გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.05.2019
საქმის ნომერი
080210117001973992
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/1690-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

17 აპრილი, 2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ნათია გავაშელაშვილი

მოსარჩელე - ლ---- ხ-----------ა;

წარმომადგენელი - ნ---- შ------–--ე;

მოპასუხე - ა-–---------- ჭ--–---–-;

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

წარმომადგენელი - ი--------–--ა.

დავის საგანი - დაყადაღებული ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლება.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. ყადაღისაგან გათავისუფლდეს იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 13 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ლ---- ხ-----------ას კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა შავი ფერის ,,GORENIE“- 1ც. 2. მაცივარი ,HITACHI“ ორ კამერიანი, ზედა საყინულით, შავი ფერის - 1 ც. 3. სამზარეულოს მაგიდა ყავისფერი - 1 ც. 4. სამზარეულოს კუთხის დივანი რბილი ნაწერის ყავისფერი ზედაპირით - 1ც. 5. ელექტრო ღუმელი ,,EFBA“ შავი ფერის ვერცხლისფერი კანტით - 1ც. მოსარჩელე სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით: 2017 წლის 23 მარტს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ მოხდა მოსარჩელის კუთვნილი ნივთების დაყადაღება ა-–---------- ჭ--–---–-ს ვალდებულების გამო, რომლის მიხედვითაც ა-–---------- ჭ--–---–ს დაევალა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის 2095.88 ლარის გადახდა ანუ ზედმეტად დარიცხული ხელფასის უკან დაბრუნება. აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად დაყადაღდა ნივთები, რომელიც წარმოადგენს მოსარჩელის პირად საკუთრებას. აღნიშნულის გამო თვლის, რომ უსამართლობაა სხვისი დავალიანების გამო მისი კუთვნილი ნივთების რეალიზაცია, რის გამოც ითხოვს ნივთების ყადაღისაგან გათავისუფლებას, რადგან იგი მოპასუხესთან განქორწინებულია და ნივთები, რომელიც დაყადაღებულია მისი შეძენილია.

2. მოპასუხეთა პოზიცია

2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი სარჩელს არ ცნობს. განმარტავს, რომ დაყადაღებული ნივთების მოსარჩელისადმი კუთვნილების ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში წარმოდგენილი არ არის. იმ პერიოდში, როდესაც მოხდა ნივთების დაყადაღება ისინი იყვნენ ქორწინებაში და სწორედ ამის შემდეგ განქორწინდნენ, რაც ვალდებულების თავიდან არიდების საფუძველია. ამდენად, ითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2.2. ა-–---------- ჭ--–---–მა სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და ა-–---------- ჭ--–---–ს დაეკისრა ზედმეტად დარიცხული სამივლინებო თანხების 800.80 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შესაგებელი (ს.ფ. 55-64.)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2017 წლის 13 მარტს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა მოსარჩელე ლ---- ხ-----------ას საცხოვრებელ მისამართზე (ქ.ქუთაისი, დ---------–-ს ქ. N44) დააყადაღეს შემდეგი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა შავი ფერის ,,GORENIE“- 1ც. 2. მაცივარი ,HITACHI“ ორ კამერიანი, ზედა საყინულით, შავი ფერის - 1 ც. 3. სამზარეულოს მაგიდა ყავისფერი - 1 ც. 4. სამზარეულოს კუთხის დივანი რბილი ნაწერის ყავისფერი ზედაპირით - 1ც. 5. ელექტრო ღუმელი ,,EFBA“ შავი ფერის ვერცხლისფერი კანტით - 1ც.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოძრავი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტი (ს.ფ. 13-14).

 

3.1.3. 2017 წლის 03 აპრილს ლ---- ხ-----------ა და ა-–---------- ჭ--–---–- განქორწინდნენ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განქორწინების მოწმობა (ს.ფ. 14).

 

3.1.4. ლ---- ხ-----------ას სასესხო ამონაწერით დგინდება, რომ 2013 წლის 04 აგვისტოს მან გააფორმა განვადება, დანიშნულებაში მითითებულია ,,GORENIE“- w7443b.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2013-2014 წლის ლ---- ხ-----------ას სასესხო ამონაწერი (ს.ფ. 15-18).

- მემორიალური ორდერი 4------- (ს.ფ. 19).

 

3.1.5. 2016 წლის 11 აგვისტოს საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულების (NP--------------) თანახმად, ლ---- ხ-----------ას მიეცა სწრაფი განვადება მაცივარი - „HITACHI“-ის შესაძენად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 11 აგვისტოს საბანკო კრედიტისა და გირავნობის ხელშეკრულება NP-------------- (ს.ფ. 21-25).

- ,,HITACHI“ -ის პასპორტი (ს.ფ. 27-29).

- საგარანტიო ტალონი (ს.ფ. 30-31).

 

სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადავოა

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ძირითადი სადავო საკითხია აღმასრულებლის მიერ დაყადაღებული მოძრავი ნივთების საკუთრების საკითხი. დასახელებული ნივთების მესაკუთრედ ყოფნის პრეტენზიას აცხადებს მოსარჩელე. განმარტავს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა, რასაც არ ეთანხმება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად და გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.

 

სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. გარდა ამისა, საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულა, რომ თვითონვე დაამტკიცონ გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებენ თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობის დაცვით წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს იმგვარად, რომ დაკისრებული ფაქტობრივი გარემოების ფაქტის მტკიცება ობიექტურად შესაძლებელი იყოს. მოძრავი ნივთების საკუთრების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. ამ საკითხის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს არ ეკისრება. მოსარჩელემ თვითონ უნდა წარმოადგინოს იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომლითაც დაამტკიცებს, რომ სარჩელში მითითებული ნივთები მისი საკუთრებაა. მხარეებს ნივთების საკუთრებასთან დაკავშირებით ერთმანეთის საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ. როდესაც მხარეები დავობენ ნივთების კუთვნილებაზე, ასეთ შემთხვევაში ნივთების კუთვნილების მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.

 

მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები მასზედ, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა შავი ფერის ,,GORENIE“- 1ც. 2. მაცივარი ,HITACHI“ ორ კამერიანი, ზედა საყინულით, შავი ფერის - 1 ც. 3. სამზარეულოს მაგიდა ყავისფერი - 1 ც. 4. სამზარეულოს კუთხის დივანი რბილი ნაწერის ყავისფერი ზედაპირით - 1ც. 5. ელექტრო ღუმელი ,,EFBA“ შავი ფერის ვერცხლისფერი კანტით - 1ც შეიძინა მოსარჩელე ლ---- ხ-----------ამ და მისი საკუთრებაა. სასამართლო ამ მოსაზრებამდე მივიდა შემდეგი არგუმენტების გათვალისწინებით:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით ,,1. მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. 2. ნივთის გადაცემად ითვლება: შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში; არაპირდაპირი მფლობელობის გადაცემა ხელშეკრულებით, რომლის დროსაც წინა მესაკუთრე შეიძლება დარჩეს პირდაპირ მფლობელად; მესაკუთრის მიერ შემძენისათვის მესამე პირისაგან მფლობელობის მოთხოვნის უფლების მინიჭება”.

 

სამოქალაქო კოდექსის 186-ე მუხლის მიხედვით მოძრავი ნივთების საკუთრება დამოკიდებულია მისი შეძენის დროს გამოვლენილ ნამდვილ ნებაზე. თუ ნივთი შემძენმა შეიძინა გამსხვისებლის ნამდვილი ნების გამოვლენის შემდეგ, ითვლება, რომ შემძენი ნივთის მიღების შემდეგ მისი მესაკუთრეა. უძრავ ქონებათაგან განსხვავებით მოძრავი ნივთის შეძენა არაა დამოკიდებული გარიგების წერილობით ფორმაზე და შესაბამის ორგანოში რეგისტრაციაზე, ამიტომ მოძრავი ნივთის საკუთრებასთან დაკავშირებით დავის დროს საკუთრების საკითხის გადაწყვეტა გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული. არსებობს პრეზუმპცია იმისა, რომ ნივთი იმ პირის საკუთრებაა, ვინც მას ფლობს შეძენისას გამოვლენილი ნამდვილი ნების საფუძველზე. მფლობელობა არ წარმოადგენს საკუთრების დადგენისას გადამწყვეტ გარემოებას. მფლობელი შეიძლება სულაც არ იყოს მესაკუთრე, მაგრამ დავის არსებობისას ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მესაკუთრე თუ არ დადგინდება ამის საწინააღმდეგო გარემოება.

 

დასახელებულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ლ---- ხ-----------ა და მოპასუხე ა-–---------- ჭ--–---–- იყვნენ ცოლ-ქმარი. ცხოვრობდნენ ერთ სახლში. ბუნებრივია ჩვეულებრივი ცხოვრება გულისხმობს ყოველდღიური მოხმარების ნივთების შეძენას. ლოგიკურია, რომ მათ შეძენილი უნდა ჰქონდეთ სხვადასხვა აუცილებელი ნივთები და ეს, რომ ასეა ყადაღის აქტიდანაც ნათელია, მაგრამ საკითხის გადაწყვეტისათვის უფრო მნიშვნელოვანია ანალიზი იმისა თუ ვინ შეიძინა ეს ნივთები, ვინაა მათი მესაკუთრე და რა დანიშნულება აქვს მათ ოჯახისათვის. ოჯახში შეიძლება არსებობდეს ინდივიდუალური საკუთრება, საერთო საკუთრება და მეუღლეთა საერთო საკუთრება. უნდა დადგინდეს დაყადაღებული ნივთები ვისი შეძენილია და მათზე ვის აქვს მესაკუთრის უფლება. საქმეში წარმოდგენილია სასესხო ამონაწერები, რომლითაც დგინდება, რომ ლ---- ხ-----------ა აღნიშნულ ნივთებს ყიდულობდა განვადებით.

 

მოწმე ე---------ძემ დაადასტურა, რომ დაყადაღებული ნივთები ნაყიდი და შეძენილია ლ---- ხ-----------ას მიერ, კერძოდ, ელიტ-ელექტრონიქსში შეიძინა სარეცხი მანქანა, რომელიც ერთად შეარჩიეს, შავი ფერის იყო და გორენიეს ფირმის, ასევე ერთად შეარჩიეს მაცივარიც, რომელიც იყო შავი ფერის ორ კამერიანი, მშრალი ყინვის. სამზარეულო მაგიდა ყავისფერი და სამზარეულოს კუთხის დივანი დედამისმა აჩუქა გათხოვების შემდეგ და არის ადგილობრივი წარმოების. ელექტროღუმელი კი შეიძინა პირველად, სანამ სარეცხ მანქანას შეიძენდა. ა-–---------- ჭ--–---–- აღნიშნული ნივთების შესაძენად არასოდეს ახლდა.

 

საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს ჩამოუყალიბდა შინაგანი რწმენა მასზედ, რომ დაყადაღებული ნივთები ეკუთვნის ლ---- ხ-----------ა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

– ე---------ძის ჩვენება (სასამართლო სხდომის ოქმი).

– მხარეთა განმარტებები.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

წარმოდგენილი მტკიცებულებათა განხილვისა და შემოწმების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

-- საქართველოს კონსტიტუცია.

-- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

-- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.

-- ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ერთ-ერთი ყველაზე აბსოლუტური და დაცული უფლებაა იმ უფლებათაგან, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსით. წინამდებარე დავის გადაწყვეტაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საკუთრების უფლების რეალიზაციის საკითხი.

საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტში და მე-19 მუხლის პირველ პუნქტში იმპერატიულად აღნიშნულია - „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია კერძო საკუთრების საყოველთაო უფლების გაუქმება".

 

სასამართლო გამარტავს, რომ საკუთრება წარმოადგენს ადამიანის ბუნებით უფლებას, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული პიროვნული თავისუფლება. საკუთრების უფლება წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებაა, საყოველთაოდ აღიარებული ძირითადი უფლება, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს ქვაკუთხედია. საკუთრება ადამიანის ყოფიერების არსებითი საფუძველია. საკუთრება ადამიანის იმ ძირითად უფლებათა კატეგორიას განეკუთვნება, რომელიც საფუძველს უყრის დემოკრატიულ და სოციალურ სახელმწიფოს, იგი არის მთავარი მამოძრავებელი ძალა სახელმწიფოში საბაზრო ეკონომიკის, სამოქალაქო ბრუნვისა და მეწარმეობის განვითარებისა. საკუთრების შეძენისა თუ შენარჩუნების მიზნით სამართლის სუბიექტები მონაწილეობენ სხვადასვა სამართალურთიერთობებში. საკუთრება ასოცირდება პირის დამოუკიდებლობასთან. მესაკუთრეს დამოუკიდებლად, მესამე პირების გარეშე შეუძლია საკუთრების უფლებით სარგებლობა.

 

საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ ის, ყადაღადადებული ნივთების მესაკუთრეა. მიუხედავად ამისა სააღსრულებო ბიურომ ნივთები მიიჩნია ა-–---------- ჭ--–---–-ს საკუთრებად და დააყადაღა ა-–---------- ჭ--–---–-ს ვალის დაფარვის მიზნით. მოსარჩელეს უფლება აქვს თავისი დარღვეული უფლების აღდგენისათვის მომართოს სასამართლოს და ამტკიცოს დაყადაღებულ ნივთებზე მისი საკუთრების უფლება.

 

6.2. მოსარჩელის მოთხოვნის პროცესუალური საფუძველია ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 32-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც ,,თუ მესამე პირი ამტკიცებს, რომ მას აღსრულების საგანზე გააჩნია უფლება, მაშინ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც ხდება აღსრულება, მესამე პირს შეუძლია აღძრას სარჩელი. ამასთანავე სარჩელი ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების შესახებ წარედგინება მოვალესა და კრედიტორს”.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მიზანია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის მოთხოვნის რეალიზება. კერძოდ, მესაკუთრეს შეუძლია თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით და არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა.

 

ამავე კოდექსის 172-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ დაყადაღებული ქონება მისი საკუთრებაა და რომ მათზე საკუთრების უფლება გააჩნია მხოლოდ მას. აღნიშნულის გამო ისარგებლა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე მუხლებით, ასევე ”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებით და სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება.

 

6.3. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი წინადადებით, სააღსრულებო წარმოება არ დაიშვება სააღსრულებო ფურცლის (დედნის) გარეშე, ამავე კანონის 25-ე მუხლით აღსრულება შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებულნი სააღსრულებო ფურცელში.

 

დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა და ა-–---------- ჭ--–---–ს დაეკისრა ზედმეტად დარიცხული სამივლინებო თანხების 800.80 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში სახელმწიფო ბიუჯეტში დაბრუნება. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რის საფუძველზეც ა-–---------- ჭ--–---–-ს მიმართ დაიწყო სააღსრულებო საქმის წარმოება.

 

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების აღსრულების დაწყებისას სასამართლო აღმასრულებელი მოვალეს უგზავნის წინადადებას გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულების შესახებ. ეს წინადადება მოვალეს ჩაბარდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით, ხოლო თანხის გადახდევინებისას წინადადების ჩაბარებასთან ერთად სასამართლო აღმასრულებელი დაუყოვნებლივ იწყებს მოვალის ქონების აღწერას და დაყადაღებას ამ კანონით დადგენილი წესით. სასამართლო აღმასრულებელი მოვალისათვის წინადადების ჩაბარებისას აფრთხილებს მას, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების დაწესებულ ვადებში ნებაყოფლობით შეუსრულებლობას მოჰყვება იძულებითი აღსრულება. ა-–---------- ჭ--–---–მა გადაწყვეტილება ნებაყოფილებით არ აღასრულა. აღმასრულებელმა დაადგინა, რომ ა-–---------- ჭ--–---–- რეგისტრირებულია ქ.ქუთაისი, დ---------–-ს ქ. N44. აღმასრულებელმა მიიჩნია, რომ მისი რეგისტრაციის მისამართზე მდებარე მოძრავი ნივთები მისი საკუთრებაა, რის გამოც გამოცხადდა დასახელებულ მისამართზე და საცხოვრებელ მისამართზე მოძრავი ნივთები აღწერა და დააყადაღა.

 

6.4. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის თანახმად, მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას. აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

 

აღმასრულებელის ამ მოქმედების აუცილებლობა ნაკარნახევი იყო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფით. ა-–---------- ჭ--–---–- ნებაყოფილებით არ იხდიდა დაკისრებულ თანხას, ამიტომ მან დააყადაღა მის საცხოვრებელ მისამართზე განთავსებული ქონება და შესაძლებელი გახადა ამ ქონების მეშვეობით გადაწყვეტილების აღსრულება. დასახელებული ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ აღსრულება დაიწყო და გაგრძელდა სწორად.

 

სარჩელის საფუძვლიანობისა და დასაბუთებულობისათვის მთავარი საკითხია დადგინდეს ქონებაზე ყადაღის დადებით ილახება თუ არა მესამე პირის ინტერესი, მესამე პირი, რომლის ინტერესიც ილახება, ყადაღის დადების მომენტისათვის უნდა წარმოადგენდეს ქონების მესაკუთრეს.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 158-ე მუხლის მიხედვით ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ვარაუდი ასახავს იმ შემთხვევებს, როდესაც ბრუნვის მონაწილეთათვის უცნობია მფლობელობის უკან არსებული უფლება, ხშირ შემთხვევაში უცნობია მფლობელის უფლებები, მაგრამ სამართლებრივი წესრიგი მოითხოვს დავეყრდნოთ მფლობელის კეთილსინდისიერებას და მიღებული იქნას იგი, როგორც ნივთის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსისი 186-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ნივთის გადაცემად ითვლება შემძენისათვის ნივთის ჩაბარება პირდაპირ მფლობელობაში.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის საკუთრების უფლებას ადასტურებს, ის რომ სადავო ნივთები შეძენილია ლ---- ხ-----------ას მიერ განვადებით და რამდენიმე ნივთი მისი საჩუქარია.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოძრავი ნივთების საკუთრების უფლება კი დგინდება ნივთის ფაქტობრივი მფლობელობით. იმის დასადასტურებლად, რომ დაყადაღებული ქონება მოსარჩელის საკუთრებაა, მტკიცებულებები უნდა წარმოადგინოს თვით მოსარჩელემ. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალის ქონების აღწერის და ყადაღის დადების შესახებ აქტში მითითებული მოძრავი ნივთები წარმოადგენს ლ---- ხ-----------ას საკუთრებას. დაყადაღებული ნივთების მესაკუთრე არაა ის პირი ვისაც თავდაცვის სამინისტროს ვალი აქვს. შესაბამისად ამ ნივთებით გადაწყვეტილების აღსრულება ეწინააღმდეგება გადაწყვეტილების აღსრულების მიზანსა და წესს. აღნიშნული დასაბუთების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟის სახით - 100 ლარი და სარჩელის უზრუნველყოფის - 50 ლარი. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ა-–---------- ჭ--–---–მა მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი, მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 37.5 ლარის ანაზღაურება, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ - 75 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ლ---- ხ-----------ას სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი ბაჟის ნაწილი - 37.5 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 19 ივნისის განჩინებით საქმეზე გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება და გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებული იქნა დაყადაღებული ნივთების რეალიზაცია. ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, არ არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ლ---- ხ-----------ას სარჩელი დაკმაყოფილდეს.

1.1 გათავისუფლდეს ყადაღისაგან იმერეთის, რაჭა ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს მიერ 2017 წლის 13 მარტის მოვალის ქონების აღწერისა და დაყადაღების შესახებ აქტით დაყადაღებული ლ---- ხ-----------ას კუთვნილი მოძრავი ნივთები: 1. სარეცხი მანქანა შავი ფერის ,,GORENIE“- 1ც. 2. მაცივარი ,HITACHI“ ორ კამერიანი, ზედა საყინულით, შავი ფერის - 1 ც. 3. სამზარეულოს მაგიდა ყავისფერი - 1 ც. 4. სამზარეულოს კუთხის დივანი რბილი ნაწერის ყავისფერი ზედაპირით - 1ც. 5. ელექტრო ღუმელი ,,EFBA“ შავი ფერის ვერცხლისფერი კანტით - 1ც.

2. ა-–---------- ჭ--–---–ს დაეკისროს მოსარჩელე ლ---- ხ-----------ას სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 37.5 ლარის გადახდა.

3. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისროს მოსარჩელე ლ---- ხ-----------ას სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 75 ლარის გადახდა.

4. დაუბრუნდეს მოსარჩელე ლ---- ხ-----------ას 05/04/2017 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (100 ლარიდან) – 37,5 ლარი, რომელიც ამოირიცხოს შემდეგი ანგარიშებიდან: საგადახდო დავალება N1, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიან ანგარიში BAGAGE22, სახელმწიფო ხაზინა ბანკის კოდი TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 3-------- (რეფერენსი 5---------).

5. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩეს ძალაში.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: გოჩა დიდავა