გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/1068-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
4 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ა-------–---–--ე
წარმომადგენელი - ი---------------ე
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 დეკემბრის M----------------- წერილობითი პასუხი;
1.2. დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს შეიტანოს ცვლილება ა-------–---–--ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 1 მაისის N----– ბრძანების საფუძველში და ბრძანების საფუძვლად მიუთითოს - დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხეს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს წერილობითი ფორმით შესაგებელი ა-------–---–--ის სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან, მოპასუხე მხარე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში მის დაუსწრებლად მიიღოს გადაწყვეტილება საქმეში არსებული მასალების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის აღნიშნული ნორმის შესაბამისად არსებობს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N----------------------------------–-------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 1 მაისის N-- ბრძანებით, ა-------–---–--ე დათხოვნილ იქნა დაწესებულების ს--------–-----------–---------------–----------------------------- თანამდებობიდან.
2013 წლის 15 ივლისს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა 13 ფიზიკურმა პირმა, მათ შორის ა-------–---–--ემ, მოპასუხის - რ------------- დაწესებულების მიმართ, სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა-------–---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილება ა-------–---–--ეს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, გადაწყვეტილება კანონიერ შევიდა.
2018 წლის 21 ივნისს მოსარჩელე ა-------–---–--ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს. განმცხადებელმა მიუთითა, რომ ა-------–---–--ე 2013 წლის 1 მაისის N----– ბრძანებით დათხოვნილ იქნა სასჯელაღსრულების ორგანოებიდან. მისი დათხოვნის საფუძველი გახდა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 26 აპრილის დასკვნა. ა-------–---–--ემ სხვა გათავისუფლებულ პირებთან ერთად სასამართლოში აღძრა სარჩელი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება ა-------–---–--ეს არ გაუსაჩივრებია, მაგრამ გაასაჩივრეს დანარჩენმა მოსარჩელეებმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 26 აპრილის დასკვნაში, რომელიც საფუძვლად დაედო 2013 წლის 1 მაისის ბრძანებას, მითითებულ დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ა-------–---–--ე გათავისუფლებულია თანამდებობიდან იმ გადაცდომისთვის, რომელსაც ადგილი არ ჰქონია. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, განმცხადებელმა მოითხოვა ა-------–---–--ის გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 1 მაისის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 26 ივნისის M---------------- წერილით, ა-------–---–--ის წარმომადგენელს მისი 2018 წლის 21 ივნისის განცხადების პასუხად ეცნობა, რომ წამოჭრილი საკითხის განხილვა სცილდებოდა მათ კომპეტენციას. შესაბამისად, სადავო საკითხის განსახილველად განმცხადებელს შეეძლო მიემართა სასამართლოსათვის.
2018 წლის 6 ნოემბერს, ა-------–---–--ის წარმომადგენელმა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 26 ივნისის M---------------- წერილთან დაკავშირებით ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს და კვლავ მოითხოვა ა-------–---–--ის გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 1 მაისის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით.
2018 წლის 26 ნოემბერს ა-------–---–--ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს და მიუთითა, რომ 2013 წლის 1 მაისის N----– ბრძანების გამო ა-------–---–--ე კარგავს დამსახურებული კომპენსაციის მიღების უფლებას და კვლავ მოითხოვა ა-------–---–--ის გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 1 მაისის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილებით ა-------–---–--ის წარმომადგენელს უარი ეთქვა მისი 2018 წლის 6 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ გასაჩივრებული წერილი წარმომადგენელს ჩაბარდა 2018 წლის 10 ივლისს, ხოლო ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ იქნა ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ - 2018 წლის 6 ნოემბერს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილებით ა-------–---–--ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სამსახურმა განიხილა მისი 2018 წლის 26 ნოემბრის N------- განცხადება. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ა-------–---–--ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა 2013 წლის 1 მაისის N-- პ-– ბრძანების შესაბამისად, რომელსაც საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის 2013 წლის 26 აპრილის დასკვნა. ა-------–---–--ემ სხვა გათავისუფლებულ პირებთან ერთად აღძრა სარჩელი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ საკითხი უკვე განხილულია სასამართლოს მიერ და ა-------–---–--ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესასრულებლად სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ა-------–---–--ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 30 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილებისგან განსხვავებული, რაიმე სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების, მათ შორის 2013 წლის 1 მაისის N-- პ-– ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე N3ბ/435-14 (იხ.ს.ფ. 25-61);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 10 მარტის განჩინება საქმეზე Nბს-492-481(კ-14) (იხ.ს.ფ. 62-64);
- ა-------–---–--ის წარმომადგენლის 2018 წლის 21 ივნისის განცხადება (იხ.ს.ფ. 106-108);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 26 ივნისის M---------------- წერილი (იხ.ს.ფ. 105);
- 2018 წლის 6 ნოემბრის ადმინისტრაციული საჩივრი (იხ.ს.ფ.102-104);
- ა-------–---–--ის წარმომადგენლის 2018 წლის 26 ნოემბრის განცხადება (იხ.ს.ფ 94-97);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური სამსახურის 2018 წლის 27 ნოემბრის M---------------- გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 100-101);
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 10 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 19-20).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა-------–---–--ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 დეკემბრის M----------------- გადაწყვეტილება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ბრძანების სამართლებრივი საფუძვლის ცვლილებაზე მიღებულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე მოპასუხე მხარისაგან.
6.2. სასამართლო მიუთითებს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2018 წლის 5 ივლისის N3024-რს საქართველოს კანონზე, რომლის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (გარდა ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებებისა) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებანი (ამ სამინისტროს სამოქალაქო და სპეციალური პენიტენციური სამსახურების, გენერალური ინსპექციის, ადგილობრივი საბჭოებისა და ფსიქიატრიული კომისიის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ნაწილში) გადაეცა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური მისთვის გადაცემული უფლებამოსილების ფარგლებში ჩაითვალა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უფლებამონაცვლედ.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის ინტერესს წარმოადგენს მისი თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 1 მაისის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIII თავი აწესრიგებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გასაჩივრების უფლების რეალიზაციისა და საჩივრის განხილვა-გადაწყვეტის საკითხებს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ი“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული საჩივარი არის დაინტერესებული მხარის მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში ამ კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილი წერილობითი მოთხოვნა დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით იმავე ან ქვემდგომი ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. ამავე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაინტერესებული მხარე არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება. ადმინისტრაციული საჩივარი ეს არის სადავო აქტის ადრესატის მიერ პროცედურული უფლების რეალიზაცია, რომელიც კანონით მკაცრად რეგლამენტირებულ წესებს ექვემდებარება.
ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე კომპეტენტური ადმინისტრაციული ორგანოს დადგენის საკითხი განსაზღვრულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 178-ე მუხლით, კერძოდ, 1-ლი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი თანამდებობის პირი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლის მე–3 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ცვლილების ან დამატების შეტანის უფლება აქვს მის გამომცემ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ ორგანოს. ადმინისტრაციულ აქტში ცვლილება ან დამატება შეიტანება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის დადგენილი წესით.
დადგენილია, რომ ა-------–---–--ე საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N----------------------------------–-------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მუშაობდა ს--------–-----------–---------------–----------------------------- თანამდებობაზე.
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N----------------------------------–-------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 1 მაისის N-- ბრძანებით, ა-------–---–--ე დათხოვნილ იქნა დაწესებულების ს--------–-----------–---------------–----------------------------- თანამდებობიდან.
დადგენილია, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 15 ივლისს სარჩელით მიმართა 13 ფიზიკურმა პირმა, მათ შორის ა-------–---–--ემ, მოპასუხის - რ------------- დაწესებულების მიმართ, სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით ა-------–---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ა-------–---–--ეს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.
2018 წლის 26 ნოემბერს ა-------–---–--ის წარმომადგენელმა განცხადებით (საჩივრით) მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს და მოითხოვა ა-------–---–--ის გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 1 მაისის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით.
განმცხადებლის განმარტებით, იგი საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N----------------------------------–-------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მუშაობდა ს--------–-----------–---------------–----------------------------- თანამდებობაზე. 2013 წლის 1 მაისის N----– ბრძანებით დათხოვნილ იქნა სასჯელაღსრულების ორგანოებიდან და მისი დათხოვნის საფუძველი გახდა სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 26 აპრილის დასკვნა (დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი). ა-------–---–--ემ სხვა გათავისუფლებულ პირებთან ერთად სასამართლოში აღძრა სარჩელი გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. გადაწყვეტილება ა-------–---–--ეს არ გაუსაჩივრებია, მაგრამ გაასაჩივრეს დანარჩენმა მოსარჩელეებმა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 26 აპრილის დასკვნაში (რომელიც საფუძვლად დაედო 2013 წლის 1 მაისის ბრძანებას) მითითებულ დისციპლინურ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, ა-------–---–--ე გათავისუფლებულია თანამდებობიდან იმ გადაცდომისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა-------–---–--ის მოთხოვნას წარმოადგენდა მისი გათავისუფლების შესახებ 2013 წლის 1 მაისის N----– ბრძანების საფუძვლის გაუქმება ან/და მისი შეცვლა დასაქმებულის ინიციატივით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის 2018 წლის 10 დეკემბრის M---------------- გადაწყვეტილებით ა-------–---–--ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ სამსახურმა განიხილა მისი 2018 წლის 26 ნოემბრის N------- განცხადება. გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ა-------–---–--ე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნა 2013 წლის 1 მაისის N-- პ-– ბრძანების შესაბამისად, რომელსაც საფუძვლად დაედო გენერალური ინსპექციის 2013 წლის 26 აპრილის დასკვნა. ა-------–---–--ემ სხვა გათავისუფლებულ პირებთან ერთად აღძრა სარჩელი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 იანვრის გადაწყვეტილებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საჩივრის ავტორს განემარტა, რომ საკითხი უკვე განხილულია სასამართლოს მიერ და ა-------–---–--ის მიმართ არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესასრულებლად სავალდებულოა ნებისმიერი პირისათვის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა ა-------–---–--ის მიმართ, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 30 იანვარს გამოტანილი გადაწყვეტილებისგან განსხვავებული, რაიმე სხვა სახის გადაწყვეტილების მიღების, მათ შორის 1 მაისის N-- პ-– ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელემ სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით, უკვე იდავა საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N----------------------------------–-------- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2013 წლის 1 მაისის N-- ბრძანებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა აღნიშნული ბრძანების კანონიერების საკითხი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე N3ბ/435-14) კონკრეტულ პირთა ნაწილში შეფასდა გასაჩივრებული ბრძანების საფუძვლად არსებული სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2013 წლის 26 აპრილის დასკვნა და აღნიშნული პირების მიმართ არ დადგინა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტი, შესაბამისად, ისინი აღდგენილ იქნენ დაკავებულ თანამდებობებზე. აღნიშნული თავის მხრივ ნიშნავს იმას, რომ ა-------–---–--ესაც არ ჩაუდენია დისციპლინური გადაცდომა. შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მისი გათავისუფლების ბრძანების სამართლებრივი საფუძველი ამ გარემოებაზე დაყრდნობით უნდა იქნეს გაუქმებული ან/და შეცვლილი.
სასამართლოს შეფასებით, დაინტერესებული პირის მიერ მითითებული მტკიცებულება - სხვა საქმის განხილვისას მსგავსი კატეგორიის დავაზე მიღებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებები და შეფასებები, უპირობოდ ვერ გამოიწვევს მოსარჩელისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას, ვერ შეცვლის მის მდგომარეობას, აღნიშნული მტკიცებულება საქმის გარემოებების განსხვავებულ მოცემულობას ვერ დაადგენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნით. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ წარმოდგენილი სარჩელის საფუძვლიანობის დასაბუთება.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებისას საქმე არ იქნა შესწავლილი და გამოკვლეული საფუძვლიანად, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ზეპირი ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-------–---–--ის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებული კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნა - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2018 წლის 10 დეკემბრის M----------------- წერილობითი აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლი ადგენს, რომ თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ა-------–---–--ის სასარჩელო მოთხოვნა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან. შესაბამისად, იმის გათვალისწინებით, რომ განსახილველ შემთხვევაში ადგილი არ აქვს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველს, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს ახალი აქტის გამოცემის დავალების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ა-------–---–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე