გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/516-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
02.05.2019 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს ”ჯ--------–ი”
წარმომადგენლები დიმიტრი ხრიკაძე, გიორგი მაისურაძე
მოპასუხეები ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მ----ი“,ი------ ყ------–---–ი
ა---- ტ------–ი
მ-----– ძ-----ა
გ------- ქ---–---–ი
ლ---- გ------ე
წარმომადგენელი შოთა ანდღულაძე
დავის საგანი ნასყიდობის საფასურის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მ----ს“, ი------ ყ------–---–ს, ა---- ტ------–ს, მ-----– ძ-----ას, გ------- ქ---–---–ს და ლ---- გ------ეს სოლიდარულად დაეკისროთ შპს „ჯ--------–ისათვის” 11 783,87 ლარის გადახდა;
1.2. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მ----ს“, ი------ ყ------–---–ს, ა---- ტ------–ს მიხიელ ძ-----ას, გ------- ქ---–---–ს და ლ---- გ------ეს სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის ასანაზღაურებლად შპს ჯ--------–ისათვის” 11 783,87 ლარის 13,4% ყოველწლიურად გადახდა 2013 წლის 15 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
(დაზუსტებული სარჩელი ს.ფ.21-26,. ტომი 3)
სარჩელის გარემოებები:
2013 წლის 15 იანვარს შპს ჯ--------–მა ამხანაგობა მ----ს მიაწოდა 25,26 ტონა არმატურა, რომლის ღირებულებაა 36 531,012 ლარი. მიწოდება დასტურდება სასაქონლო ზედნადებით და საგადასახადო ანგარიშფაქტურით. ამხანაგობამ გადაიხადა პროდუქციის საფასურის ნაწილი, ხოლო გადასახდელი თანხაა 11 783,87 ლარი. მოპასუხე ფიზიკური პირები არიან ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები, რის გამოც სოლიდარულად ეკისრებათ ამხანაგობის ვალდებულებების შესრულება. თანხის გადაუხდელობით მოსარჩელე განიცდის ზიანს. მიღებულ თანხის საბანკო დეპოზიტზე განთავსების შედეგად მიიღებდა სარგებელს ყოველწლიურად 13,4%, თანხის გადაუხდელობის გამო ამ შესავლის მიღების შესაძლებლობა დაკარგა. ეს არის მინიმალური ზიანი რაც ვალდებულების შეუსრულებლობით განიცადა, რადგან ფულის ამგვარად გამოყენება და მისგან ასეთი სარგებლის მიღება, ფულის გამოყენების ყველაზე გავრცელებული საშუალებაა.
2. მოპასუხეების პოზიცია
მოპასუხეებმა ი------ ყ------–---–მა, მიხილ ძ-----ამ და გ------- ქ---–---–მა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, თანხმობა განაცხადეს ნასყიდობის საფასურის გადახდაზე. ი------ ყ------–---–მა განმარტა, რომ იგი არის ამხანაგობის თავმჯდომარე, მ-----– ძ-----ამ და გ------- ქ---–---–მა განმარტეს, რომ არიან ამხანაგობის წევრები. ფინანსური პრობლემების გამო მახნაგობამ ვერ გადაიხადა დავალიანება. ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა არ ცნეს, რადგან მოთხოვნილი პროცენტი მაღალია.
ა---- ტ------–მა და ლ---- გ------ემ სარჩელი არ ცნეს. ლ---- გ------ის განმარტებით, 2009 წლის 29 მაისის კრების გადაწყვეტილებით, მის ნაცვლად ამხანაგობის წევრად მიიღეს ა---- ტ------–ი, რის გამოც 2009 წლიდან ამხანაგობის წევრი აღარ არის. ა---- ტ------–ის განმარტებით, 2012 წლის 26 ნოემბრის კრების ოქმის საფუძველზე მისი წილი ამხანაგობაში გადაეცა ი------ ყ------–---–ს.
მოპასუხეების განმარტება (02.05.2019წ სხდომის ოქმი CD დისკი)
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2011 წლის 15 ივლისს შპს „ჯ--------–სა“ და შპს „მ----ს“ (დირექტორი მ-----– ძ-----ა) შორის დაიდო ხელშეკრულება N GS/11/COM/ST/031 ფოლადის არმატურის მიწოდების შესახებ. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ჯამურად 650 ტონა არმატურის მიწოდება. მყიდველმა უნდა განახორციელოს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 100%-ის გადახდა წინამდებარე ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 3 საბანკო დღის განმავლობაში. თანხის გადახდის შემდეგ განხორციელდება პროდუქციის მიწოდება პერიოდულად, ნაწილ ნაწილ მოთხოვნისამებრ პროექტის დასრულებამდე. ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მ----ს“ შპს ჯ--------–მა 2013 წლის 15 იანვარს მიაწოდა 25,26 ტონა სამშენებლო არმატურა, რომლის ღირებულებაა 36 531,012 ლარი. პროდუქციის მიღების შესახებ შედგენილია სასაქონლო ზედნადები Nეს-0047990469 და საგადასახადო ანგარიშფაქტურა ეა -01 7309355. ამხანაგობა მ----მა გადაიხადა მიღებული საქონლის ღირებულების ნაწილი 24 747.142 ლარი, ხოლო გადასახდელია 11 783,87 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 35-42. ტომი 3)
- სასაქონლო ზედნადების და საგადასახადო ანგარიშფაქტურის ასლები (ს.ფ.15-16. ტომი 1)
- დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ. 21-25. ტომი 3,)
- შესაგებლები (ს.ფ. 52-56. 109-113. 123-127,139-145. ტომი 3)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2013 წლის იანვრის მდგომარეობით ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა მ----ის დამფუძნებელი წევრები იყვნენ ფიზიკური პირები ი------ ყ------–---–ი, მ-----– ძ-----ა და გ------- ქ---–---–ი.
ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა მ----ი (ყოფილი ამხანაგობა ცისარტყელა) დაფუძნდა 2005 წლის აპრილში. მისი საქმიანობის მიზანია მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. კერძოდ, თბილისში, ყაზბეგის გამზ N34-ში მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის დანგრევა და მის ნაცვლად ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება.
2005 წლის 29 ნოემბერს სანოტარო წესით დამოწმებულია ამხანაგობა მ----ის დებულების ახალი რედაქცია, სადაც მითითებულია, რომ ამხანაგობა ცისარტყელა დაფუძნდა 2005 წლის 16 აპრილს, ხოლო 2005 წლის 29 ნოემბერის კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებით მესამე პირებთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა ამხანაგობა მ----ი. კრების ოქმში ამხანაგობის დამფუძნებელ წევრებად მითითებულნი არიან გ------- მიქელაძე, მ-----– ძ-----ა და ვალერიან ტოგონიძე. ამხანაგობის თითოეული დამფუძნებლის წილი ამხანაგობაში შეადგენს გ------- მიქელაძის, მ-----– ძ-----ას და ვალერიან ტოგონიძის N42/8 მიწის ნაკვეთს ფართობით 4040 კვ.მ და შენობა-ნაგებობა (დასანგრევი ) საერთო ფართობით 1400 კვ.მ, კოდი 1.14.3.42/8. დამფუძნებელთა წილი ერთიანად არის 500 000 ლარი, საიდანაც ვალერიან ტოგონიძის წილია 33,4%, გ------- მიქელაძის - 33,3%, მ-----– ძ-----ას - 33,3%.
წესდებით განსაზღვრულია, რომ სამართლებრივი უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით ამხანაგობის წევრები იყოფა 2 ჯგუფად - „დამფუძნებელი წევრები“ და „ჩვეულებრივი წევრები“. „დამფუძნებელ წევრებს“ მიეკუთვნებიან პირები, რომელთა ინიციატივითაც შეიქმნა ამხანაგობა და რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ამხანაგობის ორგანიზაციულ-ფინანსურ მართვაზე. „ჩვეულებრივი წევრები“ არიან ის პირები, რომლებიც ამხანაგობის წევრები გახდებიან შემდგომში, დამფუძნებელი წევრების გადაწყვეტილების შესაბამისად ან ის წევრები, რომელთაც მიენიჭებათ ამგვარი სტატუსი დამფუძნებელ წევრთა კრების მიერ. ამხანაგობის მართვის ორგანოებია ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა კრება, ამხანაგობის წევრთა კრება, ამხანაგობის თავმჯდომარე.
დამფუძნებელ წევრთა კრება არის ამხანაგობის მმართველობის უმაღლესი ორგანო. კრების კომპეტენციაა: ამხანაგობის ძირითადი ფინანსური საკითხების გადაწყვეტა. ამხანაგობაში ახალი წევრის მიღება დამფუძნებელი წევრის სტატუსით, ამხანაგობაში ჩვეულებრივი წევრის მიღება, ამხანაგობაში წევრთა შენატანების ოდენობის და წილის კვოტების განსაზღვრა, ამხანაგობის წევრთა ამხანაგობიდან გარიცხვის გადაწყვეტილების მიღება, ამხანაგობის წევრთა შორის წილობრივი საკუთრების იდენტიფიკაცია და განსაზღვრა; ამხანაგობის უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვა, ამხანაგობის თავმჯდომარის არჩევა.
წესდების მე-6 მუხლის მიხედვით, ამხანაგობის მმართველს (აღმასრულებელ ორგანოს) წარმოადგენს ამხანაგობის თავმჯდომარე. მისი ფუნქციაა ამხანაგობის მიმდინარე საქმეების მართვა და ხელმძღვანელობა, მშენებლობის პროცესის ორგანიზაციულ-ფინანსური ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა, ურთიერთობების წარმართვა სამშენებლო კომპანიებთან მშენებლობის განხორციელებისათვის; ამხანაგობის საფინანსო საქმიანობის წარმართვა; ამხანაგობის წევრთა ინფორმაციული უზრუნველყოფა პროექტის მიმდინარეობის შესახებ; ამხანაგობის ახალ წევრთა მიღების ორგანიზაცია. ამხანაგობისთვის წინადადებების მომზადება, ახალი წევრების მიღების და შესაბამისი შენატანის და წილის განსაზღვრისათვის, სხვა საქმიანობა რაც დაკავშირებულია ამხანაგობის ყოველდღიურ საქმიანობასთან. ამხანაგობის თავმჯდომარეს გააჩნია წარმომადგენლობითი უფლებამოსილება. კერძოდ, იგი უფლებამოსილია ერთპიროვნულად წარმოადგინოს ამხანაგობა ნებისმიერ მესამე პირებთან ურთიერთობაში, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში.
წესდების მე-9 მუხლის მიხედვით, ამხანაგობის წევრები აცხადებენ თანხმობას, რომ ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია გაასხვისოს ამხანაგობის წევრობიდან გამომდინარე მის საკუთრებაში არსებული ნებისმიერი უფლება ამხანაგობაში ჩვეულებრივ წევრთა თანხმობის გარეშე. ამხანაგობის წევრის მიერ თავისი უფლებების გასხვისებისათვის აუცილებელია დამფუძნებელ წევრთა თანხმობა, რომელიც უნდა გაიცეს ნებისმიერ შემთხვევაში, გარდა იმისა, როდესაც არსებობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პატივსადები მიზეზი. წილის შეძენისას შემძენზე გადადის ის ყველა ვალდებულება, რაც წილთან დაკავშირებით გააჩნდა ძველ წევრს.
ამდენად, საქმეში წარმოდგენილი ამ კრების ოქმით დასტურდება, რომ 2005 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები იყვნენ გ------- მიქელაძე, მ-----– ძ-----ა და ვალერიან ტოგონიძე.
წესდებით განსაზღვრულია, რომ დამფუძნებელი წევრები არიან პასუხისმგებელნი ამხანაგობის ორგანიზაციულ და ფინანსურ მართვაზე. საქმეში დავის საგანია 2013 წლის 15 იანვარს მიწოდებული პროდუქციის ღირებულების დაკისრება, რის გამოც საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია იმის დადგენა, თუ 2013 წლის 15 იანვრის მდგომარეობით ვინ იყვნენ ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები.
ამხანაგობა მ----ის 2008 წლის 6 თებერვლის N19 კრების ოქმის თანახმად, დაკმაყოფილდა ვალერიან ტოგონიძის და გ------- მიქელაძის მოთხოვნა ამხანაგობა „მ----ში“ დამფუძნებელ წევრთა ჩანაცვლების შესახებ, ვალერიან ტოგონიძეს ჩაენაცვლა გ------- ქ---–---–ი, ხოლო გ------- მიქელაძეს ჩაენაცვლა ლ---- გ------ე. ვალერიან ტოგონიძე გათავისუფლდა თავმჯდომარეობიდან და ამხანაგობის თავმჯდომარედ არჩეული იქნა ლ---- გ------ე.
ამდენად, 2008 წლის 6 თებერვალს ლ---- გ------ე გახდა ამხანაგობა მ----ის დამფუძნებელი წევრი, მას გადაეცა ვალერიან ტოგონიძის წილი.
2009 წლის 29 მაისის ამხანაგობა „მ----ის“ კრების ოქმის თანახმად, დაკმაყოფილდა ლ---- გ------ის მოთხოვნა ამხანაგობაში მის სხვა დამფუძნებელი წევრით ჩანაცვლების შესახებ. ლ---- გ------ის ნაცვლად დამფუძნებელ წევრად მიიღეს ა---- ტ------–ი.
ამდენად, 2009 წლის 29 მაისიდან ლ---- გ------ეს შეუწყდა ამხანაგობის წევრობა და მის ნაცვლად დამფუძნებელი წევრი გახდა ა---- ტ------–ი.
ამხანაგობა მ----ის 2012 წლის 26 ნოემბერის კრების ოქმის თანახმად, დაკმაყოფილდა ა---- ტ------–ის მოთხოვნა ამხანაგობიდან გასვლის შესახებ, მის ნაცვლად ამხანაგობის დამფუძნებელ წევრად მიღებული იქნა ი------ ყ------–---–ი. ამხანაგობის დამფუძნებელ წევრს ა---- ტ------–ს შეუწყდა უფლებამოსილება ოქმზე ხელმოწერისა და სანოტარო წესით დამოწმებისთანავე.
ამდენად, 2012 წლის 26 ნოემბრიდან ა---- ტ------–ს შეუწყდა ამხანაგობის წევრობა და მისი წილი გადაეცა დამფუძნებელ წევრს ი------ ყ------–---–ს.
ამდენად, ამხანაგობა მ----ის შექმნის დღიდან დამფუძნებელი წევრი უცვლელად არის მ-----– ძ-----ა, 2008 წლის 6 თებერვლიდან დამფუძნებელი წევრი გახდა გ------- ქ---–---–ი, ხოლო 2012 წლის 26 ნოემბრიდან ამხანაგობის დაფუძნებელი წევრია ი------ ყ------–---–ი. ისინი ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი იყვნენ 2013 წლის იანვარში და დავის განხილვის დრომდე შენარჩუნებული აქვთ ეს სტატუსი.
მოპასუხეები ლ---- გ------ე და ა---- ტ------–ი ამხანაგობის წევრები 2013 წლის იანვარში აღარ იყვნენ. კრებების ოქმების თანახმად, ამხანაგობის შექმნისას 2005 წელს დამფუძნებელი წევრები იყვნენ გ------- მიქელაძე, მ-----– ძ-----ა და ვალერიან ტოგონიძე. 2008 წლის 6 თებერვლის N19 კრების ოქმის თანახმად, ამხანაგობა მ----ში დამფუძნებელ წევრს ვალერიან ტოგონიძეს ჩაენაცვლა გ------- ქ---–---–ი, ხოლო გ------- მიქელაძეს ჩაენაცვლა ლ---- გ------ე. 2009 წლის 29 მაისს ამხანაგობა მ----ის დამფუძნებელი წევრის ლ---- გ------ის ნაცვლად დამფუძნებელ წევრად მიიღეს ა---- ტ------–ი. 2012 წლის 26 ნოემბერის ა---- ტ------–ის ნაცვლად ამხანაგობის დამფუძნებელ წევრად მიღებული იქნა ინგერ ყ------–---–ი. ამდენად, ლ---- გ------ეს 2009 წლის 29 მაისს შეუწყდა ამხანაგობის წევრობა და მის ნაცვლად დამფუძნებელ წევრად მიიღეს ა---- ტ------–ი. თავის მხრივ 2012 წლის 26 ნოემბერს ა---- ტ------–ის ნაცვლად ამხანაგობის დამფუძნებელ წევრად მიიღეს ი------ ყ------–---–ი.
შესაბამისად, 2013 წლის იანვარში ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი იყვნენ მოპასუხეები მ-----– ძ-----ა, გ------- ქ---–---–ი და ი------ ყ------–---–ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას
- ამხანაგობის კრებების ოქმების ასლები (ს.ფ. 19-23. 81-82, ტომი 1; 148-153, ტომი 3)
- ამხანაგობის დებულება (ს.ფ. 25-31. ტომი 1)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს ამხანაგობა „მ----ს“ და მის დამფუძნებელ წევრებს უნდა დაეკისროს მიღებული პროდუქციის ღირებულების გადახდა და ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება. არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა ა---- ტ------–ის, ლ---- გ------ის მიმართ, რადგან ისინი ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები ვალდებულების წარმოშობის დროისათვის არ იყვნენ.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 477-ე, 930-ე, 934-ე, 938-ე, 937-ე, 463-ე, 464-ე, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 394-ე, 400-ე მუხლის ”ა” პუნქტი, 401-ე, 411-ე, 412-ე, 414-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლო აღნიშნავს, რომ წერილობითი შესაგებელი ა---- ტ------–მა წარმოადგინა დაგვიანებით, რადგან ა---- ტ------–მა სარჩელი ჩაიბარა 2019 წლის 28 თებერვალს, ხოლო შესაგებელი საფოსტო განყოფილებაში ჩაბარებულია 2019 წლის 14 მარტს, შესაგებლის წარმოდგენისათვის განსაზღვრული 10 დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, რადგან შესაგებლის წარმოდგენის ბოლო დღე იყო 2019 წლის 11 მარტი. სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის საგანია მოპასუხეებისათვის სოლიდარულად ვალდებულების დაკისრება, რის გამოც მოპასუხეების მიმართ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების მიღებაა შესაძლებელი. ამასთან, მოპასუხის მიერ შესაგებლის დაგვიანებით წარმოდგენა ა---- ტ------–ის მიმართ სარჩელში მითითებული გარემოებების დადგენილად მიჩნევისათვის საკმარისი საფუძველი არ არის და სხვა მოპასუხეებთან ერთობლივად მისი პასუხისმგებლობის საკითხი მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად უნდა გადაწყდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მხარეებს შორის სადაო ურთიერთობა თავისი არსით არის ნასყიდობის ხელშეკრულება, რადგან ითვალისწინებს სამშენებლო პროდუქციის – არმატურის მოპასუხის საკუთრებაში გადაცემას შესაბამისი საფასურის მიღების სანაცვლოდ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულების არსია გამყიდველისათვის ქონებაზე საკუთრების უფლების გადაცემა, ქონების და მასთან დაკავშირებული საბუთების მიწოდება. შპს ”ჯ--------–მა” ეს ვალდებულება შეასრულა. მან 2013 წლის 15 იანვარს ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა "მ----ს" მიაწოდა 25,26 ტონა არმატურა, რომლის ღირებულებაა 36 531,02 ლარი, საიდანაც გადახდილი არ არის 11 783,87 ლარი.
ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მყიდველის ვალდებულებაა ნასყიდობის საფასურის, მიღებული პროდუქციის ღირებულების ანაზღაურება, რაც მოპასუხეს ჯეროვნად შესრულებული არა აქვს.
მოპასუხეებმა ი------ ყ------–---–მა, მ-----– ძ-----ამ და გ------- ქ---–---–მა ნასყიდობის საფასურის დაკისრების მოთხოვნა ცნეს, რაც სსსკ 208-ე მუხლის საფუძველზე მათთვის ამ თანხის გადახდის დაკისრების საკმარისი საფუძველია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის თანახმად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ. ამასთან, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. ამდენად, აღნიშნული ნორმის შესაბამისად საპროცესო კოდექსით მოპასუხეს მინიჭებული აქვს უფლება ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მიხედვით, სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამ ნორმის საფუძველზე სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რაც მოპასუხეებმა ცნეს და ი------ ყ------–---–ს, მ-----– ძ-----ას და გ------- ქ---–---–ს დაეკისროთ ნასყიდობის საფასურის 11 783,87 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ა---- ტ------–ი და ლ---- გ------ე შპს ჯ--------–ის მიმართ პასუხისმგებელი პირები არ არიან, რადგან ისინი ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები არ არიან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის მიხედვით, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად. ამდენად, ერთობლივი საქმიანობის არსია პირთა გაერთიანება გარკვეული სამეურნეო ან სხვა მიზნის მისაღწევად, ერთობლივი საქმიანობა, ამხანაგობა არ არის იურიდიული პირი, თუმცა ამხანაგობა არის პირთა გარკვეული ორგანიზაციური ერთობა, რომელთა მიზანია საერთო ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა.
სამოქალაქო კოდექსის 934-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ყოველი გარიგების დადებისას საჭიროა ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობა. თუ ხელშეკრულება ითვალისწინებს, რომ გადაწყვეტილების მისაღებად საკმარისია ხმათა უმრავლესობა, იგი განისაზღვრება ხელშეკრულების მონაწილეთა საერთო რაოდენობის მიხედვით, და არა შესატანის ოდენობით; 2. თუ საქმეების მართვა ხელშეკრულებით დაკისრებული აქვს ერთობლივი საქმიანობის ერთ ან რამდენიმე მონაწილეს ისე, რომ თითოეულს უფლება აქვს იმოქმედოს დამოუკიდებლად, მაშინ თითოეულ მათგანს შეუძლია შეედავოს მეორეს გარიგების დადებისას. ასეთი შედავების შემთხვევაში გარიგება არ დაიდება; 3. თუ ხელშეკრულებით ამხანაგობის საქმეების გაძღოლა დაკისრებული აქვს ერთერთ მონაწილეს, საეჭვოობისას ის წარმოადგენს ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში და მის მიერ დადებული გარიგებები ნამდვილია; 4. ერთობლივი საქმიანობის მონაწილეს შეიძლება ჩამოერთვას საქმეების მართვის უფლებამოსილება ხმათა უმრავლესობით და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი უხეშად დაარღვევს ხელშეკრულებით მასზე დაკისრებულ მოვალეობებს. ხელშეკრულების მონაწილეს უფლება აქვს უარი თქვას საქმეების მართვაში მონაწილეობაზე. ასეთ პირს შეუძლია გამგეობას ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მისთვის საჭირო ინფორმაცია; 5. თუ ხელშეკრულებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ხელმძღვანელი პირების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება დავალების წესების შესაბამისად.
934-ე მუხლით გათვალისწინებულია, რომ ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივად უძღვებიან საქმეებს და წარმოადგენენ ამხანაგობას მესამე პირებთან ურთიერთობაში. ეს დებულება დისპოზიციურია, რადგან ამხანაგობის წევრებს ხელშეკრულებით შეუძლიათ სხვა რამ გაითვალისწინონ. დებულება, წესდება არის ამხანაგობის წევრთა შეთანხმება, მათ შორის დადებული წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც შეთანხმებულია ერთობლივი საქმიანობის არსებითი პირობები - საქმიანობის მიზანი, ამხანაგობის წევრთა ვინაობა, საქმიანობის ორგანიზაციული წესები, ამხანაგობის წევრთა უფლება-მოვალეობები და ხელმძღვანელი ორგანოების შექმნის წესები და უფლება-მოვალეობები. ამხანაგობის წესდებით დადგენილია ამხანაგობის წევრთა ორგვარი სტატუსი და მათი უფლება-მოვალეობები განსხვავებულია. კერძოდ, დებულებით გათვალისწინებულია ამხანაგობის დამფუძნებელი წევრის სტატუსი და ჩვეულებრივი წევრის სტატუსი. ამხანაგობის დამფუძნებელი წევრი ორგანიზაციულ და ფინანსურ ხელმძღვანელობას უწევს ამხანაგობის საქმიანობას, პასუხისმგებელია საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის დროს წარმოქმნილი ვალდებულებების შესრულებაზე მესამე პირების წინაშე. ამდენად, შპს „ჯ--------–ის“ წინაშე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ პირებს, რომლებიც დაფუძნებელი წევრები იყვნენ სადაო ვალდებულების წარმოშობის დროს. კერძოდ, ამხანაგობამ არმატურა მიიღო 2013 წლის 15 იანვარს. მართალია 2011 წელს დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პროდუქციის ღირებულების გადახდა მისი მიწოდების დაწყებამდე, მაგრამ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ამ შემთხვევაში პროდუქცია ამხანაგობას გადაეცა ისე, რომ წინასწარ თანხა გადახდილი არ იყო. შესაბამისად, 2013 წლის 15 იანვრის შემდეგ წარმოიშვა მისი ღირებულების გადახდის ვალდებულება. ამხანაგობის მიერ სხვა პერიოდში მიღებული არმატურის ღირებულება გადახდილია, რის გამოც ამ კონკრეტული მიწოდების დროს ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები არიან პასუხისმგებელი ნასყიდობის ფასის გადახდის ვალდებულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 938-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ ხელშეკრულება პირდაპირ არ განსაზღვრავს ერთობლივი საქმიანობის ვადას, ყოველ მონაწილეს ნებისმიერ დროს შეუძლია უარი თქვას ერთობლივ საქმიანობაში მონაწილეობაზე. ხელშეკრულებიდან გასვლა დაუშვებელია ისეთ დროს ან ისეთ გარემოებაში, რომელიც საზიანო იქნება ერთობლივი საქმიანობისათვის. 2. თუ მონაწილეთა შეთანხმებით განსაზღვრულია ერთობლივი საქმიანობის ვადა, ხელშეკრულებიდან გასვლა დაიშვება მხოლოდ პატივსადები მიზეზების არსებობისას. 3. ერთ-ერთი მონაწილის გასვლა იწვევს ერთობლივი საქმიანობის შეწყვეტას. ხელშეკრულება შეიძლება ითვალისწინებდეს ერთ-ერთი მონაწილის გასვლას ერთობლივი საქმიანობის შეუწყვეტლად.
ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობა „მ----ის“ დებულებით გათვალისწინებული ამხანაგობიდან წევრის გასვლა, ამხანაგობის წილის სხვა პირისათვის გადაცემა ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების გადაწყვეტილებით. მოპასუხეები ა---- ტ------–ი და ლ---- გ------ე 2013 წლამდე ამხანაგობის დამფუძნებელ წევრთა თანხმობით გავიდნენ ამხანაგობიდან და ორივე მათგანის წილი 2013 წლის იანვრის მდგომარეობით გადაცემული ჰქონდა ი------ ყ------–---–ს. ი------ ყ------–---–ის გარდა ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები იყვნენ ასევე მ-----– ძ-----ა და გ------- ქ---–---–ი. ამ უკანასკნელს გადაეცა ამხანაგობაში ვალერიან ტოგონიძის წილი. ამდენად, მოპასუხეები ა---- ტ------–ი და ლ---- გ------ე ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები 2013 წელს აღარ იყვნენ, რის გამოც ისინი სადაო ვალდებულების შესრულებაზე პასუხისმგებლები არ არიან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობის დამფუძნებელი წევრის სტატუსი ჩვეულებრივი წევრისგან განსხვავებულია, რადგან დამფუძნებელი წევრი ხელმძღვანელობს ამხანაგობის საქმიანობას, დამფუძნებელი წევრები იღებენ გადაწყვეტილების ამხანაგობის ორგანიზაციულ საქმიანობის და ფინანსურ საკითხებზე, ფაქტობრივად ამხანაგობის საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი და მოგება ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების ინტერესებისთვის გამოიყენება. შესაბამისად, წესდებითაა განსაზღვრული, რომ დამფუძნებელი წევრები არიან ამხანაგობის საქმიანობაზე პასუხისმგებელი წევრები მესამე პირების წინაშე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის მიხედვით, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის მიხედვით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
937-ე მუხლი ადგენს ერთობლივი საქმიანობის მონაწილეთა სოლიდარული პასუხისმგებლობის წესს ამხანაგობის საქმიანობიდან წარმოშობილი ვალდებულებებისათვის. წესდების თანახმად, ამხანაგობის დამფუძნებელი წევრები არიან ამხანაგობის ფინანსურ საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირები, ხოლო კანონის თანახმად მათი პასუხისმგებლობა სოლიდარულია.
ამდენად, ზემოთაღნიშნული გარემოებების გამო ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობას „მ----ი“ და მის დამფუძნებელ წევრებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ შპს „ჯ--------–ისათვის“ ნასყიდობის საფასურის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ეს ნორმა ადგენს ვალდებულებითი სამართლის უმნიშვნელოვანეს პრინციპს იმის შესახებ, რომ აუცილებელია მოვალემ ვალდებულება ზუსტად ისე შეასრულოს, როგორც ამაზე მხარეები შეთანხმდნენ და რისი გონივრული მოლოდინიც კრედიტორს ჰქონდა. კანონმდებლობა განასხვავებს ვალდებულების ჯეროვან (სათანადო) და არაჯეროვან (არასათანადო) შესრულებას. არაჯეროვანია შესრულება, როდესაც ვალდებულება მოვალის მიერ მართალია, სრულდება, თუმცა შესრულებას ხარვეზი გააჩნია, რომ იგი არ შეესაბამება ვალდებულების საფუძვლად არსებული გარიგების შინაარსსა და შესრულებით დაინტერესებული პირების მოლოდინს. არაჯეროვანი შესრულების შედეგად წარმოიშობა როგორც ვალდებულების ჯეროვნად შესრულების, ისე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მიხედვით, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. საქმიდან არ გამომდინარეობს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის, ნასყიდობის საფასურის გადაუხდელობის მიზეზი იყო ისეთი გარემოება (დაუძლეველი ძალა, მესამე პირთა მოქმედება, კრედიტორის მოქმედება), რაც მოვალის პასუხისმგებლობას გამორიცხავს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზიანში როგორც წესი იგულისხმება ფაქტობრივი ზიანი – პირის მიერ განცდილი ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისი ან ვალდებულებების გაზრდა. ფაქტობრივი ზიანის გარდა შესაძლებელია ზიანის ანაზღაურება მიუღებელი შემოსავლისათვის, რომელიც არის ის შემოსავალი, რომელსაც პირი მიიღებდა ვალდებულების შესრულების შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების დაკისრებისათვის აუცილებელია პირობაა ზიანის გამომწვევ ქმედებასა და ზიანს შორის უშუალო მიზეზობრივი კავშირის არსებობა. ამასთან, ანაზღაურდება ის ზიანი, რაც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო. მოვალისათვის წინასწარ სავარაუდო იყო თუ არა ზიანი სამართლებრივი ურთიერთობის არსიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
მყიდველმა სამშენებლო მასალა შეიძინა კომერციული საქმიანობისათვის. სამშენებლო მასალა შეიძინა ერთობლივი საქმიანობის ამხანაგობამ მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობისათვის, ხოლო ერთობლივი საქმიანობის მიზანია მოგების მისაღებად ერთობლივად ეკონომიკური საქმიანობის წარმართვა იურიდიული პირის შეუქმნელად.
მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად აუცილებელია ზიანის ანაზღაურებისათვის კანონით დადგენილი პირობების ერთობლიობა. კერძოდ, უნდა დამტკიცდეს, რომ მოპასუხის ქმედება იყო არამართლზომიერი, ამ ქმედებამ გამოიწვია ზიანი, მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, ასევე ის თუ რას შეადგენს ზიანის ოდენობა. მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად მოსარჩელემ უნდა მიუთითოს ისეთი გარემოებები, რომელიც ობიექტურად ქმნის მიუღებელი შემოსავლის საფუძველს.
„მიუღებელ შემოსავალში იგულისხმება შემოსავალი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ან განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, კერძოდ, ღონისძიებების გატარებისა და უსაფრთხოების ზომების მიღებისას, სავარაუდოდ იქნებოდა მოსალოდნელი“. ამგვარადაა განმარტებული მიუღებელი შემოსავლის ცნება გერმანიის სამოქალაქო კოდექსის ამავე ურთიერობის მომწესრიგებელი ნორმით – 252-ე მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი და სასამართლო პრაქტიკა ამ განმარტების მსგავსად განსაზღვრავს მიუღებელი შემოსავლის საფუძვლებს.
სასამართლო, ფულადი ვალდებულების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის გამო, მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით მოიხმობს საკასაციო სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში ასახულ განმარტებას: სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს“ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (შდრ. სუსგ №ას-459-438-2015, 07.10.15 წ. სუსგ -ები №ას-1843-2018 , 5 მარტი, 2019 წელი, პ-14.2; №ას-167- 163-2016, 01.07.2016). 2018 წლის 13 თებერვლის განჩინება საქმე №ას-54-54-2018
სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისას გასათვალისწინებელია ზიანის წარმოშობის ფაქტობრივი საფუძვლები და განცდილი დანაკლისის მატერიალური ბუნება, ვალდებულების ჯეროვანი შესრულება რა სარგებელს მოუტანდა კრედიტორს. ამ შემთხვევაში საკითხი შეეხება ფულადი ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებას, ფული კი, როგორც საყოველთაო ექვივალენტი შეიძლება გაიცვალოს ქონებრივი ურთიერთობის ნებისმიერ ობიექტზე. აქედან გამომდინარე ივარაუდება, რომ ფულად სახსრებს ყოველთვის შეუძლიათ სარგებლის მოტანა. ფული მხოლოდ საგნების შესაძენად არ გამოიყენება და მისი ფუნქცია მხოლოდ საგადამხდელო საშუალებად გამოყენება არ არის. იგი ასევე დაგროვების საშუალებას წარმოადგენს, რადგან სამოქალაქო ბრუნვაში ფულის გამოყენების ერთერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა საბანკო დეპოზოტზე მისი განთავსება და ამ გზით შემოსავლის მიღება პროცენტის სახით. ნასყიდობის საფასურის სრულად გადაუხდელობის გამო მოსარჩელემ დაკარგა სარგებლის მიღების შესაძლებლობა მიღებული თანხის სადეპოზიტო პროცენტიდან. დეპოზიტზე თანხის განთავსება მხოლოდ ფიზიკური პირებისათვის დამახასიათებელი საქმიანობა არ არის და იურიდიული პირისათვისაც იგი შემოსავლის მიღების ერთერთი საშუალებაა.
საქართველოში ლიცენზირებული ბანკების მიერ ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის შეთავაზებულია სხვადასხვა საპროცენტო მაჩვენებლებით სადეპოზიტო ანგარიშზე (ანაბარზე) პროცენტების დარიცხვა. ბანკების მიერ მათ ვებგვერდზე განთავსებული სტანდარტული სახელშეკრულებო ინფორმაციებით იურიდიული პირის დეპოზიტებზე ამჟამად შეთავაზებული მაქსიმალური პროცენტია წლიური 9%.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულია სტატისტიკური მონაცემები - საპროცენტო განაკვეთები დეპოზიტებზე, კვარტლებისა და წლების მიხედვით, რომლის მიხედვით 2014 წლის შემდეგ როგორც მოკლევადიან, ისე გრძლევადიან დეპოზიტებზე პროცენტი ცვალებადია და ყოველწლიურად მცირდება. 2014 წელს ეროვნულ ვალუტაში არსებულ დეპოზიტზე შეადგენდა საშუალოდ 11,9%-ს, ხოლო 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით შეადგეს 10,8%-ს ( https://www.nbg.gov.ge/index.php?m=304#depozitebi )
განსახილველი სარჩელი აღძრულია 2014 წლის ნოემბერში, ხოლო მიუღებელი შემოსავლის დაკისრება მოთხოვნილია გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ ფაქტობრივი ზიანისგან განსხვავებით მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილ ზიანს დროში განგრძობადი ხასიათი აქვს. ამასთან, მიუღებელი შემოსავალი არის ის სარგებელი, რასაც უფლებამოსილი პირი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შედეგად სავარაუდოდ მიიღებდა. ზიანის დროში განგრძობადი ხასიათის და ზიანის სავარაუდოობის გამო მისი რაოდენობრივად ზუსტად განსაზღვრა შეუძლებელია განსხვავებით ფაქტობრივი ზიანისაგან. ამ შემთხვევაში მიუღებელი შემოსავალი მოთხოვნილია ვალდებულების სრულ შესრულებამდე, რის გამოც იგი უნდა განისაზღვროს ვალდებულების დარღვევიდან გადაწყვეტილების მიღებამდე პერიოდში პროცენტის შემცირების გარემოების გათვალისწინებით ამჟამად საქართველოს ბანკებში იურიდიული პირებისათვის დადგენილი სადეპოზიტო პროცენტის ოდენობით, რაც შეადგენს წლიურ 9%-ს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს უნდა ევარაუდათ, რომ ფულადი ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილება კრედიტორს ზიანს მიაყენებდა, მოპასუხეები მართალია ფიზიკური პირები არიან, მაგრამ მათ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობისათვის შეიძინეს სამშენებლო მასალა, რის გამოც მათ სამომხმარებლო ხასიათის სამართლებრივი ურთიერთობა არ დაუმყარებიათ. მათ უნდა ევარაუდათ, რომ მეწარმე სუბიექტს სულ მცირე ამ თანხის საბანკო დეპოზიტზე განთავსება და ამ გზით სარგებლის მიღება შეეძლო. ამდენად, მოსარჩელემ მატერიალური დანაკლისი განიცადა მოპასუხეების ბრალით, მათ მიერ ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
მოპასუხეებს ზიანის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ იმ დროიდან, როცა დაარღვიეს ვალდებულების ჯეროვნად შესრულების პირობა. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა კრედიტორს წარმოეშვა იმ დროიდან, როცა მან ვერ მიიღო შესრულება თანხის გადახდით. ამხანაგობამ სამშენებლო არმატურა მიიღო 2013 წლის იანვარში და მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას 2013 წლის იანვრიდან. მოპასუხეები ი------ ყ------–---–ი, მ-----– ძ-----ა და გ------- ქ---–---–ი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას არ ეთანხმებიან იმის გამო, რომ მოთხოვნილია მაღალი პროცენტი, ხოლო თანხის გადახდის ვადასთან დაკავშირებული საკითხები სადაოდ არ გადაუხდიათ. მხარეთა ამგვარი პოზიციების გამო სასამართლოს მიაჩნია, რომ ამხანაგობას მიღებული არმატურის ღირებულება უნდა გადაეხადა მიწოდებიდან უმოკლეს ვადაში, მიწოდების თვის დასრულებამდე, რომლის შეუსრულებლობის გამოც გამყიდველმა განიცადა ზიანი.
მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლის ასანაზღაურებლად წლიური 9%-ის გადახდა ვალდებულების დარღვევიდან - 2013 წლის იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ხოლო არასრული წლის შემთხვევაში წლის შესაბამისი თვეების პროპორციულად. ყოველწლიურად გადასახდელი თანხაა 1060,54 ლარი, რაც ყოველთვიურად 88, 37 ლარს შეადგენს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით.
სასამართლო განმარტავს, რომ რადგან მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას აღსრულებამდე, სარჩელის ფასი უნდა განისაზღვროს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით. ამ ნორმის მიხედვით, ვადიანი გასაცემის ან გადასახდელის შესახებ სარჩელის ფასი განისაზღვრება არა უმეტეს სამი წლის განმავლობაში გასაცემი ან გადასახდელი თანხების ერთობლიობით; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 40-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად თუ ერთ სარჩელში რამდენიმე სხვადასხვა მოთხოვნაა ჩამოყალიბებული, მაშინ ეს მოთხოვნები უნდა შეჯამდეს და ამის შემდეგ განისაზღვროს სადავო საგნის ღირებულება. მოსარჩელე მოითხოვს ნასყიდობის საფასურს 11 783,87 ლარს, ხოლო მიუღებელი შემოსავლის დაკისრებაზე სასარჩელო მოთხოვნის სარჩელის ფასია 4 737,09 ლარი (1579,03*3), სულ სარჩელის ფასია 16 520,96 ლარი.
სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობაა 495,62 ლარი (16 520,96 ლარის 3%), ხოლო გადახდილია სახელმწიფო ბაჟია 440,73 ლარი. სსსკ 53-ე მუხლით დადგენილი წესით მხარეებს შორის უნდა განაწილდეს ფაქტობრივად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 440,73 ლარი.
მოპასუხეებმა ცნეს 11 783,87 ლარის მოთხოვნა, ხოლო დაკისრებული თანხის სარჩელის ფასია 14 965,49 ლარი (11 783,87+3181,62 ლარი). მოპასუხეებისათვის დაკისრებული თანხა არის სასარჩელო მოთხოვნის 90%. გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 440,73 ლარის 90% - 396,65 ლარი უნდა აუნაზღაურდეს მოსარჩელე შპს ჯ--------–ს. დაკისრებული თანხიდან მოპასუხეებმა ცნეს 11 783,87 ლარის მოთხოვნა, რაც არის გადასახდელი თანხის 79%. ასანაზღაურებელი სახელმწიფო ბაჟის 396,65 ლარის 79% არის 313,35 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ხოლო მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ 83,3 ლარის გადახდა.
იმის გამო, რომ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი სრულად გადახდილი არ არის, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს ბიუჯეტში 54,89 ლარის გადახდა, რადგან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
აღნიშნულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს „ჯ--------–ის“ სარჩელი;
1.1. ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა იბა „მ----ს“, ი------ ყ------–---–ს, მ-----– ძ-----ას და გ------- ქ---–---–ს დაეკისროთ შპს „ჯ--------–ისათვის“ 11 783,87 ლარის სოლიდარულად გადახდა;
1.2. ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა იბა „მ----ს“, ი------ ყ------–---–ს, მ-----– ძ-----ას და გ------- ქ---–---–ს დაეკისროთ შპს „ჯ--------–ისათვის“ 11 783,87 ლარის წლიური 9%-ის სოლიდარულად გადახდა 2013 წლის მარტის თვიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
2. არ დაკმაყოფილდეს შპს "ჯ--------–ის" სასარჩელო მოთხოვნები ლ---- გ------ისა და ა---- ტ------–ისათვის თანხის დაკისრების შესახებ;
3. შპს „ჯ--------–ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 2014 წლის 19 ნოემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 313,35 ლარი. თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე“ სახელმწიფო ხაზინა, სახაზინო კოდი 300063150. ბანკის კოდი TRESGE22;
4. ერთობლივი საქმიანობა ამხანაგობა იბა „მ----ს“, ი------ ყ------–---–ს, მ-----– ძ-----ას, გ------- ქ---–---–ს დაეკისროთ შპს „ჯ--------–ისათვის“ სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 83,3 ლარის გადახდა;
5. შპს ჯ--------–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ბაჟის 54,89 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხრისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი