გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/22844-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე - სს ''თ----------ი'';
წარმომადგენელი - თ------------–-–---–ი;
მოპასუხეები - ი-------------, მ-------------–--ე;
წარმომადგენელი - ი-----–---------ე;
დავის საგანი - მემკვიდრის უფლებამონაცვლედ ცნობა, ფულადი ვალდებულების შესრულება და იპოთეკის დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ცნობილ იქნას მოპასუხე ი------------- გარდაცვლილი მ--–----------–---–ის მემკვიდრედ და უფლებამონაცვლედ;
1.2. მოპასუხე ი-------------ს სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 43447.47 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც, კრედიტის ძირითადი თანხაა - 23 499.82 აშშ დოლარი, პროცენტი - 17101.99 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2845.66 აშშ დოლარი.
1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული მ-------------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, სტანისლავსკის ქ. 12, ბინა 71, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N01.13.06.003.001.03.071 იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. თუ რეალიზაციიდან ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარად, აღსასრულებლად მიექცეს ი------------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა არ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მოსარჩელემ გაუშვა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი პრეტენზიის წარდგენის 6 თვიანი ვადა, რაც გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამასთან, ასევე მიუთითეს სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ სს ''თ----------ის'' და მ--–----------–---–ს შორის 2012 წლის 6 აპრილს დაიდო N0--------------- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ბანკმა მსესხებელს გაუხსნა საკრედიტო ხაზი.
3.1.2. დადგენილია, რომ N0--------------- საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად კრედიტორსა და მ--–----------–---–ს შორის გაფორმდა N1--------- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე სს ''თ----------ის'' სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა მ--–-----------–--ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი ს-------–-------------------------------------------------------------------. დადგენილია, რომ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, დღეის მდგომარეობით უძრავი ქონების მესაკუთრეა - მ-------------–--ე.
3.1.3. დადგენილია, რომ 2012 წლის 17 აპრილს, სს ''თ----------ს'' და მ--–----------–---–ს შორის გაფორმდა N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის ძალითაც მსესხებლის სახელზე გაიცა სესხი 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, 25.04.2017 წლამდე, წლიური 19% სარგებლის დარიცხვით. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში კრედიტის ძირითად თანხას და დარიცხულ პროცენტს დაერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
3.1.4. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მიერ არ მომხდარა ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რის გამოც 2018 წლის 25 მაისის მდგომარეობით N1-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 116 647.52 აშშ დოლარს, საიდანაც, კრედიტის ძირითადი თანხაა - 23 499.82 აშშ დოლარი, პროცენტი - 17 101.99 აშშ დოლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 76045.71 აშშ დოლარი. ამასთან, პირგასამტეხლოს თანხა მოსარჩელის მიერ შემცირებულია - 2845.66 აშშ დოლარამდე.
3.1.5. დადგენილია, რომ მსესხებელი მ--–----------–---–ი გარდაიცვალა - 2012 წლის 21 ოქტომბერს.
3.1.6. დადგენილია, რომ სს ''თ----------მა'' განცხადებით მიმართა ნოტარიუსთა პალატას და მოითხოვა ინფორმაცია გარდაცვლილი მ--–----------–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე. განცხადების პასუხად 2018 წლის 27 მარტის წერილით (№1------) ბანკს ეცნობა, რომ ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში რეგისტრირებულია ჩანაწერი, 2012 წლის 21 ოქტომბერს გარდაცვლილი მ--–----------–---–ის სამკვიდრო ქონების თაობაზე, კერძოდ, 2013 წლის 4 აპრილს ნოტარიუს მ---------–--ის მიერ დამოწმებულია სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადება; 2013 წლის 15 მაისს ნოტარიუს მ---------–--ის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა; 2013 წლის 15 მაისს ნოტარიუს მ--------------–--ის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა.
3.1.7. დადგენილია, რომ ბოლო გადახდა ზემოაღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია - 2012 წლის ნოემბრის თვეში.
3.1.8. მოწმეთა ჩვენებებით დგინდება და მოსარჩელე მხარე არ დავობს მასზედ, რომ ზემოაღნიშნული საქმე სს ''თ----------ის'' პრობლემური აქტივების ბიუროს სამართავად და ვალის ამოსაღებად გადაეცა - 2016 წელს.
3.1.9. 2013 წლის 15 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ი-------------მ როგორც მ--–----------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო ქონება, მდებარე: მცხეთა, ს------–-------–---–-, მიწის ნაკვეთის ფართი - 1500 კვ.მ. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, სამკვიდრო ქონება შეფასებულია 5000 ლარად.
3.1.10. დადგენილია, რომ სამკვიდრო ქონება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ზემოაღნიშნული სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე - 2013 წლის 19 ივნისს აღირიცხა ი------------ის საკუთრებად, ხოლო 2018 წლის 28 მაისის ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული უძრავი ქონება საჯარო რეესტრში აღირიცხა გ--------–---------ს სახელზე.
3.1.11. სს ''თ----------მა'' სარჩელი სასამართლოში პირველად წარმოადგინა 2018 წლის 16 თებერვალს, ხოლო წინამდებარე სარჩელი წარდგენილია - 2018 წლის 30 ივლისს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 6 აპრილის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
- 2012 წლის 6 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- 2012 წლის 17 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- ინვოისი, სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 27 მარტის წერილი;
- სამკვიდრო მოწმობა;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- მოწმეთა ჩვენებები - იხ. სასამართლოს ხდომის ოქმი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. 105-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი განსაზღვრავს კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის წესს და ვადას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, მათ შორის მხარეთა და მოწმეთა ახსნა-განმარტებებზე დარყდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ''თ----------ის'' მსესხებლის მ--–----------–---–ის მემკვიდრისათვის სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილი ექვსი თვის განმავლობაში არ წარუდგინია მოთხოვნა, ამასთან, მოპასუხე მხარემ წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლს, შესაბამისად, უნდა დადგინდეს აღნიშნული ნორმის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ, სასამართლო აღნიშნულის დადგენისათვის მიუთითებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
- განსახილველ შემთხვევაში, მსესხებელი მ--–----------–---–ი გარდაიცვალა - 2012 წლის 21 ოქტომბერს, შესაბამისად, ამ დღეს გაიხსნა სამკვიდრო (სსკ 1319-ე, 1320-ე მუხლები). ასევე დადგენილია, რომ ბოლო გადახდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაზე დაფიქსირებულია - 2012 წლის ნოემბრის თვეში.
- დადგენილია, რომ მამკვიდრებლის მემკვიდრეს წარმოადგენს მეუღლე ი-------------, რომელმაც სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის ვადაში - 2013 წლის 4 აპრილს მიმართა ნოტარიუსს სამკვიდროს მიღების/სამკვიდრო მოწმობის გაცემის შესახებ განცხადებით (სსკ 1421-ე, 1424-ე მუხლები).
- 2013 წლის 15 მაისს გაცემული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ ი-------------მ როგორც მ--–----------–---–ის პირველი რიგის მემკვიდრემ მიიღო სამკვიდრო ქონება, მდებარე: მცხეთა, ს------–-------–---–-, მიწის ნაკვეთის ფართი - 1500 კვ.მ. სამკვიდრო მოწმობის მიხედვით, სამკვიდრო ქონება შეფასებულია 5000 ლარად.
- მოწმეთა ჩვენებით დგინდება და მოსარჩელე მხარე არ დავობს მასზედ, რომ ზემოაღნიშნული საქმე სს ''თ----------ის'' პრობლემური აქტივების ბიუროს სამართავად და ვალის ამოსაღებად გადაეცა - 2016 წელს.
- მოცემულ საქმეზე, მოწმის სახით დაიკითხა მ--–-----------–--ე და სს ''თ----------ის'' თანამშრომელი - პრობლემური განყოფილების ოფიცერი - მ-----------------–ი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოწმე მ--–-----------–--ე პირდაპირ უთითებს, რომ იგი რამოდენიმე წლის წინ დაიბარეს სს ''თ----------ის'' პრობლემური აქტივების ბიუროში და სთხოვდნენ, რომ განეხორციელებინა დავალიანების არსებობის აღიარება. მან მიუთითა სს ''თ----------ის'' თანამშრომელზე მ-----------------–ზე და განაცხადა, რომ მას შეხვდა უშუალოდ და ისაუბრეს პრობლემურ სესხთან და მსესხებლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, თუმცა თავად მ-----------------–მა აღნიშნული გარემოება ვერ დაადასტურა და მიუთითა, რომ ზუსტად არ ახსოვს საუბრის შინაარსი, თუმცა აღნიშნა, რომ საქმე პრობლემური აქტივების ბიუროს სამართავად გადაეცა - 2016 წელს, შეკითხვაზე მოწმემ დაადასტურა, რომ როდესაც ხდება პრობლემური აქტივების ბიუროსათვის ასეთი საქმეების გადაცემა, მის მოვალეობაში შედის დაიბაროს მხარეები და გაესაუბროს მათ, უდავოა ის გარემოება რომ პრობლემური აქტივების ბიუროს მ--–----------–---–ის საქმე გადაეცა - 2016 წელს. აღნიშულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ ყველაზე გვიან ამ დროისათვის უკვე ცნობილი გახდა ბანკისათვის მათი ძირითადი მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე, სწორედ ამიტომ იქნა დაბარებული მხოლოდ იპოთეკის საგნის მესაკუთრე (იხ. სხდომის ოქმი, მოწმეთა ჩვენებები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სადავო ფაქტობრივ გარემოებას მასზედ, რომ სს ''თ----------ისთვის'' (კრედიტორისთვის) ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე არა უგვიანეს - 2016 წლისა, აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად სასამართლო მიუთითებს მოწმეთა ჩვენებებზე და ასევე იმ გარემოებებზე, რომ სს ''თ----------ს'' წვდომა აქვს სამოქალაქო რეესტრის მონაცემებთან, სადაც 2012 წლის 22 ოქტომბერიდან დაფიქსირებულია მსესხებლის გარდაცვალების ფაქტი, ამასთან, მხარეს ინფორმაცია ჰქონდა მსესხებლის დანაშთ უძრავ ქონებაზე, რომელიც სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე გადავიდა მისი მეუღლის ი------------ის საკუთრებაში. შესაბამისად, იმ მოცემულობაში, როდესაც 2012 წლის ნოემბრის შემდეგ სესხზე აღარ ფიქსირდებოდა გადახდა და წლების განმავლობაში აღნიშნული ფაქტი რეაგირების გარეშე იყო დატოვებული მოსარჩელის მხრიდან, ხოლო 2016 წელს კი მოლაპარაკებებს აწარმოებდა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრესთან - მეორე მოპასუხესთან, ამდენად, ზემოდ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები იძლევა გონივრული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას მასზედ, რომ ბანკისათვის მაქსიმუმ, ყველაზე გვიან - 2016 წელს ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე. შესაბამისად, სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმის მასალების, სსსკ 105-ე მუხლით დადგენილი სტანდარტით, შეფასების შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს (კრედიტორს) მოვალის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს - 2016 წლის 31 დეკემბრისა, ეცნობა მსესხებლის მ--–----------–---–ის გარდაცვალების შესახებ.
სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის თანახმად კრედიტორმა მოთხოვნა უნდა წარუდგინოს მემკვიდრეს, შესაბამისად, კრედიტორისათვის უნდა იყოს ცნობილი მემკვიდრის ვინაობა. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მსგავსი კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ ''პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული პრეტენზიის წარდგენის ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა შეასრულოს შემდეგი იურიდიული მოქმედება - მან უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ (''სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ'' საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე Nას-171-160-2017, 18 აპრილი 2017წ.).
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სს ''თ----------ისათვის'' არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისთვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე, აღნიშნული თარიღიდან 6 თვის ვადაში, ანუ 2017 წლის ივნისის ბოლომდე კრედიტორს უნდა მიემართა ნებისმიერი ნოტარიუსისათვის გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, რაც კრედიტორს სს ''თ----------ს'' არ გაუკეთებია. სარჩელი სასამართლოში წარადგინა მხოლოდ - 2018 წელს, შესაბამისად, კრედიტორის მიერ პრეტენზიის (მოთხოვნის) წარდგენის ექვსთვიანი ვადა გაშვებულია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;
- 2012 წლის 6 აპრილის იპოთეკის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;
- 2012 წლის 17 აპრილის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება;
- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან;
- ინვოისი, სესხის დაფარვის გრაფიკი;
- ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 27 მარტის წერილი;
- სამკვიდრო მოწმობა;
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან;
- მოწმეთა ჩვენებები - იხ. სასამართლოს ხდომის ოქმი.
- მხარეთა ახსნა-განმარტება - იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები.
3.2.2. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლისა და შეფასების შედეგად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელი დავალიანების თანხის გადახდის თაობაზე აღძრულია კანონით დადგენილი სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.
ხანდაზმულობის ვადაში მოიაზრება დრო, რომლის განმავლობაშიც უფლებამოსილ პირს შეუძლია თავისი უფლების რეალიზაცია, ან დაცვა. ხანდაზმულობის ინსტიტუტის სპეციფიკურობა იმაში მდგომარეობს, რომ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მოთხოვნის უფლება ობიექტურად არსებობს, თუმცა, იგი განუხორციელებელია, ანუ ამ უფლების რეალიზება სრული მოცულობით დამოკიდებულია მოთხოვნის ადრესატის ნება-სურვილზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლი ხანდაზმულობის დაწყებას მოთხოვნის წარმოშობის მომენტს უკავშირებს, ხოლო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როდესაც პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას მასზედ, რომ რადგან სადავო ხელშეკრულება დადებული 2017 წლის 25 აპრილამდე, შესაბამისად, ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს არა ვალდებულების დღვევიდან, არამედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ სამი წლის განმავლობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ვალდებულება, რომლის მოვალის მხრიდან შესრულება გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან გამომდინარე დარღვეული უფლების იძულებით დაცვის განხორციელების ვადა შეადგენს სამ წელს, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული პერიოდისათვის (რაც განსახილველ შემთხვევაში დაყოფილია თვეების მიხედვით) ცალ-ცალკე წარმოშობილი მოთხოვნის უფლება, ანუ პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2012 წლის 17 აპრილს სს ''თ----------ს'' და მ--–----------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 25 000 აშშ დოლარის ოდენობით, 1834 დღის ვადით, 2017 წლის 25 აპრილამდე. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაეფარა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით.
საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკის შესაბამისად ბოლო გადახდა განხორციელდა - 2012 წლის ნოემბრის თვეში. შესაბამისად, ბანკს ყოველთვიურად გადასახდელი თანხის მოთხოვნის უფლება მოპასუხის მიმართ წარმოეშვა - 2012 წლის დეკემბრიდან, თანხის გადახდის ვადის გასვლის მომდევნო დღიდან. ანუ იმ დღიდან, როცა მოპასუხემ არ გადაიხადა ყოველთვიური გრაფიკით გათვალისწინებული თანხა. ამდენად, დავალიანებული თანხის მოთხოვნის სამ წლიანი ვადის ათვლა დასრულდა - 2015 წლის დეკემბერში. უდავოა ის გარემოება, რომ მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილება არ უცდია 2018 წლამდე (სარჩელის სასამართლოში წარდგენის თარიღი), რის გამოც ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გათვალისწინებით სარჩელი ხანდაზმულია.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით და მხარეთა ახსნა-განმარტებებით უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში აღძრა - ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ. მოსარჩელეს გაშვებული აქვს სარჩელის აღძვრის ხანდაზმულობის ვადა, ვინაიდან გაშვებულია მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, მოსარჩელის მიერ სარჩელი აღძრულია კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, მოპასუხეს უფლება აქვს უარი თქვას შესრულებაზე, რაც მის მიერ გაცხადებული იქნა.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე-130-ე, 144-ე, 153-ე, 286-ე, 301-ე, 867-ე, 1487-ე, 1488-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სს ''თ----------ს'' და მ--–----------–---–ს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საბანკო კრედიტისა ხელშეკრულებიდან გამომდინარე. ბანკმა მუ---------------ზე გასცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, საპროცენტო სარგებლისა და ვადის გადაცილების შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის პირობებით, სკ-ის 867-ე, 868-ე, 417-ე და 418-ე მუხლების შესაბამისად.
დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება გაფორმდა - 2012 წლის 17 აპრილს, 1834 დღის ვადით, მსესხებელი კი გარდაიცვალა - 2012 წლის 21 ოქტომბერს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან შეატყობინონ მამკვიდრებლის კრედიტორებს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1487-ე მუხლის თანახმად, მოვალის გარდაცვალება მისი მემკვიდრეებისათვის წარმოშობს ვალდებულებას შეატყობინოს კრედიტორებს მოვალის გარდაცვალების შესახებ, თუ მათთვის ცნობილია გარდაცვლილის ვალების შესახებ. შეტყობინების ვალდებულება თავის მხრივ წარმოშობს შემდგომში კრედიტორების მოთხოვნათა წარდგენის ვალდებულებას დადგენილ ვადაში. აღსანიშნავია, რომ სკ-ის 1487-ე მუხლი არ მოითხოვს კრედიტორის შეტყობინებას წერილობითი ფორმით.
განსახილველ შემთხვევაში, გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტით, დადგენილია, რომ ყველაზე გვიან 2016 წლის 31 დეკემბერს კრედიტორისათვის ცნობილი იყო მოვალის გარდაცვალების შესახებ. რამდენადაც, სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სს ''თ----------ისათვის'' არაუგვიანეს 2016 წლის 31 დეკემბრისთვის ცნობილი იყო მსესხებლის გარდაცვალების თაობაზე, აღნიშნული თარიღიდან 6 თვის ვადაში, ანუ 2017 წლის ივნისის ბოლომდე კრედიტორს უნდა მიემართა ნებისმიერი ნოტარიუსისათვის გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, რაც კრედიტორს სს ''თ----------ს'' არ გაუკეთებია, შესაბამისად, კრედიტორის მიერ პრეტენზიის (მოთხოვნის) წარდგენის ექვსთვიანი ვადა გაშვებულია.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი განსაზღვრავს კრედიტორების მოთხოვნის წარდგენის წესს და ვადას. ამ მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას.
განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორის მოთხოვნის წარდგენის ვადა უნდა აითვალოს ყველაზე გვიანი თარიღიდან - 2016 წლის 31 დეკემბრიდან, საიდანაც 6 თვის განმავლობაში კრედიტორს უნდა მიემართა გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით, რაც კრედიტორს სს ''თ----------ს'' არ გაუკეთებია. მოსარჩელემ სარჩელი სასამართლოში წარადგინა - 2018 წელს. შესაბამისად, კრედიტორის მიერ პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადა გაშვებულია, რაც სსკ-ის 1488-ე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, გამორიცხავს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილია ერთგავროვანი პრაქტიკა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით - სსკ-ის 1488-ე მუხლში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. პალატა აღნიშნავს, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენის და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (იხ. სუსგ-ები 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010; სუსგ, 22.02.2008წ., საქმე №ას-968-1269-2007; საქმე №ას-782-731-2017; 15.09.2017წ.; საქმე №ას-513-490-2016, 21.10.2016წ., საქმე Nას-171-160-2017, 18 აპრილი 2017წ.).
ამდენად, კრედიტორის ინტერესებშია მიმართოს მოთხოვნით ნოტარიუსს მემკვიდრეებთან პრეტენზიის წარდგენის მიზნით, წინააღმდეგ შემთხვევაში ის კარგავს მოთხოვნის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში, მოვალის გარდაცვალებიდან შემდგომი თვის განმავლობაში განხორციელებული გადახდა გავლენას არ ახდენს პრეტენზიის წარდგენის ვადაზე და ამ ვადის ათვლაზე, თანხის გადახდას შესაძლოა გავლენა მოეხდინა არა პრეტენზიის წარდგენის ვადაზე, არამედ ხანდაზმულობის ვადის ათვლაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია. აღნიშნული მუხლის დანაწესის შესაბამისად იპოთეკა აქცესორული უფლებაა და დამოკიდებულია ძირითად მოთხოვნაზე, შესაბამისად იზიარებს ძირითადი მოთხოვნის ბედს. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დაუცველობით კრედიტორმა დაკარგა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა, რაც იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების აბსოლუტური საფუძველია.
სასამართლო დამატებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არ შეიძლება არსებობდეს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა. შესაბამისად ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რომ კრედიტორს დაკარგული აქვს ძირითადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება, სარჩელი ასევე უსაფუძვლოა იპოთეკის საგნის რეალიზაციის ნაწილში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ასევე ხანდაზმულია.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშოვა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონით დადგენილი დანაწესი - ხანდაზმულობის ვადა, მიმართულია სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა წინდახედულობისაკენ, დროულად იზრუნონ თავიანთი უფლების განხორციელებასა და დაცვაზე და მეორეს მხრივ, შეინარჩუნოს ურთიერთობათა სტაბილურობა და სიმყარე.
მოცემულ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმოშობის საფუძველია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. მხარეები შეთანხმდნენ კრედიტისა და მასზე დარიცხული პროცენტის გადახდის გრაფიკზე, რომლის მიხედვით, კრედიტის თანხა მსესხებელს უნდა დაეფარა 2012 წლის მაისიდან ყოველთვიურად - 2017 წლის 25 აპრილამდე. შესაბამისად, მოთხოვნის წარმოშობის მომენტი გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული გადახდის შემთხვევაში უნდა განისაზღვროს ცალ-ცალკე. მოპასუხემ დაარღვია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მის მიერ გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო გადახდა განხორციელდა - 2012 წლის ნოემბრის თვეში. ამდენად, კრედიტორის მოთხოვნა სარჩელის შემოტანამდე - 2018 წლამდე, გრაფიკით გადასახდელ ძირითად თანხაზე, პროცენტსა და მასზე დარიცხულ პირგასამტეხლოზე ხანდაზმულია.
ამდენად, ვინაიდან დადგენილია, რომ წინამდებარე სარჩელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით დაინტერესებული პირის მიერ აღძრულია ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდგომ და მოპასუხე მხარე მიუთითებს სარჩელის ხანდაზმულობაზე, სასამართლო ასკვნის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა, თანახმად სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 144-ე, 867-ე, 868-ე მუხლებისა, მოკლებულია სამართლებრივ ვარგისიანობას ხანდაზმულობის გამო, რაც გამორიცხავს ხანდაზმული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივ საფუძველს და შესაბამისად, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ''თ----------ის'' სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი