გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.05.2019
საქმის ნომერი
330210014500625
კატეგორია
დავის ტიპი
დაზღვევა
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/7865-14

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 მაისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე - შპს "ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი"

წარმომადგენელი - შ-------------------------–--–-----------------------–---–-

მოპასუხე - სს „ს--------------------------------------------“ (შპს "ს-------------------------------------ი")

წარმომადგენელი -ს--–-----–---–-----ი

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს „ე----------------–--ი“ (სს „ს------–----------------–--------ი“)

წარმომადგენელი - ა-----–---------–--ე

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - სს "მ-------–-------------------–ო"

წარმომადგენელი - -ს--–-----–---–-----ი

დავის საგანი - გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სს „ს--------------------------------------------“-ს, შპს "ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის" სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეული პირებისთვის 2013 ნოემბერში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა - 60 612.20 ლარის ოდენობით;

 

1.2. სს „ს--------------------------------------------“-ს, შპს "ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის" სასარგებლოდ, დაეკისროს 2013 წლის 31 დეკემბრიდან, გადახდის ვადაგადაცილებისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად 60.61 ლარის ოდენობით;

 

1.3. სს „ს--------------------------------------------“-ს, შპს "ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის" სასარგებლოდ, დაეკისროს სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურში დავის განხილვისთვის გადახდილი ბაჟის - 500 ლარის გადახდა;

 

1.4. სს „ს--------------------------------------------“-ს, შპს "ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის" სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 2 497.05 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილების შესაბამისად, მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია სს "ს-------------------------------------ის" მიერ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებით დაზღვეულ პირებს 2013 წლის ნოემბერში, გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულებამ შეადგინა - 60 612.20 ლარი. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის N177 დადგენილების შესაბამისად გადახდა უნდა განხორციელებულიყო 2013 წლის 30 დეკემბრამდე.

 

მიუხედავად მოსარჩელის მხრიდან არაერთი მოთხოვნისა, სადაზღვევო კომპანიის მიერ დღემდე არ არის გადახდილი ზემოაღნიშნული სამედიცინო მომსახურებისთვის გათვალისწინებული ხარჯის ანაზღაურება. გადახდის ვადის გადაცილების შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ვალდებულია კლინიკის სასარგებლოდ გადაიხადოს ასანაზღაურებელი თანხის 0.1 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და შესაგებელში აღნიშნა, რომ მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანგარიშსწორებისათვის მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა რეგულირდება საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის №177 დადგენილებით, რომლის მიხედვითაც ანგარიშსწორების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს ორმხრივად გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი, რაც მხარეთა შორის არ გაფორმებულა.

 

მოპასუხის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშსწორებო დოკუმენტაცია წარდგენილ იქნა წესების დარღვევით, მათ მიერ განხორციელდა აღნიშნულის შესწავლა, ჩატარდა ინსპექტირება და გამოვლენილ იქნა მთელი რიგი შემთხვევები, რომელიც მზღვეველის მხრიდან ექვემდებარება კორექტირებას. ამის შესახებ 2013 წლის 23 დეკემბერს ეცნობა მოსარჩელეს და ასევე N177 დადგენილებით განსაზღვრული წესით გადაეგზავნა ურთიერთშედარების აქტი თანდართული მასალებითურთ, რომლებშიც დეტალურადაა მითითებული დაკორექტირების საფუძვლები. სამწუხაროდ, მოსარჩელის მხრიდან არც იმ პერიოდში და არც შემდგომ არ იკვეთება მზაობა თანამშრომლობაზე. მიუხედავად მოპასუხე მხარის მზადყოფნისა, რომ ერთობლივად მომხდარიყო წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და პოზიციების შეჯერება, მოსარჩელე მხარე რეალურად თავისი ქმედებებით არათუ ხელს უწყობს კონსესუსამდე მისვლას, არამედ პირიქით უარს აცხადებს ყოველგვარ თანამშრომლობაზე, სადაო საკითხების ერთბლივად განხილვაზე. მოსარჩელის მხრიდან, მიუხედავად მოთხოვნისა არ ხდებოდა სტანდარტიზირებული ტარიფებისა და კლინიკური პროტოკოლების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რაც მნიშვნელოვანია ინსპექტირების განხორციელების პროცესში.

 

მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელოვნურად არის გაზრდილი მომსახურების ხარჯები და მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას. ის სადავოდ ხდის თ-----------------------------------------–----–---------–---–-----------–--------–---–-ს მკურნალობის ხარჯების ოდენობას და მიუთითებს, რომ ავადმყოფობის ისტორიაში მითითებული პაციენტების კლინიკური სტატუსი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს.

 

ამასთან, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელისთვის ცნობილია მოპასუხესა და სს „ჩ---------------–-----ს“ შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, 2013 წლის 01 მარტიდან მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტიგენტის (სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონსა და აფხაზეთში დადგენილების ფარგლებში დაზღვეული პირების) სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ასევე აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავებას და მზღვეველისათვის მოწოდებას სრულად უზრუნველყოფს სს „ჩ---------------–-----“. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ 2013 წლის ნოემბრის თვის შესრულებაზე მოთხოვნა 32 717.90 ლარი წარედგინა პარალელურად სს „ჩ---------------–-----“-ს და გაუგებარია, რატომ ითხოვს მოსარჩელე ერთი და იგივე მომსახურებაზე ანაზღაურებას როგორც მოპასუხე მხარისგან ასევე სს „ჩ---------------–----ისგან“.

 

მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ არ ეთანხმება პირგასამტეხლოს მოთხოვნას, რადგან სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში დაზღვეულ პირთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ნაწილში დავალიანებასთან მიმართებაში, მხარეთა შორის არ განხორციელებულა N177-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ ვადებში ურთიერთშეთანხმების აქტის გაფორმება, შესაბამისად, გაურკვეველია პირგასამტეხლოს ოდენობა და მისი გაანგარიშების საფუძველი.

 

მესამე პირის შპს "მ-------–-------------------–ოს" მოსაზრება სარჩელთან მიმართებით:

 

სადაზღვევო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, შპს "მ-------–-------------------–ო" 2013 წლის 1 მაისიდან ახორციელებს მოპასუხის, როგორც მზღვეველის მიერ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეულ პირთა ცალკეული კონტინგენტის სამედიცინო მომსაუხრების უზრუნველყოფას, ასევე აღნიშნულ პირებზე გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე ინფორმაცია-დოკუმენტაციის დამუშავებას და მზღვეველისათვის მიწოდებას.

 

მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ შესრულებული სამუშაოს რიგი შემთხვევები ექვემდებარებოდა კორექტირება, რის თაობაზეც მოსარჩელეს ეცნობა 2013 წლის 23 მაისის წერილით.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. შპს “ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ი” (სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი) და შპს ,,ს-------------------------------------ი“ (მზღვეველი) არიან “სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით განსაზღვრული ურთიერთობის მონაწილე მხარეები;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

- საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილება.

 

3.1.2 საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების შესაბამისად, შპს "ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------მა" სამედიცინო მომსახურება გაუწია სს "ს-------------------------------------ის” მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის ნოემბერში.

 

2013 წლის 3 ნოემბერს მოპასუხეს წარედგინა მომსახურების ამსახველი დოკუმენტაცია 60 612.20 ლარის ანაზღაურებაზე. მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ არის.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მიღება-ჩაბარების აქტები, ანგარიშ-ფაქტურები (ტომი, ტომი 1, ს.ფ. 23-24)

 

3.2.2. 2015 წლის 23 დეკემბერს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად "ს-------------------------------------მა“ შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ნაცვლად გარდაიქმნა სააქციო საზოგადოებად. ამასთან, სს „ს-----------------------------–---------------სთან“ შერწყმის შედეგად კომპანიის სახელწოდებაა სს „ს--------------------------------------------“.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტომი 5)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მოსარჩელის მიერ გაწეული მომსახურების ღირებულება შეადგენს 60 612.20 ლარს, რომელიც არც სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯიას" და არც სს „ჩ---------------–-----ს“ მიერ ანაზღაურებული არ არის.

 

,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მეექვსე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი ბეჭდით დადასტურებული საანგარიშგებო დოკუმენტაცია (დაზღვეულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტისა და სადაზღვევო პოლისის/ხელშეკრულების ასლი, ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა), სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა და შემთხვევათა რეესტრი წინასწარ შეთანხმებული ფორმატით) მიმწოდებელმა მზღვეველს უნდა წარუდგინოს წერილობით ან ელექტრონულად თითოეულ თვეში დასრულებული შემთხვევები მინიმუმ თვეში ერთხელ, მომდევნო თვის 5 რიცხვამდე.

 

ამავე დადგენილების მეექვსე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177-ე დადგენილების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს აღნიშნული დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი. მზღვეველმა ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს ამ პერიოდის გასვლიდან არაუგვიანეს 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

 

სასამართლო უპირველესად მხარეთა ყურადღებას ამახვილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ მტკიცების ტვირთის გადანაწილების პრინციპზე და მნიშვნელობაზე, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 60 612.20 ლარის სამედიცინო მომსახურება გაუწია შპს ,,ს-------------------------------------ის’’ მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის ნოემბერში.

 

აღნიშნულის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შესრულებული სამუშაოების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, კერძოდ, ანგარიშ-ფაქტურა, ანგარიშგების უწყისები, სხვა დოკუმენტები, ხოლო მოპასუხე მხარემ სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განმარტა, რომ საანგარიშო პერიოდზე სამედიცინო მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებული საანგარიშო დოკუმენტაციის წარდგენა ანგარიშსწორებისათვის არ არის საკმარისი, რაც უნდა განხორციელდეს ურთიერთშედარების აქტის საფუძველზე. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოსარჩელის ანგარიშფაქტურით და თანდართული ანგარიშგების უწყისით წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოს დამადასტურებელი დოკუმენტაციის განხილვის შედეგად, წარმოდგენილი თანხა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების და საქართველოს მთავრობის 14.05.2012 წლის №177 დადგენილების პირობების შესაბამისად, ექვემდებარება კორექტირება, ვინაიდან მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ ხელოვნურად არის გაზრდილი მომსახურების ხარჯები და მიწოდებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალურ მდგომარეობას.

 

კონკრეტულად, მოპასუხე სადავოდ ხდის თ-----------------------------------------–----–---------–---–-----------–---------–---–ის მკურნალობის ხარჯების ოდენობას და აღნიშნავს, რომ: თ------------ის კლინიკური სტატუსი არ შეესაბამება სინამდვილეს და ახალშობილთა რეანიმაციის ავადმყოფის სამედიცინო ბარათის მიხედვით ახალშობილის მასა დაბადებისას შეადგენდა არა 1600 გრამს, არამედ 3300 გრამს. აღნიშნულ დაზღვეულზე კლინიკის მიერ მოთხოვნილი იქნა სტაციონარული საწოლდღეების ხარჯების ანაზღაურება ახალშობილთა პათოლოგიური განყოფილების განფასებით, მაში, როდესაც სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ ახალშობილი იმყოფებოდა დედასთან პალატაში და არ საჭიროებდა სხვა განყოფილებაში ჰოსპიტალიზაციას. სატელეფონო შეტყობინების მიხედვით პაციენტის დიაგნოზი იყო P55.8 - ნაყოფისა და ახალშობილის სხვა ჰემოლიზური ავადმყოფობები, ხოლო მოგვიანებით - 2013 წლის 04 ნოემბრის შეტყობინებით პაციენტმა მკურნალობა განაგრძო ახალშობილთა პათოლოგიის განყოფილებაში დიაგნოზით P91.0.- ახალშობილთა ცერებრული იშემია, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. დაახლოვებით მსგავსი პრეტენზიები გააჩნია მოპასუხე მხარეს სხვა ზემოთ მითითებულ პაციენტების მკურნალობის და დიაგნოზის საკითხებთან დაკავშირებით. (ტომი 4, ს.ფ. 1-5, ტომი3, ს.ფ. 25-30, სხდომის ოქმები)

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 11 აგვისტოს განჩინებით, ზემოაღნიშნული პაციენტებისათვის ჩატარებული სამედიცინო სამედიცინო მომსახურების შესაბამოსიბის დასადგენად, დაინიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელიც ვერ ჩატარდა იმ მიზეზით, რომ არ მოიძებნა ექსპერტიზაში მონაწილეობის სურვილის მქონე შესაბამისი სპეციალისტი. ( ტომი ტომი 4, ს.ფ. 367-368, ტომი 5. ს.ფ. 108-109, 18-124 )

 

შესაბამისად, მოპასუხის პოზიცია, რომ პაციენტებს თ-----------------------------------------–----–---------–---–-----------–---------–---–ის კლინიკური სტატუსი არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და მკურნალობის ხარჯები ხელოვნურად არის გაზრდილი დადასტურებული არ არის. ამ პაციენტებთან მიმართებით, მოპასუხე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, ვერ ადასტურებს თუ რატომ უნდა დაექვემდებაროს თითოეული შემთხვევა - გაწეული სამედიცინო მომსახურება კორექტირებას.

 

აღნიშნულის გამო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელემ 60 612.20 ლარის სამედიცინო მომსახურება გაუწია შპს ,,ს-------------------------------------ის’’ მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის ნოემბერში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

- გაწეული სამედიცინო მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ტომი 1. ს.ფ.23-29;)

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარჯების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 799-ე, 417-ე, 420-ე, 408-ე მუხლები.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილება

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას, მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის ფარგლებში მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის ნოემბრის თვეში. გაწეული მომსახურებისათვის მოსარჩელე მოითხოვს 60 612.20 ლარის გადახდას.

 

მოპასუხე მხარემ მიუთითა, რომ მხარეთა შორის არ გაფორმებულა ურთიერთშედარების აქტი, რაც მზღვეველისათვის წარმოშობდა თანხის გადახდის ვალდებულებას.

 

ამასთან, მოპასუხემ სადავოდ გახადა გარემოება, რომ იგი არ წარმოადგენს ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს, რამდენადაც მოპასუხესა და შპს ,,მ-------–-----------------ს” და მოპასუხესა და სს ,,ჩ---------------–-----ს” შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, სამედიცინო მომსახურების გაწევასა და გაწეულ სამედიცინო მომსახურებაზე დოკუმენტაციის დამუშავებას, ასევე გაწეული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურებას უზრუნველყოფდნენ მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე.

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მეორე მუხლის „ს“ ქვეპუნქტის თანახმად, საანგარიშგებო დოკუმენტაცია არის სამედიცინო დაწესებულების მიერ დაზღვეულთათვის სამედიცინო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი, ამავე დოკუმენტით განსაზღვრული, წერილობითი ან/და ელექტრონული დოკუმენტები.

 

მოსარჩელის მიერ საქმეში წარმოდგენილია საანგარიშგებო დოკუმენტაცია (ანგარიშფაქტურები, ანგარიშგების უწყისები) და მოპასუხისათვის მისი გაგზავნისა და მზღვეველის უფლებამოსილი პირის მიერ ამ დოკუმენტაციის ჩაბარების დამადასტურებელი საფოსტო გზავნილები, რომელთა მიხედვით დგინდება, რომ 2013 წლის ნოემბერში სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, დაზღვეულ პირთათვის გაწეული 60 612.20 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურების საანგარიშგებო დოკუმენტაცია გაეგზავნა მოპასუხეს და ჩაბარდა 2013 წლის 03 დეკემბერს;

 

საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესები არეგულირებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ შესაბამის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს. ამავე დადგენილების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ანგარიშსწორების ვალდებულება ეკისრება მზღვეველს.

 

საქართველოს მთავრობის №177 დადგენილების მე-6 მუხლი აწესრიგებს ურთიერთობის მონაწილეთა შორის ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების პირობებს. სადავო ურთიერთობისას მოქმედი მოწესრიგების მიხედვით, კერძოდ, მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება-ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის.

 

აღნიშნული დანაწესი არ განსაზღვრავს მხოლოდ მიმწოდებლის ვალდებულებას გააფორმოს მზღვეველთან მიღება-ჩაბარების აქტი, არამედ აღნიშნული წარმოადგენს მხარეთა ერთობლივ ვალდებულებას. ამასთან, მიმწოდებლის უპირობო ვალდებულებას წარმოადგენდა საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის მიწოდება, რაც განსახილველ შემთხვევაში მიმწოდებლის მიერ შესრულებულია.

 

ამავე დადგენილების ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის ვადაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან ურთიერთშედარების აქტის გაფორმება, რასაც უნდა მოჰყოლოდა მიმწოდებლისათვის გაწეული მომსახურების საფასურის ანაზღაურება, წარმოადგენდა მზღვეველის ვალდებულებას. სადაო გარემოებას არ წარმოადგენს ის, რომ მხარეთა შორის ორმხრივად გაფორმებული ურთიერთშედარების აქტი არ გაფორმებულა. ამასთან, არაერთი მცდელობის მიუხედავად სსიპ ლევან სამსახარულოს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ვერ განხორციელდა ექსპერტიზის ჩატარება ექსპერტიზაში მონაწილეობის მისაღებად კონკრეტული სპეციალისტის კანდიდატურის მოუძიებლობის გამო.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არ გაფორმებულა ანგარიშსწორების შესახებ ურთიერთშედარების აქტი არ ათავისუფლებდა მზღვეველს სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულებისაგან. მზღვეველისათვის მიწოდებული დოკუმენტაციით დადგინდა, რომ მზღვეველს ეცნობა ყველა საჭირო ინფორმაცია გაწეული მომსახურების შესახებ, როგორიცაა: მომსახურების თანხის ოდენობა, მომსახურების სახე პაციენტთა ვინაობის მითითებით, დასმული დიაგნოზების დასახელება, მომსახურების პერიოდები, მომსახურების დასახელება და კონკრეტულ პაციენტზე ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა.

 

ამასთან, უსაფუძვლოა მოპასუხე მხარის მითითება მასზედ, რომ მოპასუხესა და სს ,,ჩ---------------–-----ს” შორის გაფორმებული შეთანხმებებით გაწეული სამედიცინო მომსახურების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს სს ,,ჩ---------------–-----" და არა მოპასუხე მხარე. საქმეზე წარმოდგენილი დოკუმენტაციით ცალსახად და უტყუარად დგინდება, რომ მოპასუხესა და შპს ,,მ-------–-----------------ს” და სს ,,ჩ---------------–-----ს” შორის გაფორმებული სამედიცინო მომსახურების შეთანხმებების მიხედვით ხელშეკრულების საგანია: ,,დაზღვეულ პირებზე გაწეულ მომსახურებაზე ინფორმაციის/დოკუმენტაციის დამუშავება და ,,მზღვეველისათვის’’ შესაბამისი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის და აღნიშნული ხელშეკრულების დანართის 2-ის შესაბამისად’’.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიმწოდებლის შპს "ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის“ მიერ გაწეული მომსახურების საფასურის 60 612.20 ლარის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მზღვეველს სს „ს--------------------------------------------“-ს.

 

დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულება არ იქნა ჯეროვნად შესრულებული. მოპასუხეს სამედიცინო მომსახურების ღირებულება ანაზღაურებული არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს გაწეული მომსახურების ღირებულება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

ამასთან, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 08 აგვისტოს №479 დადგენილებით “სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტით ვადის დარღვევისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო გადასახდელი (დაგვიანებული) თანხის 0,02%-ის ოდენობით ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის;

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხემ გადააცილა ფულადი ვალდებულების შესრულების ვადას. სასამართლო სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლების თანახმად, სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აგებულია ნების ავტონომიის პრინციპზე, რაც გულისხმობს მხარეთა ნების გამოვლენის თავისუფლებას ხელშეკრულების დადებისას. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე არ შეასრულებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას.

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. ამდენად პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის ინტერესის დაცვა და დამატებითი გარანტიის მიცემა მოვალის არაკეთილსინდისიერი ქმედებისაგან, თავის მხრივ პირგასამტეხლოს შემოღება ხელს უწყობს მოვალის სტიმულირებას შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება, ვინაიდან მისთვის წინასწარვე არის ცნობილი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამატებითი სახდელის დაკისრების თაობაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაწესების ერთადერთ მიზანს წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფა და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს კრედიტორისათვის დამატებითი შემოსავლის მიღების წყაროდ. ზუსტად ამ უკანასკნელი გარემოების თავიდან აცილების მიზნით შემოღებულ იქნა ისეთი ცნება, როგორიცაა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით. აღნიშნული ცნების შემოღებით სასამართლოს ენიჭება დისკრეციული უფლებამოსილება შეზღუდოს სამოქალაქო ურთიერთობების ისეთი ფუძემდებელი ინსტიტუტი როგორიცაა ნების ავტონომია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილი თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერი ქცევა სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ერთმანეთის უფლებებისადმი გულისხმიერებითა და პატივისცემით მოქმედებას გულისხმობს. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობასა და სიმყარეს, შესაბამისად წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებლურ პრინციპს. ამდენად, კოდექსი მართალია ადგენს მხარეთა თავისუფლებას განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, თუმცა ამ თავისუფლებაში კანონმდებელი მოიაზრებს სწორედ კეთილსინდისიერ კერძო სუბიექტს, ვინც კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში ახორციელებს თავის უფლებებს. თავის მხრივ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ინსტიტუტი ემსახურება, ზუსტად აღნიშნული პრინციპის დაცვას, კერძოდ, კრედიტორის მხრიდან, რომ არ მოხდეს თავისი უფლებების ბოროტად გამოყენება.

 

მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს არამხოლოდ მხარეთა შეთანხმებით, არამედ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული პირგასამტეხლო, თუ იგი მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და ამით ირღვევა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ფუძემდებელი ინსტიტუტები, მათ შორის ისეთი, როგორიცაა მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით განმტკიცებული კეთილსინდისირების პრინციპი და 115-ე მუხლის დადგენილი სამოქალაქო უფლება მართლზომიერად განხორციელების ვალდებულება.

 

ყურადსაღებია ის გარემოება, რომ ,,სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით, მზღვეველის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0,1%, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, მოსარჩელე მოითხოვს 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდის დავალიანებული თანხის ანაზღაურებას და მასზე დარიცხულ პირგასამტეხლოს დავალიანებული თანხის 0,1% ოდენობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და უნდა შემცირდეს დავალიანებული თანხის 0,02%-მდე, რაც ასევე ასახულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №177 დადგენილებით და შეესაბამება კანონმდებლის მიზანს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 60 612.20 ლარის 0.02 %-ის ოდენობით 2013 წლის 31 დეკემბრიდან დავალიანების დაფარვამდე.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

დადგენილია მოსარჩელის ზიანი სსიპ სამედიცინო მედიაციის სამსახურში მოდავე მხარეებს შორის დავის განხილვისათვის გადახდილი ბაჟი 500 ლარის ოდენობით, რაც ექვემდებარება ანაზღაურებას მოპასუხის მხრიდან.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა მოთხოვნის 88.76%. სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 2 497.05 ლარი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 2 216.38 ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო დარჩენილი თანხა რჩება ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. სს "ს---------------------------------------------ს ("ს-------------------------------------ი"), შპს "ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის" სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაზღვეული პირებისათვის, გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდა 60612.20 ლარის ოდენობით.

3. სს "ს---------------------------------------------ს ("ს-------------------------------------ი"), შპს "ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის" სასარგებლოდ, დაეკისროს ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს 60612.20 ლარის, 0.02%-ის გადახდა, 31.12..2013 წლიდან თანხის სრულად გადახდამდე.

4. სს "ს---------------------------------------------ს ("ს-------------------------------------ი"), შპს "ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის" სასარგებლოდ, დაეკისროს 500 ლარის გადახდა.

5 სს "ს---------------------------------------------ს ("ს-------------------------------------ი"), შპს "ა------------------------–-------------–----------------–---------–-----–------ის" სასარგებლოდ, დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 2216.38 ლარის გადახდა.

6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე