გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.05.2019
საქმის ნომერი
330210019002914768
კატეგორია
დავის ტიპი
ბავშვის შესანახად ალიმენტის გადახდევინების შესახებ
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/6396-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

08 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ირინა ზარქუა

სხდომის მდივანი თამარ მიქავა

 

მოსარჩელე - მ------------------–---–ი

წარმომადგენელი - მ---------------ე

მოპასუხე - თ-------------------ე

წარმომადგენელი - ზ------------ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

მოპასუხე თ-------------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ზ---------------ის (დაბადებული 2----–-–--------------ს) სასარგებლოდ, ალიმენტის სახით, ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის დაკისრება, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 27 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე;

 

მოსარჩელე მ------------------–---–ი და მოპასუხე თ-------------------ე 2010 წლის 17 აპრილიდან იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს შეეძინათ შვილი, ზ---------------ე. 2013 წელს მათ საერთო შვილს, ზ---------------ეს, დაუდგინდა დიაგნოზი ,,Ewing Sarcoma” (მეტასტაზური). დედამ, მ----------–---–მა შვილი სამკურნალოდ წაიყვანა ისრაელში, სადაც, 2014 წელს გაუკეთდა ძვლის ტვინის გადანერგვა და ორი წლის განმავლობაში გადიოდა მეტრონომულ ანტიანგიოგენურ ქიმიოთერაპიულ მკურნალობას და დღემდე განაგრძობს მკურნალობას. თ-------------------ე და მ----------–---–ი განქორწინდნენ 2015 წლის 17 ივლისს. მოპასუხე არ ზრუნავს არასრულწლოვან შვილზე, არ ეხმარება მას ფინანსურად და არ იღებს მონაწილეობას ბავშვის მკურნალობაში.

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და თანხმობა განაცხადა არასრულწლოვანი ზ---------------ის სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარის გადახდაზე;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მ------------------–---–ი და თ-------------------ე 2010 წლის 17 აპრილიდან იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–---------------ს შეეძინათ შვილი, ზ---------------ე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---------- (ს.ფ. 14);

- დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 13).

 

3.1.2. მხარეები, მ------------------–---–ი და თ-------------------ე განქორწინდნენ 2015 წლის 17 ივლისს. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან, ზ---------------ესთან ერთად ცხოვრობს საზღვარგარეთ, კერძოდ, ისრაელის სახელმწიფოში, ქ------------------–--------------------. მოსარჩელე მ------------------–---–ს მიღებული აქვს ისრაელის მოქალაქეობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 15);

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 8 მაისის სხდომის ოქმი).

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 8 მაისის სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. არასრულწლოვან ზ---------------ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები. მას 2013 წელს დაესვა ,,Ewing Sarcoma“-ს (მეტასტაზური) დიაგნოზი. ბიოფსია გაკეთდა საქართველოში. შემოწმება გაიარა ხაიმ შევას სახელობის სამედიცინო ცენტრში, სადაც დიაგნოზი დადასტურდა, მაგრამ მუტაცია არ დაფიქსირებულა. ოჯახი ისარელში ჩამოვიდა სამკურნალოდ. მეტასტაზური გამოკვლევა - წარმონაქმნი მარჯვენა თირკმელში, ფილტვის ნოდულები და ძალზე პროგრესირებადი დაავადება ძვლოვან სტურქტურაში თავის ქალის, მალების, ნეკნების, კიდურების ჩათვლით. ზ---------------ემ გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი. 2014 წლის იანვრის თვეში ჩაუტარდა ძვლის ტვინის გადანერგვა. გადანერგვის წინ გაუკეთდა პირველადი წარმონაქმნის, მარჯვნიდან თირკმელისა და მარცხენა მეხუთე ნეკნში მეტასტაზის მოკვეთის ოპერაცია. გადანერგვის შემდეგ წარმოიშვა კოჭლობა მარჯვენა ფეხზე - არის ცნობა დიდი მეტასტაზის არსებობის შესახებ მარჯვენა თეძოში. კლინიკური სურათის დამძიმების ფონზე პაციენტმა რამდენიმე კვირა განაგრძო მეტრონომული ანტიანგიოგენური მკურნალობა, ხოლო შემდეგ ჩაუტარდა ქიმიოთერაპიული მკურნალობა. ორი წლის განმავლობაში გადიოდა მეტრონომულ ანტიანგიოგენურ ქიმიოთერაპიულ მკურნალობას. მკურნალობის პროცესში გამოვლინდა ,,Fanconi”-ს სინდრომი - თირკმელის ქრონიკული დაზიანება ხანგრძლივი ქიმიოთერაპიის ფონზე. ბავშვი იმყოფება ბავშვთა ნეფროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. გადის წამლებით მკურნალობას მეტაბოლური აციდოზის გადასასწორებლად. აწუხებს კოჭლობა. მას ორჯერ გაუკეთდა ორთოპედიული ოპერაცია ზ---------------ე განაგრძობს ონკოლოგიური მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას და შემოწმებას თვეში ორჯერ. განაგრძობს სიმულაციურ პროცედურებს, მათ შორის ძვლოვანი სისტემის დასურათებასა და მთელი სხეულის მაგნიტო-რეზონანსულ კვლევას წელიწადში სამჯერ. ამასობაში, ძვლოვან სტრუქტურაში ცვლილებები სტატიკურ ვითარებაშია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ისრაელის სახელმწიფო, თ--–------------------------------–------------------–----------–----------------–-------–-----------------–-----–------ის ჰემატო-ონკოლოგიური განყოფილების მიერ 24.01.2019 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 16-19).

 

3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 05.04.2019 წლის მდგომარეობით, მ----------–---–ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 08.04.2019 წლის მიმართვა N----------- (ს.ფ. 52);

 

3.2.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 05.04.2019 წლის მდგომარეობით, თ-------------------ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1250 ლარს, თებერვლის თვეში - 1250 ლარს, მარტის თვეში - 1250 ლარს, აპრილის თვეში - 1250 ლარს, მაისის თვეში - 1250 ლარს, ივნისის თვეში - 1250 ლარს, ივლისის თვეში - 1250 ლარს, აგვისტოს თვეში - 1250 ლარს, სექტემბრის თვეში - 1250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1250 ლარს, ნოემბრის თვეში - 1250 ლარს, დეკემბრის თვეში - 2236 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 1400 ლარს, თებერვლის თვეში - 1400 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 08.04.2019 წლის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 52-54);

 

3.2.4. უძრავი ქონება, მდებარე მისამართზე თ---–------–----------------------------------------------- 17.02.2010 წლის მდგომარეობით საკუთრების უფლებით ირიცხებოდა თ-------------------ის სახელზე. ასევე, მის სახელზე 04.04.2018 წლის მდგომარეობით, რეგისტრირებული იყო უძრავი ნივთი. მდებარე გ-------------------–------–------------------------;

საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის მიერ აღნიშნული უძრავი ნივთების გასხვისებას და დღეის მდგომარეობით, მის სახელზე უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობას დაადასტურებდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 17.02.2010 წელი (ს.ფ. 59);

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 04.04.2018 წელი (ს.ფ. 60).

 

3.2.5. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი ამ ეტაპზე იმყოფება ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში სხვა პირთან და ელოდება შვილს, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამ ეტაპზე, მოპასუხე თ-------------------ის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 8 მაისის სხდომის ოქმი).

- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (2019 წლის 8 მაისის სხდომის ოქმი).

 

3.2.6. საქმეში წარმოდგენილი მასალებით, ლ-–----------ას და სს ,------------–---------“ შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მისი დავალიანება 06.05.2019 წლის მდგომარეობით შეადგენს 13 170.03 აშშ დოლარს. ასევე, მ-----------------ეს აქვს გარკვეული სასესხო ვალდებულებები სს ,---------------- წინაშე;

საქმეში წარმოდგენილი მასალებით, არ დასტურდება თ-------------------ის სახელზე საბანკო დაწესებულების წინაშე საკრედიტო დავალიანების არსებობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სს ,,საქართველოს ბანკის“ მიერ 06.05.2019 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 79);

- სს ,---------------- ამონაწერი მ-----------------ის ანგარიშიდან (ს.ფ. 80-124).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისთვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალურ მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

მოსარჩელე მ------------------–---–მა ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ საერთო არასრულწლოვანი შვილი, 2----–-–---------------ს დაბადებული ზ---------------ე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის“ პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

ამავე კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეები, მ------------------–---–ი და თ-------------------ე განქორწინდნენ 2015 წლის 17 ივლისს. მოსარჩელე არასრულწლოვან შვილთან, ზ---------------ესთან ერთად ცხოვრობს საზღვარგარეთ, კერძოდ, ისრაელის სახელმწიფოში, ქ------------------–--------------------. მოსარჩელე მ------------------–---–ს მიღებული აქვს ისრაელის მოქალაქეობა. მოსარჩელე მხარის განმარტებით, არასრულწლოვანი ზ---------------ე ყოველ წელს ჩამოდის საქართველოში, თუმცა მამას მასთან არ აქვს ურთიერთობა.

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს. ალიმენტის ოდენობა განისაზღვრება გონივრული და სამართლიანი შეფასების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანი ზ---------------ე იზრდება დედასთან, მ------------------–---–თან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მ------------------–---–ი, როგორც მარტოხელა დედა იღებს ისრაელის სახელმწიფოსგან სოციალურ დახმარებას 1000 აშშ დოლარის ოდენობით, რასაც არ უარყოფს მოსარჩელე მხარე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ალიმენტის განსაზღვრისას, არსებობის შემთხვევაში გასათვალისწინებელია, ასევე, ბავშვის სპეციალური მოთხოვნები, რომლებიც შესაძლებელია გამომდინარეობდეს მისი ფიზიკური თუ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ არასრულწლოვანი ზ---------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, მას 2013 წელს დაესვა ,,Ewing Sarcoma“-ს (მეტასტაზური) დიაგნოზი. ბიოფსია გაკეთდა საქართველოში. შემოწმება გაიარა ხაიმ შევას სახელობის სამედიცინო ცენტრში, სადაც დიაგნოზი დადასტურდა, მაგრამ მუტაცია არ დაფიქსირებულა. ოჯახი ისარელში ჩამოვიდა სამკურნალოდ. მეტასტაზური გამოკვლევა - წარმონაქმნი მარჯვენა თირკმელში, ფილტვის ნოდულები და ძალზე პროგრესირებადი დაავადება ძვლოვან სტურქტურაში თავის ქალის, მალების, ნეკნების, კიდურების ჩათვლით. ზ---------------ემ გაიარა ქიმიოთერაპიის კურსი. 2014 წლის იანვრის თვეში ჩაუტარდა ძვლის ტვინის გადანერგვა. გადანერგვის წინ გაუკეთდა პირველადი წარმონაქმნის, მარჯვნიდან თირკმელისა და მარცხენა მეხუთე ნეკნში მეტასტაზის მოკვეთის ოპერაცია. გადანერგვის შემდეგ წარმოიშვა კოჭლობა მარჯვენა ფეხზე - არის ცნობა დიდი მეტასტაზის არსებობის შესახებ მარჯვენა თეძოში. ორი წლის განმავლობაში გადიოდა მეტრონომულ ანტიანგიოგენურ ქიმიოთერაპიულ მკურნალობას. მკურნალობის პროცესში გამოვლინდა ,,Fanconi”-ს სინდრომი - თირკმელის ქრონიკული დაზიანება ხანგრძლივი ქიმიოთერაპიის ფონზე. ბავშვი იმყოფება ბავშვთა ნეფროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. გადის წამლებით მკურნალობას მეტაბოლური აციდოზის გადასასწორებლად. აწუხებს კოჭლობა. მას ორჯერ გაუკეთდა ორთოპედიული ოპერაცია ზ---------------ე განაგრძობს ონკოლოგიური მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნას და შემოწმებას თვეში ორჯერ. განაგრძობს სიმულაციურ პროცედურებს, მათ შორის ძვლოვანი სისტემის დასურათებასა და მთელი სხეულის მაგნიტო-რეზონანსულ კვლევას წელიწადში სამჯერ. ამასობაში, ძვლოვან სტრუქტურაში ცვლილებები სტატიკურ ვითარებაშია. მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი აქტიურად იღებდა მონაწილეობას არასრულწლოვანი ბავშვის მკურნალობის პროცესში და გაიღო შესაბამისი მატერიალური სახსრები მის სამკურნალოდ.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მშობლის შესაძლებლობები ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შესაბამისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან და მისი ცხოვრების გარემოებებსა და მოთხოვნილებებთან, როგორიცაა - შემოსავალი, ჯანმრთელობის მდგომაროება, ვალდებულებები სხვა არასრულწლოვანი შვილების, თუ მათ რჩენაზე მყოფი პირების მიმართ და სხვ. შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. სსიპ შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 05.04.2019 წლის მდგომარეობით, თ-------------------ის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული შემოსავლები შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 1250 ლარს, თებერვლის თვეში - 1250 ლარს, მარტის თვეში - 1250 ლარს, აპრილის თვეში - 1250 ლარს, მაისის თვეში - 1250 ლარს, ივნისის თვეში - 1250 ლარს, ივლისის თვეში - 1250 ლარს, აგვისტოს თვეში - 1250 ლარს, სექტემბრის თვეში - 1250 ლარს, ოქტომბრის თვეში - 1250 ლარს, ნოემბრის თვეში - 1250 ლარს, დეკემბრის თვეში - 2236 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 1400 ლარს, თებერვლის თვეში - 1400 ლარს. ამდენად, დადგენილია, რომ მას აქვს სტაბილური მატერიალური შემოსავალი ხელფასის სახით. ამასთან, მოპასუხე მხარის განმარტებით, იგი ამ ეტაპზე იმყოფება ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში სხვა პირთან და ელოდება შვილს, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება საქმეზე წარმოდგენილი არ არის. ამ ეტაპზე, მოპასუხე თ-------------------ის კმაყოფაზე სხვა პირი არ იმყოფება. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე თ-------------------ის მიერ სხვა პირის კანონით დადგენილი რჩენის ვალდებულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით. მოპასუხე მხარის განმარტებით, მას აქვს სასესხო ვალდებულებები შესასრულებელი. როგორც თავად მიუთითებს, წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, მისი ოჯახის წევრებს ერიცხება საკრედიტო დავალიანებები, თუმცა იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მითითებული პირები მოპასუხის ოჯახის წევრები (ან ნათესავები) არიან საქმეში არ არის წარმოდგენილი და ასევე, არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ მიღებული სესხის თანხა გამოყენებული იქნა თ-------------------ის ან არასრულწლოვანი ზ---------------ის ინტერესების შესაბამისად. ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მასალებით, არ დასტურდება უშუალოდ თ-------------------ის სახელზე საბანკო დაწესებულების წინაშე საკრედიტო დავალიანების არსებობა. ასეთის დადგენის შემთხვევაშიც, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს, მით უფრო, როდესაც საქმის მასალებით არ დასტურდება ბანკიდან ოჯახის საერთო ინტერესებისათვის სესხის მიღების აუცილებლობა. საბანკო სესხის დაფარვის ხარჯებთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს, რომ საბანკო სესხი, როგორც დროებითი მოვლენა, ვერ მიიჩნევა ალიმენტის ოდენობის შემცირების საფუძვლად. ამასთან, მოპასუხე მხარე მიუთითებს, რომ მის სახელზე ამჟამად უძრავი ქონება არ ირიცხება. საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება, რაც მოპასუხე თ-------------------ის მიერ უძრავი ნივთების გასხვისებას და დღეის მდგომარეობით, მის სახელზე უძრავი ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის არარსებობას დაადასტურებდა.

 

არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს. მოპასუხე თ-------------------ე თავისი მატერიალური შემოსავლის გათვალისწინებით, თანახმაა არასრულწლოვანი ზ---------------ის სასარგებლოდ გადაიხადოს ალიმენტის სახით ყოველთვიურად 80 (ოთხმოცი) ლარი. არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მშობლის საალიმენტო მოვალეობა უპირატესია სხვა ვალდებულებებთან შედარებით და შრომისუნარიანმა მშობელმა, უნდა უზრუნველყოს არასრულწლოვანი შვილი რჩენა-აღზრდისათვის მინიმალური თანხით მაინც. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს თითოეული მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, მეორე მშობლის მიერ მისთვის ბავშვის სარჩენად დახმარების აღმოჩენის საჭიროებასა და ობიექტურ შესაძლებლობას. მინიმალური ზღვრის ზემოთ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა კი პირდაპირ კავშირშია მშობლის შემოსავლის ოდენობასთან. შესაძლებლობის ფარგლებში, ბავშვს უნდა შეექმნას მაქსიმალურად საუკეთესო პირობები, რომლებიც ხელს შეუწყობენ მის ფიზიკურ, გონებრივ და სულიერ განვითარებას. სასამართლოს მიერ ალიმენტის დაკისრება არ უნდა ატარებდეს ფორმალურ ხასიათს და რეალურად უნდა უზრუნველყოფდეს სარჩენი პირისათვის ნორმალური საცხოვრებელი პირობების შექმნას, მით უფრო არასრულწლოვანი ზ---------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მისთვის მუდმივი მკურნალობის, სამედიცინო შემოწმების სავალდებულოობის გათვალისწინებით, რაც თავის მხრივ, დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან. მოპასუხის ფინანსური მდგომარეობა კი არ ამცირებს არასრულწლოვანის მოთხოვნილებებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

 

დადგენილი ზემოთაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 300 (სამასი) ლარი.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ------------------–---–ის მოთხოვნა - თ-------------------ისათვის არასრულწლოვანი შვილის ზ---------------ის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე მ------------------–---–ი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით. შესაბამისად, მოპასუხე თ-------------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოსარჩელემ მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება, თუმცა მის მიერ წარმოდგენილი თანხის ჩარიცხვის დოკუმენტში (ქვითარი, ს.ფ. 58), კონკრეტულად არ არის მითითებული წარმომადგენელმა მ---------------ემ ვისგან მიიღო მითითებული თანხა და რას წარმოადგენდა აღნიშნული თანხის ჩარიცხვის მიზნობრიობა. შესაბამისად, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის მოსარჩელე მხარის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის ხარჯის გაწევის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულება, მოსარჩელე მხარეს უარი უნდა ეთქვას წარმომადგენლის დამხარებისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურებაზე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან გამომდინარე, მოპასუხე თ-------------------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 13 (ცამეტი) ლარის გადახდა, მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის სანაცვლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364, 369-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. თ-------------------ეს (პირადი N-----------) დაეკისროს ალიმენტის გადახდა არასრულწლოვანი შვილის, 2----–-–---------------ს დაბადებული ზ---------------ის (პირადი N-----------) სასარგებლოდ, თვეში 300 (სამასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 27 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვანებამდე.

 

2. მოპასუხე თ-------------------ეს (პირადი N-----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 100 (ასი) ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხე თ-------------------ეს (პირადი N-----------) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 13 (ცამეტი) ლარის გადახდა მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯის სანაცვლოდ.

 

4. წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურებაზე მოსარჩელეს ეთქვას უარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ირინა ზარქუა