გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
საქმე N2/37306-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ე--------------------ა
მოპასუხე - ზ--------–-----ა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
მოპასუხე ზ-------–-----ას მოსარჩელე სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს გადახდა 6170.76 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2695,20 ლარი და პირგასამტეხლო - 3475,56 ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2017 წლის 03 ივლისს სს „თ----------სა“ და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის (სწრაფი განვადების) ხელშეკრულება. მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 5000 ლარი. კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა იყო 418.17 დღე. დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, ყოველი თვის 02 რიცხვში და უნდა დასრულებულიყო 2018 წლის 02 ივლისს. ყოველთვიურად გადასახდელი თანხა შეადგენდა 418.17 ლარს. წლიური საპროცენტო სარგებელი კი იყო 0%. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის შეადგენდა 20 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 0.50%-ს.
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხემ თანხა აითვისა 2017 წლის 03 ივლისს და გადახდის გრაფიკი პირველად დაარღვია 2017 წლის 04 სექტემბერს, კერძოდ, არ განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი, შესაბამისად, მომდევნო დღიდან დაიწყო პირგასამტეხლოს დარიცხვა. აღნიშნულის შემდგომ მოპასუხე გადახდებს ვადაგადაცილებით და არასრულად ახორციელებდა. მოპასუხეს აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის 12 ივლისს. მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებაზე, 2018 წლის 05 ნოემბერს გაცემული ცნობის საფუძველზე შეადგენს 6170.76 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2695.20 ლარი, საპროცენტო სარგებელი 0 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო კი შეადგენს 3475.56 ლარს.
მოპასუხეს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით გაეგზავნა ოფიციალური გაფრთხილების წერილი, თუმცა მას ვალდებულება კრედიტორის წინაში დღემდე არ შეუსრულებია, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს (იხ. სარჩელი და სასამარტლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1 მოპასუხე ზ--------–-----ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ თანახმაა გადაიხადოს ძირი თანხა, რაც შეეხება პირგასამტეხლოს, იგი არის საკმაოდ მაღალი და იგი არ უნდა აღემატებოდეს ძირ თანხას, ასევე მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო 0.5% არის შეუსაბამოდ მაღალი და ითხოვა შემცირება (იხ. სესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ მოპასუხის მიერ დაირღვა სახელშეკრულებო პირობები თანხის გადახდის ნაწილში.
მტკიცეულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2017 წლის 03 ივლისს სს „თ----------სა“ და მოპასუხე ზ--------–-----ას შორის დაიდო საბანკო კრედიტის (სწრაფი განვადების) ხელშეკრულება. მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 5000 ლარის ოდენობით, 364 დღის ვადით. მოპასუხემ თანხა აითვისა 2017 წლის 03 ივლისს. კრედიტი არ იყო სარგებლიანი, თუმცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, როგორც ერთჯერადი სახით, ასევე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადის ფორმა - სწრაფი განვადება (ს.ფ. 16-18)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ.19-20)
- საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება (ს.ფ. 21-26)
- განაცხადი (ს.ფ. 27)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 30)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. მოპასუხემ გადახდის გრაფიკი პირველად დაარღვია 2017 წლის 04 სექტემბერს, არ განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი.
მოპასუხეს აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის 12 ივლისს.
მოპასუხის დავალიანება 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებაზე, 2018 წლის 05 ნოემბერს გაცემული ცნობის საფუძველზე შეადგენს 6170.76 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2695.20 ლარი, საპროცენტო სარგებელი 0 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო შეადგენს 3475.56 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მიერ მოპასუხეს წერილობით ეცნობა ხელშეკრულების დარღვევისა და არსებული დავალიანების დაფარვის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 29)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 30)
- შეტყობინება (ს.ფ. 31)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი ზ--------–-----ას მიმართ მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 873-ე 417-ე, 418-ე, 420-ე, 361-ე, 400-ე მუხლები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე ზ--------–-----ამ მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2017 წლის 03 ივლისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამოდინარე დავალიანება სცნო სესხის ძირითადი თანხის 2695.20 ლარის ნაწილში.
შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
ამავე 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებას, განსახილველ შემთხვევაში საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოპასუხის დავალიანება აღნიშნულ სესხზე შეადგენს სესხის ძირ თანხას - 2695,20 ლარს და პირგასამტეხლოს - 3475 ლარის ოდენობით. მოპასუხე მხარის მიერ სადავო გახდა პირგასამტეხლოს ოდენობა და მიუთითა, რომ პირგასამტეხლო არის საკამოდ მაღალი და ასევე მიუთითებს, რომ არ უნდა აღემატებოდეს ძირ თანხა, ასევე მიაჩნია რომ პირგასამტეხლო 0.5% არის შეუსაბამოდ მაღალი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, 2017 წლის 03 ივლისს სს „თ----------სა“ და მოპასუხეს შორის დაიდო საბანკო კრედიტის (სწრაფი განვადების) ხელშეკრულება. მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 5000 ლარი, კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის ვადა იყო 364 დღე. დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, 418.17 ლარის მოსარჩელეზე გადახდით. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა 0%-ს. ამასთან, ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკის ყოველი დარღვევისთვის შეადგენდა 20 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენდა ვადაგადაცილებული თანხის 0.50%-ს.
დადგენილია, რომ მოპასუხემ თანხა აითვისა 2017 წლის 03 ივლისს, ხოლო გადახდის გრაფიკი პირველად დაარღვია 2017 წლის 04 სექტემბერს, არ განახორციელა ყოველთვიური მინიმალური შენატანი, შესაბამისად, მომდევნო დღიდან უნდა დაიწყოს პირგასამტეხლოს დარიცხვის ათვლაც. ამის შემდგომ მოპასუხე გადახდებს ვადაგადაცილებით და არასრულად ახორციელებდა. მოპასუხეს აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის 12 ივლისს.
სასამართლოს დადაგენილად მიაჩნია, რომმოპასუხის დავალიანება 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებაზე შეადგენს სესხის ძირი თანხას 2695.20 ლარსა და პირგასამტეხლოს 3475.56 ლარის ოდენობით.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით გაეგზავნა ოფიციალური გაფრთხილების წერილი, თუმცა მას ვალდებულება კრედიტორის წინაში დღემდე არ შეუსრულებია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე ზ--------–-----ამ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა ს-----------–-------–--ის მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, მიუხედავად მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო, კერძოდ, 2017 წლის 03 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 500 ლარამდე, რაც სასამართლოს გონივრულად მიაჩნია სესხის ძირი თანხისა და დარღვევის მოცულობის გათვალსიწინებით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, კერძოდ, დავალიანების ძირი თანხის ნაწილში ცნო, მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 185.13 ლარიდან 80.85 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. ამასთან, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად (რომელიც არ ცნო მოპასუხემ) სახელმწიფო ბაჟის სახით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 15 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,თ----------ის" (ს/კ 2--------) სარჩელი მოპასუხე ზ--------–-----ას (პ/ნ 0----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ზ--------–-----ას მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 03 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება სესხის ძირი თანხა 2695.20 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით გადახდა.
2. მოსარჩელე სს ,,თ----------ს" (ს/კ 2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 2------------ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 185,13 ლარიდან 80.85 ლარი (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო დავალება N--), ხოლო დარჩენილი თანხა - 104,28 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე ზ--------–-----ას მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მეირ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის - 15 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე