გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
080210118002444572
საქმე #2/1594-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.04.2019 წ. ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დარინა აბულაძე
სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე
მოსარჩელე - სს ს------–-----–---–--------------------------–---–ი;
წარმომადგენელი- ფ-------------ე;
მოპასუხე - შპს „გ----–-------„წარმომადგენელი - დ------------–---–ი;
დავის საგანი - თანხის დაბრუნება;
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შეწყდეს 2017 წლის 27 აპრილის ქვენარდობის ხელშეკრულება.
1.2. შპს „გ----–-------„-ს დაეკისროს 4607,71 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებას: სს ს------–-----–---–-------------------ი„-ის ფილიალს და შპს „გ----–-------„-ს შორის 2017 წლის 27 აპრილს დაიდო ქვენარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენდა სპეციფიკაციებში, ნახაზებსა და სხვა დოკუმენტაციებში მითითებული ყველა სამუშაოს (დროებითი სამუშაოს ჩათვლით) განხორციელება ჯეროვნად და დროულად, ნებისმიერი წუნის აღმოფხვრა, როგორც ამას ითვალისწინებდა ქვენარდობის შესახებ ხელშეკრულების დებულებები. სამუშაოს ხანგრძლივობა განისაზღვრა 1-0 კალენდარული დღით. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა დაწყებულიყო 2017 წლის 02 მაისს და უნდა დასრულებულიყო 2017 წლის 30 აგვისტოს. მიუხედავად სამუშაოს დასრულების თარიღისა სამუშაოები დასრულებული არ არის. სამუშაოს შესრულებისათვის მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადარიცხული იქნა თანხა (ნაწილი ავანსის სახით), კერძოდ: 02.05.2017წ- 30000 ლარი (ავანსი) , 27.06.2017წ- 28398 ლარი, 17.07.2017წ- 25000 ლარი (ავანსი), 24.07.2017წ 28779,60 ლარი, 20.09.2017წ- 22000 ლარი, 17.11.2017წ- 21746,35 ლარი, 20.11.2017წ- 10000 ლარი (ავანსი). საერთო ჯამში მოპასუხეს სამუშაოს შესრულებისათვის გადაერიცხა 165923,95 ლარი. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურებით დასტურდება შესრულებული სამუშაოს ოდენობა და ფარგლები. გამოწერილი იქნა სულ ოთხი ანგარიშფაქტურა, რომლითაც დასტურდება, რომ გადარიცხულ თანხას და შესრულებული სამუშაოსათვის დახარჯულ თანხას შორის სხვაობა წარმოადგენს 4607,71 ლარს. (იხ. სარჩელი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს „გ----–-------„-ის წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლო სხდომაზე სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომლითაც ნათლად დადასტურდებოდა, რომ მოპასუხის მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა, დამატებით სამუშაოების ჩათვლით შეადგინა დაახლოებით 180 000 ლარი, საიდანაც მხოლოდ 165000 ლარია ანაზღაურებული, ხოლო სხვაობა ასანაზღაურებელია დღემდე. (იხ. შესაგებელი, 02.04.19წ სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 27 აპრილს სს ს------–-----–---–-------------------ი„-ის ფილიალს და შპს „გ----–-------„-ს შორის დაიდო ქვენარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენდა სპეციფიკაციებში, ნახაზებსა და სხვა დოკუმენტაციებში მითითებული ყველა სამუშაოს (დროებითი სამუშაოს ჩათვლით) განხორციელება. ხელშეკრულების მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს წარმოების თარიღი განისაზღვრა 2017 წლის 02 მაისი, ხოლო დასრულების 2017 წლის 30 აგვისტო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
-27.04.2017წ ქვენარდობის ხელშეკრულება;
3.1.5. დადგენილია, რომ სს ს------–-----–---–-------------------ი„-ს ფილიალმა მოპასუხე მხარეს- სამუშაოს შესრულების მიზნით გადაურიცხა 02.05.2017წ- 30000 ლარი (ავანსი), 27.06.2017წ- 28398 ლარი, 17.07.2017წ- 25000 ლარი (ავანსი), 24.07.2017წ 28779,60 ლარი, 20.09.2017წ- 22000 ლარი, 17.11.2017წ- 21746,35 ლარი, 20.11.2017წ- 10000 ლარი (ავანსი). სულ გადაურიცხა 165923,95 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება;
-საგადახდო დავალებები;
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დადგენილია რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 161316,24 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
-საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
3.2.2. მოპასუხე შპს „გ----–-------„-ს 2018 წლის 08 თებერვალს გაეგზავნა წერილი ზედმეტად ჩარიცხული თანხის დაბრუნების თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებს:
- სს ს------–-----–---–-------------------ი„-ს 08.02.2018წ წერილი;
3.2.3. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას. მოპასუხის მტკიცებით, მოსარჩელის მიმართ თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნია, რადგან მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია. მოპასუხის მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა, დამატებით სამუშაოების ჩათვლით შეადგინა დაახლოებით 180 000 ლარი, საიდანაც მხოლოდ 165000 ლარია ანაზღაურებული, ხოლო სხვაობა ასანაზღაურებელია დღემდე. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელე მხარემ წარმოადგინა საგადასახადო ანგარიშფაქტურა #ავ-1---------, ასევე წარმოდგენილი იქნა დამატებითი სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები, თუმცა აღნიშნილი დოკუმენტი არ ადასტურებს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებელი სამუშაობის ღირებულებას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის თანახმად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ სს ს------–-----–---–-------------------ი„-ს ფილიალმა მოპასუხე მხარეს- სამუშაოს შესრულების მიზნით გადაურიცხა სულ 165923,95 ლარი. ასევე დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ შესრულებულმა სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 161316,24 ლარი. ამგვარი დასკვნის საფუძველს სასამართლოს აძლევს, როგორც მხარის ახსნა-განმარტება, ასევე საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი წარმოადგენს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ზოგად, პროცესუალურ სტანდარტს და ადგენს ვალდებულ პირს, რომელმაც მტკიცების საგანში შემავალი ფაქტი სათანადო გარემოებებზე მითითებითა და დასაშვები მტკიცებულებების წარდგენით უნდა დაადასტუროს. სამოქალაქო საპროცესო სამართლაში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნას იმგვარად, რომ მოსარჩელეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105.1. მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მტკიცებულებათა შეფასებას სასამართლო ახდენს მათი სარწმუნოობის თვალსაზრისით და იმის მიხდევით, თუ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე რომელ ფაქტს ადასტურებს ეს მტკიცებულება. მტკიცებულებათა შეფასება მოსამართლის შინაგანი რწმენით არ ნიშნავს სრულიად უანგარიშგებო დასკვნის გაკეთების უფლებას.
საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია და ემყარება წერილობით მტკიცებულებებს. რაც შეეხება მოპასუხე მხარეს, იგი ამ შემთხვევაში ვერ ადასტურებს გარემოებებს, რომლებზეც ამყარებს შესაგებელს და შესაბამისად, ვერ აქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სს ს------–-----–---–--------------------------–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე, 316-ე, 317-ე, 361-ე, 327-ე, 319-ე, 629-ე, 648-ე, 649-ე, 976-ე, 979-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი პირისთვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ თავისი უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მიმართა სასამართლოს.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით. ხელშეკრულებიდან გასულ სუბიექტს მხოლოდ მას შემდეგ წარმოეშობა ხელშეკრულების გასვლით მისთვის კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების შესაძლებლობა, როდესაც იგი ამის თაობაზე ხელშეკრულების მეორე მხარეს ინფორმაციას მიაწვდის. აღნიშნულის მიზნით, სრულიად საკმარისია დამატებით განსაზღვრული ვადის ამოწურვის შემდეგ სარჩელის წარდგენა და სასამართლო წესით მხარის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ კრედიტორი ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებულ უფლებათა რეალიზებას სასამართლო წესით ახორციელებს.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეს თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა 2018 წლის 08 თებერვალს. მოსარჩელის მიერ სსკ-ის 355-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნა ასევე შესრულებულია სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გადაცემის გზით.
მოსარჩელე მხარის მიერ მოთხოვნა ხელშეკრულებათა შეწყვეტის თაობაზე წარმოადგენს ხელშეკრულების ერთი მხარის ინიციატივას და აღნიშნული შემთხვევები მხარის სუბიექტური უფლებების რეალიზაციას მოიაზრებს. სამოქალაქო კოდექსი ითვალიწინებს ხელშეკრულების შეწყვეტას ცალმხრივი ნების გამოვლენის საფუძველზე. ერთი მხარის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნა არ წარმოადგენს ხელშეკრულებას და არ იწვევს ამ უფლების რეალიზაციით გათვალიწინებული შედეგების უპირობო დადგომას. ამ შემთხვევაში გასათვალიწინებელია, რომ ცალმხრივად ხელშეკრულების შეწყვეტა უპირველესყოვლისა, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უშუალოდ ხელშეკრულება ითვალიწინებს მისი შეწყვეტის კონკრეტულ საფუძვლებს.
ხელშეკრულების 10.5. პუნქტის თანახმად, ქვეკონტრაქტი ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და მოქმედია ქვეკონტრაქტორის მიერ შესასრულებელ სამუშაოთან დაკავშირებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებამდე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მიუხედავად სამუშაოების დასრულების თარიღისა, მოპასუხის მიერ სამუშაოები არ არის დასრულებული.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
ამავე კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით. მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან სპეციალური შინაარსის დაცვა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319.1 მუხლის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში, სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან.
კონკრეტულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
ამავე კოდექსის 648-ე მუხლის თანახმად, შემკვეთი მოვალეა მენარდეს გადაუხადოს საზღაური სამუშაოს შესრულების შემდეგ, თუ ხელშეკრულება არ ითვალისწინებს ნაწილ-ნაწილ გადახდას. სსკ 649-ე მუხლის განსაზღვრავს სამუშაოს მიღების წესს, რომლის თანახმად, თუ ხელშეკრულების თანახმად ან შესრულებული სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე, საჭიროა მისი გადაცემა, მაშინ შემკვეთი მოვალეა მიიღოს შესრულებული სამუშაო. მიღებისთანავე შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს საზღაური. სამუშაო მიღებულად ჩაითვლება, თუ შემკვეთი არ მიიღებს შესრულებულ სამუშაოს მენარდის მიერ დადგენილ ვადაში. განსახილველ შემთხვევაში შესრულებული სამუშაოს საზღაურის გადახდა ან სამუშაოს მიღებასთან დაკავშირებით ფაქტები სადავო არ არის. დავის საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ზედმეტად ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 27 აპრილს სს ს------–-----–---–-------------------ი„-ის ფილიალს და შპს „გ----–-------„-ს შორის დაიდო ქვენარდობის ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით მოპასუხის შესასრულებელ სამუშაოს წარმოადგენდა სპეციფიკაციებში, ნახაზებსა და სხვა დოკუმენტაციებში მითითებული ყველა სამუშაოს (დროებითი სამუშაოს ჩათვლით) განხორციელება. ხელშეკრულების მიხედვით, შესასრულებელი სამუშაოს წარმოების თარიღი განისაზღვრა 2017 წლის 02 მაისი, ხოლო დასრულების 2017 წლის 30 აგვისტო.
დადგენილია, რომ სს ს------–-----–---–-------------------ი„-ს ფილიალმა მოპასუხე მხარეს- სამუშაოს შესრულების მიზნით გადაურიცხა 165923,95 ლარი. წარმოდგენილი საგადასახადო ანგარიშფაქტურებით, დადგენილია რომ შესრულებული სამუშაოს ღირებულებამ შეადგინა 161316,24 ლარი.
მოპასუხემ სარჩელის დაკმაყოფილების გამომრიცხავ გარემოებად მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სრულყოფილი დოკუმენტაცია, რომლითაც ნათლად დადასტურდებოდა, რომ მოპასუხის მიერ შესრულებულმა სამუშაოებმა, დამატებით სამუშაოების ჩათვლით შეადგინა დაახლოებით 180 000 ლარი, საიდანაც მხოლოდ 165000 ლარია ანაზღაურებული, ხოლო სხვაობა ასანაზღაურებელია დღემდე.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976.1. მუხლის თანახმად, „ა„ პუნქტის მიხედვით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარეობს, რომ უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.
აღნიშნული ნორმის (976.1.) დანაწესიდან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია, რომ ერთი პირის გამდიდრება მოხდეს მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული იყოს იურიდიულ საფუძველს. ამასთან, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს იმ გარემოებას, თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი - თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებას, თუ მართლწინააღმდეგობას. სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია მხოლოდ ობიექტური შედეგი - ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენა (დაზოგვა) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების შედეგად.
უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტის არსებობის შემთხვევაში იგულისხმება, რომ პირმა ქონება მიიღო შესაბამისი იურიდიული საფუძვლის გარეშე, რის გამოც აღნიშნული შენაძენი უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას ექვემდებარება, ანუ უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის ნორმები აღჭურვილია დაცვითი ფუნქციით, უზრუნველყოფს რა არაუფლებამოსილი სუბიექტისაგან უსაფუძვლოდ მიღებული ქონების ამოღებას და მისი უფლებამოსილი პირისათვის გადაცემას. შედეგობრივი თვალსაზრისით, თუ რა საშუალებით გამდიდრდა პირი - მიიღო, თუ დაზოგა ქონება მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი ერთია - ვითომ კრედიტორის ქონებრივ სფეროში აღმოჩნდა ქონება, რომელსაც იქ არსებობის იურიდიული საფუძველი არ გააჩნია და აქედან გამომდინარე, ექვემდებარება უფლებამოსილი პირისათვის დაბრუნებას.
მოსარჩელე თანხის უკან დაბრუნებას მოითხოვს, იმ საფუძვლით, რომ სადავო თანხა მოპასუხის საკუთრებაში გადავიდა შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
უსაფუძვლო გამდიდრების მიზანი არის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეძენილი ქონების ამოღება, რითაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს სამართლიანობის აღდგენა, ანუ იმ მდგომარეობის აღდგენა, რომელიც იარსებებდა არაუფლებამოსილი პირის მიერ დაზარალებულის ხარჯზე გარკვეული შეღავათის, უფლების, უპირატესობის მიღებამდე. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი არეგულირებს, ისეთ შემთხვევას, როდესაც შემსრულებელი ახორციელებს ფაქტობრივად არარსებულ ვალდებულებას, რაც იწვევს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას. (იხ. სუსგ, 29.1-.2015წ, #ას-1051-991-2015).
უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე ყველა მოთხოვნის უფლების საერთო წინაპირობაა ის, რომ უსაფუძვლო გამდიდრებით მოვალემ მიიღო ქონებრივი სარგებელი.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს გადაცემულის უკან დაბრუნებას. თანხის დაბრუნების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია, შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა საფუძვლიანია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
დადგენილად უნდა იქნას მიჩნეული, რომ მოპასუხემ მოსარჩელის ანგარიშიდან 4607,71 ლარი ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიიღო, რის გამოც მოპასუხე უსაფუძვლოდ გამდიდრდა. მოსარჩელის მიერ მოპასუხის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მიჩნეული უნდა იქნას უსაფუძლო გამდიდრებად. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს. საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება განისაზღვრება ფულის თანხის გადახდევინების შესახებ სარჩელზე _ გადასახდელი თანხით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოპასუხე მხარემ სარჩელი არ ცნო. შესაბამისად მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1-0 ლარის ოდენობით, მის მიერ არ აღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 70 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი). ხოლო 70 ლარი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ -უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ სარჩელი კმაყოფილდება არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ს------–-----–---–--------------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს სს ს------–-----–---–--------------------------–---–ის და შპს „გ----–-------„-ს შორის 2017 წლის 27 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულება. შპს „გ----–-------„-ს - სს ს------–-----–---–--------------------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 4607,71 ლარის გადახდა;
3. შპს „გ----–-------„-ს - სს ს------–-----–---–--------------------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1-0 ლარის გადახდა. (სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე 70 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე 50 ლარი).
4. სს ს------–-----–---–--------------------------–---–ს (ს/ნ 4--------) დაუბრუნდეს 2018 წლის 14 მაისს სს „ს----------–--------–ი“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 70 ლარი (საგადახდო დავალება №1-), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300183150;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დარინა აბულაძე