განაჩენი

სისხლის სამართლის 18.04.2019
საქმის ნომერი
330100119002890282
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1----19

( №0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

 

1--------–ი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-----------აძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ლ-–- ტ----------- ბ-------–---–ი (დაბადებული - 2----–-–---------------ლს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #2----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ-----–---, დ-----------ის ქ.N3- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, ქ--------–-------–ის N1--ში), ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფის მიმართ.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილი.

 

დისპოზიცია: განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული და განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით ნასამართლევი, ასევე 2018 წლის 0-------------ის სასამართლოს დადგენილებით განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული ლ-–- ბ-------–---–ი 2019 წლის 0---------ს ქ.თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - დანას.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. ლ-–- ბ-------–---–ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების - თ----- ა------ისა და გ------- დ-------–ის გამოკითხვის ოქმებს, 2019 წლის 0--------ის პირის ზედაპირული შემოწმების ოქმს, 2019 წლის 0--------ის ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმს, 2018 წლის 2-------ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, 2018 წლის 0-------------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებას ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, 2----–-–----------------ს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის განაჩენს, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 2--------ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №----–- დასკვნას, ბრალდებულ ლ-–- ბ-------–---–ის აღიარებით ჩვენებას და საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს.

 

2.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდებულ ლ-–- ბ-------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

2.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.4. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.5. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული ან/და განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, რაც ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” პუნქტში განმარტებულია, როგორც იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) დანაშაულის სუბიექტი იყოს განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული ან ნასამართლევი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის და ნასამართლობა არ უნდა იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული; საქართველოს სსკ-ის 12-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. ბ) იარაღი, რომელსაც პირი ატარებს უნდა მიეკუთვნებოდეს ცივ იარაღთა კატეგორიას; გ) სახეზე უნდა იყოს ცივი იარაღის ტარება - ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილებისას პირს თან უნდა ჰქონდეს ცივი იარაღი (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).

 

3.2. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად სასამართლოს ვალდებულებაა.

 

3.3. მოცემულ შემთხვევაში, 2018 წლის 2-------ის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმითა და 2018 წლის 0-------------ის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილებით ირკვევა, რომ ლ-–- ბ-------–---–ი არის განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული პირი, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------ს განაჩენით დადასტურებულია, რომ ლ-–- ბ-------–---–ი ნასამართლევია საქართველოს სსკ-ის 19,177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, სსსკ-ის 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომლებიც მიეკუთვნებიან ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ახალი ქმედების ჩადენის დროს მისი ნასამართლობა, კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა. 2019 წლის 0--------ის პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით, 2019 წლის 0--------ის ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმით, საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს 2019 წლის 2--------ის ტრასოლოგიური ექსპერტიზის №----–- დასკვნით დასტურდება ის გარემოება, რომ ლ-–- ბ-------–---–ის კუთვნილი დანა მიეკუთვნებოდა ცივ იარაღთა კატეგორიას. ამასთან, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით, ასევე, მოწმეების - თ----- ა------ისა და გ------- დ-------–ის გამოკითხვის ოქმებითა და თავად ბრალდებულ ლ-–- ბ-------–---–ის აღიარებითი ჩვენებით უტყუარად დადასტურებულია ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------ს განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის და 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილებით ნასამართლევი, ასევე 2018 წლის 0-------------ის სასამართლოს დადგენილებით განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული ლ-–- ბ-------–---–ი 2019 წლის 0---------ს ქ.თბილისში, მეტროსადგურ „ვარკეთილი“-ს მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ ატარებდა ცივ იარაღს - დანას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული და განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარების შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

3.4. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ლ-–- ბ-------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული - განმეორებით ადმინისტრაციულ სახდელდადებული და განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება, რისთვისაც ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

4. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

4.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

4.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

4.3. განაჩენის 4.1. და 4.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთას 6 თვის ვადით.

 

4.5. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ლ-–- ბ-------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებას - იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამძიმების თვალსაზრისით, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2----–-–----------------ს განაჩენით ლ-–- ბ-------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე 284-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. აქედან გამომდინარე, განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულის ჩადენის დროს - ქმედების ჩადენის დროს - ლ-–- ბ-------–---–ი ნასამართლევი იყო განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და აღნიშნული დროისათვის მას ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონდა (ქმედების ჩადენის დროსთან დაკავშირებით იხ.: საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 13 მაისი N1/1/428,477,459 გადაწყვეტილების მე-9 პუნქტი, უზენასი სასამართლოს 2016 წლის 6 ივნისის N108აგ-16 გადაწყვეტილება და უზენასი სასამართლოს 2017 წლის 5 დეკემებრის N349აპ-17 გადაწყვეტილება). ამდენად, ბრალდებულს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობით.

 

4.6. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში პირობითი მსჯავრი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ მხარეთა შორის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XXI თავის შესაბამისად საპროცესო შეთანხმების დადებისას, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს საქართველოს მთავარ პროკურორთან ან მის მოადგილესთან.

 

4.7. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ ლ-–- ბ-------–---–ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, ბრალდებულს სასჯელი დაენიშნოს ნაწილობრივ შეკრების პრინციპის გამოყენებით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ლ-–- ბ-------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ს განაჩენით განსაზღვრული პირობითი მსჯავრი - 4 (ოთხი) წელი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა განაჩენით (2018 წლის 19 დეკემბერი) დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მსჯავრდებულ ლ-–- ბ-------–---–ს ძირითადი სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. მსჯავრდებულ ლ-–- ბ-------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის მიღების მომენტიდან - 2019 წლის 1--------–იდან.

 

4. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება:

 

- ლ-–- ბ-------–---–ისაგან ამოღებული ერთი ცალი დანა, რომელიც ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მ--------------–--ის ადმინისტრაციულ შენობაში, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - განადგურდეს.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე