გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34991-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 აპრილი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - შპს „ყა---------------------–--ი“
წარმომადგენელი - გი----------–---–ი
მოპასუხე - შპს “ჯო-------------------------------ი“
წარმომადგენელი - და-----------------ა
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს "ჯო-------------------------------ის“ მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ შპს „ყა---------------------–--ისათვის“ მიყენებული ზიანის ანაზღაურება 980,33 ლარის ოდენობით.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2018 წლის 25 აპრილს თბ--–--–ი, ქი----------–ის ქუჩაზე შპს "ჯო-------------------------------ი" აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს "ყა-------------------–--ის" კუთვნილი გაზსადენი. კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი (№---) გაზსადენის დაზიანებაზე, საავარიო ჯგუფმა კი დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოიძახეს სა---------–-------–-–-ის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. ადგილზე იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი და----------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 879,67 ლარი.
2018 წლის 31 მაისს თბ--–--–ი, სა------------–ის ქუჩის 1- ნომრის მიმდებარედ შპს "ჯო-------------------------------ი" აწარმოებდა სამუშაოებს, რა დროსაც დააზიანა შპს "ყა-------------------–--ის“ კუთვნილი გაზსადენი. კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში შევიდა განაცხადი (№----) გაზსადენის დაზიანებაზე, საავარიო ჯგუფმა კი დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება და დაიწყო გაზსადენის აღდგენის სამუშაოები. დაზიანების ადგილას გამოიძახეს სა---------–-------–-–-ის ეკიპაჟი, რომელმაც დააფიქსირა ზიანის ფაქტი. ადგილზე იმყოფებოდა მოპასუხის წარმომადგენელი მუ--------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მომხდარი ფაქტი. კომპანიის შესაბამისმა სამსახურმა ავარიული ქსელი აღადგინა, რისთვისაც დაიხარჯა 100,66 ლარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 980,33 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში განმარტებულია, რომ 2018 წლის 25 აპრილს თბ--–--–ი, ქი----------–ის ქუჩაზე შპს "ჯო-------------------------------ი" აწარმოებდა წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობას. ქსელის მოწყობასთან დაკავშირებით პროექტი წინასწარ შეთანხმდა კომუნიკაციის მქონე ორგანიზაციებთან, მათ შორის, შპს „ყა---------------------–--თან“., რაც დასტურდება მოსარჩელის მიერ პროექტზე დასმული შტამპით. ამასთანავე, მათ დამატებით ეცნობათ სამუშაოების დაწყების შესახებ, თუმცა ადგილზე არ გამოცხადნენ. სწორედ ამის გამო ვერ იქნა მიღწეული შეთანხმება მხარეების ურთიერთ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, მოპასუხემ განახორციელა კანონით გათვალისწინებული ყველა ქმედება ზიანის აცილების მიზნით, რაც გამორიცხავს მოპასუხის ბრალეულობას ზიანის დადგომაში. უფრო მეტიც, ზიანი გამოიწვია მოსარჩელის უმოქმედობამ/არასათანადო ღონისძიების გატარებამ.
შესაგებელში ასევე განმარტებულია, რომ ქსელის აღდგენის ხარჯთაღრიცხვა არ შეიძლება მიჩნეული იქნას ზიანის ოდენობის დამდგენ მტკიცებულებად, ვინაიდან ხარჯთაღრიცხვა არ შეიცავს ზიანის ოდენობის განმსაზღვრელ ყველა კომპონენტს, კერძოდ, აღნიშნული დოკუმენტიდან არ ირკვევა, მითითებული მილსადენი რა ოდენობის გაზს ატარებდა საათში; რამდენი წუთის განმავლობაში იფრქვეოდა გაზი; გამოყენებული მასალების ღირებულების დასაბუთება და ა.შ; იმის გათალისწინებით, რომ სე---ის 2017 წლის 18 ივლისის №1- დადგენილებით, შპს "ყა-------------------–--ისთვის" - 1 მეტრი კუბი გაზის ტარიფი განისაზღვრა - 0,46153 ლარით, გაუგებარი და დაუსაბუთებელია, მოსარჩელის მიერ ჰაერში გაბნეული მეტრ კუბი გაზის ღირებულების - 0,75 ლარით დაანგარიშება; ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განაცხადით დასტურდება, რომ დაზიანებიდან ერთ შემთხვევაში 5 წუთში, ხოლო მეორე შემთხვევაში 10 წუთში იქნა გაზი გადაკეტილი. აქედან გამომდინარე, ხუთი წუთის განმავლობაში ჰაერში გაბნეული გაზის ღირებულების დაანგარიშება - 780,88 ლარითა და 100,66 ლარით. ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული. ასევე, გაუგებარია და დაუსაბუთებელია ხელფასის სახით - 30 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების მოთხოვნაც.
მოპასუხის წარმომადგენელმა სასამართლოს სხდომაზე ცნო სასარჩელო მოთხოვნა გარდა ხელფასის სახით მოთხოვილი 60 ლარისა და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ღირებულებიდან 309 ლარისა (იხ, 2019 წლის03 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:14:36). 309,66 ლარი არ ცნო
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2018 წლის 25 აპრილს თბ--–--–ი, ქი----------–ის ქუჩის დასაწყისში შპს "ჯო-------------------------------ი" აწარმოებდა წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობასა და მიწის გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს "ყა-------------------–--ის" კუთვნილი გაზსადენი, 110 მმ-იანი პოლიეთილენის მილი (დაზიანებული 7 სმ-ის სიგრძესა და 5 სმ-ის სიგანეზე).
კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით შესული №--- განაცხადის საფუძველზე, შპს "ყა-------------------–--ის" საავარიო ჯგუფმა აღადგინა დაზიანებული გაზსადენი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-7).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ს.ფ. 34-38; იხ, 2019 წლის 03 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:07:06-10:20:48).
2018 წლის 25 აპრილის №--- განაცხადის მიღების ბარათი (ს.ფ. 24).
3.1.2. 2018 წლის 31 მაისს თბ--–--–ი, სა------------–ის ქუჩის 1- ნომრის მიმდებარედ შპს "ჯო-------------------------------ი" აწარმოებდა წყალმომარაგების ახალი ქსელის მოწყობასა და მიწის გათხრით სამუშაოებს, რა დროსაც დაზიანდა შპს "ყა-------------------–--ის" კუთვნილი მიწაში გამავალი ს/წ 63 მმ პოლიეთილენის მილი.
კომპანიის საავარიო-სადისპეჩერო სამსახურში გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით შესული №---- განაცხადის საფუძველზე, შპს "ყა-------------------–--ის" საავარიო ჯგუფმა აღადგინა დაზიანებული გაზსადენი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-7).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (შესაგებელი, ს.ფ. 34-38; იხ, 2019 წლის 03 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:07:06-10:20:48).
2018 წლის 25 აპრილის №--- განაცხადის მიღების ბარათი (ს.ფ. 26).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 25 აპრილსა და 2018 წლის 31 მაისს დაზიანებული გაზსადენების მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 611,33 ლარით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამდენად, ამ ნორმის დანაწესი განსაზღვრავს, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით (მტკიცების საგანი) და ვინ, ე.ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებები (მტკიცების ტვირთი). მტკიცების საგნის განსაზღვრისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სარჩელს და მოპასუხის შესაგებელს: მტკიცების საგანს შეადგენენ ფაქტები, რომლებზეც მოსარჩელე და მოპასუხე ამყარებენ თავიანთ სასარჩელო მოთხოვნებსა და სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელს. კიდევ უფრო მკაფიოდ ეს პოზიცია გამოკვეთილია ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილში, რომლის თანახმად, სამოქალაქო სამართალწარმოება უნდა განხორციელდეს შეჯიბრებითობის საფუძველზე. ამ პრინციპის თანახმად, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რომ მათ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, ამასთან შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის.
მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენს მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა.
მოსარჩელემ მიყენებული ზიანის მოცულობის განსაზღვრის მიზნით წარმოადგინა მის მიერ შედგენილი აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები: 2018 წლის 25 აპრილს ქი----------–ის ქუჩის დასაწყისში დაზიანებული გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის თანახმად, აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ, მათ შორის, ხელფასისა (30 ლარი) და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ღირებულების (780,88 ლარი (რაოდენობა 1041,17 მ3, ერთეულის ფასი - 0,75)) ჩათვლით, შეადგინა 879,67 ლარი; 2018 წლის 31 მაისს სა------------–ის №1--ის მიმდებარედ დაზიანებული გაზსადენის აღდგენითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის თანახმად, აღდგენითი სამუშაოების ღირებულებამ, მათ შორის, ხელფასისა (30 ლარი) და ჰაერში გაბნეული/დაკარგული გაზის ღირებულების (24,18 ლარი (რაოდენობა 32,24 მ3, ერთეულის ფასი - 0,75)) ჩათვლით, შეადგინა 24,18 ლარი.
მხარეებს შორის სადავო საკითხს წარმოადგენს გაბნეული ბუნებრივი გაზის ღირებულების განსაზღვრა: მოსარჩელის მიერ ხარჯთაღრიცხვებში გაბნეული ბუნებრივი გაზის ერთეული მეტრ კუბის ღირებულებად მითითებულია 0,75 ლარი, რასაც არ დაეთანხმა მოპასუხე მხარე. მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება რაც დაადასტურებდა, რომ გაბნეული ბუნებრივი გაზის ერთეული მეტრ კუბის ღირებულება შეადგენდა 0,75 ლარს. სასამართლო იზიარებს, მოპასუხის პოზიციას გაბნეული ბუნებრივი გაზის ღირებულების განსაზღვრასთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ აღნიშნული ღირებულება უნდა განისაზღვროს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2017 წლის 18 ივლისის №1- დადგენილებით, რომლის თანახმადაც 1 მ3 ბუნებრივი გაზის ღირებულება შეადგენს 0,46153 ლარს.
შესაბამისად, 2018 წლის 25 აპრილს ქი----------–ის ქუჩის დასაწყისში დაზიანებული გაზსადენის აღდგენითი სამუშაოებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გაბნეული ბუნებრივი გაზის ნაწილში უნდა განისაზღვროს: გაბნეული ბუნებრივი გაზის რაოდენობის 1041,17 მ3-ისა და ერთეული კუბური მეტრის ღირებულების 0,46153 ლარის ნამრავლით, რაც შეადგენს 480,53 ლარს, რა ნაწილშიც მოთხოვნა მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო (იხ, 2019 წლის 03 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი,10:11:20); 2018 წლის 31 მაისს სა------------–ის №1--ის მიმდებარედ დაზიანებული გაზსადენის აღდგენითი სამუშაოებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი გაბნეული ბუნებრივი გაზის ნაწილში უნდა განისაზღვროს: გაბნეული ბუნებრივი გაზის რაოდენობის 32,24 მ3-ისა და ერთეული კუბური მეტრის ღირებულების 0,46153 ლარის ნამრავლით, რაც შეადგენს 14,87 ლარს, რა ნაწილშიც მოთხოვნა მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო (იხ, 2019 წლის 03 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი, 10:15:16). ამდენად, ორივე გაზსადენის დაზიანების შემთხვევაში გაბნეული ბუნებრივი გაზის ნაწილში ზიანის ოდენობა შეადგენს 495,4 ლარს, ნაცვლად 805,06 ლარისა (ორივე გაზსადენის დაზიანების შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული გაბნეული ბუნებრივი გაზის ღირებულება).
მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ხარჯთაღრიცხვა არ შეიცავს გაცემული ხელფასის მონაცემებს, კერძოდ გაურკვეველია თუ როგორ და რა მასალებზე დაყრდნობით დაადგინა შპს „ყა-------------------–--ის“ სა--–--------------------------------–-----------------------------------მა გასაცემი ხელფასის ოდენობა; ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არ არის ხელფასის სახით თანხის გაცემის დამადასტურებელი მტკიცებულება. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება სამუშაოების ჩატარებისათვის ხელფასის ჯამში 60,00 ლარის გაცემის ფაქტი.
სასამართლო მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანის დადასტურებულ ოდენობად მიიჩნევს 611,33 ლარს,სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს დასკვნით, მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ დაუსაბუთებელია, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 997-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით მოწესრიგებას ექვემდებარება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონით მინიჭებული უფლების რეალიზაცია დამოკიდებულია ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოებების არსებობაზე, კერძოდ, სსკ-ის 992-ემუხლით გათვალისწინებულ შემადგენლობაზე. ნორმა ითვალისწინებს დელიქტურ პასუხისმგებლობას, რომელიც დგება ზიანის მიყენების შედეგად. თავისთავად დელიქტური პასუხისმგებლობა, როგორც იურიდიული პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სახე, წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებით ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილ ვალდებულებას, რომლის სტრუქტურულ ელემენტს წარმოადგენს მიზეზშედეგობრივი კავშირი და ბრალი. შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს მიზეზშედეგობრივი კავშირი მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა (იხ. სუსგ № ას-809-776-2016, 04.04.2017).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 997-ე მუხლის თანახმად, პირი ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, რომელიც მიადგა მესამე პირს მისი მუშაკის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით თავისი შრომითი (სამსახურებრივი) მოვალეობის შესრულებისას. პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ მუშაკი მოქმედებდა ბრალის გარეშე.
აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, კანონი ზიანის ანაზღაურებას აკისრებს პირს, რომლის მუშაკიც თავისი შრომითი (სამსახურეობრივი) მოვალეობის შესრულებისას მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით ზიანს მიაყენებს მესამე პირს. ასეთ დროს მესამე პირისათვის ზიანის მიყენებისათვის სამუშაოს მიმცემი პასუხს აგებს თავისი და არა სხვისი ბრალისათვის. აღნიშნულ შემთხვევაში, მუშაკის მოქმედება შეფასებულ უნდა იქნეს როგორც თვით სამუშაოს მიმცემის მოქმედება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოპასუხის მუშაკების მხრიდან ადგილი ჰქონდა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ქმედებას და მიზეზობრივ კავშირს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რასაც მოჰყვა ზიანი, კერძოდ მოპასუხის მიერ განხორციელებული სამუშაოს შედეგად მოხდა შპს „ყა-------------------–--ის“ მიწისქვეშა გაზსადენის დაზიანება, რის საფუძველზეც მოსარჩელეს მიადგა მატერიალური ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის ყველა წინაპირობა. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 611.33 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან დაუბრუნდება 31.2 ლარი, დანარჩენი ჩაითვლება სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. შპს „ყა-------------------–--ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. მოპასუხე შპს „ჯო-------------------------------ს“ მოსარჩელე შპს „ყა-------------------–--ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 611.33 ლარის გადახდა.
2. მოსარჩელე შპს „ყა-------------------–--ს“ მის მიერ სს „სა---------–--------–ი“ 2018 წლის 22 ნოემბერს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 50 ლარიდან დაუბრუნდეს 31.2 ლარი.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
5. სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე