გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1811-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 მაისი, 2--- წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - სს ,,ბ---------ი’’
წარმომადგენელი - თ--------------–--ე, თ-----------–-----, თ------------–---–ი, დ--------------–---–ი
მოპასუხე - ქ--------–-----–--ე
წარმომადგენელი - ქ---------------
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 12 904.88 ლარის, პროცენტის - 780.36 ლარის და პირგსამტეხლოს - 1 421.41 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-13):
1.1.1. 2--- წლის 1---------ოს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე გაიცა სესხი 15 000 ლარის ოდენობით წლიური საპროცენტო სარგებლის-11.11%-ის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადად განისაზღვრა პერიოდი 2--- წლის 1---------ოდან 2--- წლის 1---------ომდე;
1.1.2. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის განისაზღვრა დავალიანების 0.4%, მინიმუმ 15 ლარით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.1.3. ხელშეკრულების 3.3 პუნქტის თანახმად, მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტი და მასზე დარიცხული სარგებელი ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში თანდართული გრაფიკის შესაბამისად, კერძოდ, ყოველი თვის 07 რიცხვში 491.86 ლარის გადახდით;
1.1.4. 2--- წლის 2----------ლიდან შეიცვალა კრედიტის დაფარვის გრაფიკი. აღნიშნული ცვლილების თანახმად, მოპასუხის მიერ დავალიანების დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 26 რიცხვში 492 ლარის გადახდით;
1.1.5. მოპასუხის მიერ არაერთხელ დაირღვა საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის განსაზღვრული გრაფიკით გადახდის შესახებ;
1.1.6. არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, მოპასუხის მიერ 2--- წლის 28 თ------ლის შემდგომ აღარ განხორციელებულა გადახდა ვალდებულების შესრულების მიზნით;
1.1.7. 2--- წლის 0- თ------ლის მდგომარეობით, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 15 106.65 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 12 904.88 ლარი, პროცენტი - 780.36 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 1421.41 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომლითაც სარჩელი არ ცნო.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მან სარჩელი ცნო 2--- წლის 1---------ოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 12 904.88 ლარის და სარგებლის - 780.36 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 39-48; 2--- წლის 17 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
2.1.1. მხარეებს შორის 2--- წლის 1---------ომდეც არსებობდა სხვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სახელშეკრულებო ურთიერთობა და იგი ჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს ხელშეკრულების მოქმედების მთელ პერიოდში. 2--- წლის 1---------ოს დადებული ახალი ხელშეკრულებით კი გაიზარდა სასესხო თანხის ოდენობა;
2.1.2. 2--- წლის თ------ლიდან სამსახურის დაკარგვის გამო უკიდურესად გაუარესდა მისი მატერიალური მდგომარეობა, თუმცა მან შეცვლა გრაფიკით გათვალისწინებული გადახდის თარიღი იმ მიზნით, რომ შეძლებოდა მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულება;
2.1.3. ვინაიდან ვეღარ ახერხებდა მოსარჩელის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას, არაერთხელ მიმართა მას ახალი გრაფიკის - ე.წ. რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების შედგენის მოთხოვნით, რაზეც უარი განუცხადეს;
2.1.4. მოსარჩელის მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევასთან მიმართებით მოთხოვნილი პირსაგამტეხლო ვადაგადაცილებულ თანხის 0.4% არაგონივრული და შეუსაბამოა, უნდა შემცირდეს 0.05%-მდე.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2--- წლის 1---------ოს მხარეებს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხის სახელზე წლიური 11.11%-ის დარიცხვის პირობით გაიცა კრედიტი - 15 000 ლარი, კრედიტის ხანგრძლივობა -1-----2----დან 1-----2----მდე.
ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.4%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული შენატანისთვის პირველი ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.4%-ს, მინიმუმ 15 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში საერთოდ არ დაფარავს დავალიანებას, სამივე თვის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული შენატანისთვის პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.4%-ის ოდენობით, მინიმუმ 15 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება, ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, სესხის გრაფიკი (ს.ფ. 17-22)
3.1.2. მხარეთა შეთანხმებით 2--- წლის 2----------ლიდან შეიცვალა 2--- წლის 1---------ოს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად დადგენილი კრედიტის დაფარვის გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სესხის გრაფიკი (ს.ფ. 23-24)
3.1.3. მოპასუხის მიერ დარღვეულია 2--- წლის 1---------ოს საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება თანხის ყოველთვიური გრაფიკით გადახდის შესახებ. მის მიერ 2--- წლის 28 თ------ლის შემდგომ აღარ განხორციელებულა გადახდა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი (ს.ფ. 25-26)
3.1.4. 2--- წლის 0- თ------ლის მდგომარეობით მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 15 106.65 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 12 904.88 ლარი, პროცენტი - 780.36 ლარი, დარიცხული პირგასამტეხლო - 1421.41 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 27)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.4%, შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს დავალიანების ძირითადი თანხის 0.05%-ით. სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს მისი 8-ჯერ - 177.7 ლარამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
დადგენილია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად გრაფიკით გათვალისწინებული შენატანის ვადაგადაცილების შემთხვევაში ჯარიმა შეადგენს მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.4%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული შენატანისთვის პირველი ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლო შეადგენს მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.4%-ს მინიმუმ 15 ლარს. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ზედიზედ სამი თვის განმავლობაში საერთოდ არ დაფარავს დავალიანებას, სამივე თვის განმავლობაში გრაფიკით გათვალისწინებული თითოეული შენატანისთვის პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება პირგასამტეხლო მიმდინარე დავალიანების (ვადაგადაცილებული) თანხის 0.4%-ის ოდენობით, მინიმუმ 15 ლარი.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის და შესაბამისად დადგენილია სასამართლოს მიერ მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის ფაქტი. მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე ითხოვს მის შემცირებას და მიუთითებს, რომ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრული და მისი ოდენობა ნაცვლად მოთხოვნილი ვადაგადაცილებული თანხის 0.4%-ისა უნდა განისაზღვროს 0.05%-ით.
სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ საბანკო კრედიტს ხელშეკრულებასთან მიმართებით მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი, არაგონივრულია და არსებობს მისი მოპასუხის მიერ მითითებულ ოდენობამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.20-0 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.20-5წ. საქმე №ას-1158-1104-20-4, 10.02.20-6წ. საქმე №ას-1265-1187-20-5).
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-20-2).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2--- წლის 1---------ოს ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ ,,შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2--- წლის 1---------ოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 1 421.41 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 177.70 ლარით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე მუხლები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის ურთიერთობა წარმოშობილია საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები და ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და წესით, ჯეროვნად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, მან სარჩელი ცნო 2--- წლის 1---------ოს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 12 904.88 ლარის და სარგებლის - 780.36 ლარის გადახდის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხის მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობა, წარმოადგენს ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.
სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად.
სასამართლომ გონივრულად მიიჩნია პირგასამტეხლოს შემცირება 8-ჯერ და მისი განსაზღვრა 177.70 ლარით, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2--- წლის 1---------ოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს გადახდა სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 453.20 ლარი (ს.ფ. 32). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამასთან, მოპასუხემ მოსამზადებელ სხდომაზე იგი ცნო ნაწილობრივ (ცნო სასარჩელო მოთხოვნის 90.6%). შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 410.60 ლარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, ხოლო მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5.4 ლარის ანაზღაურება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა. სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვლება გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ბ---------ის’’ სარჩელი მოპასუხე ქ--------–-----–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე ქ--------–-----–--ეს მოსარჩელე სს ,,ბ---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის - 12 904.88 ლარის და პროცენტის - 780.36 ლარის გადახდა;
3. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე და მოპასუხე ქ--------–-----–--ეს მოსარჩელე სს ,,ბ---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს ანაზღაურება 177.70 ლარის ოდენობით;
4. მოპასუხე ქ--------–-----–--ეს მოსარჩელე სს ,,ბ---------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 5.4 ლარის ოდენობით.
5. მოსარჩელე სს ,,ბ---------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 410.60 ლარი, რომელიც 2--- წლის 0- თ------ალს №- საგადასახადო დავალებით ჩაირიცხა შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ბიუჯეტი, ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150; მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი