გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/25338-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
10 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - შპს ,,ავ-------------+“
წარმომადგენელი - ბა----------–--ა
მოპასუხე - ხა-------------------ი
წარმომადგენელი - ჯუ------------–--ე, რა----------–--ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ხა-------------------ს შპს ,,ავ-------------+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 5 043 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2016 წლის 02 დეკემბერს შპს ,,ავ-------------+“-სა და ხა-------------------ს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება №2------, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ ხა-------------------ს ასესხა 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარი, სამი თვის ვადით, თვეში 4%-ის დარიცხვით. სესხი და სესხის ძირითად თანხაზე დარიცხული პროცენტები მოპასუხეს უნდა დაებრუნებინა 2017 წლის 02 მარტის ჩათვლით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ვადის გადაცილებით მიყენებული ზიანისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დაგირავებულ იქნა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა - მიც--------------ო.
ხელშეკრულების 3.6 პუნქტის თანახმად, თუ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მსესხებელი ვერ დააბრუნებს სესხის ძირითად თანხას, მას თანხის სრულად დაფარვამდე დაერიცხება თვეში დარჩენილი ძირითადი გადასახდელი თანხის 4% საპროცენტო სარგებლის სახით. მოპასუხე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს რამოდენიმე თვის განმავლობაში იხდიდა, მაგრამ 2017 წლის ბოლოსათვის მას დაუგროვდა 3 თვის საპროცენტო დავალიანება, რის გამოც 2018 წლის 30 იანვარს მოსარჩელის მიერ აღებულ იქნა გირავნობის მოწმობა და დაიწყო სააღსრულებო წარმოება გირავნობის საგნის მოგირავნეზე გადაცემის მოთხოვნით.
2018 წლის თებერვალში მოპასუხემ მოსარჩელესთან შეთანხმების საფუძველზე, ნაწილობრივ დაფარა დაგროვილი საპროცენტო სარგებელი, რის გამოც შეჩერდა სააღსრულებო წარმოება იმ პირობით, რომ ის უახლოეს პერიოდში სრულად დაფარავდა დავალიანებას ძირითად თანხასთან ერთად, ანუ დარჩენილ ორი თვის საპროცენტო სარგებელს - 400 აშშ დოლარის ოდენობით და 5000 აშშ დოლარს. თუმცა, აღნიშნული პირობა არ იქნა შესრულებული. მოპასუხეს მოსარჩელისათვის მას შემდეგ არც საპროცენტო სარგებელი გადაუხდია და არც ძირი თანხა დაუბრუნებია, რაც გახდა სააღსრულებო წარმოების კვლავ განახლების საფუძველი. 2018 წლის 18 ივლისს კერძო აღმასრულებელ თა--------------ის მიერ, სააღსრულებო წარმოების ფარგლებში, მოსარჩელისათვის გადაცემულ იქნა გირავნობის საგანი, თუმცა ავტოავარიის შედეგად დაზიანებულ მდგომარეობაში.
ვინაიდან დაზიანებულ მდგომარეობაში გირავნობის საგანი მისი რეალიზაციის შედეგად ვერ დაფარავდა მოპასუხის სასესხო ვალდებულებას, გირავნობის საგნის რეალიზაციამდე, მისი საბაზრო ღირებულების დადგენის მიზნით, 2018 წლის 21 აგვისტოს სსიპ ლე---------------–--------–-----------------–---------------ის ეროვნულ ბიუროში ჩატარებულ იქნა ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდა, რომ ავტომანქანის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 3000 ლარს.
ხელშეკრულების 5.3. პუნქტით გათვალისწინებული დებულების შესაბამისად, თუ გირავნობის საგანი, მისი რეალიზაციის შემთხვევაში, სრულად ვერ დაფარავს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე. გირავნობის საგანის რეალიზაციის შედეგად ამოღებულ იქნა მხოლოდ 3500 ლარი, ანუ 1-57 აშშ დოლარი (რაც ექსპერტიზის შეფასებაზე 500 ლარით მეტია). შესაბამისად, ვინაიდან 2018 წლის 18 ივლისის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება მოსარჩელისადმი შეადგენდა 6400 აშშ დოლარს, საიდანაც 5000 აშშ დოლარი წარმოადგენდა ძირ თანხას, ხოლო 1400 აშშ დოლარი 7 თვის (2 თვის 2018 წლის თებერვლამდე და 5 თვის 2018 წლის თებერვლიდან 02 ივლისის ჩათვლით) საპროცენტო სარგებელს, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამოღებული თანხა 1-57 აშშ დოლარი გამოაკლდა დარიცხული საპროცენტო სარგებლის დავალიანებას - 1400 აშშ დოლარს, ხოლო დარჩენილი დავალიანების - 5043 აშშ დოლარის გადახდაზე, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, მოპასუხე უარს აცხადებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ხა-------------------მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოპასუხის მიერ გასხვისებული გირავნობის საგნის - ავტომანქანის ღირებულება მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის რეალურ საბაზრო ღირებულებას.
ამასთან, მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლო სხდომაზე სადავოდ გადახდა მხარეთა შორის დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებლის მართლზომიერება და განმარტა, რომ საპროცენტო სარგებლის ოდენობა თვეში 4% არის შეუსაბამოდ მაღალი. ასევე, განმარტა, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მას შემდეგ რაც გაიცა გირავნობის მოწმობა გირავნობის საგნის მოსარჩელისათვის გადაცემის მიზნით, აღარ არსებობდა მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვის სამართლებრივი საფუძველი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 02 დეკემბერს შპს „ავ-------------+“-სა და ხა-------------------ს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება №2------, რომლის საფუძველზეც შპს „ავ-------------+“-მა ხა-------------------ს სესხის სახით გადასცა - 5000 აშშ დოლარი, თვეში 4% საპროცენტო სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 02 მარტის ჩათვლით. სესხის უზრუნველსაყოფად, გირავნობით დაიტვირთა ხა-------------------ის კუთვნილი ავტომანქანა - მიც--------------ო 2008.
ხელშეკრულების 3.6 პუნქტის თანახმად, სესხის ძირითადი თანხის ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტით დადგენილ ვადაში (2017 წლის 02 მარტი) დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სესხის ძირითად თანხას დაერიცხება ამავე ხელშეკრულების 3.5 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტი (თვეში 4%), სესხის სრულად დაფარვამდე.
ხელშეკრულების 4.2.5. პუნქტის თანახმად, მხარეები თანხმდებიან, რომ მოგირავნე უფლებამოსილია უშუალოდ მოახდინოს გირავნობის საგნის რეალიზაცია დადგენილი წესით. უშუალოდ მოგირავნის მიერ საგნის პირდაპირი მიყიდვის გზით რეალიზაციის შემთხვევაში, მოგირავნე ვალდებულია, გირავნობის საგანი გაასხვისოს სამართლიან და გონივრულ ფასში თავისი და დამგირავებლის ინტერესების გათვალისწინებით.
ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით.
ხელშეკრულების 16.2. პუნქტის თანახმად, შეტყობინება (გაფრთხილება) ითვლება დამგირავებლისათვის, მსესხებლისათვის სათანადოდ გაგზავნილად (ჩაბარებულად გადაცემულად), თუ იგი გაგზავნილია დეპეშით (ამ შემთხვევაში შეტყობინების ჩაბარება დასტურდება დეპეშის ჩაბარების შესახებ მიღებული შეტყობინებით), ელექტრონული ფოსტით ან ფაქსით (ამ შემთხვევაში შეტყობინების ჩაბარება დადასტურდება შესაბამისი ტექსტური საშუალებით მოწოდებული დადასტურებით და ტექნიკური საშუალებით შეტყობინების გაგზავნის შესახებ შედგენილი აქტით), სხვა ტექნიკური საშუალებით, დაზღვეული წერილით ან კურიერის მეშვეობით ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე ან მოგირავნის მიერ უშუალოდ დამგირავებლისათვის შეტყობინების ხელზე ჩაბარებით, რაც დასტურდება დამგირავებლის ხელმოწერით.
2016 წლის 02 დეკემბერს შედგენილ იქნა ხელწერილი, რომლითაც ხა-------------------მა დაადასტურა, რომ ხელშეკრულებაში მითითებულია მისი პირადი ელექტრონული ფოსტა და მასზე შპს „ავ-------------+“-საგან მიღებული ყველა სახის შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.1-.2016წ. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 16-17);
- ხელწერილი (იხ. 08.04.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);
- ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ (იხ. ს.ფ. 18);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. ხა-------------------ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „ავ-------------+“-ს შორის 02.1-.2016წ. დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მას დადგენილ ვადაში არ დაუბრუნებია სესხის სახით მიღებული თანხა. ამასთან, 2017 წლის ბოლოსთვის დაგროვილი ჰქონდა სამი თვის საპროცენტო სარგებლის გადაუხდელი დავალიანება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.3. 2017 წლის 1- ნოემბერს შპს „ავ-------------+“-მა ხა-------------------ს, მის მიერ 02.1-.2016წ. ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც დავალიანების არსებობის გამო, მოსთხოვა გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინება (იხ. 08.04.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.4. ხა-------------------ის მიერ 02.1-.2016წ. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, შპს „ავ-------------+“-ის მოთხოვნის საფუძველზე, დაგირავებული ავტომანქანის მოძიებისა და მისი მოგირავნისათვის გადაცემის მიზნით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ, 2018 წლის 30 იანვარს გაიცა №0----- გირავნობის მოწმობა. აღნიშნულის საფუძველზე დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
გირავნობის მოწმობის გაცემის შემდგომ, ხა-------------------მა გადაიხადა შპს „ავ-------------+“-ის მიმართ არსებული დავალიანების ნაწილი. კერძოდ, ორი თვის საპროცენტო სარგებელი. ამასთან, მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი უახლოეს მომავალში სრულად დაფარავდა დავალიანებას, რის გამოც შეჩერდა გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
იმის გამო, რომ ხა-------------------მა, მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, არ დაფარა შპს „ავ-------------+“-ის მიმართ არსებული დავალიანება, შპს „ავ-------------+“-მა განაახლა სააღსრულებო წარმოება. შესაბამისად, კერძო აღმასრულებლის თა--------------ის მიერ მოძიებულ იქნა გირავნობის საგანი - მიც--------------ო, რომელიც 2018 წლის 18 ივლისს გადაეცა მოსარჩელე შპს „ავ-------------+“-ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გირავნობის მოწმობა (იხ. ს.ფ. 19);
- ოქმი გირავნობის საგნის მოგირავნეზე გადაცემის და მისი დათვალიერების შესახებ (იხ. ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. შპს „ავ-------------+“-სათვის გადაცემული გირავნობის საგანი იყო ნაავარიები.
სსიპ ლე---------------–--------–-----------------–---------------ის ერონული ბიუროს მიერ 21.08.2018წ. შედგენილი დასკვნის თანახმად, 2008 წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ავტომობილის: „MITSUBISHI P----------------S”, სახელმწიფო ნომრით IG----8, საიდენტიფიკაციო ნომრით JM--------------9, ნარჩენი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს - 3 000 ლარს.
დავალიანების დაფარვის მიზნით, შპს „ავ-------------+“-მა 2018 წლის 27 აგვისტოს უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა - 3500 ლარად (ექვივალენტი 1-57 აშშ დოლარისა).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 21-29);
- ნასყიდობის ხელშეკრულება (იხ. 08.04.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, შპს „ავ-------------+“-ის მიერ გაქვითულ იქნა 02.1-.2016წ. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ საპროცენტო სარგებლის დავალიანება, რომელიც მოსარჩელის განმარტებით, იმ დროისათვის, შეადგენდა 1400 ლარს (2 თვის 2018 წლის თებერვლამდე და 5 თვის 2018 წლის თებერვლიდან 02 ივლისის ჩათვლით).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 02.1-.2016წ. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 16-17);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მოსაზრებას მასზედ, რომ შპს „ავ------------- +“-სა და ხა-------------------ს შორის 2016 წლის 02 დეკემბერს დადებული №2------ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება არსებითად აღემატებოდა მისი რეალიზაციის ფასს - 3500 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე სადავოდ ხდის გირავნობის საგნის შეფასებას. მისი განმარტებით, ავტომანქანის ღირებულება გაცილებით უფრო მეტი იყო, ვიდრე მოხდა მისი რეალიზაცია. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემის მომენტისათვის, ავტომანქანა იყო ნაავარიები. ამასთან, მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლე---------------–--------–-----------------–---------------ის ეროვნული ბიუროს 21.08.2018წ. დასკვნა, რომლის თანახმად, 2008 წელს დამზადებული, მაღალი გამავლობის ავტომობილის - „MITSUBISHI P----------------S”, სახელმწიფო ნომრით - IG----8, საიდენტიფიკაციო ნომრით JM--------------9, ნარჩენი საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს - 3000 ლარს (იხ. ექსპერტიზის დასკვნა ს.ფ. 21-29), ასევე ნასყიდობის ხელშეკრულება, საიდანაც დგინდება, რომ გირავნობის საგნის რეალიზაცია განხორციელდა უფრო მაღალ ფასად - 3500 ლარად, ვიდრე ის იყო შეფასებული ექსპერტიზის დასკვნით. მოპასუხე სადავოდ ხდის ავტომანქანის სარეალიზაციო ღირებულებას, თუმცა მას მისი პოზიციის დასადასტურებლად გარდა ახსნა-განმარტებისა არ წარმოუდგენია სხვა უკეთესი მტკიცებულება. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს გირავნობის საგნის შეფასების წერილობითი დოკუმენტი, მხოლოდ მოპასუხის ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული მის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
სასამართლო განმარტავს, რომ მხოლოდ მხარის ახსნა-განმარტება, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მისი უარყოფის პირობებში საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დასადგენად საკმარის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა შპს „ავ-------------+“-ის სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 623-ე, 625-ე მუხლებით;
„სააღსულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი, მე-2, 25-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის კოდექსის 625-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 02 დეკემბერს შპს „ავ-------------+“-სა და ხა-------------------ს შორის დაიდო სესხისა და გირავნობის ხელშეკრულება №2------, რომლის საფუძველზეც შპს „ავ-------------მა“ ხა-------------------ს სესხის სახით გადასცა - 5000 აშშ დოლარი თვეში 4% სარგებლის დარიცხვის პირობით. სესხის ვადა განისაზღვრა - 2017 წლის 02 მარტის ჩათვლით. სესხის უზრუნველსაყოფად, გირავნობით დაიტვირთა ხა-------------------ის კუთვნილი ავტომანქანა - მიც--------------ო 2008.
ამდენად, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან სესხის ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:
ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;
ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას;
დადგენილია, ასევე, რომ ხა-------------------ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და შპს „ავ-------------+“-ს შორის 02.1-.2016წ. დადებული სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მას დადგენილ ვადაში არ დაუბრუნებია სესხის სახით მიღებული თანხა. ამასთან, 2017 წლის ბოლოსთვის დაგროვილი ჰქონდა სამი თვის საპროცენტო სარგებლის გადაუხდელი დავალიანება. აღნიშნულის გამო შპს „ავ-------------+“-ის მოთხოვნის საფუძველზე, დაგირავებული ავტომანქანის მოძიებისა და მისი მოგირავნისათვის გადაცემის მიზნით, სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ 2018 წლის 30 იანვარს გაიცა №0----- გირავნობის მოწმობა. თუმცა, გირავნობის მოწმობის გაცემის შემდგომ ხა-------------------მა გადაიხადა ორი თვის საპროცენტო სარგებლის დავალიანება, და მხარეები ზეპირსიტყვიერად შეთანხმდნენ, რომ მსესხებელი უახლოეს დღეებში სრულად დაფარავდა დარჩენილ დავალიანებას, რის გამოც შეჩერდა დაწყებული სააღსრულებო წარმოება, თუმცა ვინაიდან არ იქნა შესრულებული აღნიშნული პირობა, შპს „ავ-------------+“-მა განაახლა სააღსრულებო წარმოება. კერძო აღმასრულებლის თა--------------ის მიერ მოძიებულ იქნა გირავნობის საგანი - მიც--------------ო, რომელიც 2018 წლის 18 ივლისს გადაეცა მოსარჩელე შპს „ავ-------------+“-ს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გირავნობის მოწმობის გაცემამდე და გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემამდე, 2017 წლის 1- ნოემბერს შპს „ავ-------------+“-მა ხა-------------------ს, მის მიერ 02.1-.2016წ. ხელშეკრულებაში მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, გაუგზავნა შეტყობინება, რომლითაც დავალიანების არსებობის გამო, მოსთხოვა გირავნობის საგნის მფლობელობაში გადაცემა, რაც ხა-------------------ის მიერ 2016 წლის 02 დეკემბერს შედგენილი ხელწერილის შესაბამისად, ჩაითვალა ჩაბარებულად.
დავალიანების დაფარვის მიზნით, შპს „ავ-------------+“-მა 2018 წლის 27 აგვისტოს უზრუნველყო გირავნობის საგნის რეალიზაცია. მდგომარეობის გათვალისწინებით, ავტომობილი გაიყიდა - 3500 ლარად (ექვივალენტი 1-57 აშშ დოლარისა). გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან, შპს „ავ-------------+“-ის მიერ გაქვითულ იქნა 02.1-.2016წ. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ საპროცენტო სარგებლის დავალიანება.
მოსარჩელის განმარტებით, გირავნობის საგნის რეალიზაციის მომენტისათვის, მსესხებელს საპროცენტო სარგებლის სახით ერიცხებოდა დავალიანება 1400 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც შედგებოდა გირავნობის მოწმობის გაცემამდე - 2018 წლის 30 იანვრამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლისაგან (2 თვე) და გირავნობის მოწმობის გაცემიდან სააღსრულებო წარმოების განახლებამდე - 2018 წლის 02 ივლისამდე, დარიცული საპროცენტო სარგებლისაგან, ჯამში 7 თვე. შესაბამისად, ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაცია განხორციელდა 3500 ლარად, რაც წარმოადგენდა 1-57 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს, რეალიზაციის შემდგომ მოპასუხეს კვლავ დარჩა დავალიანება 5043 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 5000 აშშ დოლარი არის სესხის ძირი თანხა, ხოლო 43 აშშ დოლარი დარჩენილი, გადაუხდელი სარგებელი. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
„სააღსულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საერთო სასამართლოების, ადმინისტრაციული ორგანოების (თანამდებობის პირების), არბიტრაჟის, რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიისა და მისი კომიტეტის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ მიღებული აქტების და ამ კანონით გათვალისწინებული აღსასრულებელი გადაწყვეტილებების აღსრულების წესსა და პირობებს.
„სააღსულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონით დადგენილი წესით აღსრულებას ექვემდებარება გირავნობის მოწმობა. ამავე კანონის მე-20 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, გარდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის მოწმობის, იმავე კოდექსის 5808 მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის, დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და აღსრულების შესახებ ბრძანების აღსრულებასთან დაკავშირებული საქმეებისა.
ამდენად, გირავნობის მოწმობა წარმოადგენს აღსრულების ქვემდებარე აქტს. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც შპს „ავ-------------+“-მა გირავნობის საგნის მოძიებისა და მისი მოგირავნესათვის გადაცემის მიზნით, აიღო გირავნობის მოწმობა (30.01.2018წ.) დაიწყო სააღსრულებო წარმოება.
„სააღსულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იმ გადაწყვეტილებათა აღსრულებისას, რომლებითაც გათვალისწინებულია კრედიტორის მოთხოვნის ზრდა ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვის შედეგად, სააღსრულებო წარმოების დაწყების დღიდან შეწყდება კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა, გარდა საგადასახადო მოთხოვნის შემთხვევებისა. კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის ან/და საურავის დარიცხვა გაგრძელდება იმ დღიდან, როდესაც აღსრულების ეროვნული ბიურო ამ კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად დაუბრუნებს კრედიტორს სააღსრულებო ფურცელს.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხა-------------------ს მასსა და შპს „ავტო კრედიტ+“-ს შორის 02.1-.2016წ. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, 2017 წლის ბოლოსათვის ერიცხებოდა სამი თვის საპროცენტო სარგებლის დავალიანება. დადგენილია, ასევე რომ გირავნობის საგნის მოგირავნისათვის გადაცემის მიზნით, 2017 წლის 31 იანვარს გაიცა გირავნობის მოწმობა, რის საფუძველზეც დაიწყო სააღსრულებო წარმოება. მოსარჩელის განმარტებით, აღნიშნულის შემდგომ მოპასუხემ გადაიხადა 2 თვის საპროცენტო სარგებლის დავალიანება. შესაბამისად გირავნობის მოწმობის გაცემამდე გადაუხდელი დარჩა კიდევ ორი თვის სარგებელი - ერთი თვის 2017 წელს დარიცხული და 2018 წლის იანვარს დარიცხული.
ამრიგად, „სააღსრულებო წამოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, იმ დროიდან, როდესაც შპს „ავ-------------+“-ის მოთხოვნით გაიცა გირავნობის მოწმობა და დაიწყო სააღსრულებო წარმოება (30.01.2018წ.) შეწყდა კრედიტორის მოთხოვნის ძირითად თანხაზე სარგებლის დარიცხვა, რომლის დარიცხვაც მხარეთა შორის 02.1-.2016წ. დადებული ხელშეკრულების 3.6. პუნქტის შესაბამისად, გათვალისწინებული იყო სესხის სრულად დაფარვამდე. ამასთან, გირავნობის მოწმობის გაცემის შემდგომ, მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, მხოლოდ შეჩერდა სააღსრულებო წარმოება, რაც არ გულისხმობს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლით გათვალისწინებულ სააღსრულებო ფურცლის/აღსასრულებელი გადაწყვეტილების დაბრუნებას.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელის მიერ სააღსრულებო წარმოების დაწყების შემდგომაც განხორციელდა მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის დარიცხვა, და შესაბამისად გირავნობის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად იქნა გაქვითული დარიცხულ საპროცენტო სარგებელში.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გირავნობის მოწმობის გაცემის დროისათვის ხა-------------------ს ერიცხებოდა ორი თვის საპროცენტო სარგებლის დავალიანება, გირავნობის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხიდან - 1-57 აშშ დოლარიდან, უნდა მოხდეს მხოლოდ ამ დრომდე დარიცხული სარგებლის - 400 აშშ დოლარის გაქვითვა, ხოლო დარჩენილი თანხა კი - 1157 აშშ დოლარი უნდა გამოკლდეს ძირი თანხის სახით არსებულ დავალიანებას - 5000 აშშ დოლარს. აქვე გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მოსაზრება მასზედ, რომ გირავნობის საგნის რეალური საბაზრო ღირებულება არსებითად აღემატებოდა მისი რეალიზაციის ფასს - 3500 ლარს.
ამგვარი დაანგარიშების გათვალისწინებით, კი მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ უნდა განისაზღვროს მხოლოდ - 4043 აშშ დოლარით, რაც წარმოადგენს 02.1-.2016წ. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხას.
6.3. ამასთან, საპროცენტო სარგებელთან დაკავშირებით სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმარტოს შემდეგი:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.
შპს „ავ-------------+“-სა და ხა-----------------ნს შორის 2016 წლის 02 დეკემბერს დადებული ხელშეკრულების 3.6. პუნქტის თანახმად, სესხის ძირითადი თანხის ამ ხელშეკრულების 3.2 პუნქტით დადგენილ ვადაში (2017 წლის 02 მარტი) დაუბრუნებლობის შემთხვევაში, სესხის ძირითად თანხას დაერიცხება ამავე ხელშეკრულების 3.5 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტი (თვეში 4%), სესხის სრულად დაფარვამდე.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, 02.1-.2016წ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სესხის ვადის ამოწურვის შემდგომ დარიცხული და მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი სარგებელი წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცენტს ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის და არა ამავე კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებულ მიუღებელ შემოსავალს.
რაც შეეხება მოპასუხის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ 02.1-.2016წ. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი - თვეში 4%, არის შეუსაბამოდ მაღალი, სასამართლო დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს შემდეგი გარემოებების გამო:
სესხით სარგებლობისათვის პროცენტსა და მის ოდენობაზე შეთანხმება მხარეთა ნების ავტონომიის ფარგლებში ხდება. თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სახელმძღვანელო დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპია. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ (სსკ-ის 8.3 მუხლი). „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ (სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი). შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოთ აღნიშნული.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მოქმედებდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის შესაბამისად: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე”. კერძოდ, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის არ არის აშკარა შეუსაბამობა და მოსარჩელე (სარგებლის მიმღები) არ მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად. მის მიერ გათვალისწინებულ იქნა ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი. შესაბამისად, გამსესხებელმა სესხისათვის სარგებლის გონივრული ოდენობა განსაზღვრა, რაც არ ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად გარიგება ამ ნაწილში არ წარმოადგენს უცილოდ ბათილს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, მოგირავნის დაკმაყოფილება ხდება გირავნობის საგნის რეალიზაციით, ან მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით დაგირავებული ნივთის მოგირავნის საკუთრებაში გადაცემით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად ან გირავნობის საგნის ღირებულება მთლიანად არ ფარავს ამ მოთხოვნის ოდენობას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
02.1-.2016წ. ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს მოგირავნის მოთხოვნას, მოგირავნე უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით. ამასთან, დადგენილია, რომ ხა-------------------ს 02.1-.2016წ. სესხისა და გირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ, შპს „ავ-------------+“-ის მიმართ კვლავ დარჩა დავალიანება - 4043 აშშ დოლარის ოდენობით.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე შპს „ავ-------------+“-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე ხა-------------------ს შპს „ავ-------------+“-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სესხის ძირი თანხის სახით - 4043 აშშ დოლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1 მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილ იქნა - 389 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე, კი - 50 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან შპს „ავ-------------+“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ხა-------------------ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (4043 აშშ დოლარი), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 311.86 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
მოპასუხეს, ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარისა და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 140 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით, მოსარჩელე შპს „ავ-------------+“-ის შუამდგომლობა, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ხა-------------------ს აეკრძალა მისი კუთვნილი უძრავი ქონებიდან, მდებარე: ქა-–---------–------------–-----ი, ილ--ო სუ--–---–ის ქუჩა #1-, ს/კ 01.-----.1---099, მისი კუთვნილი 1/4 წილის, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 29 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს ,,ავ-------------+“-ის სარჩელი ხა-------------------ის მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე ხა-------------------ს მოსარჩელე შპს ,,ავ-------------+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს - 2016 წლის 02 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის - 4 043 აშშ დოლარის გადახდა, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.
2. მოპასუხე ხა-------------------ს მოსარჩელე შპს ,,ავ-------------+“-ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 361.86 ლარის და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 140 ლარის გადახდა.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე