გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.05.2019
საქმის ნომერი
130210019002892332
კატეგორია
დავის ტიპი
სამეზობლო
თარიღი
15.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

130210019002892332

2-170-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

16 მაისი, 2019 წელი ქ.ხაშური

ხაშურის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ზაზა რამიშვილი

სხდომის მდივანი - ქეთევან ცერიაშვილი

მოსარჩელე - ნ----------ძე

წარმომადგენელი - გ--------------შვილი

მოპასუხე - თ-------------ძე

დავის საგანი - აუცილებელი გზის დადგენა, თანამესაკუთრედ აღიარება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ნ----------ძეს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-----ში მდებარე მიწის ნაკვეთთან მისასვლელად გამოეყოს აუცილებელი გზა თ-------------ძის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან და ნ----------ძის ოჯახი აღიარებული იქნეს მესაკუთრედ აუცილებელი გზისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე;

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ნ----------ძის ოჯახს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-----ში აქვს 929 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული საცხოვრებელი სახლით და დამხმარე ნაგებობებით. მის მოსაზღვრედ მდებარეობს მოპასუხე თ-------------ძის მიწის ნაკვეთი, ასევე - საცხოვრებელი სახლით და დამხმარე ნაგებობით;

მხარეთა თანასაკუთრებაში არსებული 27 კვ.მ. ფართის საერთო გზაზე, რაც ისტორიულად არსებობდა, მოპასუხემ დაარეგისტრირა თავისი საკუთრების უფლება, იზოლაციაში მოაქცია მოსარჩელის მიწის ნაკვეთი და მას აღარ აქვს საჯარო გზასთან კავშირი;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო - თანახმაა მოსარჩელეს დაუდგინდეს აუცილებელი გზა მის საკუთრებად რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, ოღონდ, მის მიერ წარმოდგენილ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაში მითითებულ და არა - მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ ადგილზე, რადგან, ასეთ შემთხვევაში, გზა მისი საცხოვრებლის ფანჯრებთან გაივლის, ილახება მისი საყოფაცხოვრებო პირობები და ეს გარემოება მხარეთა შორის კონფლიქტის მიზეზია;

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-----ში მდებარე 929 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე და მასზე განლაგებულ შენობა-ნაგებობებზე (საკადასტრო კოდი 6-----------) რეგისტრირებულია, სხვებთან ერთად, ნ----------ძის საკუთრების უფლება

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 17-18);

 

3.1.2. ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-----ში მდებარე 4222 კვ.მ. ფართის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდით 6----------- და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების მესაკუთრე, სხვებთან ერთად არის თ-------------ძე

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 16);

 

3.1.3. მხარეთა მიწის ნაკვეთები ერთმანეთის მოსაზღვრედ მდებარეობენ, ნ----------ძის მიწის ნაკვეთს არ აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიწის ნაკვეთების სიტუაციური გეგმა (ს.ფ.19-23);

- ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის N1 და N2 დანართები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოსარჩელეს მიაჩნია, რომ მიწის ნაკვეთის სრულყოფილად გამოყენებისათვის აუცილებელი გზა უნდა გამოიყოს ს.ფ. 22-ზე არსებული სიტუაციური გეგმის მიხედვით, - იმ ადგილზე, სადაც უკვე არსებობდა მოსარჩელის მიწის ნაკვეთის სოფლის გზასთან დამაკავშირებელი გზა. მოპასუხე აღნიშნავს, რომ ასეთ შემთხვევაში, გზა მისი საცხოვრებლის კარ-ფანჯრებთან გაივლის, რითიც, რა თქმა უნდა, დღე-ღამის ნებისმიერ დროს უნდა ისრგებლონ მოსარჩელის ოჯახის წევრებმა, მათ შორის, ატარონ პირუტყვი, რაც მის საყოფაცხოვრებო პირობებს შელახავს;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნის ნაწილში. აუცილებელი გზისთვის გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრედ აღიარების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილი, 173-ე მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე, 311-ე მუხლის პირველი ნაწილი, 312-ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3,მე-4 , 102-ე, 131-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

6.2. აღნიშნული მუხლის დანაწესი მესაკუთრეს უფლებას აძლევს, განკარგოს თავისი ნივთი შეხედულებისამებრ, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, თუმცა ამავე მუხლით დგინდება, რომ საკუთრების უფლების შეზღუდვა კანონით დადგენილ შემთხვევებში შესაძლებელია.

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერჯერადი გადახდით გამოიხატოს. იგივე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, აუცილებელი გზის ან გაყვანილობის თმენის ვალდებულება არ წარმოიშობა, თუკი არსებული დაკავშირება მიწის ნაკვეთისა გაუქმდა მესაკუთრის თვითნებური მოქმედებით.

6.4. დასახელებული ნორმით წესრიგდება სამეზობლო თმენის ვალდებულება, რაც წარმოადგენს საკუთრების კანონისმიერი ბოჭვის სამართლებრივ მექანიზმს. ამ ნორმით გათვალისწინებული ბოჭვის უფლების ამ ხარისხით გამოყენება განპირობებული უნდა იყოს ისეთი ობიექტური ფაქტორებით, რომლის არსებობის შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელია მესაკუთრის მიერ თავის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება მეზობელი მიწის ნაკვეთით სარგებლობის გარეშე. მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენება ნიშნავს საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან აუცილებელი კავშირის არსებობას. ამ კავშირის არსებობა არ არის დამოკიდებული სუბიექტურ მიზანშეწონილობასა და არჩევანზე, არამედ ობიექტურად არსებულ ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც უთითებენ აუცილებელ, უალტერნატივო კავშირზე საჯარო გზებთან. „ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელ კავშირში“ არ იგულისხმება ბილიკი ან არასაავტომობილო გზა. აღნიშნული გულისხმობს, მიწის ნაკვეთთან ჯეროვან მისასვლელს, რომელიც, სულ მცირე, უზრუნველყოფს ნაკვეთის დანიშნულებისამებრ გამოყენებას, ასევე გადაუდებელი დახმარების სამსახურების დანიშნულების ადგილამდე მიღწევას. სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა კანონისმიერი ბოჭვის ამსახველ ისეთ დანაწესს წარმოადგენს, როდესაც მხოლოდ აუცილებლობა, ობიექტური გარემოება (სხვა გზის არარსებობა, რაც ნივთის ჯეროვანი გამოყენების საშუალებას არ იძლევა და ამით ნივთის დანიშნულებისამებრ გამოყენების შესაძლებლობა მცირდება ან საერთოდ იკარგება) წარმოშობს სხვისი ნივთით სარგებლობის უალტერნატივო წინაპირობას. სხვისი საკუთრებით სარგებლობის უფლების მხოლოდ ამგვარ შემთხვევებში დადგენა განპირობებულია საქართველოს კონსტიტუციითა და სამოქალაქო კოდექსით აღიარებული საკუთრების უფლების თავისუფლებით, რომლის შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ აუცილებელი ბოჭვის ფარგლებში (იხ. სუსგ №ას-102-100-2011, 24 მაისი, 2011 წელი; №ას-70-68-2014, 6 აპრილი, 2015 წელი).

6.5. აუცილებელი გზის დადგენისათვის ერთდროულად უნდა არსებობდეს რამდენიმე პირობა: მიწის ნაკვეთს არ უნდა ქონდეს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, არსებული დაკავშირება არ უნდა იყოს გაუქმებული მესაკუთრის (მოსარჩელის) თვითნებური მოქმედებით, მიწის ნაკვეთის მესაკუთრე თანახმა უნდა იყოს კომპენსაციის გადახდის და აუცილებელი გზის გაყვანასთან დაკავშირებული ხარჯის გაღებაზე. ზემოაღნიშნული პირობებიდან ერთ-ერთის არარსებობა გამორიცხავს აუცილებლი გზის მიცემის შესაძლებლობას.

6.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ.

მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;

მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე.მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

საქმის გარემოებათა გასარკვევად სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით მიმართოს ამ კოდექსში გათვალისწინებულ ღონისძიებებს.

102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით;

სამოქალაქო პროცესი აგებულია შეჯიბრებითობის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ მხარეებს უფლებებთან ერთად ეკისრებათ ფაქტების მითითებისა და შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის ვალდებულება, რომელთა შეუსრულებლობა მხარეებისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;

დავის სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტის მიზნებისათვის გამოყენებულ უნდა იქნეს მტკიცების ტვირთის განაწილების სამოქალაქო საპროცესო კოდექსში მოქმედი სტანდარტი, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება;

131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის და მოპასუხემაც დაადასტურა, რომ მოსარჩელის მიწის ნაკვეთს, არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზასთან, - აუცილებელი გზის დადგენის მოთხოვნის ნაწილში სარჩელი ცნო, შესაბამისად, ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, - მოსარჩელეს უნდა დაუდგინდეს მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი გზა თ-------------ძის მიწის ნაკვეთზე;

მხარეებს შორის სადავოა თუ, სახელდობრ, რა ადგილას უნდა გამოიყოს აუცილებელი გზა.

მოსარჩელე მოითხოვს 27.კვ.მ. ფართის გზის გამოყოფას, როგორც მოსამზადებელ სხდომაზე მიუთითა (იხ.2019 წლის 18 აპრილის მოსამზადებელი სხდომის ოქმი: 15:44:22-15:45:38) მის მიერ წარმოდგენილი სიტუაციური გეგმის და ორთოფოტოს მიხედვით და მისი პარამეტრებია 3.23/3.2, 8.74/8.38 (იხ.სარჩელი. გვ.6; სიტუაციური გეგმა, ორთოფოტო ს.ფ.19-23). ამასთან, მის მიერ შედავებული არ არის მოპასუხის მიერ მითითებული გარემოება, რომ ასეთ შემთხვევაში, გზა თ-------------ძის კარ-ფანჯრებთან გაივლის, რაც მის საყოფაცხოვრებო პირობებს შელახავს, მაგალითად, ხმაურით, პირუტყვის გატარებით;

იმ საკითხის გადაწყვეტის მიზნით, თუ სად უნდა გამოიყოს აუცილებელი გზა, მოსარჩელის მიერ მითითებული სიტუაციური გეგმის და ორთოფოტოს საწინააღმდეგოდ, მოპასუხემ წარმოადგინა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული დასკვნა, რაც, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, გამოსაკვლევი ობიექტის ადგილზე შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემების, სამშენებლო ნორმების და წესების მოთხოვნათა ურთიერთშედარების მეთოდზეა დამყარებული. ამ დასკვნის თანახმად, აუცილებელი გზის ფართი მოთხოვნილ, 27 კვ.მეტრზე მეტი - 129 კვ. მეტრია, პარამეტრებით: დასავლეთით - 5.2. კვ.მ. აღმოსავლეთით - 16.2. კვ.მ. ჩრდილოეთით - 17.8. კვ.მ. სამხრეთით - 17 კვ.მ. და მასზე შესაძლებელია მოსარჩელის მიწის ნაკვეთამდე სრულფასოვანი სამანქანო გზის მოწყობა და ის მოთხოვნილი ფართიდან მოშორებით - სამხრეთით მდებარეობს. აუცილებელ გზად გამოსაყოფი ფართის მდებარეობა ექსპერტიზის დასკვნის N1 და N2 დანართებზე (ნახაზზეა) მითითებული;

სასამართლოს მიაჩნია, მოპასუხემ შეძლო იმ გარემოების დადასტურება, რომ გზის გამოყოფა მის მიერ წარმოდგენილი ექსპერტზის დასკვნის მიხედვით ოპტიმალური ვარიანტია. ასეთ შემთხვევაში თ-------------ძის საყოფაცხოვრებო პირობები ნაკლებად შეილახება, მოსარჩელის მიწის ნაკვეთს საჯარო გზასთან კავშირისთვის უფრო მეტი ფართი ექნება;

სასარჩელო მოთხოვნაა ასევე ნ----------ძის ოჯახის თანამესაკუთრედ ცნობა აუცილებელი გზისთვის გამოსაყოფად მოთხოვნილ 27. კვმ. ფართის მიწის ნაკვეთზე, რაც არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან იმ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც აუცილებელი გზის გამოყოფას მოითხოვს მოსარჩელე, საჯარო რეესტრში, რეგისტრირებულია სხვებთან ერთად, თ-------------ძის საკუთრების უფლება (იხ.ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. ს.ფ.16). სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა, 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა;

რეესტრის ჩანაწერი, სადავოდ გამხდარი არ არის სათანადო წესით;

სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. თითოეულ თანამესაკუთრეს შეუძლია მოთხოვნები წარუდგინოს მესამე პირებს საერთო საკუთრებაში არსებული ქონების გამო. ყოველ თანამესაკუთრეს აქვს ნივთის გამოთხოვის უფლება მხოლოდ ყველა თანამესაკუთრის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სადავო მიწის ნაკვეთზე თანამესაკუთრედ ცნობის საფუძველი არ არსებობს. მხოლოდ მოსარჩელის მითითება, რომ აუცილებელ გზად გამოსაყოფად მოთხოვნილ მიწის ფართით ათეული წლების განმავლობაში სარგებლობდნენ, მისი თანამესაკუთრედ აღიარების საფუძველი არ არის;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან;

49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 60 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ, მთავარ სხდომამდე სარჩელი ნაწილობრივ ცნო, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 30 ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

ნ----------ძეს, მის საკუთრებაში არსებული, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-----ში მდებარე, 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის მიზნით, დაუდგინდეს აუცილებელი, 129 კვ.მ. ფართის გზა 6----------- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ, თ-------------ძის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნაზე დართული ნახაზის მიხედვით;

2. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

3. გ--------------შვილს დაუბრუნდეს 2019 წლის 13 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის ნაწილი - 30 (ოცდაათი) ლარი;

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით, მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაზა რამიშვილი