გადაწყვეტილება

სამოქალაქო 01.05.2019
საქმის ნომერი
330210119002879556
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
01.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4541-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

1 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა ჯინორია

სხდომის მდივანი - ირაკლი გამსახურდია

მოსარჩელე - მ------ ზ---- დ--------ი

წარმომადგენლი - ნ------- ყ----–---–ი

მოპასუხე - დ--–- ზ---–-–---–ი

წარმომადგენელი - გ--–- გ--–----ე

დავის საგანი - სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა, თანხის დაკისრება, ხელშეკრულების ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა (შემცირებული)

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი N1-------- სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება ძირითადი თანხის - 6400 აშშ დოლარის ნაწილში;

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ე---------- ჯ--–--ის მიერ 2019 წლის 12 თებერვალს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცელი პირგასამტეხლოს ნაწილში.

1.3. მოპასუხე დ--–- ზ---–-–---–ს მ------ ზ---- დაგესტანის სასარგებლოდ დაეკისროს 3 500 აშშ დოლარის გადახდა.

 

სარჩელის საფუძვლად მითითებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 05.09.2017 წელს მხარეებს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც დ--–- ზ---–-–---–მა ასესხა მ------ ზ---- დ--------ს 41 400 აშშ დოლარი, რაც რეალურად არ მომხდარა. სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ სესხი სარგებლიანია და სარგებლის ოდენობა შეადგენს 2.5%-ს ყოველთვიურად. ხელშეკრულება გაფორმდა 06 თვის ვადით 2018 წლის 06 მარტამდე და მხარეები ასევე ადასტურებენ, რომ ექვსი თვის პროცენტი მსესხებლის მიერ გადახდილია გამსესხებელზე სესხის თანხასთან ერთად ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე ნაღდი ანგარიშსწორებით.

 

სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის კუთვნილი უძრავი ქონება.

 

აღნიშნული ხელშეკრულების დადების მიზანი იყო მოსარჩელის მოტყუება და მისი კუთვნილი უძრავი ქონების მისაკუთრება. დ--–- ზ---–-–---–ს ხელშეკრულებაში მითითებული 41 400 აშშ დოლარი არ გადაუცია. სესხის თანხა უნდა მიეღო ვ--–------------ეს, რაც დასტურდება ვ--–------------ის ხელწერილით.

 

ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის შემდეგ მ------ ზ---- დ--------ს დაურეკა დ--–- ზ---–-–---–მა და მოსთხოვა ერთი თვის პროცენტის გადახდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ემუქრებოდა სააღსრულებო ფურცლის აღებით და სახლის აუქციონზე გაყიდვით. მოსარჩელეს შეეშინდა სახლის დაკარგვის და იძულებული იყო მოპასუხისათვის გადაეხადა 4 თვის პროცენტის თანხა, რაც დასტურდება საბანკო ქვითრებით.

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა აღიარა მისი მარწმუნებლის მიერ 35 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტი და განმარტა, რომ ამ ნაწილში ხელშეკრულებას სადავოდ აღარ ხდის.

 

სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ კიდევ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები და გაცემული სააღსრულებო ფურცელი სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გამსესხებლის მიერ თანხის გადაცემის ფაქტი დადასტურებულია 05.09.2017 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით. აღნიშნული ხელშეკრულება იყო მხარეთა ნების გამოვლენა და არანაირ დაფარულ გარიგებას არა აქვს ადგილი. ასევე გაურკვეველია მხარის მიერ მითითებულ ვ--–------------ეს რა აკავშირებს გარიგებასთან. 05.09.2017 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მოსარჩელემ შეასრულა იგივე უძრავ ქონებაზე 25.05.2017 წელს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულება. მოსარჩელე არ არის დილეტანტი, რასაც ადასტურებს მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე არსებული იპოთეკის ხელშეკრულებები.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 05.09.2017 წელს დ--–- ზ---–-–---–ს (კრედიტორი) და მ------ ზ---- დ--------ს (მოვალე) შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, ხელშეკრულებაში სესხის ოდენობად მითითებულია 41 400 აშშ დოლარი, ხოლო სარგებლის ოდენობა შეადგენს 2.5%-ს ყოველთვიურად. ხელშეკრულება გაფორმდა 06 თვის ვადით 2018 წლის 6 მარტამდე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოვალის კუთვნილი უძრავი ქონება. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.12% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

ხელშეკრულების მე-2 პუნქტში აღნიშნულია: „მხარეები ადასტურებენ, რომ ექვსი თვის პროცენტი გადახდილია სესხის თანხასთან ერთად ამ ხელშეკრულების სანოტარო წესით დამოწმებამდე, ნაღდი ანგარიშსწორებით“.

 

ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ გადახდილი თანხიდან პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო, დარიცხული პროცენტი, ძირითადი თანხა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 05.09.2017 სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 23-27).

 

3.1.2. მოვალემ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია, რის გამოც ნოტარიუს ე---------- ჯ--–--ის მიერ 12.02.2019 წელს გაიცა სააღსრულებო ფურცელი, რომლის შესაბამისადაც აღსასრულებელი ვალდებულება შემდეგნაირად განისაზღვრა: სესხის ძირითადი თანხა - 35 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - სესხის თანხის 0.12% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2018 წლის 06 მარტიდან აღსრულებამდე, ნოტარიუსის მიერ სააღსრულებო ფურცლის გასაცემად გაწეული ხარჯი - 125.54 ლარი.

 

სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე კერძო აღმასრულებელმა იმავე დღეს დაიწყო სააღსრულებო წარმოება. აღსასრულებელი ვალდებულება 49 406 აშშ დოლარით განისაზღვრა, საიდანაც 14 406 აშშ დოლარი დარიცხული პირგასამტეხლოა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

- 12.02.2019 სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 153-156);

- წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 29)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოვალემ ფაქტობრივად მიიღო სესხი 35 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულების დადებისას მოვალემ კრედიტორს წინასწარ გადაუხადა 6 თვის სარგებელი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ემყარება მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების პრინციპს. თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის გარემოებები, რომელიც მისი მტკიცების საგანია და რისი დადასტურების შესაძლებლობაც მას ობიექტურად გააჩნია.

 

სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობის დავებზე მტკიცების ტვირთი ნაწილდება შემდეგნაირად: გამსესხებელს აწევს იმის მტკიცების ვალდებულება, რომ თანხა გადასცა მსესხებელს და რომ ამ უკანასკნელმა იკისრა თანხის დაბრუნების ვალდებულება (თუ ხელშეკრულება წერილობით არ დადებულა). განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილია რთული წერილობითი ფორმით დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება და ხელშეკრულების დადება სადავო არ არის. მოსარჩელე აღარ უარყოფს სესხად 35 000 აშშ დოლარის მიღების ფაქტს. ხელშეკრულება სადავოა მხოლოდ ძირითადი თანხის - 6400 აშშ დოლარის გადაცემის ნაწილში.

 

ჩვეულებრივ, მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის ნაწილდება თანაბრად, მაგრამ, გარკვეულ შემთხვევებში, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი განსაზღვრულია მატერიალური კანონმდებლობით. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა ვალდებულების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 429-433 მუხლების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ თუ სესხის გადაცემის მტკიცების ტვირთი ეკისრება გამსესხებელს, სანაცვლოდ, სესხის დაბრუნების მტკიცების ტვირთი მოვალეს აწევს. ვალდებულების შესრულების დამდასტურებელი დოკუმენტის მიღება და შენახვა არის მოვალის და არა კრედიტორის ინტერესებში.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე აღნიშნავს, რომ მან მოპასუხეს ხელშეკრულების დადებისთანავე, წინასწარ გადასცა 6 თვის სარგებელი.

 

საქმეში წარმოდგენილია სანოტარო წესით დამოწმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. ხელშეკრულების 1-ლი პუნქტის თანახმად კრედიტორმა მოვალეს გადასცა 41 400 აშშ დოლარი, მაგრამ საქმეში წარმოდგენილი სადავო სააღსრულებო ფურცლით სესხის ძირი თანხა 35 000 აშშ დოლარით განისაზღვრა. იმავდროულად, როგორც უკვე აღინიშნა, სესხი იყო სარგებლიანი და სარგებელი განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 2,5%-ით თვეში. საქმეში წარმოდგენილია რამდენიმე გადახდის ქვითარი, რომლის თანახმადაც მოვალემ გადაიხადა სარგებელი 875 აშშ დოლარი. 35 000-ის 2,5% არის 875. ყველა ამ გარემოების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასამართლო იზიარებს მოვალის მტკიცებას, რომ სესხი სინამდვილეში 35 000 აშშ დოლარს შეადგენდა, მით უმეტეს, რომ მოპასუხემ ვერ წარმოადგინა რაიმე დამაჯერებელი განმარტება იმის თაობაზე, სააღსრულებო ფურცლით რატომ იქნა გათვალისწინებული 35 000 აშშ დოლარი და არა 41400 აშშ დოლარი. სასამართლოსათვის არასარწმუნოა მოპასუხის წარმომადგენლის მტკიცება, რომ მის მარწმუნებელს ეშინოდა, გასაჩივრების შემთხვევაში, სასამართლოს არ შეემცირებინა პირგასამტეხლო და ამიტომ მიუთითა ძირითადი თანხა ნაკლები. ასეთ შემთხვევაში კრედიტორს შეეძლო, პირგასამტეხლოს თანხა შეემცირებინა სააღსრულებო ფურცლის გაცემისას.

 

რაც შეეხება სარგებელს (პროცენტს) ხელშეკრულების მე-2 პუნქტის თანახმად, მხარეთა განცხადებით, გადახდილია 6 თვის სარგებელი. ხელშეკრულების დარღვევის შედეგად გაცემული სააღსრულებო ფურცელი ასევე არ ითვალისწინებს სარგებელს აღსასრულებელი ვალდებულების ფარგლებში, შესაბამისად, სასმართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოვალემ ხელშეკრულების დადებისას წინასწარ გადაიხადა 6 თვის სარგებელი.

 

3.2.2 16.11.2017 წელს, 20.12.2017 წელს, 28.03.2018 წელსა და 17.05.2018 წელს მოვალემ გადაიხადა სესხის პროცენტი 3500 აშშ დოლარი ჯამში (875 აშშ დოლარი თითოეულ ჯერზე).

 

ხელშეკრულება არ ითვალისწინებს შეთანხმებას სესხის ვადის ამოწურვის შემდგომ პროცენტის გადახდაზე.

 

გადახდილი თანხიდან 1750 აშშ დოლარით დაიფარა დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილი.

 

საქმეში წარმოდგენილია 16.11.2017 წლის, 20.12.2017 წლის, 28.03.2018 წლისა და 17.05.2018 წლის სალაროს შემოსავლის ორდერები, რომლის თანახმადაც მოვალემ კრედიტორს გადაურიცხა ყოველ ჯერზე 875 აშშ დოლარი, ჯამში 3500 აშშ დოლარი. მოპასუხე არ უარყოფს ამ თანხის მიღებას, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს იყო კუთვნილი სარგებელი.

 

როგორც უკვე აღინიშნა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება დაიდო 6 თვის ვადით - 2018 წლის 6 მარტამდე. მხარეები არ შეთანხმებულან ვადის გასვლის შემდგომ სარგებლის გადახდაზე, ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სარგებელი მოვალემ წინასწარ გადაიხადა (იხ. ზემოთ 3.2.1 პუნქტი). შესაბამისად, მოვალემ ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე ორჯერ გადაიხადა სარგებელი, რომლის გადახდის ვალდებულებაც აღარ ეკისრებოდა, ხოლო ვადის გასვლის შემდეგ - გადაიხადა 1750 აშშ დოლარი.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულების ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ გადახდილი თანხიდან პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო, დარიცხული პროცენტი, ძირითადი თანხა.

 

დადგენილია ასევე, რომ მოვალემ ვერ დააბრუნა სესხის ძირითადი თანხა შეთანხმებულ ვადაში და 2018 წლის 6 მარტიდან ერიცხება პირგასამტეხლო.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვადის გასვლის შემდგომ გადახდილი 1750 აშშ დოლარით დაიფარა დარიცხული პირგასამტეხლო, ხოლო ხელშეკრულების ვადაში გადახდილი თანხა არის ვალდებულების გარეშე გადახდილი, ამასთან, მოსარჩელე არ ითხოვს მის ჩათვლას პირგასამტეხლოს ან სესხის ძირითადი თანხის ანგარიშში, არამედ ითხოვს მოპასუხისაგან თანხის დაბრუნებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 56-ე, 623-ე, 625-ე, 976-ე, 979-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის მიხედვით, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

საჯარო წესრიგში იგულისხმება სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტური პრინციპები. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ურთიერთობის კონკრეტული მონაწილის უფლებები, არამედ იგი ვნებას აყენებს, პირველ რიგში, სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესებს. გარიგება, რომელიც დაიდო იმ პირის ნების გამოვლენის გარეშე, რომელსაც ამ გარიგების საფუძველზე ვალდებულებები წარმოეშობა, საჯარო წესრიგს ეწინააღმდეგება და ბათილია.

 

სამოქალაქო ბრუნვის კეთილსინდისიერება მის მონაწილეთა კეთილსინდისიერებას ეფუძნება, რაც ამ უკანასკნელებისადმი სანდოობას გულისხმობს. ასეთი ურთიერთდამოკიდებულება გამარტივებული და ცოცხალი სამოქალაქო ბრუნვის აუცილებელი წინაპირობაა. ეს სრულიადაც არ ნიშნავს ურთიერთობის მონაწილეთა მხრიდან ერთმანეთის მიმართ თვალდახუჭულ ნდობას. იგი აუცილებლად გულისხმობს წინდახედულობის გონივრულ მასშტაბს, რომლის იგნორირებამაც შეიძლება ბრუნვის მონაწილე არაკეთილსინდისიერ მონაწილედ აქციოს და დაცვის მიღმა დატოვოს.

 

სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება).

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეებს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გაუგებარია, მისი ამორალურობა რაში მდგომარეობს. სასამართლოს ასევე არ დაუდგენია რაიმე ფაქტობრივი გარემოება, რაც ხელშეკრულების მოჩვენებითობას დაადასტურებდა, ამასთან, თავად მოსარჩელემ დაადასტურა, რომ 35 000 აშშ დოლარი მიიღო სესხად, შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი სარგებლის გადახდის ვალდებულება. ამ განმარტების შედეგად, მოსარჩელემ როგორც მოსამზადებელ, ისე მთავარ სხდომაზე შეამცირა და დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნები.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების ბათილად ცნობას 6400 აშშ დოლარის ნაწილში: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოვალეს რეალურად 35 000 აშშ დოლარი გადაეცა და არა 41 400, როგორც ეს ხელშეკრულებაშია მითითებულია. იმავდროულად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის შესაბამისად, აღიარებითი სარჩელის წარდგენისა და დაკმაყოფილების აუცილებელი წინაპირობაა იურიდიული ინტერესის არსებობა. იურიდიული ინტერესი არსებობს მაშინ, თუ აღიარებითი მოთხოვნის დაკმაყოფილებით კონკრეტული და ხელშესახები შედეგი დგება მოსარჩელისათვის.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ კრედიტორი მოვალისაგან ისედაც მხოლოდ 35 000 აშშ დოლარის დაბრუნებას ითხოვს, კერძოდ, სადავო სააღსრულებო ფურცლით სესხის ძირითადი თანხა 35 000 აშშ დოლარითაა განსაზღვრული, ამდენად, ხელშეკრულების სადავო ნაწილში ბათილად ცნობის იურიდიული ინტერესი არ არსებობს.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში უნდა მიეთითოს მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი.

 

კრედიტორის მიერ გაცემული სესხი სარგებლიანი და სარგებელი განისაზღვრა სესხის ძირითადი თანხის 2,5%-ით თვეში. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოვალემ კრედიტორს ხელშეკრულების დადებისას წინასწარ გადასცა 6 თვის სარგებელი.

 

მიუხედავად იმისა, რომ სარგებელი გადახდილი ჰქონდა, მოვალემ 16.11.2017 წელს, 20.12.2017 წელს, 28.03.2018 წელსა და 17.05.2018 წელს მოვალემ გადაიხადა სესხის პროცენტი 3500 აშშ დოლარი ჯამში (875 აშშ დოლარი თითოეულ ჯერზე).

 

დადგენილია ასევე, რომ ხელშეკრულება 2018 წლის 6 მარტამდე დაიდო. მოვალემ სესხი შეთანხმებულ ვადაში ვერ დააბრუნა.

 

სამოქალაქო კოდექსის 366-ე მუხლის თანახმად თუ განსაზღვრულია დრო, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ კრედიტორს არ შეუძლია შესრულების მოთხოვნა ამ ვადამდე, ხოლო მოვალეს შეუძლია ვალდებულების შესრულება ვადაზე ადრე.

 

ამავე კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

სარგებლის (პროცენტის) გადახდის ვალდებულება, რომელიც მხარეებმა გაითვალისწინეს სესხის ხელშეკრულებისათვის, შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება 403-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტისაგან, რომელიც ის ზიანია, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო; ამასთან, 403-ე მუხლით სარჩელის დაკმაყოფილებისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: 1) მოვალეს შესასრულებელი უნდა ჰქონდეს ფულადი ვალდებულება; 2) ფულადი ვალდებულების შესრულების ვადა უნდა იყოს დარღვეული; 3) ფულადი თანხის გადახდის ვადის გადაცილებისათვის უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება პროცენტის თაობაზე (იხ. სუსგ Nას-1701-1685-2011 ).

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეები არ შეთანხმებულან სესხის ვადის გასვლის შემდეგ პროცენტის გადახდაზე თანხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად კი, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

დადგენილია, რომ ვალდებულების დარღვევისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო - გადასახდელი თანხის 0.12%-ი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

 

გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, მოვალეს დაერიცხა პირგასამტეხლო 06.03.2018 წლიდან 12.02.2019 წლამდე, სულ 14 406 აშშ დოლარი.

 

ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების შესრულების თანმიმდევრობაზე, კერძოდ, ხელშეკრულების მე-7 პუნქტის თანახმად, მოვალის მიერ გადახდილი თანხიდან პირველ რიგში დაიფარება პირგასამტეხლო, დარიცხული პროცენტი, ძირითადი თანხა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდგომ გადახდილი 1750 აშშ დოლარით დაიფარა დარიცხული პირგასამტეხლოს ნაწილი.

 

რაც შეეხება ხელშეკრულების ვადის ამოწურვამდე გადახდილ 1750 აშშ დოლარს, სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.

 

ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით.

 

ვინაიდან მოვალემ წინასწარ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მთლიანი სარგებელი, მას განმეორებით პროცენტის გადახდის ვალდებულება არ ჰქონდა, ამდენად, 1750 აშშ დოლარი ვალდებულების გარეშეა გადახდილი, ამასთან, მოსარჩელე არ ითხოვს ამ თანხის ჩათვლას პირგასამტეხლოს ან ძირითადი თანხის ანგარიშში, სასამართლო კი, მოთხოვნას ვერ გასცდება.

 

6.3. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).

 

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება (იხ. სუსგ №ას-536-512-2016).

 

სასამართლოს სწორედ ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, უფლება აქვს დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.

 

დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოა 0,12%. ჯამში კი, მოვალეს 14 406 აშშ დოლარი დაერიცხა.

 

სასამართლო ეთანხმება მოსარჩელეს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული და სააღსრულებო ფურცლით დარიცხული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს გონივრულ და სამართლიან ოდენობამდე, იმგვარად, რომ არ დაიკარგოს მისი დანიშნულება.

 

სასამართლოს მოსაზრებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული 0,12% არ შეესაბამება პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობას და უნდა შემცირდეს 0,054%-მდე.

 

ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობაა 343 (06.03.2018-დან 12.02.2019-მდე), გადასახდელი პირგასამტეხლო შეადგენს დღეში 18,95 აშშ დოლარს, ჯამში კი 6500 აშშ დოლარს, რომელსაც უნდა გამოაკლდეს უკვე გადახდილი 1750 აშშ დოლარი და სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე გადასახდელი პირგასამტეხლო განისაზღვროს 4750 აშშ დოლარით.

 

6.4 სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).

 

სასამართლო არ არის ვალდებული, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები ან შეაფასოს მტკიცებულებები, რომლებსაც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოსარჩელემ მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა მოთხოვნა 35 000 აშშ დოლარის ნაწილში, შესაბამისად, ამ მოთხოვნის პროპორციული სახელმწიფო ბაჟი - 2100 ლარი უნდა დაუბრუნდეს.

 

მოპასუხეს კი, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან იმ მოთხოვნის პროპორციული ბაჟის ანაზღაურება, რომელიც დაკმაყოფილდა, რაც 416 ლარს შეადგენს.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის განჩინებით შეჩერდა ნოტარიუს ე---------- ჯ--–--ის 2019 წლის 12 თებერვალს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული კერძო აღმასრულებელ ე-----–- ღ--------ის წარმოებაში არსებული NA------- სააღსრულებო წარმოება, სასამართლოში საქმის განხილვის დასრულებამდე.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლიდან გამომდინარე, უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს და განახლდეს დაწყებული სააღსრულებო წარმოება წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული ცვლილებების შესაბამისად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ------ ზ---- დ--------ის სარჩელი დ--–- ზ---–-–---–ის მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ე---------- ჯ--–--ის მიერ 2019 წლის 12 თებერვალს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში (სანოტარო აქტი N1--------) და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს 4750 აშშ დოლარით;

 

3. დ--–- ზ---–-–---–ს მ------ ზ---- დაგისიტანის სასარგებლოდ დაეკისროს 1750 აშშ დოლარის დაბრუნდება;

 

4. დანარჩენ ნაწილში მ------ ზ---- დ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

5. მ------ ზ---- დ--------ს დაუბრუნდეს, ნ------- ყ----–---–ის (პ/ნ 43001004888) მიერ 01/03/2019 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (სს ,,თ----------ის’’ საგადასახადო დავალება #0, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის შემდეგი რეკვიზიტების მიხედვით: ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22) - 2100 ლარი;

 

6. მოპასუხე დ--–- ზ---–-–---–ს მ------ ზ---- დ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 416 ლარის გადახდა;

 

7. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 5 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და განახლდეს ნოტარიუს ე---------- ჯ--–--ის 2019 წლის 12 თებერვალს გაცემული N1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული კერძო აღმასრულებელ ე-----–- ღ--------ის წარმოებაში არსებული NA------- სააღსრულებო წარმოება, მოცემული სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ფარგლებში;

 

9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

 

10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა ჯინორია