გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/22798-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - ა-----------ე;
წარმომადგენლები - გო---------–--ე, რ------------------–ი;
მოპასუხე - შპს ''დ----------------'';
წარმომადგენლები - ი-----–--–----–---–ი, დ-----------ა, შ--–-------------ძე;
დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს ''დ----------------ს'' მოსარჩელე ა-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს 10 700 ევროს გადახდა.
1.2. მოპასუხე შპს ''დ----------------ს'' მოსარჩელე ა-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით ყოველდღიურად - 178.63 ევროს გადახდა, 2015 წლის 19 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.3. მოპასუხე შპს ''დ----------------ს'' მოსარჩელე ა-----------ის სასარგებლოდ დაეკისროს ყოველთვიურად 6700 ლარის გადახდა 2015 წლის 20 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია თავად მოსარჩელის ქმედებით. მოპასუხეს ხელშეკრულებით დიზაინ პროექტის შექმნის ვალდებულება არ აუღია, მოსარჩელემ თავად არ წარმოადგინა სამუშაოების განხორციელების პროექტი, ხოლო მოპასუხის წარდგენილ პროექტებს იწუნებს, ამიტომაც იგი თანახმაა დააბრუნოს ავანსის სახით გადახდილი თანხა, თუმცა პირგასმატეხლოს თანხის და ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ხელშეკრულების შეუსრულებლობის ბრალი გამოწვეულია თავად მოსარჩელის ქმედებით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ''დ----------------'' არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანია, რომელიც ახდენს ჰაერის სისტემების მწარმოებელი იაპონური კომპანიის პროდუქციის იმპორტს და რეალიზაციას საქართველოში.
3.1.2. დადგენილია, რომ ჰაერის გათბობა-გაგრილების სისტემის შეძენის მიზნით მოსარჩელე დაუკავშირდა მოპასუხეს და გაუგზავნა იმ საცხოვრებელი სახლის პროექტი, რომელშიც უნდა მომხდარიყო სისტემის დამონტაჟება. მოპასუხე კომპანიამ მოსარჩელეს ურჩია შეეძინა DAIKIN Altherma-ს ფირმის სისტემა, ვინაიდან დ----------------ს წარმომადგენლის მოსაზრებით იგი იყო უფრო ეკონომიური და მაღალი ხარისხის სისტემა. შედეგად მხარეთა შორის 2015 წლის 27 ივლისს გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ იკისრა DAIKIN Altherma-ს ფირმის აგრეგატების გათბობა-გაგრილებისთვის მიწოდება და საცხოვრებელ ბინაში მონტაჟი.
3.1.3. 2015 წლის 27 ივლისის ხელშეკრულების მე-3-ე პუნქტის თანახმად, აგრეგატების მიწოდების ადგილია თბილისი, ლ-----------------–-----–-- აგრეგატების ტრანსპორტირების ხარჯებს იხდის მიმწოდებელი. აგრეგატების დატვირთვის და მიწოდების ადგილებში ჩამოტვირთის დანახარჯებს იხდის მიმწოდებელი. აგრეგატების მიწოდების, მონტაჟის და ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ მხარეთა შორის შედგება მიღება-ჩაბარების აქტი. 3.5. პუნქტის თანახმად, მიმწოდებლის მიერ აგრეგატების მიწოდება და მონტაჟი უნდა განხორციელდეს შემკვეთის მხრიდან შესაბამისი მოთხოვნის მიღებიდან და ავანსის გადახდიდან 49 კალენდარული დღის განმავლობაში.
ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად, შემკვეთი მიმწოდებელს მოთხოვნას უგზავნის ელექტრონული ფოსტის მისამართზე.
ხელშეკრულების მე-4-ე პუნქტის თანახმად, შემკვეთი მიმწოდებელს აგრეგატების ღირებულებას გადაუხდის 4 ეტაპად: კერძოდ, შემკვეთი წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან 10 საბანკო დღის ვადაში ავანსის სახით გადაუხდის მიმწოდებელს აგრეგატის სრული ღირებულების 30%-ს ანუ 10718 ევროს; ღირებულების 40% ანუ 14290 ევროს გადახდა მოხდება აგრეგატების დამზადების შემდეგ; 10%-ის, ანუ 3573 ევროს გადახდა მოხდება აგრეგატების მიწოდების შემდეგ; დანარჩენი თანხა, ანუ 7145 ევროს გადახდა მოხდება სამონტაჟო სამუშაოების დასრულების, სიტემის გაშვების და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, შემკვეთი ვალდებულებას იღებს მიმწოდებელი უზრუნველყოს სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო პირობებით, მათ შორის ელექტროენერგიით. ხელშეკრულების 5.4. პუნქტის თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია გარე ბლოკის ადგილმდებარეობა შეათანხმოს შპს ''ლი---------–-----------ნ''.
ხელშეკრულების 8.2. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ მიმწოდებლის მიერ მიწოდების ვადების დარღვევის შემთხვევაში, შემკვეთს უფლება აქვს მას დააკისროს ჯარიმა შეუსრულებელი ვალდებულების 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.4. დადგენილია, რომ ავანსის თანხა - 10 700 ევრო შესაბამისი კურსით ეროვნულ ვალუტაში 26 781 ლარი მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის გადახდილია 2015 წლის 31 ივლისს.
3.1.5. დადგენილია, რომ მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების ვადა შეადგენდა 2015 წლის 18 სექტემბერამდე პერიოდს. მოპასუხე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება არ მომხდარა არც ხელშეკრულების მოქმედების და არც მოსარჩელის მიერ განსაზღვრულ დამატებით ვადებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 93-99);
- თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (იხ. ს.ფ. 102);
- მხარეთა შორის არსებული მიმოწერა და მასზე თანდართული დოკუმენტაცია (იხ. ტ.2, ს.ფ. 20-59, 89-99, იხ. ტ.1. 80-91, ს.ფ. 103-182, 185-200, 297-352);
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ავანსის სახით გადაცემული თანხის დაბრუნების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რამდენადაც ხელშეკრულების პირობები დარღვეულია მოპასუხე მხარის მიერ, რაც უდავოდ მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია უარი თქვას დარჩენილი თანხის გადახდაზე, გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება. ამასთან, მოპასუხე მხარემ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეულია მოსარჩელის ბრალეული ქმედების შედეგად - სამუშაოების განხორციელების პროექტის წარუდგენლობით, რამდენადაც საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ყოველმხრივ გაანალიზებასა და შეჯერების შედეგად სასამართლო თვლის, რომ გამყიდველის და ამავდროულად მენარდის მიერ შეუსრულებული სამუშაოების გათვალისწინებით, თან იმ პირობებში, როდესაც სსკ-ის 636-ე მუხლით დარეგულირებულია შემკვეთის უფლება, არათუ შეუსრულებელი სამუშაოების გამო, არამედ უპირობოდ, ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება მენარდესთან.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მყიდველი და ამავე დროს შემკვეთი ითხოვს ავანსის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ასევე უდავოა, რომ მოსარჩელეს მოპასუხესაგან რაიმე სახის მომსახურება არ მიუღია, ამასთან, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელესათვის მიუღებელი აღმოჩნდა მენარდის მიერ შეთავაზებული პირობები (სასამართლო ეყრდნობა მხარეთა შორის არსებული მიმოწერას და მასზე თანდართულ დოკუმენტაციას, იხ. ს.ფ. ტ.2, ს.ფ.20-59, 90-100 იხ. ტ.1. 80-91, ს.ფ. 103-182, 185-200, 297-352), რის საფუძველზეც გადაწყვიტა ხელშეკრულებიდან გასვლა. თვალსაჩინოებისათვის, დამატებით სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რამოდენიმე მათგანზე: 2015 წლის 10 ივნისის, 2015 წლის 19 სექტემბრის, 2015 წლის 5 ოქტომბრის, 2015 წლის 6 ოქტომბრის, 2015 წლის 7 ოქტობრის, 2015 წლის 16 ოქტომბრის, 2015 წლის 17 ოქტომბრის, 2015 წლის 28 ოქტომბრის, 2016 წლის 25 იანვრის, 2016 წლის 29 იანვრის, 2016 წლის 10 თებერვლის, 2016 წლის 11 თებერვლის, 2016 წლის 17 თებერვლის, 2016 წლის 19 თებერვლის, 2016 წლის 22 თებერლის წერილებზე და თანდართულ დოკუმენტაციებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა შორის არსებული მიმოწერა და მასზე თანდართული დოკუმენტაცია (იხ. ტ.2, ს.ფ. 20-59, 89-99, იხ. ტ.1. 80-91, ს.ფ. 103-182, 185-200, 297-352);
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო თვლის, რომ სარჩელი ავანსის სახით გადაცემული თანხის დაბრუნების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია შესასრულებელი ვალდებულების ოდენობასთან მიმართებით და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე, ამასთან, მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის თანხის დაკისრების ნაწილში. ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 317-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 394-ე, 405-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 477-ე, 629-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სასამართლო მიიჩნევს, რომ ერთის მხრივ, ა-----------ეს და მეორეს მხრივ, შპს ''დ----------------ს'' შორის 2015 წლის 27 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება თავისი სამართლებრივი შინაარსიდან გამომდინარე წარმოადგენს ნასყიდობისა და ნარდობის ხელშეკრულებას და ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებიც შესაბამისად უნდა გადანაწილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ სრულად იქნა შესრულებული ნაკისრი ვალდებულება თანხის ნაწილის ეტაპობრივად გადახდის თაობაზე, ხოლო გამყიდველის ვალდებულება - ნასყიდობის საგნის მყიდველის პირდაპირ მფლობელობაში გადაცემის და მონტაჟის შესახებ არც ხელშეკრულებით დადგენილ პერიოდში და არც დავის განხილვის დროისათვის არ შესრულებულა.
სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება. ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედგეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ ნასყიდობის და ნარდობის საგნის ღირებულების სახით გადახდილი თანხის დაბრუნების ნაწილში, თავისი სამართლებრივი ბუნებით სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით რეგულირებული ხელშეკრულებიდან გასვლას წარმოადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობა, შესრულების ვადის გადაცილება ან არაჯეროვანი შესრულება. საქმეზე უდავოდ დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოპასუხემ იკისრა ვალდებულება მოსარჩელე მხარისათვის გადაეცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული აგრეგატები და მოეხდინა მათი მონტაჟი, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოპასუხე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების არსებითი დარღვევა. ნიშანდობლივია, რომ თავად მოპასუხე მხარე აღნიშნულ ნაწილში ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას.
საქმის მასალებით დადგენილია რომ მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის და ნარდობის ხელშეკრულება. სასამართლო, მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებისას, ყურადღებას ამახვილებს ნარდობის მომწესრიგებელ ნორმებზე, რომლებიც სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში, მხარეთათვის მხოლოდ ამგვარი ურთიერთობისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ რეგულაციებს ადგენენ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლის თანახმად, შემკვეთს უფლება აქვს სამუშაოს დასრულებამდე ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე, მაგრამ მან უნდა აუნაზღაუროს მენარდეს შესრულებული სამუშაო და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი.
მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს, შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის, რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი. ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი, ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლში მითითებული ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი არის ფაქტობრივად შესრულებული სამუშაო, რომელიც უნდა აუნაზღაუროს შემკვეთმა მენარდეს და ასევე, დანახარჯები, რომელიც მოიცავს მენარდის მიერ გაწეულ ისეთ ქმედებებს, რომლებიც უკავშირდება კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულების მიზნებისათვის ადამიანური, თუ ფინანსური რესურსების მოზიდვას, მაგ. ისეთი სპეციფიკური მასალებისა და მოწყობილობების შეძენას, რომელიც მხოლოდ კონკრეტული ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოებისთვისაა აუცილებელი და შეუძლებელია მათი სხვაგან გამოყენება, მანქანა-დანადგარებისა და ტექნიკური საშუალებების, შესასრულებელი სამუშაო იარაღის დაქირავება, კონკრეტული სპეციალისტების მოწვევა, რაც ნარდობის სამუშაოებისათვის გაწეულ ფაქტობრივ და იმ დანახარჯებს მოიცავს, რომელსაც სავარაუდოა მიიღებდა მენარდე, რადგან საამისოდ განახორციელა გარკვეული ქმედებები.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შემკვეთი ითხოვს ავანსის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას, ასევე უდავოა, რომ მოსარჩელეს მოპასუხისაგან რაიმე სახის მომსახურება არ მიუღია. ასევე დადგენილია, რომ მისთვის მიუღებელი აღმოჩნდა მენარდის მიერ შეთავაზებული პირობები, რის საფუძველზეც გადაწყვიტა ხელშეკრულებიდან გასვლა (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი).
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნა მხარეების მხრიდან პირველადი მოთხოვნის ხასიათს ატარებს, რომლის შეუსრულებლობაც იწვევს მეორადი მოთხოვნის უფლების წარმოშობას. ამ უკანასკნელს კი მიეკუთვნება ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნა. ხელშეკრულებიდან გასვლა გამოიყენება მხოლოდ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში. ამიტომ კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). თუმცა, ეს არ გამორიცხავს, რომ მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულებიდან გასვლის დამატებით პირობებზე. თუ მხარეები ამ უფლებით არ ისარგებლებენ, გამოიყენება კანონის დისპოზიციური ნორმები. ხელშეკრულებიდან გასვლის, როგორც მეორადი მოთხოვნის უფლების საფუძვლები შეიძლება დაიყოს მატერიალურ და ფორმალურ ნაწილებად. მატერიალურში შეიძლება ვიგულისხმოთ სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობა, ხოლო ფორმალურში – დამატებითი ვადის დაწესება და ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინება.
სამოქალაქო კოდექსის 636-ე მუხლით გათვალისწინებულია არა ხელშეკრულების მოშლის წინამძღვრები, არამედ, ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით დადგენილი შემკვეთის ვალდებულება ( იხ. პალატის 2015 წლის 15 დეკემბრის განმარტება საქმეზე №ას-697-663-2015). სკ-ის 636-ე მუხლით კანონმდებელი შემკვეთისათვის ხელშეკრულების მოშლის წინამძღვრებს კი არ აწესებს, არამედ ამ ნორმის გამოყენების შემთხვევაში, გამაწონასწორებელი სამართლებრივი დაცვითი მექანიზმის სახით ადგენს შემკვეთის ვალდებულებას, ანუ განსაზღვრავს, თუ რა უნდა აუნაზღაურდეს მენარდეს. ამდენად, სამართლებრივად უნდა შეფასდეს მენარდის სასარჩელო მოთხოვნის იურიდიული დასაბუთებულობა, თუ რამდენადაა ასეთი მოთხოვნა განხორციელებადი.
განსახილველი დავა ნარდობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარეობს, შესაბამისად, სსკ-ის 636-ე მუხლით დადგენილია შემკვეთის უფლება უპირობოდ, სამუშაოების დასრულებამდე, ნებისმიერ დროს თქვას უარი ხელშეკრულებაზე. საკასაციო სასამართლომ სწორედ 636-ე მუხლზე მსჯელობისას განმარტა: ''მოხმობილი ნორმის დეფინიციით, ნარდობის სამართლებრივ ურთიერთობაში უპირატესობა ენიჭება შემკვეთს, რომელსაც უპირობოდ, სამუშაოს დასრულებამდე, ნებისმიერ დროს შეუძლია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება. მენარდის ინტერესების დასაცავად და მხარეთა შორის უფლებებისა და მოვალეობების გონივრული ბალანსის შესანარჩუნებლად, შემკვეთს ეკისრება ვალდებულება, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, მენარდეს აუნაზღაუროს შესრულებული სამუშაო, ის რაც ფაქტობრივად შესრულდა და ხელშეკრულების მოშლით მიყენებული ზიანი (იხ. სუსგ № ას-901-851-2015, 05.02.2016წ.). ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მოვალეს (მენარდეს) ეკისრება ტვირთი ამტკიცოს, თუ რა ზიანი მიადგა მას ხელშეკრულების მოშლით. ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოშობს მონაწილეთა შორის ახალ ვალდებულებას: მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებმა ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საერთო ჯამში მოპასუხისათვის გადახდილია ავანსის სახით - 10 700 ევრო. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხისაგან მომსახურება არ მიუღია. ამასთან, მოპასუხე მხარეს არ მიუთითებია მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგად მიყენებული ზიანის ფაქტის არსებობის თაობაზე, არც საქმის მასალებით დასტურდება შემკვეთის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლით მენარდეს მიადგა თუ არა ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების შემთხვევაში, ორივე მხარე თავისუფლდება ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობების შესრულებისაგან და ეკისრებათ ორმხრივი რესტიტუცია. ამ შემთხვევაში მხარეები ვალდებულნი არიან, დაუბრუნდნენ იმ მდგომარეობას, რომელიც არსებობდა ხელშეკრულების დადებამდე. ამგვარი რესტიტუციის ძირითად პრინციპს ნატურით დაბრუნება წარმოადგენს, თუ გადაცემულის თავისებურებათა გათვალისწინებით ნატურით დაბრუნება შესაძლებელია.
წარმოდენილ შემთხვევაში არსებითია მხარეთა ნება, რაც მათ მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულებით ნათლადაა ასახული. სასამართლო ხელშეკრულების ფორმულირებიდან გამომდინარე მიიჩნევს, რომ მხარეთა ნება მოიცავდა მათთვის მყარი, წინასწარ გათვლადი რისკის გათვალისწინებით, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ მისაღები ანაზღაურების ოდენობის და გადახდის ვადების თაობაზე შეთანხმებას. როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი, ხელშეკრულებით შეთანხმდენენ თანხის ოდენობაზე, რაც კონკრეტულ ვალუტაში გამოისახა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გასვლის მომენტისათვის უნდა მოხდეს სწორედ იმ ოდენობით თანხის ანაზღაურება, რაც მხარეთა შორის ხელშეკრულებით საფასურად იქნა დადგენილი და მყიდველის მიერ გადახდილი. შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლის გამო უნდა მოხდეს მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხის 10 700 ევროს ექვივალენტი ლარში 26 736 ლარის დაბრუნება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით აღიარებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა და მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრა, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ საქმის გარემოებების დასადასტურებლად. სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით დეფინირებულია პირგასამტეხლოს ცნება - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც უნდა გადაიხადოს მოვალემ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისთვის.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ერთდროულად განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა, ასევე სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ფორმა. პირგასამტეხლოს გააჩნია ორმაგი მნიშვნელობა, ის წარმოადგენს არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებას, არამედ, ასევე - ვალდებულების შეუსრულებლობის საფასურის ოდენობის გამორკვევის (განსაზღვრის) მექანიზმს. პირგასამტეხლოს 2 ძირითადი ფუნქცია გააჩნია: 1. მოვალეს უბიძგოს ვალდებულების შესრულებისკენ, არახელსაყრელი პერსპექტივის (ჯარიმა შეუსრულებლობისათვის) მოლოდინის გამოისობით. ან 2. წინასწარ განსაზღვროს შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის მოცულობა. დასაშვებია, პირგასამტეხლოში შემავალი თანხის ოდენობის გამოთვლის წესი სხვადასხვაგვარი იყოს, ხელშეკრულების ან მისი შეუსრულებელი ნაწილის თანხის პროცენტის სახით.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა კანონით დადგენილი წერილობითი ფორმით და ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, აღნიშნული გარემოება მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს დარიცხვის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენდა. (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
კანონის თანახმად (სკ-ის 418.1 მუხლი), მართალია, პირგასამტეხლო შესაძლოა აღემატებოდეს ზიანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელშეკრულების ამგვარი დათქმა, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილად ჩაითვლებოდა, თუმცა, იმისათვის, რათა დაცული იყოს მხარეთა თანასწორობის საყოველთაო უფლება, კანონმდებელი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირების შესაძლებლობას. სამოქალაქო კანონმდებლობა პირგასამტეხლოს ნამდვილობას მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეულ შეთანხმებას უკავშირებს, თუმცა, იგი არ წარმოადგენს აბსოლუტურ დათქმას და მოვალის შესაგებლის არსებობის პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობის თანხის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ნორმის დასახელებული დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმურ საფუძველს წარმოადგენს და ასეთ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომაროება, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა (იხ. სუსგ №ას-914-864-2015, 4 დეკემბერი, 2015 წელი).
მართალია, მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას
სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმების (115–ე, 420–ე) და მსჯელობის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია შესასრულებელი ვალდებულების ოდენობასთან მიმართებით და უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 2500 ევროს ექვივალენტი ლარში - 6247 ლარის გადახდა.
6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას მიუღებელი შემოსავლის სახით მოპასუხისათვის ყოველთვიურად 6700 ლარის დაკისრების შესახებ სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული მუხლის თანახმად, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო. ამასთან, დამდგარი ზიანი უნდა წარმოადგენდეს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით "როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება''(იხ. სუსგ №ას-999-943-2015, 18 დეკემბერი, 2015 წელი, ქ. თბილისი). სხვა საქმეში საქართველოს უზენაესი სასამართლო შემდეგ განმარტებას აკეთებს: "ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრული ადამიანის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების კონკრეტული დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. "ხელშეკრულების დამრღვევი მხარე ვალდებულია აანაზღაუროს მხოლოდ ის ზიანი, რომლის თაობაზეც მან ხელშეკრულების დადებისას ივარაუდა, ან გონივრულად უნდა ევარაუდა, რომ ამგვარი ზიანი დადგებოდა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში." მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის მიწოდებული ინფორმაცია არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე იმის დასადგენად, თუ რამდენად შეეძლო ნორმალურ, გულმოდინე ბრუნვის წევრს ევარაუდო ზიანის თაობაზე. დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარეს არ მიუწოდებია მოპასუხე კომპანიისათვის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მას ბინის გაქირავება და ამით დამატებითი შემოსავლის მიღება სურდა. სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხ.). მხარის განმარტებით, რამდენადაც მენარდის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულების პირობა, კერძოდ, არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, იგი, ვერ ახერხებს საცხოვრებელი სახლის გარემონტებას და შესაბამისად შემდგომ მის გაქირავებას, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება მასზედ, რომ წინამდებარე სარჩელის აღძვრამდე ან მის შემდეგ მცდელობა ჰქონდა სხვა კომპანიის მეშვეობით განეხორციელებინა და დაესრულებია სამონტაჟო ანდა გაეგრძელებინა სარემონტო სამუშაოები, თან იმ პირობებში, როდესაც მხარე კვლავ რჩებოდა სახელშეკრულებო ურთიერთობაში მენარდესთან და მოპასუხეს მოლოდინი იმისა, რომ ვალდებულების შესრულებისათვის არაერთი დამატებითი ვადის მიცემის გათვალისწინებით (მხარის განმარტებით სარჩელის წარმოდგენით გავიდა ხელშეკრულებიდან, იხ. სხდომის ოქმი) ამ პერიოდში გაქირავებით სარგებელს მიიღებდა საფუძველს და დასაბუთებას მოკლებულია, ამასთან, ბუნდოვანი და განუსაზღვრელია რა დროში შეძლებდა მხარე სარემონტო სამუშაოების დასრულებას, რა დრო დასჭირდებოდა, ამდენად, 2015 წლის სექტემბრიდან ავტომატურად მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრების საფუძვლები არ იკვეთაბა, მხარე ვერ მიუთითებს რეალურად რა დროიდან უნდა მიიღო და ვერ მიიღო/დაკარგა შემოსავალი ქაონების გაქირავების შეუძლებლობის გამო, რამდენადაც სამონტაჟო სამუშაოების შემდგომ, მისივე განმარტებით საჭირო იყო სარემონტო სამუშაოების ჩატარება, რათა შემდგომ შესაძლებელი ყოფილიყო საცხოვრებელი ფართით სარგებლობა ანდა გაქირავება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო, მოვალეს არ შეიძლება დაეკისროს იმ ზიანის ანაზღაურება, რისი გათვალისწინებაც მას წინასწარ არ შეეძლო.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 989 ლარის გადახდა.
7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. შესაბამისად, ხარჯის გაწევის ფაქტი სათანადო მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით 2000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს იურიდიული მომსახურების სახით გადახდილი აქვს - 1200 აშშ დოლარი. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - არაუმეტეს დაკმაყოფილებული მოთხოვნის 4%-ს - 1000 ლარის ოდენობით გადახდა. ამასთან, მოსარჩელის მიერ ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა უძრავი ქონების შეფასებასთან დაკავშირებით, რაშიც მის მიერ გადახდილ იქნა 400 ლარი. სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების გამო აღნიშნული ხარჯის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება
8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე შპს ''დ----------------ს'' მოსარჩელის ა-----------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის სახით - 10 700 ევროს ექვივალენტი ლარში -26 736 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე შპს ''დ----------------ს'' მოსარჩელის ა-----------ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლოს სახით - 2500 ევროს ექვივალენტი ლარში - 6247 ლარის გადახდა.
4. მოპასუხე შპს ''დ----------------ს'' მოსარჩელე ა-----------ის სასარგებლოდ სასარგებლოდ გადახდეს - 989 ლარი სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. შპს ''დ----------------ს'' ა-----------ის სასარგებლოდ სასარგებლოდ გადახდეს - 1400 ლარი სარჩელზე გადახდილი სასამართლოსგარეშე ხარჯის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი