გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/3390-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
14.05.2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი
სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი
მოსარჩელე: ს----------–----–---------------------------ო;
წარმომადგენელი: ო-------------–--ე;
მოპასუხე: ვ----–----------–-–---–ი;
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ვ----–----------–-–---–ს დაეკისროს ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ, ზიანის ანაზღაურების მიზნით - 2586.55 ლარის გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ვ----–----------–-–---–მა სარჩელთან დაკავშირებით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ბრალეულ ქმედებას. ავტომანქანის რამოდენიმე მეტრით გადაადგილება არ გამოიწვევდა ძრავის გაფუჭებას. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, დაზიანებული ძრავის შეკეთება ბევრად ნაკლები ჯდება ვიდრე მითითებული აქვს მოსარჩელეს, კერძოდ, ძრავის შესაკეთებლად საკმარისი იქნებოდა 1300 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხე მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, ხოლო თუ სასამართლო მაინც მიიჩნევს, რომ მას უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, მას არ უნდა დაეკისროს ზიანის სახით - 1300 ლარზე მეტი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ შ-----------–-----------–------------ს მიხედვით შ---------------ს ბალანსზე მყოფ ავტომანქანის დაზიანებაზე ბრალეულ პირად ცნობილ იქნა მოქალაქე ვ----–----------–-–---–ი.
3.1.2. დადგენილია, რომ 2018 წლის 11 მაისს ''-------------------ს ავტომანქანაზე შპს ''მ---------------ს'' სერვისცენტრში შეცვლილი იქნა ძრავი (მეორადი), რის შემდეგაც ხსენებული ავტომანქანა 2018 წლის 14 მაისამდე გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა შ----–----------------------------ის კუთვნილ სარემონტო უბანზე ქ. თბილისში, ე---------------------ში.
3.1.3. დადგენილია, რომ ვ----–----------–-–---–ი 2018 წლის 14 მაისს, დაახლოებით 14:00 საათზე ''-------------------ს ავტომანქანით მოძრაობდა ქ. თბილისში, დიდი დიღმის დასახლების მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც შენიშნა, რომ ძრავის წყლის ტემპერატურის მაჩვენებელი იწევდა დასაშვებ ნიშნულზე მაღლა. მიუხედავად ამისა ვ-----------–-–---–მა ავტომანქანით გაიარა გარკვეული მანძილი და როდესაც მივიდა შპს ''მ---------------ს'' სერვისცენტრში აღნიშნული მაჩვენებელი იყო დასაშვებ ზღვარზე ზემოთ, რაც ასევე დააფიქსირეს ხსენებული სერვისცენტრის თანამშრომლებმა.
3.1.4. დადგენილია, რომ 2018 წლის 16 მაისს შ----–----------------------------მა მიმართა სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს რათა დაედგინათ სუბარუს მარკის ავტომანქანის ძრავის დაზიანება გამოწვეულია ავტომანქანის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, კერძოდ მოხდა ძრავის დასაშვებ მეტ ტემპერატურულ რეჟიმში ექსპლუატაცია. ამავე დასკვნით აღნიშნული პროცესი (წყლის ტემპერატურის დასაშვებ მეტ ნიშნულზე აწევა) აუცილებლად აისახებოდა მძღოლის საინფორმაციო დაფაზე, რა დროსაც მძღოლს უნდა გაეთიშა ძრავი, რაც შესაძლებელს გახდიდა ძრავის წარმოდგენილი სახით დაზიანების თავიდან აცილებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე;
- ახსნა-განმარტება;
- შესრულებული სამუშაოს აქტები;
- დეფექტური აქტები, ინვოისები;
- სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში დასადგენია, იყო თუ არა შემთხვევა/დაზიანება გამოწვეული მოპასუხის ბრალით, მიყენებული ზიანის ოდენობა და რამდენად არის კავშირში მხარის ქმედება დამდგარ შედეგთან, კერძოდ, მიყენებულ ზიანთან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
კონკრეტულ შემთხვევაში, ს----------–----–---------------------------ოს გენერალური ინსპექციის და სსიპ - ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს დასკვნებით ვ----–----------–-–---–ი მიჩნეულია ბრალეულ პირად, აღნიშნული დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, მხოლოდ მის განმარტებას კი შესაბამისი სადავო გარემოების დასადასტურებლად არ არის საკმარისი და სათანადო, იმ პირობებში, როდესაც, სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–-------ოს დასკნა პირდაპირ მიუთითებს, რომ ''სუბარუს მარკის'' ავტომანქანის ძრავის დაზიანება გამოწვეულია ავტომანქანის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად, კერძოდ, მოხდა ძრავის დასაშვებ მეტ ტემპერატურულ რეჟიმში ექსპლუატაცია. ამავე დასკვნით აღნიშნული პროცესი (წყლის ტემპერატურის დასაშვებ მეტ ნიშნულზე აწევა) აუცილებლად აისახებოდა მძღოლის საინფორმაციო დაფაზე, რა დროსაც მძღოლს უნდა გაეთიშა ძრავი, რაც შესაძლებელს გახდიდა ძრავის წარმოდგენილი სახით დაზიანების თავიდან აცილებას.
საქმის მასალებით დგინდება, რომ დაზიანება მიიღო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულმა სატრანსპორტო საშუალებამ, შესაბამისად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
დელიქტურ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, კერძოდ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ იმ ზიანის გამომწვევიც, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
ამდენად, დადგენილია, რომ შემთხვევა, გამოწვეულია მოპასუხის ბრალეული ქმედებით და შესაბამისად, არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება მოპასუხე მხარის ბრალეულობა და განმარტავს, რომ ბრალეულობა წარმოადგენს ისეთ ფაქტობრივ გარემოებას, რომელიც უნდა დადასტურდეს მხოლოდ გარკვეული სახის მტკიცებულებით და არა თუნდაც მარტოოდენ მხარის ახსნა-განმარტებით. . . ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში მხარეთა ახსნა-განმარტებებისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხე მხარის მიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენისა და აღნიშნული ქმედების შედეგად მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი. შესაბამისად, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმათა თანახმად წარმოშობს მოპასუხე მხარისათვის ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დასკვნა ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე;
- შესრულებული სამუშაოს აქტები;
- დეფექტური აქტები, ინვოისები;
- სსიპ - ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა.
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ მოთხოვნა ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობა სადავოდ გახადა, სასამართლო მიიჩნევს, რომ 1300 ლარი წარმოადგენს მიყენებული ზიანის საკომპენსაციო თანხას, რამდენად, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ დაზიანებული ნაწილების შეცვლისთვის და ავტომანქანის შეკეთებისათვის საჭიროა სწორედ - 2586.55 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები.
საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მოსარჩელე მხარემ მოახდინა ზიანის ოდენობის შესახებ მოპასუხის ინფორმირება, სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულს თავის მხრივ აქვს ვალდებულება მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს ''--------------------ს'' და ს----------–----–---------------------------ოს შორის გაფორმებული მიღება - ჩაბარების აქტით დგინდება, რომ იგი შედგენილია - 2019 წლის 13 აპრილს, რომელიც შეიცავს პროდუქტის სუბიექტურ ფასებს, კერძოდ, გასაყიდი საქონლის გამყიდველის პირად შეფასებს, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ჭრილში. რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, მისი ფორმირება ხდება საბაზრო კონკურენციის პირობებში და ასახავს საქონლის ღირებულებას რომელიც ყალიბდება არა მომხმარებლის, ან გამყიდველის შეხედულებით, არამედ ბაზრის მიერ. ამგვარად, ს----------–----–---------------------------ოს მიერ წარმოდგენილი ფასების ჩამონათვალი, როგორც მტკიცებულება, არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების ობიექტურ სტანდარტებთან. აქტი, როგორც მტკიცებულება, არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების ობიექტურ სტანდარტებთან თანაც იმ პირობებში, რომ მოსარჩელე მხარემ უცილოდ ვერ დაადასტურა სადავო ფაქტობრივი გარემოება მასზედ, რომ ხოლო დაზიანებულის აღსადგენად საჭიროა ზუსტად - 2586.55 ლარი, ხოლო გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
ამდენად საქმეში არსებული მტკიცებულებების შესწავლის და შეფასების შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე მხარის მიერ მითითებული თანხით - 1300 ლარით სრულად არის შესაძლებელი მიყენებული ზიანის კომპენსირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გენერალური ინსპექციის დასკვნა;
- 13.04.2019 წლის მიღება-ჩაბარების აქტი;
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი დასკვნა
4.1. სასამართლომ განიხილა ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-409-ე, 992-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის პირველის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 409-ე მულის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახაჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ''ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს''; ''არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია''. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს. განსახილველი დავის ფარგლებში დადგინდა მოპასუხე ვ----–----------–-–---–ის მიერ ს----------–----–---------------------------ოსათვის ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა მოპასუხე შეედავა მოთხოვილ ოდენობას და აღნიშნა, რომ ზიანის მოცულობა შეადგენდა - 1300 ლარს. მხარეთა პოზიციების გათვალისწინებით სადავოდ არის გამხდარი დანაკლისის ოდენობა, შესაბამისად, ზოგადი პრინციპის თანახმად მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელეს.
მეორე მნიშვნელოვანი კომპონენტი რომელიც ახასიათებს დელიქტურ-სამართლებრივ ურთიერთობებს, წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების სტანდარტი. ამ პირობებშიც მოქმედი პრინციპი განსაზღვრავს დაზარალებულის ვალდებულებას მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია, რომ არ გამოიწვიოს მოვალის უფლების არათანაზომიერი შეზღუდვა. აღნიშნულ ურთიერთობებში დამკვიდრებული პასუხისმგებლობის სამართალი განსაზღვრავს ნივთის სახეცვლილების კომპენსირებას ობიექტური (საბაზრო ღირებულების) დანაკლისის სახით. მოცემულ შემთხვევაში, ზიანის ოდენობის დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს შპს ''--------------------ს'' მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც შეიცავს პროდუქტის სუბიექტურ ფასებს, კერძოდ, გასაყიდი საქონლის გამყიდველის პირად შეფასებს, საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ჭრილში. რაც შეეხება საბაზრო ღირებულებას, მისი ფორმირება ხდება საბაზრო კონკურენციის პირობებში და ასახავს საქონლის ღირებულებას რომელიც ყალიბდება არა მომხმარებლის, ან გამყიდველის შეხედულებით, არამედ ბაზრის მიერ. ამგვარად, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ფასების ჩამონათვალი, როგორც მტკიცებულება, არ არის შესატყვისი ზიანის ანაზღაურების ობიექტურ სტანდარტებთან, შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მტკიცების პროცესუალური ვალდებულება სრულყოფილად და მოპასუხის მიერ მითითებული მოცულობა - 1300 ლარი წარმოადგენს ამ საქმეზე ზიანის დადგენილ მოცულობას.
6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება - 2 000 ლარს. ეს ღირებულება განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების რა ზომით შეცვლაზე შეაქვს საჩივარი მხარეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
კონკრეტულ შემთხვევაში, ვინაიდან, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელე კანონის საფუძველზე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 50 ლარის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე ვ----–----------–-–---–ს მოსარჩელე ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს - 1300 ლარის გადახდა.
3. მოპასუხე ვ----–----------–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით - 50 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი