გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 3-----------------
საქმე №2/31570-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს „თ----------ი“
წარმომადგენელი - ე---------- ქ---------
მოპასუხე - გ---------------ე
წარმომადგენელი - ნ------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. 2010 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე გ---------------ეს მოსარჩელის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 335,53 ლარი, პროცენტი - 33,97 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარის ოდენობით;
1.2. 2013 წლის 15 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე გ---------------ეს მოსარჩელის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 17135,17 ლარი, პროცენტი - 10410,85 ლარი და პირგასამტეხლო - 2000 ლარის ოდენობით, ასევე დაზღვევის თანხა - 467,04 ლარის ოდენობით;
1.3. 2012 წლის 06 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე გ---------------ეს მოსარჩელის სს „თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სესხის ძირი თანხა - 3871,52 ლარი, პროცენტი - 694,96 ლარი და პირგასამტეხლო - 945,01ლარის ოდენობით.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, 2010 წლის 12 იანვარს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შესახებ (ოვერდრაფტის ბარათზე) ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 1300 ლარის ოდენობით, 24%-იანი სარგებლით, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა - 24 თვე. კრედიტი გაიცა შემდეგი პირობებით: კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო შემდეგნაირად: ანგარიშზე წარმოშობილი უარყოფთი ნაშთი (ოვერდრაფტი) მინიმუმ 75%-მდე უნდა შემცირებულიყო დაანგარიშების თარიღიდან არა უგვიანეს ყოველ 40 დღეში. დაანგარიშების თარიღი იყო - ანგარიშზე ოვერდრაფტის ლიმიტის დაშვებიდან ყოველ 40 დღეში. პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის იყო ათვისებული თანხისა და მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის ჯამის 0,5%. წარმოდგენილი გადახდების ისტორიის მიხედვით, მოპასუხე ახდენდა ლიმიტის ფარგლებში თანხის გატანასა და შემოტანას. ბოლოს თანხის გატანა მოხდა 2013 წლის 07 სექტემბერს, ხოლო ბოლო გადახდა კი განხორციელდა 2016 წლის 27 დეკემბერს 100 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც აღარ მომხდარა ვალდებლების შესრულება. ამჟამად მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე აღნიშნული სესხიდან გამომდინარე შეადგენს 869,50 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 335,53 ლარი, პროცენტი - 33,97 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით.
2013 წლის 15 მარტს მხარეთა შორის კვლავ დაიდო საბანკო კრედიტის შესახებ (სამომხმარებლო სესხი) ხელშეკრულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი 19000 ლარის ოდენობით, წლიური 14,95%-იანის სარგებლით 1451 დღის ვადით. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო გრაფიკის შესაბამისად ყოველი თვის 05 რიცხვში, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის შეადგენდა 20 ლარს ყოველი დარღვევისთვის და დავალიანების 0,45% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამავე ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხე ვალდებული იყო ასევე განეხორციელებინა სიცოცხლის დაზღვევა. წარმოდგენილი გადასახადების ისტორიის თანახმად, მოპასუხე ასრულებდა მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და ახორციელებდა ყოველთვიურ შენატანებს. მოპასუხემ პირველად გრაფიკი დაარღვია 2013 წლის 05 სექტემბერს და ვადაგადაცილებით შეასრულა ყოვეთვიური მინიმალური შენატანი. მოპასუხეს ყოველდღიურად ასევე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასატეხლო. ამის შემდგომ იგი არასრულად და ვადაგადაცილებით ახორციელებდა ყოველთვიურ მინიმალურ შენატანს. ბოლო შენტანი განახორციელა 2016 წლის 27 დეკემბერს 500 ლარის ოდენობით, რის შემდეგაც მოპასუხე ვალდებულებას აღარ ახორციელებდა. აღნიშნულ ვალდებულებასთან დაკავშიურებით მოპასუხეს გადახდილი აქვს 6000,85 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირი თანხა 1864,83 ლარის ოდენობით, პროცენტი - 3928,94 ლარი, ჯარიმა - 71,44 ლარი და დაზღვევის თანხა - 135,64 ლარის ოდენობით. ამჟამად მოპასუხის დავალიანებაა 30013,06 ლარი, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 17135,17 ლარი, პროცენტი - 10410,85 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 2000 ლარი, ასევე დაზღვევის თანხა - 467,04 ლარის ოდენობით.
2012 წლის 06 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათის (თ-------------ს) ხელშეკრულება და საკრედიტო ლიმიტის მოცულობად განისაზღვრა 3000 ლარი, მოქმედების ვადა - 11560 კალენდარული დღე, თანხის გატანის თარიღად კი მიეთითა - შეუზღუდავი. საპროცენტო სარგებელი ლიმიტით სარგებლობისთვის შეადგენდა 36%-ს კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად, დაანგარიშებიდან 25-ე დღეს, ხოლო დაანგარიშების თარიღად კი განისაზღვრა ყოველი კალენდარული თვის 03 რიცხვი. ყოველთვიურ შესატან თანხად განისაზღვრა ათვისებული ლიმიტის 10% და წინა პერიოდის დარიცხული სარგებელი და პირგასამტეხლო. ფიქსირებული პირგასამტეხლო შეადგენდა 20 ლარს და ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის კი 0,5%-ს. მოპასუხე გამოყოფილი ლიმიტის ფარგლებში ახორციელებდა თანხების გატანასა და შეტანას 2012 წლის 08 დეკემბრიდან 2013 წლის 31 ივლისის ჩათვლით. 2013 წლის 03 იანვრიდან მას გაეზარდა ასათვისებელი ლიმიტი 4500 ლარამდე, რაზეც თანხმობას გაზრდილი ლიმიტის ათვისებით ადასტურებდა. მოპასუხემ ანგარიშზე თანხის ბოლო შეტანა განახორციელა 2013 წლის 29 ივლისს, ხოლო გატანა კი - 2013 წლის 31 ივლისს, ამის შემდეგმ გადახდები არ განუხორციელებია, შესაბამსიად, 2014 წლის 28 ივნისს მოხდა სესხის თანხის ჩამოწერა და მოპასუხეს სესხად დაუჯდა 4496,82 ლარს. აღნიშნული თანხის დასაფარად მოპასუხე გადახდებს ახორციელებდა, ბოლო გადახდა უფიქსირდება 2016 წლის 27 დეკემბერს, ამის შემდეგ კი გადახდა აღარ განუხორციელებია.
მოპასუხის დავალიანება 2018 წლის 09 ოქტომბერს გაცემული ცნობის საფუძველზე შეადგენს 5511,49 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3871,52 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 694,96 ლარი და პირგასამტეხლო - 945,01 ლარი. ამასთან, მოსარჩელის მიერ გაგზავნილი იქნა წერილები მოპასუხეზე ვალდებულების დაფარვის მიზნით, თუმცა ვალდებულება მოპასუხეს დღემდე არ განუხორციელებია.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ 2010 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნა გაიხმო, თუმცა სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნულზე მოპასუხე მხარემ არ განაცხადა თანხმობა, შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები სამი ხელშეკრულებიდან გამომდინარე იგივე დარჩა დღის წესრიგში, რაც სარჩელის შემოტანის დროს იყო (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო. დავის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით შედავება არ განუხორციელებია.
სასამართლომ გაუგრძელა ვადა შესაგებლის წარმოსადგენად, თუმცა მოპასუხემ დადგენილ ვადაში არ წარმოადგინა კვალიფიციური შესაგებელი, მოგვიანებით წარმოდგენილი შესაგებელი კი სასამართლომ განუხილველად დატოვა.
ამასთან, მოპასუხის მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე ახსნა-განმარტების დროს წარმოდგენილი იქნა ახალი ფაქტობრივი გარემოებები სარჩელესთან მიმართებაში (იხ. შესაგებლები და სასამართლო სხდომის ოქმები).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებაა, რომ სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ გრაფიკი დარღვეული იქნა.
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. 2010 წლის 12 იანვარს მხარეთა შორის დაიდო ხელშეკრულება, რითაც ოვედრაფტის ლიმიტის თანხად განისაზღვრა 1300 ლარი, 24 თვის ვადით, 24%-იანი სარგებლის დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის ინდივიდუალური პირობებეის შესახებ (ს.ფ. 16)
- ოვერდრაფტის განაცხადი (ს.ფ. 17)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 19-27)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ აღნიშნულ სესხთან დაკავშირებით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის წინაშე შეადგენს სესხის ძირი თანხა 335,53 ლარს, სარგებელი - 33,97 ლარსა და ჯარიმა - 4204,60 ლარის ოდენობით, თუმცა სარჩელის წარმოდგენის დროს მოსარჩელის მიერ ჯარიმა შემცირებული იქნა 500 ლარამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 09 ოქტომბრის ცნობა დავალიანების თაობაზე (ს.ფ. 28)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 19-27)
4.3. 2013 წლის 15 მარტს მხარეთა შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეზე გაიცა სესხი 19000 ლარის ოდენობით 1451 დღის ვადით წლიური 14,95%-იანი დარიცხვით. ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს არსებობაც.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2013 წლის 15 მარტის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 29-30)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირიბები (ს.ფ. 31)
- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 32-34)
- დაზღვევის პოლისი (ს.ფ. 35)
- დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 36-37)
- განაცხადი სესხზე (ს.ფ. 38-39)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 41-43)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.4. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით 2018 წლის 09 ოქტომბრის ცნობის თანახმად დასტურდება, რომ სესხის ძირი თანხა შეადგენს 17135,17 ლარს, საპროცენტო სარგებელი - 10410,85 ლარსა და ჯარიმა 125326,89 ლარს, ასვეე დაზღვევის თანხა 467,04 ლარის ოდენობით. სარჩელის წარმოდგენის დროს მოსარჩელის მიერ შემცირებული იქნა მოთხოვნილი პირგასამტეხლო 2000 ლარამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 28)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 41-43)
4.5. 2012 წლის 06 დეკემბერს მხარეთა შორის დაიდო საკრედიტო ბარათის სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 11560 დღით სარგებლობისთვის გაცემული იქნა ბარათი, რომლის საკრედიტო ლიმიტის მოცულობად განისაზღვრა 3000 ლარი, წლიური 36%-იანის სარგებლით, ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით გათავალისწინებული პირობების დარიცხვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- განაცხადი საკრედიტო ბარათზე (ს.ფ.44-46)
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 47)
- საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 48-50)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 51-55)
4.6. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით 2018 წლის 09 ოქტომბრის ცნობის თანახმად დასტურდება, რომ სესხის ძირი თანხა შეადგენს 3871,52 ლარს, საპროცენტო სარგებელი - 694,96 ლარსა და ჯარიმა 945,01 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 28)
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 51-55)
4.7. მოსარჩელის მიერ მოპასუხე წერილობითი იქნა გაფრთხილებული სამივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხელშეკრულების პირობების დარღვევისა და არსებული დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინებები (ს.ფ. 56-58)
4.8. v-------ს საიტზე არსებული ინფორმაციის თანახმად, ს----------–---------------ს მიერ ინიცირებული „სო–---–----------–------------–------ის“ ფარგლებში გ---------------ეს გაუნულდა 1 სესხი 4574,10 ლარის ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია საიტიდან (ს.ფ. 110)
4.9. წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ v-------ს საიტზე არსებული ინფორმაცია 1 სესხის განულების თაობაზე ეხება მხოლოდ 2010 წლის 12 იანვრის მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ინფორმაცია საიტიდან (ს.ფ. 110)
- დავალიანების თაობაზე ცნობა (ს.ფ. 28)
- 2018 წლის 20 დეკემბრის წერილი (ს.ფ. 109)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა სს „თ----------ს“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 867-ე, 868-ე, 870-ე, 873-ე, 417-ე, 420-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
ამავე კოდექსის 868-ე მუხლის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
წამოდგენილ შემთხვევაში მხარეთა შორის საკრედიტო ხელშეკრულებების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ მოპასუხე გ---------------ემ მოსარჩელესთან სამჯერ დადო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება - 2010 წლის 12 იანვარს, 2013 წლის 15 მარტსა და 2012 წლის 06 დეკემბერს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი პოზიციის თანახმად, მოსარჩელე 2010 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 869,50 ლარის ანაზღაურების თაობაზე მოპასუხისგან არ ითხოვს, როგორც არაუფლებამოსილი სუბიექტი, ვინაიდან სს ,,თ----------ს’’ აღნიშნული ვალის მოთხოვნის უფლება აღარ გააჩნია და მასთან მიმართებაში წარმოადგენს არაუფლებამოსილ პირს.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის აღნიშნული პოზიცია უთანაბრდება სასარჩელო მოთხოვნის შემცირების შუამდგომლობას, რაც რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლით. აღნიშნული საკითხი შეიძლება გაუთანაბრდეს კიდეც მოცემულ ნაწილში სარჩელზე უარის თქმასაც, ვინაიდან მოსარჩელეს არ გააჩნია რაიმე სახის მოთხოვნა 2010 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის მიმართ. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ აღნიშნული მოთხოვნის ნაწილში ვერ მოახდინა სასარჩელო მოთხოვნის გახმობა სასამართლოს მთავარ სხდომაზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე, ვინაიდან თანხმობა არ განაცხადა მოპასუხე მხარემ, შესაბამისად, ფორმალურად კვლავ დარჩა სასარჩელო მოთხოვნები იმ სახით, როგორც თავდაპირველად იქნა წარმოდგენილი სასამართლოს წინაშე, თუმცა შინაარსობრივად მოსარჩელე აღარ დავობდა აღნიშნულზე. ამასთან, ვინაიდან თავად მოსარჩელე მხარის წარმომადგენემა განაცხადა, რომ მას არ გააჩნია აღნიშნულ ნაწილში მოპასუხის მიმართ რაიმე სახის მოთხოვნა, შესაბამისად, სასამართლო სწორედ სასარჩელო მოთხოვნის შემცირებად განიხილავს აღნიშნულს.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 2010 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებასთან მიმართებაში და აღნიშნულ თანხას აღარ ითხოვს მოპასუხესთან მიმართებაში, შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ 2013 წლის 15 მარტისა და 2012 წლის 06 დეკემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე უნდა იქნეს განხილული.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად და მსესხებელზე 2013 წლის 15 მარტის ხელშეკრულებისა და 2012 წლის 06 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე გ---------------ემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ 2013 წლის 15 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გააჩნია სესხის ძირი თანხა - 17135,17 ლარი, პროცენტი - 10410,85 ლარი და პირგასამტეხლო - 2000 ლარის ოდენობით, ასევე დაზღვევის თანხა - 467,04 ლარის ოდენობით, ხოლო 2012 წლის 06 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი -სესხის ძირი თანხა - 3871,52 ლარი, პროცენტი - 694,96 ლარი და პირგასამტეხლო - 945,01ლარის ოდენობით.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუზველზე, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია, პასუხს დაურთოს მასში მითითებული ყველა მტკიცებულება. თუ მოპასუხეს საპატიო მიზეზით არ შეუძლია პასუხთან ერთად მტკიცებულებათა წარდგენა, იგი ვალდებულია, ამის შესახებ მიუთითოს პასუხში. წინააღმდეგ შემთხვევაში მოპასუხეს ერთმევა უფლება, შემდგომში წარადგინოს მტკიცებულებები.
ამდენად, მოპასუხეს არ შეეძლო საქმის არსებითი განხილვის დროს, სასამართლოს მთავარ სხდომაზე მიეთითებინა ახალ ფაქტობრივ გარემოებებზე, ვინაიდან ასეთი შედავება მხარემ არ განახორციელა მოსამზადებელ ეტაპზე, შესაბამისად, სასამართლო არ მოახდენს მოპასუხის მიერ მთავარ სხდომაზე მითითებულ ახალ ფაქტობრივი გარემოებების შეფასებას.
7.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით წერილობითი ფორმით განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა და მათი დარიცხვის წესი. ვინაიდან მოპასუხე მხარის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ჯეროვნად, აღნიშნული წარმოადგენს მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის გონივრულ შესაბამისობაში, შესაბამისად, სასამართლომ უნდა შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. კერძოდ, მოპასუხე გ---------------ეს სს ,,თ----------ი’’-ს სასარგებლოდ 2013 წლის 15 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე უნდა დაეკისროს შემცირებული პირგასამტეხლო 800 ლარის ოდენობით, ხოლო 2012 წლის 06 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე კი - 400 ლარის ოდენობით.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
2018 წლის 2--------------ს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1091,83 ლარის ოდენობით უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ს.ფ. 65), ხოლო მოპასუხეს კი მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნების შესაბამისად უნდა დაეკისროს 1013,39 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,თ----------ის" (ს/კ 2--------) სარჩელი მოპასუხე გ---------------ის (პ/ნ 0----------) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.3. მოსარჩელის მოთხოვნა 2010 წლის 12 იანვრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის 869.50 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
1.2. მოპასუხე გ---------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2012 წლის 06 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება სესხის ძირი თანხა 3871.52 ლარი, პროცენტი - 694.96 ლარი და შემცირებული პირგასამტეხლო - 400 ლარის ოდენობით გადახდა.
1.3. მოპასუხე გ---------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 15 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება სესხის ძირი თანხა 17 135.17 ლარი, პროცენტი - 10 410.85 ლარი, შემცირებული პირგასამტეხლო - 800 ლარი და დაზღვევა 467.04 ლარის ოდენობით გადახდა.
2. მოსარჩელე სს ,,თ----------ის" (ს/კ 2--------) მიერ 2018 წლის 2--------------ს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1091.83 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად (ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150, საგადასახადო და---–------).
3. მოპასუხე გ---------------ეს მოსარჩელე სს ,,თ----------ის" სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 1013,39 ლარის ოდენობით ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე