გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.05.2019
საქმის ნომერი
330210019002875261
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/4302-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

23 აპრილი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - თამარ ჩიხლაძე

სხდომის მდივანი - ანი ნადარეიშვილი

 

მოსარჩელე - ლ--–--------ი

წარმომადგენელი - ი---------ე

მოპასუხეები - გ------- ყ---------ე, გ------- ბ--------–--ე, გ------- გ---------ის უფლებამონაცვლე თ-----------------–---–ი (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ღ--------–ე “

წარმომადგენელი - დ----------------ე (გ------- ბ--------–--ე), მ------------–---–ი (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა ,,ღ--------–ე “, გ------- ყ---------ე)

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. გ------- გ---------ეს, გ------- ბ--------–--ეს და გ------- ყ---------ეს (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ღ--------–ე“) ლ--–--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 23 900 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. გ------- გ---------ეს, გ------- ბ--------–--ეს და გ------- ყ---------ეს (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ღ--------–ე“) ლ--–--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ იურიდიულ მომსახურებაზე გადახდილი თანხა 1150 ლარის ოდენობით, საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის 30 ლარის გადახდა, ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 42 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1778.16 ლარის გადახდა.

სარჩელი დაფუძნებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2009 წლის 11 თებერვალს ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ღ--------–ე“-ს და ლ--–--------ს შორის დაიდო ხელშეკრულება ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების შესახებ, რომლის თანახმადაც 38 817 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ მოსარჩელეს უნდა გადასცემოდა ნასყიდობის საგანი, საცხოვრებელი ბინა მდებარე: თბილისი, დ--------------–---–ის გამზირი 64, მე-8 სადარბაზო, პირველი სართული, ბ N217, საერთო ფართით 82.59 კვ.მ, ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 თვის განმავლობაში.

 

ლ--–--------ის მიერ უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის 38 817 აშშ დოლარის გადახდა შემდეგნაირად, პირველი შენატანი ავანსის სახით ხელშეკრულების დადების დღესვე 23 900 აშშ დოლარი, ხოლო დარჩენილი 14 917 აშშ დოლარის გადახდა უნდა მომხდარიყო ეტაპობრივად, ბინის ჩაბარებამდე ორი თვით ადრე.

 

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მარწმუნებელმა ხელშეკ-რულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა პირნათლად და სრულად ქონდა გადახდილი პირველი შენატანი, ამხანაგობის მიერ არც კი მოხდა მშენებლობის დაწყება, თუ არ ჩაითვლება შენობის საძირკველზე განხორციელებული სამუშაოები. შესაბამისად, მათ მიერ მშენებლობაზე ჩატარებული სამუშაოები შემოიფარგლება მხოლოდ შენობის საძირკვლით და მათი განცხადებით ფინანსური და სხვა სახის კრიზისების გამო მშენებლობა შეჩერებული იყო გაურკვეველი ვადით, მშენებლობის არ გაგრძელების მიზეზად ასევე სახელდებოდა ინვესტორის მოუძიებლობა.

 

აღნიშნულის გამო, მოსარჩელემ და სხვა ბევრმა ბინის შემძენმა შეწყვიტა თანხების გადახდა. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი მოთხოვნისა და მიმართვისა, ამხანაგობა მხოლოდ სიტყვიერად პირდება თანხის უკან დაბრუნებას და მოსარჩელე უშედეგოდ ელოდება პირობის შესრულებას. 2015 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელის მიერ წერილობით მოხდა ამხანაგობის სახელზე დამატებითი ვადის განსაზღვრა, რამაც ასევე უშედეგოდ ჩაიარა, უფრო მეტიც ამხანაგობა საერთოდ არ შეეხმიანა მოსარჩელის მოთხოვნას, თუნდაც მოლაპარაკების მიზნით.

 

მოსარჩელის განმარტებით, ნათელია, რომ მოპასუხემ არ შეასრულა ბინის გადაცემის ვალდებულება, ასევე არ აპირებს გადახდილი თანხების დაბრუნებას. რის გამოც ითხოვს სოლიდარულად დაეკისროთ მოპასუხეებს აღნიშნული თანხის გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა იბა „ღ--------–ე“, გ------- ბ--------–--ემ და გ------- ყ---------ემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს.

შესაგებელში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 11 თებერვალს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება დაიდო არა ამხანაგობა „ღ--------–ესთან“, არამედ ლ--–--------სა და ფიზიკურ პირ გ------- გ---------ეს შორის. დღეის მდგომარეობით გ------- გ---------ე გარდაცვლილია. შესაბამისად, ამხანაგობა „ღ--------–ე“-ს არანაირი ვალდებულება აღნიშნული ხელშეკრულებით არ უკისრია. ხელშეკრულებაში არსად იკვეთება ამხანაგობის ვალდებულება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, ამხანაგობა თავს თვლის არასათანადო მოპასუხედ და ერთადერთი ფიზიკური პირს ვის მიმართაც შესაძლებელია აღნიშნული სარჩელის აღძვრა მიიჩნევს გ------- გ---------ეს, ვინაიდან იგი მოსარჩელესთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შევიდა არა როგორც ამხანაგობის თავმჯდომარე, არამედ როგორც ფიზიკური პირი. ამასთან, 2012 წლის 08 ივნისს გ------- გ---------ემ და გ------- ყ---------ემ ამხანაგობაში არსებული მათი საკუთარი წილი გადასცეს შპს „საქართველოს ღვინის ბირჟას“ და გავიდნენ ამხანაგობიდან.

ამხანაგობა „ღ--------–ე“ დააფუძნეს გ------- გ---------ემ, გ------- ბ--------–--ემ და გ------- ყ---------ემ, მაგრამ 2006 წლის 27 აპრილის ამხანაგობა „ღ--------–ის“ დაფუძნების შესახებ სანოტარო აქტის მე-5 მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით ჩანს, რომ ამხანაგობის თავმჯდომარეა გ------- ბ--------–--ე. ამასთან, 2009 წლის 5 აგვისტოს ამხანაგობიდან გავიდა გ------- ბ--------–--ე, რის შედეგადაც შეწყვიტა ამხანაგობის წევრობა და შესაბამისად, 2009 წელს შეწყდა ამხანაგობის წევრობისაგან გამომდინარე ყველა უფლებამოსილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გ------- ბ--------–--ე არასათანადო მოპასუხეა, რადგან არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი თუ რა საფუძვლით შეიძლება იდავოს მოსარჩელემ მის მიმართ.

2.2. მოპასუხე გ------- გ---------ის უფლებამონაცვლე თ-----------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო.

შესაგებელში აღნიშნულია, რომ სარჩელის გარემოებები მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ გზავნილის გაცნობის შემდეგ. სარჩელზე თანდართული მასალების გაცნობის შემდეგ მისთვის ცნობილი გახდა რომ გ------- გ---------ემ, გ------- ბ--------–--ემ და გ------- ყ---------ემ 2006 წლის 25 აპრილს დააფუძნეს ამხანაგობა „ღ--------–ე“, დღევანდელი მდგომარეობით ამხანაგობის დამფუძნებელი წევრებიდან არცერთი აღარ არის მისი წევრი.

მოპასუხის განმარტებით, სარჩელი ხანდაზმულია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელზე თანდართული ხელშეკრულების მე-6 მუხლის მიხედვით ვალდებულება წარმოიშვა საძირკვლების სამუშაოების დაწყებიდან 30 თვის შემდეგ, კერძოდ, 2009 წლის 01 სექტემბერს და ხანდაზმული გახდა 2015 წლის 01 სექტემბერს. 2007 წლის 01 მარტს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაიცა სამშენებლო ნებართვა, რომლის მიღებისთანავე ამხანაგობამ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები ობიექტის საძირკვლიდან. საძირკვლის სამუშაოები დასრულდა ერთ წელიწადში, რადგან სამშენებლო ნებართვა გაცემული იყო სამი წლის ვადით და სრული შენობის დასრულება სწორედ ამ ვადაში უნდა მიღწეულიყო. ამის გათვალისწინებით, ხანდაზმულობის ვადამ დენა დაიწყო 2007 წლის 01 მარტის სამუშაოებიდან 30 თვის შემდეგ, კერძოდ, 2009 წლის 01 სექტემბერს.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-130-ე მუხლებზე მითითებით მოპასუხეს მიაჩნია, რომ მოთხოვნის წარმოშობიდან გასულია ექვს წელზე მეტი დრო, რის გამოც მოთხოვნა ხანადზმულია. ასევე, პირველი მოთხოვნის უსაფუძვლობიდან გამომდინარე თვლის, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო გარემოებები არ გამოკვეთილა.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2006 წლის 27 აპრილს, გ------- გ---------ემ, გ------- ყ---------ემ და გ------- ბ--------–--ემ დააფუძნეს ამხანაგობა ,,ღ--------–ე“, რომლის მიზანს წარმოადგენდა წინამდებარე აქტით განსაზღვრული წესითა და ვადებში ერთობლივად, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აშენება. საცხოვრებელი სახლი უნდა აშენებულიყო მიწის ნაკვეთზე, რომლის მახასიათებლებია: ზონა - თბილისი, სექტორი - ნ----–-----ი, მისამართი - დ. გ-------–---–ის გამზირი N64.

ამხანაგობის მონაწილეები ვალდებული იყვნენ ამხანაგობაში შეეტანათ შენატანი - ფულადი თანხა იმ ოდენობით, რაც საჭირო იქნებოდა ამხანაგობის მიზნის მისაღწევად. ამხანაგობის დამფუძნებლები შეთანხმდნენ, რომ ამხანაგობის საქმეებს გაუძღვებოდა ამხანაგობის თავმჯდომარე, რომელიც უფლებამოსილი იქნებოდა ამხანაგობა წარმო-ედგინა დამოუკიდებლად, მათ შორის სასამართლოსა და საბანკო ურთიერთოებებში, დაედო გარიგებები ამხანაგობის წევრთა თანხმობის გარეშე.

ამხანაგობის დამფუძნებლები სოლიდარულად აგებდნენ პასუხს ამხანაგობის საქმიანობის საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებებისათვის მესამე პირების წინაშე. ამხანაგობა შეიქმნა საცხოვრებელი სახლის აშენების ვადით (მუხლი 8).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2006 წლის 27 აპრილის სანოტარო აქტი ამხანაგობის დაფუძნების შესახებ (ს.ფ. 30-40)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.2. 2009 წლის 11 თებერვალს გ------- გ---------ესა და ლ--–--------ს შორის დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების ნასყიდობის საგნად განისაზღვრა საცხოვრებელი ბინა მდებარე: ქ. თბილისი, დ--------------–---–ის გამზირი N64, მე-8 სადარბაზო, 1 სართული, ბინა პირობითი N217, საერთო ფართი (აივნის ჩათვლით) უნდა იყოს 82.59 კვ.მ (მ.შ. ბინის -შიდა პერიმეტრზე, ტიხრების ჩაუთვლელად - 71.4 კვ.მ, აივნის 11.19 კვ.მ)

გამყიდველი ადასტურებდა, რომ წინამდებარე აქტის მიღების მომენტისთვის ნასყიდობის საგანი (მითითებული ამ მუხლის პირველ პუნქტში) იყო მშენებარე, არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული, მშენებარე ნაგებობაზე იყო ამხანაგობა ,,ღ--------–ეს“ საკუთრების უფლება, ხოლო ნასყიდობის საგანზე ექსპლუატაციაში მიღებისთანავე წარმოიშობოდა გამყიდველის საკუთრების უფლება.

ნასყიდობის საგნის ღირებულება განისაზღვრა 38 817 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად. წინამდებარე აქტის დადების მომენტში, მყიდველს გამყიდველისთვის გადახდილი ჰქონდა ავანსის სახით, ნასყიდობის საგნის ფასის ნაწილი 23 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ხოლო გამყიდველს მიღებული ჰქონდა ეს თანხა.

ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაში ასახული გადახდის გრაფიკის მიხედვით. ჯამში გადახდილი უნდა ყოფილიყო 38 817 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2009 წლის 11 თებერვლის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ. 20-25)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.2.3. ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების მე-6 მუხლის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, გამყიდველი ვალდებული იყო მყიდველისთვის ნასყიდობის საგანი გადაეცა საძირკვლის ბეტონის სამუშაოების დაწყებიდან 30 თვის განმავლობაში, ხოლო მყიდველი ვალდებული იყო მიეღო ნასყიდობის საგანი. საძირკველში ბეტონის სამუშაოები დაიწყებოდა მშენებლობასთან დაკავშირებული ყველა ნებართვისა და მიწის სამუშაოების დამთავრების შემდგომ, რომლის გონივრულ ვადაში შესრულების ვალდებულებას იღებდა გამყიდველი.

 

ხელშეკრულების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, გამყიდველი უფლებამოსილი იყო ნასყიდობის საგნის ნაცვლად მყიდველისთვის მიეყიდა ან დაეთმო წილის ნაწილი ამხანაგობა ,,ღ--------–ეში“, რომელიც წარმოადგენდა გამყიდველის საკუთრებას და რომელიც იძლეოდა ნასყიდობის საგნის საკუთრებაში მიღების უფლებას

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2008 წლის 18 თებერვლის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ.20-25)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.2.4. ლ--–--------ის მიერ ამხანაგობა „ღ--------–ეს“ ანგარიშზე ჩარიცხული იქნა თანხა საერთო ჯამში 23 900 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ასახულია ცალკეული გადახდებით კერძოდ, 2006 წლის 10 ოქტომბერი - 6 000 აშშ დოლარი, 2007 წლის 17 იანვარი - 3 600 აშშ დოლარი, 2007 წლის 20 აპრილი - 3 600 აშშ დოლარი; 2007 წლის 18 ივნისი - 1 000 აშშ დოლარი; 2007 წლის 24 ივლისი - 2 600 აშშ დოლარი; 2007 წლის 24 ოქტომბერი - 3 600 აშშ დოლარი; 2008 წლის 19 მარტი -1000 აშშ დოლარი; 2008 წლის 13 მაისი - 2 500 აშშ დოლარი.

ამდენად, მოსარჩელის მიერ მთლიანობაში გადახდილია 23 900 აშშ დოლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი სალაროს შემოსავლის ორდერებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 26-28)

3.2.5. ლ--–--------ს ნასყიდობის საგანი - უძრავი ქონება საკუთრებაში არ მიუღია, ასევე არ დაბრუნებულა მის მიერ გადახდილი თანხა, რაც მთლიანობაში შეადგენს 23 900 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2008 წლის 18 თებერვლის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება (ს.ფ.20-25);

- სალაროს შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 26-28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება

3.2.6. 2014 წლის 19 მაისს მოსარჩელესა და ამხანაგობას „ღ--------–ე“ შორის გაფორმდა შეთანხება მოსარჩელის ფართის მშენებლობა/დასრულებაზე, სადაც ასევე ამხანაგობა აღიარებს მოსარჩელის მხრიდან გარკვეული თანხის გადახდის ფაქტს, გადამოწმების უფლებით, რაც შემდგომში არც განუხორციელებია.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება #63 (ს.ფ.267-271);

3.2.7. 2015 წლის 27 ნოემბერს ამხანაგობა „ღ--------–ე“-ს ლ--–--------მა წერილობით განუსაზღვრა 14 კალენდარული დღე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ხოლო ასეთის შეუძლებლობის შემთხვევაში გადახდილი თანხის 23 900 აშშ დოლარის დაუყოვნებლივ უკან დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წერილი (ს.ფ. 19);

- საფოსტო შეტყობინება (ს.ფ.17-18)

3.2.8. 2014 წლის 16 ოქტომბერს ნოტარიუს ნატა გრძელიშვილის მიერ გაცემული სამკვიდრო მოწმობით თ-----------------–---–ი წარმოადგენს გ------- გ---------ის უფლებამონაცვლეს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 162)

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარ-ტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-129-ე, 316-ე, 317-ე, 320-ე, 327-ე, 352-ე, 463-ე, 937-ე, მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვე-ვისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამი-სად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მენარდესა და შემკვეთს გააჩნიათ.

 

ნარდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდე-ბულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ორი სახის სახელშეკრულებო ურთიერთობა იკვეთება, როგორც ქონების ნასყიდობის, ასევე ნარდობის ხელშეკრულება. კერძოდ, 2009 წლის 11 თებერვალს მხარეებმა დადეს ხელშეკრულება სახელწოდებით „ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება“, რომელიც არსობრივად წარმოადგენდა ნარ-დობის ხელშეკრულებას, ვინაიდან, აღნიშნული ხელშეკრულებით გამყიდველმა იკისრა ვალდებულება მყიდველისთვის აეშენებინა და შემდგომ საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება, საცხოვრებელი ბინა.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებით შეიძლება წარმოიშვას მომავალი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრუ-ლებისათვის გათვალისწინებული ფორმა ვრცელდება ასევე წინარე ხელშეკრულებაზეც.

 

მხარეებს შორის დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკრულება, რომელიც თავისი არსით ნარდობის ხელშეკრულებაა, რაც მომავალში მხარეთა შორის უკვე კონკრეტული ხელშეკრულების დადებას გულისხმობდა უკვე ნივთის ყიდვისა და გადაცემის თაობაზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 320-ე მუხლი, რომლის დანაწესის თანახმად, ბათილია ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე კისრულობს ვალდებულებას, მთელი თავისი მომავალი ქონება ან ამ ქონების ნაწილი გადასცეს სხვას ანდა უზუფრუქტით დატვირთოს იგი, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხელშეკრულება დადებულია მომავალი ქონების ცალკეულ ნივთებზე.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებიდან ცალსახად ჩანს, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება სამომავლო ნივთზე იდება, რაც ერთიანობაში უკვე ქმნის მხარეთა შორის როგორც ნარდობის, ასევე ნასყიდობის ხელშეკრულების ელემენტების არსებობას.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზ-ღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე. 2009 წლის 11 თებერვალს, გ------- გ---------ესა და ლ--–--------ს შორის დაიდო ნასყიდობის წინარე ხელშეკ-რულება. გამყიდველი ადასტურებდა, რომ წინამდებარე აქტის მიღების მომენტისთვის ნასყიდობის საგანი იყო მშენებარე, არ იყო ექსპლუატაციაში მიღებული, მშენებარე ნაგებობაზე კი იყო ამხანაგობა ,,ღ--------–ეს“ საკუთრების უფლება, ხოლო ნასყიდობის საგანზე ექსპლუატაციაში მიღებისთანავე წარმოიშობოდა გამყიდველის საკუთრების უფლება. გამყიდველმა მყიდველს ნასყიდობის საგანი მიყიდა, ხოლო მყიდველმა იყიდა 38 817 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად. წინამდებარე აქტის დადების მომენტში, მყიდველს გამყიდველისთვის გადახდილი ჰქონდა ავანსის სახით, ნასყიდობის საგნის ფასის ნაწილი 23 900 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში, ხოლო გამყიდველს მიღებული ჰქონდა ეს თანხა. ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაში ასახული გადახდის გრაფიკის მიხედვით.

სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. ამდენად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის გადანაწილებულია მტკიცების ტვირთი, ხოლო საქმეზე სადავოდ გამხდარი გარემოებები უნდა დადასტურდეს ამავე მუხლში ჩამოთვლილი შესაბამისი მტკიცებულებებით.

სასამართლო კიდევ ერთხელ გაამახვილებს ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულება ხდებოდა ამხანაგობა „ღ--------–ეს“ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სახით. მოსარჩელის აღნიშნული მოქმედება მოწონებული იქნა როგორც თავად ამხანაგობის მიერ, ასევე გ------- გ---------ის, როგორც „გამყიდველის“ მიერ, ვინაიდან წლების განმავლობაში არეცრთი მხარის მიერ რაიმე სახის პრეტენზიის დაფიქსირება მოსარჩელის მიმართ, ან თუნდაც ერთმანეთის მიმართ, არ მომხდარა.

ამდენად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ სწორედ მოსარჩელე და ამხანაგობა იმყოფებოდნენ ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში, რაც დასტურდება არა მხოლოდ თანხების ჩარიცხვის ფაქტით, არამედ ამხანაგობის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე გარიგების დადებითაც. ასევე უდავო გარემოებაა, რომ ამხანაგობის მიერ მოსარჩელის სასარგებლოდ არც უძრავი ქონება გადაცემულა და არც ფულადი თანხა დაბრუნებულა. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის მიერ სრულად არ ყოფილა ვალდებულება შესრულებული თანხის გადახდის ნაწილში, ცალსახაა, რომ მოსარჩელის ინტერესს უკვე აღარ წარმოადგენდა წლობით გაჭიანურებული შეუსრულებელი ვალდებულება, რაც უკვე წარმოადგენს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის წინაპირობას.

რაც შეეხება იმ სადავო გარემოებას, რომ თუ რა ხელშეკრულების საფუძველზე ახდენდა მოსარჩელე თანხების შეტანას მოპასუხის ანგარიშზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის შესაბამისად, აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი მოპასუხე მხარეზე იყო გადატანილი, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დასტურდება, რომ თანხა 23 900 აშშ დოლარის ოდენობით 2006-2008 წლებში გადახდილი იქნა სწორედ ამხანაგობა „ღ--------–ის“ ანგარიშზე, შესაბამისად, ამ უკანასკნელს ხელი მიუწვდებოდა, რომ მოეხდინა იდენტიფიცირება თუ რომელი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ახორციელებდა ვალდებულების შესრულებას მოსარჩელე და წარმოედგინა აღნიშნულის დამადასტუ-რებელი მტკიცებულებები, რაც მხარეს არ განუხორციელებია. მოპასუხის აღნიშნული პოზიციით კი ცალსახად დასტურდება, რომ ამხანაგობას მიღებული აქვს მოსარჩელის მიერ გადარიცხული თანხები, ვინაიდან მოპასუხე მხოლოდ მათ დანიშნულებას ხდის სადაოდ. შესაგებლის მიხედვით კი, ცალსახად დასტურდება, რომ მოსარჩელესთან სწორედ ამხანაგობა იყო სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესული მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა გ------- გ---------ემ, ვინაიდან ამხანაგობის დამფუძნებელი წევრების მიერ მათი შემდგომი მოქმედებებით დასტურდება, რომ ასეთი ურთიერთობა ამხანაგობის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრისა მესამე პირებთან - მოსარჩელესთან თავად ამხანაგობის მიერ მოწონებული იქნა.

ამდენად, თავად მხარეთა მოსაზრებებიდან და საქმეზე არსებული სხვა მტკიცებუ-ლებათა ერთობლიობით ცალსახად დასტურდება, რომ სწორედ მოცემულ მხარეებს შორის არსებობდა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები, რამაც მხარეების მიმართ წარმოშვა როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა განმარტებას, ამხანაგობიდან გასვლის გამო მათი პასუხისმგებლობის მოხსნის შესახებ. ვინაიდან, დადგენილია, რომ ამხანაგობა დაფუძნდა 2006 წლის 27 აპრილს და მის დამფუძნებელ წევრებს წარმოადგენდნენ გ------- გ---------ე, გ------- ყ---------ე და გ------- ბ--------–--ე. ხელშეკრულება მოსარჩელესთან გ------- გ---------ემ დადო 2009 წლის 11 თებერვალს, სადაც მითითებულია, რომ მშენებარე ნაგებობაზე არის ამხანაგობა „ღ--------–ე“-ს საკუთრების უფლება. გ------- ბურდულაძის მიერ ამხანაგობიდან გასვლა განხორციელდა 2009 წლის 05 აგვისტოს, მაშინ როდესაც მოსარჩელის მიმართ უკვე ნაკისრი ქონდა ვალდებულება. შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესრულება და არა ამხანაგობიდან გასვლა.

 

ამდენად, ამხანაგობის წევრთა პასუხისმგებლობა მესამე პირების წინაშე სოლიდა-რულია და მოთხოვნილი თანხის გადახდა მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128.1 მუხლის მიხედვით, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა.

 

ამავე კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზ-მულობის ვადა შეადგენს სამ წელს, ხოლო უძრავ ნივთებთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნებისა - ექვს წელს.

 

მოპასუხე მხარემ მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობის ფაქტობრივ გარემოებაზე, კერძოდ, მიაჩნია, რომ 2007 წლის 01 მარტს ქ. თბილისის მერიის ურბანული დაგეგმარების საქალაქო სამსახურის მიერ გაიცა სამშენებლო ნებართვა, რომლის მიღებისთანავე ამხანაგობამ დაიწყო სამშენებლო სამუშაოები ობიექტის საძირკვლიდან. საძირკვლის სამუშაოები დასრულდა ერთ წელიწადში, რადგან სამშენებლო ნებართვა გაცემული იყო სამი წლის ვადით და სრული შენობის დასრულება სწორედ ამ ვადაში უნდა მიღწეულიყო. აღნიშნულის გათვალისწინებით, მიიჩნევს, რომ ხანდაზმულობის ვადამ დენა დაიწყო 2007 წლის 01 მარტის სამუშაოებიდან 30 თვის შემდეგ, კერძოდ, 2009 წლის 01 სექტემბერს.

 

აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, მოსარჩელემ წარმოადგინა 2014 წლის 19 მაისის შეთანხმება დადებული ლ--–--------ს, ამხანაგობა „ღ--------–ე“-ს წარმოდგენილი მ-----------–-–---–ის სახით და ა---------–----------ეს, როგორც მშენებელს შორის. მხარე-ებმა ცნობად მიიღეს რომ „შემკვეთსა“ და „ამხანაგობას“ შორის არსებობს ხელშეკ-რულება დ--------------–---–ის გამზირი N64 პირველი სართული, მერვე სადარბაზო, საცხოვრებელი ფართი N217 საერთო ფართით 82.59 კვ.მ, რომლის საფუძველზეც მხარეებს ნაკისრი ვალდებულებები არ აქვთ სრულად შესრულებული. შემკვეთს შესასრულებელი აქვს ფულადი ვალდებულება, შემკვეთს დარჩენილი აქვს გადასახ-დელი 3 689 აშშ დოლარი ექვივალენტით ლარში, შემკვეთი გადაიხდის დანართი ორის მიხედვით. ამხანაგობას დასასრულებელი აქვს მშენებლობა. შეთანხმების საგანს წარმოადგენდა მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ქ. თბილისში, დ--------------–---–ის გამზირი N64, პირველი სართული, მეოთხე სადარბაზო, საცხოვრებელი ფართი N94, საერთო ფართით 58.7 კვ.მ მდებარე შენობაზე სამშენებლო სამონტაჟო სამუშაოების განსაზღვრულ ვადაში განხორციელება/დასრულება. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე შეთანხმების საგნის ღირებულებაა 27 589 აშშ დოლარი, ღირებულების ნაწილი 23 900 აშშ დოლარი შემკვეთს გადახდილი აქვს თანახმად მის მიერ წარდგენილი ქვითრებისა. (ს.ფ. 267-271).

 

აგრეთვე, წარმოადგინა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის მიერ 2018 წლის 16 თებერვალს გაცემული წერილობითი დოკუმენტი, სადაც მითითებულია, რომ სამსახურის 2013 წლის 07 ნოემბრის N985980 ბრძანებით ქ. თბილისში, სექტორი ნ----–-----ი, გ-------–---–ის გამზირი N64-ში, ი.მ.ა „ღ--------–ე“-ს კუთვნილ მიწის ნაკვეთზე მრავალფუნქციური შენობის შეთანხმებული კორექტირე-ბული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე გაიცა მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა. მშენებლობის ვადად განისაზღვრა 2013 წლის 08 ნოემბრიდან 2015 წლის 08 ნოემბრის ჩათვლით პერიოდი. (ს.ფ. 277)

 

ამდენად, ამხანაგობამ ერთის მხრივ 2014 წლის 19 მაისის შეთანხმებით აღიარა მოსარჩელის მიმართ შესასრულებელი ვალდებულება, მეორეს მხრივ წარმოდგენილი მშენებლობის ნებართვით მშენებლობის დასრულების ვადა ამხანაგობას განესაზღვრა 2015 წლის 08 ნოემბრამდე, მოსარჩელის მიერ სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილია 2016 წლის 08 თებერვალს, შესაბამისად, უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება ხანდაზმულობის შესახებ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფ-ლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა 1828.16 ლარის ოდენობით უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკა-ტისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ დაყენებულია შუამდგომლობა მოპასუ-ხისათვის იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1 150 ლარის ანაზღაურების დაკისრების თაობაზე. ამასთან, საქმეს ერთვის მოსარჩელის მიერ ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (სალაროს შემოსავლის ორდერი N1/19157, ს.ფ. 55). საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ამდენად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა იურიდიული მომსახურების გამო გაღებული ხარჯის მოპასუხისთვის გადასახდელად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

ამასთან, მოსარჩელემ წარმოადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის 30 ლარის, ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 42 ლარის გადახდის დამადასტურებელი ტოკუმენტები, შესაბამისად, არსებობს აღნიშნულის მოპასუხე-თათვის დაკისრების საფუძველიც.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან”

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და მოპასუხე გ------- გ---------ეს (პნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ო-----------ი, კ------------–---- საკადასტრო კოდი №8------------ გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა; მოპასუხე გ------- ბ--------–--ეს (პნ 0----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ს---–----–--–--ის ქუჩა №58, სადარბაზო 3, სართული 6, ბინა №73, საკადასტრო კოდი №0------------------------- გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ვინაიდან, დაკმაყოფილდა სარჩელი, არ არსებობს გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 243-ე, 244-ე, 248- 250-ე, 257-ე, 2591, 364-ე 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ--–--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს:

 

1.1. გ------- გ---------ეს, გ------- ბ--------–--ეს და გ------- ყ---------ეს (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ღ--------–ე“) ლ--–--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ 23 900 აშშ დოლარის გადახდა;

2. გ------- გ---------ეს, გ------- ბ--------–--ეს და გ------- ყ---------ეს (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ღ--------–ე“) ლ--–--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების სახით გაწეული ხარჯის - 1 150 ლარის გადახდა;

3. გ------- გ---------ეს, გ------- ბ--------–--ეს და გ------- ყ---------ეს (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ღ--------–ე“) ლ--–--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლების საფასურის 30 ლარის გადახდა, ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 42 ლარის გადახდა;

4. გ------- გ---------ეს, გ------- ბ--------–--ეს და გ------- ყ---------ეს (ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა „ღ--------–ე“) ლ--–--------ის სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის და სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1778.16 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ჩიხლაძე