გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/15571-18
330210118002467470
გადაწყვეტილება
სა---------–ოს სახელით
06.05.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თამარ ბურჯანაძე
სხდომის მდივანი - ქეთევან ჭელიძე
მოსარჩელე - შპს ,,ალ--------–-----------------–ო“
წარმომადგენლები - ხა-----------ა, ელ-------------------ე
მოპასუხე - შპს ,,ა 1 სა---------–ო“
წარმომადგენელი - ან----------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. მოსარჩელის მოთხოვნა:
1.1. შპს ,,ა 1 სა---------–ო“-ს შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2015 წლის 06 მარტის ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო 673 252,15 ლარის გადახდა. (მოსარჩელემ საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების დამთავრებამდე დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა, იხ. დაზუსტებული მოთხოვნა, ტომი III, ს.ფ. 109-110)
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2015 წლის 06 მარტს შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-ს და შპს ,,ა 1 სა---------–ო“-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა 1 სა---------–ო“-მ იკისრა ვალდებულება შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-სთვის მიეწოდებინა დამკვეთის მიერვე განსაზღვრული ხარისხის და რაოდენობის პროდუქცია, კერძოდ: 383,05 ტონა არმატურა და 3046,3 კუბ. მეტრი ბეტონი, ხოლო შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-მ თავის მხრივ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მასალების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა, რომ მასალების საფასურის გადახდა მოხდებოდა წინასწარ, განსაზღვრული შეკვეთის რაოდენობის მიხედვით. დამკვეთის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებით და მისი დანართი N1-ით დადგენილი პირობების თანახმად დამკვეთის მიერ გადასახადელი ნასყიდობის ღირებულება 409 639,40 აშშ დოლარის ოდენობით ძირითადი თანხა დღგ-ს გარეშე, სრულად იქნა გადახდილი და გადარიცხული მოპასუხის საბანკო ანგარიშზე და ეს იმ დროს, როდესაც ამავე ხელშეკრულების თანახმად ავანსად უნდა ჩარიცხულიყო მხოლოდ საერთო თანხის 20% ფასის შენარჩუნებისათვის, ანუ მხოლოდ 96 674,96 აშშ დოლარი. მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ხელშეკრულების დადებიდან 2 წლისა და 6 თვის შემდეგ მიწოდებულ იქნა მხოლოდ პროდუქციის ნაწილი. კერძოდ, შპს ,,რ---–---------“-ს მიერ ჩატარებული იქნა ინსპექტირება და დადგენილი იქნა შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის გახარჯული ბეტონისა და არმატურის საერთო ღირებულება, რაც შეადგენს 902 199 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ხოლო ღირებულება დღგ-ს გარეშე - 764 575,43 ლარს.
დღგ-ს გამოკლებით ბეტონისა და არმატურის ღირებულების სანაცვლოდ მოპასუხისათვის გადახდილი თანხა შეადგენდა 1 179 018,62 ლარს, შესაბამისად, აღნიშნულ თანხას უნდა გამოაკლდეს ექსპერტიზის მიერ დადგენილი ღირებულება დღგ-ს გარეშე 764 575,43 ლარი, რაც შეადგენს 414 443,186 ლარს. სწორედ ეს თანხა არის მოსარჩელის ანგარიშიდან მოპასუხის ანგარიშზე ზედმეტად გადარიცხული თანხა და ასევე დღგ-ს ხარჯი 258 808,964 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 673 252,15 ლარს და რომლის გადახდაზეც მოპასუხე მხარე უარს აცხადებს.(იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი I, ს.ფ. 169-177, შუამდგომლობა მოთხოვნის შემცირებაზე, ტომი III, ს.ფ. 109-110)
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. შპს ,,ა 1 სა---------–ო“-მ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, შპს ,,ა 1 სა---------–ო“-მ სრულად მიაწოდა შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-ს ხელშეკრულებით შეთანხმებული ბეტონი და არმატურა, შეთანხმებული ოდენობით, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. (იხ.შესაგებელი, ტომი I, ს.ფ. 109-112, მოისმინეთ 2019 წლის 27 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი 12:30:16);
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 06 მარტს შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-ს და შპს ,,ა 1 სა---------–ო“-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა 1 სა---------–ო“-მ იკისრა ვალდებულება შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-სთვის მიეწოდებინა დამკვეთის მიერვე განსაზღვრული ხარისხის და რაოდენობის პროდუქცია, კერძოდ 383,05 ტონა არმატურა და 3046,3 კუბ. მეტრი ბეტონი, ხოლო შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-მ თავის მხრივ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მასალების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა, რომ მასალების საფასურის გადახდა მოხდებოდა წინასწარ, განსაზღვრული შეკვეთის რაოდენობის მიხედვით.
დამკვეთის მიერ, ნასყიდობის ხელშეკრულებით და მისი დანართი N1-ით დადგენილი პირობების თანახმად, სრულად იქნა გადახდილი პროდუქციის ღირებულება დღგ-ს გარეშე 409 639,40 აშშ დოლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ნასყიდობის ხელშეკრულება (ტომი I, ს.ფ. 21-27);
- ინვოისი, საბანკო გადარიცხვა (ტომი I, ს.ფ. 28-80, 187-251);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.2. შპს ,,რ---–----------“-ს მიერ 2019 წლის 25 იანვარს შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-ს მოთხოვნის საფუძველზე ჩატარებული იქნა ქ-------–-----–----------------–--–-----ში მდებარე შენობა-ნაგებობის ინსპექტირება, ობიექტზე გახარჯული ბეტონის, არმატურის მოცულობისა და ღირებულების დადგენის მიზნით.
მითითებული ინსპექტირების ანგარიშის თანახმად, ქ-------–-----–----------------–--–-----ში მდებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის გახარჯული ბეტონისა და არმატურის საერთო ღირებულება შეადგენს 902 199 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ხოლო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 764 575,43 ლარს.
ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ წ----------------–--–-----ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, გახარჯული მასალების რაოდოება შეადგენს: ბეტონი B-20 – 152.3 კუბ.მ; ბეტონი B-25 - 3194,84 კვ.მ. კუბ.მ.; არმატურა A III – 339,24 ტონა; არმატურა A I – 43,77 ტონა;
ანგარიშის თანახმად, გამომდინარე იქიდან, რომ ინსპექტირებაზე ვერ იქნა წარდგენილი გახარჯული მასალების შესყიდვის აქტები (სასაქონლო ზედნადებები), ბეტონისა და არმატურის ღირებულებები აღებული იქნა სამშენებლო რესურსების ფასები (სრფ) 2016 წლის დონეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინსპექტირების ანგარიში (ტომი III, ს.ფ. 111-122);
- მოსარჩელის მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან შესრულებული იქნა 2015 წლის 06 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. შესაბამისად, მოპასუხე მხარე ვალდებულია დაამტკიცოს ის ფაქტები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს, მაშასადამე მან არამარტო უნდა გამოთქვას საპირისპირო მოსაზრება კონკრეტულ მტკიცებულებასა და ფაქტთან დაკავშირებით, არამედ უნდა დაასაბუთოს იგი.
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სრულყოფილად გამოკვლევის შედეგად უნდა დაასაბუთოს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტების არსებობა-არარსებობის საკითხი. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლიობაში, ურთიერთშეჯერებით და მხოლოდ ამის შემდეგ ღებულობს დასკვნას საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობის შესახებ.
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მიხედვით, მტკიცების პროცესს წარმოადგენს საქმიანობა, რომელსაც ახორციელებენ მხარეები და სასამართლო კანონით დადგენილი წესითა და ფარგლებში. სასამართლო მტკიცებულებათა დასაშვებობისა და განკუთვნებადობის პრინციპის დაცვით იღებს და შემდეგ აფასებს მათ თავისი შინაგანი რწმენის საფუძველზე, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ.
მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს მხოლოდ მიწოდებული პროდუქციის ღირებულების განსაზღვრა.
მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ წ----------------–--–-----ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, გახარჯული მასალების რაოდენობა შეადგენს: ბეტონი B-20 – 152.3 კუბ.მ; ბეტონი B-25 - 3194,84 კვ.მ. კუბ.მ.; არმატურა A III – 339,24 ტონა; არმატურა A I – 43,77 ტონა, თუმცა განმარტავს რომ მასალების ღირებულებისა და გადახდილი თანხის გათვალისწინებით დასაბრუნებელი თანხის ოდენობა შეადგენს 673 252,15 ლარს.
მოსარჩელემ მიწოდებული მასალების ღირებულების დასადგენად წარმოადგინა შპს ,,რ---–----------“-ს 2019 წლის 25 იანვრის ინსპექტირების ანგარიში, რომლის თანახამადაც, ქ-------–-----–----------------–--–-----ში მდებარე შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის გახარჯული ბეტონისა და არმატურის საერთო ღირებულება შეადგენს 902 199 ლარს დღგ-ს ჩათვლით. ხოლო ღირებულება დღგ-ს გარეშე შეადგენს 764 575,43 ლარს.
დასკვნაში აგრეთვე აღნიშნულია, რომ რადგან ინსპექტირებაზე ვერ იქნა წარდგენილი გახარჯული მასალების შესყიდვის აქტები (სასაქონლო ზედნადებები), ბეტონისა და არმატურის ღირებულებები აღებული იქნა სამშენებლო რესურსების ფასები (სრფ) 2016 წლის დონეზე.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი (სსკ-ის 319-ე მუხლი). ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს, მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ სჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია, მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. გარიგების შეფასებისათვის უნდა გაანალიზდეს ამ გარიგების მახასიათებლები.
ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი გულისხმობს მხარის შესაძლებლობას დადოს (ან არ დადოს) ხელშეკრულება, აირჩიოს ხელშეკრულების კონტრაგენტი (მხარე) და განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.
მოცემულ შემთხვევაში, 2015 წლის 06 მარტს შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-სა და შპს ,,ა 1 სა---------–ო“-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ა 1 სა---------–ო“-მ იკისრა ვალდებულება შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-სთვის მიეწოდებინა დამკვეთის მიერვე განსაზღვრული ხარისხის და რაოდენობის პროდუქცია, კერძოდ 383,05 ტონა არმატურა და 3046,3 კუბ. მეტრი ბეტონი, ხოლო შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-მ თავის მხრივ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მასალების ღირებულება დღგ-ს ჩათვლით. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა, რომ მასალების საფასურის გადახდა მოხდებოდა წინასწარ, განსაზღვრული შეკვეთის რაოდენობის მიხედვით.
ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული იქნა მომსახურების საფასური და გადახდის პირობები, კერძოდ მხარეთა შეთანხმებით მასალების საფასური გადახდილი უნდა იქნას დანართი N1-ის მიხედვით, დღგ ჩათვლით.
მასალების დეტალური ღირებულება მოცემულია დანართი N1-ში, რომლის მიხედვითაც 1 ტონა არმატურის ღირებულება შეადგენს 640 აშშ დოლარს, ჯამში პროდუქციის ოდენობის (383,05 ტონა) გათვალისწინებით 245 139,20 აშშ დოლარი, ხოლო 1მ3 ბეტონის ღირებულება შეადგენს 54 აშშ დოლარს, ჯამში პროდუქციის ოდენობის (3046,3 მ3) გათვალისწინებით - 164 500,20 აშშ დოლარი.
შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,რ---–----------“-ს დასკვნით ნათლად არ დგინდება მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ზედმეტად გადაცემული თანხის ოდენობის განსასაზღვრავად, რადგან გახარჯული ბეტონისა და არმატურის ღირებულებები აღებულია არა მხარეთა შორის ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების მიხედვით, არამედ სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით. თუმცა აღნიშნული დასკვნა ცალსახად ადასტურებს შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-სათვის მიწოდებული ბეტონისა და არმატურის რაოდენობას, რომელიც მიწოდებული იქნა მოპასუხის მიერ.
მოპასუხის მიერ ბეტონისა და არმატურის მიწოდებას ადასტურებს აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები, რომლითაც განსაზღვრულია თითოეული მიწოდების ოდენობა და ღირებულება, რაც დიდად არ განსხვავდება შპს ,,რ---–----------“-ს დასკვნით დადგენილი მიწოდებულის მასალების ოდენობებისგან. სასამართლო თითოეული სასაქონლო ზედნადებების კვლევაში არ შედის, რადგან მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ წ----------------–--–-----ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, გახარჯული მასალები - ბეტონი B-20 – 152.3 კუბ.მ; ბეტონი B-25 - 3194,84 კვ.მ. კუბ.მ.; არმატურა A III – 339,24 ტონა; არმატურა A I – 43,77 ტონა - მიწოდებული იქნა მოპასუხის მიერ. თავის მხრივ სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე დაეთანხმა, დასკვნაში მითითებულ მასალების ოდენობას, ხოლო რაც შეეხება მის ღირებულებას, განმარტა რომ ფასი გამოანგარიშებული უნდა იყოს არა საბაზრო ღირებულებით, არამედ მხარეთა შორის შეთანხმებული ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელს რაიმე მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მან მიმართა მოპასუხეს მიწოდებული საქონლის ხარისხთან დაკავშირებით ანდა პრეტენზია განუცხადა სარჩელის შემოტანამდე, სასამართლოს არ წარმოუდგინა. მოსარჩელეს არც საქმის განხილვის პერიოდში გაუხდია სადავოდ მიწოდებული პროდუქციის ხარისხი.
როგორც უკვე აღინიშნა, მოსარჩელემ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისა და ზედმეტად გადარიცხული თანხის დამტკიცების მიზნით წარმოადგინა ინსპექტირების აქტი, რომლის საფუძველზეც მოსარჩელე თვლის, რომ იგი უტყუარად ადასტურებს მისი მტკიცების საგანში შემავალ ფაქტებს.
თუმცა იმ პირობებში როდესაც აღნიშნული დასკვნით გახარჯული ბეტონისა და არმატურის ღირებულებები აღებულია არა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების მიხედვით, არამედ სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით 2016 წლის დონეზე, რაც ნაკლებია ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფასზე (1 ტონა არმატურაა 640 აშშ დოლარი, ხოლო 1მ3 ბეტონი 54 აშშ დოლარი) და საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადბებით გათვალისწინებულ ფასზე (დასკვნის მიხედვით 1მ3 ბეტონის ღირებულება განსაზღვრულია 106 ლარით, ხოლო სასაქონლო ზედნადებებით 125 ლარი, ამავე დასკვნის მიხედვით 1 ტონა არმატურის ღირებულება პირველი კლასისათვის შეადგენს 1106 ლარს, მესამე კლასისათვის 1067 ლარს, ხოლო სასაქონლო ზედნადებების მიხედვით 1041 ლარიდან 1452 ლარამდე მერყეობს), ხოლო გახარჯული მასალების რაოდენობა არათუ ნაკლები, არამედ მეტია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობაზე, სასამართლო თვლის, რომ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი შპს ,,რ---–----------“-ს დასკვნით გათვალისწინებული ღირებულებით არ დასტურდება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა 1 სა---------–ო“-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია, რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-ს სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 405-ე, 352-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სარჩელში მითითებული პრეტენზიებიდან სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოდ იმ პრეტენზიებზე, რომლებიც მოცემული დავის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანია. ამასთან, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. (იხ. ჯ-ა სა---------–ოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
6.2. სა---------–ოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ საქმეზე ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება ნასყიდობის შესახებ. ამ გარიგებით მხარეთა შორის წარმოიშვა ნასყიდობის სამართლებრივი ურთიერთობა.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალემ ვალდებულება უნდა შეასრულოს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ;
მოსარჩელე უარს ამბობს ხელშეკრულების გაგრძელებაზე და მოითხოვს ავანსის გადახდილი თანხის დაბრუნებას.
თუმცა, საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერებისა და გამოკვლევის საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მხრიდან შესრულებული იქნა 2015 წლის 06 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ხელშეკრულების მე-2 მუხლით განსაზღვრული იქნა მომსახურების საფასური და გადახდის პირობები, კერძოდ მხარეთა შეთანხმებით მასალების საფასური გადახდილი უნდა იქნას დანართი N1-ის მიხედვით, დღგ ჩათვლით.
მასალების დეტალური ღირებულება მოცემულია დანართი N1-ში, რომლის მიხედვითაც 1 ტონა არმატურის ღირებულება შეადგენს 640 აშშ დოლარს, ჯამში პროდუქციის ოდენობის (383,05 ტონა) გათვალისწინებით 245 139,20 აშშ დოლარი, ხოლო 1მ3 ბეტონის ღირებულება შეადგენს 54 აშშ დოლარს, ჯამში პროდუქციის ოდენობის (3046,3 მ3) გათვალისწინებით - 164 500,20 აშშ დოლარი.
მოსარჩელე მხარე სადავოდ არ ხდის, რომ წ----------------–--–-----ში მდებარე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისათვის, გახარჯული მასალები - ბეტონი B-20 – 152.3 კუბ.მ; ბეტონი B-25 - 3194,84 კვ.მ. კუბ.მ.; არმატურა A III – 339,24 ტონა; არმატურა A I – 43,77 ტონა - მიწოდებული იქნა მოპასუხის მიერ, რაც სრულად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ოდენობას.
რაც შეეხება, შპს ,,რ---–----------“-ს დასკვნას, აღნიშნული ინსპექტირების აქტით ნათლად არ დგინდება მიწოდებული პროდუქციის ღირებულება, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ზედმეტად გადაცემული თანხის ოდენობის განსასაზღვრავად, რადგან გახარჯული ბეტონისა და არმატურის ღირებულებები აღებულია არა მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განსაზღვრული ფასების მიხედვით, არამედ სამშენებლო რესურსების ფასების მიხედვით.
მოპასუხის მიერ ბეტონისა და არმატურის მიწოდებას ადასტურებს აგრეთვე საქმეში წარმოდგენილი სასაქონლო ზედნადებები, რომლითაც განსაზღვრულია თითოეული მიწოდების ოდენობა და ღირებულება, რაც დიდად არ განსხვავდება შპს ,,რ---–----------“-ს დასკვნით დადგენილი მიწოდებული მასალების ოდენობებისგან.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს ,,ა 1 სა---------–ო“-ს მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია, რაც გამორიცხავს გადახდილი თანხის დაბრუნების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. შპს ,,ალ--------–-----------------–ო“-ს მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 5000 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი (ტომი I, ს.ფ. 95-96);
სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხა უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს ,,ალ--------–-----------------–ოს“ წარმომადგენლის ხა-----------ას შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე და შპს ,,ა 1 სა---------–ოს“ (ს/ნ 4--------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–-----------------------–---------------------------------------------- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
ვინაიდან, შპს ,,ალ--------–-----------------–ოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სა---------–ოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. შპს ,,ალ--------–-----------------–ოს“ სარჩელი შპს ,,ა 1 სა---------–ოს“ მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 მაისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შპს ,,ა 1 სა---------–ოს“ (ს/ნ 4--------) აეკრძალა, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ-------–-----------------------–---------------------------------------------- გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თამარ ბურჯანაძე