გადაწყვეტილება

სამოქალაქო 18.04.2019
საქმის ნომერი
330210018002774805
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო
თარიღი
18.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/36763-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18.04.2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოსამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

მოსარჩელე: ვ------–-------–---;

წარმომადგენელი: ნ------------ა;

მოპასუხე: შპს ''ზ------------------'';

წარმომადგენელი: ა---------------ე;

დავის საგანი: თანხის გადახდის დაკისრება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე შპს ''ზ------------------ს'' ვ------–-------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს - 1367 ლარის გადახდა.

 

სარჩელის მიხედვით, 2017 წლის 23 მაისს მხარეთა შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს გადაეცა სონის ფირმის მობილური ტელეფონი (იქსპერია ზ5 პრემიმდუალ). მობილურ ტელეფონზე გავრცელდა საგარანტიო პერიოდი 1 წელი, ხოლო 2 წელი უფასო მომსახურება (შეკეთება). მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის იანვრის ბოლოს გამოვლინდა ტელეფონის ნაკლი. მან 2018 წლის თებერვლის დასაწყისში მიმართა შპს ''ზ------------------ს'' სერვის ცენტრს ''ტ------–---ს'' ხარვეზის აღმოსაფხვრელად, თუმცა გარანტიის ფარგლებში მას უარი ეთქვა ტელეფონის შეკეთებასა და ახლით შეცვლაზე. 2018 წლის 28 ივნისს მოსარჩელე ვ------–-------–---მ გაფრთხილების წერილი გაუგზავნა მოპასუხეს და განუსაზღვრა ვალდებულების შესრულების დამატებით ვადა, თუმცა ეს ვადა უშედეგოდ გავიდა და წერილს მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, სახეზე არ არის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე-405-ე მუხლებით განსაზღვრული ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება, რამდენადაც ხელშეკრულების ერთ მხარეს - გამყიდველს არ დაურღვევია ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. კერძოდ, გამყიდველმა შეასრულა თავისი ვალდებულება და მყიდველს გადასცა უნაკლო ნივთი. გამყიდველს არც შემდეგ დაურღვევია საგარანტიო პირობები და სწორედ მის მოთხოვნათა შესაბამისად იმოქმედა. კერძოდ, კი უარი თქვა დაზიანებული ნივთის შეკეთებაზე, რაც გულისხმობდა ელემენტის გამოცვლას, რომლის ფასი იყო 700 ლარი და ასევე არ შეცვალა დაზიანებული ნივთი რადგანაც ამის ვალდებულება გამყიდველს არ აუღია და ეს შეთანხმებული იყო მხარეთა შორის საგარანტიო ტალონით. მობილური ტელეფონი გაყიდვიდან 8 თვე ჩვეულებრივ ასრულებდა თავის ფუნქციას, იგი დაზიანდა მე-9-ე თვეს. მოპასუხის განმარტებით, მობილური ტელეფონი დაზიანდა მყიდველის ხელში. კერძოდ, მობილურს აღენიშნებოდა ცვეთა, ნაკაწრები, დეფორმაცია და თვით იმეი კოდების ამოკითხვის შეუძლებლობა. მობილური დაზიანდა მომხმარებლის არასწორი დაუდევარი მოპყრობით და გარეგანი მექანიკური დაზიანებების მიყენებით. ამგვარ დაზიანებებზე კი სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მყიდველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. 2017 წლის 23 მაისს, შპს ''ზ------------------სა'' და ვ------–-------–---ს შორის გაფორმდა მობილური ტელეფონის ''sony zs premium''-ის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 1367 ლარით.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს ხდომის ოქმი.

- საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, ს.ფ. 18-23.

- საგარანტიო ტალონი, ს.ფ. 24.

 

3.1.2. საგარანტიო ტალონის მიხედვით, საგარანტიო მომსახურება უნდა განხორციელებულიყო შპს ''ტ------–---ში''. მობილური ტელეფონის საგარანტიო-სარემონტო ვადა განისაზღვრა სამი წლით, მათ შორის პირველი წელი 100% სარემონტო მომსახურება, 100% პროგრამული მომსახურება და 100% სათადარიგო ნაწილი, მეორე წელს - 100% სარემონტო მომსახურება და 100% პროგრამული მომსახურება და მესამე წელს - 100% სარემონტო მომსახურება და 100% პროგრამული მომსახურება. საგარანტიო ტალონს ხელს აწერს ვ------–-------–---.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- საგარანტიო ტალონი (ს.ფ. 24).

 

3.1.3. შპს ''ტ------–---ის'' მიერ გაცემული ნივთის სერვისცენტრში მიტანის აქტის თანახმად, 2018 წლის 1 თებერვალს მოსარჩელემ მობილური ტელეფონი მიიტანა შპს ''ტ------–---ში'', შემდეგი დაზიანებების მითითებით: ''ქსელს არ უკავშირდება (ბარათს არ კითხულობს, გვიან იტენება IMEI კოდები არ აქვს)''.

 

აქტის მიხედვით, ტელეფონს აღენიშნება ვიზუალური ნაკლი პირველადი დათვალიერებისას, კერძოდ, ტელეფონი დეფორმირებულია, აღენიშნება ცვეთა და კაწრები, ტელეფონის გახსნის შედეგად შესაძლებელია ტელეფონი აღარ ჩაირთოს, გარანტია მოხსნილია, მომხმარებელი გაფრთხილებულია, პრეტენზია არ გააჩნია. დატოვებული აქსესუარები - ელემენტი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- შპს ''ტ------–---ის'' მიერ გაცემული ნივთის სერვისცენტრში მიტანის აქტი (ს.ფ. 49).

 

3.1.4. შპს ''ტ------–---ის'' მიერ 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული საგარანტიო მომსახურების გაწევის თაობაზე დასკვნის თანახმად, 2018 წლის 1 თებერვალს შპს ''ტ------–---ში'' შემოვიდა ტელეფონი ''სონის'' ფირმის დაზიანებით: ქსელს არ უკავშირდება, ბარათს არ კითხულობს, გვიან იტენება IMEI კოდები არ აქვს.

 

დასკვნის მიხედვით, მობილური ტელეფონის შემოწმების მიზნით, განხორციელდა მობილური ტელეფონის ვიზუალური დათვალიერება. ''სონის'' ფირმის მობილური ტელეფონი დეფორმირებულია, აღნიშნება ცვეთა და კაწრები. აღნიშნულ მობილურ ტელეფონზე არ ვრცელდება საგარანტიო სარემონტო მომსახურება. მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- დასკვნა (ს.ფ. 50).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სასამართლო თვლის, რომ შპს ''ზ------------------ს'' არ დაურღვევია 2017 წლის 23 მაისს გაფორმებული ''სონის'' ფირმის მობილური ტელეფონის ნასყიდობიდან გამომდინარე საგარანტიო ტალონის მომსახურების პირობები, კერძოდ:

 

- დადგენილია, რომ საგარანტიო ტალონის მიხედვით, საგარანტიო მომსახურება უნდა განხორციელებულიყო შპს ''ტ------–---ში'', ხოლო საგარანტიო-სარემონტო ვადა განისაზღვრა სამი წლით, რა დროის განმავლობაშიც მომსახურების პირობები განსხვავდებოდა გასაწევი სამუშაოების მხრივ. კერძოდ, მობილური ტელეფონის შეძენიდან პირველი წლის განმავლობაში მყიდველს სარემონტო, პროგრამული მომსახურება და სათადარიგო ნაწილი აუნაზღაურდებოდა სრულად, 100%-ით.

 

- დადგენილია, რომ მოსარჩელემ შპს ''ტ------–---ის'' მიმართა 2018 წლის 1 თებერვალს - პრეტენზიით, რომ ''ქსელს არ უკავშირდება (ბარათს არ კითხულობს, გვიან იტენება IMEI კოდები არ აქვს)''.

 

- დადგენილია, ვ------–-------–---მ მობილური ტელეფონი შეიძინა 2017 წლის 23 მაისს. შესაბამისად, დასტურდება, რომ მოწყობილობის შეძენიდან 8 თვეზე მეტი დროა გასული, შეძენიდან 8 თვის განმავლობაში ტელეფონის ნაკლთან დაკავშირებით მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიისათვის და არც სერვის ცენტრისათვის არ მიუმართავს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ დროის განმავლობაში ტელეფონი გამართულად მუშაობდა.

 

- საგარანტიო ტალონის თანახმად, რომელიც ხელმოწერილია მოსარჩელე მხარის მიერ დგინდება, რომ საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება, თუ მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება.

 

საქმის მასალებით, კერძოდ, შპს ''ტ------–---ის'' მიერ გაცემული ნივთის სერვისცენტრში მიტანის აქტის თანახმად, დგინდება, რომ ''ტელეფონს აღენიშნება ვიზუალური ნაკლი პირველადი დათვალიერებისას, კერძოდ, ტელეფონი დეფორმირებულია, აღენიშნება ცვეთა და კაწრები... გარანტია მოხსნილია... მომხმარებელი გაფრთხილებულია, პრეტენზია არ გააჩნია...''

 

- 2018 წლის 26 თებერვალს გაცემული დასკვნის თანახმად დასტურდება, რომ ''მობილური ტელეფონი დეფორმირებულია, აღნიშნება ცვეთა და კაწრები. აღნიშნულ მობილურ ტელეფონზე არ ვრცელდება საგარანტიო სარემონტო მომსახურება. მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება...''

 

ამასთან, საგარანტიო ტალონით გათვალისწინებული პირობების მიხედვით, სერვისცენტრს არ ევალება მობილური ტელეფონის სათადარიგო ნაწილით უზრუნველყოფა, ან მისი შეკეთება იმ შემთხვევაში, თუ მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება. განსახილველ შემთხვევაში, კი ზემოდ მითითებული დოკუმენტაციით დადასტურებულია, რომ ტელეფონი დეფორმირებულია, აღენიშნება ცვეთა და კაწრები, რის გამოც გარანტია მოეხსნა, აღნიშნულზე მომხმარებელი გაფრთხილებულია და მას პრეტენზია არ გამოუთქვამს, აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე სახის მტკიცებულება მოსარჩელე მხარეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით არ წარმოუდგენია და არც საქმეზე მოიპოვება. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ვ------–-------–--- ტალონზე ხელმოწერით დაეთანხმა საგარანტიო პირობებს, ხოლო ხელმოწერის ნამდვილობა მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საგარანტიო ტალონის მომსახურების პირობები დარღვეული არ არის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- საგარანტიო ტალონი (ს.ფ. 24).

- დასკვნა (ს.ფ. 50).

- შპს ''ტ------–---ის'' მიერ გაცემული ნივთის სერვისცენტრში მიტანის აქტი (ს.ფ. 49).

- საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება, ს.ფ. 18-23.

- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლოს ხდომის ოქმი.

 

დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვ------–-------–---ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის და დაუსაბუთებლობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 342-ე, 361-ე, 477-ე, 482-ე, 490-ე-491-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება მხარეთა შეთანხმებაა მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათი უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. მითითებული ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშობა ქონების გაცვლის, გადაცემის ვალდებულება ფულის სანაცვლოდ. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს გადასცეს საკუთრების უფლება ქონებაზე, შესაბამისად, მიანიჭოს მას მესაკუთრის პოზიცია, გადასცეს საქონელი მფლობელობაში და მასთან დაკავშირებული ყველა საჭირო დოკუმენტაცია. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიცია ადგენს მყიდველის მთავარ ვალდებულებებს - შეთანხმებული საფასურის გადახდის თაობაზე, რომელიც მხარეთა თავისუფალი შეთანხმებით განსაზღვრას ექვემდებარება და ასევე, მყიდველის ვალდებულებას მიიღოს ნასყიდობის საგანი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

დადგენილია, რომ: 2017 წლის 23 მაისს შპს ''ზ------------------ს'' და ვ------–-------–---ს შორის გაფორმდა მობილურიტელეფონის ''sony zs premium''-ის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, ნასყიდობის ფასი განისაზღვრა - 1367 ლარით. მოსარჩელემ ''ტ------–---ის'' სერვისცენტრს ნივთზე (ტელეფონზე) არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით მიმართა ტელეფონის შეძენიდან 8 თვის გასვლის შემდეგ.

 

სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში. ამავე კოდექსის 491-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-? ?????? მიხედვით.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს ''ზ------------------ს'' და ვ------–-------–---ს შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება საგარანტიო ტალონით, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ შეიძინა ''სონის'' ფირმის მობილური ტელეფონი. მხარეები შეთანხმდნენ საგარანტიო პირობებზე. საგარანტიო მომსახურება უნდა გაეწია შპს ''ტ------–---ის''.

 

სამოქალაქო კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების სტანდარტული პირობები არის წინასწარ ჩამოყალიბებული, მრავალჯერადი გამოყენებისათვის გამიზნული პირობები, რომელთაც ერთი მხარე (შემთავაზებელი) უდგენს მეორე მხარეს და რომელთა მეშვეობითაც უნდა მოხდეს კანონით დადგენილი ნორმებისაგან განსხვავებული ან მათი შემვსები წესების დადგენა. მხარეთა მიერ შეთანხმებული საგარანტიო პირობები სსკ-ის 342-ე მუხლით გათვალისწინებულ სტანდარტულ პირობებს მიეკუთვნება, რაც მხარეთათვის შესასრულებლად სავალდებულოა და რასაც ვ------–-------–--- ხელმოწერით დაეთანხმა. საგარანტიო პირობებით გათვალისწინებულია სერვისცენტრის ვალდებულებები საგარანტიო ვადაში შემძენისათვის მომსახურების გაწევასთან დაკავშირებით.

 

სასამართლოს მსჯელობის საგანს ასევე წარმოადგენს ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული შესრულება, კერძოდ, გადაცემული ნივთია იყო თუ არა ნაკლის მქონე.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ხელშეკრულების დარღვევას შედეგად უნდა მოჰყვეს ან დამრღვევი მხარის იძულება შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება ან მისი დავალდებულება აანაზღაუროს შეუსრულებლობით მიყენებული ზიანი. ეს არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხარეების დაცვის გარანტია. ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება უნდა განხორციელდეს მხარეთა ხელშეკრულებით და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

 

დადგენილია, რომ შპს ''ზ------------------ს'' და ვ------–-------–---ს შორის გაფორმებული ''სონის'' ფირმის მობილური ტელეფონის ნასყიდობიდან გამომდინარე საგარანტიო ტალონის მომსახურების პირობები მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული არ არის (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი).

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 482-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გაყიდული ნივთის გადაცემასთან ერთად მყიდველზე გადადის ნივთის შემთხვევით დაღუპვის ან გაფუჭების რისკი, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმებულან. შესაბამისად, გასათვალისწინებელია ნივთის ცვეთა და რისკი, რაც გადავიდა შემძენზე მობილური ტელეფონის მისთვის გადაცემის შემდეგ.

 

ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს, ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის, დადგენილია, რომ მოსარჩელემ მობილური ტელეფონი შეიძინა 2017 წლის 23 მაისს, შესაბამისად, დასტურდება, რომ მოწყობილობის შეძენიდან 8 თვის განმავლობაში ტელეფონის ნაკლთან დაკავშირებით მოსარჩელეს მოპასუხე კომპანიისათვის და არც სერვის ცენტრისათვის არ მიუმართავს, რაც მეტყველებს იმაზე, რომ ამ დროის განმავლობაში ტელეფონი გამართულად მუშაობდა, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. შესაბამისად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ გადაცემული ნივთი არ წარმოადგენდა ნაკლის მქონეს, ამდენად, ამ საფუძვლითაც მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხისათვის ტელეფონის ღირებულების დაკისრების შესახებ მოკლებულია ფაქტობრივ და სამართლებრივ დასაბუთებაა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება - 2 000 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადებით, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარის ოდენობით, რაც უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ვ------–-------–---ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი