოდ უნდა იქნეს განმარტებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, სს--------------–--ს ე---------–------------–------------ო 02.03.2017 წლის N-------- წერილით ადასტურებს მხოლოდ 2003 წლის ნოემბრის თვის სახელფასო დავალიანების (1000 ლარი) არსებობის ფაქტს. განსახილველ შემთხვევაში, აღნიშნული წერილში პირდაპირ არაა მითითებული, რომ სს--------------–--ს ე---------–------------–------------ო მოსარჩელის მოთხოვნას აღიარებს და აღნიშნული მოთხოვნის შესრულებას თავის ვალდებულებად მიიჩნევს. შესაბამისად, წერილი მოთხოვნის აღიარებად ვერ ჩაითვლება.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოს 02.03.2017 წლის N-------- წერილით მოპასუხე ადასტურებს უკვე ხანდაზმული 2003 წლის დავალიანების ფაქტს. სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის მიზნებისათვის კი მოვალის აღიარება სამართლებრივი ძალის მატარებელი მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუკი აღიარება ხანდაზმულობის ვადაში განხორციელდა, რადგანაც საფუძველს მოკლებული იქნება მსჯელობა იმაზე, რომ მოვალის იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედებას შედეგად მოჰყვეს უკვე გასული ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა.

 

სასამართლომ განმარტავს, რომ ვალდებულების არსებობის აღიარების საკითხი განსხვავებულადაა მოწესრიგებული სამოქალაქო კოდექსის 137-ე, 144-ე და 341-ე მუხლებით სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევათა რიცხვს მიეკუთვნება მოვალის იმგვარი ქმედება, როდესაც იგი (ვალდებული პირი) უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას (იხ. სუსგ №ას-330-733-06, 19 დეკემბერი, 2006 წელი). სამართლის თეორიაში გაბატონებული შეხედულების თანახმად, ერთმანეთისაგან განსხვავდება მარტივი, კაუზალური და აბსტრაქტული აღიარება. მათი საერთო ნიშანი ისაა, რომ ისინი ადასტურებენ/წარმოშობენ მოთხოვნის არსებობას, თუმცა, იურიდიული თვალსაზრისით გააჩნიათ განმასხვავებელი ნიშან-თვისებები. მარტივი აღიარება სახეზეა მაშინ, როდესაც მოვალე ცალმხრივად ადასტურებს არსებულ ვალდებულებით ურთიერთობას და გაცნობიერებულად გამოთქვამს მზაობას, შეასრულოს იგი (დაპირება). კაუზალური ვალის აღიარება ასევე მიმართულია არსებული სამართლებრივი ურთიერთობის დადასტურებისაკენ და, ბუნებრივია, უნდა შეიცავდეს დაპირების ელემენტს, ამასთან იგი შეიძლება არ იყოს ცალმხრივი (მხარეთა ორმხრივი შეთანხმება არსებული ვალდებულების შესრულების დამატებით ვადაზე, სხვა შესრულების მიღებაზე და სხვა). როგორც მარტივი, ისე _ კაუზალური აღიარება ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის კერძო შემთხვევას წარმოადგენს და შედეგად, ამავე კოდექსის 141-ე მუხლის ძალით, შეწყვეტამდე განვლილი დრო მხედველობაში არ მიიღება, არამედ, ვადა დაიწყება თავიდან.

 

სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოს 02.03.2017 წლის N-------- წერილით კი დადასტურებული იქნა მხოლოდ ფაქტი - 2003 წლის ნოემბრის თვეში სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოში მუშაობის და 2003 წლის ნოემბრის თვეში ხელფასის სახით 1000 ლარის დარიცხვისა და მისი მოსარჩელის მიერ მიუღებლობის თაობაზე, თუმცა, არ გამოხატავს ნებას დავალიანების დაფარვის თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხე აღნიშნული წერილით არ აღიარებს დავალიანებას, არ გამოხატავს მზაობას დავალიანების დაფარვის თაობაზე, ამასთან, იგი გაცემულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც გამორიცხავს 2003 წლის დავალიანების მოთხოვნის უფლებაზე ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას სსკ-ის 137-ე მუხლის შესაბამისად. სსკ-ის 137-ე მუხლის ნორმატიული შინაარსით, ხანდაზმულობის ვადის ამოწურვამდე პერიოდში უნდა დგინდებოდეს მოვალის ნება ვალდებულების შესასრულებლად და არა ფაქტის აღიარების, მხოლოდ ვალდებულების ფაქტის კონსტანტაციის.

 

რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლს, უპირველესად უნდა აღინიშნოს ის, რომ თავად ამ ნორმით მოწესრიგებული ვალის არსებობის აღიარება 137-ე და 144.3 მუხლებით გათვალისწინებული აღიარებისგან აბსტრაქტული ბუნებით განსხვავდება, იგი თავად წარმოადგენს ცალმხრივ გარიგებას და დამოუკიდებელ ვალდებულებას წარმოშობს. ვალის აღიარების ხელშეკრულება, ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ვალის აღიარების ხელშეკრულების დამოუკიდებული ბუნება იმ კუთხითაც განსხვავდება ვალდებული პირის სხვაგვარი აღიარებისაგან, რომ სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულება მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგაც ნამდვილია, რადგანაც, როგორც ზემოთ აღინიშნა, იგი ახალ, დამოუკიდებელ მოთხოვნას წარმოშობს და ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების მიმართ დამოუკიდებლად აითვლება ხანდაზმულობის ვადის დენა (იხ. სუსგ №ას-383-364-2015, 27 მაისი, 2016 წელი).

 

სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალის არსებობის აღიარება ხელშეკრულებას წარმოადგენს, ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. ნებისმიერი დოკუმენტი, რომელშიც ვალის არსებობაა დაფიქსირებული, ვერ ჩაითვლება ვალის არსებობის აღიარების შესახებ ხელშეკრულებად, თუ არ დადგინდება, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების არსებით პირობებზე.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ს-------ოს 02.03.2017წ. N-------- წერილი მხოლოდ ინფორმაციული შინაარსისაა და არ შეიცავს კონკრეტულ პირობებზე (ხელშეკრულების საგანზე - შესასრულებელი ვალდებულების მოცულობაზე, შესრულების კონკრეტულ ვადაზე, მხარეთა ძირითად უფლება-მოვალეობებზე), მათ შორის ვალდებულების შესრულების შესახებ მხარეთა შეთანხმებას, ვერ მიიჩნევა ვერც სსსკ-ის 341-ე მუხლით გათვალისწინებულ ვალის აღიარების დამადასტურებელ დოკუმენტად.

 

რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ 27.11.2009 წლის N0-------- წერილს, რომლითც სს--------------–--ს ე---------–------------–------------ომ განმარტა, რომ მას არ გააჩნდა რესურსი მოსარჩელის 2003 წლის დავალიანების დასაფარად და ს-------ო აღნიშნული დავალიანების დაფარვას შეძლებდა მას შემდეგ, რაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიზნობრივად გამოყოფდა თანხებს გასული წლების დავალიანების დასაფარად - მოსარჩელეს სასამართლოსათვის სარჩელით არ მოუმართავს არც აღნიშნული წერილის მიღებიდან და არც 2010 წლის შემდგომ 3 წლის განმავლობაში, როდესაც, მოსარჩელის მითითებითა და ფინანასთა სამინისტროს წერილით, სს--------------–--ს ე---------–------------–------------ოს მიერ 2010 წელს (ვალდებულებების კლების მუხლიდან) დაფარული იქნა სახელფასო დავალიანება 1 300 ლარის ოდენობით.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია სახელფასო დავალიანების მოთხოვნა სასამართლოში წარდგენილია კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144.1 მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, მისი ხანდაზმულობის გამო.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი არ დაკმაყოფილდა შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟის გადახდა მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ არ დაეკისრება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ზუ---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ქეთევან კუჭავა