გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/21229-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - სს ,,ლი------------ი’’
წარმომადგენლები - თა-------------–---–ი, ლა-–---------ა
მოპასუხე - ნი--------------ე
წარმომადგენელი - ქე-----------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნი--------------ეს სს ,,ლი------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 3605 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3278.49 ლარი და პროცენტი - 326.51 ლარი.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
20---–-–------------–ს სს „ლი------------სა“ და ილ------------–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №5------, რომლის თანახმადაც მსესხებელზე გაიცა სესხი 3500 ლარის ოდენობით, 24 თვის ვადით. ხელშეკრულებით განისაზღვრა წლიური საპროცენტო სარგებელი - 40%-ის ოდენობით, ხოლო ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ის ოდენობით.
ამავე ხელშეკრულების ფარგლებში, 20---–-–------------–ს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება ნი--------------ესთან, რომლის საფუძველზეც ამ უკანასკნელმა იკისრა სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად თანხის გადაუხდელობის, ან გადახდის ვადის გადაცილების შემთვევაში. ხელშეკრულებით დადგინდა თავდების პასუხისმგებლობის ფარგლები და თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა - 3 605 ლარი.
მსესხებელმა არ შეასრულა სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. შესაბამისად, სესხი 20.08.2016 წლიდან იმყოფება ვადაგადაცილებაში და 02.11.2017წ. მდგომარეობით, (დავალიანების შესახებ ცნობის თარიღი) მსესხებელს ერიცხება შემდეგი დავალიანება - სესხის ძირი თანხა - 3278.49 ლარი, პროცენტი - 1799.97 ლარი და ჯარიმა 4748.56 ლარი. მსესხებელი კრედიტორის მხრიდან გაფრთხილებულ იქნა აღნიშნული დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ.
ამდენად, თავდაპირველად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხეების ილ------------–---–ისა და ნი--------------ისათვის ზემოთ აღნიშნული დავალიანების სოლიდარულად დაკისრება, თუმცა საქმის განხილვის ეტაპზე აღმოჩნდა, რომ სარჩელის სასამართლოში წარმოდგენის (15.11.2017წ.) შემდგომ - 2----–-–------------- გარდაიცვალა ძირითადი მსესხებელი ილ------------–---–ი, რის გამოც მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 12.07.2018წ. განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება ილ------------–---–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.
2019 წლის 21 თებერვალს სს „ლი------------ის“ წარმომადგენელმა განცხადებით მომართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, რომლითაც გაიხმო სარჩელი მოპასუხე ილ------------–---–ის მიმართ. შესაბამისად, ამავე სასამართლოს 28.03.2019წ. განჩინებით, სარჩელი ილ------------–---–ის მიმართ დარჩა განუხილველი, ხოლო ნი--------------ის მიმართ გაგრძელდა საქმის წარმოება.
2019 წლის 22 აპრილის სასამართლო სხდომაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე ნი--------------ე წარმოადგენს თავდებ პირს, მოსარჩელე სს „ლი------------ის“ წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და განსაზღვრა თავდებობის მაქსიმალური ოდენობით - 3605 ლარით, საიდანაც - 3278.49 ლარი წარმოადგენს სესხის ძირითად თანხას, ხოლო - 326.51 ლარი დარიცხულ პროცენტს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნი--------------ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა შემდეგი: თავდებობის ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, ბანკი ვალდებული იყო ეცნობებინა თავდებისათვის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევის შესახებ და წერილობით ან სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით მაინც უზრუნველეყო ამ ინფორმაციის თავდებისათვის მიწოდება. თუმცა, მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა მოპასუხე ნი--------------ის ინფორმირება შესრულების ვადის გადაცილების თაობაზე და შესაბამისად მისთვის არ იყო ცნობილი დავალიანების შესახებ.
თავდებობის ხელშეკრულების 12.2. პუნქტში აღნიშნულია, რომ ერთზე მეტი თავდების შემთხვევაში, ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ერთი თავდები რაც იმას ნიშნავს, რომ მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება სოლიდარულად დაუშვებელია.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელემ ნი--------------ე საქმეში მოპასუხედ ჩაბმულია როგორც თავდები და არა როგორც ძირითადი მოვალის მემკვიდრე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. სს „ლი------------სა“ და ილ------------–---–ს შორის 20---–-–------------–ს გაფორმდა №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მინი-მიკრო სესხი) შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 3500 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 40%; პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე; სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად; კრედიტის მოქმედების ვადა - 20.04.2018წ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 15-19);
- სესხის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 20);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.2. 26.04.2016წ. №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 20---–-–------------–ს სს „ლი------------სა“ და ნი--------------ეს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება - №5------ 0----------, რომლის საფუძველზეც ნი--------------ე თავდებად დაუდგა მსესხებელ ილ------------–---–ს სს „ლი------------ის“ წინაშე და იკისრა სოლიდარული ვალდებულება მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უპირობოდ დაეკმაყოფილებინა ბანკის მიმართ არსებული მოვალის მოთხოვნები. (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი) თავდებობის მაქსიმალურ ოდენობად განისაზღვრა - 3 605 ლარი.
ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოქმედება თავდების ქონებაზე გადახდევინების მიქცევისათვის მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, თუ ადგილი აქვს: მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და არაჯეროვნად შესრულებას.
ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, ბანკი ვალდებულია ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნის წაყენებამდე (ან ამგვარ მოთხოვნაშივე) აცნობოს თავდებს 6.2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის თაობაზე. ხოლო, თავდების მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, მიაწოდოს მას ცნობები მოვალის ვალის მდგომარეობის შესახებ.
ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ნებისმიერი ურთიერთობა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და მიეწოდოს მხარეს თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და ბანკთან არსებულ სხვა ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე პირადად, კურიერის, ელექტრონული ფოსტის, ფიჭური კავშირგაბმულობის (მოკლეტექსტური შეტყობინება), ინტერნეტ ბანკის, მობაილ ბანკის ან/და ბანკის მირ შემდგომში განსაზღვრული კომუნიკაციის სხვა საშუალებით.
ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თავდები თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკონტაქტო მონაცემების (მათ შორის ხელშეკრულებაში არსებული ნებისმიერი რეკვიზიტის) ცვლილების შესახებ წინასწარ არ შეატყობინებს ბანკს, ბანკის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ასეთი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო კალენდარულ დღეს.
ხელშეკრულების 12.2. პუნქტის თანახმად, ერთზე მეტი თავდების შემთხვევაში, ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ თავდებ მოვალეებს ბანკის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებების მიმართ.
2016 წლის 24 აპრილს ნი--------------ის მიერ შედგენილ იქნა წერილობითი განცხადება, რომლითაც ამ უკანასკნელმა თანხმობა განაცხადა სოლიდარულად აგოს პასუხი სს „ლი------------ის“ წინაშე და №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად, თავდებად დაუდგეს ამავე ხელშეკრულების მოვალეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდების წერილობითი განცხადება (იხ. ს.ფ. 21);
- 26.04.2016წ. თავდებობის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 22-24);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.3. მსესხებლის - ილ------------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „ლი------------ს“ შორის 20---–-–------------–ს გაფორმებული №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მან 20.08.2016წ.-დან დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 15-19);
- ანგარიშის ამონაწერი (იხ. ს.ფ. 33);
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. 2017 წლის 17 ოქტომბერს მსესხებელს - ილ------------–---–სა და თავდებს - ნი--------------ეს გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება 26.04.2016წ. №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ, თუმცა უშედეგოდ, მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა.
დავალიანების შესახებ ილ------------–---–სა და ნი--------------ეს, ასევე არაერთხელ გაეგზავნათ მოკლეტექსტური შეტყობინებები.
ილ------------–---–სა და ნი--------------ეს გაზეთ „სი---------------–ი“ გამოქვეყნების გზით ეცნობათ 26.04.2016წ. №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ლი------------ის“ მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- წერილობითი შეტყობინებები და უკუგზავნილები (ს.ფ. 25-28);
- ამონაწერი (იხ. 22.04.2019წ. სხდომის ოქმზე დართული მტკიცებულება);
- ამონარიდი გაზეთიდან (იხ. ს.ფ. 29-32);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.5. სს „ლი------------ის“ მიერ 02.11.2017წ. გაცემული ცნობის თანახმად, 2017 წლის 02 ნოემბრის მდგომარეობით, №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ილ------------–---–ს ერიცხება დავალიანება - 9 827.02 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3 278.49 ლარი, პროცენტის - 1 799.97 ლარი და ჯარიმა - 4 748.56 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 34);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი);
3.1.6. მსესხებელი - ილ------------–---–ი გარდაიცავალა - 2----–-–-------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 121);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ 20---–-–------------–ს სს „ლი------------სა“ და ნი--------------ეს შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას. (დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტში).
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლი------------ის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 51-ე, 316-317-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 463-465-ე, 867-868-ე, 873-ე, 891-ე, 893-895-ე, 902-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა, კი წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს, ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი, ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
სს „ლი------------სა“ და ილ------------–---–ს შორის 20---–-–------------–ს გაფორმდა №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მინი-მიკრო სესხი) შემდეგი პირობებით: კრედიტის მოცულობა - 3 500 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი - 40%; პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული ძირი თანხის 1% ყოველ ვადაგადაცილებულ კალენდარულ დღეზე; კრედიტის მოქმედების ვადა - 20.04.2018წ.; სესხის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
დადგენილია, რომ მსესხებლის - ილ------------–---–ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს „ლი------------ს“ შორის 26.04.2016წ. გაფორმებული №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მან 20.08.2016წ.-დან დაარღვია სესხის დაფარვის გრაფიკი, რის გამოც სს „ლი------------ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს დაგროვილი და გადაუხდელი დავალიანების დაფარვა.
6.2. წარმოდგენილი სარჩელით სს „ლი------------ი“ დავალიანების დაფარვას ითხოვს მხოლოდ თავდები - ნი--------------ისაგან, თუმცა მოპასუხე სადავოდ ხდის მასსა და სს „ლი------------ს“ შორის 20---–-–------------–ს გაფორმებულ თავდებობის ხელშეკრულებას და განმარტავს, რომ მხარეთა შორის დადებულია არა სოლიდარული თავდებობის არამედ ჩვეულებრივი (სტანდარტული) თავდებობის ხელშეკრულება, რის გამოც მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, დავალიანების გადახდა მოითხოვოს თავდებისაგან. შესაბამისად, სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოარკვიოს აღნიშნული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობის ხელშეკრულება წარმოადგენს ცალმხრივ, კაუზალურ და კონსენსუალურ ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე - თავდები კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარის - კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგეს მესამე პირს - მოვალეს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამდენად, თავდებობის ხელშეკრულება იდება ორ პირს - თავდებსა და კრედიტორს შორის და მასში არ მონაწილეობს მოვალე, თუმცა თავდებობის შინაარსს წარმოადგენს სწორედ მოვალის („მესამე პირი“) მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების პიროვნული უზრუნველყოფა. მოვალემ შეიძლება არც კი იცოდეს თავდებობის ხელშეკრულების არსებობის შესახებ, ან არ დაეთანხმოს მას, თუმცა, ეს არ მოქმედებს თავდებობის ხელშეკრულების ძალმოსილებაზე, ვინაიდან ეს უკანასკნელი დამოუკიდებელი ხელშეკრულებაა და სამართლებრივ საფუძველს თავისივე თავში ატარებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს ჩვეულებრივ (სტანდარტული) თავდებობას და სოლიდარული თავდებობას.
ჩვეულებრივი (სტანდარტული) თავდებობის შემთხვევა გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 894-ე მუხლით, რომლის თანახმადაც თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას. ამდენად, ასეთ შემთხვევაში, კრედიტორმა ჯერ უნდა ამოწუროს უშუალოდ მოვალისაგან მოთხოვნის დაკმაყოფილების საშუალებები და მხოლოდ ამის შემდგომ შეუძლია მოსთხოვოს თავდებს ვალდებულების შესრულება. მანამდე, კი თავდებს უფლება აქვს უარი განაცხადოს კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება სოლიდარული თავდებობის შემთხვევას, აღნიშნული გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლში, რომლის თანახმადაც თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ამდენად, სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, კრედიტორს აღარ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა. არამედ, იგი უფლებამოსილია უშუალოდ მოსთხოვოს თავდებს ვალდებულების შესრულება.
განსახილველ შემთხვევაში, სს „ლი------------სა“ და ნი--------------ეს შორის 20---–-–------------–ს დადებული №5------ 0---------- ხელშეკრულება დასათაურებულია როგორც „თავდებობის ხელშეკრულება“. აღნიშნული ხელშეკრულების 2.1. პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების საგანი, რომლის თანახმადაც თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე და მისი პირობების შესაბამისად, თავდები ბანკის წინაშე თავდებად უდგება ხელშეკრულების 3.1. პუნქტში მითითებულ მოვალეს და იღებს სოლიდარულ ვალდებულებას მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, უპირობოდ დააკმაყოფილოს ბანკის მიმართ არსებული მოვალის მოთხოვნები. ხელშეკრულების 6.2. პუნქტის თანახმად, კი ბანკი უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით დადგენილი ყველა მოქმედება თავდების ქონებაზე გადახდევინების მიქცევისათვის მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშე, თუ ადგილი აქვს: მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობას ან/და არაჯეროვნად შესრულებას.
ამასთან, ნი--------------ის მიერ 20---–-–------------–ს შედგენილი იქნა წერილობითი განცხადება, რომლითაც მან თანხმობა განაცხადა სოლიდარულად აგოს პასუხი სს „ლი------------ის“ წინაშე და №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად თავდებად დაუდგეს ამავე ხელშეკრულების მოვალეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.
ამდენად, მართალია ზემოთ აღნიშნული თავდებობის ხელშეკრულების სათაურია „თავდებობის ხელშეკრულება“, თუმცა ამავე დღეს გაფორმებული თავდების წერილობითი განცხადებისა და ხელშეკრულების შინაარსიდან (ხელშეკრულების 2.1. და 6.2. პუნქტი) ირკვევა, რომ ნი--------------ემ სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ლი------------სა“ და ნი--------------ეს შორის 20---–-–------------–ს დადებული ხელშეკრულება, თავისი სამართლებრივი ბუნებით, წარმოადგენს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას. სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 52-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ როგორ არის დასათაურებული ხელშეკრულება მხარეთა მიერ. ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების განმსაზღვრელია მხოლოდ მისი შინაარსი და მხარეთა მიერ გამოხატული ნება. ამასთან, მხარის პირად პასუხისმგებლობას წარმოადგენს ხელშეკრულებაზე ხელმოწერამდე გაეცნოს მის შინაარს. ამრიგად, სს „ლი------------ი“ უფლებამოსილია ნი--------------ის, როგორც სოლიდარულად პასუხისმგებელი პირისაგან, ძირითადი მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც მოითხოვოს ვალდებულების შესრულება.
რაც შეეხება მოპასუხის მითითებას თავდებობის ხელშეკრულების 12.2. პუნქტზე სასამართლო ვერ გაიზიარებს შემდეგი გარემოების გამო: ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტის თანახმად, ერთზე მეტი თავდების შემთხვევაში, ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ თავდებ მოვალეებს ბანკის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულებების მიმართ. აღნიშნული პუნქტით რეგულირებულია თითოეული თავდების, როგორც სოლიდარული მოვალის პასუხისმგებლობის ფარგლები რამდენიმე თავდების არსებობის შემთხვევაში რა დროსაც მნიშვნელობა არ აქვს ზოგადად თავდებობა ჩვეულებრივია, თუ სოლიდარული. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით, ხელშეკრულების აღნიშნული დათქმა არ გამორიცხავს იმას, რომ ერთი თავდების არსებობის პირობებში, თავდებობა იყოს სოლიდარული და არა ჩვეულებრივი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, კი სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
განსახილველ შემთხვევაში, ძირითადი მოვალისა და თავდების სოლიდარული ვალდებულება წარმოიშვა ხელშეკრულების საფუძველზე. კერძოდ, სს „ლი------------სა“ და ილ------------–---–ს შორის 20---–-–------------–ს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან და ამავე დღეს სს „ლი------------სა“ და ნი--------------ეს შორის დადებული სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან. შესაბამისად, კრედიტორი სს „ლი------------ი“ სსკ-ის 465-ე მუხლის შესაბამისად, უფლებამოსილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების მთლიანად ან/და ნაწილობრივ შესრულება მოითხოვოს, როგორც ძირითადი მოვალისაგან (ამ შემთხვევაში ძირითადი მოვალის მემკვიდრისაგან, ვინაიდან ძირითადი მოვალე ილ------------–---–ი გარდაცვლილია), ასევე თავდებისაგან ერთდროულად, ასევე ნებისმიერი მათგანისაგან დამოუკიდებლად.
სასამართლო აქვე მიზანშეწონილად მიიჩნევს აღნიშნოს, რომ სასამართლოში საქმის წარმოება მიმდინარეობს დისპოზიციურობის პრინციპზე დაყრდნობით, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. დისპოზიციურობის პრინციპი განმტკიცებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით, რომლის თანახმადაც მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპის მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები, რაც ასევე გულისხმობს მოსარჩელის უფლებას თვითონ განსაზღვროს მოპასუხე მხარე და შესაბამისად მისი მოთხოვნის ადრესატი.
ამდენად, სამოქალაქო სამართალში მოქმედი დისპოზიციურობის პირნციპისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან სასამართლომ მიიჩნია, რომ სს „ლი------------სა“ და ნი--------------ეს შორის 20---–-–------------–ს დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებას, კრედიტორი სს „ლი------------ი“ უფლებამოსილია თავად აირჩიოს მოპასუხე მხარე და 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა მოითხოვოს მხოლოდ თავდებისაგან.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, კი დაუსაბუთებელი და სამართლებრივ საფუძველს მოკებულია მოპასუხის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე ვალდებული იყო დაედგინა ძირითადი მოვალის უფლებამონაცვლე და მისგან მოეთხოვა დავალიანების გადახდა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, კრედიტორი უფლებამოსილია თავისი არჩევით დავალიანების გადახდა მოითხოვოს როგორც ძირითადი მოვალის უფლებამონაცვლისა (ასეთის დადგენის შემთხვევაში) და თავდებისაგან სოლიდარულად, ისე მათგან ცალცალკე. კონკრეტულ შემთხვევაში, კრედიტორმა აირჩია მოთხოვნის ადრესატი - თავდები ნი--------------ე, რაც მის კანონით მინიჭებულ უფლებას წარმოადგენდა.
6.4. მოპასუხე, ასევე სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ თავდებს - ნი--------------ეს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შესახებ. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
26.04.2016წ. თავდებობის ხელშეკრულების 6.3. პუნქტის თანახმად, ბანკი ვალდებულია ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნის წაყენებამდე (ან ამგვარ მოთხოვნაშივე) აცნობოს თავდებს 6.2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების (მოვალის მიერ ძირითადი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა ან/და არაჯეროვნად შესრულება) დადგომის თაობაზე. ხოლო, თავდების მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, მიაწოდოს მას ცნობები მოვალის ვალის მდგომარეობის შესახებ. ხოლო, ხელშეკრულების 10.1. პუნქტის თანახმად, კი მხარეთა შორის ნებისმიერი ურთიერთობა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და მიეწოდოს მხარეს თავდებობის ხელშეკრულებაში ან/და ბანკთან არსებულ სხვა ხელშეკრულებაში მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე, პირადად კურიერის, ელექტრონული ფოსტის, ფიჭური კავშირგაბმულობის (მოკლეტექსტური შეტყობინება), ინტერნეტ ბანკის, მობაილ ბანკის ან/და ბანკის მირ შემდგომში განსაზღვრული კომუნიკაციის სხვა საშუალებით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 17 ოქტომბერს როგორც ძირითად მოვალეს, ისე თავდებს - ნი--------------ეს თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ მისამართზე (თბ--–--------–------------------------------) გაეგზავნათ წერილობითი შეტყობინება ძირითადი მოვალის მიერ 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შესახებ, თუმცა უშედეგოდ, მათთვის შეტყობინების ჩაბარება ვერ მოხერხდა იმ მიზეზით, რომ მისამართზე არავინ იმყოფებოდა. გარდა ამისა, დავალიანების შესახებ, თავდებობის ხელშეკრულებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე (ტელ: 5--------) ნი--------------ეს არაერთხელ გაეგზავნა მოკლეტექსტური შეტყობინება. უნდა აღინიშნოს ისაც, რომ ილ------------–---–სა და ნი--------------ეს გაზეთ „სი---------------–ი“ გამოქვეყნების გზით ეცნობათ 26.04.2016წ. №5------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „ლი------------ის“ მიმართ არსებული დავალიანების შესახებ.
თავდებობის ხელშეკრულების 10.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ თავდები თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი საკონტაქტო მონაცემების (მათ შორის ხელშეკრულებაში არსებული ნებისმიერი რეკვიზიტის) ცვლილების შესახებ წინასწარ არ შეატყობინებს ბანკს, ბანკის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ასეთი შეტყობინება ჩაითვლება ჩაბარებულად შეტყობინების გაგზავნიდან მომდევნო კალენდარულ დღეს. ნი--------------ეს არ უცნობებია სს „ლი------------ისათვის“ მისი საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ.
ამდენად, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხის მითითება მასზედ, რომ ნი--------------ეს კანონით დადგენილი წესით არ ეცნობა 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების შესახებ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
თუმცა, ასეც რომ არ იყოს, კრედიტორის მიერ თავდებისათვის დავალიანების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევა იწვევს არა თავდების მიმართ მოთხოვნის უფლების სრულად გაქარწყლებას, არამედ მოთხოვნის უფლების დაკარგვას იმ ფარგლებში, რომლებშიც თავდებისათვის დარღვევის ან/და უზრუნველყოფილი ვალდებულების მდგომარეობის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევდა ზიანს (მაგალითად ვადის გადაცილების პირგასამტეხლო).
მოცემულ შემთხვევაში, სს „ლი------------ი“ მოითხოვს თავდებისათვის 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მხოლოდ სესხის ძირი თანხის - 3278.49 ლარისა და სახელშეკრულებო პროცენტის ნაწილის - 326.51 ლარის დაკისრებას, შესაბამისად, ვინაიდან მოთხოვნა არ მოიცავს დავალიანების შესახებ თავდების შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო „ზიანს“, სამართლებრივი სურათი ვერ შეიცვლებოდა ვერც აღნიშნული ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში.
ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „ლი------------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად ნი--------------ეს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 26.04.2016წ. საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3605 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3278.49 ლარი და პროცენტი - 326.51 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1 მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 183 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით: სარჩელზე, აგრეთვე განცხადებაზე ლიზინგის საგნის გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, კი მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ შემდეგ საქმეებს: ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ამავე კოდექსის
მოცემულ შემთვევაში სარჩელის ფასი შეადგენს - 3065 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე ნი--------------ეს მოსარჩელე სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხა - 54.08 ლარის ოდენობით.
ამასთან, თავდაპირველად მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა მოპასუხისათვის დავალიანების - 6 078.46 ლარის გადახდა, თუმცა ვინაიდან სს „ლი------------მა“ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა - 3 605 ლარამდე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე ზედმეტად გადახდილი თანხა - 128.92 ლარის ოდენობით.
მოსარჩელე მოითხოვს მის მიერ საფოსტო მომსახურებისათვი გაწეული ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას. ამასთან, აღნიშნული ხარჯის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს - უკუგზავნილები, ასევე საფოსტო-საკურიერო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება და მისი დანართი №1, რომლითაც განსაზღვრულია წერლობითი კორესპონდენციის ტარიფები (იხ.ს.ფ. 48-59).
ზემოთ აღნიშნული დოკუმენტებიდან დგინდება, რომ მოპასუხე ნი--------------ისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების ჩაბარებისათვის მოსარჩელის მიერ გაწეულ იქნა ხარჯი ჯამში - 15.5 ლარის ოდენობით. შესაბამისად, მოპასუხე ნი--------------ეს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის - 15.5 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,ლი------------ის” სარჩელი ნი--------------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ნი--------------ეს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 3 605 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3278.49 ლარი და პროცენტი - 326.51 ლარი.
2. მოპასუხე ნი--------------ეს სს „ლი------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 54.08 ლარისა და საფოსტო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად - 15.5 ლარის გადახდა.
3. სს ,,ლი------------ს” დაუბრუნდეს მის მიერ 2017 წლის 13 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 183 ლარიდან - 128.92 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო დავალება №5.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე